Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ღვარცოფი, სელი — კომპლექსური გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა, მაღალი კონცენტრაციის წყალგრუნტოვანი ნაკადის მოძრაობა მდინარის ან ხრამის კალაპოტში, რისი გამოვლინებაც განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით. ღვარცოფი ფართოდ გავრცელებული მძლავრი სტიქიური მოვლენაა.
ღვარცოფსაშიშ ადგილებში ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი დიდი მოცულობის ნაშალი მასალა წყლით გაჯერების და გათხევადების პირობებში გადაიქცევა ტალახის, ქვატალახისა და წყალქვის ნაკადებად, რომელიც ჩვეულებრივი წყალმოვარდნებისგან გამოირჩევა უფრო დიდი ხარჯით, მოძრაობის უფრო დიდი სიჩქარით, მყარი ჩამონადენის დიდი მოცულობით, მაღალი სიმკვრივით და შესაბამისად, დარტყმის განსაკუთრებული სიძლიერით. ასეთ ნაკადებს გამანადგურებელი ძალა გააჩნია, რაც საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ანგრევს ან ძლიერ აზიანებს სხავადასხვა დანიშნულების შენობებს, სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო ობიექტებს, სხვადასხვა კომუნიკაციებს, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს.
ღვარცოფული ნაკადები შემადგენლობის მხრივ ქვატალახიანი ან წყალქვიანია. ღვარცოფული ნაკადის მყარი შემადგენელი (მონატეხი და თიხოვანი მასა) შეიძლება იყოს: გამოფიტვის და მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების — ეროზიის, აკუმულაციის ან მათი კომბინაციის შედეგი. ღვარცოფული ნაკადების მაპროვოცირებელი მოვლენებია: თავსხმა წვიმები, თოვლის ან მყინვარის სწრაფი დნობა, ბუნებრივი ან ხელოვნური წყალსატევების გარღვევა და სხვა. ღვარცოფი უეცრად წარმოიშობა და სწრაფად მოძრაობს დიდი სიჩქარით (4მ/წ და მეტი). ღვარცოფი, როგორც წესი მოძრაობს წყვეტილად, იმპულსურად, ჩახერგვიდან-ჩახერგვამდე. ღვარცოფული ნაკადის სიჩქარე საათში 10–12 კმ-მდეა და დამანგრეველი ზემოქმედებით ხასიათდება. ღვარცოფი ხშირად მოვარდნილი ტალღების ფორმირებით მიმდინარეობს.
საქართველო ღვარცოფების პეტროგენული ბუნებით, ტერიტორიის დაზიანებადობის ხარისხით, განმეორებადობის სიხშირით და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგებით მთიანი მხარეების ერთ-ერთ რთულ რეგიონს მიეკუთვნება. ღვარცოფული მოვლენები გვხვდება მთიანი ტერიტორიის თითქმის ყველა ლანდშაფტურ-კლიმატურ და მორფოგეოლოგიურ ზონაში — დაწყებული ბორცვიან, სერებიანი და დაბალმთიანეთით და დამთავრებული ალპურ-ნივალურით, სადაც დაფიქსირებულია 3000-მდე ღვარცოფ-ფორმირებადი წყალსადინარი. მათი უარყოფითი მოქმედების სფეროში მოქცეულია ასეულობით დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქები — თბილისი, თელავი, ყვარელი, საგარეჯო, ლაგოდეხი, ცაგერი, ბორჯომი, ლენტეხი, ონი, მესტია, ახალციხე, ადიგენი, მცხეთა; საავტომობილო და რკინიგზები, ნავთობ და გაზსადენები, საირიგაციო არხები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ღვარცოფების მასშტაბურ განვითარებას განაპირობებს ამ პროცესებისადმი მგრძნობიარე ქანების დიდ ფართობზე გავრცელება, ეროზიული რელიეფი, კლიმატური პირობები და გეოგრაფიულ გარემოზე ადამიანის არასწორი დატვირთვა. გაბატონებული გავრცელება აქვთ თავსხმა წვიმებით გამოწვეულ ღვარცოფებს (65 %), ვიდრე მეწყერულ (30 %) და გლაციალურს (10–12 %). საქართველოს ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესების დაზიანებადობის და საშიშროების რისკის მიხედვით გამოყოფილია 8 პირობითი რაიონი:[1]
1) ტერიტორია ძლიერ მაღალი დაზიანებადობისა და განსაკუთრებით მაღალი რისკის საშიშროებით (Ks-0,8–0,9), მოიცავს ფართობს 4400 კმ²-ზე — გომბორის ქედი, საგურამო-იალნოს, სხალტბისა და ოკამის ქედები, ქართლის, ლომისისა და ხარულის ქედების სამხრეთი ნაწილი; ღვარცოფების ტრანსფორმაციას ადგილი აქვს ყოველ წელს და წლის განმავლობაში მეორდება რამდენჯერმე.
2) ტერიტორია მაღალი დაზიანებადობისა და საშიშროების რისკით (Ks-0,6–0,8) — მოიცავს თერგის, ასის, არღუნის, არაგვის, ლიახვის, ქსნისა და პირიქითი ალაზნის, ალაზნის მარცხენა შენაკადების, ცხენისწყლის, რიონის, ენგურის და აჭარისწყლის აუზების ზემო წელს, ფართობით 14 700 კმ².
3) ტერიტორია ღვარცოფების მნიშვნელოვანი დაზიანებით და საშიშროების რისკით (Ks-0,5–0,86) — მოიცავს თრიალეთისა და მესხეთის ქედებს, მდინარეების კოდორისა და ბზიფის აუზების შუა და ზედა ნაწილებს, 2500 კმ² ფართობზე; ღვარცოფების საშიშროება მეორდება საშუალოდ 3–5 წელიწადში ერთხელ, გამოტანილი მასალის მოცულობა რამდენიმე ათასი კუბური მეტრიდან 0.5–1.0 მლნ. მ³-მდეა.
4) ტერიტორია ღვარცოფების საშუალო საშიშროების რისკით (Ks-0,3–0,5) — მოიცავს მდინარეების იორისა და ალაზნის ზედა ნაწილებს, ალგეთის, რიონის, ცხენისწყლის, ენგურისა და კოდორის შუა ნაწილებს, მინარე ყვირილის სათავეებს, ღალიძგის, ოქუმის და გუმისთის აუზებს, ქალაქ თბილისის გარშემო დაბალი ქედების ფერდობებს, საერთო ფართობით 8500 კმ².
5) ტერიტორია შეზღუდული საშიშროების რისკით (Ks-0,1–0,3) — მოიცავს ძირულის, ხრამისა და ლოქის მასივებს, გურიის და იმერეთის მთისწინეთებს, მდინარეების ფსოუს, სანდრიფშისა და ჟოეკვარის აუზებს, საერთო ფართობით 6700 კმ²; ღვარცოფების განმეორებადობას ადგილი აქვს 3–7 წელიწადში ერთხელ, გამოტანილი მასალის ერთჯერადი მოცულობა 5–10 000 მ³-ია.
6) ტერიტორია ღვარცოფების სუსტი განვითარებით და დაბალი საშიშროების რისკით (Ks-0,01–0,1) მოიცავს ფართობს 5600 კმ²-ზე რაჭის, ასხის და არაბიკის კარბონატული ქანების არეალში, სამეგრელოს, აფხაზეთის, გურიისა და აჭარის მთისწინეთს, ტყიბულ-შაორის ზონას, ჯავახეთის ზეგანს.
7) ტერიტორია ღვარცოფების ძლიერ დაბალი გავრცელებით (Ks<0,01) მოიცავს ივრის ზეგანს და მდინარე მტკვრის ქვემო დინების ხეობის ნაწილს, 4500 კმ² ფართობზე.
8) ტერიტორია, რომელსაც ღვარცოფების საშიშროება არ ემუქრება 6900 კმ² ფართობზე კოლხეთის დაბლობი, შიდა და ქვემო ქართლის და ალაზნის ვაკეები, შავი ზღვის სანაპირო.
ჩვეულებრივ, ცნობილია ის ადგილები, სადაც შესაძლებელია ღვარცოფის მოვარდნა. მთაში გამგზავრებამდე უნდა ვიცოდეთ მოძრაობის მარშრუტზე ასეთი ადგილები და, არსებობის შემთხვევაში, თავი ავარიდოთ მათ, განსაკუთრებით, უხვი წვიმების შემდეგ. ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. გადარჩენა მხოლოდ მისგან თავის არიდებით შეიძლება. წინასწარი ევაკუაციის დროს, ბინის დატოვებამდე უნდა გამოვრთოთ დენი, გაზი, წყალი და მჭიდროდ დავხუროთ კარ-ფანჯრები და სავენტილაციო მილები. თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს ღვარცოფსაშიშ რაიონში, უნდა განსაზღვროს, ხომ არ მდებარეობს მისი სახლი ღვარცოფის შესაძლო მოქმედების ზონაში. ასეთ ზონებში, უარი უნდა ვთქვათ საცხოვრებელი სახლის აშენებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი უკვე არსებობს აღნიშნულ ზონაში, საჭიროა, მივიღოთ ზომები სახლის ფუნდამენტისა და კედლების გასამაგრებლად, მიწაყრილების, შემოვლითი სანიაღვრე არხების ასაგებად, ნარგავებით ან საყრდენი კედლებით ფერდობების გასამაგრებლად, საკომუნიკაციო ხაზების გამაგრებისათვის დამატებითი დაცვითი ღონისძიებების გასატარებლად.[2]
მოახლოებული ღვარცოფული ნაკადის შესახებ გაფრთხილება-სიგნალის მიღების შემთხვევაში (რადიოთი, ტელეფონით ან რაიმე სხვა წინასწარ დადგენილი საშუალებებით) ან მისთვის დამახასიათებელი ხმაურის შემთხვევაში, რომელიც წააგავს დიდი სისწრაფით მოახლოებული მატარებლის გრუხუნს, აუცილებელია, მყისიერად ავიდეთ ვაკე-დაბლობიდან 50–100 მეტრით მაღლა. მძვინვარე ნაკადიდან შეიძლება ამოიტყორცნოს დიდი წონის ქვები, რომლებმაც შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. უნდა ვეცადოთ, რომ სასწრაფოდ გადავაადგილდეთ უსაფრთხო ადგილზე, წინასწარ განსაზღვრული საევაკუაციო სქემის შესაბამისად.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.