ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
მანუჩარ დომენტის ძე მაჩაიძე (დ. 25 მარტი, 1949, ამბროლაური, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ტაშკენტის „ფახთაქორის“, მოსკოვის „სპარტაკის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი[2][3][4] და ორგზის ფინალისტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად.[5][6][7]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მანუჩარ დომენტის ძე მაჩაიძე | ||
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1949 | ||
დაბადების ადგილი |
ამბროლაური, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 182 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1967–1980 | დინამო თბ. | 297 | (42) |
1980 | ფახთაქორი | 13 | (1) |
1981 | სპარტაკი | 2 | (0) |
1981–1982 | ტორპედო | 45 | (6) |
ეროვნული ნაკრები | |||
1971–1975 | სსრკ (ოლიმპიური) | 4 | (1) |
1974–1979 | სსრ კავშირი | 4 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1985 | ლოკომოტივი თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ სპორტსმენად. მათივე შეფასებით, — თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კაპიტნად მიიჩნევა.[8][9][10][11][12][13][14][15][16]
მანუჩარ მაჩაიძე ამბროლაურში, 1949 წლის 25 მარტს, დომენტი მაჩაიძისა და ცაცა სირბილაძის ოჯახში დაიბადა. მამა პროფესიით ინჟინერი იყო, დედა კი ექიმი. ორიოდე წლის შემდეგ ოჯახი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად და მანუჩარის ბავშვობაც დედაქალაქში გატარებულ წლებს უკავშირდება. სწავლობდა თბილისის 112-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა.[17]
მანუჩარ მაჩაიძე თავის პირველ მწვრთნელებს შორის, ვანო შუდრასა და ვლადიმერ ელოშვილის გარდა, ასახელებს აგრეთვე, შოთა მერკვილაძეს,[18][19] ვლადიმერ გვარჯალაძეს და არჩილ კიკნაძეს:
1967 წელს ვლადიმერ ელოშვილის[20] ხელმძღვანელობით თბილისის ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლის, ფშმ-ს აღსაზრდელები[კომ. 1] და მათ შორის მანუჩარ მაჩაიძეც კალინინგრადში ჭაბუკ ფეხბურთელთა საკავშირო პირველობაზე მიემგზავრებიან. ქართველი ფეხბურთელები ზედიზედ ამარცხებენ „ცსკას“, ვოროშილოვგრადის „ზარიას“, უკრაინის საფეხბურთო სკოლის ახალგაზრდულ გუნდებს და მხოლოდ ფინალში თმობენ შეხვედრას მოსკოვის სპარტაკელებთან — 0–1. გადამწყვეტი მატჩის წაგების მიუხედავად მანუჩარ მაჩაიძის თამაში მთელი ტურნირის განმავლობაში საყოველთაო მოწონებას იმსახურებს და პირველობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით იგი თავის პირველ საფეხბურთო ჯილდოს — ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველისთვის განკუთვნილ პრიზს ეუფლება.[21][22]
1967 წლიდან თბილისის „დინამოს“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ვიაჩესლავ სოლოვიოვის ინიციატივით გუნდის დუბლშემადგენლობაში ირიცხება, სადაც დუბლიორთა მიმდინარე საკავშირო პირველობის ოთხ შეხვედრას თამაშობს.
გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1968 წლის პირველ ივნისს,[1] საკავშირო ჩემპიონატის მე-11 ტურის კალენდარულ მატჩში, ტაშკენტის „ფახთაქორის“[23] წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას „ფახთაქორის“ ცენტრალური სტადიონი მასპინძლობს და მას 32 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. დინამოელები თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: ურუშაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ქიქავა, კუტივაძე, გ. სიჭინავა, მეტრეველი და მესხი. მანუჩარ მაჩაიძე მატჩის მეორე ტაიმის 70-ე წუთზე, სერგო კუტივაძის ნაცვლად ერთვება თამაშში.[24] მანუჩარ მაჩაიძის ერთ-ერთი ინტერვიუდან:
მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის 297 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა.[25] პირველად მეტოქის კარი მან თბილისში, 1969 წლის 26 აგვისტოს დონის როსტოვი „სკა“-ს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, პირველი ტაიმის 33-ე წუთზე აიღო. აღნიშნული შეხვედრა თბილისელებმა ანგარიშით — 2–1 მოიგეს. რაც შეეხება დინამოელთა რიგებში მის მიერ გატანილ ბოლო, 42-ე გოლს — იგი მან 1980 წლის 12 აპრილს, კრასნოდარში, ადგილობრივი „ყუბანის“ წინააღმდეგ გამართულ საკავშირო პირველობის მესამე ტურის კალენდარულ მატჩში — შეხვედრის მე-15 წუთზე შეაგდო. ეს შეხვედრა ფრედ — 2–2 დამთავრდა. მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ საკავშირო თასის გათამაშების 56 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
1980 წელს გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მას და მის უმცროს ძმას — გოჩა მაჩაიძეს „დინამოს“ დატოვება მოუწიათ. თბილისის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ თამაშობდა ტაშკენტის „ფახთაქორში“,[26] შემდეგ მოსკოვის „სპარტაკში“. ერთი წლის შემდეგ კი ქუთაისის „ტორპედოს“ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ამონარიდი სტატიიდან:
მანუჩარ მაჩაიძემ საკავშირო ჩემპიონატების, საკავშირო თასის გათამაშებების და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში 431 მატჩი ჩაატარა (გაიტანა 62 გოლი).[27]
თავისი სპორტული კარიერის მანძილზე მან მოიპოვა: საკავშირო ჩემპიონატების ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის, ოთხი ბრინჯაოს მედალი, ორჯერ სსრ კავშირის თასი,[28][29][30][31][32] სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის მედალი (1979).[33]
მანუჩარ მაჩაიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში ჩატარებულ 80 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.[34][35][36][37][38][39]
მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობის პერიოდში თბილისის „დინამომ“ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა საკავშირო მასშტაბით.[40][41] ამ მხრივ იგი ერთადერთი ფეხბურთელია ქართული სპორტის ისტორიაში, ვისი თავკაცობითა და წინამძღოლობით მიღწეული წარმატებათა ასეთი სერია — არც მანამდე და არც მას შემდეგ — თბილისის „დინამოს“ და შესაბამისად ქართულ ფეხბურთს არ ჰქონია. საკავშირო და საერთაშორისო ასპარეზზე — 1936–1989 წლებში, თბილისის „დინამოს“ სულ ხუთი ტიტული აქვს მოგებული და აქედან სამი — მისი კაპიტნობის დროს.
მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობით, 1976 წლის 22 აგვისტოდან 1980 წლის 22 აპრილის ჩათვლით, თბილისის „დინამომ“ შინ საკავშირო პირველობისა და თასის გათამაშების ფარგლებში სულ 73 მატჩი გამართა, რომელთაგან 55 შეხვედრა მოიგო და 18 ფრედ დაასრულა. არცერთ საშინაო შეხვედრაში მანუჩარ მაჩაიძის კაპიტნობის პერიოდში დინამოელებს მარცხი არ განუცდიათ, რაც უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს თბილისის „დინამოს“ ისტორიაში.
მანუჩარ მაჩაიძეს ასევე ეკუთვნის კიდევ რამდენიმე არაოფიციალური რეკორდი კლუბის ისტორიაში. ერთ-ერთ ასეთ მიღწევას წარმოადგენს მის მიერ საკავშირო პირველობის, საკავშირო თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ოფიციალურ შეხვედრათა ფარგლებში ზედიზედ ჩატარებული 150 მატჩი გაცდენის გარეშე.
მანუჩარ მაჩაიძემ ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში თბილისის „დინამოს“ ღირსება 26 შეხვედრაში დაიცვა, აქედან ოთხი — თასების მფლობელთა თასის, 18 — უეფა-ს თასის და ოთხიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. ამ შეხვედრებში მან ორჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.[42] აღსანიშნავია, რომ ევროპული ოფიციალური სათასო ტურნირების ოცდაექვსივე მატჩი მან შეუცვლელად ითამაშა, აქედან 18 შეხვედრა გუნდის კაპიტნის რანგში.
ამას გარდა, ორი მატჩი ითამაშა მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, — თბილისში[43] და მადრიდში[44] (უეფა-ს ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალის მატჩები).[45][46]
1980 წელს მანუჩარ მაჩაიძე ტაშკენტის „ფახთაქორის“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის 13 მატჩს თამაშობს და ერთი გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1980 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „ფახთაქორი“ 9 შეხვედრაში იმარჯვებს, 17 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 26 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.[47] მანუჩარ მაჩაიძემ ტაშკენტის „ფახთაქორის“ შემადგენლობაში ჩატარებულ საკავშირო პირველობის 13 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის ორ მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „სპარტაკი“ 19 შეხვედრაში იმარჯვებს, 7 შეხვედრაში მარცხდება, 8 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს.[48]
1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების ერთ მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 4 მატჩიდან „სპარტაკი“ 3 შეხვედრაში იმარჯვებს (მათ შორის ფრედ დასრულებულ ნახევარფინალურ შეხვედრაში მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში) და მხოლოდ ფინალში თმობს გადამწყვეტ შეხვედრას „სკა“ დონის როსტოვთან.[49]
1981 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის პირველი ლიგის 30 მატჩს თამაშობს და 6 გოლი გააქვს. სულ, საბჭოთა კავშირის 1981 წლის პირველი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 46 მატჩიდან „ტორპედო“ 26 შეხვედრაში იმარჯვებს, 16 შეხვედრაში მარცხდება, 4 შეხვედრას ფრედ ასრულებს, 56 ქულით მეორე ადგილს იკავებს და უმაღლეს ლიგაში ინაცვლებს,[50] სადაც კლუბმა ბოლოს 1970 წელს იასპარეზა. მანუჩარ მაჩაიძემ ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის პირველი ლიგის 30 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
1982 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის 15 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1982 წლის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 34 მატჩიდან „ტორპედო“ 10 შეხვედრაში იმარჯვებს, 14 შეხვედრაში მარცხდება, 10 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 30 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.[51]
1982 წელს მანუჩარ მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში საკავშირო თასის გათამაშების 3 მატჩს თამაშობს. სულ, საბჭოთა კავშირის 1982 წლის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული 3 მატჩიდან „ტორპედო“ ერთ შეხვედრას ფრედ ასრულებს, ორ შეხვედრას თმობს და ჯგუფურ ეტაპზევე ასრულებს გათამაშებას.[52]
1971–1975 წლებში იყო სსრ კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების წევრი,[53] რომლის შემადგენლობაში ოთხი მატჩი ითამაშა — ავსტრიის, საფრანგეთის,[54] იუგოსლავიის და ისლანდიის ოლიმპიურ ნაკრებთა წინააღმდეგ.
ასევე, ოთხი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც — იუგოსლავიის, არგენტინის, ბრაზილიის და უნგრეთის წინააღმდეგ.[55]
მათგან პირველ, იუგოსლავია – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა ქალაქმა ზენიცამ. იგი, 1974 წლის 17 აპრილს გაიმართა „ბილინო პოლეზე“.[56] მაჩაიძემ შეხვედრის 68-ე წუთზე დავით ყიფიანი შეცვალა. შეხვედრა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. ბურთი დავით ყიფიანმა შეაგდო. მაჩაიძისა და ყიფიანის გარდა, თბილისის დინამოელთაგან საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა რევაზ ძოძუაშვილიც.[57]
მეორე, არგენტინა – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის მასპინძელი იყო ქალაქი ბუენოს-აირესი, რომელიც 1976 წლის 28 ნოემბერს „ესტადიო მონუმენტალზე“ გაიმართა. თამაში უგოლო ფრით — 0–0 დასრულდა.[58] მაჩაიძის გარდა, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი თბილისის დინამოელი — შოთა ხინჩაგაშვილიც მონაწილეობდა. არგენტინელთა რიგებში კი მომავალი 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონები: ხორხე ოლგინი, ალბერტო ტარანტინი, დანიელ კილერი, ამერიკო გალიეგო, რენე ორლანდო ჰაუსმანი, ოსვალდო არდილესი, ხოსე დანიელ ვალენსია, რიკარდო დანიელ ბერტონი და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი — რიკარდო ბოჩინი იყვნენ მინდორზე.[59]
მესამე, ბრაზილია – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროში, 1976 წლის პირველ დეკემბერს სახელგანთქმულ მარაკანაზე შედგა და ბრაზილიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ამ მატჩშიც, მაჩაიძესთან ერთად, თბილისის დინამოელთაგან მონაწილეობდა შოთა ხინჩაგაშვილი. ბრაზილიელთა ნაკრებში სხვა მოთამაშეებთან ერთად, მოედანზე იყვნენ ლეგენდარული ფეხბურთელები — პაულო რობერტო ფალკაო, რობერტო დინამიტი, ზიკო და მექსიკის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორები — რობერტო რიველინო და გუნდის მაშინდელი კაპიტანი და ტურნირის დამაგვირგვინებელი, უკანასკნელი გოლის ავტორი კარლოს ალბერტო.[60]
მეოთხე, საბჭოთა კავშირი – უნგრეთის — უეფა-ს 1980 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას თბილისმა, 1979 წლის 19 მაისს უმასპინძლა დინამო არენაზე. თამაში ანგარიშით 2–2 დასრულდა. მაჩაიძესთან ერთად, თბილისის დინამოელთაგან მატჩში მონაწილეობდნენ დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და ვახტანგ ქორიძე.[61]
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 |
17.04.1974 | იუგოსლავია | 0–1 | სსრკ | [62][63] | ||
2 |
21.11.1976 | არგენტინა | 0–0 | სსრკ | [64] | ||
3 |
01.12.1976 | ბრაზილია | 2–0 | სსრკ | [65] | ||
4 |
19.05.1979 | სსრკ | 2–2 | უნგრეთი | [66] | ||
სსრ კავშირის ჩემპიონატი 1976 (გაზაფხული) |
სსრ კავშირის ჩემპიონატი 1976 (შემოდგომა) |
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროთასები | სულ [67] | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
„დინამო“ თბილისი |
1968 | 4 | 0 | – | – | – | – | 4 | 0 |
1969 | 6 | 1 | – | – | – | – | 6 | 1 | |
1970 | 18 | 0 | 5 | 0 | – | – | 23 | 0 | |
1971 | 30 | 5 | 2 | 0 | – | – | 32 | 5 | |
1972 | 21 | 2 | 6 | 0 | 2 [68] | 0 | 28 | 2 | |
1973 | 30 | 4 | 4 | 0 | 6 [69] | 1 | 40 | 5 | |
1974 | 30 | 7 | 8 | 2 | – | – | 37 | 9 | |
1975 | 29 | 6 | 4 | 2 | – | – | 33 | 8 | |
1976 | 13 | 3 | 5 | 0 | – | – | 18 | 3 | |
1976 | 12 | 1 | – | – | 4 [70] | 1 | 16 | 2 | |
1977 | 30 | 3 | 1 | 0 | 6 | 0 | 37 | 3 | |
1978 | 30 | 2 | 6 | 0 | 4 | 0 | 40 | 2 | |
1979 | 34 | 7 | 8 | 1 | 4 | 0 | 46 | 8 | |
1980 | 10 | 1 | 7 | 0 | – | – | 17 | 1 | |
სულ | 297 | 42 | 56 | 5 | 26 | 2 | 379 | 49 | |
„ფახთაქორი“ ტაშკენტი |
1980 | 13 | 1 | – | – | – | – | 13 | 1 |
სულ | 13 | 1 | – | – | – | – | 13 | 1 | |
„სპარტაკი“ მოსკოვი |
1981 | 2 | 0 | 1 | 0 | 2 | 0 | 5 | 0 |
სულ | 2 | 0 | 1 | 0 | 2 | 0 | 5 | 0 | |
„ტორპედო“ ქუთაისი |
1981 | 30 | 6 | – | – | – | – | 30 | 6 |
1982 | 15 | 0 | 3 | 0 | – | – | 18 | 0 | |
სულ | 45 | 6 | 3 | 0 | – | – | 48 | 6 | |
სულ ჯამში | 357 | 49 | 60 | 5 | 28 | 2 | 445 | 56 |
მანუჩარ მაჩაიძის ტექნიკური არსენალიდან სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დინამოელთა კაპიტანს ბურთის ფლობის ფენომენალური ნიჭი გააჩნია, რაც საშუალებას აძლევს მას, — როგორც შეტევის ორგანიზატორს, რომელიც უმთავრესად მოკლე და საშუალო გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას კომბინაციების აწყობისას, — დომინირებდეს მინდვრის შუაგულში და მეტოქეს თამაშის საკუთარი წესები მოახვიოს თავს.[71][კომ. 4] აკონტროლოს თამაშის რიტმი და დინამიკა და ამდენად ცხადყოს, რომ მნიშვნელოვანწილად, სწორედ გუნდის მიერ ბურთის ფლობის უნარის ხარისხი განსაზღვრავს, არა მხოლოდ გუნდის სათამაშო ხელწერასა და ხასიათს, არამედ იმას, თუ რამდენად შეძლებენ მოთამაშეები საკუთარი თამაშის აწყობას, რამდენად მოიპოვებენ მეტოქეზე უპირატესობას, საუბარია არა ეპიზოდური უპირატესობის შესახებ მოედნისა თუ თამაშის რომელიმე ცალკეულ უბანსა თუ მონაკვეთზე, არამედ სტრატეგიულ, ტექნიკურ და ტაქტიკურ დომინირებაზე მოედნის მთელ პერიმეტრზე, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს როგორც უშუალოდ მანუჩარ მაჩაიძის, ისე მისი პერიოდის თბილისის „დინამოს“ სათამაშო სტილის აღნიშნული ასპექტი. ამონარიდი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 2009 წლის 25 მარტს გამოქვეყნებული სტატიიდან[72] — „დიდი კაპიტანი“:
მანუჩარ მაჩაიძის საფეხბურთო ოსტატობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მისი უნივერსალიზმი, მოედნის შესანიშნავი ხედვა და მოქმედების ფართო დიაპაზონი. იგი, როგორც გუნდის კაპიტანი დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე და მისი კლასიკური პოზიციის, ანუ საყრდენი ნახევარმცველის სათამაშო ამპლუის მიუხედავად, საკმაოდ ხშირად ერთვებოდა შეტევებში და თავისი ორგანიზატორული თვისებებით დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას. გამოირჩეოდა იშვიათი გამძლეობითა და მებრძოლი ხასიათით, თავდადებული თამაშითა და შეუპოვარი ბრძოლისუნარიანობით. ამონარიდი[8] მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:
მანუჩარ მაჩაიძე თავისი გააზრებული, დამაჯერებელი მოქმედებებითა და სტაბილური თამაშით, ყოველთვის საიმედო პარტნიორობას უწევდა თანაგუნდელებს. როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად მაღალ დონეზე მომზადებული, განსაკუთრებით სახიფათო ხდებოდა მეტოქეთათვის მოულოდნელი „აფეთქებების“ დროს. კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც დინამოელებს უჭირდათ თამაშის დალაგება და მატჩის შემოტრიალება, მაჩაიძე საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და გადამწყვეტი გარდატეხა შეჰქონდა მის მსვლელობაში. მისთვის დამახასიათებელი ემოციური, თავდადებული და შთამაგონებელი თამაშის გამო ქართველმა გულშემატკივრებმა მას „დიდი მანუჩარი“ შეარქვეს. მანუჩარ მაჩაიძის ერთ-ერთი[8] ინტერვიუდან:
ამონარიდი გაზეთ „სარბიელში“ 1999 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიიდან[73][74] — „ორი წამი და მთავარი“, სადაც ავტორი შემდეგ შეფასებას აძლევს დინამოელთა კაპიტანს:
იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა 1977–1979 წლებში — ჯოვანი დი მარციომ (იტალ. Giovanni Di Marzio) და კლუბის დანარჩენმა მწვრთნელებმა ასეთი შეფასება[74][75] მისცეს თბილისელთა კაპიტანს:
თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი 1976–1983 და 1985–1986 წლებში[74] — ნოდარ ახალკაცი:
„...მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა.“ |
თბილისის „დინამოს“ მცველი 1967–1979 წლებში[76] — ფირუზ კანთელაძე:
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“[74] — ქართველი მწერლების სახელით:
„...მანუჩარ მაჩაიძე ის უნიკალური ხე-მცენარეა, მხოლოდ მშობლიურ ნიადაგზე რომ ხარობს.“ |
1975 წელს მანუჩარ მაჩაიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „საქკურორტმშენში“ მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს უფროსად (1982–1983), ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ (1983–1987), სამშენებლო გაერთიანება „საქაგრომშენის“ №1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის (1987–1988) და ლილოს №2 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნების დირექტორად (1988–1995).[77] როგორც მაჟორიტარი იყო საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის, №9 საარჩევნო ოლქიდან (1995–1999), საქართველოს მშენებელთა კავშირის წევრი, საქართველოს სპორტსმენთა კავშირის წევრი,[78] საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიისა და განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი.[79][80][81]
პარლამენტში საქმიანობისას მანუჩარ მაჩაიძე იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის დროებითი კომისიის წევრი, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრი. იგი იყო ერთ-ერთი, ვისი ინიციატივითა და მონაწილეობით მოხდა სპორტის შესახებ კანონპროექტის შემუშავება, წარდგენა და საბოლოოდ მიღება კანონისა სპორტის შესახებ, სადაც განსაკუთრებული პირობები ჩაიდო სპორტსმენთა სოციალური დაცვისა (თავი მეხუთე. მუხლი 22)[კომ. 5] და სპორტული ობიექტების ხელშეუხებლობის შესახებ (თავი მეექვსე. მუხლი 24).[კომ. 6][82][83]
ფეხბურთის გარდა ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული სპორტის სხვა სახეობებითაც, — ჭიდაობით, ცურვით, ფრენბურთით, კალათბურთით, სადაც გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა. თუმცა, განსაკუთრებული გატაცება ჭადრაკის მიმართ აღმოაჩნდა, რომლის სიყვარული წლების მანძილზე არ განელებია. ახალგაზრდობაში მონაწილეობდა სხვადასხვა საჭადრაკო ტურნირებსა და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში, მათ შორის თბილისის ჩემპიონატზე.[84] იყო სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში. არაერთხელ აღუნიშნავს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბობი ფიშერის, მიხაილ ტალისა და ბორის სპასკის თამაშის მიმართ. თუმცა, მიაჩნია რომ ე. წ. „ძველი ჭადრაკი“ — კომბინაციური, რომანტიკული და შემოქმედებითი — უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა: „ახლა სხვა ჭადრაკია და მას უნდა შეეჩვიო“ — ამბობს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში.[85]
2010 წლის 7 დეკემბერს მანუჩარ მაჩაიძემ საპატიო სტუმრის რანგში მონაწილეობა მიიღო ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის გულშემატკივართა კლუბის გახსნაში. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ამავე ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა შუბლაძე, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ალექსანდრია, ტელეკომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი და ჭადრაკის მოყვარული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.[87]
მანუჩარ მაჩაიძე თავისი სპორტული, სამშენებლო, საკანონმდებლო თუ სხვა საქმიანობის გარდა საზოგადოებისთვის ცნობილია აგრეთვე, როგორც მოყვარული მხატვარი. მიუხედავად იმისა, რომ მას მხატვრობასთან პროფესიული შეხება არ ჰქონია, — აკადემიური განათლების მიღების, სასწავლო კურსების, სამხატვრო სასწავლებელსა თუ პროფესიონალ პედაგოგთან მომზადების თვალსაზრისით, — მისი დაინტერესება მხატვრობით ადრეულ ასაკშივე იწყება. ხატვას ჯერ კიდევ სკოლისა და სტუდენტობის პერიოდიდან იწყებს. როგორც თავად აღნიშნავს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზღვარგარეთ ყოფნისას სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებში ნანახმა დიდი მხატვრების ნამუშევრებმა. ცნობილია მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება მანეს, მონეს, სისლეის, რენუარის და მათი თანამედროვე სხვა იმპრესიონისტი მხატვრების შემოქმედების მიმართ.[88]
პირველ ნახატებს 1977–1978 წლებში ქმნის. მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენები ეწყობა თბილისში, გალერეა „ვერნისაჟში“, ასევე მოსკოვში, მხატვართა სახლში. მისი პირველი ნახატები (სულ 13 ნახატი) დღემდე მოსკოვში ინახება. არის არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე. 1990-იან წლებში მისი რამდენიმე ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ასევე — „თეთრ გალერეასა“ და „ქარვასლაში“.[89]
2009 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, მანუჩარ მაჩაიძის დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოცდაათზე მეტი ნამუშევარი, — დაწყებული ჯერ კიდევ „დინამოს“ საფეხბურთო ბაზაზე შესრულებული პირველი ეტიუდებიდან, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომი წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებით დამთავრებული.[90]
2011 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მისი მორიგი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მანუჩარ მაჩაიძის ორმოცდაათამდე ფერწერული ტილო გამოიფინა.[91]
2014 წლის 16 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მისი კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მანუჩარ მაჩაიძის ოცდათექვსმეტი ფერწერული ტილო იქნა წარმოდგენილი.[92]
„...ზეთის საღებავებში მუშაობა დავიწყე უკვე 27–28 წლის ასაკში. მაშინ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი და ეს ყველას უკვირდა, მაგრამ როგორც ჩანს ჩემში ეს სიყვარული თავიდანვე იყო. ყველა ადამიანში არსებობს ხელოვნების რომელიმე დარგის მიმართ მიდრეკილება — ზოგს პოეზია უყვარს, ზოგს პროზა, ზოგს მუსიკა, რასაკვირველია მეც მათ შორის ვარ, მაგრამ ფერწერა მაინც განსაკუთრებით მიტაცებს და თითქმის უკვე 35 წელია რაც ვხატავ.“ — აღნიშნა „იმედის“ ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში მანუჩარ მაჩაიძემ.[93]
2019 წლის 7 მარტს, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მანუჩარ მაჩაიძის დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა და მასთან შეხვედრა შედგა, სადაც ადგილობრივი სამოქალაქო და სახელოვნებო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად თავი მოიყარეს ასევე, ქართული კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ერთი კვირის განმავლობაში მანუჩარ მაჩაიძის ორმოცამდე ფერწერულ ნამუშევარს გაცნობოდნენ.
2005 წლის აგვისტოში მოსკოვის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი ვეტერან ფეხბურთელთა მონაწილეობით. ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მიეცათ კიდევ ერთხელ ეხილათ საფეხბურთო მოედანზე გასული საუკუნის 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების საბჭოთა ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენლები — იური აჯემი, ვლადიმერ ბესონოვი, ანდრეი ბიბა, იური გავრილოვი, რინატ დასაევი, მანუჩარ მაჩაიძე, ევგენი მილეშკინი, ლევან ნოდია, სერგეი ოლშანსკი, ნაზარ პეტროსიანი, ფიოდორ ჩერენკოვი, ვაგიზ ხიდიატულინი და სხვები. აღნიშნული სპორტული ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტმა, საფეხბურთო კლუბ მოსკოვის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტის, ვალერი ფილატოვის ხელმძღვანელობით, ამჯერად გადაწყვიტა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ის საფეხბურთო კლუბები მოეწვია, რომლებიც სხვადასხვა წლებში სსრ კავშირის ჩემპიონის ტიტულს ფლობდნენ. გუნდები ორ ჯგუფად დაიყვნენ: პირველ ჯგუფში განთავსდნენ — კიევის „დინამო“, მოსკოვის „დინამო“, თბილისის „დინამო“ და მოსკოვის „ცსკა“. ხოლო მეორე ჯგუფში — მოსკოვის „ტორპედო“, მოსკოვის „სპარტაკი“, ერევნის „არარატი“ და ტურნირის მასპინძელი გუნდი — მოსკოვის „ლოკომოტივი“. მატჩები ჯგუფებში წრიული სისტემით გაიმართა.[94]
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს მოსკოვის „ტორპედო“ და კიევის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს კიეველმა ვეტერანებმა — ვიქტორ ხლუსისა და ვიქტორ ნასტაშევსკის გოლების წყალობით გამარჯვების მოპოვება და ტურნირის მთავარმა პრიზმა მეორედ დაიდო ბინა უკრაინის დედაქალაქში. რაც შეეხება დანარჩენ პრიზიორებს, — საუკეთესო მეკარედ დასახელდა რინატ დასაევი, რომელსაც არცერთი ბურთი არ გაუშვია. საუკეთესო ბომბარდირი კიევის დინამოელი ვიქტორ ნასტაშევსკი გახდა, საუკეთესო მცველის პრიზი მოსკოვის ტორპედოელ ლეონიდ პახომოვს ერგო, საუკეთესო თავდამსხმელად მოსკოვის დინამოელი მიხაილ გერშკოვიჩი, ხოლო ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად — მანუჩარ მაჩაიძე აღიარეს.[94]
მანუჩარ მაჩაიძე იყო პირველი კაპიტანი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში, რომელმაც საბჭოთა კავშირის თასი აღმართა და მეორე კაპიტანი, შოთა იამანიძის შემდეგ ვისი წინამძღოლობითაც „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა.
სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვით მანუჩარ მაჩაიძე 1978 წლის საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[95]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად მანუჩარ მაჩაიძე საქართველოს XX საუკუნის მეშვიდე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[96][97]
2013 წლის 26 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[98][99][100][101][102]
სოციალური ქსელები |
---|
თემატური საიტები |
---|
ქართული სპორტი · AFS · FСdinamo.ge · Dinamo-Tbilisi.ru · Eu-Football.info · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · FootballPlayers.ru · Football.lg.ua · National Football Teams.com · oGol · Rusteam.permian.ru · Soccerway · Sportall.ge · Sport-Express.ru · Transfermarkt · WorldFootball.net · WorldSport.ge · Академик · Известные люди · КЛИСФ |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.