სიღნაღის მუნიციპალიტეტი

From Wikipedia, the free encyclopedia

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი (ყოფ. სიღნაღის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით საზღვრავს გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ფართობი 1251,7 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 93 375 ჰა უკავია, ხოლო ტყის რესურსი შეადგენს 5500 ჰა-ს.[5]

სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
Thumb
დროშა გერბი
Thumb Thumb[1]

ქვეყანა  საქართველო
მხარე კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი სიღნაღი
კოორდინატები 41°37′07″ ჩ. გ. 45°55′18″ ა. გ.
ფართობი 1252 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 29 948[2] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 23,93 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,44 %
სომხები 0,73 %
რუსები 0,70 %
ეზიდები 0,34 %
აზერბაიჯანელები 0,33 %[3]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 96,92 %
მუსლიმები 1,23 %[4]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://signagi.gov.ge/
Thumb
დახურვა

ისტორია

სიღნაღის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე სიღნაღის მაზრის სახელწოდებას ატარებდა, 1928 წლიდან მუნიციპალიტეტი კახეთის მაზრაში შედიოდა, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1938 წლის 9 ივლისს საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სიღნაღის რაიონს გამოეყო წითელწყაროს რაიონი, ხოლო დარჩენილი რაიონი დაიყო შემდეგ სასოფლო-საბჭოებად: სიღნაღის (რაიონული ცენტრი), ანაგის, ვაქირის, საქობოს, ბოდბის-ხევის, ქვემო-მაჩხაანის, ჯუგაანის, ტიბაანის, ნუკრიანის, მაღაროს, ბოდბისა და ულიანოვკის[6]. 1963-1964 წლებში წითელწყაროს რაიონი ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965 წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად, როგორც დედოფლისწყაროს რაიონი.[7]

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[8]. სსიპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 240417223) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 21 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 18 ივნისი[9].

ადმინისტრაციული ერთეულები

მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად:

  1. ქ. სიღნაღის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. სიღნაღი);
  2. ქ. წნორის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. წნორი);
  3. ანაგის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ანაგა);
  4. ბოდბის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ბოდბე, ქვემო ბოდბე);
  5. ბოდბისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ბოდბისხევი);
  6. ვაქირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ვაქირი);
  7. ილიაწმინდას ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ილიაწმინდა);
  8. მაღაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: მაღარო);
  9. ნუკრიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ნუკრიანი);
  10. საქობოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საქობო, მაშნაარი);
  11. ტიბაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ტიბაანი);
  12. ქვემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო მაჩხაანი, ყარაღაჯი, ხირსა, ხორნაბუჯი);
  13. ძველი ანაგის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ძველი ანაგა);
  14. ჯუგაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ერისიმედი, ჯუგაანი).

გეოგრაფია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა. აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია, ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11 °C-იდან 13 °C-მდე. ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე — 810 მმ წელიწადში.[5]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროგრაფიული ქსელი მწირია. არის პერიოდული ხასიათის მდინარეები. მდინარეებიდან აღსანიშნავია ალაზანი და იორი. ალაზანი მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოედინება ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვართან. მდინარე იორი კი ივრის ზეგანს კვეთს სამხრეთ ნაწილში.[5]

რელიეფი

Thumb
ივრის ზეგანი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი უჭირავს ივრის ზეგანს, რომელიც აგებულია მესამეული და მეოთხეული ნალექი წყებებით. ტექტონიკურად ხასიათდება ეჟექტური ნაოჭებისა და გასწვრივი შეცოცებებისა და რღვევების ურთიერთშეხამებით. ზეგნის მორფოლოგიურ სახეს ქმნის ტექტოგენური ფორმები - მონოკლინური და ანტიკლუნური მაღლობები და ვრცელი სინკლინური ქვაბულები, რომელიც ამოვსებულია მეოთხეული ფხვიერი ნაფენებით. ივრის ზეგანზე არის ეროზიული ფორმებიც — მდინარე ივრის თანამედროვე ხეობა და მთელი რიგი ხევები, ბედლენდები და სხვა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოდის გომბორის ქედის მცირე მონაკვეთი, რომელიც აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებითა და თიხებით.

სამხრეთ-დასავლეთ კალთა დამრეცია, დასერილია მშრალი ხევებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთა კი ციცაბოდ ეშვება ალაზნის ვაკისაკენ. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლეს მთას ჭოპორტი (1087 მ) წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილი უჭირავს ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია მეოთხეული ნალექებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის აბსოლუტური სიმაღლეა 219 მ-იდან 350 მ-მდე. იგი დახრილია ჩრდილო-დასავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ალაზნის ვაკის რელიეფს ართულებს გამოზიდვის კონუსებში ჩაჭრილი მცირე სიღრმის ეროზიული ფორმები. ალაზნის ვაკის სიგანე მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე ალაზნიდან გომბორის ქედამდე 35 კმ-ია, ხოლო სიგრძე 22 კმ.

შიგა წყლები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ჰიდროგრაფიულ ქსელს მოკლებულია. აქაურ მიწაზე გვხვდება ძირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეები. გამოსაყოფია ორი მდინარე ალაზანი და იორი. ალაზანი მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოედინება ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვართან, აქ მდინარეს კლაკნილი მიმართულება აქვს.

მდინარე იორი ივრის ზეგანს კვეთს სამხრეთ ნაწილში. მთელ სიგრძეზე აქვს კარგად გამოხატული მეანდრები. მუნიციპალიტეტის ფარგლებში იორის სიგრძე დაახლოებით 28 კმ-ია. მთავარი შენაკადებია: ალანდარისხევი (მარცხ), მათაგალონი (მარცხ).

მშრალი ღელეები არის გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზეც, მაგრამ ისინი მდინარე იორამდე ვერ აღწევენ. მუნიციპალიტეტის მდინარეები დიდდება გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წელიწადის სხვა დროს კი წყალმცირობაა. აღსანიშნავია ასევე გომბორის კალთაზე არსებული მშრალი ხევები, რომლებშიც ძლიერი წვიმების დროს წყალი მიედინება.

ჰავა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა, აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი.

გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1 °C-იდან 12,6 °C-მდე. აბსოლუტური მინიმუმი - 24 °C, მაქსიმუმი 37-40 °C.

ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე - 810 მმ წელიწადში.

ნიადაგები

ივრის ზეგანზე განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის შავმიწები, აგრეთვე წაბლა ნიადაგები დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგების კომპლექსით.

გომბორის ქედის კალთებსა და მთისწინეთში გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები. ალაზნის ვაკეზე გვხვდება ტყე სტეპის გარდამავალი ზოლის შავმიწისებრი, ალუვიურ-კარბონატული და მდელოს კარბონატული ნიადაგები.

ლანდშაფტები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ჯაგეკლიანი სტეპური ვაკე ჰალოფილური მცენარეულობით შავმიწისებურ ალუვიურ და დამლაშებულ ნიადაგებზე;
  2. ტყის ყავისფერი ნიადაგები გამოზიდვის კონუსებით ჯაგ-რცხილნარითა და ჯაგეკლიანი სტეპებით;
  3. ვაკე ტაფობები სტეპის მცენარეულობით შავმიწა და წაბლა ნიადაგებით;
  4. რუხ ყავისფერი ნიადაგები არიდული მცენარეულობით;
  5. ტაფობები ჰალოფილური მცენარეულობით;
  6. ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები მუხნარ რცხილნარით;
  7. ტუგაის ტყის ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა

ფაუნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ტურა, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ლელიანის კატა; მდინარე ივრის პირას ჭალის ტყეში ბინადრობს გარეული ღორი. მცირე რაოდენობით არის ზოლებიანი აფთარი. მღრღნელებიდან აღსანიშნავია ზაზუნა, ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, მექვიშია და სხვ.

ფრინველებიდან გვხვდება მწყერი, შაშვი, ხოხობი, კაკაბი, კაჭკაჭი, ყვავი, გნოლი და სხვ. მდინარეებში არის თაღლითა, ფრიტა, გველანა, ქაშაპი და სხვა.

ფლორა

ივრის ზეგანზე გავრცელებულია ვაციწვერიანი და უროიანი სტეპები, გვხვდება ასევე ჯაგეკლიანი ბუჩქნარებიც. ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში გვხვდება ნაცარქათამასებრთა ოჯახში შემავალი ბუჩქი ჩარანი, რომლისგანაც იღებენ სოდას.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობიდან არის ასევე აბზინდა, ხურხუმო და ყარღანი.

ნათელ ტყეს ქმნის ქართული ნეკერჩხალი, ღვია, საღსაღაჯი და სხვ. აქვე არის კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა. მდინარე ივრის ნაპირებთან არის ჭალის ტყეები: წნორი, ჭალის ვერხვი, იალღუნი და სხვ. ალაზნის ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი ტყის ელემენტებით.

გომბორის ქედის ტყეებზე აღსანიშნავია მუხა და რცხილა. ტყესტეპებს ქმნის ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვა სახეობის მცენარეები.

დემოგრაფია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით შეადგენს 29 948 კაცს. მუნიციპალიტეტში 20 დასახლებაა, მათ შორის არის 2 ქალაქი და 18 სოფელი. ქალაქების მოსახლეობა შეადგენს 6300 კაცს, სოფლად დასახლებულია 23 648 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23,93 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) საკმაოდ ჩამოუვარდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი და საბიუჯეტო ორგანიზაციები. წარსულში ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და წარმოება. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომლის ძირითადი პრიორიტეტია ტურიზმი.[5]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 300-800 მ ფარგლებში. უმეტესად ქართველები ცხოვრებენ, მცირე რაოდენობით არიან სომხები, რუსები და სხვ.

აღწერის მონაცემები

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობა
198949 326
200243 584
201429 948
2021[10]29 200
დახურვა

ეკონომიკა

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. მუნიციპალიტეტში განვითარებულია მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა და სხვ.

არის რამდენიმე ღვინის ქარხანა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 90 ათასი ჰა., რომელთაგან სახნავ-სათესია 40 ათასი ჰა. ხოლო 50 ათასი ჰა საძოვრებია.

განათლება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 20 საჯარო სკოლა, აღნიშნული სკოლებიდან ერთი მდებარეობს ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 3 არასახელმწიფო (კერძო) საგანმანათლებლო დაწესებულება. მათ შორის - 2 მდებარეობს ქალაქ სიღნაღში: შპს „ინტელექტი“, და შპს „ეტალონი 2015“. მესამე - შპს „პროგრესი 010“ მდებარეობს სოფელ საქობოში.[11]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს 24 სკოლამდელი (საბავშვო ბაღი და ბაგა-ბაღი) სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება.[12]

კულტურა

Thumb
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

ქალაქ სიღნაღში ფუნქციონირებს თეატრი, რომელიც ისტორიას 1872 წლიდან ითვლის.[13]

მუნიციპალიტეტში შექმნილია ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, სადაც გაერთიანებულია 13 კულტურის სახლი.[13]

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 20 ბიბლიოთეკა, მათ შორის საბავშვო.[13]

ქალაქ სიღნაღში გახსნილია ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.[14][15][16]

ქალაქ სიღნაღში ფუნქციონირებს ვანო სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმი.[17][18]

ქალაქი სიღნაღში გახსნილია თვითნასწავლი მხატვრისა და კომპოზიტორის, სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმი გაიხსნა 1998 წელს.[19]

სოფელ ანაგაში გახსნილია თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სანდრო ახმეტელის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია რეჟსორის მემორიალური ნივთები, ყოფითი ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.[20][21]

სოფელ ბოდბისხევში ფუნქციონირებს ქართველი მწერილის, იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია მწერლის მემორიალური ნივთები და ყოფითი ეთნოგრაფიული მასალა. ფერწერული ტილოები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, სხვადასხვა პერიოდის კრებულები.[22]

სოფელ ქვემო მაჩხაანში გახსნილია იტალიის ეროვნული გმირის, ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ფორე მოსულიშვილის მემორიალური ნივთები, მედლები, ორდენები, ალბომები, ეთნოგრაფიული ნივთები, ფოტოები, დოკუმენტები და სხვა.[23][24]

სოფელ ჯუგაანში ფუნქციონირებს ქართველი მწერლისა და დრამატურგის, სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია მისი პირადი ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, მათ შორის ზაქარია ფალიაშვილის მიერ ნაჩუქარი პიანინო, პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალა.[25]

სოფელ ვაქირში გახსნილია ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო გოძიაშვილის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვასო გოძიაშვილის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, დოკუმენტური და ფოტო მასალა, კოსტიუმები სპექტაკლებისთვის, წიგნები მსახიობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, თეატრალური ესკიზები, მაკეტები.[26]

სოფელ ვაქირში ფუნქციონირებს ქართველი მეცნიერის, პროფესორის, ქირურგისა და უროლოგის ალექსანდრე გზირიშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ქართველი ალექსანდრე გზირიშვილის პირადი ნივთები, ეთნოგრაფიული მასალა, მეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.[27]

სოფელ ვაქირში გახსნილია ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ილო მოსაშვილის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ილო მოსაშვილის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა. მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.[28]

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, რომელთაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს.

მეტი ინფორმაცია დასახელება, თარიღი ...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელებათარიღიაღწერა
„ვანოობა“მაისიდღესასწაული ეძღვნება ქართველ მუსიკოსს, ქართული პროფესიული, ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს, ვანო სარაჯიშვილს.[29]
„სოლომონობა“-სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ყოველწლიურად აღინიშნება სახალხო დღესასწაული - „სოლომონობა“. დღესასწაული ეძღვნება ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელს, პირველი ქართული გაზეთის „ტფილისის უწყებანის“ ყოველკვირეული დამატების რედაქტორს, სოლომონ დოდაშვილს. დღესასწაული იმართება სოლომონ დოდაშვილის მშობლიურ სოფელში. სახალხო დღესასწაული წლების მანძილზე მივიწყებული იყო, 2008 წელს იგი აღადგინა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხოსან რაინდთა დასმა.[30]
„ნინოობა“-სოფელ ბოდბეში, წელიწადში ორჯერ, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაული აღინიშნება.[31]
სიღნაღის არტფესტივალი-2022 წელს დაფუძნდა სიღნაღის არტფესტივალი. ღონისძიების მიზანია მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა. სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა.[32]
ზაფხულის ღამის ჯაზფესტივალი-ყოველწლიურად, სიღნაღში, ღია ცის ქვეშ, ჯაზფესტივალი იმართება. ფესტივალი მასპინძლობს საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს. ფესტივალი 2021 წელს დაფუძნდა.[33]
სიღნაღის ახალგაზრდული დღეები-სიღნაღში ყოველწლიურად ფესტივალი „ახალგაზრდული დღეები“ იმართება. ფესტივალის ფარგლებში იმართება სპორტული შჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები და კონცერტები. ფესტივალი დაფუძნდა 2016 წელს.[34]
„სიღნაღქალაქობა“-ტრადიციული სახალხო დღესასწაული ქალაქ სიღნაღში 2007 წლიდან იმართება. დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილია კონცერტები, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვები, ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.[35]
ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი-სიღნაღში ყოველწლიურად ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი იმართება. ფესტივალი 2021 წელს დაარსდა და მისი მიზანია ახალგაზრდა კომპოზიტორთა აღმოჩენა, ხელშეწყობა და სამომავლოდ, მათი შემოქმედების წარმოჩენა. ფესტივალი ერთი კვირის მანძილზე წამყვან მუსიკოს-შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს მასპინძლობს.[36]
დახურვა

სპორტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტიში ფუნქციონირებს 22 სპორტული სექცია: ფეხბურთი, ჭიდაობა-ძიუდო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ რომაული ჭიდაობა, ძალისმიერი სამჭიდი, კრივი, კიკბოქსინგი, კალათბურთი, რაგბი, ჭადრაკი. ქალაქ სიღნაში არის 4 სპორტული სექცია: ფეხბურთი, ჭადრაკი, კრივი, ძალისმიერი სამჭიდი, ხოლო 18 სექცია ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.[37]

ღირსშესანიშნაობანი

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო.

სოფელ ვაქირში შემონახულია სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აქვეა „კვირაცხოველის“ ეკლესია. სოფელ ტიბაანში დგას ხირსის მონასტერი.

გამოჩენილი ადამიანები

მეტი ინფორმაცია ფოტო, სახელი და გვარი ...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტოსახელი და გვარიწლებიაღწერა
Thumb სოლომონ დოდაშვილი 1805-1836 ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
Thumb იროდიონ ევდოშვილი 1873-1916 ქართველი მწერალი
Thumb ვანო სარაჯიშვილი 1879-1924 ქართველი მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი
Thumb სანდრო ახმეტელი 1886-1937 ქართველი რეჟსორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი
Thumb სანდრო შანშიაშვილი 1888-1979 ქართველი მწერალი, დრამატურგი
Thumb ალექსანდრე გზირიშვილი 1902-1972 ქართველი მეცნიერი, ქირურგი, უროლოგი, პროფესორი
Thumb სანდრო მირიანაშვილი 1915-1987 ქართველი მხატვარი და კომპოზიტორი
Thumb ფორე მოსულიშვილი 1916-1944 იტალიის ეროვნული გმირი
Thumb ჰამლეტ გონაშვილი 1928-1985 ქართველი მომღერალი
Thumb თამაზ ჭილაძე 1931-2018 ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი
Thumb ოთარ ჭილაძე 1933-2009 ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი
Thumb შოთა ბეჟაშვილი 1956- სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის 7-გზის ჩემპიონი, მსოფლიო ორგზის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში
დახურვა

დაძმობილებული ადმინისტრაციული ერთეულები

ლიტერატურა

  • უკლება დ., უკლება მ., ქსე, ტ. 9, გვ. 407-408, თბ., 1985;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.