ნიკოლოზ ჩხეიძე

ქართველი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე From Wikipedia, the free encyclopedia

ნიკოლოზ ჩხეიძე

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (დ. 9 აპრილი, 1864, ფუთი, შორაპნის მაზრა — გ. 11 ივნისი, 1926, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე, 2 წლის განმავლობაში ევროპაში ქართული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.

სწრაფი ფაქტები ნიკოლოზ ჩხეიძე, დაბადების თარიღი ...
ნიკოლოზ ჩხეიძე
Thumb
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1864(1864-04-09)[1]
დაბადების ადგილი ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
გარდაცვალების თარიღი 11 ივნისი, 1926(1926-06-11) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლევილის მამული
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 საფრანგეთი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
Thumb
დახურვა

ბიოგრაფია

დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის სკოლაში. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მერვე კლასიდან მოსწავლეთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო. იყო ჯერ ოდესის უნივერსიტეტის, ხოლო 1889-1890 წლებში ხარკოვის ვეტერინალური ინსტიტუტის თავისუფალი მსმენელი. სტუდენტობის დროს დაინტერესებული იყო ხალხოსნობითა. ორივე სასწავლებიდან გარიცხეს სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო.

1887 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში დაიწყო მუშაობა. იქ გაიცნო ეგნატე ნინოშვილი. 1892 წლის 25 დეკემბერს ნინოშვილთან ერთად ესწრებოდა ზესტაფონის კრებას და ჩამოაყალიბა სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფი მესამე დასი. თავდაპირველად შედიოდა დასის ნაროდნიკულ ჯგუფში, მაგრამ ნოე ჟორდანიას გავლენით ევროპული სოციალ-დემოკრატიული იდეების მიმდევარი გახდა. იყო პირველი, ვინც ქართულად თარგმნა მარქსისა და ენგელსის საეტაპო ნაშრომი კომუნისტური პარტიის მანიფესტი. 1898 წლიდან გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. იმავე წლიდან გადავიდა ბათუმში, სადაც მუშაობდა ფილოქსერას საწინააღმდეგო კომიტეტში, სკოლის მასწავლებლად. ამავდროულად იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს ხმოსანი და ბათუმის საქალაქო საავადმყოფოს ინსპექტორი. ისიდორე რამიშვილთან ერთად ნავთობქარხნების მუშებისთვის დააარსა საკვირაო სკოლა და ჩამოაყალიბა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტი. პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად აქვეყნებდა სტატიებს სოციალ-დემოკრატების გაზეთ „კვალში“.1902 წელს უარი თქვა მაშინ ბათუმში მცხოვრებ სტალინთან თანამშრომლობაზე. 1903 წლიდან მიეკუთვნებოდა პარტიის მენშევიკურ ფრთას. 1905-1906 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „სხივთან“. სათავეში ედგა 1905 წლის რევოლუციას ბათუმში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის წლებში ხელმძღვანელობდა პარტიულ ორგანიზაციას გურიაში.

1907 წელს გადავიდა თბილისში, სადაც არჩეული იყო ქალაქის საბჭოს ხმოსნად ნაძალადევიდან 1907-1911 წლების მოწვევის საბჭოში. იმავე წელს ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე წარმოთქვა სიტყვა

ვიკიციტატა
„შენი მოკვლის გაგონების შემდეგ ბუკსა და ნაღარას სცემენ ქვენა მისწრაფებებით და მურტალი მიზნით, თითქო შენთან ერთად მოიკლა მთელი ხალხი. ასეთები ვერა ხედავენ, რომ ამით იგინი ვერ აქარწყლებენ შენი ნიჭის საუკეთესო ნაყოფს. ვერა ხედავენ, რომ ის ხალხი, რომელმაც შეისისხლხორცა ის, რაც შენ მოღვაწეობაში საუკეთესო იყო, უარჰყო ის, რაც მის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა შენ წარსულ მოღვაწეობაში, ასეთი ხალხი ვამბობთ, უკვდავია და არც პასუხს აგებს თუ მის შორის ვინმემ მტარვალობა ჩაიდინა.“
([2])

1907 წელს ტფილისის გუბერნიიდან აირჩიეს რუსეთის იმპერიის III მოწვევის დეპუტატად,[3] ხოლო 1912 წელს — რუსეთის იმპერიის IV მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად,[4] სადაც იგი ყველაზე ხმაურიან და რეჟიმთან დაპირისპირებულ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციასაც თავმჯდომარეობდა 1913 წლიდან. ფრაქციაში განხეთქილების შემდეგ იყო „მენშევიკების“ ფრაქციის თავმჯდომარე და „ტრუდოვიკების“ გაერთიანების წევრი. მეოთხე სათათბიროში მისი მთავარი მოკავშირეები იყვნენ ირაკლი წერეთელი და მატვეი სკობელევი. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ცენტრისტი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი, აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 27 თებერვლიდან 6 სექტემბრამდე იყო პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების აღმასკომის თავმჯდომარე. ამ თანამდებობაზე ის შეცვალა ლევ ტროცკიმ. თებერვლიდან აგვისტომდე ასევე იყო სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების ცაკ-ის თავმჯდომარე. ეს პოლიტიკური ორგანო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის იმპერიის პოლიტიკის განმსაზღვრელი უმთავრესი სტრუქტურა იყო. 1917 წლის ბოლოს აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრად. ჩხეიძე ბოლშევიკებს გამუდმებით ადანაშაულებდა წამქეზებლობასა და კონსპირაციაში და დროებით მთავრობას სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. მიუხედავად ამისა, ის არ დაეთანხმა ლენინისა და ბოლშევიკების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გერმანელების აგენტობის შესახებ. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვალში კარლო ჩხეიძე გახდა ახლადარჩეული ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის მაისის ბოლოს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს, რომელსაც პარლამენტი ეწოდა, თავმჯდომარედ. საქართველოში ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში ცხოვრობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე გვარჯალაძესთან ერთად.

1919 წლის დასაწყისში დაინიშნა პარიზის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელად. კონფერენციაზე მან ოფიციალურად დააყენა საქართველოს ცნობისა და მისი ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი. ჩხეიძე 1920 წლამდე განაგრძობდა საქართველოს სახელით დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ევროპაში. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიის მესამე ნომერი ნოე ჟორდანიას და სილიბისტრო ჯიბლაძის შემდეგ. 1919 წლის 12 მარტს კარლო ჩხეიძე დაუსწრებლად აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ, რომლის მოვალეობის შესრულებასაც ის 1920 წლის მიწურულს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეუდგა.

1921 წლის მარტიდან საბჭოთა ოკუპაციის გამო იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაკითხულობდა საჯარო მოხსენებებს საქართველოს ოკუპაციის გასაშუქებლად და ბოლშევიკური პროპაგანდის გასაფანტად. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ ფონდში დაცულია მასალები 1921 წლის დანიის სოციალ-დემოკრატიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კოპენჰაგენის სოციალისტურ კონფერენციაზე და ბერლინში „ამსტერდამის პროფესიონალური ინტერნაციონალის“ კონფერენციაზე კარლო ჩხეიძის მონაწილეობის შესახებ; ინტერვიუები, ფინურ, დანიურ და გერმანულ ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტებთან; ჩანაწერები ევროპის სოციალისტური პარტიებისა და II ინტერნაციონალის მოღვაწეებთან: ველსთან, მიულერთან, ლობესთან, ებერტთან და სხვა წევრებთან გამართული შეხვედრების შესახებ; ამავე ფონდში ინახება 1924 წლის 31 მაისს ჟენევის უნივერსტეტში გამართულ მიტინგზე კარლო ჩხეიძის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტი ფრანგულ ენაზე.

კარლო ჩხეიძის ფონდის ემიგრანტული პერიოდის მასალებში ასახული მისი შეხედულებები სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, საქართველოს ბედსა თუ უბედობაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნების თვითგამორკვევასა და გათავისუფლებაზე. ამ მხრივ საყურადღებოა მისი შრომები: „მარქსიზმი და ლენინიზმი“, „ბოლშევიზმის დახასიათება“, „ხუთი წელია ბოლშევიკები აბედნიერებენ საქართველოს“, სხვადასხვა წერილები, სადაც კარლო ჩხეიძე ეხმაურება საქართველოში 1924 წელს მომხდარ აჯანყებას, ბოლშევიკების რუსიფიკატორულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, საქართველოს სოციალურ მდგომარეობას და სხვა უამრავი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩანაწერი.

უკანასკნელი წლები

ემიგრაციაში მყოფი კარლო ჩხეიძე პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ ლევილში, ქართველთა მამულში მეუღლესა და უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. საწყის პერიოდში იგი დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, შეძლებისდაგვარად ზრუნავდა საქართველოში მოშიმშილე მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად, მისი ინიციატივით ჟენევაში დაარსდა საქართველოს დახმარების საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც შვეიცარიელი ჟან მარტინი ხელმძღვანელობდა.

Thumb
კარლო ჩხეიძის წერილი

1924–1925 წლებიდან კარლო ჩხეიძის, ისევე, როგორც ლევილში მყოფი ქართველების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდში ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელისთვის გაგზავნილი წერილებიდან. შიმშილი, უსახსრობა და უიმედობა კარლო ჩხეიძეს ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას ანიჭებდა, უკმაყოფილო იყო საბინაო პირობებითაც. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კარლო ჩხეიძემ 1926 წლის 7 ივნისს სცადა თვითმკვლელობა, სამზარეულოს დანით გამოიჭრა ყელი. სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“. მეზობლებმა, მეუღლემ და ნოე რამიშვილმა შეძლეს მისი გადარჩენა და გადაიყვანეს პარიზის საუნივერსიტეტი კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. სისხლჩაქცევის გამო განუვითარდა ფილტვების ანთება და 11 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალეს პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. დაკრძალვას ქართული პოლიტიკური ემიგრაციის და ევროპელი სოციალისტების სპექტრი ესწრებოდა.

ხსოვნა

არქივში ინახება მის დაკრძალვაზე დამსწრე საზოგადოების მიერ სამგლოვიარო წიგნში გაკეთებული ხელმოწერები, უშუალოდ დაკრძალვის ამსახველი 11 ფოტოსურათი და საქმე პერ-ლაშეზის სასაფლაოზე კარლო ჩხეიძის საფლავის კეთილმოწყობის შესახებ. კარლო ჩხეიძის მოღვაწეობის დოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ მის პირად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდებში . მასალა გამოვლინდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის ამსახველ ე. წ. „ჰარვარდისა“ და „ლევილის“ დოკუმენტურ კოლექციებში. აღნიშნული კოლექციები 2000 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოიტანა და ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივს შესანახად გადასხა პროფესორმა გურამ შარაძემ.

ვიკიციტატა
„რომ მოენდომებინა, ჩხეიძე რევოლუციის დროებითი მმართველობის ცენტრში მოექცეოდა: რეალური ძალა საბჭოების ხელში იყო. მან ეს არ ისურვა, უკიდურესად მოკრძალებული პიროვნება იყო. ამ თვისებას ბევრი პოლიტიკურ არენაზე თავიდანვე ივიწყებს, რადგან მასების წინაშე გამოსვლები უწევთ. შეიძლება, მის შემთხვევაში ძალაუფლების შიშმაც თავისი სიტყვა თქვა. პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ორი სახის პიროვნებას გამოვყოფ: ვისშიც ადამიანური ღირსებებიც ფარავს ნაკლს და ვისი ნაკლიც იმთავითვე ჯაბნის ყოველგვარ ადამიანურ ღირსებას. ამ ორს შორის ჩხეიძე, უდავოდ, პირველს მიეკუთვნებოდა““
(ვიქტორ ჩერნოვი)

ოჯახი

ჰყავდა მეუღლე, ალექსანდრა ტაგანოვა და ოთხი შვილი: სტანისლავი, ნატა, ლიდუსი და ვერონიკა.1917 წლის ბოლოს მის მცირეწლოვან შვილს, სტანისლავს თამაშისას იარაღი გაუვარდა და დაიღუპა. 1921 წელს ემიგრაციაში კარლო ჩხეიძეს და მის მეუღლეს მხოლოდ ვერონიკა გაჰყვა. ალექსანდრა ტაგანოვა გარდაიცვალა 1943 წელს და კარლო ჩხეიძის გვერდით, პერ-ლაშეზის სასაფლაოზეა დაკრძალული. ვერონიკა ჩხეიძეს და მის მეუღლეს, ანატოლ გრასმანს შვილები არ ჰყოლიათ. უცნობია კარლო ჩხეიძის კიდევ ორი ქალიშვილის ბედი.

ლიტერატურა

  • სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987.  გვ. 174.
  • ვაჭარაძე ა., ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, თბ.: IDFI, 2019, ISBN 978-9941-8-1469-3.
  • შარაძე გ., საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბილისი, 2003

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.