მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი ერთეული საქართველოში, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით 69 მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც წარმოადგენენ დე-ფაქტო ერთეულებს.
საქართველოს 69 მუნიციპალიტეტიდან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 5 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) მუნიციპალიტეტია, თუმცა მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მართვის ოპტიმიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტი იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა, თვითმმართველ ქალაქში კი ის დასახლების ნაწილია.
მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია დედაქალაქი თბილისი. ხუთი მუნიციპალიტეტი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 58 ათას ადამიანს, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი მაჩვენებელია. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ შტოს ხელმძღვანელობს მერი. მერი და საკრებულო ირჩევა მოსახლეობის მიერ 4 წლის ვადით.
რაიონები შეიქმნა 1929-1930 წლებში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე მანამდე არსებული მაზრების დაშლის შედეგად. 1991-2006 წლებში საქართველოს რაიონები იმართებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირის, ჯერ პრეფექტის, შემდეგში გამგებლის მეშვეობით. რაიონის ფარგლებში 1998-2006 წლებში არსებობდა კიდევ ერთი სუბ-ნაციონალური დონე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდებოდა. თვითმმართველ ერთეულებს წარმოადგენდნენ სოფელი, თემი, დაბა და ქალაქი (გარდა ხუთი ე.წ. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა) და მათი რაოდენობა შეადგენდა 1004 ერთეულს. 2005 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული იყო პროექტი, რომელიც საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობის შემოღებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით უნდა შექმნილიყო 298 ქალაქი და თემი და 13 მხარე. [1] პროექტი არ იქნა მიღებული, მის ნაცვლად განხორციელდა არსებული ერთეულების გამსხვილება, გაუქმდა ქვედა დონე, რაიონებს ეწოდა მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა შემოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის დონეზე. 2006 წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები მუნიციპალურ დონეზე, სადაც არჩეულ იქნენ მუნიციპალიტეტების საკრებულოები. 2010 წელს ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მინიმუმ 59 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას, თუმცა საბოლოოდ შეიქმნა მხოლოდ შვიდი ახალი მუნიციპალიტეტი, ქალაქები თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი. 2014 წელს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში პირველად იქნენ არჩეული მუნიციპალიტეტების მერები პირდაპირი წესით. 2017 წელს ახლადშექმნილი 7 მუნიციპალიტეტი გაუქმდა.[2].
მეტი ინფორმაცია სახელწოდება, ადმინისტრაციული ცენტრი ...
2002 წლის აღწერით, როდესაც საქართველოს ცენტრალური ცელისუფლების იურისდიქცია ვრცელდებოდა ამ მუნიციპელიტეტების მთლიან (აჟარა) ან ნაწილობრივ (დანარჩენი) ტერიტორიებზე.