ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი From Wikipedia, the free encyclopedia
ნოდარ ახალკაცი (დ. 2 იანვარი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 25 იანვარი, 1998, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის არმიის სპორტული კლუბისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას. 1971–1974 წლებში იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი. 1976–1983 და 1985–1986 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1963), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1981). 1990–1998 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. არჩეული იყო უეფას ტექნიკური კომიტეტის წევრად.[2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნოდარ ახალკაცი | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1938 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 24 იანვარი, 1998 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1955 | ნორჩი დინამოელი | ||
1956 | ფშმ თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1957 | ოდო თბილისი | ||
1958–1959 | სკვო თბილისი | ||
1960–1966 | ლოკომოტივი | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
1967–1970 | ლოკომოტივი თბილისი | ||
1976–1983 | დინამო თბილისი | ||
1985–1986 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფიფას და უეფას ორდენოსანი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.[3] ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად და თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტად.
მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ ორჯერ საბჭოთა კავშირის თასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი.[4]
ნოდარ ახალკაცი თბილისში, კერძოდ ნაძალადევში, 1938 წლის 2 იანვარს, ფარსადან ახალკაცისა და ანა კიკნაძის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში, რომელიც 1955 წელს წარმატებით დაამთავრა. სწავლა იმდროინდელ პლეხანოვის პროსპექტზე არსებულ რკინიგზელთა ინსტიტუტში განაგრძო.
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1955 წელს თბილისის ნორჩ დინამოელთა სკოლაში მწვრთნელ გრიგოლ გაგუასთან. 1956 წელს თბილისის ფშმ-ს რიგებშია. 1957 წლიდან კი — თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდში (ოდო (ოსკ) თბილისი),[5] რომელსაც ცნობილი სპეციალისტი ნესტორ ჩხატარაშვილი წვრთნიდა.[6]
1958–1959 წლებში თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი — სამხედრო ოლქის სპორტული კლუბის (სკვო თბილისი)[7] სახელით გამოდიოდა, ხოლო 1960 წლიდან — თბილისის არმიის სპორტული კლუბის სახელით განაგრძო გამოსვლები (ასკ თბილისი)[8].
1960–1966 წლებში თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. სათამაშო კარიერაც ამავე კლუბში, 28 წლის ასაკში დაასრულა.
სამწვრთნელო კარიერა 1967 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, რომელსაც 1970 წლის ნოემბრამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 166 მატჩიდან „ლოკომოტივმა“ — 65 მოიგო, 41 ფრედ დაამთავრა და 60 შეხვედრა დათმო.
1974–1975 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო გუნდის უფროსი, 1976–1983 და 1985–1986 წლებში მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 383 მატჩიდან თბილისის „დინამომ“ — 179 მოიგო, 102 ფრედ დაამთავრა და 102 შეხვედრა დათმო.
საკავშირო და საერთაშორისო ასპარეზზე — 1936–1989 წლებში, თბილისის „დინამოს“ სულ ხუთი ტიტული აქვს მოგებული და აქედან ოთხი — მისი მთავარი მწვრთნელობის დროს. ნოდარ ახალკაცის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოსვლამდე თბილისის „დინამოს“ არაერთი უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი ედგა სათავეში. მათ შორის საკმარისი იქნებოდა თუნდაც სამი მათგანის — ანდრო ჟორდანიას, მიხეილ იაკუშინისა და გავრილ კაჩალინის დასახელება. სამწვრთნელო გამოცდილებით, მიღწეული შედეგებითა და მოპოვებული ავტორიტეტით, — სამივე მათგანი ითვლებოდა და დღესაც საყოველთაოდ ითვლება საბჭოთა ფეხბურთის ყველა დროის უდიდეს მწვრთნელად და ფეხბურთის სპეციალისტად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველი თაობის ფეხბურთელებიდან, ანუ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე, — ყოველთვის ჰყავდა უმაღლესი კლასის შემსრულებლები.
ფეხბურთის სპეციალისტების შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ დინამოელები ყოველთვის თვითმყოფადობით გამორჩეულ, შემოქმედებით, კერძოდ კი, — სანახაობრივად მიმზიდველ, ინტელექტუალურ და არტისტულ ფეხბურთს თამაშობდნენ, — მათ სუსტ წერტილად და გადაულახავ პრობლემად წლების განმავლობაში, ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე, ყოველთვის რჩებოდა — ჩავარდნების გარეშე, სტაბილური ასპარეზობის პრობლემა, რაც მათივე მოსაზრებით, უპირველესად, გუნდში არსებული სუსტი დისციპლინისა და საქმისადმი არაპროფესიონალური მიდგომის საკითხს უკავშირდებოდა. გუნდში მოსვლისთანავე, ნოდარ ახალკაცისთვის მთავარ გამოწვევას, სწორედ ამ პრობლემების წარმატებით დაძლევა წარმოადგენდა. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სათამაშო კლასის, იმპროვიზაციის უნარისა და ტექნიკური მომზადების მხრივ დინამოელები საკავშირო პირველობის მონაწილე სხვა კლუბების მოთამაშეებს ისედაც საგრძნობლად აღემატებოდნენ, საჭირო იყო ყურადღების მობილიზება და უმთავრესი აქცენტის გაკეთება საერთო კოლექტიური დისციპლინის მკაცრად დაცვასა და თითოეული ფეხბურთელის მხრიდან დაკისრებული მოვალეობისადმი პროფესიონალური მიდგომის ამაღლებაზე, — რაც ქართული ტემპერამენტიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო და საგულისხმოა, თავად ნოდარ ახალკაცის პრინციპული დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამონარიდი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:
„...ერთ ზედმიწევნით სერიოზულ საკითხზე კი უთუოდ ცალკე უნდა ითქვას. მე ვგულისხმობ კოლექტივში დისციპლინის საკითხს. წლევანდელ სეზონში ჩვენ ალბათ ზედმეტი ლმობიერება გამოვიჩინეთ ცალკეული ფეხბურთელების მიმართ, რამაც უარყოფითად იმოქმედა არა მარტო საერთო დისციპლინაზე, არამედ გუნდის ბრძოლისუნარიანობასა და თამაშის ხარისხზეც. არ უნდა დაგვავიწყდეს, წინა წლებში „დინამოს“ გამარჯვებათა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი მტკიცე, შეგნებული დისციპლინა იყო. კარგად მესმის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ძნელია, იქნებ ძალზე ძნელიც კი, გუნდის ინტერესებისათვის დაივიწყოს ეგრეთ წოდებული ამქვეყნიური სიამენი და სრულიად აიღოს მათზე ხელი. მაგრამ თუ ახალგაზრდამ ნებაყოფლობით აირჩია ერთგვარად ასკეტური საფეხბურთო ცხოვრება, თუ იგი რესპუბლიკის პირველ გუნდში თამაშობს, რაც თავისთავად დიდი ეროვნული საქმეა, თუკი მას უდიდესი ნდობა გამოუცხადეს და ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა დააკისრეს, იგი ვალდებულია, იყოს ზედმიწევნით მობილიზებული, შეგნებული და, მეტსაც მოგახსენებთ, თავდადებულიც. არავის, არც ახალგაზრდას, არც გამოცდილ სპორტსმენს არ ეპატიება დისციპლინის უმნიშვნელო დარღვევაც კი, სულ ერთია, ვარჯიშზე იქნება ეს, მატჩის დროს თუ ცხოვრებაში. მსოფლიოში არ ყოფილა და არც არის გუნდი, რომელსაც მაღალი მიზნები დაესახოს და ამ მიზნებისთვის საერთო კოლექტიური დისციპლინის მკაცრად დაცვის გარეშე მიეღწიოს.“ |
გუნდი | დაწყება | დამთავრება | მონაცემები | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | ბს | მ % | |||
ლოკომოტივი | აპრილი 1967 | ნოემბერი 1970 | 166 | 65 | 41 | 60 | 174 | 152 | +22 | 39.16 |
დინამო თბილისი | მარტი 1976 | ოქტომბერი 1983 | 330 | 160 | 86 | 84 | 495 | 323 | +172 | 48.48 |
დინამო თბილისი | ივლისი 1985 | ნოემბერი 1986 | 53 | 19 | 16 | 18 | 63 | 64 | −1 | 35.85 |
ჯამში | 1967 | 1986 | 549 | 244 | 143 | 162 | 732 | 539 | +193 | 44.44 |
„პროფესიონალი არაპროფესიონალთა ქვეყანაში“ — ასე მოიხსენიებდნენ ნოდარ ახალკაცს უცხოელი ჟურნალისტები, რომლებმაც ქართველი მწვრთნელი 1970-იან წლებში გაიცნეს. 1981 წლის 13 მაისის ევროპული გამარჯვების შემდეგ კი ფეხბურთის დიდ სპეციალისტთა რიგებში ჩარიცხეს. გავლენიანი გერმანული ჟურნალის „კიკერის“ მთავარი რედაქტორი კარლ-ჰაინც ჰაიმანი დიუსელდორფის ფინალური მატჩის შეფასებისას, დინამოელთა ოსტატობასთან ერთად, განსაკუთრებით გამოყოფდა მწვრთნელის ალღოს და ერუდიციას. „კარგა ხანია ყურადღებით ვაკვირდები ახალკაცის საქმიანობას, — წერს ჰაიმანი, — ის ნამდვილი სტრატეგია, იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.“ ჰაიმანს კვერს უკრავენ მისი სხვა ცნობილი კოლეგები და ფეხბურთის ევროპელი სპეციალისტები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ახალკაცის დამსახურებას, კოლეგებზე მეტად, ფეხბურთის გულშემატკივრები და კულტურის მოღვაწეები აფასებდნენ. ბევრ მათგანთან ახალკაცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იხსენებს:
2008 წელს რეჟისორმა გოგი თორაძემ ნოდარ ახალკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი „ქართული ფეხბურთის მაესტრო“.[9]
2018 წლის 14 თებერვალს ლაგოდეხში გახსნილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას მისი სახელი მიენიჭა.[10][11]
2018 წლის 15 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, თბილისის მე-9 საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლაშივე დაიდგა ნოდარ ახალკაცის ბიუსტი.[12][13]
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა და მწვრთნელთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც ნოდარ ახალკაცი 1976 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[14]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ნოდარ ახალკაცი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[15][16]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ნოდარ ახალკაცს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[17]
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru · Footballtop.ru · Transfermarkt · КЛИСФ |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
რადიო თავისუფლება · სარბიელი · crystalsport.ge · Lelo.ge · NewPosts · Sport-express.ru |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.