შავიზღვისპირა დაბლობი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
შავიზღვისპირა დაბლობი (უკრ. Причорноморська низовина) — დაბლობი უკრაინასა და მოლდოვაში. ვრცელდება შავი და აზოვის ზღვების სანაპიროებზე განიერ და ვიწრო ზოლად. ჩრდილოეთით მას ეკვრის პოდოლიეს მაღლობი, სამხრეთით — სივაში. სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის წყალმარჩხი ყურე, ხოლო აღმოსავლეთით აზოვის ზღვა. დაბლობის საშუალო სიმაღლეა 100–120 მ, სანაპირო ნაწილში 10–50 მ. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სიმაღლეები 160 მ-მდე აღწევს. შავიზღვისპირა დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აზოვისპირა მაღლობი, რომლის ნიშნულები 320 მ-ია.[1]
შავიზღვისპირა დაბლობი | |
---|---|
შავიზღვისპირა დაბლობი (მწვანეთ) | |
კოორდინატები: 47° ჩ. გ. 33° ა. გ. | |
ქვეყანა | უკრაინა მოლდოვა |
სიმაღლე | 10–160 მ |
ჰიდროგრაფია | დნეპრი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი |
ტექტონიკურად დაბლობი მდებარეობს შავიზღვისპირა სინეკლიზის ფარგლებში, რომელიც რუსეთის ბაქანს გამოყოფს ალპური გეოსინკილინური ოლქისაგან. შავიზღვისპირა სინეკლიზა აგებულია პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ჰორიზონტალურად განლაგებული დანალექებით. პალეოზოური ქანებიდან ცნობილია სილურული ქვიშაქვები და 100 მ-მდე სისქის თიხაფიქლები. გაბურღვითა და ბუნებრივი ჭრილით დადგენილია, რომ ცარცული დანალექები წარმოდგენილია გლაუკონიტური ქვიშებით, მერგელებითა და ცარცით (400–500 მ სისქის). ეს დანალექები გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთში, აგრეთვე ქალაქებში ოდესასა და ოსიპენკოში.[1]
ოროგრაფიულად დაბლობი ბრტყელი, სამხრეთით ოდნავ დახრილი ვაკეა. შავი და აზოვის ზღვებისკენ ის ჩამოკვეთილია აბრაზიული საფეხურით, რომელიც ყველგან არ არის გამოხატული. იგი დასერილია დიდი მდინარეების ქვემო დინებებით. ქვემოთებში მდინარეები ბოლოვდებიან ლიმანებით, რომლებიც წარმოიშვნენ ხეობების შესართავებში, ზღვით დატბორვის შედეგად, როცა ზღვა ხმელეთს უტევდა. ბევრი ლიმანი ზღვისაგან გამოყოფილია ქვიშიანი ცელებით, რის წყალობითაც ამოშრობისას ისინი მლაშე ტბებად გარდაიქცევიან.[1]
შავიზღვისპირა დაბლობზე მიედინება მდინარეები დნეპრი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი და სხვა. სანაპირო ზოლი ფლატოვანია, ხშირია მეწყერი. შავიზღვისპირა დაბლობის ჰავა კონტინენტური და მშრალია. ნიადაგსაფარი წარმოდგენილია ჩვეულებრივი (საშუალო ჰუმუსიანი) და სამხრეთის (მცირე ჰუმუსიანი) შავმიწებით, აგრეთვე მუქი წაბლა, ხშირად სუსტბიცობიანი ნიადაგებით. დუბეებში ნიადაგები ძლიერ გამოტუტვილია და მიეკუთვნება ალაოს ტიპს. დუბეების ხანგრძლივად დანესტიანების გამო, ლიოსი 10-მდე სიღრმეზე ძლიერ გალებებულია, მათზე განვითარებული მცენარეულობა მიეკუთვნება მდელოს, ან ჭაობიან მდელოს ტიპს. შავიზღვისპირა დაბლობი — სტეპური და ნახევარუდაბნო დაბლობია.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.