Remove ads
ბუნებრივი წყლის ნაკადი From Wikipedia, the free encyclopedia
მდინარე — წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს. მდინარეებს მეცნიერულად შეისწავლის დედამიწის ჰიდროლოგიის ერთ-ერთი დარგი — მდინარეთა ჰიდროლოგია.
მდინარეს აქვს სათავე — ადგილი, საიდანაც იწყება, და შესართავი — ადგილი, სადაც ის ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება. მდინარე, რომელიც უშუალოდ ერთვის ზღვას, ტბას, ჭაობს ან ქვიშებში იკარგება — მთავარი მდინარეა. მდინარეს ერთვის შენაკადები.
მთავარი მდინარე თავის შენაკადებთან ერთად ქმნის მდინარეთა სისტემას. ხმელეთის ზედაპირი, საიდანაც მდინარის სისტემა წყალს იკრებს, არის წყალშემკრები აუზი. ამა თუ იმ მდინარის სისტემის წყალშემკრებ აუზს, რომელიც სხვა მდინარეთა სისტემებისაგან გამოყოფილია წყალგამყოფებით, ეწოდება მდინარის აუზი.
მდინარე ხეობაში მიედინება. ხეობის ძირის ყველაზე დაბალი ნაწილია კალაპოტი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ წყალდიდობის დროს იფარება წყლით — ჭალაა. სათავისა და შესართავის სიმაღლეთა სხვაობას მდინარის ვარდნა ეწოდება.
მდინარე გარემოს მნიშვნელოვანი ელემენტებია: სიგრძე, სიგანე, სიღრმე, წყლის დონე, დინების სიჩქარე, წყლისა და ნატანის ხარჯი. რელიეფის შესაბამისად არსებობს მთისა და ვაკის მდინარე. მთის მდინარე მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში, გამოირჩეოდა მჩქეფარე დინებით, კალაპოტი ჭორომიანი აქვს და აჩენს ჩანჩქერებს. ვაკის მდინარე განიერ, კარგად გამომუშავებულ ხეობაში მიედინება, კალაპოტი დაკლაკნილი და დატოტვილი აქვს, დახრილობა — უმნიშვნელო, დინება — წყნარი.
მდინარის ხასიათი და განვითარება დამოკიდებულია კლიმატზე, რელიეფზე, გეოლოგიურ სტრუქტურასა და აუზის სიდიდეზე. დროებით, სეზონურ მდინარეებს უადებს უწოდებენ (არაბულად Wadi). ისინი მდებარეობენ საჰარაში და მსგავსი კლიმატური პირობების რეგიონებში. მათი კალაპოტები მშრალია, ივსება მხოლოდ დიდი წვიმების შემდეგ.
დედამიწის ზედაპირზე მდინარეები არათანაბრადაა განაწილებული. მდინარეთა ქსელი ხშირია ჭარბად ნესტიან მხარეებში და მეჩხერდება ჰავის სიმშრალის ზრდის შესაბამისად. უდაბნოში მხოლოდ დროებითი (ეპიზოდური) და ტრანზიტული მდინარეებია. დედამიწის მთავარი წყალგამყოფი კონტინენტების ზედაპირს ორ ძირითად აუზად ჰყოფს: ატლანტიკურ-არქტიკული აუზის წყალი ერთვის ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეებს, წყნაროკეანური აუზისა — წყნარსა და ინდოეთის ოკეანეებს. პირველი აუზის ჩამონადენი ბევრად მეტია, ვიდრე მეორისა.
მდინარეები საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით მდინარეთა საზრდოობა ძირითადად შერეულია (მაგ., მდ. რიონი ქვემოთში წვიმის წყლით საზრდოობს, ზემოთში — თოვლისა და მყინვარული წყლით). საზრდოობის თავისებურების მიხედვით დადგენილია მდინარის წყლის რეჟიმის სამი ძირითადი ფაზა: წყალდიდობა — მყინვარული წყლით მოსაზრდოვე მდინარეების ზაფხულის ხანგრძლივი უხვწყლიანობა, მაღალი დონეები, ზოგჯერ ნაპირებზე გადმოსვლა; წყალმოვარდნა — თავსხმით ან თოვლის სწრაფი დნობით გამოწვეული მდინარის წყლიანობის ერთბაშად გაზრდა; წყალმცირობა — წლის ცივ პერიოდში ძირითადად მიწისქვეშა წყლით საზრდოობაზე გადასვლით განაპირობებული მდინარის დაბალი დონე და მცირე ხარჯი (არანაკლებ 10 დღე-ღამის განმავლობაში). ზომიერი და ცივი სარტყლის მდინარეებს ახასიათებს ყინულოვანი მოვლენები: გაძგიფვა, თოშხერგილი, ყინულსვლა და სხვა.
მეტად დიდია მდინარეთა როლი სახალხო მეურნეობაში. იგი არის სასმელი და ინდუსტრიული წყლის მომწოდებებელი, ბუნებრივი წყლის გზა, ჰიდროენერგიის წყარო, თევზების და სხვა ორგანიზმების საცხოვრებელი. მდინარეთა ერთი ნაწილი, ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში, დაბინძურებულია. ამ ქვეყნების მთავრობები მიმართავენ ყოველ ღონეს - საკანონმდებლოს, სანიტარულს, ტექნიკურს, რათა შეზღუდონ ან თავიდან აიცილონ მდინარეებში სამრეწველო ნარჩენების მოხვედრა. მდინარეები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინებიან (დუნაი, რაინი, კონგო) შეზღუდულნი არიან კომერციული გემების მიმოსვლისათვის. აქ ნავიგაციის წესები დადგენილია საერთაშორისო შეთანხმებებით. მდინარის ალუვიონში ვხვდებით სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, პლატინა, ალმასი და სხვა) ქვიშრობულ საბადოებს.
მდინარე | სიგრძე (კმ) | რომელ მხარეში მიედინება | |
1 | მტკვარი * | 1364 | სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი |
2 | თერგი * | 623 | მცხეთა-მთიანეთი |
3 | ჭოროხი * | 438 | აჭარა |
4 | ალაზანი | 351 | კახეთი |
5 | რიონი | 327 | რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი |
6 | იორი | 320 | მცხეთა-მთიანეთი, კახეთი |
7 | ენგური | 213 | სამეგრელო-ზემო სვანეთი, აფხაზეთი |
8 | ხრამი | 201 | ქვემო ქართლი |
9 | ცხენისწყალი | 176 | რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი |
10 | ხობისწყალი | 150 | სამეგრელო-ზემო სვანეთი |
* - მდინარის დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს.
მდინარე | სიგრძე (კმ) | რომელ ქვეყანაში მიედინება | |
1 | ნილოსი | 6671 | ბურუნდი, ტანზანია, რუანდა, უგანდა, სუდანი, ეგვიპტე |
2 | ამაზონი | 6280 | პერუ, კოლუმბია, ბრაზილია |
3 | მისისიპი * | 5970 | აშშ |
4 | იანძი | 5800 | ჩინეთი |
5 | ობი * | 5410 | ჩინეთი, ყაზახეთი, რუსეთი |
6 | ხუანხე | 4845 | ჩინეთი |
7 | მეკონგი | 4500 | ჩინეთი, ბირმა, ლაოსი, ტაილანდი, კამბოჯა, ვიეტნამი |
8 | ამური * | 4416 | მონღოლეთი, რუსეთი, ჩინეთი |
9 | ლენა | 4400 | რუსეთი |
10 | კონგო | 4374 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, ანგოლა |
* - მდინარეთა სიგრძეები ნაჩვენებია შენაკადებითურთ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.