ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი; დ. 4 იანვარი, 1933, ორჯონიკიძე, ჩრდილოეთი ოსეთი, რსფსრ) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან.
უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II | |||
| |||
---|---|---|---|
1977 წლის 25 დეკემბერი-დან | |||
არჩევა: | 23 დეკემბერი, 1977 | ||
ინტრონიზაცია: | 25 დეკემბერი, 1977 | ||
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
წინამორბედი: | დავით V | ||
დაბადების სახელი: | ირაკლი შიოლაშვილი | ||
დაბადება: | 4 იანვარი, 1933 ქ. ორჯონიკიძე, რსფსრ | ||
მამა: | გიორგი შიოლაშვილი | ||
დედა: | ნატალია კობაიძე | ||
ბერად აღკვეცა: | 16 აპრილი, 1957 | ||
დიაკვნად კურთხევა: | 18 აპრილი, 1957 | ||
მღვდლად კურთხევა: | 10 მაისი, 1959 | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 26 აგვისტო, 1963 | ||
მიტროპოლიტობა ებოძა: | 15 მაისი, 1969 | ||
ხელმოწერა: | |||
2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.
ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.[1]
1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები.[2]
ხულოში შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია; ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრებისა — 53-მდე; სასულიერო პირთა — 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა; აშენდა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.[2]
1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“. 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 1997 წლიდან არის გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი. არის ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო და აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი. მონაწილეობდა მშვიდობის დაცვის რამდენიმე ფორუმში.[2]
1989 წლის აპრილში თბილისში ადგილი ჰქონდა საპროტესტო მოვლენებს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეებთან მივიდა და მათ სიტყვით მიმართა ილია II-მ. 9 აპრილს ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენებელი პირველი პანაშვიდი გადაიხადა.[3]
2016 წლის 30 სექტემბრიდან-2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით შედგა. 30 სექტემბერს ფრანცისკე ესტუმრა ილია II-ს, სადაც ორივე მხარემ შესაბამისი სიტყვა თქვა. რომის პაპი ილია II-სთან ერთად ეწვია მცხეთას და მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედროს ტაძარი, რომელშიც საეკლესიო ტრადიციით უდიდესი ქრისტიანული საუნჯეები ინახება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რომის პაპის ვიზიტს ისტორიული უწოდა.[4]
ბიოგრაფია
ბავშვობა
ილია II-ის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლიმ ლოცვა-კურთხევა მიიღო.[5]
განათლება
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს.[6] 1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი იყო ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცული დოკუმენტები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ირაკლი შიოლაშვილის მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდზე. I კურსის ნიშნების ფურცელი, რომელიც შევსებულია 1953 წლის 11 მაისს, გვამცნობს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში აქვს „ფრიადი“, II კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს „4“, III კურსზე იგი კვლავ ფრიადოსანია. ირაკლი შიოლაშვილმა I კურსზე სწავლის დროს საკონკურსოდ წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო წმინდა სერგის სამების ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. საპატრიარქო არქივში დაცულია მისი ჩათვლის წიგნაკი (ნიშნების ფურცლები), რომელსაც ხელს აწერენ აკადემიის ინსპექტორი ვ. სარიჩევი და მდივანი ნ. მურავიოვი. აკადემიის კურსდამთავრებულ მღვდელმონაზონ ილიას ყველა საგანში ფრიადი აქვს.[7]
აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვრული. ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს მღვდელმონაზონმა ილიამ საკვალიფიკაციო თემად აირჩია „ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“. რუსულენოვანი მასალების მოძიებისა და დამუშავების შემდეგ იგი შეხვდა ზაგორსკის აკადემიის რექტორს დეკანოზ კონსტანტინე რუჟიცკის და სთხოვა მიეცა ნებართვა, რომ რამდენიმე თვით წამოსულიყო საქართველოში ქართულენოვანი ლიტერატურის სრულად შესწავლის მიზნით. 1959 წლის 4 ივნისითაა დათარიღებული რექტორ კონსტანტინე რუჟიცკის მომართვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ცენტრალური არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელზე, რათა თავიანთი დაწესებულებების ბიბლიოთეკებში, წიგნსაცავებსა და ხელნაწერთა განყოფილებაში სამუშაოდ დაეშვათ სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი მღვდელმონაზონი ილია (ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი). მღვდელმონაზონმა ილიამ რამდენიმე თვე იმუშავა თბილისის ბიბლიოთეკებში, ქართველი მეცნიერებისაგან მიიღო რჩევები.[7]
1960 წლის ივნისში ზაგორსკის აკადემიაში შედგა მისი საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. ოფიციალურმა ოპონენტებმა — პროფესორებმა ნ. მურავიოვმა და ა. გეორგიევსკიმ — მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ნაშრომს. მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიის რექტორმა საგანგებო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს უწმიდეს ალექსი I-ს, რათა საუკეთესო ნაშრომისათვის დაეჯილდოებინა ღვთისმეტყველების კანდიდატი, მღვდელმონაზონი ილია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია ზაგორსკის აკადემიის მიერ მღვდელმონაზონ ილია შიოლაშვილის სახელზე გაცემული წარჩინების დიპლომი, რომელსაც ხელს აწერენ: აკადემიის რექტორი, დეკანოზი კონსტანტინე რუჟიცკი, ინსპექტორი, არქიმანდრიტი პიტირიმი, მდივანი ა. ოსტაპოვი.[7]
შემდგომი წლები
1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა).[6]
ილია II ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.[6]
1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, სადაც მეოთხე კურსზე დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, — რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამის შემდეგ, აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.[6]
1960 წლის 19 დეკემბერს იგი აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, შემდეგ კი — 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.[6]
1963 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია.[6]
1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის — იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის — პირველი რექტორი. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.[6]
1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.[6]
1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.[6]
1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს — უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.[6]
კათოლიკოს-პარტიარქი
1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V. 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი).[8]
1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო 47 დელეგატი. კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში. საქართველოს ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან არქიმანდრიტი გრიგორიოსი.[9]
1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.[6]
1990 წელს ილია II-ს მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.[6]
კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის 39 წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა, სასულიერო პირთა რიცხვი — 2000-მდე, გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება, მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება, აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია — წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამავე წელს იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის წევრად. 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.[10]
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
1988 წლის 24 აგვისტოს ილია II-მ მიმართა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ანდრიაძეს თხოვნით, გამოეყო წმინდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის სათანადო ადგილი. იმ დროს ხელისუფლებაში მყოფნი, ყველა არ უჭერდა მხარს ამ წამოწყებას. ცდილობდნენ ისეთი ადგილი გამოეყოთ, რომ არ ყოფილიყო ძალიან შესამჩნევი ქალაქის პანორამებში. დასახელდა რამდენიმე ადგილი. ერთ-ერთი წყნეთის გზაზე, ტყეში მდებარეობდა, საიდანაც თბილისის ხედები თითქმის არ ჩანდა. შემდეგ, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის განკარგულებით შეირჩა ადგილი ბარათაშვილის აღმართის ქიმზე და რამდენიმე პროექტი არსებობს ამ რელიეფს მორგებული. შემდეგ იყო ვაკის სტუდქალაქის ტერიტორია და ბოლოს ელიას მთა.[11] სწორედ ილია II-ის წამოწყებით მოხდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აშენება.
წმიდანთა კანონიზება
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამშობლოსათვის წამებულ მოღვაწეთა ცხოვრების შესწავლა და ამის საფუძველზე მათ შორის გამორჩეულთა წმიდანად შერაცხვა. 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიამ საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცი ილია ჭავჭავაძე წმიდანად შერაცხა და უწოდა წმიდა ილია მართალი.[12]
1995 წელს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაფართოებული კრების გადაწყვეტილებით წმიდანთა დასს შეემატნენ: კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (კრებულთან ერთად), იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, იღუმენი ალექსი შუშანია, მღვდელი თევდორე, წმიდა ნინოს მშობლები — ზაბულონი და სოსანა; შემდგომ პერიოდში წმიდანთა დასს შეემატნენ: ცოტნე დადიანი, კათოლიკოსი პეტრე I, კათოლიკოსი სამოელ I, კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I, თეოდორე აჭარელი, აბუსერისძე ტბელი, კლარჯელი მამანი და დედანი, ილარიონ ქართველი-ახალი, კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II, ექვთიმე თაყაიშვილი, ბეთანიელი მამები იოანე და გიორგი, კრწანისის ომის მოწამენი, ფილიმონ ქორიძე მგალობელი, იღუმენი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) და ძმები კარბელაშვილები.[12]
2007 წელს წმიდანად შეირაცხა XIX საუკუნის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც ეწოდა სამშობლოსათვის თავდადებული, ხოლო 2012 წელს წმიდანად შეირაცხა ბერი გაბრიელი და ეწოდა წმიდა ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი.[13]
2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. სხდომაზე რამდენიმე პირის კანონიზაცია მოხდა. ესენი არიან: მონოზონი ნინო (ამილახვარი 1784-1839), იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904), სქემ-იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი 1869-1936), საქართველოს მეფე ბაგრატ III, იმერეთის მეფე სოლომონ I, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე).[14]
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
2005 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში, როდესაც წმინდა ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავდა წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დაფუძნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.[15]
ფონდის მიზანია იზრუნოს, როგორც სულიერების განმტკიცებისთვის, ასევე კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებისთვის.[15]
ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით ილია II-მ საგანგებოდ აღნიშნა:[15]
საყოველთაო ნათლობა
ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლისღება დაიგეგმა. ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.[16]
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.[17]
საერთაშორისო ურთიერთობები
ილია II აღსაყდრებიდან დღემდე დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ურთიერთობებს, ხვდებოდა და ხვდება სახელმწიფოთა პირველ პირებს. მისი მწყემსმთავრობის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა: 1991 წელს — თბილისში შეხვდა აშშ-ს ექს-პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს; 1993 წელს — თბილისში შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელცინს; 1995 წელს — შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტს იონ ილიესკუს; 1995 წელს — საპატრიარქოში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას; 1996 წელს — შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს რომან ჰერცოგს; 2000 წელს — იერუსალიმში შეხვდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარეს იასირ არაფატს; 2001 წელს — თეირანში შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მუჰამედ ჰათამს; 2005 წელს — მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს; 2006 წელს — საპატრიარქოში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს; 2008 წელს შეხვდა დიმიტრი მედვედევს; 2013 წელს — მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს; ილია II რამდენიმეჯერ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს, ხოლო მის შემდეგ ილჰამ ალიევს; ჰქონდა შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტებთან. ილია II-ს სხვადასხვა პერიოდში არაერთი შეხვედრა ჰქონდა საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩებთან და სახელმწიფოთა სხვა წარმომადგენლებთან.[18]
მოსაყდრის გამორჩევა
2017 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საღმრთო ლიტურღია აღავლინა. მის დაწყებამდე პატრიარქმა საზოგადოებისა და წმინდა სინოდის წევრთათვის მოულოდნელად წაიკითხა მისივე ხელით და პირადი ბეჭდით დამოწმებული ბრძანება, რის საფუძველზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).[19]
აღსაყდრებიდან 40 წელი
2017 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა. მცხეთის საკათალიკოსოს ისტორიაში ეს თარიღი რეკორდულია, ვინაიდან სხვა არცერთ კათოლიკოს-პატრიარქს არ ჰქონია შესაძლებლობა ამ დროის მანძილზე ემართა ეკლესია. მხოლოდ აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი გრიგოლ ლორთქიფანიძე მართავდა ეკლესიას 46 წლის განმავლობაში.
ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში 24 დეკემბერს აღევლინა, ხოლო 25 დეკემბერს საზეიმო ლიტურღია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა. ლიტურღიას შეკრებილ მრევლთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. თარიღთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, მხოლოდ რუსეთის ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.[20]
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მისალოცი წერილები გამოუგზავნეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედოფალმა ელისაბედ II-მ, რომის პაპმა ფრანცისკე I-მა, კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილე I-მა და სხვებმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მრევლს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. ყველას მადლობას ვუძღვნი და მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით ღვთის ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა ეს სიმძიმე. მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, ვინც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისთვის. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, გერმანიაში რომ ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და ერთმა სტუდენტმა მითხრა – უწმინდესო, ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. მადლობთ, გაიხარეთ ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. განსაცდელი გამოვლილი გვაქვს, შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენი ერი გამთლიანდება და გაიხარებს. ჩვენთან არს ღმერთი.[21]“ |
პატრიარქი და ავტოკეფალიის აღიარება
ჯერ კიდევ მეფე ვახტანგ გორგასლის დროს მოპოვებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს სრულიად უკანონოდ გააუქმა რუსეთის იმპერიამ.[22] XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო ავტოკეფალიისთვის ბრძოლის პროცესი, რაც 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით და პირველ საეკლესიო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II-ის არჩევით დაგვირგვინდა. რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალია არ აღიარა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წლის 31 ოქტომბერს აღიარა.[23] მიუხედავად 1917 წელს გამოცხადებული ავტოკეფალიისა, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო მაინც არ სცნობდა და ოფიციალურ წერილებშიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შესაბამისი ტიტულატურით არ იხსენიებოდა.
1977 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიზნად დაისახა ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება. იგი 1979 წლის მაისში მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის მიწვევით სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ საკითხი დასვა.[24] შესაბამისი მოლაპარაკებები 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებათა ძირითად ნაწილში მონაწილეობდნენ მიტროპოლიტები: ქრიზოსთომოსი და დამასკინოსი. 1990 წლის 7 იანვარს, სიონის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ქრიზოსთომოსმა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის და პატრიარქის ტიტულის აღიარება გამოაცხადა. 1990 წლის 4 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ხელმოწერილი სიგელიც მიიღო.[25]
„ამ ბოლო თორმეტი წლის მანძილზე გაცხოველებული მოლაპარაკება მიმდინარეობდა ამ საკითხის თაობაზე კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მის მეთაურებთან, ყოვლადუწმიდეს დიმიტრიოს პირველთან. ალბათ გახსოვთ, რომ მსოფლიო პატრიარქი ჩვენთანაც ბრძანდებოდა და 1979 წელს მეც გახლდით სტამბოლში. სულ რაღაც ორი კვირის უკან მსოფლიო საპატრიარქოში ჩემი მეორე ვიზიტი შედგა, რომლის დროსაც მივაღწიეთ იმას, რომ ორი საბუთი დაიწერა: მსოფლიო საპატრიარქომ ჩვენი ძველი, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მიღებული ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის მამამთავრისათვის პატრიარქის წოდების უფლება სცნო. ამ მეორე საბუთთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქის წოდება უმაღლესია. ქართული ეკლესიის მესაჭე ამ წოდებას მე-11 საუკუნის დასაწყისიდან ატარებდა. მელქისედეკ I თავის სიგელს ხელს აწერს როგორც კათოლიკოს-პატრიარქი. მადლობა ღმერთს, ჩვენს ეკლესიას უკვე ხელში აქვს ის საბუთები, რომელთა წყალობითაც მის ავტოკეფალიას ვეღარავინ შეეხება. მინდა მოგილოცოთ ეს მოვლენა და ერთად შევსწიროთ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ეროვნული განთავისუფლება სულიერი განთავისუფლებით იწყება.[26]“ |
ამრიგად, მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
ეკლესია და სახელმწიფო
1977 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას აღსაყდრების შემდეგ დადგა საკითხი, თუ როგორ წარმართულიყო ხელისუფლებასთან ურთიერთობა. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციაში აღნიშნული იყო, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება აღიარებდნენ ნებისმიერ რელიგიას, აგრეთვე აქვთ უფლება ეწეოდნენ ათეისტურ პროპაგანდას. ამავე კონსტიტუციით აკრძალული იყო რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებით შუღლისა და სიძულვილის გაღვივება.[27]
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და აღიარებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას.[27][28] უფრო მოგვიანებით, 2002 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.[29] კონკორდატმა განსაზღვრა: 1). აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვა;[28][30] 2). სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით; [28][30] 3). სასულიერო პირი თავისუფალია სამხედრო ვალდებულებისაგან;[28][30] 4). საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნებაყოფლობითია მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ სწავლება;[28][30] 5). ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას;[30][31] 6). ეკლესიის მიერ წარმოებულია საღვთისმსახურო პროდუქცია გათავისუფლებულია სახელმწიფო გადასახადისგან;[28][30] 7). სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად სცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ და უმოქმედო მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს და მიმდებარე ტერიტორიას.[28][32]2007 წელს ილია II-მ მხარი დაუჭირა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას.[33]
ილია II-მ არაერთხელ დააფიქსირა ეკლესიის პოზიცია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ. იგი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროპის თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას. 2014 წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკთან შეხვედრისას ილია II-მ განაცხადა:[34]
2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი და საქართველოს ეკლესია
2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური სროლები დაიწყო. 7 აგვისტოს ილია II-მ დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ. 8 აგვისტოს ქართულმა ჯარმა რამდენიმე სოფელი დაიკავა, პარალელურად, რუსულმა ავიაციამ საქართველოს სხვა რეგიონების, მათ შორის, გორის და ფოთის საჰაერო დაბომბვებიც დაიწყო. იყო უამრავი მსხვერპლი. 9 აგვისტოს ილია II-მ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაშავებულები ინახულა. მან მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტის საქმეში დახმარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია და იგი სეპარატიზმის საფუძველი არ უნდა იყოს. 13 აგვისტოს რუსული და ოსური სამხედრო ნაწილები ზემო ნიქოზში შევიდნენ და რამდენიმე ადგილობრივი მოკლეს. 14 აგვისტოს პატრიარქმა რუსეთის ეკლესიას გორსა და ნიქოზში შესასვლელად სამშვიდობო კორიდორის გაკეთება სთხოვა. 15 აგვისტოს ილია II სასულიერო პირებთან ერთად გორში იმყოფებოდა, შემდეგ ზემო ნიქოზს ეწვია. იგი ამხნევებდა მოსახლეობას და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მან კონფლიქტის ზონიდან ოთხი დაჭრილი გამოიყვანა და ექვსი გარდაცვლილის გადმოსვენება მოახერხა.
პატრიარქის ტიტულატურა
1917 წელს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად აღდგა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტულიც. იგი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ 1990 წელს იქნა აღიარებული და ეკლესიის მეთაურის ტიტულატურაც ასე ჟღერდა: „მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა“.[35][36] ტიტულში ასევე ასახული იქნა „უწმიდესი“ და „უნეტარესი“, რომელიც თავის დროზე აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოს გაერთიანებასთან ერთად შევიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულ ტიტულში.[37]
2010 წლიდან ტიტულატურაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა.[38] 21 დეკემბრის წმიდა სინოდის განჩინებით ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა და მისი ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი“.
ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიებთან
საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრებისთანავე ილია II შეუდგა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. 1978 წელს ილია II-მ მონაწილეობა მიიღო რუსეთში პატრიარქობის აღდგენიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში;[39] 1979 წელს — სტამბოლში შეხვდა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსს; 1980 წელს — იერუსალიმის პატრიარქის, ბენედიქტე I-ის მიწვევით იერუსალიმში იმყოფებოდა; 1981 წელს — თბილისში ილია II-ს შეხვდა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი ეგნატე IV; 1981 წელს — საქართველოში იმყოფებოდა იერუსალიმის პატრიარქი უნეტარესი დიოდოროს I; 1981 წელს — საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI; 1982 წელს — საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI; 1983 წელს — საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI; 1984 წელს — საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI; 1987 წელს — ილია II იმყოფებოდა იერუსალიმში; 1988 წელს — თბილისში ილია II-ს შეხვდა მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი; 1990 წელს — ილია II დაესწრო პატრიარქ პიმენის დაკრძალვას; 1990 წელს — საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის პატრიარქი ალექსი II; 1994 წელს — მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I პირველად ეწვია საქართველოს და შეხვდა ილია II-ს; 2007 წელს — ილია II მოსკოვში დაესწრო მართლმადიდებელი ენციკლოპედიის მე-13 ტომის პრეზენტაციას; 2008 წელს — ილია II დაესწრო რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ის დაკრძალვას; 2008 წელს — საქართველოში იმყოფებოდა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე II; 2009 წელს — პირველი შეხვედრა ბაქოში, რუსეთის პატრიარქ კირილესთან; 2011 წელს — ილია II სტამბოლში შეხვდა მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I-ს; 2012 წელს — უწმიდესი ილია II იერუსალიმში შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს; 2013 წელს — ილია II მოსკოვში შეხვდა უწმიდეს კირილეს; [40] 2013 წელს — პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდა მსოფლიო პატრიორქი ბართოლომეოს I;[41] 2016 წელს — ილია II დაესწრო რუსეთის პატრიარქ კირილეს 70 წლის იუბილეს.[42]
ურთიერთობა არამართლმადიდებელ კონფესიებთან
ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობა 1917-1977 წლებში მხოლოდ ეპისტოლარული ხასიათისა იყო. ამ ურთიერთობის გაღრმავების კუთხით ილია II-ს დიდი წვლილი მიუძღვის.
1978 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ესწრებოდა რომის პაპის პავლე VI-ის დაკრძალვას.[43] რომის პაპის იოანე პავლე II-ისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა 1980 წლის 5-6 ივნისს, ვატიკანში შედგა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველი მეცნიერები ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე მუშაობას შეძლებდნენ. თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, ხოლო კავკასიაში თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო.
რომის პაპი იოანე პავლე II საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით 1999 წლის 8 ნოემბერს იმყოფებოდა. ოფიციალური მოპატიჟება რომის პაპს მხოლოდ მას შემდეგ გაეგზავნა, რაც საკითხი საქართველოს ეკლესიის მეთაურთან შეთანხმდა და მოპატიჟებაც ერთობლივად გაიგზავნა.[44] ეს იყო რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც პაპი ეწვია.[45]
იოანე პავლე II-ს თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დახვდნენ. რომის პაპი 9 ნოემბერს მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს შეხვდა, მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარიც, გაკეთდა ორმხრივი მიმართვები.[46] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II:[47]
1989 წელს თბილისში იმყოფებოდა კათოლიკე მონაზონი, ნობელის პრემიის ლაურეატი, 2016 წლიდან კათოლიკური ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული დედა ტერეზა კალკუტელი, რომელსაც შეხვდა ილია II. დედა ტერეზა პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარშიც.[48]
რომის პაპის ფრანცისკე I-სა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეხვედრა 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში შედგა, როდესაც რომის პაპი საქართველოს ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით შედგა.[49] 30 სექტემბერს პაპი ფრანცისკე უწმიდეს ილია II-ს საპატრიარქოს რეზიდენციაში სტუმრობდა.[49][50] რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეწვია მცხეთას და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა.[49][51] სვეტიცხოველში ილია II-მ შემდეგი სიტყვები თქვა:[49]
ურთიერთობა ანგლიკანურ ეკლესიასთან
2011 წლის თებერვალში შედგა კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს შეხვდა.[52]
ურთიერთობა სომხურ ეკლესიასთან
ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირი VII საუკუნიდანაა გაწყვეტილი. მიუხედავად ამისა ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთობა ინტენსიურად მიმდინარეობდა საუკუნეთა მანძილზე, მათ შორის XX საუკუნეშიც. 1961 წელს სომხური ეკლესიის მეთაური ვაზგენ I პირველად შეხვდა იმ დროს არქიმანდრიტ ილია შიოლაშვილს. ვაზგენ I 1977 წლის 25 დეკემბერს ესწრებოდა უწმიდეს ილია II-ის აღსაყდრებასაც. 1978 წლის მაისში კი ილია II თავად იმყოფებოდა ეჩმიაძინში ვაზგენ I-თან შესახვედრად. მას შემდეგ არაერთი ოფიციალური ვიზიტი შედგა ეჩმიაძინში და საქართველოში. ვაზგენ I 1994 წელს გარდაიცვალა, ეჩმიაძინში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სათანადო პატივი მიაგო გარდაცვლილი კათოლიკოსის ხსოვნას. მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდა ახალ კათოლიკოს გარეგინ I-თან, რომელიც 1997 წელს სტუმრობდა საქართველოს. 2011 წელს საქართველოს სტუმრობდა ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი გარეგინ II.[53]
ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან
1979 წლის 15 იანვარს იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს, რამაც გაზარდა პატრიარქის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ეკლესიას შესაძლებლობა მიეცა ურთიერთობა ჰქონოდა მრავალი ქვეყნის ეკლესიასთან და რელიგიურ აღმსარებლობასთან. ილია II სხვადასხვა დროს შეხვდა ეგვიპტის კოპტთა პატრიარქს შენუდა III-ს, მალაბარიის ინდოელთა მონოფიზიტ პატრიარქს აბუნა თეკლე-ჰაიმანოტს, სირიელ იაკობისტთა პატრიარქს მარი იაკობ III-ს, აღმოსავლეთის მონოფიზიტ პატრიარქ მაქსიმე V-ს.[54]
ურთიერთობა ისლამურ ქვეყნებთან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან დღემდე მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აქვს მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან.
ილია II 2001 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მოჰამედ ხათამის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ჰათამსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს ალი ხამენეის. შეხვედრაზე განხილული იქნა მეგობრობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.
მის უწმიდესობას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ალახ შუქურ ფაშა ზადესთან, რომელმაც 2013 წლის 25 დეკემბერს პატრიარქს რელიგიებსა და ერებს შორის შეტანილი წვლილისთვის შეიხ ისლამის ორდენით დააჯილდოვა.[54]
სხვა მუსლიმი ლიდერების არაერთი ვიზიტი განხორციელებულა საპატრიარქოში და პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიისა ისლამურ ქვეყნებში. 2007 წელს ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად საქართველოში იმყოფებოდა ირანის რელიგიათა ურთიერთობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აიათოლა თასხირი.[55]
პატრიარქი და განათლება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში საუკუნეთა განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო კერა არსებობდა. 1811 წლიდან, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ გაუქმების შემდეგ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში რუსიფიკატორული პოლიტიკა მიმდინარეობდა.[22] იგივე გაგრძელდა 1921 წლიდან საბჭოთა აგრესიული ათეიზმის პირობებშიც. [56] ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მხოლოდ უწმიდეს ეფრემ II-ის დროს მოხერხდა მცხეთაში გახსნილიყო საღვთისმეტყველო სასწავლებელი. შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას ხელმძღვანელობის პერიოდში სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა და ეპისკოპოსი ილია მისი პირველი რექტორი გახდა.[57]
1988 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძართან ილია II-ის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად სასულიერო აკადემიაც დაარსდა. აქვე გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც.[58] 2003 წლის 5 მარტიდან 2004 წლის 4 აპრილამდე და 2005 წლის 25 იანვრიდან 2009 წლის 30 სექტემბრამდე ილია II იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.[59]
1995 წელს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთაისში დაარსდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია.[60]
2008 წლის 12 ოქტომბერს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.[61]
ილია II-ის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისსა და საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში.[62]
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრები, ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.[63]
ილია II აღსაყდრების დღიდან თავისი საქმიანობის დიდ ადგილს უთმობდა შემოქმედებითი ინტელიგენციის, მეცნიერების წარმომადგენლებთან ურთიერთობას. ამ ურთიერთობათა შედეგი იყო ათონის მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერების მიკროფირების ჩამოტანა საქართველოში, რომელიც საპატრიარქომ გადასცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტს. საპატრიარქო პერიოდულად მასპინძლობს ქართველ ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებს, ენათმეცნიერებს, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტებს.[9]
პატრიარქის შემოქმედება
ილია II-ის შესახებ აუცილებელია აღინიშნოს მისი შემოქმედება მუსიკაში,[64] საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. დღეისათვის იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორია. 2015 წლის 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო გალაკონცერტი, რომელზეც მთლიანად კათოლიკოს-პატრიარქის ნაწარმოებები შესრულდა.[65]
ილია II 20-მდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორისაა: „ყოვლად წმინდა სამება“, „ჩვენთან არს ღმერთი“, „ძველთა დღეთა“, „ივერიის ღმრთისმშობელი“, „პლატიტერა“, „მთავარანგელოზი მიქაელი“, „მთავარანგელოზი გაბრიელი“, „წმინდა დავით წინასწარმეტყველი“, „ღვთივდაცული საქართველო“, „წმინდა მეფენი სოლომონი“, „ვახტანგი და თამარი“.
პატრიარქის მიერ დაწერილი ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული. ორი კი — მანგლისის ღვთისმშობლისა და რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძრების კუთვნილებაა. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ხატებიდან ორი ფრესკულია — „ღვთივდაცული საქართველო“ ძველ საპატრიარქო რეზიდენციაშია, წმიდა თამარ მეფისა კი დიდუბის ღმრთისმშობლის ტაძრის მოხატულობის ნაწილია. გარდა ამისა, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის გამოსახულების ესკიზის და ერთი სკულპტურული პორტრეტის (შიოლა ღუდუშაურის) ავტორიცაა.
მისი უწმინდესობის ქმნილებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული ყოვლადწმინდა სამების ხატია. იგი იკონოგრაფიულადაც და მხატვრულადაც კლასიკური მიმართულებისაა.
ჯილდოები
ილია II მრავალი ჯილდოს მფლობელია. 1972 წელს დაჯილდოვდა მოციქულთასწორი წმიდა ნინოს ორდენით;[66] 1977 წელს — წმიდა კოწამე გიორგის გამარჯვების ორდენით;[67] 1977 წელს — წმიდა იოანეს I ხარისხის ორდენით;[68] 1997 წელს — დავით აღმაშენებლის ორდენით;[68] 2000 წელს — „წმიდა აკლდამის რაინდთა წმიდა ჯვრის“ ორდენით (იერუსალიმი, ისრაელი).[69] 2001 წლის 22 იანვარს — საქართველოს ეკლესიის ჯილდოთი, წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით;[59] 2002 წელს — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭა;[59] 2007 წელს გადაეცა ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — „უფლის კვართის ორდენი“;[70] 2010 წელს — „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“;[71] 2010 წლის 29 დეკემბერს — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ოქროს მედალი;[59] 2013 წლის იანვარს — კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით რელიგიებსა და ერებს შორის შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა შეიხ ისლამის ორდენით;[54] 2013 წლის 23 იანვარს — „მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრემიით: „განსაკუთრებული დამსახურებისთვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“;[72] 2013 წლის 19 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება;[59] 2013 წლის 21 ნოემბერს — სამართლიანობის უმაღლესი ორდენი.[59]
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აგრეთვე დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის საპატრიარქოების; პოლონეთის ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი.[73]
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს არჩეულ იქნა კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად. ამავე წელს აირჩიეს გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.[73]
2016 წელს რუსეთის განათლების სამინისტროსთან არსებულმა სარატოვის ოლქის საზოგადოებრივმა საბჭომ, ამავე ოლქის პედაგოგიური საზოგადოების სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დააჯილდოვა მედლით „საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის“ მრავალი წლის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო.[74]
საინტერესო ფაქტები
მსოფლიო საქრისტიანომ ქრისტეს დაბადებიდან 2000 წელი განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნა. იერუსალიმის საპატრიარქოს მიწვევით ისრაელში ჩავიდნენ მართლმადიდებელი ქვეყნების სახელმწიფო და საეკლესიო მეთაურები. იერუსალიმში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც. 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა და პატრიარქმა მაცხოვრის საფლავი ერთობლივად მოინახულეს.[75] მაცხოვრის საფლავის ნიშაში ისინი ქართული გუნდის გალობის თანხლებით შევიდნენ და სანთლები დაანთეს. იერუსალიმის საპატრიარქოს სატახტო დარბაზში იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროს I-მა მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოთა და ეკლესიის მეთაურებს „წმიდა აკლდამის რაინდთა წმიდა ჯვრის“ ორდენები გადასცა.[69]
2010 წლის იანვარში მსოფლიო საოპერო სცენის დივამ მონსერატ კაბალიემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დაბადებიდან 77 წელი ესპანეთიდან შემდეგი სიტყვებით მიულოცა:[76]
„თქვენო უწმიდესობავ, სრულიად საქართველოსა და მსოფლიო სულების პატრიარქო, ნება მიბოძეთ, ასე მოგმართოთ, გილოცავთ და მრავალს დაესწარით, რათა მრავალჯერ შეგვეძლოს თქვენთვის დაბადების დღის მოლოცვა.“ |
2016 წლის ოქტომბერში საქართველოს რომის პაპი ფრანცისკე ეწვია, რომელმაც საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები ვატიკანში გამგზავრების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს გაუზიარა და საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი განსაკუთრებული პატივისცემით, „ღვთისკაცად“ მოიხსენია:[77]
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ვარდოსანიძე, სერგო., საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე: (1917–2017), თბ.: „ქართული უნივერსიტეტი“, 2017.
- ვარდოსანიძე, სერგო., მზიანი ღამის 38 წელი, თბ.: „მეგობრობა“, 2017.
- გურული, ვახტანგ.; ჯიქია, ლევან., ისტორია შეულამაზებლად, თბ.: „ქართული უნივერსიტეტი“, 2014.
- მწყემსი საქართველოსი. გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2012.
- ნელი შიოლაშვილი. ჩვენი პატრიარქი. თბილისი, 2011.
- ვახტანგ გურული. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2010.
- ეპისტოლენი სიტყვანი და ქადაგებანი. წიგნი III. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2008.
- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2000.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 106.
- Вардосанидзе, С., Раб Божий. Жизненный подвиг Илии II, Каталикоса-Патриарха всея Грузии, М.: ПСТГУ, 2015.
რესურსები ინტერნეტში
ილია II ვიკიციტატებში | |
ილია II ვიკისაწყობში |
- patriarchate.ge // უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა;
- უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II, ბიოგრაფია — www.orthodoxy.ge, ამოღებულია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანი“-დან, საიუბილეო გამოცემა, № 52 (205), 2002 წ.;
- „პატრიარქი“ დაარქივებული 2011-05-23 საიტზე Wayback Machine. — ბიოგრაფიული წიგნი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შესახებ, ავტორი — მზია კაცაძე.
- Патриарх Грузии: о России, Абхазии, войне и сепаратизме, 11 февраля 2011 г. // BBC Russian _ ვიდეო
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.