ახალქალაქი

ქალაქი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia

ახალქალაქი

ახალქალაქი[4] — ქალაქი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქალაქში დგას მესროპ მაშტოცის ძეგლი. ახალქალაქში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია.

ტერმინს „ახალქალაქი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ახალქალაქი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ახალქალაქი

ახალქალაქის ციტადელისა და მეჩეთის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა  საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°24′20″ ჩ. გ. 43°29′10″ ა. გ.
დაარსდა 1064
ცენტრის სიმაღლე 1700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 8295[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 93,8 %
ქართველები 5,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 362[2]
საფოსტო ინდექსი 0700[3]
საავტომობილო კოდი 261
ოფიციალური საიტი https://akhalkalaki.gov.ge/
ახალქალაქი — საქართველო
ახალქალაქი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალქალაქი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
დახურვა

გეოგრაფია

მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეებისფარავანსა და მურჯახეთისწყალს შორის, ვრცელ და სუსტად დანაწერვებულ პლატოზე, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალციხიდან 74 კმ. ახალქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.

ახალქალაქში მთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი ზამთარი და გრილი და ხანგრძლივი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,9 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7,3 °C, აგვისტოსი 16 °C. აბსოლუტური მინიმუმი -38 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 34 °C. ნალექები 550 მმ წელიწადში.

ისტორია

Thumb
ფრაგმენტი ანტონიო ძატას რუკიდან, გამოცემული ვენეციაში 1784 წელს. დატანილია ახალქალაქი, საქართველო

არქეოლოგიური მონაცემებით ახალქალაქში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია. 1960 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. გრიგოლია) შეისწავლა აშელის ზედა საფეხურის ღია ტიპის სადგომები, ე.წ. ახალქალაქი I, რომელიც მდებარეობს ქალაქის სამხრეთით 1 კმ-ზე, მდინარე ფარავნის მარცხენა ნაპირას, 15 მ. სიმაღლის ტერასაზე და ახალქალაქი II, რომელიც მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ზე, მდინარე მურჯახეთისწყლის მარჯვენა ნაპირის 10-12 მ. სიმაღლის ტერასაზე. მიწის ზედაპირზე შეგროვებულია ანდეზიტისა და ბაზალტისგან ნაკეთები ხელცულები, საჩეხი იარაღები, სახოკები, ნუკლეუსები და ანატკეც-ანამტვრევები.

მდინარეე ფარავნისა და მურჯახეთისწყლის შესართავებს შორის მოქცეულ კონცხზე, თანამედროვე ახალქალაქის ჩრდილო-დასავლეთით არსებობდა წინარეანტიკური პერიოდის დასახლება. ადრე შუა საუკუნეების ბოლოს კონცხის ჩრდილოეთით იყო სოფელი.შემორჩენილია თლილი ქვით მოპირკეთებული საყდრის ნანგრევები. აქ 1968-1969 წლებში გაითხარა ქვითა და თიხით ნაშენი სახლები, პირუტყვის სადგომები, კერები, თიხის ჭურჭელი და სხვ.

IX-X საუკუნეებში სოფელი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქად გადაიქცა. X საუკუნიდან ახალქალაქი ჯავახეთთან ერთად საუფლისწულო მამული იყო. მირაშხნის წარწერა გვამცნობს 1064 წელს ალფ-არსლანის საქართველოში შემოსევის, ფარსმან თმოგველისა და მესხი აზნაურების ახალქალაქის გმირული დაცვის შესახებ:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაითა. მე, გიორგა ხუცესმან, დავწერე მას ჟამს, ოდეს გას მოვიდა ხორასანი ქალაქით. ჰოი, მე, გიორგაი ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხა ყოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქით წაიღო, ასწყუიდა და ტუყუედ წაიღო. ყოველი მესხი აზნაური შიგან დგა. ფარსმან პირ ექმნა მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდეს. უფალო, შეუნდვნენ გოჰარის ცოდვანი, ამენ და მირაშხნელთა ყოველთა შეუნდვენ, უფალო, ამენ. მეცა ფრიად ცოდვილი მომიხსენეთ, გიორგა ბერი“

XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა, შეცვალა რა წუნდა, იყო ვაჭროებისა და წარმოების მნიშვნელოვანი კერა. ქალაქის გამაგრება-შემოზღუდვა დაიწყო XI საუკუნეში ბაგრატ III-ის დროს და დასრულდა ბაგრატ IV-ის დროს. დღემდეა შემორჩენილი ძველი ქალაქის დაზიანებული ქვის მაღალი და სქელი გალავანი, რომელსაც მთავარი კარიბჭე დატანებული ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, ციხე-კოშკები, ტაძრისა და ქარვასლის ნანგრევები, 2 ეკლესიის საძირკველი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა X-XIII საუკუნეების ხელოსანთა უბნის ნაშთები (ზეთსახდელი გელაზები და სხვ.), მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ადგილობრივი ჭურჭელი, მინის საგნები, მონეტები.

ვიკიციტატა
„ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცედ იყვნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისსა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისის ერისთავისა. წავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდესა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“
(„მატიანე ქართლისაი")

XI საუკუნის 60-იან წლებში იგი ალფ-არსლანის ურდოებმა ააოხრეს. XIII საუკუნეში ქალაქი გადაწვეს მონღოლებმა. XV საუკუნეში ახალციხეს დაეპატრონენ სამცხის ერისთავი ჯაყელები. 1538 წელს ახალქალაქი იქცა ბაგრატ III იმერთა მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის ბრძოლის ასპარეზად. ქალაქი ძლიერ დაზიანდა. XVI საუკუნის 50-იან წლებში ახალქალაქი აიღეს შაჰ-თამაზის ურდოებმა. XVI საუკუნის ბოლოს ახალქალაქი დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ და იგი ჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში სანჯაყის ცენტრად აქცია. დანგრეული ქალაქი აღადგინა XVII საუკუნეში შავშეთის ბეგმა.[5] XVIII საუკუნის 70-იან წლებში ერეკლე II-მ რამდენჯერმე სცადა ახალქალაქის გათავისუფლება.

1811 წელს ახალქალაქი რუსეთის იმპერიამ აიღო, მაგრამ 1812 წელს ბუქარესტის ზავის თანახმად კვლავ ოსმალეთს დაუბრუნა. 1828 წლის 22 სექტემბერს, რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა გენერალ ი. პასკევიჩის მეთაურობით ქალაქი აიღეს.[6] 1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებამ დაადასტურა მისი მიერთება რუსეთის იმპერიის მიერ. შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობამ მაჰმადიანი ქართველები გაასახლა ოსმალეთში და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები დაასახლა. 1874 წელს ახალქალაქი სამაზრო ქალაქად იქცა. 1892 წელს ახალქალაქმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო.[7] 1918 წელს რამდენიმე თვით ახალქალაქი კვლავ ოსმალეთის იმპერიამ აიღო.

საბჭოთა პერიოდში ქალაქში განვითარდა კვების მრეწველობა, მოქმედებდა ყველ-კარაქის, რძის და ლუდის ქარხნები, გაიხსნა კინოთეატრი, მუზეუმი და საავადმყოფო.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 8295 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1864[8]1339----
1882[9] 3074
1910[10] 619332592934
1939 5300
1959 8800
1970 10800
1974 11200
1989[11] 15 192----
2002[11] 9802----
2014[1] 829539124383
დახურვა

გალერეა

ლიტერატურა

  • ზარდალიშვილი გ., თუშაბრამიშვილი, ლომთათიძე გ., ლომსაძე შ., ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977.  გვ. 96.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.