Remove ads
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პარლამენტი — საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.[1]
საქართველოს პარლამენტი | |
---|---|
მე-11 მოწვევის პარლამენტი | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
თავმჯდომარე |
შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნება 2021-დან |
თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
გიორგი ვოლსკი, ქართული ოცნება 2019-დან |
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი |
მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება 2024-დან |
სტრუქტურა | |
წევრები | 150 არჩეული წევრი |
პოლიტიკური ჯგუფები |
უმრავლესობა (89)
უმცირესობა (61)
|
არჩევნები | |
საარჩევნო სისტემა | 150 პროპორციული წესით მინიჭებული მანდატი |
ბოლო არჩევნები | 2024 |
სხდომების ადგილი | |
რუსთაველის გამზირი №7 თბილისი | |
საიტი | |
www.parliament.ge |
საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან. საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: ქვედა პალატა — რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა — სენატი.[2]
პარლამენტის არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.[3] საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს კონსტიტუციაში ორჯერ შეიცვალა: თავდაპირველად პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს დედაქალაქი თბილისი იყო, 2009 წლის ცვლილებების შემდეგ (24.09.2009 N1674), კონსტიტუციის მიხედვით, ადგილსამყოფელად ქალაქი თბილისი და ქალაქი ქუთაისი განისაზღვრა, თუმცა პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, 2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი (14.07.2011 N4985), რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქალაქ ქუთაისში იყო და აქვე იმუშავა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმაც. 2017 წლიდან მისი ადგილსამყოფელი კვლავ საქართველოს დედაქალაქში — თბილისია.
ამჟამად მოქმედებს მე-11 მოწვევის პარლამენტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმურად ცნობენ, შესაბამისად ოპოციზია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს.[4]
საქართველო | |||
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
საქართველოს პოლიტიკური მოწყობა | |||
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი | |||
აღმასრულებელი ხელისუფლება | |||
საქართველოს მთავრობა | |||
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე | |||
საკანონმდებლო ხელისუფლება | |||
საქართველოს პარლამენტი | |||
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი | |||
პარტიები პარლამენტში : | |||
პოლიტიკური პარტიები | |||
სასამართლო ხელისუფლება | |||
საკონსტიტუციო სასამართლო | |||
საქართველოს საერთო სასამართლოები | |||
ტერიტორიული მოწყობა | |||
პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა 1918–1919 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს სახით. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც იყო პირველი საყოველთაო წესით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო დამოუკიდებელ საქართველოში. დამფუძნებელი კრების ფუნქცია იყო რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება და პარლამენტის მოწვევამდე მისი მაგივრობის გაწევა.
საქართველოს დამფუძნებელ კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს, უხუცესი სოციალ-დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით. გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამფუძნებელი კრების შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა კარლო ჩხეიძე.
დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში, 1919–1921 წლებში იყვენენ: სოციალ-დემოკრატიული პარტია (109 დეპუტატი); ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (8 დეპუტატი); სოციალ ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (8 დეპუტატი); სოციალ რევოლუციონერები (5 დეპუტატი).
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის მოწვევა ვერ მოხერხდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. 1921 წელს საქართველოს რევკომმა დეკრეტით დათხოვნილად გამოაცხადა დამფუძნებელი კრება და გამოაცხადა საბჭოების ხელისუფლება. 1921–1938 წლებში წარმომადგენლობითი ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 1938–1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო — საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლება ფორმალურად ეკუთვნოდა, სინამდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა.
1938 წლის 12 ივნისს საქართველოს სსრ-ში ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები.[5] 8 ივლისს შედგა საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, რომლის თავმჯდომარედ იოსებ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს. 10 ივლისის საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აირჩიეს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ფილიპე მახარაძის თავჯდომარეობით. 11 ივლისის საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სსრ-ის მთავრობა — საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისარიატთა საბჭო, ვალერიან ბაქრაძის თავმჯდომარეობით.[6]
სულ იმუშავა საქართველოს სსრ-ის მოწვევის უმაღლესი საბჭოს 12-მა მოწვევამ: საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭო (1938–1946); საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭო (1947–1950); საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭო (1951–1954); საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭო (1955–1959); საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭო (1959–1962); საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭო (1963–1966); საქართველოს სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭო (1967–1970); საქართველოს სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭო (1971–1974); საქართველოს სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭო (1975–1979); საქართველოს სსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭო (1980–1984); საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭო (1985–1989); საქართველოს სსრ-ის XII მოწვევის უმაღლესი საბჭო (1990–1992).
1989 წელს შეიქმნა ცვლილება საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში და საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს ეწოდა უზენაესი საბჭო.[7] 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალმა მაგიდამ“ დაამარცხა მმართველი კომუნისტური პარტია და მოიპოვა უმრავლესობა უზენაეს საბჭოში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა თითქმს 70%-მა, თუმცა ძალიან დაბალი მონაწლეობა დაფიქსირდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში.
1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ შემოიღო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე აირჩია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. ამის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე გახდა აკაკი ასათიანი. 1991 წლის აგვისტოში უზენაესმა საბჭომ აკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია და გაუუქმა მანდატი ამ პარტიიდან არჩეულ საბჭოს 64 დეპუტატს.[8] იმოქმედა უზენაესი საბჭოს მხოლოდ პირველმა მოწვევამ 1990 წლის 14 ნოემბრიდან 1992 წლამდე.[9] 1992 წლის იანვარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უზენაესი საბჭო დათხოვნილ იქნა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის 2 იანვარს, სამხედრო საბჭომ აღადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და დანიშნა ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართა 1992 წლის შემოდგომაზე.
1995 წელს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში:
მეოთხე მოწვევის საქართველოს პარლამენტის არჩევნები 1995 წელს ჩატარდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობაში „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ აღმოჩნდა. პარლამენტის ამ შემადგენლობამ 1995–1999 წლებში იმუშავა და მას ზურაბ ჟვანია თავმჯდომარეობდა.
ორივე არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა მმართველმა პარტიამ — საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი პროტესტი და ვარდების რევოლუცია ეწოდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გააუქმა: ძალადაკარგულად გამოცხადდა პროპორციული წესით არჩეული მანდატები, თუმცა მანდატები შეუნარჩუნდათ მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს. ასევე ძალაში დარჩა იმავე დღეს გამართულ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება მორიგ არჩევნებში პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების შესახებ.
საქართველოში, ვარდების რევოლუციისა და ხელისუფლებიც ცვლილებების შემდეგ, 2004 წლის მარტში გაიმართა რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც იმ დროს განსაკუთრებით პოპულარულმა პარტიამ — „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. პარლამენტის ამ შემადგენლობამ 2004–2008 წლებში იმუშავა. მას თავმჯდომარეობდა ნინო ბურჯანაძე.
2008 წლის მაისში გამართული მორიგი არჩევნები ახალი წესის მიხედვით ჩატარდა და აირჩა 150 პარლამენტარი. არჩევნებში კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მანდატებზე უარი თქვა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტი იყო მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი კოალიცია „ქართული ოცნება“. საქართველოს ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები მმართველმა ძალამ წააგო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% და 85 მანდატი მოიპოვა. 2013 წელს ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც საქართველო საპრეზიდენტოდან ნახევრად-საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა.
მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტმა 2016–2020 წლებში იმუშავა. 2016 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების გზით „ქართული ოცნებამ“ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. საპარლამენტო ოპოზიციაში კი „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ იყო.
პარლამენტში შემდეგი ფრაქციები მოქმედებდა:[10] საპარლამენტო უმრავლესობა (92 წევრი) (ლიდერი მამუკა მდინარაძე); „ქართული ოცნება“ (58 წევრი); „ქართული ოცნება — ძლიერი ეკონომიკა“ (10 წევრი); „ქართული ოცნება — მწვანეები“ (6 წევრი); „ქართული ოცნება — მრეწველები“ (6 წევრი); „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“ (6 წევრი); „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველოსთვის“ (6 წევრი) და სხვ. „პატრიოტთა ალიანსი — სოციალ-დემოკრატები“ (7 წევრი); „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (7 წევრი); „ევროპული საქართველო“ (6 წევრი); „ევროპული საქართველო — რეგიონები“ (6); „ნაციონალური მოძრაობა“ (6 წევრი); დამოუკიდებელი დეპუტატები (6 წევრი). 18 დეპუტატი არცერთ ფრაქციას არ მიეკუთვნებოდნენ.
2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა და არჩევნების თარიღად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 31 ოქტომბერი ოფიციალურად დაამტკიცა.[11] საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამოაცხადა და წარადგინა საქართველოს X მოწვევის პარლამენტში შემსვლელი დეპუტატების სია.[12] საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა 2020–2024 წლებში უნდა იმუშაოს.[13]
ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართა. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს — ვლადიმერ კახაძეს გადაეცა,[14] რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვა. დეპუტატებმა პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩიეს.[13]
დეპუტატებმა კომიტეტების შემადგენლობების განსაზღვრისა და ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობების კვოტების შესახებ დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს:[13]
სახელი | სურათი | მოღვაწეობის წლები | ქვეყნის მეთაური / პრეზიდენტი | თანამდებობა | |
---|---|---|---|---|---|
1 | ნიკოლოზ ჩხეიძე | 1918–1921 | ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე | |
2 | ზვიად გამსახურდია | 1990–1991 | ზვიად გამსახურდია | საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო | |
3 | აკაკი ასათიანი | 1991–1992 | ზვიად გამსახურდია | საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო | |
4 | ედუარდ შევარდნაძე | 1992, 4-6 ნოემბერი | ოფიციალურად ზვიად გამსახურდია | საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
5 | ვახტანგ გოგუაძე | 1992–1995 | ედუარდ შევარდნაძე | საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
6 | ზურაბ ჟვანია | 1995–1999 | ედუარდ შევარდნაძე | საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
(6) | ზურაბ ჟვანია | 1999–2001 | ედუარდ შევარდნაძე | საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
7 | ნინო ბურჯანაძე | 2001–2003 | ედუარდ შევარდნაძე | საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
(7) | ნინო ბურჯანაძე | 2004–2008 | მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
8 | დავით ბაქრაძე | 2008–2012 | მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
9 | დავით უსუფაშვილი | 2012–2016 | გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
10 | ირაკლი კობახიძე | 2016–2019 | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი | საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
— | თამარ ჩუგოშვილი | 2019, 21 ივნისი-25 ივნისი | სალომე ზურაბიშვილი | საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი | |
11 | არჩილ თალაკვაძე | 2019–2020 | სალომე ზურაბიშვილი | საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
(11) | არჩილ თალაკვაძე | 2020-2021 | სალომე ზურაბიშვილი | საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
12 | კახა კუჭავა | 2021 | სალომე ზურაბიშვილი | საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე | |
13 | შალვა პაპუაშვილი | 2021-დან | სალომე ზურაბიშვილი | საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე |
პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთა შორის 77 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტის ყველა დეპუტატი ირჩევა ოთხი წლის ვადით.
პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც უძღვება პარლამენტის მუშაობას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 7 მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას.
პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი დარგობრივი კომიტეტები და დროებით საკითხთა კომისიები. პარლამენტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ორგანოა ბიურო. ბიუროში შედიან: თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. ბიურო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს პარლამენტის მუშაობას.
წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია: გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი-დეკემბერი). პარლამენტის მუშაობს უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი.
სახელი | სურათი | კომიტეტი | მოწვევა | |
---|---|---|---|---|
1 | ნინო წილოსანი | აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
2 | მიხეილ სარჯველაძე | ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
3 | თეა წულუკიანი (31 მარტი, 2021-მდე) შალვა პაპუაშვილი (31 მარტი, 2021-დან 29 დეკემბრამდე) გიორგი ამილახვარი (29 დეკემბერი, 2021-დან) |
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
4 | მაია ბითაძე | გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
5 | დავით სონღულაშვილი | დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
6 | ბექა ოდიშარია | დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
7 | მაკა ბოჭორიშვილი | ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
8 | ირაკლი ბერაია | თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
9 | ანრი ოხანაშვილი | იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
10 | სოზარ სუბარი | რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
11 | ნიკოლოზ სამხარაძე | საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
12 | ირაკლი ქადაგიშვილი | საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
13 | ირაკლი კოვზანაძე | საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
14 | მიხეილ ყაველაშვილი | სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
15 | დიმიტრი ხუნდაძე | ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
16 | ელისო ბოლქვაძე | კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე | X მოწვევის პარლამენტი | |
საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა ხანის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით), მეორე, რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით). ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებია გამოყენებული, როგორც ცალკეულ ნაწილთა კომპოზიციაში, ისე დეკორსა და მოსაპირკეთებელ მასალაში. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს.[15]
2012 წელს პარლამენტი გადავიდა ქ. ქუთაისში, ახალ შენობაში, რომელიც აშენდა 2010–2012 წლებში. პროექტი ეკუთვნის ესპანურ საპროექტო ბიუროს „CMD Ingenieros“ (არქიტექტორები: ალბერტო დომინგო და კარლოს ლაზარო). შენობის კომპოზიცია სივრცით-მოცულობითია და შექმნილია მარტივი ფორმებით: მინის კამარა შუაზე გაყოფილია ბეტონის თეთრი სარტყელით, რომლის ბოლოებიც მიწის ზედაპირს ჰორიზონტალურად მიუყვება და შენობაში შესასვლელებს წარმოადგენს. მინის კამარა, რომელიც ფარავს 100×150 მ² ფართობს, წარმოადგენს შენობის გარეთა გარსს, რომლის შიგნითაც განლაგებულია მთავარი ფოიე და სხვადასხვა დანიშნულების სათავსები/სამყოფები. შენობას გარშემო აკრავს ვრცელი გამწვანებული ტერიტორია.[16] 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტმა ქუთაისში ბოლო სესია გამართა და 2019 წლიდან საქმიანობას თბილისში განაგრძობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.