Remove ads
მთები ყირიმის სამხრეთ ნაწილში From Wikipedia, the free encyclopedia
ყირიმის მთები (უკრ. Кримські гори) — მთები უკრაინაში, ყირიმის სამხრეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიგანე დაახლოებით 50 კმ. შედგება მთავარი (სამხრეთ) მწკრივის — იაილისაგან, რომელიც გადაჭიმულია შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ, და მის ჩრდილოეთით მოსაზღვრე ორი მეწინავე კუესტური მწკრივისაგან. დასავლეთით იაილა წარმოადგენს მთათა მწკრივს; მისი ცალკეული ნაწილები ატარებენ საკუთარ სახელწოდებას: აი-პეტრი, იალტა, ნიკიტა, ბაბუგან-იაილა და სხვა. აღმოსავლეთით იაილა იყოფა იზოლირებულ პლატოსებრ მასივებად — ჩათირდაღი, დემერჯი, დოლგორუკოვის იაილა და სხვა. იაილის უმაღლესი მწვერვალია რომან-ყოში (1545 მ). ჩრდილოეთით მდებარე კუესტები უფრო დაბალია.
ყირიმის მთები | |
---|---|
აი-პეტრი | |
კოორდინატები: 44°45′ ჩ. გ. 34°30′ ა. გ. | |
ქვეყანა | უკრაინა |
უმაღლესი წერტილი | რომან-ყოში |
სიმაღლე | 1545 მ |
სიგრძე | 150 კმ |
სიგანე | 50 კმ |
ყირიმის მთები ალპური დანაოჭებისაა. იაილა ყირიმის ანტიკლინორიუმის ღერძული ზონაა, კუესტები მისი ჩრდილოეთი ფრთის მონოკლინია, ხოლო სამხრეთი ფრთა დაძირულია შავი ზღვის ქვეშ. ყირიმის მთების კალთები აგებულია მეზოზოური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, იაილის თხემური ნაწილი — ზედაიურული კირქვებით, რომლებშიც განვითარებულია შიშველი კარსტი. ადგილ-ადგილ გვხვდება ამონთხეული ქანებიც. კუესტები აგებულია ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ნალექებით.
იაილის სამხრეთი კალთის ქვედა სარტყელში ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. იცის რბილი ზამთარი და თბილი ზაფხული. ნალექები 600 მმ წელიწადში. იაილის პლატოებზე ზაფხული გრილია, ზამთარში იცის ყინვები. ნალექები დასავლეთით 1000-1200 მმ წელიწადში, აღმოსავლეთით 500-700 მმ. იცის ძლიერი ქარები. მდინარეები საზრდოობენ ატმოსფერული ნალექებითა და კარსტული წყლებით.
იაილის კალთებზე განვითარებულია მთა-ტყის ლანდშაფტი; სამხრეთი კალთის ქვედა ნაწილში — ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ხარობს მუხა, წიფელი, სამხრეთ კალთაზე — ყირიმული ფიჭვი. კუესტები შემოსილია ტყე-ბუჩქნარით, განვითარებულია სამხრეთული ტყე-სტეპის ლანდშაფტი. ყირიმის მთების თხემურ ნაწილში მთა-მდელო და მდელოსტეპია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.