Remove ads
ქართველი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ილო ონისიმეს ძე მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1896, ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 3 აგვისტო, 1957, თბილისი) — ქართველი მწერალი.
ილო მოსაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1896 |
დაბადების ადგილი | ჩარგალი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 3 აგვისტო, 1957 (61 წლის) ან 4 აგვისტო, 1954[1] (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | სცენარისტი და მწერალი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია |
ჟანრი | პიესა |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ |
სწავლობდა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1914 წელს იურიდიული განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადავიდა ხარკოვში და იქ განაგრძო სწავლა ამავე ფაკულტეტზე.
ქართულ მწერლობაში ყმაწვილი ლექსებით შემოვიდა. 1911 წელს გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ხოლო აქტიური ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1920 წლიდან. ილო მოსაშვილის პოეზია აღსავსეა ღრმა ლირიზმით და მასშტაბურობით.
პოეზიის გარდა, ილო მოსაშვილმა თავისი სიტყვა თქვა პროზაშიც. ამასთანავე ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან ქართველი მკითხველი აზიარა ივანე კრილოვის, ტარას შევჩენკოს, ივან ფრანკოს, ვლადიმერ მაიაკოვსკის, სერგეი ესენინის და სხვა პოეტებისა და მწერლების ნიმუშებს. დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობას. აღსანიშნავია მისი ღვაწლი დრამატურგიაში. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრების რეპერტუარი ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე შესანიშნავი ქმნილებებით. ქართულ სცენაზე წლების მანძილზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: „სადგურის უფროსი“, „გზა მომავლისა“, „ჩაძირული ქვები“, „მისი ვარსკვლავი“. ამ ორი პიესით შექმნილ სპექტაკლებს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიები მიენიჭათ.
ილო მოსაშვილი რამდენიმე ქართული ფილმის სცენარის ავტორია. კერძოდ, შ. ბერიშვილმა 1935 წელს მისი სცენარით გადაიღო კინოფილმი „მდინარის გადაღმა“, დ. რონდელმა „არშაულა“, ივანე პერესტიანმა „ორი მეგობარი“, ლ. ესაკიამ „გაღმელი ქალიშვილი“, დ. ანთაძემ და ა. ჯალიაშვილმა „სადარაჯო ჯიხური“, ნ. შენგელიამ და დ. ანთაძემ „ის კიდევ დაბრუნდება“.
ილო მოსაშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მშვიდობის დაცვის საქართველოს კომიტეტს. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი. დაჯილდოვებული იყო ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. 1977 წლის 11 ივლისს ილო მოსაშვილის 80-წლის საიუბილეოდ მის საფლავზე დაიდგა გამოჩენილი ქართველი მოქანდაკისა და არქიტექტორის გ. ჯაფარიძის მიერ შესრულებული ძეგლი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.