From Wikipedia, the free encyclopedia
შავი ზღვა (ბერძ. Μαύρη Θάλασσα; ბულგ. Черно море; თურქ. Karadeniz; რუმ. Marea Neagră; რუს. Чёрное море; უკრ. Чорне море) — ატლანტის ოკეანის ხმელთაშუა ზღვა ევროპასა და მცირე აზიას შორის. ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ჩრდილო-აღმოსავლეთით ქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით ბოსფორის სრუტით — მარმარილოს ზღვას, შემდეგ დარდანელის სრუტით — ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს. შავი ზღვა ყველაზე ღრმად იჭრება ევრაზიის კონტინენტში.[1]
შავი ზღვა | |
---|---|
შავი ზღვის საქართველოს სანაპირო, ბიჭვინთა | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | ატლანტის ოკეანე |
ტიპი | ხმელთაშუა |
გეოგრაფიული კოორდინატები | 43°17′49″ ჩ. გ. 34°01′46″ ა. გ. |
ფართობი | 422 000 კმ² |
მოცულობა | 555 ათ. კმ³ |
სანაპირო ხაზის სიგრძე | 3400 კმ |
საშუალო სიღრმე | 1240 მ |
უდიდესი სიღრმე | 2210 მ |
სიგრძე | 1150 კმ |
სიგანე | 580 კმ |
კუნძულ(ებ)ი | ბერეზანი ზმეინი ჯარილგაჩი |
ყურე | კარკინიტის ყურე კალამიტის ყურე ბიჭვინთის ყურე ბათუმის ყურე სოხუმის ყურე და სხვა |
ნალექები | 300-500 1800-2000 მმ |
კლიმატი | კონტინენტური |
მარილიანობა | 17-18 22-22,5 ‰ |
ნავსადგური | ოდესა სოხუმი ბათუმი ფოთი და სხვა |
შავი ზღვის რუკა სიღრმის მაჩვენებლებითა და მიდამოების რელიეფით |
მაქსიმალური სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 1150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 580 კმ, ყველაზე ვიწრო ადგილზე 265 კმ. ფართობი 422 000 კმ². წყლის მოცულობა 555 000 კმ³.[2] მაქსიმალური სიღრმე 2210 მ, საშუალო სიღრმე 1240 მ. შავ ზღვას ერთვის მდინარეები: დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი, დნეპრი, რიონი, ყიზილ-ირმაქი და სხვა. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია ყირიმი. სანაპირო ხაზის სიგრძე 3400 კმ. დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაპირები დაბალია, ზოგან — ფლატოვანი, ჩრდილო-დასავლეთით — ლიმანური. ყირიმის სამხრეთი ნაპირი მთიანია; აღმოსავლეთით და სამხრეთით ეკვრის კავკასიონი, მცირე კავკასიონი და პონტოს მთები. შავი ზღვა ატლანტის ოკეანიდან 2600 კმ-ით არის დაშორებული. წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს, საკმად ბრტყელი ფსკერითა და ციცაბო ფერდობებით. ჭარბობს დიდი სიღრმეები. 200 მ-ზე ნაკლები სიღრმეები მხოლოდ ზღვის ხმელეთში შეჭრილ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. სხვა სანაპიროების გასწვრივ წყალმარჩხი ზოლის სიგანე დიდი არ არის.[1]
შავ ზღვას დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ინარჩუნებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სამხედრო მნიშვნელობას. სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში არის რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტის ძირითადი სამხედრო ბაზები; სინოპსა და სამსუნში — ბაზირდება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავიზღვისპირა დაჯგუფების გემები; ვარნაში — ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, ფოთსა და ბათუმში — საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, კონსტანცაში და მანგალიაში — რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები. შავი ზღვა თევზჭერის მნიშვნელოვანი რაიონია. შავი ზღვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები ხელს უწყობს კურორტებისა და ტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია ყირიმის სამხრეთი ნაპირი, რომლის ცენტრია იალტა, კავკასიის სანაპიროზე — სოჭი, ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი, ბათუმი, ანაპა, გელენჯიკი; ბულგარეთში — ზლატნი-პიასიცი და სლანჩევ-ბრიაგი, რუმინეთში — მამაია.
მნიშვნელოვანი უბეებია: კარკინიტის, კალამიტის, დნეპრ-ბუგის, დნესტრის, ვარნის, ბურგასის, სოხუმის, ბათუმის და სხვა. კუნძულები ცოტაა, მნიშვნელოვანია — ჯარილგაჩი, ბერეზანი და ზმეინი. შავი ზღვის სანაპიროზე არსებული მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბათუმი, ბურგასი, კონსტანცა, გირესუნი, ხოფა, სტამბოლი, ქერჩი, მანგალია, ნევოდარი, ნოვოროსიისკი, ოდესა, ორდუ, ფოთი, რიზე, სამსუნი, სევასტოპოლი, სოჭი, სოხუმი, ტრაპიზონი, ვარნა, იალტა და ზონგულდაქი.
ტამანის ნახევარკუნძულიდან საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე, მდინარე ჭოროხის შესართავის სამხრეთ ტერიტორიამდე გადაჭიმულია კავკასიური რივიერა, რომლის სიგრძეა 725 კმ. შავი ზღვის აუზის კავკასიის რეგიონში დამახასიათებელია ბუნების ვერტიკალური ზონალობა. აქ მკაფიოდ არის გამოხატული კლიმატისა და ჰიდროგრაფიის დამოკიდებულება. შავი ზღვის აუზის ყველაზე მაღალი წერტილია მწვერვალი შხარა (5068 მ).[3]
საქართველოს დასავლეთით 310 კმ სიგრძეზე ეკვრის შავი ზღვა, რომლის მნიშვნელობა საქართველოსთვის დიდია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ წარმონაქმნს ქვეყნის ზოგადგეოგრაფიული მდებარეობისათვის, რესურსულ პოტენციალს, რეკრეაციულ ზონას, საგარეო კავშირურთიერთობების ძირითად არტერიას. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი, შესაბამისად იგი მოხერხებული აკვატორიაა ნაოსნობისათვის. საქართველოზე მოდის შავი ზღვის სანაპირო სიგრძის 9%. გარდა ამისა, იგი დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე.
პონტოს შესახებ პირველი დოკუმენტური ცნობები მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეს. შავ ზღვას ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში ბერძენი ზღვაოსნები უწოდებდნენ პონტოს აქსინოსს (Pontos Axeinos, სიტყვასიტყვით — არასტუმართმოყვარე ზღვა), ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში — პონტოს ევქსინოსს (Pontos Evxeinos — სტუმართმოყვარე ზღვა). IX-XX საუკუნეებიდან არაბები უწოდებდნენ რუსეთის ზღვას, XV საუკუნიდან თურქები — ყარადენიზს (Karadeniz — შავი ზღვა). პონტოს ევქსინოსი ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ხალხისთვის კარგად იყოს ცნობილი. პონტოს ევქსინოსის შესახებ ცნობები მოიპოვება ჰომეროსის ოდისეაში.[4]
შავი ზღვის ნაპირებთან განლაგებულია მრავალი ქალაქი და კურორტი, მათ შორის არის მილიონიანი ქალაქებიც:
შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე მჭიდროდ დასახლებული ურბანული ადგილები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რიგი | ქალაქი | ქვეყანა | რეგიონი/ქვეყანა | მოსახლეობა (საქალაქო) | ||||||
1 | სტამბოლი | თურქეთი | სტამბოლი | 13,624,240[5] | ||||||
2 | ოდესა | უკრაინა | ოდესა | 1,003,705 | ||||||
3 | სამსუნი | თურქეთი | სამსუნი | 535,401[6] | ||||||
4 | ვარნა | ბულგარეთი | ვარნა | 474,076 | ||||||
5 | სევასტოპოლი | უკრაინა | ყირიმი | 379,200 | ||||||
6 | სოჭი | რუსეთი | კრასნოდარის მხარე | 343,334 | ||||||
7 | ტრაპიზონი | თურქეთი | ტრაბზონი | 305,231[7] | ||||||
8 | კონსტანცა | რუმინეთი | კონსტანცა | 283,872[8] | ||||||
9 | ნოვოროსიისკი | რუსეთი | კრასნოდარის მხარე | 241,952 | ||||||
10 | ბურგასი | ბულგარეთი | ბურგასი | 223,902[9] |
შავი ზღვა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველი ხალხისთვის, რომლებიც სახლობდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში. შავი ზღვის ნაპირებს სტუმრობდნენ ფინიკიელი ზღვაოსნები, რომლებიც ვაჭრობას ეწეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუმცა არ დაგვიტოვეს წერილობითი დოკუმენტები არც თავიანთი მოგზაურობის და არც საკუთრივ ზღვის შესახებ. ცნობილი ძველი ბერძენი პოეტის ჰომეროსის პერიოდში მიწას გამოსახავდნენ დისკოს სახით, დიდი მდინარით — ოკეანით შემოსაზღვრულს. შავი ზღვა მიიჩნეოდა ნახევრადჩაკეტილად — დაკავშირებული ხმელთაშუა ზღვასთან.[4]
ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ბერძნები გაემგზავრნენ ახალი მიწების საძიებლად და უკანასკნელ ათწლეულებში ბოსფორის გავლით გავიდნენ შავ ზღვაში. ისინი მიიმართებოდნენ ორი მიმართულებით: ჩრდილოეთისაკენ, სადაც აღმოაჩინეს მდინარეების ისტროსის (დუნაის), ტირასისა (დნესტრის) და ბორისთენესის (დნეპრის) შესართავები და აღმოსავლეთისაკენ — მცირე აზიის სანაპიროსა და კავკასიის ნაპირების გასწვრივ, სადაც მათი წარმოდგენით იყო მსოფლიოს პირი (ესქილესთან პრომეთე მიჯაჭვულია „მსოფლიოს პირას“ კავკასიონზე). მათი აზრით, კავკასიის გაღმა იწყება მსოფლიო, სადაც სახლობენ ფანტასტიკური არსებები. შემდეგ ბერძნებმა აღმოაჩინეს ყირიმის ნახევარკუნძული და აზოვის ზღვა.[4]
ბერძნების პირველი შთაბეჭდილება შავი ზღვის შესახებ არაკეთილსასურველი იყო. ეგეოსის ზღვასთან შედარებით შავი ზღვა მათ ძლიერ მქუხარედ და ცივად ეჩვენებოდათ. მასში არ იყო კუნძულები, ხოლო სანაპიროებთან ცხოვრობდნენ ველური უცნობი ტომები. ამიტომაც ზღვას პონტოს აქსინოსი უწოდეს, რაც არასტუმართმოყვარეს ნიშნავს. პონტოს აქსინოსი სავარაუდოდ არის შავი ზღვის უძველესი სახელწოდება. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ბერძნებმა ზღვის სანაპიროზე კოლონიების ორგანიზება განახორციელეს, უკეთესად აითვისეს და მას პონტოს ევქსინოსი უწოდეს, რაც სტუმართმოყვარე ზღვას ნიშნავს. უფრო ხშირად მას უბრალოდ პონტოსს უწოდებდნენ.[4]
ჰეროდოტე თავის „ისტორიაში“ პონტოს ევქსინოსში ბერძნების გეოგრაფიული აღმოჩენის აღწერისას მოჰყავს ფართო გეოგრაფიული მასალები. ჰეროდოტემ მოინახულა ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთი. იგი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც ცოტად თუ ბევრად მოგვაწოდა კონკრეტული ცნობები შავი ზღვის შესახებ, თუმცა მის აღწერებში აგრეთვე გვხვდება გულუბრყვილო და ფანტასტიკური ცნობები.[4]
ჰეროდოტეს თანახმად, ყველა ზღვებიდან პონტოსი ყველაზე ღირსშესანიშნავია. მისის სიგრძე 11100 სტადიას აღწევს, ყველაზე განიერ ნაწილში სიგანე 3300 სტადიაა, მაშინ როდესაც ბოსფორის სიგანე, რომელსაც იგი ზღვის შესართავს უწოდებს, მხოლოდ 4 სტადიაა. ზღვის მითითებული სიგანე სინამდვილესთან ახლოს დგას, თუმცა სიგრძე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. პონტოსის გაღმა არის მეოტიდის ტბა, რომელიც პონტოსის „დედაა“. ჰეროდოტეს თანახმად, სკვითების სანაპიროს კლიმატი მეტად მკაცრია. ჰეროდოტესთან აღწერილი მდინარეები საერთო ჯამში სწორი აღმოჩნდა. მისთვის ცნობილი მდინარეებიდან უდიდესია ისტროსი (დუნაი), და მას ერთვის ყველაზე მეტი შენაკადი. წყალუხვია ზაფხულსა და ზამთარში. ერთვის ზღვის ყურეს, 5 შესართავის გავლით. ბორისთენესი (დნეპრი) სიდიდით მეორეა და ყველაზე მდიდარი მდინარეა დუნაის შემდეგ.[4]
ერატოსთენე თვლიდა, რომ შავი ზღვა მეტად პატარაა, რომელსაც ერთვის მრავალი მდინარე, რომლებსაც მასში შლამი ჩააქვთ. ამითივე ხსნიდა იგი შავი ზღვის წყლების დაბალ მარილიანობას. ერატოსთენეს რუკაზე შავი ზღვის მოხაზულობა შედარებით ზუსტად არის გამოსახული.[4]
ცნობილმა გეოგრაფმა სტრაბონმა მოიარა შავი ზღვის მთელი სამხრეთი სანაპირო. თავის „გეოგრაფიაში“ იგი პონტოსს უწოდებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ყურეს და მის გარშემოწერილობას 25000 სტდიით განსაზღვრავს. პონტოსის სანაპირო ხაზის, მასში ჩამავალი მდინარეებისა და აქ მობინადრე ზოგიერთი ტომისა თუ ქალაქის უფრო დეტალური აღწერა მოგვცა რომაელმა გეოგრაფმა პომპონიუს მელამ. საკუთრივ არ უმოგზაურია, თუმცა სარგებლობდა ბერძნული ლიტერატურული წყაროებით. პონტოსი და მისი სანაპიროები აღწერა აგრეთვე პლინიუს უფროსმა თავის „ბუნების ისტორიაში“. მისთვის პონტოსი ევროპაში რიგით მეოთხე ყურეა, რომლის გარშემოწერილობა 2 150 000 ნაბიჯია. მანძილი თრაკიის ბოსფორიდან კიმერიულამდე შეადგენს 50 000 ნაბიჯს (ერთი ნაბიჯი უდრის 0,75 მ). მდინარე ისტრს აქვს 60 შენაკადი, რომელთაგან ნახევარი სანაოსნოა.[4]
ცნობილმა გეოგრაფმა პტოლემემ პონტოსს მიუძღვნა ხელნაწერი მასალა, რომელიც არ შეიცავს არავითარ არსებითს, თუმცა მოგვცა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილების — ქალაქების, მდინარეების შესართავების, კონცხებისა და სხვა გეოგრაფიული ადგილების მდებარეობა, რომლებზედაც ადვილად შეიძლება დაიხაზოს ზღვის რუკა.[4]
ბერძენმა გეოგრაფმა არიანემ, რომელმაც 134 წელს განახორციელა ნაოსნობა შავ ზღვაზე, აღწერა იგი შრომაში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“. იგი იყო პირველი მკვლევარი, რომელსაც ფერის მიხედვით შეეძლო გაერჩია მსუბუქი და უფრო მარილიანი წყალი უფრო მძიმე და მარილიანი ზღვის წყლისაგან. იგი წერს:
„მდინარე ფასისს (რიონს) აქვს ყველაზე მსუბუქი, ამასთან უჩვეულო ფერის წყალი. იგი დაცურავს ზღვის წყლის ზედაპირზე, რომელიც მასთან არ იღრევა...“ |
რომის იმპერიის დაცემასთან ერთად შეწყდა პონტოსის შესწავლა ანტიკური მეცნიერების მხრიდან. შუა საუკუნეებში სახელწოდება „პონტოს ევქსინოსი“ თანდათან განდევნა „შავი ზღვის“ სახელწოდებამ, რომელიც ამჟამად საყოველთაო იხმარებაა, მაგალითად, რუსულად — Черное море, თურქულად — Karaderiiz, რუმინულად — Marea neagra, ინგლისურად — Black Sea და სხვა.[4]
პეტრე I-ის განკარგულებით 1696 წელს გაზომილი იქნა აზოვის ზღვის სიღრმე, რომელიც მეტად პატარა აღმოჩნდა. მრავალი მნიშვნელოვანი და ღირებული დაკვირვება და გაზომვა ჩაატარა გემმა „კრეპოსტ”-მა ქერჩიდან ბოსფორისაკენ მიმავალ გზაზე. ამ მონაცემებით იქნა შედგენილი ზღვის რუკა და სიღრმის ნიშნულები და დამტკიცდა, რომ ქერჩის სამხრეთით არის დიდი სიღრმეები, ხოლო შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში არ არის წყალნაკლებობა, როგორც ეს ადრე მიიჩნეოდა.[4]
გემ „კრეპოსტ“-ზე განხორციელებულ დაკვრივების საფუძველზე, რომელმაც სათავე დაუდო შავი ზღვის ჰიდროგრაფიულ კვლევას, 1703 წელს გამოიცა შავი და აზოვის ზღვების ატლასი. 1820 წელს ფრანკო-რუსულმა ექსპედიციამ აღწერა შავი ზღვის სანაპირო. 1851 წელს შეიქმნა „შავი ზღვის ლოცია“. იმავე პერიოდში პირველად ჩატარდა სიზუსტით შავი ზღვის წყლების ქიმიური შედგენილობის კვლევა.[4]
1871-1876 წლებში ფ. ვრანგელმა და ფ. მანდელმა პირველად გაზომეს ზღვის წყლის ზედაპირის ტემპერატურა და სიმკვრივე შავი ზღვის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში და აგრეთვე ყირიმისა და კავკასიის სანაპიროზე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შავი ზღვის წყლის სიმკვრივე უფრო მცირეა ოკეანურთან შედარებით. შავი ზღვის შესწავლა და მეცნიერული ათვისება დაიწყო XIX საუკუნიდან. პირველი რუსული ექსპედიციების დროს აიგეგმა ნაპირები, გაზომეს სიღრმეები, შეისწავლეს გრუნტი, რის საფუძველზე შეიქმნა შავი ზღვის ლოცია და რუკა. 1881-1891 წლებში გამოიკვლიეს ბოსფორის სრუტე, რომელშიც აღმოაჩინეს დინების ორი ფენა.[4]
1890-1891 წლებში ექსპედიციამ გემებით — „დონეცი“ და „ზაპოროჟეცი“ პირველად მოაწყო ღრმა წყლის დაკვირვებები და დაადგინა გოგირდწყალბადით ზღვის „მოწამვლის“ ფაქტი. 1920-იანი წლებიდან დაიწყო შავი ზღვის გეგმაზომიერი შესწავლა. ჩატარდა მრავალი სამეცნიერო-სარეწაო, ჰიდროლოგიურ-ჰიდროგრაფიული და სხვა ექსპედიცია.[10]
1950-იანი წლების ბოლოდან ტარდება შავი ზღვის სისტემატიური გეოლოგიურ-გეოფიზიკური შესწავლა. 1975 წელს გემ „გლომარ ჩელენჯერზე“ საზღვარგარეთელ სწავლულებთან ერთად ჩატარდა ბურღვა ღრმა წყლის ქვეშ (1 კმ სიღრმემდე).[10]
XX საუკუნის ბოლოს გაიზარდა სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო პროგრამებისა და ექსპედიციების როლი, ასე მაგალითად, 1990-1995 წლებში ბულგარელი, რუსი, რუმინელი, ამერიკელი, თურქი და უკრაინელი მეცნიერები ერთობლივად მუშაობდნენ HydroBlack, CoMSBlack, NATO TU Black Sea-ის პროგრამების მიხედვით.[11]
შავი ზღვა დაახლოებით 6-ჯერ დიდია საქართველოზე და უკავია პლანეტის ყველა ზღვისა და ოკეანის ფართობის 1/853. ფსკერის რელიეფში გამოიყოფა შელფი, კონტინენტური კალთა და ღრმა ზღვის ქვაბული. 110-160 მ სიღრმის შელფი მაქსიმალურ სიგანეს (200 კმ-ზე მეტი) ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღწევს. დანარჩენ რაიონებში შელფის სიღრმე 110 მ-ზე ნაკლებია, სიგანე 10-15-იდან 2,5 კმ-მდე (თურქეთის ნაპირთან). კონტინენტური კალთა ძლიერ არის დანაწევრებული წყალქვეშა ხეობებითა და კანიონებით. კალთის საშუალო დახრილობაა 5-8°. სინოპსა და სამსუნს შორის ნაპირის გასწვრივ გადაჭიმულია წყალქვეშა ქედების სისტემა, რომლის სიგრძე 150 კმ-მდეა. ქვაბულის ფსკერი ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, რომლის ცენტრისაკენ ზღვის სიღრმე 2000 მ-მდე და უფრო მეტად იზრდება.[4]
უნიკალური ჰიდროლოგიური და ჰიდრობიოლოგიური თავისებურებები კარგად არის შესწავლილი. შავი ზღვის წყალშემკრები აუზის ფართობი ორი კონტინენტის: ევროპისა და აზიის მდინარეებთან ერთად 2 500 000 კმ²-ია. ზამთარი არც თუ ისე ცივია, ზაფხული შედარებით ცხელია. დიდია მზიანი დღეების რაოდენობა. ზღვაზე კლიმატის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს ატმოსფეროს ცირკულაცია.[4]
იმ დროს როდესაც ყველა ოკეანესა და ზღვების უმეტესობას აქვთ თითქმის ერთნაირი და ძალიან მაღალი მარილიანობა (35 ‰), შავ ზღვაში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ დაბალია (18 ‰). ეს ყოველივე აიხსნება წყალსატევის ჰიდროლოგიური თავისებურებებით და უფრო მეტად მისი წყლის მასის ფორმირებით, სტრუქტურითა და დინამიკით. მიქცევა და მოქცევა შავ ზღვაში სუსტადაა გამოხატული — ისინი მხოლოდ ხელსაწყოებით რეგისტრირდება.[4]
შავი ზღვა ტიპური შიგა ზღვაა. დასავლეთით მის წყლებს ეკვრის ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი ნაპირი, ჩრდილოეთით შემოზღუდულია აღმოსავლეთ ევროპის ვაკით, აღმოსავლეთით — კავკასიის სანაპიროთი და კოლხეთის დაბლობით, ხოლო სამხრეთით — მცირე აზიის სანაპიროთი. სანაპირო ხაზის სიგრძე 3400 კმ-ია. შავი ზღვა ატლანტის ოკეანის ხმელთაშუა ტიპის ზღვაა. ოკეანესთან უშუალო კავშირი არ გააჩნია. გზა ოკეანიდან შავ ზღვაში — გიბრალტარის სრუტის, ხმელთაშუა ზღვის, ეგეოსის ზღვის, დარდანელის სრუტის, მარმარილოს ზღვის და ბოსფორის სრუტის გავლით 3400 კმ შეადგენს. ვიწრო და წყალმარჩხი ქერჩის სრუტე შავ ზღვას აზოვის ზღვასთან აკავშირებს.[4]
შავი ზღვის ფართობია 422 000 კმ². საშუალო სიღრმე 1240 მ, უდიდესი სიღრმე 2210 მ. ყველაზე დიდი მანძილი დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის პარალელის გასწვრივ — 1130 კმ-ია. ფსკერი ბრტყელია, ხოლო კალთები ციცაბო, რომელთა საშუალო დახრილობა 6-8°, მაქსიმალური — 20° აღწევს.[4]
შავი ზღვის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი მდებარეობს ბერეზანის ლიმანთან, ოჩაკოვოს სიახლოვეს, ესე იგი ჩრდილოეთ განედის 46°33′ შორის, უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი — ბათუმსა და ფოთს შორის, ესე იგი აღმოსავლეთის გრძედის 41°42′ შორის; უკიდურესი სამხრეთი — ქალაქ გირესუნთან, ესე იგი ჩრდილოეთის განედის 40°56′ შორის; უკიდურესი დასავლეთი — ბურგასის ყურესთან, ესე იგი აღმოსავლეთ გრძედის 27°27′ შორის.[4]
შელფი იწყება თანამედროვე სანაპირო ხაზიდან და მთავრდება იქ, სადაც წყალქვეშა ფერდობის დახრილობა მკვეთრად ცვალებადია. შავ ზღვაში შელფი მთავრდება საშუალოდ 90-110 მ სიღრმეზე და მხოლოდ სევასტოპოლისა და იალტის სამხრეთით 140-160 მ-ზე. შავი ზღვის ფსკერის 24 % მოდის შელფზე. უახლოეს გეოლოგიურ წარსულში იგი ვაკე იყო, რომელზედაც მდინარეები გაედინებოდა. ამას ამტკიცებს მასზე არსებული ხეობები, რომლებიც წარმოადგენენ თანამედროვე მდინარეების ხეობების გაგრძელებას. შავი ზღვის შელფის სიგანე ზღვის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარია.[4]
ჩრდილო-დასავლეთით, იქ, სადაც ზღვას ერთვის მდინარეები დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი, დნეპრი, შელფის მაქსიმალური სიგანე 200-250 კმ აღწევს, ხოლო კავკასიისა და მცირე აზიის სანაპიროებთან მისი სიგანე მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია. შელფის დამახასიათებელი რელიეფის ფორმებია დიდი და პატარა წყალქვეშა ზვინულები, როგორებიცაა მაგალითად, ოდესის მარჩხობი, კალიაკრენისა და ემინის ზვინულები და სხვა.[4]
კონტინენტური კალთა შეადგენს ფსკერის ფართობის 40 %-ს. იგი შემოზღუდულია 100-2000 მ იზობათებით. განსაკუთრებით კავკასიისა და მცირე აზიის ნაწილებში კალთა დანაწევრებულია მრავალრიცხოვანი კანიონისებრი ხეობებით. შავი ზღვის კონტინენტური კალთის ხასიათი მნიშვნელოვანწილად გამოხატულია მიმდებარე ხმელეთის გეოლოგიური აგებულებით. მისი სხვა განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მასზე არსებობს ახალგაზრდა დადაბლებები.[4]
ქვაბულის ფსკერი, რომელიც შემოხაზულია 2000 მ იზობათით, იკავებს ზღვის აკვატორიის 36 %-ს. იგი მოსწორებულია, აქვს უმნიშვნელო დახრილობა სამხრეთის მიმართულებით. შავი ზღვის სანაპირო ხაზი შედარებით სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ყველაზე მეტად დანაწევრებულია ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთის ნაპირები, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზის ევოლუციის უკანასკნელ (ჰოლოცენურ) ეტაპთან. აქ მდებარეობს ფართო ყურეები — ოდესისა და კარკინიტის. კავკასიის სანაპიროზე ყველაზე დიდი ყურეა ნოვოროსიისკის უბე, თურქეთის სანაპიროზე — სინოპის ყურე და სამსუნის უბე და სხვა. ბულგარეთის სანაპიროსთანაა ბურგასისა და ვარნის ყურეები.[4]
შავი ზღვა ღარიბია ნახევარკუნძულებით. ყველაზე დიდია ყირიმის ნახევარკუნძული. შავი ზღვა აგრეთვე ღარიბია კუნძულებით. აღსანიშნავია კუნძულები ზმეინი და ბერეზანი. შავი ზღვის დანარჩენი კუნძულები ფართობის მიხედვით უმნიშვნელოა — ისინი უმეტეს შემთხვევაში დიდსა თუ პატარა კლდეებს წარმოადგენენ.[4]
შავ ზღვაში ჩაედინება ორი კონტინენტის — ევროპისა და აზიის მდინარეები. დუნაის აუზის ფართობი 817 000 კმ² აღწევს. დნესტრის, დონის, დნეპრისა და სამხრეთის ბუგისა — ნაკლები. აღმოსავლეთიდან ჩამდინარე მდინარეებიდან მნიშვნელოვანია ყუბანი და რიონი, სამხრეთიდან — ყიზილ-ირმაქი, იეშილ-ირმაქი, საქარია და ჭოროხი.[4]
შავი ზღვის ღრმულის რელიეფი ძირითად ნიშნებში ოკეანური აუზების ფსკერის რელიეფთან მსგავსებას იჩენს. აქ, ისევე როგორც ოკეანის ფსკერის რელიეფში მკვეთრად არის გამოხატული 3 მსხვილი უსწორმასწოროდ განვითარებული ელემენტი: შელფი, კონტინენტური კალთა და ქვაბულის ფსკერი. შავი ზღვის ფსკერის რელიეფის ამ ელემენტებს აქვთ გეოლოგიური და მორფოლოგიური სხვაობა.[4]
შავი ზღვის ღრმული ალპური გეოსინკლინური ზონის, ნასხლეტებით შემოსაზღვრულ უზარმაზარ გრაბენშია გაშლილი. ქვაბულის ჩრდილო წყალმარჩხი ნაწილი რუსეთის ბაქნის განაპირა უბანში მდებარეობს. შავი ზღვის ისტორია გეოლოგიურ წარსულში მჭიდროდაა დაკავშირებული კასპიისა და არალის ზღვა-ტბების ისტორიებთან. მეზოზოურ ერასა და კაინოზოური ერის მესამეულ პერიოდში ამ ზღვების ადგილას იყო ერთიანი აუზი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ატლანტის ოკეანესთანაც და წყნარ ოკეანესთანაც. ამ ზღვას ტეთისის ზღვას უწოდებენ. შუა მესამეულში წყნარ ოკეანესთან კავშირი შეწყდა, ატლანტის ოკეანესთან კი ძლიერ შემცირდა. შუა მიოცენში წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული სარმატის ზღვა, რომელიც ღია ოკეანესთან პირდაპირი კავშირის უქონლობის გამო მტკნარი იყო, ზედა მიოცენში აღდგა ოკეანესთან კავშირი და წარმოიშვა მარილიანი მეოტისის აუზი. ქვედა პლიოცენში მის ადგილას მტკნარი პონტის ტბა-ზღვა გაჩნდა, ცალკე გამოყოფილი შავი ზღვის აუზი შემცირდა: კიმერულ, კუიალნიკურ და ჩაუდურ აუზებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, უფრო მცირე ფართობი ეჭირა, ვიდრე დღევანდელ შავ ზღვას.[1]
შავი ზღვის მეოთხეული ისტორია ოთხ სტადიად შეიძლება დაიყოს. პირველ სტადიაში არსებობდა, ეგრეთ წოდებული ძველევქსინური აუზი, რომელიც თანამედროვეს წააგავდა, მაგრამ უფრო მტკნარი იყო და თან კასპიის აუზსაც უერთდებოდა. მეორე სტადიაში, რომლისთვისაც წყლების დამლაშება და ხმელთაშუა ზღვის ფაუნის გავრცელებაა დამახასიათებელი, შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვას უკავშირდებოდა. მას ყარანგატის (ტირენის, უზუნლარის) აუზი ეწოდება. მესამე სტადიაა — ახალევქსინური აუზი, რომლის ფართობიც შემცირდა სანაპირო უბნების აზევების შედეგად. ამ ზღვის წყალი ძლიერ გამტკნარებულია და ფაუნაში კასპიის ფორმების სიჭარბით ხასიათდება. უკანასკნელი, თანამედროვეს წინა სტადიაა დამლაშებული ძველშავზღვიური აუზი, რომლის ფაუნაც დღევანდელი შავი ზღვის ფაუნას ემსგავსება. მეოთხეულ პერიოდში შავი ზღვა არაერთხელ შეერთებია კასპიისას კუმა-მანიჩის ღრმულის მეშვეობით, რასაც თან სდევდა წყლისა და ფაუნის გაცვლა-გამოცვლა.[1]
გეოლოგიური თვალსაზრისით, ფსკერი შედგება სხვადასხვაგვარი და სხვადასხვა ასაკის უბნებისაგან. შავი ზღვის ღრმულის დიდი ნაწილი მოქცეულია ალპური დანაოჭების ზონაში. ქვაბულის ქვეშ დედამიწის ქერქი შედგება დანალექი (სისქე 10-16 კმ) და „ბაზალტური“ ფენებისაგან („გრანიტული“ პერიფერიებზეა). შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის ბაქნისა და ეპიპალეოზოური სკვითური ბაქნის სამხრეთ კიდეს. შავი ზღვის ღრმულის წარმოშობას ზოგიერთი მკვლევარი დედამიწის კონტინენტური ქერქის „ოკეანიზაციის“ პროცესებს უკავშირებს, ზოგი თვლის, რომ ღრმული ძველი ტეთისის ოკეანის აუზის ნაშთია.[10]
თანამედროვე ღრმულის კონტური ოლიგოცენში ჩაისახა, მაშინ, როცა მცირე აზიაში მიმდინარე ტექტონიკურმა აზევებებმა თანდათანობით გამოყვეს შავი და კასპიის ზღვა ოკეანისაგან. გვიანდელ მიოცენში შავი ზღვა გამტკნარებული ზღვა-ტბების (სარმატული აუზი) წარმოადგენდა. ხმელთაშუა ზღვასთან ხანმოკლე კავშირის შემდეგ, მეოტურ დროში, წარმოიშვა გამტკნარებული პონტური ტბა. პონტური დროის ბოლოს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის კავშირი გაწყდა. სავარაუდოა, რომ შუა და გვიანდელი პლიოცენის განმავლობაში იგი გამტკნარებული გამდინარე ტბა იყო. უკანასკნელი გამყინვარების დროს ჩამოყალიბდა ძლიერ გამტკნარებული ახალევქსინური ზღვა-ტბა, რომელიც 6-7 ათასი წლის წინ სრუტეებით დაუკავშირდა ხმელთაშუა ზღვას. ამან დასაბამი მისცა თანამედროვე შავ ზღვას. ტექტონიკური აქტიურობა ვლინდება მიწისძვრებში, რომელთა ეპიცენტრები ღრმულის პერიფერიებზე მდებარეობს. სანაპირო ზონაში ჭარბობს ტლანქმონატეხი ნალექები: ხრეში, კენჭები, ქვიშები. ნაპირიდან დაშორებით მათ წვრილმარცვლიანი ქვიშები და ალევრიტები ცვლის. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული ნიჟარიანი კირქვები და თანამედროვე ნიჟარების მარჩხობები. ღრმულის კალთასა და ფსკერზე დალექილია პელიტური ლამი, რომლის კარბონატულობა შუა ზღვისაკენ მატულობს (ზოგან 50 %). სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 2000 მ სიღრმემდე შეინიშნება მღვრიე ნაკადების მიერ ჩატანილი ალევრიტებისა და ქვიშის ნალექები.[10]
1996 წლის დეკემბერში პირველად „The New York Times“-ში გაშუქდა შავი ზღვის დატბორვის თეორია, რომლის თანახმად ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 5600 წელს ადგილი უნდა ჰქონოდა შავი ზღვის დონის კატასტროფულ მასშტაბურ აწევას.[12]
წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია: ნავთობი და აირი (ქვაბულის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში), ტიტანმაგნეტიტური ქვიშები (ტამანი, ურეკი და სხვა).[10]
შავი ზღვის სანაპიროსა და მისი აკვატორიის კლიმატი ჩამოყალიბდა ფიზიკურ-გეოგრაფიული, რადიაციული და ცირკულაციური ფაქტორების ზეგავლენით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის გეოგრაფიულ მდებარეობას, აქ შეჭრილ სხვადასხვა წარმოშობის ჰაერის მასებსა და აგრეთვე გარემომცველი ხმელეთის რელიეფს.[4]
შავი ზღვა მთელი წლის მანძილზე განიცდის კონტინენტური პოლარული, ზღვიური პოლარული და ტროპიკული ჰაერის მასების გავლენას. ჭარბობს კონტინენტური პოლარული ჰაერი. ზამთრობით მის შემოჭრას თან სდევს ჩრდილოეთის და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ძლიერი ქარები, ტემპერატურის დაწევა და ნალექები. ეს ქარები განსაკუთრებით ძლიერია ქალაქ ნოვოროსიისკის რაიონში, ატლანტის ოკეანიდან ზღვიური პოლარული ჰაერის შემოჭრა იწვევს აქტიურ ციკლონურ მოქმედებას. ხმელთაშუა ზღვიდან სამხრეთ-დასავლეთ ქარებს შავ ზღვაზე მოაქვს ზღვიური ტროპიკული ჰაერი. შავი ზღვის დიდ ნაწილზე ზამთარი თბილია, ზაფხული — ცხელი და მშრალი. ზღვის ცენტრალურ ნაწილში იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 8 °C, აღმოსავლეთ ნაპირებთან 6 °C, ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირთან — 3 °C, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირებთან 6-9 °C. მინიმალური ტემპერატურა ჩრდილოეთ ნაწილში — -30 °C. ზაფხულობით შავ ზღვაზე ვრცელდება აზორის ანტიციკლონის ტოტი, რომელიც განაპირობებს მდგრად, მოწმენდილ და თბილ ამინდს. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22-24 °C. მაქსიმალური 30-35 °C. ნალექები დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 300-500 მმ წელიწადში, სამხრეთ ნაწილში — 750-800 მმ, აღმოსავლეთ ნაწილში — 180-200 მმ. შავი ზღვის წყლის ბალანსის შემადგენელი ნაწილებია: ატმოსფერული ნალექები (230 კმ³/წ) კონტინენტური ჩამონადენი (310 კმ³/წ) და აზოვის ზღვიდან შემოსული წყალი (30 კმ³/წ), აორთქლება ზღვის ზედაპირიდან (360 კმ³/წ), ბოსფორის სრუტით ხმელთაშუა ზღვაში გასული წყალი (210 კმ³/წ). ატმოსფეროს ციკლონური ცირკულაცია და კონტინენტური ჩამონადენი განსაზღვრავს წყლის ციკლონურ ბრუნვას (საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით) შავი ზღვის ზედაპირზე.[4]
ზამთარში, შავი ზღვის ჩრდილოეთით, რუსეთის ვაკის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მაღალი წნევის არეა. ზღვისკენ წნევა თანდათანობით ეცემა, ამიტომ აქ ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები ჭარბობს. მაღალი წნევის არის სამხრეთ კიდეში, ზღვაზე ციკლონები მოქმედებს. ზაფხულში ზღვაზე ჰაერის დიდ ტემპერატურულ სხვაობებს არ აქვს ადგილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა ყველგან დაახლოებით 22 °C-ია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ზამთრის ტემპერატურა მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე აღმოსავლეთში და განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც –10 °C დაბლა ტემპერატურა იშვიათად თუ ეცემა.[4]
ზღვაზე ჰაერის სინოტივე მაღალია. ნალექები სანაპიროზე უთანაბროდ ვრცელდება, უფრო ნალექები ჩრდილო-დასავლეთით მოდის (300 მმ-მდე წელიწადში), მეტი — სამხრეთ-აღმოსავლეთით (ბათუმში — 3000 მმ-მდეა წელიწადში). თოვლი შეიძლება ყველგან მოვიდეს, მაგრამ ის რჩება მხოლოდ რამდენიმე დღეს.[4]
ზამთარში წყლის ტემპერატურა ზღვის ზედაპირის ღია ნაწილში, 6-7 °C-ია, სამხრეთში 8 °C-იდან 10 °C-მდე; ჩრდილო-დასავლეთით კი გაყინვის ტემპერატურამდე ეცემა (-1 °C) და აქ ყოველწლიურად 0,7 კმ სიგანის ნაპირის ყინული წარმოიქმნება. ზაფხულში წყლის ტემპერატურა უფრო ერთფეროვანია და სხვადასხვა რაიონებს შორის განსხვავება 2 °C არ აღემატება. ტემპერატურის სეზონური ცვალებადობა წყლის მხოლოდ ზედა ფენას მოიცავს. 50-70 მ სიღრმეზე მთელი წლის განმავლობაში წყალი ზედაპირული ფენის ზამთრის ტემპერატურას ინარჩუნებს (6 °C - 7 °C). 180 მ სიღრმიდან დაწყებული წყლის ტემპერატურა თანდათან მატულობს და ფსკერთან 9 °C აღწევს. წყლის მთელი მასის ორ ფენად გაყოფა: ზემო, ნაკლებ მარილიანი, ტემპერატურების სეზონური რყევით, და ქვემო, უფრო მარილიანი, მუდმივი ტემპერატურებით, იწვევს წყლის სუსტ ვერტიკალურ ცირკულაციას. წყლის ზედა ფენები, რომლებიც ნაკლები მარილიანობის გამო ზამთარში ცივდება, ქვედა ფენებთან შედარებით, უფრო მეტ სიმსუბუქეს ინარჩუებს. ამის გამო, ჟანგბადით მხოლოდ ზედა, 50 მ სისქის წყლის ფენაა მდიდარი. 50 მ ქვემოთ ჟანგბადის რაოდენობა მცირდება და უკვე 200 მ სიღრმეზე სრულიად უმნიშვნელო ხდება. ამ სიღრმეზე, ორგანიზმების ცხოველმოქმედების შედეგად, ჩნდება გოგირდწყალბადი, ორგანული ნივთიერების დაჟანგვა H2S-ის გამოყოფით, და ჟანგბადის არარსებობის გამო იწყება მისი ხრწნა. გოგირდწყალბადის რაოდენობა სიღრმესთან ერთად მატულობს 0,47 სმ³/ლ-დან 200 მ სიღრმეზე 5,8 სმ³/ლ-მდე 2000 მ სიღრმეზე.[1]
ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მზის რადიაციის ინტენსიურობასა და ხანგრძლივობას არის გეოგრაფიული განედი. ბოსფორის რაიონში რადიაციის წლიური ჯამი შეადგენს 140 კკალ/სმ²-ზე მეტს, ვარნაში — 130 კკალ/სმ². უფრო ჩრდილოეთით, ყირიმის სანაპიროზე 120 კკალ/სმ². მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა აგრეთვე სხვადასხვაგვარია შავი ზღვის სანაპირო ცალკეულ რაიონებში: ვარნაში — 2237 სთ, იალტაში — 2223 სთ, ევპატორიაში — 2384 სთ. მზის ნათება განსაკუთრებით ინტენსიურია ზაფხულის თვეებში. ვარნაში მზის ნათების მაქსიმუმი ივლისშია და 333 სთ აღწევს. შავი ზღვის ჩრდილოეთ რაიონებში მზის ნათების მაქსიმალური ხანგრძლივობა დაკავშირებულია დღის დიდ ხანგრძლივობასთან ზაფხულში.[4]
შავი ზღვის გეოგრაფიულ მდებარეობასთან დაკავშირებით მის აკვატორიაზე თითქმის ყველა მიმართულებით მოძრაობს ჰაერის მასები. ჩრდილო-დასავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ჰაერი იჭრება ატლანტის ოკეანიდან და ხმელთაშუა ზღვიდან, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ტროპიკული და ზომიერი განედების კონტინენტური ჰაერია. ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ქრის მხოლოდ კონტინენტური ჰაერი: არქტიკული, ზომიერი განედებისა და ტროპიკული. სხვადასხვა რაიონებიდან წამოსული ნებისმიერი წარმოშობის ჰაერის მასა ტრანსფორმირდება შავი ზღვის ზედაპირზე და შემდეგ სანაპიროზე იჭრება როგორც ზღვიური ჰაერის მასა.[4]
შავი ზღვის რაიონში ჰაერის მასების გადაადგილება ძირითადად განისაზღვრება ციკლონური და ანტიციკლონური მოქმედებით, რომელიც ღვივდება ევროპის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით დიდია აზორის ანტიციკლონისა და ისლანდიის დეპრესიის გავლენა, ზამთარში — ხმელთაშუაზღვის ციკლონისა და აღმოსავლეთ ევროპის ანტიციკლონის გავლენა. ისლანდიის დეპრესიის სამხრეთ კიდეზე მიწისპირა ჰაერი ატლანტის ოკეანიდან ევროპის ტერიტორიაზე გადადის და ზოგჯერ კავკასიამდეც აღწევს. ცივი ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად შავ ზღვაზე იწყება შტორმი. შავი ზღვის აუზის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს ვრცელი აღმოსავლეთ ევროპის ვაკე და ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი, რომლებზედაც ყალიბდება კონტინენტური ჰაერი — ზამთარში ძალიან ცივი, ხოლო ზაფხულში — ძლიერ თბილი. წლის ცივ ნახევარში განსაკუთრებული სინოპტიკური მდგომარეობის შედეგად კონტინენტური ჰაერი სამხრეთ რუსეთის ვაკიდან დიდი სიჩქარით ჩადის ზღვისკენ, ეს — ნოვოროსიისკის ბორაა, რომლის შედეგად ქარის სიჩქარე 30-50 მ/წმ აღწევს.[4]
შავი ზღვის რაიონში ამინდს აგრეთვე ციკლონები განსაზღვრავს, რომელიც შეინიშნება თვით ზღვაზე. ეს უმეტეს შემთხვევაში რეგენერირებული ციკლონებია, რომლებიც ხშირად, აქ ხმელთაშუა ზღვიდან აღწევენ. ზაფხულში ატლანტიკური ჰაერის შემოჭრის შედეგად იქმნება მძლავრი ფენა-წვიმიანი ღრუბლიანობა, მოდის ნალექები, ზოგჯერ ფიქსირდება გრიგალი. ასეთი ნალექები ტიპურია ბულგარეთის შავიზღვისპირა სანაპიროსათვის, განსაკუთრებით, ვარნის ყურის ჩრდილოეთ მხარისათვის. აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე ტენიანობის მატებისა და ჰაერის არამდგრადობის გამო ნალექები ზოგჯერ სტიქიური უბედურების ხასიათს იღებს. ნალექები მოაქვთ აგრეთვე ხმელთაშუაზღვის ჰაერის მასებს, რომელიც მეტწილად შავი ზღვის რაიონში იჭრება ცივ ნახევარწელში. ხმელთაშუაზღვის ჰაერს შავ ზღვაზე მოაქვს შედარებით მაღალი ტემპერატურები ზამთარში, ამიტომ სამხრეთ და სანაპიროს აღმოსავლეთი ნაწილის უმეტეს რაიონში თოვლის საფარი თითქმის არასოდეს არ გვხვდება. კონტინენტური ჰაერის მასების გავლენა შავი ზღვის კლიმატზე სხვადასხვაგვარია. თბილ ნახევარწელში ამ მასებს სანაპირო რაიონებში მოაქვთ მაღალი ტემპერატურები და შეიძლება გამოიწვიონ გვალვა. დიდი სიცხეები ფიქსირდება იმ პერიოდებში, როდესაც აქ ჩრდილოეთი აფრიკიდან და მცირე აზიიდან წამოსული კონტინენტური ტროპიკული ჰაერი აღწევს ან აღმოსავლეთ ევროპიდან, შუა აზიის უდაბნოებიდან და ნახევარუდაბნოებიდან წამოსული გადახურებული კონტინენტური ჰაერი.[4]
აღმოსავლეთ ევროპაში ატმოსფერული წნევის მატებისა და შავ ზღვაზე ციკლონური სიტუაციის შედეგად ზამთარში ჩრდილოეთიდან ცივი კონტინენტური მასების სწრაფი გადაადგილების ხელსაყრელი პირობები იქმნება. ასეთ შემთხვევებში ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიქმნება ძალიან ძლიერი და ცივი ქარები, ხოლო თოვის დროს ქარბუქი. ეს ქარები ყველაზე ძლიერია ნოვოროსიისკის რაიონში. 1976 წლის 17-18 ოქტომბერს ბულგარეთის შავიზღვისპირა სანაპიროზე ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარებთან ერთად წარმოიქმნა შტორმი, რომლის სიჩქარემ 40 მ/წმ მიაღწია.[4]
ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი და სანაპირო, ღიაა ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასების შემოჭრისაგან. აცივების პერიოდში ზღვის წყალმარჩხი ნაწილი ჩრდილო-დასავლეთით ხშირად იყინება. ამავე მიზეზით თითქმის ყოველ ზამთარს იყინება აზოვის ზღვა. მნიშვნელოვანი ძგიფი დაფიქსირდა 1928-1929 წლების ზამთარში.[4]
ცივ ნახევარწელში იჭრება ტროპიკული ჰაერის მასებიც. ამასთან ერთად, შეინიშნება მნიშვნელოვანწილად დათბობა და თოვლის სწრაფი დნობა. თბილი ჰაერის მასები ზოგჯერ იჭრება შორს ჩრდილოეთისაკენ, მაშინ ყირიმის სანაპიროზე მაქსიმალური ტემპერატურები აჭარბებებს 10°С-ს. კონტინენტური ჰაერის მასების გავლენა, რომელიც იჭრება დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს კლიმატზე ნაკლებად ახდენს გავლენას, ხოლო სამხრეთიდან წამოსული კონტინენტური ჰაერი თითქმის შეუმჩნეველია ჩრდილოეთ სანაპიროზე.[4]
ტემპერატურული რეჟიმი შესამჩნევად განსხვავდება შავი ზღვის სანაპიროს ცალკეულ ნაწილებში. მანგალიიდან ბოსფორამდე ზამთარში საშუალო ტემპერატურები იცვლება 0 °C-იდან 5 °C-მდე, მანგალიასა და სულინის შორის 0 °C-იდან 0,6 °C-მდე. აპრილის საშუალო თვიური ტემპერატურა ვარნაში უდრის 9,8 °С, ბურგასში 9,8 °C. სანაპიროზე ზაფხულის საშუალო თვიური ტემპერატურები შედარებით მაღალია (ივლისსა და აგვისტოში — 22 და 24 °С) და არ განსხვავდება არსებითად შიდა რაიონების ტემპერატურებისაგან.[4]
შემოდგომით სანაპირო რაიონები უფრო თბილი და მზიანია. ოქტომბრის საშუალო თვიური ტემპერატურა ბურგასში შეადგენს 14,9°С, ვარნაში 13,6°С, ხოლო კონსტანცაში 13,3°С. შემოდგომის თვეებში ბურგასის რაიონში შეინიშნებოდა მაქსიმალური ტემპერატურა 34°С-მდე. შემოდგომა — მზის ნათებისა და ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ძალიან ხელსაყრელი სეზონია. ჩრდილოეთ სანაპიროზე, ყირიმის გამოკლებით, რომელიც შედარებით დაცულია ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან, ზამთარი ცივია და ქარიანი. ყირიმის სანაპიროზე უფრო მაღალი ტემპერატურა განპირობებულია შავი ზღვის გავლენითა და მიბჯენილი ხმელეთის რელიეფით. შესაძლებელია აგრეთვე განსაზღვრული კავშირის ხილვა წყლის ტემპერატურასა და ჰაერს შორის. რბილმა ზამთარმა და მზიანმა ზაფხულმა შექმნა ხელსაყრელი პირობები ამ რაიონში სუბტროპიკული მცენარეულობის განვითარებისათვის. აზოვის ზღვის სანაპიროზე ზამთარი უფრო ცივია. თებერვლის საშუალო ტემპერატურა კაზანტიპის კონცხთან შეადგენს 2,1 °C, მაშინ როდესაც ყირიმის სანაპიროსთან 0,8°С-იდან — 3,7°С-მდე მერყეობს (იალტა).[4]
ტემპერატურის მსგავსი ცვლილებები შეინიშნება შავი ზღვის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. შედარებით მცირე მარილიანობისა და ნაპირების სიახლოვეს უმნიშვნელო სიღრმეების შედეგად ზამთარში წყლის ზედაპირი ყინულით იფარება. კარკინიტის ყურეში იანვრის საშუალო ტემპერატურა —1,0 °С, ხოლო ოდესაში —3,0°С უდრის. მთათა დაბრკოლების უქონლობის გამო ჩრდილოეთიდან ხშირად იჭრება ცივი ჰაერის მასები, რის გამოც ჰაერის ტემპერატურა ეცემა —30 °С-მდე. ხშირი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ქარების გამო გაზაფხული ჩრდილოეთ სანაპიროზე ცივია. ზოგჯერ ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად იცვლება. ჩრდილოეთ სანაპიროს ღია ადგილებში აპრილში მინიმალური ტემპერატურა —4, —5°С, აღწევს, მაშინ როდესაც ყირიმის სამხრეთ ნაპირზე ეს ნიშნული —1°С-მდე მცირდება. ზაფხული ცხელია და მშრალი. ყველაზე მაღალი ტემპერატურა (ზოგჯერ 40°С-ზე მაღალი) შეინიშნება სანაპიროს სტეპურ რაიონებში. შემოდგომა — ყველაზე სასიამოვნო სეზონია. ამავე დროს სტეპურ ნაწილში იგი შეადგენს 10-12 °С. მხოლოდ ოქტომბრის მეორე ნახევარში ყირიმის სანაპიროს საკურორტო რაიონებში შეიძლება გაჩნდეს სუსხი.[4]
ტემპერატურულ მიმართებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო. მის ჩრდილოეთ ნაწილში ზამთარი ცივია. ნოვოროსიისკის რაიონში მინიმალური ტემპერატურები აღწევენ —25 °С. თუმცა სამხრეთ ნაწილში, განსაკუთრებით ტუაფსეს სამხრეთით, სურათი მკვეთრად იცვლება. ამ რაიონში არსებული მაღალი კავკასიონი სანაპიროს იცავს ცივი კონტინენტური ჰაერის მასების შემოჭრისაგან ზამთარში. დასავლეთის ქარებს აქ ხშირად მოაქვთ შედარებით თბილი ზღვის ჰაერი. ამასთან დაკავშირებით საშუალო და მინიმალური ტემპერატურები ქობულეთში შეადგენს შესაბამისად 4 °С და — 14 °С; სოჭში 6 °С და — 13 °С; სოხუმში 6 °С და — 11 °С. აქ ყველაზე ძლიერი აცივება შეინიშნებოდა 1928-1929 წლების ზამთარში, როდესაც აღინიშნა ძალიან დაბალი ტემპერატურები. ამ ტიპის აცივება სერიოზულ ზიანს აყენებს სუბტროპიკულ მცენარეულობას.[4]
გაზაფხული ადრე იწყება. მარტის ბოლოს საშუალო სადღეღამისო ტემპერატურა აჭარბებს 10°С-ს. ზაფხული ცხელი არ არის. აგვისტოში საშუალო თვიური ტემპერატურა 23-24°С აღწევს, ხოლო აბსოლუტურ მაქსიმუმი ხშირად აღწევს 38-40°С-ს. ნათელი მზე და ზაფხულში ჰაერის მაღალი ტემპერატურა დღე-ღამის ცალკეულ საათებში ქმნის ძალიან ხელსაყრელ პირობებს ჰელიოთერაპიის პროცედურებისათვის. შემოდგომა თბილია და ხანგრძლივი. საშუალო სადღეღამისო ტემპერატურის ვარდნა 10 °С-ზე ქვემოთ ფიქსირდება ნოემბრის ბოლოს, ესე იგი როდესაც დასავლეთ სანაპიროზე იგი უკვე 5°С-ზე დაბალია. ამიტომ პირველი სუსხი აქ ჩნდება ძალიან გვიან — მხოლოდ დეკემბრის შუა და ბოლო რიცხვებში.[4]
ზაფხული ცხელია და ნოტიო. აბსოლუტურ მაქსიმალური ტემპერატურა ხშირად აღწევს 40 °С-ს. გაზაფხული და შემოდგომა ხანგრძლივია, ზამთარი ძალიან მოკლეა. სამხრეთ სანაპიროზე მაღალი ტემპერატურების ერთ-ერთი მიზეზია ფიონი — ქარი, რომელიც მოექანება სანაპირო მთებიდან. მნიშვნელოვანი სინოტივე და ზაფხულში ჰაერის მაღალი ტემპერატურები სანაპიროს ამ ნაწილში — კურორტოლოგიის თვალსაზრისით არ არის ხელსაყრელი ადამიანისათვის.[4]
ღრუბლიანობას შავი ზღვის სანაპიროზე აქვს კარგად გამოკვეთილი წლიური მსვლელობა. ცივ ნახევარწელში ის უმეტეს რაიონებში აჭარბებს 7 ბალს, ხოლო ზაფხულის თვეებში დაახლოებით 3 ბალია. ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროებზე ღრუბლიანობა ზამთარსა და გაზაფხულზე მნიშვნელოვანია, ზაფხულში — უმცირესი. ცივ ნახევარწელში ჭარბობს ფენობრივი ღრუბლები, ხოლო თბილ ნახევარწელში ფენა-გროვის ან მხოლოდ გროვის ღრუბლები. მაისიდან სექტემბრამდე, ხოლო ზოგჯერ უფრო გვიან, გროვა ღრუბლები ვითარდება სიმაღლეში. მძლავრი გროვა-წვიმის ღრუბლების განვითარების გამო ყირიმის რაიონში 1906 და 1914 წლებში დაფიქსირდა მეტად ძლიერი კოკისპირული წვიმა. 1951 წელს კოკისპირული წვიმა გამოვლინდა აგრეთვე ვარნის რაიონში. მსგავსი ღრუბლები და კოკისპირული წვიმა ხშირად წლის თბილ პერიოდში შეინიშნება კავკასიის სანაპიროზე.[4]
ღრუბლიანობა წარმოიქმნება როგორც ციკლონური შფოთვისა, ისე მთების ზეგავლენით, რომელიც ხელს უშლის ნოტიო ჰაერის მასების მოძრაობას. უკანასკნელი ფიქსირდება ზაფხულის თვეებში, განსაკუთრებით შავი ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე.[4]
სანაპიროს რაიონში და საკუთრივ ზღვის თავზე ნალექები შეიძლება იყოს ფრონტალური და ადგილობრივი, გადაუღებელი და ხანმოკლე კოკისპირული. გადაუღებელი ნალექები ძირითადად მოდის ფენა-წვიმის ღრუბლებიდან, ნახევარწელში, თბილი ფრონტის ზონებში. კოკისპირული ნალექები წარმოიქმნება თბილ ნახევარწელში, ცივი ფრონტების გავლისას და აგრეთვე მთების ზეგავლენით. შავი ზღვის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რომელიც განაპირობებს ტემპერატურულ რეჟიმს, თოვლი მოდის ძირითადად ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.[4]
ბულგარეთის სანაპიროს სამხრეთ ნაწილში იშვიათად თოვს და თოვლის საფარი ძალიან ხანმოკლეა. ტუაფსეს სამხრეთით თოვა — იშვიათი მოვლენაა, რომელიც ყოველ წელს არ ფიქსირდება; თოვლის საფარი შეინიშნება ცალკეულ წლებში.[4]
სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში 2-4 თვის განმავლობაში რეგულარულად დევს თოვლის საფარი, თუმცა უხვად არ თოვს.[4]
შავი ზღვის რაიონი ახლომდებარე ხმელეთთან შედარებით უფრო ძლიერი ქარებით გამოირჩევა. ჭარბობს ჩრდილო-დასავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარები, რომლებიც დაკავშირებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი განედების ცირკულაციებთან. გარდა ამისა, ცივ ნახევარწელში, როდესაც ხმელთაშუა ზღვაზე ძლიერდება ციკლონური მოქმედება და აღმოსავლეთ ევროპაში ხშირად წარმოიქმნება სტაციონარული ანტიციკლონი, შავი ზღვის რაიონში, და განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, იქმნება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ქარები. გარდამავალ სეზონებში, როდესაც პოლარული ფრონტის ციკლონები გაივლიან ბულგარეთის ტერიტორიას ან უფრო ჩრდილოეთით, იქმნება ხელსაყრელი პირობები სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის ქარების წარმოქმნისათვის. ასეთ შემთხვევებში სამხრეთ სანაპიროზე შეინიშნება ფიონური ხასიათის სამხრეთის ქარი. ზაფხულის თვეებში სანაპიროზე წარმოიქმნება ბრიზული ცირკულაცია — დღისით ქარი უბერავს ზღვიდან ხმელეთისაკენ, ხოლო ღამით — ხმელეთიდან ზღვისაკენ. ბრიზები აგრილებენ ჰაერს და წყდებიან ზაფხულის სიცხეში, დღისით. აღმოსავლეთ სანაპიროზე წარმოიქმნება მთა-ხეობის ქარები. ზაფხულში, ანტიციკლონური გარემოებების გამო ასეთი ქარები იქმნება სანაპიროს სამხრეთ ნაწილშიც. მთის ქარების ზეგავლენით საღამო უფრო გრილია.[4]
ზღვაზე ციკლონის გავლისას შესაძლებელია წარმოიქმნას ძლიერი გრიგალი. ასეთ შემთხვევებში ზღვაზე წარმოიქმნება სმერჩი. შავი ზღვის სმერჩი სახიფათოა მცირე გემებისათვის. სმერჩი დაფიქსირებულია ვარნის სიახლოვეს და აგრეთვე ბურგასში. ეს მოვლენა ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ზღვის თავზე, მეტწილად მის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ზღვის თავზე არსებული ქარები გამოირჩევა დიდი საშუალო სიჩქარით. ცივ ნახევარწელში მათი საშუალო სიჩქარე მაქსიმალურია და შეადგენს 3 მ/წმ. ვარნაში ცივ პერიოდში ჭარბობს ჩრდილოეთ-დასავლეთის ქარები, ხოლო თბილ პერიოდში, როდესაც ღვივდება ბრიზული ცირკულაცია, — აღმოსავლეთის ქარები. ზამთარში, ბულგარეთის სანაპიროზე აღინიშნება ძლიერი ქარები, რომელთა სიჩქარეა 20 მ/წმ. შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, 1966 წლის იანვარსა და 1973 წლის მარტში დაფიქსირდა შტორმული ქარები. რუმინეთის სანაპიროზე ხშირად ჭარბობს ჩრდილოეთის ქარები. კონსტანცაში ქარის სიჩქარე ცივ ნახევარწელში უდიდესია (საშუალოდ 3,4 მ/წმ), ხოლო თბილ ნახევარწელში უმცირესი (2,7 მ/წმ).[4]
ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე არსებული ქარები რეჟიმისა და სიჩქარის თვალსაზრისით დასავლეთ სანაპიროს ქარების მსგავსია. ზოგიერთი განსაკუთრებულობა აღინიშნება ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, სადაც ვლინდება მიმდებარე მთების ზეგავლენა. აქ ზღვის ბრიზი ხმელეთის სიღრმეში ვერ იჭრება, სამაგიეროდ იქმნება მთა-ხეობის ქარები. ზამთარში ყირიმის მთები ყოველთვის ვერ აბრკოლებს ჩრდილოეთიდან წამოსულ ცივ კონტინენტურ ჰაერს, და ასეთ შემთხვევებში ნაპირებიდან ქრის ძალიან ძლიერი ჩრდილოეთის ან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ქარი, რომელთა სიჩქარეა 20 მ/წმ ან უფრო მეტი. ეს ქარი ბორას წააგავს, თუმცა სუსტია მასთან შედარებით.[4]
ნისლიანობა ცივი ნახევარი წლის ტიპური მოვლენაა. შავიზღვისპირეთში ნისლი წარმოიქმნება ან სანაპირო ზოლში, ან ზღვის თავზე, სანაპიროს სიახლოვეს. ეს ყოველივე დამოკიდებულია მათი წარმოქმნის პირობებზე. ზღვის თავზე ნისლი ყველაზე ხშირად ჩნდება ცივი ჰაერის შემოჭრის დროს. ნისლი სანაპიროზე ყველაზე ხშირად ჩნდება გაზაფხულზე. ივლისის დასაწყისში აღინიშნება შემთხვევები როდესაც ბალჩიკის რაიონში წარმოქმნილი ნისლი ზღვის ბრიზთან ერთად აღწევს ტოლბუხინს. ბალჩიკსა და ტოლბუხინს შორის წარმოქმნილ ნისლს ადვექციურ ნისლს უწოდებენ, მისი ხანგრძლივობა როგორც წესი მოკლეა. ბულგარეთის მეტეოროლოგიური სამსახურის დაკვირვებით ნისლი წელიწადის ყოველ თვეს შეიძლება წარმოიქმნას, უფრო ხშირად კი იანვარში. ნისლიანი დღეების ყველაზე დიდი რაოდენობა ზამთარში აღინიშნება. ვარნის რაიონში ნისლიანი დღეების რაოდენობა შედარებით მცირეა, ამასთან ერთად, ნისლი წარმოიქმნება, როგორც წესი, ყურის სამხრეთ ნაწილში და სანაპიროზე. ბალჩიკის რაიონში ნისლიანი დღეების რაოდენობა კვლავ იზრდება. განსაკუთრებით მეტი ნისლი წარმოიქმნება ბოსფორის რაიონში (80 დღე) და ზღვის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში (78 დღე). ზოგჯერ ნისლიანობა ხანგრძლივია. ოდესის რაიონში ზამთარში ის გრძელდება 10 დღემდე. ყირიმისა და კავკასიის სანაპიროზე, განსაკუთრებით სოჭისა და სოხუმის რაიონებში, ნისლიან დღეთა რაოდენობა კლებულობს.[4]
საკუთრივ ზღვაზე კლიმატის წარმოქმნის პირობები განსხვავდება სანაპირო ზონაში წარმოქმნილი კლიმატის პირობებისაგან. ერთსა და მეორე შემთხვევაში არსებით გავლენას ახდენს დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის გადატანები თვით ზღვაზე. ზამთარში, როდესაც აღმოსავლეთ ვროპაში მყარდება ანტიციკლონი, ზღვაზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოდის ცივი ჰაერის მასები. საკუთრივ ზღვა ზოგჯერ არის ციკლონების რეგენერაციის ზონა. გეოგრაფიული მდებარეობისა და გარემომცველი ხმელეთის გავლენის გამო შავ ზღვაში გამოიყოფა ოთხი კლიმატური არე: ჩრდილო-დასავლეთის, აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის.[4]
ყველაზე ცივია ზღვის ჩრდილო-დასავლეთის არე. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 10 °C უდრის ან უფრო ნაკლებს, ზამთარი გრძელდება დაახლოებით 3 თვეს, რომელთა დროს იცის თოვლი და ძლიერი ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარები. ცივი კონტინენტური ჰაერის შემოჭრისას ტემპერატურა ზოგჯერ ვარდება ნულზე ქვემოთ (— 15,—20°С). ზამთრიდან ზაფხულისაკენ გადასვლა შედარებით სწრაფად ხდება, მიუხედევად იმისა, რომ გაზაფხულის დასაწყისში ამინდი მეტად ცივი და ქარიანია. აპრილიდან დაწყებული კლებულობს ღრუბლიანობა და ჰაერის სინოტივე, ნალექები იშვიათად იცის. ერთდროულად იქმნება ბრიზული ცირკულაცია. ზაფხული მზიანია და თბილი, ხანმოკლე ნალექებით. ნოემბერში, როდესაც მატულობს ღრუბლიანობა, წვიმა ხანგრძლივი ხდება, ქარი ძლიერდება, იწყება ზამთრისკენ გადასვლა, რომელიც ჩვეულებრივ დეკემბერში იწყება.[4]
ზღვის აღმოსავლეთი არე შეიძლება დაიყოს ორ: ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად. ზამთარში ჩრდილოეთი ქვეარე უფრო ღიაა, ცივი ჰაერის შემოჭრისაგან, ამიტომ კლიმატი აქ ამ სეზონში უფრო ცივია, ვიდრე სამხრეთ ნაწილში. სამხრეთი ქვეარე დაცულია კავკასიონით, და ზამთარი აქ ძალიან რბილია. ზაფხული ცხელია და მზიანი, ხოლო ნალექებს ხანმოკლე ხასიათი აქვთ.[4]
შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი არის კლიმატური თავისებურებები მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს. აქ ჰაერი ნოტიოა. მნიშვნელოვანი ღრუბლიანობა, უხვი ნალექები, გარდა ამისა, ხშირია ნისლი. წყლის განმავლობაში ნალექები მოდის შედარებით თანაბრად. მათი ჯამი 1000 მმ-ს აღემატება, ხოლო ზოგიერთ ადგილში 2000 მმ-ს აღწევს. შემოდგომასა და ზამთარში ყოველ მეორე დღეს მოდის წვიმა, წელიწადში საშუალოდ 150-160 დღე ნალექიანია. ზაფხული ცხელია, ჰაერის შეფარდებითი სინოტივე 80% ჭარბობს, რაც ხელს უწყობს აქ ამინდის ნოტიო ტროპიკული ტიპის წარმოქმნას.[4]
ჰორიზონტი მ | იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |
0 | 7,7 | 7,2 | 6,8 | 9,2 | 14,1 | 19,8 | 22,8 | 23,8 | 20,8 | 18,7 | 11,7 | 9,5 |
10 | 7,7 | 7,1 | 6,8 | 9,0 | 12,8 | 18,5 | 21,8 | 23,6 | 20,7 | 18,6 | 11,8 | 9,6 |
20 | 7,7 | 7,0 | 6,7 | 8,4 | 10,2 | 11,9 | 12,2 | 13,6 | 19,2 | 17,9 | 11,6 | 9,6 |
30 | 7,7 | 7,0 | 6,6 | 7,7 | 7,9 | 7,8 | 8,5 | 9,0 | 9,1 | 12,0 | 10,4 | 9,2 |
50 | 7,6 | 7,4 | 7,3 | 7,6 | 7,4 | 7,3 | 7,4 | 7,6 | 7,2 | 8,0 | 7,6 | 7,8 |
100 | 8,3 | 8,4 | 8,4 | 8,4 | 8,3 | 8,3 | 8,4 | 8,3 | 8,3 | 8,2 | 8,3 | 8,3 |
200 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 | 8,7 |
500 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 8,9 |
1000 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 8,9 | 8,9 | 8,9 | 9,0 | 8,9 | 8,9 | 9,0 |
1500 | 9,0 | 9,0 | 9,1 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 9,0 | 9,0 |
შავი ზღვის ყინულოვანი საფარი ხშირად წარმოიქმნება მხოლოდ ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მკაცრ ზამთარში. კავკასიისა და ანატოლიის სანაპიროებზე ყინული ჩვეულებრივ არ ჩნდება. თითქმის ყოველ წელს იყინება დნეპრის, ბუგისა და დნესტრის ლიმანები, დუნაის დელტის სიახლოვეს არსებული ტბები. ძალიან ცივ ზამთარში მდინარე დუნაის ყინულები ბოჭავს, ხოლო რიგ შემთხვევებში ზღვის სანაპირო ზოლსაც. ყინულსვლის პერიოდში დინებას ყინულები გადააქვს სამხრეთით, ბულგარეთის სანაპიროსთან; ჩვეულებრივ ისინი აღწევენ კალიაკრის კონცხს, ხოლო იშვიათ შემთხვევებში გადაადგილდებიან სამხრეთისაკენ. გამონაკლისად მკაცრ ზამთარში, როდესაც ზღვა იყინება ბულგარეთის სანაპიროსთან, დამტვრეული ყინული ბოსფორისა და ერეგლისკენ ინაცვლებს.[4]
ყირიმის სანაპიროსთან ყინული ჩვეულებრივ წარმოიქმნება თარხანკუთის კონცხამდე, ხოლო დამტვრეული ყინული ევპატორიამდე აღწევს. აზოვის ზღვიდან წამოსული ყინული ხშირად ჩნდება ქერჩის სრუტის სიახლოვეს და აღმოსავლეთის მიმართულებით ანაპამდე აღწევს, ხოლო დასავლეთის მიმართულებით — ფეოდოსიამდე.[4]
2012 წელს ძლიერმა ყინვებმა შავი ზღვის სანაპირომდეც მიაღწია. ქერჩში, ოდესის ევპატორიასთან, წყალი ყინულად გადაიქცა. სანაპიროსთან ყინულის ნამსხვრევები დაცურავდნენ, ხოლო ნაპირიდან 100 მეტრის მანძილზე შესაძლებელი გახდა საშუალო ზომის აისბერგების დანახვა. შექმნილი მდგომარეობის გამო 15 თებერვლამდე უკრაინის პორტებში საზღვაო მიმოსვლა შეჩერდა.[14] დაიკეტა რუმინეთის პორტი „კონსტანცა“, სადაც შავი ზღვის ნაპირიდან 100 მეტრის მანძილზე ზღვა გაყინული იყო. ყინულის სისქე აქ თითქმის 40 სანტიმეტრს აღწევს. რუმინეთსა და ბულგარეთში გამოცხადდა „ყვითელი“ და „სტაფილოსფერი“ საფრთხის კოდი. ევპატორიაში ყინულმა წყლის 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაფარა. ბოლოს შავი ზღვა ოდესის სანაპიროსთან 1977 წელს გაიყინა.[15]
შავი ზღვის ძგიფის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით ჰეროდოტესთან. იგი აღნიშნავს, რომ ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა ხშირად იფარება ყინულის საკმაოდ სქელი ფენით, რომელიც იმსხვრება გაზაფხულზე და შემდეგ ირიყება შავ ზღვაში. რომაელი პოეტი ოვიდიუსი წერს, რომ 7-იდან 17 წლამდე პერიოდში სამი ზამთრის განმავლობაში დუნაი და ზღვის სანაპირო წყლები მნიშვნელოვან მანძილზე იყინებოდა. შავი ზღვა მნიშვნელოვნად გაიყინა 401 წელს. ამიანე მარცელინუსი წერდა, რომ თითქმის მთელი ზღვა გაიყინა, გაზაფხულზე ყინულის ველებმა ბოსფორი ამოავსეს, ხოლო მისგან გადაინაცვლეს მარმარილოს ზღვაში და ასე ცურავდნენ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. ბიზანტიურ წყაროებში აღინიშნება ბოსფორის გაყინვები 739, 753 და 755 წლებში. 755 წელს ყინული წარმოიქმნა მარმარილოს ზღვაში და ამოკეტა დარდანელის სრუტე.[4]
ინტენსიური ყინულწარმოქმნის შესახებ ცნობებს გვაწვდის პატრიარქი ნიკიფორე და მემატიანე კოდრინი, 762 წელს. ისინი წერენ: ხმელეთიდან დაახლოებით 100 მილში გაიყინა შავი ზღვა ანატოლიის სანაპიროზეც კი. ნესებირიდან ყინულზე გავლით შესაძლებელი იყო კავკასიის ნაპირებამდე მისვლა.[4]
928 და 934 წლებში ბოსფორში აღინიშნა ძგიფი. 1011 წელს გაიყინა არა მხოლოდ ბოსფორი, არამედ მარმარილოს ზღვის ნაწილიც. მაშინვე დიდი სიცივეები დაფიქსირდა სირიასა და ეგვიპტეში, ყინული წარმოიქმნა მდინარე ნილოსის ქვემო დინებაში. 1068 წელს გაიყინა შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი, რომლის შესახებ ცნობებს გვაწვდის გლებ სვიატოსლავიჩი. 1232, 1621, 1669 და 1755 წლებში შავი ზღვის სამხრეთ ნაპირებთან და ბოსფორში წარმოიქმნა ყინული. 1813 წელს ყინულით დაიფარა შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაპირი ყირიმის სამხრეთ რაიონამდე. 1823, 1849 და 1862 წლებში გაიყინა ბოსფორი. 1929, 1942 და 1954 ყინული წარმოიქმნა თითქმის მთელი ბულგარეთის სანაპიროს გასწვრივ, მაშინვე აღწევდნენ ყინულები ბოსფორამდე.[4]
მტკნარი წყლები იყინება 0°С-ზე, ხოლო მარილიანი წყლები უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში. ოკეანეებში წყალი იყინება —1,9°С-იდან —2°С-მდე ტემპერატურის პირობებში, ხოლო შავ ზღვაში —0,9°С ტემპერატურის დროს, თუმცა მხოლოდ წყნარი ამინდისას. ძლიერი ღელვისას წყალში წარმოიქმნება ყინულის კრისტალები — „ყინულის ფაფა“, ამასთან ერთად წყლის ტემპერატურა შეიძლება იყოს — 1,1 ან —1,2°С.[4]
ზღვის ზედაპირის ფერს განსაზღვრავს წყალში არაორგანული და ორგანული სუსპენზია, ცის ფერი, სიღრმე, ხოლო ნაპირების სიახლოვეს ფსკერული დანალექების ფერი. შავი ზღვა აზოვის ზღვის ღია-მწვანე წყლებთან შედარებით შეიცავს შედარებით მუქ წყლებს. მარმარილოსა და ეგეოსის ზღვების წყლები ძირითადად უღრუბლო დღეების დიდი რაოდენობის გამო უფრო ღიაა, ხოლო შავ ზღვაზე ცა ხშირად არის დაფარული ბნელი და დაბალი წვიმიანი ღრუბლებით. გარდა ამისა, შავი ზღვის წყლები მარმარილოსა და ეგეოსის ზღვებთან შედარებით შეიცავს დიდი რაოდენობით პლანქტონებს, ხოლო ნაპირებთან დეტრიტსა და თიხოვან ნალექებს. შავი ზღვის ფერი ერთნაირი ყველგან არ არის; იგი იცვლება სეზონისა და ამინდის შესაბამისად. ზღვის სანაპირო თხელი გამტკნარებული ნაწილის წყლები ჩვეულებრივ მომწვანო ფერისაა, ნაპირიდან 30-40 მილის დაშორებით წყალი სუფთა ლურჯი ფერისაა, ხოლო შუალედურ ზონაში დამახასიათებელია სხვადასხვა ელფერის მოლურჯო-მომწვანო ფერი. სანაპირო წყლებს მწვანე ფერს ძირითადად ანიჭებენ ფიტოპლანქტონები. გაზაფხულზე წყლის ფერი იცვლება მოყვითალო-მომწვანოდან მოყავისფრომდე. მდინარეების შესართავის სიახლოვეს წყალი მდინარეული ნალექების გამო გამუდმებით მღვრიეა, მოყვითალო-მოყავისფრო ფერისაა. წვიმის შემდეგ, თიხოვანი ნაწილაკები მნიშვნელოვან მანძილზე მიიმართება სანაპიროსკენ. წყლის ძლიერი ღელვისას ზღვის სანაპირო მეჩხერი ნაწილი აგრეთვე იღებს თიხის ფერს. საყოფაცხოვრებო და საწარმოო ჩამონადენი სხვადასხვაგვარად ცვლის წყლის ფერს, ანიჭებს რა შავ ან ყავისფერ ფერს. ნავთობის ლაქები ცვლის არა მხოლოდ წყლის ფერს, არამედ ზღვის ზედაპირის იერსაც.[4]
წყლის ფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული გამჭვირვალობასთან. მდინარეების შესართავთან და წყალმარჩხ რაიონებში წვიმის ან ღელვის შემდეგ წყლის გამჭვირვალობა მხოლოდ სანტიმეტრს შეადგენს. სანაპირო ღია წყლებში გამჭვირვალობა უმეტეს შემთხვევებში 2-8 მ აღწევს, ღრმა წყლიან რაიონებში იგი მატულობს თითქმის 3-ჯერ. შედარებისთვის შეიძლება აღინიშნოს, რომ პლანქტონით ღარიბ ზღვებში გამჭვირვალობა რამდენადმე მეტია. ხმელთაშუა ზღვის ღია რაიონებში იგი 50-60 მ აღწევს, ხოლო სარგასოს ზღვაში — 67 მ. შავი ზღვის სხვადასხვა ფენებს აქვთ სხვადასხვა გამჭვირვალობა.[4]
მზის შუქი იფანტება და იშლება ზღვის წყალში. სპექტრის წითელი ნაწილის სხივები, რომლებიც აუცილებელია ფოტოსინთეზის პროცესებისათვის, იშთანთქმება უკვე ზღვის ზედა ფენაში (5 მ სიღრმესთან — წითელი, 10 მ სიღრმესთან — ყვითელი). მწვანე სხივები შთაინთქმება 15-20 მ სიღრმეებთან. ლურჯი სხივები დიდ სიღრმეზე (25-30 მ-მდე) იჭრება და წყალს ლურჯ ფერს ანიჭებს. მცენარეული ორგანიზმები ამცირებენ გამჭვირვალობას და შესაბამისად, შუქსხივების შეჭრის სიღრმეს, ესე იგი აუარესებს თავისი განვითარების პირობებს და ამით ამცირებენ ფენის სისქეს, რომელიც ხელსაყრელია მათი არსებობისათვის. შუქსხივების სიღრმეში გავრცელებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ზღვის წყლის მარილიანობა. ერთი მარილიანი ფენიდან მეორე მარილიან ფენაში გასვლისას შუქსხივი გარდატეხას განიცდის. გარდატეხის კოეფიციენტი განსხვავებულია სხვადასხვა სიგრძის ტალღის შუქსხივებისათვის. გარდატეხის ყველაზე მცირე კოეფიციენტს აქვს წითელი სხივები, ხოლო ყველაზე დიდს — იისფერი. თუ შავ ზღვაში ზედაპირული ფენის მარილიანობა 18 ‰-ია, მაშინ წითელი სხივების გარდატეხის კოეფიციენტია 1,33362, ხოლო იისფერი სხივების გარდატეხის კოეფიციენტი უდრის 1,34234. 20 ‰ მარილიანობისას წითელი სხივების გარდატეხის კოეფიციენტი უდრის 1,33452, ხოლო იისფერი სხივების გარდატეხის კოეფიციენტია 1,34329. გარდატეხის კოეფიციენტზე დიდ გავლენას ახდენს წყლის ტემპერატურა. შავი ზღვის სანაპირო წყლებში, სადაც ტემპერატურა და მარილიანობა ხშირად და მკვეთრად იცვლება სიღრმესთან ერთად, სინათლის გავრცელების ხასიათი კიდევ უფრო რთული ხდება.[4]
შავი ზღვა ზაფხულის ბნელ ღამეებში ზოგჯერ ანათებს განსაკუთრებული ვერცხლისფერი შუქით — ანათებენ ტალღები, რომლებიც ნაპირებს ეხეთქებიან, გრილდება წყალი, რომელიც წარმოიქმნება ნავის ხოფთან, მყინთავი ადამიანი წყალში მანათობელ კვალს ტოვებს. გემის მოძრაობისას გამოიყოფა შუქის ზოლები, ხოლო კიჩოს ქვეშ წარმოიქმნება ნაპერწკლიანი ფუნთუნი, რომელიც მანათობელ კვალს ტოვებს. უფრო სამხრეთის ზღვებში ნათება იმდენად ინტენსიურია, რომ შესაძლებელია ფოტოგრაფიის გაკეთებაც. ეს მოვლენა წარმოიქმნება ზოგიერთი ორგანიზმის მექანიკური გაღიზიანების დროს, რომელიც მძაფრად ვითარდება ზღვაში და მას ბიოლუმინესცენცია ეწოდება. ამ ყოველივეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს Noctiluca scintillans, რომელიც ხშირად, განსაკუთრებით ზაფხულსა და შემოდგომაზე შეადგენს პლანქტონის მნიშვნელოვან ნაწილს. საკუთრივ პროცესი ბიოქიმიური ხასიათისაა. ზღვის სიღრმეში ანათებენ აგრეთვე უმაღლესი ორგანიზმები, მაგალითად, კიბოსნაირნი და თევზები, რომელთაგან პირველი საკუთრივ ანათებს, ხოლო მეორე შემთხვევაში ისინი სხეულზე მანათობელ ორგანიზმებთან ერთად არსებობენ; კრევეტები ანათებენ მანათობელი ორგანიზმების შთანთქმის შედეგად.[4]
წყლის თერმულ თვისებებს მიაკუთვნებენ თბოტევადობას, თბოგამტარობას, თერმულ გაფართოებას, აორთქლებისა და გაყინვის ფარულ სითბოსა და სხვა. სხეულის კუთრი თბოტევადობა დამოკიდებულია წნევასა და მის მოცულობაზე. მუდმივი წნევისას ზღვის წყლის თბოტევადობა დამოკიდებულია ტემპერატურასა და მარილიანობაზე. ტემპერატურის გრადიენტის არსებობისას წყალში შეინიშნება სითბოგამტარობის ორი სახეობა: მოლეკულური და ტურბულენტური. შავი ზღვა, სადაც სრული უქარობა და ღელვის არარსებობა ძალზე იშვიათი მოვლენაა, მნიშვნელობა აქვს ტურბულენტურ თბოგამტარობას. შავი ზღვის წყლების მოლეკულური თბოგამტარობა 17,5°С ტემპერატურისას შეადგენს 0,00135 კალ/(გრად. სმ). ტურბულენტური თბოგამტარობის კოეფიციენტი რამდენიმე ათასჯერ მეტია მოლეკულურ თბოგამტარობის კოეფიციენტთან შედარებით. წყლის ტემპერატურის ცვლილებებთან ერთად იცვლება მისი მოცულობა. ზღვის წყლის თერმული გაფართოების კოეფიციენტი დამოკიდებულია მარილიანობასა და სიღრმეზე. შავი ზღვის ზედა ფენებში ეს კოეფიციენტი — (e*106) — ტემპერატურასთან დაკავშირებით ირყევა —30-იდან +280-მდე, ხოლო მინიმალური მოცულობის ტემპერატურა წყლის მარილიანობასთან დაკავშირებით შეადგენს 0-1°С (მტკნარ წყლებში 4°С).[4]
ზღვის წყალი წარმოადგენს აკუსტიკურად არაერთგვაროვან გარემოს, რომელშიც ბგერითი ტალღების გავრცელება რთულად მიმდინარეობს. შავი ზღვის წყლის მასის განშრევება, პლანქტონების სიმრავლე, მყარი სუსპენზია, აირის ბუშტები და სხვა უფრო ართულებს ბგერითი ტალღების გავრცელებას. ბგერის გავრცელების სიჩქარე იცვლება მარილიანობისა და ტემპერატურის ცვლილებებთან ერთად. სხვადასხვა სიმკვრივის წყლის ფენებში გავლისას, ბგერითი ტალღა გარდატეხას განიცდის. აირის სუსპენზია და ბუშტები ფანტავენ და შლიან ბგერას. თუმცა წყლის მასის განშრევება ზოგჯერ ხელს უწყობს დიდ მანძილზე ბგერის გავრცელებას.[4]
წყლის მარილიანობისა და ტემპერატურის შესაბამისად შავი ზღვაში ელექტროგამტარობას აქვს სეზონური და სივრცითი სხვაობა. ის ირყევა ფართო საზღვრებში, დაახლოებით 0,015-იდან 0,029 ომ −1 • სმ −1-მდე ამასთან ერთად მისი მინუმუმი აღინიშნება ზამთარსა და გაზაფხულზე. მაქსიმალურ სიღრმეებზე ელექტროგამტარობა შეადგენს 0,024 ომ −1 • სმ −1. ზაფხულში მაქსიმუმი ჩვეულებრივ აღინიშნება ზედაპირულ წყლებში, მინიმუმი — დაახლოებით 75 მ სიღრმეზე, სადაც ტემპერატურა მინიმალურია; ფსკერთან ელექტროგამტარობა თანდათან მატულობს. ოკეანეში ელექტროგამტარობა უმეტეს შემთხვევაში 0,030 — 0,055 ომ −1 • სმ −1, ხოლო ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და წითელ ზღვაში ზოგჯერ იგი აღემატება 0,060 ომ −1 • სმ −1.[4]
შავ ზღვას ერთვის ბევრი დიდი მდინარე: დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი, დნეპრი, რიონი, ჭოროხი და სხვა. მდინარეული ჩამონადენის ნახევარი დუნაიზე მოდის. წლიური ჩამონადენი ხმელეთიდან 400 კმ³ უტოლდება, ესე იგი ზღვის ზედაპირზე 80 სმ წყლის ფენას. დაახლოებით ამდენივე წყალი ორთქლდება ზღვის ზედაპირიდან ყოველწლიურად. მოსული ნალექები მტკნარი წყლის სიჭარბეს ქმნის. წყალი შავი ზღვიდან ბოსფორისა და ქერჩის სრუტეებით გადის. ბოსფორის სრუტეში, რომელიც სხვადასხვა მარილიანობის ზღვებს აერთებს, ორმაგი დინება წარმოიქმნება: ზედა ფენებში — შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისკენ, ქვედა ფენებში — მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ. ამის შედეგად შავი ზღვა წელიწადში 175 კმ³ ხმელთაშუა ზღვის მლაშე წყალს იღებს, ხოლო აზოვის ზღვა ყოველწლიურად შავ ზღვას 66 კმ³ დაბალი მარილიანობის წყალს აძლევს.[1]
დუნაის შავ ზღვაში წლიურად საშუალოდ შეაქვს 203 კმ³ წყალი. მისი აუზის ფართობი შეადგენს 817,000 კმ²-ს. დნესტრის სიგრძეა 1352 კმ, აუზის ფართობი 72,1 ათასი კმ². სამხრეთის ბუგი სათავეს იღებს პოდოლსკის მაღლობის ჭაობებიდან და ერთვის შავი ზღვის დნეპრის ლიმანს. აღსანიშნავია მდინარე დნეპრი, რომლის სიგრძეა 2145 კმ, ხოლო აუზის ფართობი 504,000 კმ². კახოვკის წყალსაცავისა და ჩრდილოეთ ყირიმის არხის აშენების შემდეგ, ზღვაში ჩამდინარე დნეპრის წყლის რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა. მდინარე რიონის სიგრძეა 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². ერთვის შავ ზღვას ფოთთან. რიონს შავ ზღვაში წლიურად 12,9 კმ³ წყალი და დიდი რაოდენობით მყარი ჩამონადენი შეაქვს. ჭოროხის სიგრძე 438 კმ-ია, აუზის ფართობი 22000 კმ². შავ ზღვას ერთვის საქართველოს ტერიტორიიდან, სადაც მოქცეულია მდინარის 26 კმ-იანი მონაკვეთი. ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას.
დუნაი სათავეს იღებს ალპებში, შვარცვალდის მთებში, გაედინება 9 ქვეყნის ტერიტორიაზე. სათავიდან ქალაქ დევინამდე (970 კმ), დუნაის მთის ტიპის მდინარეა, დევინიდან ქალაქ დრობეტა-ტურნუ-სევერინამდე (950 კმ) თანდათან იღებს ვაკე მდინარის რეჟიმს, ხოლო კიდევ 940 კმ გავლის შემდეგ ატარებს მკაფიოდ გამოხატული ვაკე მდინარის ხასიათს.[3]
დნესტრი სათავეს იღებს კარპატებში, ზღვის დონიდან 911 მ სიმაღლეზე. ზემოთში მთის ხასიათისაა, კალაპოტში ალუვიური ფორმები გვხვდება. ქალაქ გალიჩის შემდეგ მდინარე ვაკე ხასიათის ხდება. დნესტრის კალაპოტი ქვიშაქვების, ხრეშისა და კენჭნარის მოპოვების ტრადიციული ადგილია, რომლებსაც სამშენებლო მასალად იყენებენ.[3]
სამხრეთის ბუგის აუზი მდებარეობს პოდოლსკისა და დნეპრისპირეთის მაღლობებს შორის, ქვემო დინება — შავიზღვისპირა სტეპური დაბლობის ფარგლებშია. შავიზღვისპირა დაბლობზე, რომელიც აგებულია მეოთხეული ლიოსისებრი თიხნარით, კალაპოტი ძირითადად სწორხაზოვანია და ფართოჭალიანი და მხოლოდ ქვემოთში იჭრება ნეოგენურ კირქვებში. ნაყარი შლამოვან-ქვიშიანია, ხოლო შესართავში შლამიანი.[3]
დნეპრი სათავეს ვალდაის მაღლობზე იღებს. მისი სათავე 253 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კვეთს ტყის შერეულ და ფართოფოთლიან ზონებს ჩრდილოეთით და სტეპებს სამხრეთით. დნეპრის აუზის მდინარეებისათვის დამახასიათებელია მეტწილად თოვლით საზრდოობა. ჩამონადენის დიდი ნაწილი მოდის გაზაფხულის წყალდიდობაზე. ნაყარის ჩამონადენი არც თუ ისე დიდია. შესართავში წყლის სიმღვრივე 0,5-1,0 კგ/მ³ აღწევს.[3]
რიონი სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასისმთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ სიმაღლეზე. ქალაქ ქუთაისის ქვემოთ გადის კოლხეთის დაბლობზე, სადაც იტოტება. შესართავში წარმოქმნის დელტას. შერეული საზრდოობის მდინარეა.[16]
ჭოროხი იწყება ოქუს-ბადადაღის მთებში, ზღვის დონიდან 3225 მ სიმაღლეზე. ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას.[17]
შავი ზღვის წყლის მარილიანობა, მტკნარი წყლის სიჭარბის გამო, საშუალო ოკეანურზე ბევრად დაბალია: ზედაპირზე, ზღვის ცენტრალურ ნაწილში, იგი მხოლოდ 18‰ შეადგენს, ზოგიერთ შემთხვევაში აჭარბებს 18,2‰, ზოგჯერ 18,5‰ კი აღწევს, მდინარეთა შესართავებში მარილიანობა 2-3‰ აღწევს. მარილიანობის სეზონური რყევა ზღვის ამ ნაწილში მცირეა — გაზაფხულსა და ზაფხულში პერიფერიული რაიონების სიახლოვეს მისი მინიმუმი აღწევს 17,5‰. ნაპირების სიახლოვეს მდინარეული წყლების ზემოქმედების შედეგად მარილიანობა იკლებს, მისი სეზონური რყევები აქ მნიშვნელოვანია. უმეტეს შემთხვევაში სანაპირო წყლების საშუალო მარილიანობა იცვლება 15-იდან 17‰-მდე. ყველაზე დაბალი მარილიანობა შეინიშნება ჩრდილო-დასავლეთში (13-15‰), სადაც ზღვაში შედის მდინარეული წყლების ძირითადი რაოდენობა.[4]
მდინარეების შესართავის სიახლოვეს არსებულ ძლიერ გამტკნარებულ მონაკვეთებზე მდინარეული წყლის მღვრიე თხელი ზედაპირული ფენა თითქმის არ იღრევა ზღვის წყალთან. ზღვის დასავლეთით, სანაპიროს გამტკნარებულ ზოლში მარილიანობის სეზონური ცვლილებები დაკავშირებულია დუნაისა და სხვა მდინარეების ჩამონადენის რყევასთან. ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის სიახლოვეს ზედაპირული წყლების მარილიანობა წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლება და შეადგენს თითქმის იგივე სიდიდეს, როგორიც არის ზღვის ცენტრალურ რაიონებში. პრიმორსკოს სიახლოვეს, გაზაფხულზე სამხრეთის ქარების დროს შეინიშნებოდა მარილიანობის აბსოლუტური მინიმუმი — დაახლოებით 4‰.[4]
შესართავიდან მოშორებით მარილიანობა ზღვაში მატულობს, ხოლო მისი რყევის ამპლიტუდები კლებულობს. ბოსფორსა და ზღვის ცენტრალურ ნაწილში ზედაპირული წყლების საშუალო მარილიანობა ერთნაირია, თუმცა მისი რყევის ამპლიტუდები ბოსფორში მნიშვნელოვანია, ამასთან, მაქსიმალური მნიშვნელობა ახლოს დგას მარმარილოს ზღვის წყლების მარილიანობის მნიშვნელობებთან. შავ ზღვაში წყლის მარილიანობა სიღრმესთან ერთად მატულობს. ზღვის ცენტრალურ ნაწილში 75 მ სიღრმეზე მარილიანობა უდრის დაახლოებით 18‰, 100 მ სიღრმეზე — 19,3‰, 150 მ სიღრმეზე — 20‰, 300 მ სიღრმეზე — 21‰ აჭარბებს. მარილიანობის შემდგომი მატება სიღრმესთან ერთად ნელდება, 1000 მ სიღრმეზე მარილიანობა დაახლოებით 22‰ ტოლია, 2000 მ-ის ქვემოთ — დაახლოებით 22,4‰.[4]
მარილიანობის მაქსიმალური ცვლილებები ვერტიკალის მიხედვით აღნიშნულია 75-100-იდან 150-200 მ-ის ფენაში. სანაპირო რაიონებში გამტკნარებულ წყლებთან ერთად მარილიანობის ცვლილება ვერტიკალის მიხედვით მეტია, ვიდრე ზღვის ცენტრალურ რაიონებში. მარილიანობა ვერტიკალის მიხედვით განსაკუთრებით უეცრად იცვლება დიდი მდინარეების შესართავების სიახლოვეს. მარილიანობის განსაკუთრებული ვერტიკალური გავრცელება აღინიშნება ბოსფორის შესასვლელში, მარმარილოს ზღვის ნაკადის გავრცელების ზონაში. შავი ზღვის ღრმა წყლიან რაიონებში მარილიანობის სეზონური ცვლილებები მკვეთრად შეიმჩნევა 75 მ სიღრმემდე. სიღრმიდან მარილიანობის უდიდესი ცვლილება აღინიშნება გაზაფხულზე, მაშინ როდესაც ვერტიკალური აღრევა თითქმის არ შეინიშნება. ამ სეზონში ზედაპირზე მარილიანობა მინიმალურია, თუმცა სიღრმესთან ერთად მკვეთრად მატულობს. ღია ზღვაში ზედაპირული წყლის მარილიანობაა 17-18‰, მდინარეთა შესართავებთან 9-3‰-ზე ნაკლები; 60-80 მ სიღრმეზე მარილიანობა 19-20‰ აღწევს, ფსკერთან — 22-22,5‰.[4]
შავი ზღვის ზედაპირული წყლების საშუალო წლიური ტემპერატურა ძირითადად დამოკიდებულია დაკვირვების პუნქტის გეოგრაფიულ მდებარეობასა და გაბატონებულ დინებებზე. ნაპირიდან მოშორებით საშუალო წლიური ტემპერატურა შედარებით სულ ცოტათი იცვლება. შავი ზღვის ყველაზე თბილი რაიონი — მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილია. კავკასიის მთები ამ რაიონში არ ატარებენ ჩრდილოეთის ქარებს, ამასთან ერთად, აქ გადის სანაპირო დინება. შედარებით თბილია აგრეთვე ყირიმის სამხრეთი ნაპირი, რომელსაც ჩრდილოეთის ქარებისგან იცავს ყირიმის მთები. ზედაპირული წყლების მაქსიმალური საშუალო თვიური ტემპერატურა ჩვეულებრივ აგვისტოში აღინიშნება. მხოლოდ ქერჩის სრუტეში, წყალმარჩხი რაიონებიდან წამოსული კონტინენტური და აზოვის წყლების ზეგავლენით ივლისში ის რამდენადმე მაღალია, ვიდრე აგვისტოში.[4]
მინიმალური საშუალო თვიური ტემპერატურა თითქმის ყველგან თებერვალში ფიქსირდება. გამონაკლისს წარმოადგენს ქერჩის სრუტე, სადაც იანვარსა და თებერვალში საშუალო ტემპერატურა თანაბარია, აგრეთვე კონსტანცის რაიონი, სადაც დუნაის წყლების ზეგავლენით ტემპერატურის მინიმუმი იანვარში აღინიშნება.[4]
წყლის ტემპერატურის ყველაზე დიდი სეზონური ცვლილებები ჩვეულებრივ 75 მ სიღრმემდეა. სიღრმის მატებასთან ერთად ტემპერატურის ცვლილება უფრო და უფრო შეუმჩნეველი ხდება და ხშირად გამოიხატება გრადუსის მეასედ წილში. წყლის ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილება სიღრმეებში იქმნება ზედა ფენებთან ერთად, ვერტიკალური წყლის ბრუნვისას.[4]
ზამთარში ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება წყლის ზედაპირულ ფენაში, სიღრმის მატებასთან ერთად იგი მატულობს. გაზაფხულზე, როდესაც ზედაპირული ფენები თბება, ყველაზე დაბალი ტემპერატურა უდრის ზამთრისას და ვლინდება 75-იდან 200 მ-მდე სიღრმეებზე. ზაფხულში წყლის მინიმალური ტემპერატურა აღინიშნება 75 მ სიღრმეზე, უფრო დაბლა ტემპერატურა თანდათან მატულობს. 500 მ სიღრმიდან მყარდება თითქმის მუდმივი ტემპერატურა — 8,9 °C. ხოლო შავი ზღვის მაქსიმალურ სიღრმეებზე, კერძოდ, 2000 მ-ზე ქვემოთ, იგი უდრის 9,1 °C.[4]
წყლის ტემპერატურის სეზონური ცვლილებების ამპლიტუდა, უფრო მეტია სანაპიროსთან, ვიდრე ზღვის ცენტრალურ რაიონებთან. გარდა ამისა, ზედაპირული წყლების ტემპერატურა მნიშვნელოვნად იცვლება დღე-ღამის განმავლობაში. წყალი ჩვეულებრივ, ყველაზე ცივია დილაადრიან, ხოლო ყველაზე თბილი — შუადღის შემდეგ. დღე-ღამური რყევების ამპლიტუდა სანაპირო წყლებში უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო ნაპირიდან დაშორებით ეს მაჩვენებელი კლებულობს.[4]
ზამთრის თვეებში, სანაპირო რაიონებში ტემპერატურის დღე-ღამური რყევების ამპლიტუდები 0,5 °C ნაკლებია, ხოლო ზაფხულის თვეებში 2 °C. საშუალო დღე-ღამური ტემპერატურების სხვაობა სეზონური ხასიათისაა.[4]
ტემპერატურის წლიური მსვლელობის სიდიდე საშუალო თვიური მონაცემებით შავი ზღვის სანაპირო წყლების დიდ ნაწილში მერყეობს დაახლოებით 17-20 °C შორის. მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურების სხვაობა განსაკუთრებით დიდია წყალმარჩხ ყურეებში. ასე მაგალითად, კარკინიტის ყურეში იგი ხშირად აღწევს 31 °C (1-იდან +30 °C-მდე). ტემპერატურის რყევების მაქსიმალური შლილი ვარნის ყურეში შეადგენს 30 °C.[4]
ტემპერატურისა და მარილიანობის შესაბამისად, შავ ზღვაში წყლის სიმკვრივე შესამჩნევად იცვლება როგორც დროში, ისე სივრცეში. გაზაფხულზე და ზაფხულში ზედა ფენებში იგი მცირდება. ზღვის ცენტრალურ რაიონებში წყლის საშუალო სიმკვრივე ზედაპირულ ფენაში უახლოვდება 1,0123-ს, მაქსიმალურ სიღრმეებზე აღწევს 1,0173-ს. შავი ზღვის გამტკნარებულ სანაპირო რაიონებში სიმკვრივე მცირდება, მისი საშუალო მნიშვნელობაა დაახლოებით 1,0115, ზოგჯერ, ზაფხულში, მდინარეების შესართავის რაიონებში ეს მაჩვენებელი მცირდება 1-მდე.[4]
წყლის ფენების ვერტიკალური სიმტკიცე, რომელიც ძირითადად სიმკვრივეზეა დამოკიდებული, ახასიათებს უფრო მსუბუქ და უფრო მძიმე წყლების განლაგებას. თუკი სიმკვრივე ვერტიკალის მიხედვით იცვლება უმნიშვნელოდ, ფენების გადაადგილება ხდება რბილად, იმ შემთხვევაში თუ ქვედა ფენები ზედა ფენებზე უფრო მძიმეა, ვერტიკალური გადაადგილება გართულებულია. როდესაც ზედა ფენა ქვედაზე უფრო მძიმე ხდება, ვერტიკალური ცირკულაცია იქმნება სპონტანურად. შავ ზღვაში ფენების სიმტკიცე 200 მ-მდე მეტად მაღალია. სეზონის შესაბამისად, მაქსიმალური სიმტკიცის ფენა მდებარეობს სხვადასხვა სიღრმეებზე — გაზაფხულზე ჰორიზონტეზე 10-25 მ, ზაფხულში — დაახლოებით 25 მ, ზამთარსა და შემოდგომაზე — დაახლოებით 75-100 მ. წყალმარჩხ რაიონებში მაქსიმალური სიმტკიცე ჩვეულებრივ შეინიშნება ფსკერისპირა წყლებში.[4]
საშუალო წლიური დონე და სეზონური დონეები უმნიშვნელო რყევას განიცდის (მაქსიმუმ 18 სმ). მდინარეული წყლები, რომელნიც უმთავრესად ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იჭრება, აქ დონეების მუდმივ აწევას იწვევს, ზღვის სამხრეთ ნაწილთან შედარებით. ამის შედეგად, დასავლეთ ნაპირების გასწვრივ, ბოსფორისკენ, დინება წარმოიშობა. წყლის ნაწილი სრუტეში იჭრება, ნაწილი კი განაგრძობს მოძრაობას სამხრეთით, შემდეგ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაპირების გასწვრივ და წრიულ დინებას ქმნის. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულების წრიული დინების გარდა, კიდევ ორი წრიული დინება გამოიყოფა — ზღვის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, და კიდევ ორი მცირე წრიული დინება ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ქარების გავლენით დინებები ხშირად იცვლის მიმართულებას (ზოგჯერ საწინააღმდეგოზე), რაც არღვევს დინების საერთო სქემას. მოქცევები ზღვაზე სუსტადაა გამოხატული.[1]
შავი ზღვის დონე საშუალოდ 53 სმ-ით მაღალია მარმარილოს ზღვის დონეზე. გაზაფხულზე როდესაც მოედინება მდინარეული წყლების მნიშვნელოვანი რაოდენობა შავი ზღვის დონე მატულობს, კლებულობს მარილიანობა, იზრდება შავი ზღვის წყლების ჩამონადენი მარმარილოს ზღვაში. საპირისპირო ეფექტი აღინიშნება შემოდგომის ბოლოს, როდესაც კლებულობს დუნაის ჩამონადენი. პირდაპირი დამოკიდებულება დუნაისა და შავი ზღვის დონეებს შორის დრო და დრო ირღვევა, როდესაც ქრის ხანგრძლივი ქარი. ზღვაზე დონის დიდი რყევა ხდება ერთკვანძიანი და ორკვანძიანი ვერტიკალური ტალღების შედეგად. შავი ზღვის სადღეღამისო დონის რყევა მეტაც მცირეა. მზის მოქცევის სიმაღლე საშუალოდ შეადგენს 4 სმ, მზისა და მთვარისა — დაახლოებით 9 სმ. ზაფხულში დონის სადღეღამისო რყევა ბრიზების გავლენის გამო საკმაოდ დიდია. სანაპირო სადგურებზე დაკვირვებებმა უჩვენა, რომ შავი ზღვის დონეს აქვს მატების საერთო ტენდენცია. ვარნის ყურის რაიონში დონის მატება მრავაწლიურ ასპექტში შეადგენს დაახლოებით 2 მმ წელიწადში. ასეთი ტენდენცია გამოხატავს შავი ზღვის ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილის საერთო დადაბლებას, თუმცა განსაზღვრული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს პოლარული ყინულების დნობის შედეგად გამოწვეულ მსოფლიო ოკეანის დონის მატებასაც.[4]
ზღვის სხვადასხვა ნაწილში საშუალო წლიური დონე სხვადასხვაგვარია, რადგან ზღვის ზედაპირი დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ვარნის სიახლოვეს ზღვის დონე უფრო მაღალია, ვიდრე შავი ზღვის ბოსფორის შესართავის სიახლოვეს არსებული დონე. ზედაპირის დონის სხვაობა ზღვის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაპირებს შორის უდრის დაახლოებით 8-9 სმ. კარკინიტის ყურის რაიონსა და ყირიმის სამხრეთი ნაპირზე საშუალო დონე დაბალია, ვიდრე ოდესის რაიონში და ისეთივეა როგორც ვარნის რაიონში. ქერჩის სრუტეში, პირიქით, შეინიშნება დონის გარკვეული მატება. ზღვის ცენტრალური ნაწილის დონე რამდენიმე სანტიმეტრით დაბალია, ვიდრე სანაპირო რაიონების დონე (კარკინიტის ყურისა და ყირიმის სამხრეთი ნაპირის რაიონების გარდა). ზღვის დონე ყირიმსა და ანატოლიას შორის რამდენადმე აწეულია.[4]
შავი ზღვის წყლის დონის სხვადასხვაგვარი მდებარეობა განპირობებულია სტატიკური ფაქტორებით — წყლის სიმკვრივით, რომელიც უმთავრესად დამოკიდებულია მარილიანობაზე, და — დინამიკური ფაქტორებით, — მდინარეული წყლების უწყვეტი მოდენით. სანაპიროს სიახლოვეს არსებული დინება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ზღვის ზედაპირის ტოპოგრაფიაზე, არამედ სიღრმულ ფენებზეც.[4]
შავი ზღვის ზედაპირული დინებები წარმოიქმნება დიდი მდინარეების შესართავებსა და ქერჩის სრუტეში. მდინარის წყლები, რომლებიც ზღვას აღწევენ, კორიოლისის ძალით იხრებიან მარჯვნივ. შემდგომ, დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს ქარი და ნაპირების კონფიგურაცია. გაზაფხულზე, როდესაც მდინარეული ჩამონადენი მაქსიმალურია იგი წარმოადგენს ზედაპირული ცირკულაციის ძირითად მიზეზს ზღვაში.[4]
მდინარეული წყლების ძირითადი რაოდენობა ჩადის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც იქმნება სანაპირო დინება. დნეპრის, სამხრეთის ბუგისა და დნესტრის წყლების შეკრების შემდეგ, იგი აღწევს თავის ზუსტ მასშტაბებს როდესაც იღებს დუნაის წყლებს. ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროების სიახლოვეს ეს დინება მიმართულია სამხრეთისაკენ. ვარნის აღმოსავლეთით, იქ, სადაც მას ერწყმის ყირიმის დინება, იქმნება დინება, რომელიც მიმართულია სამხრეთისაკენ, ბოსფორისკენ. სანაპიროდან რამდენიმე მილის მოშორებით, სადაც გადის დინების ღერძი, იგი იღებს ყველაზე უფრო მძლავრ ხასიათს, სადაც მარილიანობა ყველაზე მცირეა. დინების ღერძიდან ნაპირისაკენ მარილიანობა რამდენადმე მატულობს, დინების სიჩქარე იკლებს, იქმნება უკუდინების წარმოქმნის პირობები.[4]
უშუალოდ სანაპიროსთან, მისი კონფიგურაციიდან გამომდინარე, არსებობს ადგილობრივი დინებები. ადგილობრივი მდინარეული ჩამონადენის ზეგავლენით, მარილიანობა აქ კლებულობს. დინება, რომელიც ნაპირს ებჯინება, სუსტია, მათზე უფრო მეტად გავლენას ქარები ახდენენ. თუმცა, საერთო ჯამში, დომინირებს სამხრეთი დინება. ქარების სეზონურ ცვლილებებთან და მდინარეული წყლების მოდენასთან დაკავშირებით, სამხრეთი დინება ყველაზე ინტენსიურია ზამთარსა და გაზაფხულზე. ზაფხულში, როდესაც იგი სუსტდება, ჩრდილოეთის უკუდინება შესამჩნევად არის გამოხატული. უკანასკნელი მძაფრდება აგრეთვე შემოდგომაზე, ზოგჯერ მნიშვნელოვნადაც.[4]
ბოსფორიდან, სანაპირო დინების ძირითადი ნაწილი აგრძელებს მოძრაობას ანატოლიის სიახლოვეს. გაბატონებული ქარები ხელს უწყობენ დინების აღმოსავლეთ მიმართულებას. კერემპეს კონცხიდან დინების ერთი ნაკადი იხრება ჩრდილოეთისაკენ, ყირიმისკენ, მეორე, მოძრაობას აგრძელებს აღმოსავლეთისაკენ, გზა და გზა იკავებს თურქეთის მდინარეების ჩამონადენს. ზედაპირული დინება ჩვეულებრივ, ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წარმოქმნის გრიგალს, რომელიც იქმნება სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქარების ზეგავლენით.[4]
კავკასიის სანაპიროს სიახლოვეს ჭარბობს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების დინება. ქერჩის სრუტის რაიონში იგი ერწყმის აზოვის დინებას. ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან დინება იყოფა. ერთი ტოტი, რომელიც სამხრეთისაკენ ეშვება, კერემპეს კონცხიდან მიმავალ დინებასთან იშლება და სინოპის რაიონში ერწყმის ანატოლიის დინებას. შესაბამისად, იკეტება აღმოსავლეთ შავი ზღვის ციკლონური მიმოქცევის წრე. აზოვის დინების მეორე ტოტი ყირიმიდან მიიმართება დასავლეთისაკენ და იყოფა ჩრდილოეთ-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებებად. უკანასკნელს ეწოდება ყირიმის დინება და „მდინარეულ დინებასთან“ შერწყმის შედეგად, რომელიც იქმნება დნეპრის, სამხრეთის ბუგის, დნესტრისა და დუნაის წყლებით კეტავს დასავლეთ შავი ზღვის ციკლონური მიმოქცევის წრეს.[4]
ზედაპირული ციკლონური დინების ქვეშ 150-200 მ სიღრმეზე ხშირად იქმნება კომპენსაციური ანტიციკლონური დინებები. ასეთი დინებები არის დიდი მდინარეების შესართავებთანაც. ზღვის ცენტრალურ რაიონებში დინების სიჩქარე კლებულობს. ცენტრალურ რაიონებში პრაქტიკულად არ არის განსაზღვრული მიმართულების დინებები, არსებობს მხოლოდ წყლის მასების დრეიფული გადაადგილებები, რომლებიც წარმოიქმნება ქარების ზემოქმედების შედეგად. ძლიერი ქარების დროს ზღვიდან ძლიერდება სანაპირო ზედაპირული დინება, თუმცა ყველა სეზონში უმნიშვნელოა გარდა ზამთრის პერიოდისა.[4]
ღელვის ინტენსივობა, ტალღების სიმაღლე და მათი სიჩქარე დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე, მის ხანგრძლივობასა და ტალღის გაქანებაზე. ბულგარეთის სანაპიროსთან მაქსიმალური ღელვა, როგორც ჩანს, უნდა იქმნებოდეს აღმოსავლეთის ქარების დროს, ხოლო კავკასიის სანაპიროზე — დასავლეთის ქარების დროს. ორი დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელებული 7-8 ბალიანი ქარების დროს ბულგარეთის სანაპიროსთან უნდა იქმნებოდეს 90 მ სიგრძისა და 7 მ-ის სიმაღლის ტალღები. კავკასიის სანაპიროსთან, სადაც არის მნიშვნელოვანი სიღრმეები, ტალღები შედარებით მაღალია; ასე მაგალითად, ქალაქ ფოთის რაიონში აღნიშნულია დაახლოებით 5 მ-ის სიმაღლის ტალღები, ხოლო სოჭის რაიონში, 1968 წლის 28-29 იანვარს ძლიერი შტორმის დროს დაფიქსირდა 7 მ-ის სიმაღლის ტალღები.[4]
ბულგარეთის სანაპიროსთან მსგავსი სიმაღლის ტალღები რეგისტირებული იქნა 1977 წლის 17-18 იანვარსა და 1979 წლის 18 ოქტომბერს. ტალღების დარტყმითი ძალა მეტად დიდია. დინამოგრაფის ჩანაწერის მიხედვით, 4-5 ბალიანი დასავლეთის ქარების დროს და ტალღის 11 წმ-იან პერიოდში დარტყმის ძალამ 1 მ²-ზე შეადგინა 5,7 ტ. ღელვის ინტენსივობა იცვლება სეზონების შესაბამისად, მაქსიმუმს აღწევს შემოდგომასა და ზამთარში, მინიმუმს — მაის-ივნისში. ღელვის რეჟიმში შეიმჩნევა აგრეთვე დღე-ღამური ცვლილება. უმეტეს შემთხვევაში ტალღების სიმაღლე შუადღის შემდგომ საათებში უფრო დიდია, ვიდრე დილის საათებში. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოიხატება ზაფხულში, როდესაც ღვივდება ბრიზული ცირკულაცია — შუადღის შემდეგ ტალღის სიმაღლე 10 სმ-ით მეტი ხდება, ვიდრე დილით. ზამთარში ასეთი სხვაობები უმნიშვნელოა და საშუალოდ უდრის 1 სმ-ს.[4]
ქარის დაცხრობის შემდეგ, ღელვა იმთავითვე არ წყნარდება, ნარჩუნდება — ლივლივი, ციცაბო მდოვრედ მოძრავი ტალღები. თუკი ძლიერი ქარი გახდა ზღვის ერთ ნაწილში დაწევის მიზეზი, ხოლო მეორე ნაწილში აწევის მიზეზი, იქმნება დონის რყევები, რომელიც წააგავს სასწორის თეფშის რყევას. ამ რყევებს სეიშებს უწოდებენ. მათი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილება.[4]
შავი ზღვის ნაპირდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემები სულ უფრო აქტუალური და გლობალური ხდება. ამასთან იზრდება გავლენა მიმდებარე რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. 1993 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის და მსოფლიო ბანკის ინიციატივითა და ხელშეწყობით, ოფიციალურად დამტკიცდა შავი ზღვის ეკოლოგიური პროგრამა.
შავი ზღვის დაბინძურების პრობლემატიკის გადასაჭრელად, 2011 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ივნისამდე, რუმინეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე, მიმდინარეობდა ერთობლივი კვლევები სამი ქვეყნის (საქართველო, გერმანია, საბერძნეთი) მეცნიერთა მონაწილეობით. საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულნი იყვნენ თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის, ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები. კვლევაში გერმანიის მხრიდან მინაწილეობდნენ ჰელმჰოლცის ეკოლოგიური კვლევების ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ ლაიფციგიდან (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტორი მიხეილ შუბერტი), საბერძნეთიდან — საბერძნეთის ზღვების კვლევის ცენტრის მეცნიერები ქალაქ ანავისოსიდან (სამეცნიერო ხელმძღვანელი ქრისტოს ცაბარისი).[18]
სხვადასხვა წყლის ეკოლოგიური „ტრასერების“ გამოყენებით მოხდა მიწისქვეშა წყლის განტვირთვის ზონის ლოკალიზაცია და რაოდენობის განსაზღვრა. საქართველოში მსგავსი საზღვაო და სახმელეთო კვლევათა კომპლექსი ეკოლოგიური „ტრასერების“ გამოყენებით პირველად განხორციელდა. კვლევებისთვის შერჩეული იქნა შავი ზღვის აღმოსავლეთით, საქართველოს მთიანი და შავი ზღვის დასავლეთით, რუმინეთის დაბლობი რაიონები. კერძოდ, კონსტანცასა და აჭარის სანაპირო ზოლები. კვლევის შედეგად დადგინდა მიწისქვეშა წყლის ნაკადის მოძრაობის და ზღვაში განტვირთვის უბანი აჭარის სანაპირო ზოლში და განისაზღვრა მისი არეალი. საქართველოს მდინარეები ძირითადად დაბინძურებულია აზოტის ნაერთებით, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე ლითონებით (მდინარე ყვირილა ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე), ხოლო შავი ზღვის აჭარის რეგიონის მდინარეები — ნავთობპროდუქტებით.[18]
მარმარილოს ზღვასთან დამაკავშირებელი ვიწრო სრუტის გარდა შავი ზღვა თითქმის მთლიანად ჩაკეტილია. მასში ჩაედინება ბევრი მდინარე და ფლობს უნიკალურ ფიზიკურ და ქიმიურ ნიშანთვისებებს, რომლებიც შესაბამისად უნიკალური ბიოლოგიური თემების წინაპირობაა. ის ასევე არის გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ენდემური სახეობების, ისევე როგორც ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე თევზების საცხოვრებელი ადგილი. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ბიომრავალფეროვნების განადგურების საფრთხე, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის შავი ზღვის სანაპიროს ეკონომიკური და სოციალური კუთხით. ამ მიზეზით 1990 წლიდან მოყოლებული შავი ზღვის ექვსმა ქვეყანამ მიაღწია რამდენიმე შეთანხმებას ზღვის დასაცავად. 2009 წელს დამტკიცდა სტრატეგიული სამოქმედო გეგმა შავი ზღვის გარემოს დაცვის და რეაბილიტაციის შესახებ (BSSAP).[19]
შავ ზღვაში 150-200 მ-ზე მეტ სიღრმეზე სიცოცხლე არ არის, გარდა ანაერობული ბაქტერიებისა — ძირითადად — Microspira. მცენარეებიდან აქ გავრცელებულია ფიტოპლანქტონური წყალმცენარეების 350-მდე სახეობა, მათ შორის დიატომეების 150 და პერიდინეების 150 და ფსკერის მაკროფიტების 280-მდე სახეობა (129 წითელი, 71 წაბლა და 77 მწვანე წყალმცენარეები და ზღვის ბალახის, ძირითადად ზოსტერას, რამდენიმე სახეობა). განსაკუთრებით უხვად არის წაბლა წყალმცენარე ცისტოზირა და ძოწეული — ფილოფორა, რომლებიც ზღვის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში 20-50 მ სიღრმეზე ქმნიან შალდამებს.
ბაქტერიები მცენარეების ყველაზე უმდაბლესი წარმომადგენლები არიან, რომლებიც ვრცელდებიან ჰაერში, ნიადაგსა და წყალში. ზღვიური აუზების წყლის მასაში გვხვდება დიდ სიღრმეებზე და ფსკერზე. ცოცხლობენ ჟანგბადის არსებობის (აერობული) ან მისი უქონლობის (ანაერობული) შემთხვევაში. აქვთ უმნიშვნელო ზომები (დაახლოებით 0,001 მმ) თუმცა შედარებით დიდი ზედაპირი, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ინტენსიურ ცვლას. ამიტომ ფიზიოლოგიურად ისინი მეტად აქტიურები არიან. ბაქტერიების ნაწილი ჰეტეროტროფულია, რომლებიც კვებისთვის იყენებენ მზა ორგანულ ნივთიერებებს. მათ უმეტესწილად მიეკუთვნება ლპობადი პროცესები, რომლებიც ბუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ისინი ხრწნიან მკვდარ ორგანიზმებს და საერთოდ ორგანულ ნივთიერებებს, გარდაქმნიან მათ მინერალურ და არაორგანულ ნივთიერებებად. ავტოტროფული ბაქტერიები ფოტოსინთეზისას და ქემოსინთეზისას იღებენ აუცილებელ ენერგიას. ქემოსინთეზებს მიეკუთვნება ბაქტერია მიკროსპირა (ლათ. Microspira aestuarii), რომელიც შავი ზღვის წყლებში ხრწნის სულფატებს; ამასთან ერთად მიიღება მოწამლული აირი გოგირდწყალბადთან ერთად.[4]
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები უმეტესად მიკროსკოპული, უკიდურესად თავისებური ფორმებია. შეიძლება იყოს ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი. მიეკუთვნებიან პროკარიოტებს. უჯრედის აგებულებით ბაქტერიებს წააგავს და განსხვავდება სხვა წყალმცენარეებისაგან. უჯრედი შემოსაზღვრულია წვრილი ციტოპლაზმური მემბრანითა და მჭიდრო მრავალფენიანი უჯრედის კედლით დამახასიათებელი აგებულებით. ამჟამად არსებულ ორგანიზმებს შორის ისინი ყველაზე პრიმიტიული და უძველესია. მათი რელიქტები გვხვდება პალეოზოურამდელ დანალექებში. ფოტოსინთეზის საშუალებით წარმოქმნილი გლუკოზა სახამებლად კი არ გარდაიქმნება, არამედ გროვდება გლიკოგენის სახით, როგორც ამას ცხოველებსა და სოკოებში აქვს ადგილი. ფიზიოლოგიურად განირჩევიან მრავალფეროვნებით. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები ფართოდ არის გავრცელებული მტკნარ და მარილიან წყლებში, აგრეთვე ნიადაგსა და ჰაერში. ზღვის ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები პლანქტონური და ბენთოსური სახისა არიან. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების ზოგიერთი სახეობა ლაქებს წარმოქმნის, რომელთა ზომა რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. ისინი გვხვდება ქვებსა და სხვა წყალმცენარეებზე სუბლითორალში, აგრეთვე კლდეებსა და სხვაგან.[4]
ოქროსფერი წყალმცენარეები უმდაბლესი მცენარეების ტიპია, რომელიც აერთიანებს თავისუფლად მცხოვრებ ან მიმაგრებულ ერთუჯრედიან, კოლონიურ, იშვიათად მრავალუჯრედიან ფორმებს. მათი სხეულის სიგრძე 2 სმ აღწევს. შეფერილობა ოქროსფერ-მოყვითალოდან მოყავისფრომდე მერყეობს. უმდაბლესი წარმომადგენლების უჯრედები დაფარულია პერიპლასტით, ხოლო დანარჩენების უჯრედის კედელის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს ცელულოზა და პექტინი. ზოგიერთი წყალმცენარეების უჯრედის ზედაპირი დაფარულია თავისებური ჯავშნით, დანარჩენები სხვადასხვა ფორმის სახლებს ქმნიან. წყალმცენარეების მოძრავ ფორმებს აქვთ ერთი-ორი, იშვიათად სამი-ოთხი შოლტი; ისინი ფლობენ პულსირებულ ვაკუოლს. ოქროსფერი წყალმცენარეები ფართოდ არის გავრცელებული მტკნარ და მარილიან წყლებში, აგრეთვე ზღვებისა და ოკეანეების მარილიან წყლებში. ოქროსფერი წყალმცენარეების წარმომადგენელი Prymnesium parvum ცხოვრობს ზღვისპირა მარილიან ტბებში, მისი სიგრძე 8-12 მკმ აღწევს. მისი უჯრედები შეიცავს ძალიან ძლიერ შხამს, რომელიც კლავს სოკოებსა და უხერხემლო ცხოველებს. 1959 წელს Prymnesium parvum პირველად „ყვავილობის“ მდგომარეობაში იპოვეს ვარნის სიახლოვეს არსებულ მარილიან ტბებში. მისი „ყვავილობის“ პერიოდში, როდესაც ეგზემპლარების მაქსიმალურმა რაოდენობამ 150 მლნ. მიაღწია 1 ლ. წყალში, შედეგად უხერხემლო ფაუნის დიდი ნაწილი ამოწყდა, ხოლო ფიტოპლანქტონის შედგენილობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. პრაქტიკით დამტკიცდა, რომ თუ 1 ლ. წყალში არის შხამიანი წყალმცენარეების დაახლოებით 68 მლნ. ინდივიდი, მაშინ 7-16 წთ.-ში იღუპება კეფალი.[4]
პიროფიტული წყალმცენარეები უმდაბლეს მცენარეთა განყოფილებაა. ძირითადად მოძრავი, ზოგჯერ უძრავი, ერთუჯრედიანი, კოლონიური, იშვიათად ძაფნაირი ორგანიზმებია. ნაწილი უჯრედებისა შიშველია, ზოგჯერ დაფარულია მრავალკუთხიანი ფარებისაგან შემდგარი ორნაწილიანი ჯავშნიანი გარსით. პიროფიტული წყალმცენარეებს აქვთ 1 ან 2 შოლტი. თითოეულ ნაღარში განლაგებულია თითო-თითო შოლტი. პროტოპლაზმაში არის დიდი ბირთვი. ზოგიერთ წარმომადგენელს გააჩნია წითელი „თვალის ლაქა“. პიროფიტული წყალმცენარეები გავრცელებულია მტკნარ წყლებში, თუმცა უფრო ფართოდ გვხვდება თბილ ზღვებსა და ოკეანეებში, სადაც კაჟოვან წყალმცენარეებთან ერთად შეადგენენ ფიტოპლანქტონის ძირითად მასას.[4]
ევგლენასნაირი წყალმცენარეები ერთუჯრედიანი, უფრო იშვიათად კოლონიური წყალმცენარეებია. ფორმის მიხედვით ისინი სხვადასხვაგვარია: ხშირად სიგრძეში არიან წაგრძელებულები, ზოგჯერ სპირალურად დახვეულები. სახეობების ერთ ნაწილს, რომელთა უჯრედები თხელი და ელასტიკური პერიპლასტითაა დაფარული, შეუძლიათ ფორმის შეცვლა და კვების პროცესში თავისებური მოძრაობების შესრულება. სახეობების მეორე ნაწილის უჯრედები ლორწოვანი გარსით არის დაფარული, ან რკინის მარილებით გაჟღენთილ ყავისფერ სახლებშია მოთავსებული. უჯრედების სიმეტრია თითქმის რადიალურია.[4]
მწვანე წყალმცენარეები უმდაბლეს მცენარეთა განყოფილებაა. ერთუჯრედიანი, კოლონიური, მრავალუჯრედიანი (ძაფისებრი, იშვიათად სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ფირფიტისებრი) და არაუჯრედული აგებულების მწვანედ შეფერილი ფორმებია. მრავლდებიან ვეგეტატიურად (ერთუჯრედიანის ორად დაყოფა, ძაფოვანის ან კოლონიის ფრაგმენტაცია), უსქესოდ (ზოოსპორებით ან უმოძრაო სპორებით) და სქესობრივად (იზოგამია, პეტეროგამია, ოოგამია, კონიუგაცია). გავრცელებულია უმთავრესად მტკნარ წყალში, გვხვდება ზღვაშიც, ზოგიერთი ხის ქერქზე, ნიადაგში და სხვა ადგილებში. ერთუჯრედიანი და კოლონიური მწვანე წყალმცენარეები პლაქტონში მასობრივი გამრავლების დროს იწვევს წყლის „ყვავილობას“, რაც ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე, ისე ჰიდრობიონტთა ცხოვრებაზე.[4]
წაბლა წყალმცენარეები სპოროვან მცენარეთა განყოფილებაა. თალუსი შეფერილია ღია მწვანედან მუქ წაბლისფრამდე; უკანასკნელს აძლევს ქრომატოფორში არსებული ფუკოქსანტინი, რომელიც სხვა პიგმენტების შეფერვას ნიღბავს. წაბლა წყალმცენარეები განსხვავებული ფორმისა და ზომისაა — მიკროსკოპულიდან 50 მ-მდე. უფრო მაღალი ორგანიზაციის მქონე წაბლა წყალმცენარეებს აქვთ რთული ანატომიური აგებულების დიფერენცირებული სხეული თავისი გამტარი ელემენტებით. უჯრედის გარსი შეიცავს ცელულოზას და სპეციფიკურ ნივთიერებებს — ალგინს და ფუკოიდინს. უჯრედში ჩვეულებრივ თითო ბირთვია. ქრომატოფორი წვრილი, დისკოსებრია.[4]
ძოწეული წყალმცენარეები წყალმცენარეთა განყოფილებაა. უმრავლესობა რთული მორფოლოგიური და ანატომური აგებულების ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმია. მათი თალუსი ძაფისებრი, ბუჩქისებრი და ფირფიტისებრი, ზოგიერთისა დაყოფილია ღეროსა და ფოთლისმაგვარ ნაწილებად. პრიმიტიულ ფორმას ერთუჯრედიანი და კოლონიური სხეული აქვს. უჯრედის გარსი შეიცავს ცელულოზას, პექტინოვან შენაერთებს.[4]
ლიქენები — ორგანიზმები, რომლებიც შედგება სოკოსა და წყალმცენარეებისაგან. ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. არჩევენ ქაფისებრ (ანუ ქერქისებრ), ფოთლისებრ (ანუ ფირფიტისებრ) და ბუჩქისებრ ლიქენებს. არსებობს მათ შორის გარდამავალი ფორმებიც. ანატომიური აგებულებით ლიქენები ორნაირია: ჰომეომერული (წყალმცენარეები მეტნაკლებად თანაბრადაა განაწილებული თალუსში) და პეტერომერული (წყალმცენარეები თალუსში ერთ სღეს ქმნიან). ლიქენები მრავლდებიან სქესობრივად, უსქესოდ და ვეგეტატიურად. შავი ზღვის სუპრალიტორალში აღმოჩენილია Lichina nonfinis, Verrucaria naura და სხვა.[4][24]
ყვავილოვანი მცენარეები უმაღლესი მცენარეების განყოფილებაა. შავ ზღვაში წარმოდგენილია შემდეგი სახეობებით: Zostera marina, Zostera nana, Stuckenia pectinata, Ruppia cirrhosa, Ruppia maritima, Zannichellia pedunculata, Zannichellia major. შავი ზღვის სანაპირო რაიონში ლიმანებსა და ყურეებში ყვავილოვანი მცენარეები ქმნიან რაყებს, რომლებსაც საწარმოო მნიშვნელობა აქვთ. ზღვის ბალახების ფესურა მცოცავია, ღერო დატოტვილი, ფოთლები ბრტყელი.[4]
სოკოები ზღვებსა და ოკენეებში წარმოდგენილია რამდენიმე სახეობით. მათი ერთი ნაწილი პარაზიტულია, ცხოვრობენ ზღვის ცხოველებსა და მცენარეებში, მეორე ნაწილი — საპროფიტულია, საზრდოობენ ლპობადი ორგანიზმებით. სოკოები გვხვდება შავ ზღვაშიც.[4]
შავ ზღვაში 150-200 მ-ზე მეტ სიღრმეზე სიცოცხლე არ არის, გარდა ანაერობული ბაქტერიებისა — ძირითადად Microspira. შავი ზღვის ფაუნა დაახლოებით 3-ჯერ უფრო ღარიბია ხმელთაშუაზღვისაზე. გაბატონებული ადგილი უჭირავთ ფსკერის ფორმებს (1700-მდე სახეობა). სულ გვხვდება ცხოველთა 2000 სახეობა, რომელთაგან 12 სახეობა ენდემურია. მათ შორის: 300 უმარტივესთა, 650 სხვადასხვა ჭიის, 640 კიბოსნაირთა, 200-ზე მეტი მოლუსკის, 186 თევზებისა და 150 სხვა ჯგუფის სახეობა, მათ შორის 4 ძუძუმწოვართა — სელაპი და დელფინის 3 სახეობა. დაბალი მარილიანობის გამო მარილის მოყვარულთა რიცხვი მცირეა. შავი ზღვის მრავალ თევზს აქვს სარეწაო მნიშვნელობა.[10]
შავი ზღვის ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითად ფენაში იყრის თავს. მისთვის დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის, მტკნარი წყლისა და რელიქტური ფორმების ერთდროული არსებობა. ჭარბობს ხმელთაშუა ზღვის ფორმები: მაგალითად, თევზების 180 სახეობასა და ქვესახეობას შორის 112 ხმელთაშუა ზღვისაა, მტკნარი წყლისა კი 31. შავი ზღვის პირობებში ჩამოყალიბებული ფორმების სიმცირე, მის ახალგაზრდობას მოწმობს. დიდი ხანი არ არის, რაც შავ ზღვაში გაჩნდა კიბორჩხალა და იაპონიის ზღვის მკვიდრი მუცელფეხა მოლუსკი რაპანა (ლათ. Rapana bezoar). შავ ზღვაში მეტი პლანქტონია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვაში, რადგან შავი ზღვა საკვები მარილებით უფრო მდიდარია. პლანქტონის გავრცელებას და ფსკერის ფაუნას შორის საზღვარი 200 მ სიღრმეს არ სცილდება. დასახლებულია ზღვის ფსკერის მხოლოდ 23%. შავ ზღვაში არის მუდმივად მცხოვრები თევზებიც და სრუტეებიდან შემოსულიც. თავის მხრივ, შავი ზღვიდან ბევრი თევზი გამოსაკვებად გადის აზოვის ზღვაში, რომელთა შორისაა: ქაფშია, ქაშაყი, ქარსალა, კეფალი. თვით ზღვის ფარგლებშიც ხდება თევზის მიგრაცია. შავ ზღვაში სარეწაო მნიშვნელობისაა: სვია (ლათ. Huso huso), რუსული ზუთხი (ლათ. Acipenser gueldenstaedtii), ტარაღანა (ლათ. Acipenser stellatus), ქაშაყი, ქაფშია, შპროტი, კობრი, კაპარჭინა (ლათ. Abramis brama), ტარანი (ლათ. Rutilus rutilus heckeli), კეფალი, შავი ზღვის სტავრიდა (ლათ. Trachurus mediterraneus), სკუმბრია (ლათ. Scomber scombrus), შავი ზღვის კამბალა (ლათ. Psetta maeotica), პელამიდა (ლათ. Sarda sarda), თინუსი (ლათ. Thunnus thynnus) და სხვა. ზღვის ყოველი ჰექტარიდან წელიწადში საშუალოდ 2-2,5 კგ თევზს იჭერენ. ზღვაში ბევრია დელფინი, მათგან ერთს — მოკლედინგა ჩვეულებრივ დელფინს (ლათ. Delphinus delphis) დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს.[1]
შავი ზღვა საკმაოდ მდიდარია ნაირგვარი ცხოველებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გვხვდება საქართველოს სანაპიროებთანაც. ძუძუმწოვრებიდან მრავლადაა ზღვის ღორი, აფალინა და მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი. ფარფლფეხიანებიდან იშვიათია თეთრმუცელა სელაპი, რომლის ერთი ეგზემპლარი 1939 წელს ნახეს ბათუმის მახლობლად. ზღვის სანაპიროზე ბევრია ფრინველი. თევზებიდან საყურადღებოა ძაღლისებრი ზვიგენი, ქიცვიანი სკაროსი, ზღვის კატა, სვია, ატლანტური ზუთხი, რამდენიმე სახეობის ქაშაყი, ქარსალა, შავი ზღვის ორაგული, იშვიათია გველთევზა, ხშირია კეფალი, რამდენიმე სახეობის ზღვის ფინია, ნაირგვარი ღორჯო, კამბალები; ცოტაა ზღვის ეშმაკი, მრავლადაა ზღვის ნემსთევზა, შავი ზღვის ცხენთევზა და სხვა.[1]
აღსანიშნავია თევზი ზღვის ეშმაკი, რომლის სხეულის სიგრძე 100-დან 150 სმ-მდე აღწევს. იშვიათად გვხვდება 200 სმ-მდე. წონა 20 კგ-მდეა და მეტიც. ბინადრობს ძირითადად ზღვის დიდ სიღრმეებში. შავ ზღვაში მისი შემოსვლა უახლოეს წლებში დაფიქსირებული იქნა ბათუმთან, 1955 და 2008 წლებში. სამეურნეო მნიშვნელობა მცირე აქვს. შავი ზღვისათვის უიშვიათესი ეგზემპლარია. მოპოვებულია ბათუმთან შავ ზღვაში 2008 წლის 25 სექტემბერს.[25]
2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა.[26] უჩვეულოდ შეფერილი დელფინი ოთხ ინდივიდთან ერთად დაცურავდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში მხოლოდ 10 თეთრი დელფინია ნაპოვნი.[27]
1974 წელს თევზის საზღვაო მეურნეობისა ოკეანოგრაფიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ბათუმის დელფინარიუმი, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1975 წელს. მაშინ იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დელფინარიუმის არსებობა, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქს და მთლიანად რეგიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. დელფინების წარმოდგენას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ბათუმში ამისათვის სპეციალურად ჩამოსული მსურველებიც ესწრებოდნენ. სწორედ ამ ობიექტის უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა დელფინის ქალაქის სიმბოლოდ დამკვიდრება. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქიონირება შეაჩერა. ბათუმის დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წლის 6 მაისს გაიხსნა.[28] იგი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.[29]
შავი ზღვის სატრანსპორტო მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკისთვის. ზღვის გადაზიდვების არსებით მოცულობას შეადგენს ტანკერების რეისები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს რუსეთისა და საქართველოს პორტებიდან. ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალებს შეუძლიათ მიიღონ სუპერტანკერები. შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ქალაქ ბათუმში განლაგებულია ბათუმის ნავთობტერმინალი, რომელიც ახორციელებს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვას. ბათუმის ნავთობტერმინალი დაარსდა ნობელების საგვარეულო კომპანია „Branoobel“-ის მიერ 1883 წელს. მისი ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული კასპიის რეგიონის ნავთობის მრეწველობის განვითარების საწყის ეტაპებთან. 1883 წელს, კომპანია „Branoobel“-მა დაიწყო საქართველოს გავლით ბათუმამდე ნავთობის ექსპორტი. დღეს ბათუმი წარმოადგენს ნედლი ნავთობის და წარმოებული ნავთობპროდუქტის ექსპორტის მნიშვნელოვან ობიექტს საქართველოში, სადაც პროდუქტი კასპიის რეგიონის მკვეთრად მზარდი წყაროებიდან შემოდის.[30]
შავ ზღვაზე გადის საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი — TRACECA (Transport Corridor Europe — Caucasus — Asia, ევროპა — კავკასია — აზია).[31] შავი ზღვის პორტები წარმოადგენენ პანევროპული სატრანსპორტო კორიდორის საბოლოო პუნქტებს.
2006 წლის 28 დეკემბერს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მილსადენიდან ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის ავარიული დაღვრისას დაბინძურებული იქნა 640 მ² მიწის ფართობი. ფაქტზე გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით მომზადდა გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშება.[32]
ტვირთბრუნვის მხრივ შავი ზღვის უმსხვილესი პორტებია (2010 წლის მონაცემები):[33] ნოვოროსიისკის საზღვაო სავაჭრო პორტი (რუსეთი, 76,2 მლნ. ტ.), კონსტანცა (რუმინეთი, 36,4 მლნ. ტ.), კასპიის მილსადენი კონსორციუმის ნავთობის პორტი (რუსეთი, 34,9 მლნ. ტ.), ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტი (უკრაინა, 24,7 მლნ. ტ.), ტუაფსეს საზღვაო სავაჭრო პორტი (რუსეთი, 18,5 მლნ. ტ.), სამხრეთის საზღვაო სავაჭრო პორტი (უკრაინა, 18,2 მლნ. ტ.), მარიუპოლის საზღვაო სავაჭრო პორტი (უკრაინა, 15,9 მლნ. ტ.), ილიჩევსკის საზღვაო სავაჭრო პორტი (უკრაინა, 15,0 მლნ. ტ.), ერდემირი (თურქეთი, 13,0 მლნ. ტ.).
1992 წლის 25 ივნისს შავი ზღვის აუზის 11 ქვეყნის: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა (სერბეთი შეუერთდა 2004 წლიდან) სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურებმა, ევროპაში მიმდინარე მოვლენათა სწრაფი ცვლილებების გათვალისწინებით, ბოსფორის განცხადების მიღებითა და სტამბოლის დეკლარაციის ხელმოწერით საფუძველი ჩაუყარეს შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობას (BSEC), რასაც საფუძვლად დაედო ჰელსინკის დასკვნით აქტში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მიერ მიღებულ დოკუმენტებში და საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები. BSEC-ის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა რეგიონის ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, წევრი ქვეყნების ხალხის კეთილდღეობა და შავი ზღვის სივრცეში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნო (BSEC PERMIS), რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ სტამბოლში.[34] 1996 წელს შეიქმნა შავი ზღვის რეგიონული კომიტეტი, რომელიც ექვემდებარება იუნესკოს სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიულ კომისიას.
შავი ზღვის სრუტეები ბოსფორის, დარდანელისა და მათ შორის მდებარე მარმარილოს ზღვის საერთო სახელწოდებაა. შავი ზღვის სრუტეები ერთადერთი სანაოსნო გზაა, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს ხმელთაშუა ზღვასთან. მათ სამართლებრივ რეჟიმს აწესრიგებს მონტრეს 1936 წლის 20 ივლისის კონვენცია, რომელიც დღემდეა ძალაში. კონვენციის თანახმად, სრუტეში გავლისა და ცურვის უფლება აქვს ყველა სახელმწიფოს სავაჭრო გემს განსაზღვრული პირობების დაცვით. ეს პრინციპი ძალას ინარჩუნებს ომის დროსაც, თუ ომში თურქეთი არ მონაწილეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვრცელდება იმ სახელმწიფოთა სავაჭრო გემებზე, რომლებთანაც თურქეთი არ ომობს ან რომლებიც არაფრით არ ეხმარებიან მის მოწინააღმდეგეს. თუ თურქეთი ომში არ მონაწილეობს, შავი ზღვის სრუტეები დახურული უნდა იყოს ყველა მებრძოლი სახელმწიფოს სამხედრო ხომალდებისათვის. თურქეთს უფლება აქვს გაამაგროს სრუტე. მონტრეს კონვენციის თანახმად, მშვიდობიანობის პერიოდში არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდის (ამ ხომალდთა ჯგუფის) საერთო ტონაჟი ბოსფორის სრუტის გავლისას არ უნდა აღემატებოდეს 15 ათას ტონას. შავ ზღვაში ერთდროულად მცურავი არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ტონას (თუმცა დაშვებულია მათი 45 ათას ტონამდე გაზრდა). მესამე შეზღუდვა კი ცურვის ხანგრძლივობას ეხება — არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში ცურვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 21 დღე-ღამეს. ეს ყოველივე თურქეთს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გააკონტროლოს სამხედრო გემები.[35]
შავიზღვისპირა გზატკეცილი არის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალი ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის, რომელიც აშენდა 1887-1910 წლებში. მისი სიგრძეა 750 კმ. აღდგენილი და რეკონსტრუირებული იქნა 1946-1950 წლებში. აერთებს კავკასიის სანაპიროს ძირითად ქალაქ-კურორტებს. შავიზღვისპირა გზატკეცილიდან გადის აგრეთვე განშტოებები. დიდია შავიზღვისპირა გზატკეცილის მნიშვნელობა.[36]
რუსი მხატვარ-მარინისტის ივანე აივაზოვსკისთვის შავი ზღვა და ყირიმის ბუნება შთაგონების წყარო გახდა. შავი ზღვის შტორმი და წყნარი ზედაპირი, პლაჟები, კლდეები, მყუდრო უბეები გახდა მხატვრის არაერთი ნამუშევარის ნატურა.[37] ფეოდოსიაში მოქმედებს ივანე აივაზოვსკის სახელობის სურათების ეროვნული გალერეა.
ხელსაყრელი კლიმატისა და მზიანი დღეების მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო შავი ზღვა ყოფილი სსრკ-იდან იზიდავდა მრავალრიცხოვან კინემატოგრაფისტებს. მრავალრიცხოვანი ფილმები, რომლებიც შევიდნენ საბჭოთა (ამჟამად — რუსული და უკრაინული) კინემატოგრაფის ისტორიაში, გადაღებულია ოდესის კინოსტუდიის, იალტის კინოსტუდიისა და სხვათა კინოკომპანიების მიერ.[38][39][40][41]. იმ ფილმთა შორის, რომელშიაც გაშუქებულია შავი ზღვის ნატურა, აღსანიშნავია: „ალისფერი იალქნები“, „ადამიანი ამფიბია“, „ბრილიანტის ხელი“, „ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, „ასა“ და სხვა მრავალი.[41] მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა სერგეი ეიზენშტეინის მიერ შავ ზღვაზე გადაღებულმა ფილმმა „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ (1925)[39][42].
შავი ზღვის თემატიკამ გამოხატულება ჰპოვა მთელი რიგი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში. ასეთ ნაწარმოებებს შორის არის:
საქართველოს დასავლეთით ეკვრის შავი ზღვა — ატლანტის ოკეანის ხმელთაშუა ტიპის ზღვა, რომელიც საქართველოს ფარგლებში მოქცეულია მდინარე ფსოუს შესართავიდან სოფელ სარფამდე. სანაპირო ხაზის სიგრძე 310 კილომეტრია. ფსოუს შესართავიდან ქალაქ ოჩამჩირემდე სანაპირო მიმართულა ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოჩამჩირიდან ქობულეთამდე — სამხრეთით, ქობულეთიდან სოფელ სარფამდე — სამხრეთ-დასავლეთით.[43]
სანაპირო ხაზი დანაწევრებული არ არის, თითქმის სწორხაზოვანია, მხოლოდ ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხები იჭრებიან რამდენადმე ზღვაში და წარმოქმნიან ზღვისკენ ფართოდ გაშლილ უბეებს. სანაპირო ზოლი ნაპირის ხასიათის მიხედვით 3 მონაკვეთად იყოფა. მდინარე ფსოუს შესართავიდან სოხუმამდე ნაპირი ფლატიანია, მთიანი, ბორცვიანი და მეწყერიანია. არის დაბალი კონცხებიც. სოხუმიდან ქობულეთამდე ნარიყია, დაბალი და დაჭაობებული, ქობულეთსა და სახელმწიფო საზღვარს შორის ნაპირი ალაგ-ალაგ ფლატიანია, მაგრამ მეტწილად ნარიყი და დაბალი.[43]
შავი ზღვის ძირი წარმოადგენს ღრმა ქვაბულს ციცაბო კალთებით, თითქმის ბრტყელი ფსკერით და ძალიან სუსტად გამოხატული კონტინენტური მეჩეჩით. საქართველოს სანაპიროსთან კონტინენტური მეჩეჩი განსაზღვრულია საშუალოდ 200 მ-იანი იზობათით, ძალიან ვიწროა (მეტწილად 2-4 მილი), ალაგ-ალაგ ბათუმის კონცხთან, ქობულეთთან) თითქმის მთლიანად ქრება, მხოლოდ გუდაუთასა და ოჩამჩირესთან განივრდება მნიშვნელოვნად (10-15 მილამდე). კონტინენტური ფერდობი (რომელიც 200 მ სიღრმეზე იწყება) უფრო დამრეცი ხდება 1000-1500 მ-ზე. ქვემოთ შავი ზღვის ღრმა ქვაბულის ბრტყელი ძირია. შავ ზღვას საქართველოს ფარგლებში ერთვის მდინარეები, რიონი, ბზიფი, კოდორი, ენგური, ჭოროხი და სხვა მრავალი პატარა მდინარე. საქართველოს ტერიტორიიდან წელიწადში ზღვაში ჩაედინება 50 კმ³-მდე წყალი.[43]
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზამთარი რბილი და თბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-7 °C, ივლისის 22-23 °C. ნალექები უხვადაა წლის ყველა დროს. განსაკუთრებით წვიმიანია კოლხეთის სამხრეთი ნაწილი, სადაც წელიწადში 2500 მმ-ზე მეტი ნალექი მოდის. ჩრდილოეთით ნალექები კლებულობს 1650 მმ-იდან (ცენტრალურ ნაწილში) 1400 მმ-მდე (ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში). ატმოსფეროს ზოგადი ციკლონური ცირკულაცია და კონტინენტური ჩამონადენი განსაზღვრავს ზღვის ზედაპირზე წყლის ციკლონურ წრებრუნვას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ნაპირის გასწვრივ, ნაპირიდან 2-5 მილზე წრის დიამეტრი 25-35 მილია.[43]
საქართველოს ნაპირებთან არის დინებათა სანაპირო წრებრუნვის ზონა. დინებები აქ ძლიერ განიცდიან ადგილობრივი ქარების ზეგავლენას. ტალღების დიდი გაქანებისა და საქართველოს ნაპირების თავისებურებების გამო ტალღების ელემენტები აქ უდიდეს მნიშვნელობას აღწევენ. ყველაზე ხშირია 1 მ-მდე სიმაღლის ტალღები, მაგრამ ტალღების მაქსიმალური სიმაღლე 5-6 მ აღწევს. ფლატიან ნაპირებთან ან სანაპიროს დამცველ კედლებთან ტალღათა სიმაღლე განსაკუთრებული შტორმების დროს 10 მ აღწევს, ხოლო ნაშხეფების სიმაღლე — 20-30 მ. საქართველოს სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე, სადაც განლაგებულია მრავალი კურორტი, ზღვა რეცხავს ნაპირს და აფუჭებს პლაჟს.[43]
წლის განმავლობაში საქართველოს ნაპირებთან ზღვის დონე სეზონურ რყევას განიცდის. მაქსიმალური დონე ივლისშია, მინიმალური — ოქტომბერში. დონეთა რყევის ამპლიტუდა (20 სმ) განპირობებულია ჩამონადენის, ნალექებისა და აორთქლების ცვლილებებით. დონეთა რყევა მოქცევა-მიქცევის დროს არ აღემატება 10 სმ, ხოლო სეიშების დროს — 15 სმ. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე უფრო თბილია. ზამთრობით წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა იცვლება 8-11 °C ფარგლებში, გაზაფხულის ბოლოსათვის იგი შეადგენს 15-16 °C, ივლის-სექტემბერში 23-26 °C, მაქსიმალური ტემპერატურა 27-28 °C აღწევს. წყლის ზედაპირული ფენის მარილიანობის საშუალო სიდიდე ღია ზღვაში ირყევა 17,8 პრომილედან (გაზაფხულზე) 18,3 პრომილემდე (ზამთრობით). ზედაპირიდან 200 მ სიღრმემდე მარილიანობა იზრდება 21,3 პრომილემდე.[43]
საქართველოს მდინარეები მნიშვნელოვნად ამტკნარებენ წყლის ზედაპირულ ფენას ნაპირთან, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, მაგრამ გამტკნარება, ჩვეულებრივ, არ ვრცელდება ნაპირიდან 2-4 მილს იქით. მხოლოდ მდინარეებში დიდი წყალმოვარდნების დროს მოიცავს შედარებით დიდ სივრცეს, მარილიანობა კი ხანმოკლე დროის განმავლობაში მცირდება, ისიც 12-8 პრომილედმე. საქართველოს სანაპიროზე დიდი ნავსადგურებია: ბათუმი, ფოთი, სოხუმი; ნაკლებად მნიშვნელოვანია ოჩამჩირე და გაგრა. ბათუმიდან გააქვთ ნავთობი, ფოთიდან — მანგანუმი. კურორტები განლაგებულია საქართველოს თითქმის მთელ სანაპიროზე. შავი ზღვა უდიდესი სატრანსპორტო არტერიაა. იგი ხიდია საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო რეკრეაციისა და ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობები არსებობს.[43]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.