ქედი საქართველოში, კახეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
გომბორის ქედი, ცივ-გომბორის ქედი, ჰერეთის მთა — ქედი საქართველოში, კახეთის მხარეში. კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; შახვეტილას მთასთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტს — კახეთის ქედს. მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 107 კმ. უმაღლესი მწვერვალი ცივი (1991 მ). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერმისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე — გომბორის, ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ხელოვნური გამოქვაბულები. ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე — ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი. იგი ხასიათდება ზომიერად ნოტიო ჰავით, ტყიანი და ტყესტეპიანი მცენარეულობით, რომლებიც ადამიანის ინტენსიური ჩარევის შედეგად, ქედის თხემზე გარდაქმნილია მეორად მდელოებად და საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენს. ეს საძოვრები, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობისა, უძველესი დროიდანვე გამოიყენებოდა ცხვრის დიდი ფარების გადასარეკ ტრასად საზამთრო საძოვრებიდან (მტკვრისა და ივრის პირები, შირაქი) საზაფხულო საძოვრებისაკენ (თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი) და პირიქით.
გომბორის ქედი | |
---|---|
გომბორის ქედი ქიზიყში | |
კოორდინატები: 41°47′59″ ჩ. გ. 45°22′04″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ცივი |
სიმაღლე | 1991 მ |
სიგრძე | 107 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
გომბორის ქედზე გადიოდა უმოკლესი გზები, რომლებიც ივრის ხეობას ალაზნის ველთან აკავშირებდა. ძველი დროიდანვე გომბორის ქედზე გამავალი გზები ინტენსიურად გამოიყენებოდა. ამის მოწმობაა, თუნდაც, შემორჩენილი მატერიალური კულტურის ნაშთები ციხეებისა და ეკლესიების სახით. ერთ-ერთი უძველესი და უმოკლესი გზა, რომლითაც ივრის ხეობა (უჯარმა) უკავშირდებოდა ალაზნის ველს (თელავი) გადიოდა სამების ხევზე, რასაც გვიდასტურებს ვახუშტიც:
„არამედ შუამთა ეწოდა საშუალობისათვის გზისა გარდასულთა სამებიდან თელავს: ...ამ ხევზედ არს ციხე ვერენისა, მაგარი და გარდამავალს გზა შიგნით კახეთს შუამთაზედ.“ |
არანაკლები მნიშვნელობის იყო ჭერმის გზა. მთა მანავის ცივიდან დაწყებული, გომბორის ქედის თხემი თანდათან დაბლდება და ჭერემის მიდამოებში 1200 მეტრამდე ჩამოდის, რამაც განაპირობა აქ მოსახერხებელი გადასასვლელების არსებობა ჩაილურის ხევიდან ჭერემის ხევში და შემდეგ ალაზნის ველზე. ამ გზას ჰკეტავდნენ ჩაილურის, ჭერემისა და ველისციხის ციხეები.
გომბორის ქედის უღელტეხილები მეტად მოხერხებული და იოლი გადასალახავი იყო, რადგან ყველა ისინი დაბალია, თითქმის არ იკეტებოდნენ ზამთრობით და ახლოს მდებარეობდნენ დასახლებულ პუნქტებთან ორივე მხრივ.
გომბორის ქედის გარეკახეთისაკენ მიმართული ფერდი საგრძნობლად ციცაბოა, ინტენსიურად ირეცხება და ქმნის შიშველ რელიეფს, რომელიც გაბატონებულია ივრის მარცხენა შენაკადი ხევების სათავეებში და ღვარცოფული აქტივობის კერებს წარმოადგენს. ამიტომ ამ ხევების კალაპოტი მოფენილია სამშენებლოდ ძველთაგანვე გამოყენებული რიყის ქვით.
გომბორის ქედს ისტორიული წყაროები სხვადასხვაგვარად იხსენიებენ: ჰერეთის მთა, ცივის მთა, გომბორის ქედი, ცივ-გომბორის ქედი: ამათგან, უძველესი უნდა იყოს ჰერეთის მთა, ხოლო ყველაზე გვიანი — გომბორის ქედი, რადგან გომბორის უღელტეხილი შედარებით გვიან შემოდის ინტენსიურ ხმარებაში, აქ გზატკეცილის გაყვანის შემდეგ. ვახუშტი არც კი იცნობს მას და ვერენის ციხე სამების ხევზე გამავალი გზის სტრატეგიულ პუნქტად მიაჩნია. ჰერეთის მთის შემდეგ ქედის სახელად ცივის მთის გავრცელებაზე უნდა მიუთითებდეს მრავალი მთის (მწვერვალის) ცივის არსებობა ქედზე: დიდი ცივი, მანავის ცივი, თოხლიაურის ცივი და ა. შ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.