Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
თამარ ჩუგოშვილი (დ. 11 აგვისტო, 1984, ქ. გურჯაანი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, 2010-2012 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2019 წლის 21-25 ივნისს ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას. 2019 წლის ნოემბერში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
თამარ ჩუგოშვილი | |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივნისი, 2019 – ნოემბერი, 2019 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივნისი, 2019 – 25 ივნისი, 2019 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | ირაკლი კობახიძე |
მემკვიდრე | არჩილ თალაკვაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 21 ივნისი, 2019 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე |
დაბადებული | 11 აგვისტო, 1984 გურჯაანი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (2019-მდე) |
პროფესია | იურისტი, პოლიტიკოსი |
2001-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2014-2015 წლებში სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში.
თამარ ჩუგოშვილს სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სხვადასხვა საკონკურსო პროგრამები: ჰარვარდის კენედის სკოლის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პროგრამა „ჰარვარდის მოედნიდან - ოვალურ კაბინეტამდე“ (ოქტომბერი, 2014 - მაისი, 2015, კემბრიჯი, აშშ.); აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (ვაშინგტონი, აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკა, 2010).
2010-2012 წლებში თამარ ჩუგოშვილი იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, იმავე პერიოდში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ — 32 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი კოალიციის თავმჯდომარე და 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მმართველი კომიტეტის წევრი.
2013-2014 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის მთავარი საკონტაქტო პირი საქართველოს მთავრობასთან. თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების ავტორია.[1]
2016 წლიდან თამარ ჩუგოშვილი იყო პარტია - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს საერთაშორისო მდივანი, 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელი,[2] საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი. 2017 წლიდან - ქალ პოლიტიკურ ლიდერთა ქსელის (WPL) ელჩი საქართველოში.
2019 წლის ნოემბერში დატოვა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]
თამარ ჩუგოშვილის სახელს უკავშირდება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება. 2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რასაც მალე მოჰყვა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის) შემუშავება.[4] კოორდინაციისა და მონიტორინგისთვის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი — ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო.[5] საბჭო არის მაღალი რანგის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ყველა რელევანტური მხარის თავმოყრას კონკრეტულ საკითხებზე სამსჯელოდ.
თამარ ჩუგოშვილი აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში (2017-2018),[6] როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი და საკონტაქტო პირი ვენეციის კომისიასთან, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონებთან დაკავშირებით ორი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი და საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც 2018 წელს დამტკიცდა, საქართველო პასუხობს საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკის ყველა მოთხოვნას და ადამიანის უფლებები გაცილებით მაღალი სტანდარდით არის დაცული.[7]
თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმას. პარლამენტის ახალი რეგლამენტი, 2018 წლის დეკემბერში იქნა მიღებული და უზრუნველყოფს საპარლამენტო საქმიანობის საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობას.[8]
თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია პარლამენტის კვლევით/ანალიტიკური ქმედუნარიანობის გაძლიერება, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა.[9][10]
თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის მთავარი მიზანი გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა.[11]
საბჭო ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ის აგრეთვე პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებაზე. საბჭო ახდენს საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს და ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.[12]
თამარ ჩუგოშვილის თავმჯდომარეობის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭომ:
მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივები ქალთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაძლიერებისთვის, ხოლო, საბჭოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სექსუალური შევიწროების რეგულირებაზე მიიღო საქართველოს პარლამენტმა და, შესაბამისად, სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი გახდა.
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის და, შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაზრდილი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, საბჭომ დაიწყო თემატური მოკვლევების პროცედურა, რაც გულისხმობს აქტუალური საკითხის შესწავლასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას, რეკომენდაციების გაცემას შესაბამისი უწყებებისთვის.
თამარ ჩუგოშვილი აქტიურად უჭერს მხარს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას და საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობს ცნობიერების ასამაღლებელ მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში.[14]
თამარ ჩუგოშვილი არის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს საბჭოში შექმნილ სამუშაო ჯგუფს - „პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით“. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ხელს უწყობს პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის უკეთესი მექანიზმების ჩამოყალიბებასა და კერძო სექტორის მეტ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.[15] კერძოდ, შეიქმნა დაინტერესებულ პირთა რეესტრი (კერძო სექტორი - ბიზნეს ასოციაციები) და რეგისტრირებულ პირებს საშუალება ექნებათ საწყის ეტაპზევე მიიღონ ინფორმაცია იმ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ბიზნეს სექტორის საქმიანობაზე.[16]
თამარ ჩუგოშვილი არის ავტორი ნაშრომებისა: მართლმსაჯულება საქართველოში (2010);[17] უმაღლესი აუდიტის სამსახურის კონცეფცია (2008); საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (2008);[18] პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგი; ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში (2007).[19]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.