From Wikipedia, the free encyclopedia
ღვარცოფული ნაკადი — წყლით დატვირთული ნიადაგური მასებისა და ნატეხი ქანების გადაადგილება მთის კალთაზე, რომელიც უერთდება ნაკადურ არხს, გზა და გზა იერთებს სხვადასხვა ობიექტებსა და ხეობის ძირში წარმოქმნის სქელ ტალახოვან დანალექს. ნამზღვლევებისა და სხვა ტიპის მეწყრული მოვლენების მსგავსად, ზოგადად ახასიათებს მოცულობითი სიმკვრივე, თუმცა მაღალი ფოროვანი წყლის წნევით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული გათხევადებული ნაფენების გამო თითქმის წყალივით დენადია.[1]
ციცაბო არხებზე დამავალი ღვარცოფული ნაკადის სიჩქარე ჩვეულებრივ აჭარბებს 36 კმ/სთ-ს, თუმცა ზოგიერთი ვეებერთელა ნაკადის სიჩქარე მასზე გაცილებით მეტია. მსოფლიოს მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელია დაახლოებით 100,000 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მქონე ღვარცოფული ნაკადი. უდიდესი პრეისტორიული ნაკადების მოცულობა შეადგენდა 1 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს. დანალექების მაღალი კონცენტრაციისა და მობილურობის გამო, ღვარცოფული ნაკადი მეტად დამანგრეველია.[2]
ღვარცოფული ნაკადები წარმოიქმნება მთის მდინარეების აუზებში ინტენსიური წვიმების, თოვლის დნობისა და მორენების გარღვევის შედეგად. ღვარცოფული ნაკადი წყლისა და ქანთა ნაშალი მასალისგან შემდგარი ნაკადია, რომელსაც ახასიათებს პულსაციური ანუ ტალღური მოძრაობა და დამანგრეველი ეფექტი, ეროზიულ-აკუმულაციური მოქმედება. ღვარცოფული ნაკადი ჩვეულებრივ გაბატონებულია ტექტონიკურად აქტიურ რეგიონებში, იქ, სადაც ადგილი აქვს სწრაფი აზევებისა და ეროზიის გამოვლინებას.[3]
XX საუკუნეში მეტად ცნობილი ღვარცოფული ნაკადი მოხდა 1985 წელს კოლუმბიაში[4] და 1999 წელს ვენესუელაში, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.[5]
ღვარცოფულ ნაკადებში მოცულობითი დანალექი კონცენტრაცია აღწევს დაახლოებით 40–50%-ზე მეტს, ხოლო ნაკადური მოცულობის დანარჩენი ნაწილი წყალზე მოდის. მიკროსკოპული თიხოვანი ნაწილაკებიდან დაწყებული დიდი ზომის კაჭარით დამთავრებული შეიცავს სხვადასხვა ფორმისა და ზომის დანალექ მარცვლებს. მედია საშუალებებში ღვარცოფული ნაკადის აღსანიშნავად ხშირად გამოიყენება ტერმინი „ღვარცოფი“, თუმცა ნამდვილი ღვარცოფი მეტწილად ქვიშაზე უფრო პატარა მარცვლებისაგან შედგება. დედამიწის ზედაპირზე ღვარცოფი უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე ღვარცოფული ნაკადი, თუმცა წყალქვეშა ღვარცოფები გაბატონებულია კონტინენტის წყალქვეშა კიდეებზეც, რასაც თან სდევს ტურბიდიტული ნაკადების წარმოქმნა. ტყიან რეგიონებში ღვარცოფული ნაკადი წარმოდგენილია დიდი ზომის ისეთი მერქნული ნარჩენებით, როგორიცაა მორი და კუნძი. ფლუვიალური ნაკადისა და ღვარცოფული ნაკადის შუალედურია ორფაზიანი ჰიპერკონცენტრირებული ნაკადი.[6] მდინარის ნორმალური ნაკადი შეიცავს დანალექების უფრო დაბალ კონცენტრაციას.
ღვარცოფული ნაკადის გამომწვევი მიზეზია თავსხმა წვიმა, თოვლის ან მყინვარის სწრაფი დნობა, ბუნებრივი ან ხელოვნური წყალსატევის გარღვევა, მიწისძვრასთან და ინტენსიურ წვიმებთან დაკავშირებული ან დაუკავშირებელი ჩამომეწყრება. ნებისმიერ შემთხვევაში, ღვარცოფული ნაკადის ფორმირებაში მთავარ პირობას წარმოადგენს კალთების დაახლოებით 25°-იანი დახრილობა, უხვი ფხვიერი დანალექის, ნიადაგისა და გამოფიტული ქანების არსებობა და საკმარისი წყალი ასეთი ფხვიერი მასალის თითქმის სრულ გაჯერებულ მდგომარეობამდე მოსაყვანად.[7]
სამხრეთი კალიფორნიის მაგალითზე, ღვარცოფული ნაკადი შეიძლება წარმოიქმნას ტყეებისა და ბუჩქნარის ხანძრის შედეგად. იგი საყურადღებო საშიშროებას წარმოადგენს მრავალი ციცაბო, მთიანი ადგილისთვის და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იაპონიაში, ჩინეთში, ტაივანში, აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ფილიპინებში, ევროპის ალპებში, რუსეთსა და ყაზახეთში. მაგალითად, იაპონიაში, უზარმაზარი ღვარცოფული ნაკადი ან მეწყერი ცნობილია იამაცუნამის სახელწოდებით, რაც სიტყვასიტყვით „მთის ცუნამის“ ნიშნავს.
არსებობს ღვარცოფული ნაკადის ორი ტიპი: ლაჰარი და იეკულჰლეიპი. პირველი ვულკანის ფერდობზე შექმნილი ტალახიანი ნაკადია, ხოლო მეორე გლაციოლოგიურ ტერმინოლოგიაში ადაპტირებული ტერმინი, რომელიც მყინვარულ წყალმოვარდნას აღნიშნავს.[8][9]
საქართველო რთული გეოლოგიური აგებულების მაღალმთიანი ქვეყანაა, რაც იწვევს ისეთი ბუნებრივი კატასტროფული პროცესების ფორმირებას როგორიცაა ღვარცოფი. საქართველოში ღვარცოფული ნაკადების ფორმირებაში წამყვანი როლი ეკუთვნის თავსხმა ნალექს, თუმცა საკმაოდ გავრცელებულია თოვლისა და მყინვარების ინტენსიურ დნობასთან და ბუნებრივი ჯებირების გარღვევასთან დაკავშირებული ღვარცოფებიც. გავრცელებულია მცენარეულობის განადგურებასა და ეროზიული პროცესების ინტენსიფიკაციასთან ასოცირებული ანთროპოგენური ღვარცოფიც.[10]
საქართველოს ტერიტორიზე თავსხმა წვიმებით გამოწვეულ ღვარცოფზე მოდის — 65 %, მეწყრულზე — 30 %, ხოლო გლაციალურზე — 10–12 %. ღვარცოფების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: მცხეთა-მთიანეთი — 53 %, კახეთი — 15 %, რაჭა — 7 %, იმერეთი — 6 %, სამეგრელო — 5 %, აჭარა — 5 %, შიდა ქართლი — 4 %, ქვემო ქართლი — 3 %, გურია — 1 %, სამცხე-ჯავახეთი — 1 %.[11]
საქართველოში ღვარცოფების ინტენსივობის განვითარება მატულობს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, რასაც ხელს უწყობს კონტინენტურობისა და არიდული კლიმატის გაძლიება ამ მიმართულებით, ნალექების ხანგრძლივობის შემცირება და ინტენსიურობის გაზრდა, მცენარეული საფარველის სიხშირისა და სიმჭიდროვის შემცირება, ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურის დღე-ღამური რყევისა და დიდი ინტენსიურობის თავსხმა ნალექებით ჩანაცვლებული გვალვიანი პერიოდების ხანგრძლივობის მატების შედეგად განვითარებული ფიზიკური ფამოფიტვის პროცესების გაძლიერება. ღვარცოფების თანხლებით განვითარებული ნალექების დღე-ღამური მაქსიმუმი, ცენტრალურ კავკასიონზე, საქართველოს სამხედრო გზის რაიონში შეადგენს 150 მმ, კახეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ჯავახეთის მთიანეთზე, თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთასა და წალკის პლატოზე 70–130 მმ, ხოლო კახეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ და ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე 150–160 მმ. თავსხმა წვიმების ინტენსივობა დიდია უმეტესი რაიონებისთვის. აღმოსავლეთ საქართველოში ეს მაჩვენებელი უდრის 4–6 მმ/წთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ღვარცოფსაშიში რაიონებია: კავკასიონის ცენტრალური ნაწილის სამხრეთი კალთა, კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის სამხრეთი კალთა, გომბორის ქედი, მცირე კავკასიონის ქედები, ლიხის ქედი და ლოქის მასივი.[10]
ინტენსიური ღვარცოფწარმოქმნა და ძლიერი ღვარცოფგამოვლინება დამახასიათებელია კავკასიონის ცენტრალური ნაწილის სამხრეთი კალთის აუზის მდინარეებისათვის, რომელთა შორისაა: არაგვი, დიდი ლიახვი, ყვირილა, რიონი, ცხენისწყალი, თერგი, უფრო აღმოსავლეთით იორის ზემო წელი, ალაზნის მარცხენანაპირეთი, უფრო დასავლეთით ენგურისა და კოდორის აუზები და ნაკლებად ღალიძგა, ჟოეკვარა, ბზიფი და სხვა. სამხრეთი კალთის მაღალმთანეთის ნაწილი აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და ინტრუზიებით, რომელსაც ახასიათებს მორენული დანაგროვების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ღვარცოფული ნაკადი ძირითადად წყალქვიანია, რომელშიც ჭარბობს მნიშვნელოვანი ზომის მსხვილნატეხოვანი მასალა, ამასთან, გამოზიდული კაჭრებისა და ლოდების უდიდესი სიდიდე აღწევს 2–5 მ და მეტს. ღვარცოფული კერების საზრდოობასა და ფხვიერ-ნატეხი მასალის დაგროვებაში დიდი წვლილი შეაქვთ მეწყრულ მოვლენებს.[10]
საკმაოდ ძლიერი ღვარცოფული ნაკადი წარმოიქმნება მდინარე ალაზანზე, აგრეთვე ილტოს, ორვილის, თურდოს, თელავისხევის, ვარდისუბნისხევის, კისისხევისა და სხვა მდინარეთა აუზებში. მცირე კავკასიონზე აქტიური ღვარცოფი ფიქსირდება ალგეთისა და ხრამის აუზებში, რომელთა ფარგლებში უმთავრესად გაბატონებულია წყალქვიანი, უფრო იშვიათად კი ქვატალახიანი ნაკადები. ლიხის ქედისა და ლოქის მასივის ფარგლებში ღვარცოფულ მოვლენებს დიდი გავრცელება არ ახასიათებთ. საქართველოში უმეტესწილად ჭარბობს თავსხმა წვიმებით გამოწვეული ღვარცოფი, თუმცა ხშირია აგრეთვე მყინვარული ტბების გარღვევის, თოვლის ინტენსიური დნობის, მყინვარული და სხვა ჩამონაქცევის, აგრეთვე ბუნებრივი ხერგილების გარღვევის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფებიც. თავისი სიძლიერით, ინტენსიურობითა და კატასტროფული შედეგებით ცნობილია მდინარე დურუჯის აუზი, რომლის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.