Remove ads
მუნიციპალიტეტი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ახალგორის მუნიციპალიტეტი (ყოფ. ახალგორის რაიონი, ლენინგორის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ახალგორი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ახალგორის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული | ||||
ადმ. ცენტრი | ახალგორი | ||||
კოორდინატები | 42°07′18″ ჩ. გ. 44°29′07″ ა. გ. | ||||
ფართობი | 1011±1 კმ² | ||||
მოსახლეობა | 7650 კაცი (2002) | ||||
სიმჭიდროვე | 7,6 [1] კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 85.1 % ოსები 14.3 % რუსები 0.2 % სომხები 0.2 % აფხაზები 0.1 %[2] | ||||
სატელეფონო კოდი | (342) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0600–0699 | ||||
ოფიციალური საიტი | http://akhalgori.org.ge/ | ||||
ახალგორის მუნიციპალიტეტი სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში | |||||
ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1922-1990 წლებში ლენინგორის რაიონის სახით შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. 1991 წლიდან ეწოდა ახალგორის რაიონი, ხოლო 2006 წლიდან — ახალგორის მუნიციპალიტეტი. 1995-2008 წლებში შედიოდა მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[3]. სსიპ „ახალგორის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 223238217) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 11 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 19 დეკემბერი[4].
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.[5]დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა საბჭოთა სახელწოდება ლენინგორი.
ახალგორის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით კასპის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით გორის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ჯავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. ახალგორის მუნიციპალიტეტის ფართობია 1011 კმ².
რელიეფის მიხედვით ახალგორის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვნებით ხასიათდება. რელიეფი ძირითადად მაღალმთიანია. აქ ფართოდაა გავრცელებული ვულკანური და მყინვარული ფორმები.
მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია ხარულისა და ალევის ქედები და ვულკანურ მაღალმთიანი ყელის ზეგანი.
ხარულის ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა, რომელიც კავკასიონს ლაღწითის მწვერვალთან გამოეყოფა და თითქმის მერიდიანულად მიემართება. უკავშირდება იგი გერმუხის ქედის აღმოსავლურ ბოლოს მთა ქნოღოსთან. ქედის უმაღლესი მწვერვალია ყელი (3628 მ). მნიშვნელოვანი მთებია: ქნოღო, გალავდური, ცხრაწყარო. ხარულის ქედი აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენური ქანებით.
ალევის ქედი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა, რომელიც ხარულის ქედს უერთდება არხის ქედის მეშვეობით. ყურყუტას მასივამდე ქედს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება აქვს, მის შემდეგ კი სამხრული. მნიშვნელოვანი მთებია: ლომისისმთა, მუნჯუხი, ყურყუტა, საფერშეთი, ლორწომისკლდე. ცარცული სისტემის ფლიშური წყებებით აგებულ ალევის ქედს ნაზი რელიეფი ახასიათებს, რაც გამოიხატება მისი თხემის ტალღობრივ პროფილში და ფერდობთა მცირე კლდოვანებაში.
ყელის ზეგანი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იფარგლება კავკასიონის მთავარი ქედით, ხარულისა და არხის ქედებით. ზეგნის სიმაღლე მერყეობს 2600-3200 მ შორს. იგი საფეხურებად ეშვება სამხრეთით არხის ქედისაკენ და აღმოსავლეთით მდინარე არაგვისკენ. ყელის ზეგანმა გამყინვარება განიცადა, რაც გამოიხატება ტროგების, მორენებისა და სხვათა სახით. გვხვდება ასევე პერიგლაციალური ფორმები.
მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების ქსნისა და ლეხურას ხეობები. ქსნის ხეობა ლარგვისს ზემოთ ჟამურამდე და ქსნის შენაკადების – ჭურთას, ცხრაძმულას, ალეურასა და სხვათა ხეობები ტიპობრივ ეროზიულ ხეობებს წარმოადგენენ. ქსნის ზემო დინებას ჟამურის ხეობა ეწოდება. მდინარე ლეხურა ხარულის ქედის სამხრეთ კალთაზე იწყება და მისი ხეობის ფსკერი ზემო ზაყორთან ზღვის დონიდან 1070 მ სიმაღლეზე იმყოფება. მდინარის აუზის მორფოლოგიურ ხასიათს განსაზღვრავს მდინარეული ეროზია.
რელიეფის ხასიათის შესაბამისად ნიადაგები სიმაღლებრივ ზონებს ქმნიან. ტყის ზონის ქვემო ნაწილში გაბატონებულია ყავისფერი ნიადაგები, რომელსაც შუა ნაწილში მცირე და საშუალო სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები ცვლის, ხოლო ზემო ნაწილში ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. ტყის ზონის ზემოთ დიდი ფართობი უჭირავს მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებს.
ალუვიური კარბონატული ნიადაგები გვხვდება მდინარე ქსნის გასწვრივ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
ახალგორის მუნიციპალიტეტი შიგა წყლებით მდიდარია. მთავარი მდინარეა ქსანი, რომელიც ყელის ტბის სამხრეთ ნაწილიდან გამოედინება. სოფელ პავლიანამდე მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გაედინება, ხოლო შემდეგ ძირითადად სამხრულ მიმართულებას ექვემდებარება. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წლყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. ქსანი მტკვრის მარცხენა შენაკადია.
მუნიციპალიტეტის ფარგლლებში ქსნის შენაკადებიდან მნიშნვნელოვანია ცხრაძმულა, ჭურთა და ალეურა.
ცხრაძმულა (სიგრძე 15 კმ) და ალეურა (სიგრძე 21 კმ) იბადებიან ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე. ხოლო ჭურთა (სიგრძე 18 კმ) ხარულის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე.
ახლგორში მდებარეობს მრავალი ტბა, რომელთა უმეტესობა გაბნეულია ყელის ზეგანზე. ტბებიდან მნიშნვნელოვანია ყელი, დიდი წითელი ხატის ტბა, პატარა წითელი ხატის ტბა და სხვ. ყელის ტბა ამავე სახელწოდების ზეგანზე მდებარეობს ზღვის დონიდან 2914 მ-ზე. სარკის ფართობია 1,28 კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 63 მ. ტბა იკვებება თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური თებერვალში. წითელი ხატის ტბები მდებარეობენ ფაჩურის ქედზე. დიდი წითელი ხატის ტბა ზღვის დონიდან 2779 მ სიმაღეზეა და აქვს 53 მ მაქსიმალური სიღრმე.
ზღვის დონიდან 800 მეტრამდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა: 9,6 °C იანვრის: 1,6 °C, ივლისის: 20,3 °C აბსოლუტური მაქსიმუმი: 38 °C, აბსოლუტური მინიმუმი: -28 °C. ნალექები — 730 მმ წელიწადში.[5] სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს და ყელის ვულკანურ თხემზე საშუალო წლიური ტემპერატურა -5,-6 °C-ია. მთებში ნალექიანობა მატულობს და ყელის ზეგანზე 1600 მმ-ს აღწევს წელიწადში.[5]
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში გაბატონებულია სუბალპური ტყე მდელოები. ტერიტორიის შუა ნაწილში ძირითადად არის წიფლნარი, სამხრეთ ნაწილში კი მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი ტყეები. ხარულის ქედის კალთები ტყიანია. თხემი კი შემოსილია მდელოს ბალახეულით. ალევის ქედის მრავალ ადგილში სუბალპური და ალპური მდელოებია. ქვემოთ კი არის ფართოფოთლოვანი ტყეები. ყელის პლატოს მცენარეულობა მკაცრი ჰავის, ინტენსიური მექანიკური გამოფიტვისა და ნიადაგური საფრის სუსტი განვითარების გამო, ღარიბია და წყვეტილი ბალახეული საფრით არის წარმოდგენილი.
ქსნისა და ლეხურას ხეობების ტყეებში ჭარბობს წიფლნარი.
ტყეებში გვხვდება დათვი, ირემი, შველი, ჯიხვი, არჩვი, ციყვი. ყველგანაა კურდღელი, მგელი, მელა და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო (სწწ), ჩხიკვი, ქორი, კოდალა, მწყერი, ყვავი, შაშვი დ სხვ.
ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტბებში იქთიოფაუნა საერთოდ არ მოიპოვება (მაგ.: ყელისა და წითელიხატის ტბები). მდინარეებში არის კალმახი, წვერა, ქაშაპი და ა.შ.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 7,7 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 8 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 117 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 116 სოფელი. მუნიციპალიტეტის ძირითადი სოფლებია: იკოთი, კორინთა, ყანჩავეთი, ქვემო ზახორი, წირქოლი, ალევი, ლარგვისი, დორეთკარი, ქარჩოხი.
მუნიციპალიტეტში 68 ადმინისტრაციული ერთეულია: დაბა ახალგორი, ალევი, ახალდაბა, ახმაჯი, ბაზუაანი, ბალაანი, ბეჟანტყევი, გავაზი, გარუბანი, გდუ, გეზევრეთი, გრუ, გუდაწვერი, დადიანეთი, დელკანი, დორეთკარი, ელოიაანი, ერედა, ვაშლოვანი, ზაყორი, ზემო ბოლი, ზოდეხი, თინიკაანი, თოხთა, იკოთი, კარელთკაარი, კორინთა, ლარგვისი, ლოთიაანი, მარტაანი, მახიარეთი, მიდელაანი, მონასტერი, მორბედაანი, მოსაბრუნი, მოჭალიეთი, მსხლები, მუჯუხი, მშველიეთი, ნაგომევი, ნაცარა, ნახიდი, ორჭოსანი, პავლიაანი, სალბიერი, საძეგური, უკანამხარე, უკანუბანი, ქენქაანი, ქვემო ბოლი, ქურთა, ყანჩავეთი, ყველდაბა, ყოჩიაანი, შიუკაანი, ჩანდარი, ჩიტიაანი, ცხავატი, ცხილონი, ძეგლევი, ძუკათკაუ, წინაგარი, წიპტაურიანი, წირი, წირქოლი, წოლდა, ჭორჭოხი, ხარბალი.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის ძირითადია მეცხოველეობა, მისდევენ ასევე მებოსტნეობას, მეხილეობას, საკვები კულტურების მოყვანას. ყანჩავეთი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია.
მუნიციპალიტეტში 30 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 12 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
კაბენის მონასტერი (IX-XIII სს.), ლარგვისის მონასტერი, წირქოლის ციხე (IX ს.), ლომისის, არმაზის, ბიკარის ბაზილიკები, ცხმორის ციხე, ბალაანის კოშკი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.