ირანის ისლამური რესპუბლიკა (სპარს. جمهوری اسلامی ایران — ჯომჰური-იე ესლომი-ე ირან, ასევე გამოიყენება სახელწოდება ირანი (სპარს. ایران [ʔiˈɾɒn]) ან სპარსეთი) — სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — ქალაქი თეირანი.
ირანის ისლამური რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ისლამური რესპუბლიკა“ | ||||||
ჰიმნი: Sorud-e Melli-e Iran |
||||||
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | თეირანი 35°41′ ჩ. გ. 51°25′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | სპარსული | |||||
მთავრობა | ისლამური რესპუბლიკა | |||||
- | სულიერი ლიდერი | ალი ხამენეი | ||||
- | პრეზიდენტი | იბრაჰიმ რაისი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 648 195 კმ2 (მე-18) | ||||
- | წყალი (%) | 0,7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2017 შეფასებით | 80 829 192[1] (მე-18) | ||||
- | სიმჭიდროვე | 48 კაცი/კმ2 (162-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $852 მილიარდი (მე-15) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $12,300 (65-ე) | ||||
აგი (2007) | 0.759 (საშუალო) (94-ე) | |||||
ვალუტა | რიალი (IRR ) |
|||||
დროის სარტყელი | (UTC +03:30) | |||||
- | ზაფხულის (DST) | (UTC +04:30) (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | IRN | |||||
Internet TLD | .ir | |||||
სატელეფონო კოდი | 98 |
ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს.
ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფო ელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში. დარიუს I-ის დროს (550 — 486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყო საბერძნეთიდან მდინარე ინდამდე. ირანი არის ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი. XVI საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდება შიიზმის მიმდინარეობის მაჰმადიანობა.
1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა.
დასავლეთ აზიაში ირანის ეკონომიკას უკავია მეორე ადგილი განვითარების მხრივ[2] და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო.
სახელწოდება
- ოფიციალური: ირანის ისლამური რესპუბლიკა.
- ფარსი: Jomhuri-ye Eslami-ye Iran.
- ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - „არიელების ქვეყანა“ (პროტო-ინდოევროპულ ენაზე „არია“ სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა „კეთილშობილი“ ან „თავისუფალი“). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.
- ქვეყნის კოდი: IR.
ისტორია
აქემენიანთა იმპერია
ასურეთის იმპერიის განადგურების შემდეგ (ძველი წელთაღრიცხვით 614-612 წლებში) იწყება სპარსული ტომების დომინირება ახლო აღმოსავლეთში. სპარსული ტომების გაერთიანებას მეთაურობდა დინასტიის დამფუძნებელი - აქემენი.
ძველი წელთაღრიცხვით 558 წელს აქემენელთა სამეფოს სათავეში ჩაუდგა აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი (558-530), რომელმაც ძველი წელთაღრიცხვით 550 წელს დაამარცხა მიდიელები და შემოიერთა მიდიის ტერიტორიები. ძველი წელთაღრიცხვით 539 წელს კიროსმა დაიპყრო ბაბილონი. ამავე პერიოდში კიროსმა ბაბილონში ძალით გადმოსახლებული ებრაელები თავის სამშობლოში დააბრუნა. კიროსმა სახელმწიფო სახსრებით აღადგინა იერუსალიმის ტაძარი. ამის გამო ბიბლიაში არცერთ არაებრაელს არ მიეგება ისეთი პატივი როგორც კიროსს.
კიროსმა შესძლო შეერწყა გამარჯვებულთა და დამარცხებულთა წეს-ჩვეულებები. მან სათავე დაუდო დიდ სპარსულ იმპერიას, ხოლო დიდგვაროვანი ბელადები სახელმწიფო სამსახურში ჩადგნენ.
კიროს II-ის მემკვიდრის კამბიზ II-ის (ძველი წელთაღრიცხვით 530-522 წლებში) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მალე მათი სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა, რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალური აზიიდან მაკედონიამდე. ამ იმპერიაში შედიოდა სპარსულ იმპერიამდე გაცილებით ადრე შექმნილი სახელმწიფოები (ელამა, ბაბილონი, სირია, ფინიკია, ეგვიპტე.) და გაცილებით დაბალ საფეხურზე მყოფი არაბული და სკვითური ტომებიც.
დაპყრობილ ტომთა განვითარების სხვადასხვა დონის გამო, მმართველობის სისტემის შექმნისას სპარსელები დიდ პრობლემებს წააწყდნენ, თუმცა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. თავდაპირველად კიროსმა და კამბიზმა შეინარჩუნეს ადგილობრივი მმართველობის სისტემა, მაგრამ შემდგომი მმართველების დროს დაპყრობილ ქვეყნებში გამოვლინდა სეპარატისტული ტენდეციები, რის გამოც სპარსელები იძულებულნი გახდნენ განეახლებინათ მმართველობის წესი. დარიოს I-მა (ძველი წელთაღრიცხვით 522-486 წლები) მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები ჩაატარა, რამაც დაპყრობილ ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი გააძლიერა, მოაწესრიგა გადასახადების აკრეფა და დაპყრობილ ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტი გაზარდა.
დარიოს I-ის დროს მიმდინარეობდა დაპყრობილი ხალხების კანონების კონდიფიკაცია და სახელმწიფოს დაყოფა ადმინისტრაციულ საგადამხდელო ოლქებად, რომლებსაც სატრაპიები ეწოდა. სატრაპიების საზღვრები ხშირად ემთხვეოდა იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების საზღვრებს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ჩამოთვლის 20 სატრაპიას და 70 ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც აქემენდთა იმპერიაში ცხოვრობდნენ.
მე-19 სატრაპიაში შედიოდა კოლხეთის სამეფოს სამხრეთი ნაწილი, რომელიც აქემენდებმა უშუალოდ დაიმორჩილეს. კოლხეთის სამეფო ამ პერიოდში განაგრძობდა დამოუკიდებელ არსებობას აქემენიანებს კი ძღვენს უგზავნიდა ყოველწლიურად 100 ბიჭისა და 100 გოგოს სახით. აქემენდებს ემორჩილებოდა სამხრეთით მდებარე ქართული მიწები, ხოლო ჩრდილოეთში მყოფ ხალხს აქემენიანებთან მცირე ვალდებულებები ჰქონდათ.
ახალი ადმინისტრაციული ოლქების სათავეში იდგნენ სატრაპები, რომლებიც თავდაპირველად ეროვნებით სპარსელები იყვნენ. დარიოს I-მა ერთმანეთისგან გამიჯნა სატრაპებისა და მხედარმთავრების ფუნქციები.
აქემენიანთა იმპერია იყო დამყარებული ჯარზე. ამიტომ ქვეყანა დაყოფილი იყო სამხედრო ტოპარქიებად, რომელთა რაოდენობა ხშირად იცვლებოდა, ყოველთვის ჩამორჩებოდა სატარპების რაოდენობას. ჯარში ძირითადად მსახურობდნენ სპარსელები და მიდიელები, იგი შედგებოდა კავალერიისა და ქვეითი ნაწილებისაგან.
დარიოს I-მა თავი სპარსეთისა და მთელი ქვეყნიერების მეფედ გამოაცხადა. სპარსელთა ბატონობა იმ პერიოდში მართლაც ვრცელდებოდა მთელ მაშინდელ ცივილიზირებულ სამყაროზე, გარდა ბერძნული პოლისებისა, რომლებიც ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას.
ამ უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და ძლიერების სიმბოლოდ იქცა აქემენიანთა სატახტო ქალაქი პერსეპოლისი, რომელიც აშენებული იყო უზარმაზარ ხელოვნურ ტერასზე და დაჰყურებდა დაბლობს. თითქმის მიწასა და ზეცას შორის იყო გამოკიდებული. ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე, რომელიც მორთული იყო 33 ადამიანის რელიეფით, რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფესთან. უზარმაზარი კარიბჭე ხსნიდა გზას აპადანისაკენ, იმდროისთვის ყველაზე დიდ სასახლისკენ. დარბაზში 10 000 კაცი ეტეოდა. პერსეპოლისში ინახებოდა იმპერიის საგანძური. ქალაქიდან კი გადიოდა უამრავი გზები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. გზების ყოველ 20 კმ-ში სასტუმრო და საფოსტო სადგური იყო. კიროს II-ის დროიდან სახელმწიფო კანცელარიაში იყენებდნენ არამეულ ენას, რომელზეც ლაპარაკობდნენ ახლო აღმოსავლეთში მოსახლე მრავალრიცხოვანი სემიტური ტომები. დარისოს II-ის რეფორმების შემდეგ ეს ენა ოფიციალურად იქცა კანცელარიების ენად.
ძვ.წ. V საუკუნეში მცირე აზიის ბერძნული ქალაქები აქემენიანებს ემორჩილებოდნენ. მაგრამ ამ ტერიტორიებზე ხშირად ხდებოდნენ აჯანყებები. აქემენიანებს მიაჩნდათ, რომ თავიანთი იმპერიის განსამტკიცებლად საჭირო იყო ბალკანეთის ნახევარკულის დაპყრობა, რომელზეც ბერძნული ახალშენები მდებარეობდნენ, მათ შორის ათენი და სპარტა.
აქემენიანთა მონარქმა ქსერქსემ (ძველი წელთაღრიცხვით 486-465 წლები) წამოიწყო ლაშქრობა ბერძენთა წინააღმდეგ. მაგრამ ძველი წელთაღრიცხვით 490 წელს ქალაქ მარათონთან ბრძოლისას, ძველი წელთაღრიცხვით 480 წლის სალამინის საზღვაო ბრძოლაში, ძველი წელთაღრიცხვით 479 წლის პლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელს მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს უარი ეთქვათ საბერძნეთის დაპყრობის გეგმაზე. ძველი წელთაღრიცხვით 449 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება, მაგრამ მას შემდეგაც სპარსეთი აქტიურად ერეოდა საბერძნეთის საქმეებში, განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს.
აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა, სახელმწიფო გადატრიალებებმა, დაპყრობილი ხალხების პერიოდულმა აჯანყებებმა, სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა დაასუსტა იმპერეია და მას აღარ ეყო ძალა გამკლავებოდა ახალ მეტოქეს მაკედონიას. ძველი წელთაღრიცხვით 334 წელს მაკედონურ-ბერძნული არმია შეიჭრა აქემენიანთა იმპერიაში და რამდენიმე წელიწადში სასტიკად გაანადგურა. აქემენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. იმპერიის დამხობა გარდაუალი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აურაცხელი სიმდიდრე და ჯარი ჰყავდა.
სეფიანთა ირანი
XV საუკუნის მიწურულისთვის ირანი დაშლილი იყო რამდენიმე სამეფოდ, რომელთა შორის გამუდმებული ბრძოლები მიმდინარეობდა პირველობისათვის. ირანულ სამფლობელოებს შორის ყველაზე განვითარებული იყო ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აზერბაიჯანითურთ.
უკვე XVI საუკუნის დასაწყისიდან აქ სულ უფრო ძლიერდება სეფიანელთა საგვარეულო. მათ თავიანთი გავლენის განსამტკიცებლად მიიღეს შიიტობა და დაიწყეს ირანული მიწების დაპყრობა. შვიდი თურქმენული ტომის გამაერთიანებელმა სეფიანელთა საგვარეულომ, საკუთარი მომხრეებისთვის სავალდებულო გახადა წითელზოლიანი ჩალმების ტარება. სწორედ ამიტომ მათ მომხრეებს ყიზილბაშები დაერქვა, რადგან ყიზილბაში წითელ თავიანს ნიშნავს.
XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ყიზილბაშთა ახალმა მეთაურმა ისმაილმა (დ. 1502-გ. 1524) დაიპყრო მთელი სამხრეთი აზერბაიჯანი თავრიზითურთ და თავი შაჰად გამაცხადა. მან თავისი ხელისუფლება გაავრცელა ცენტრალურ და დასავლეთ ირანშიც. ირანის დედაქალაქი გახდა თავრიზი. ოფიციალური რელიგია შიიზმი. შაჰ ისმაილის მეთაურობით ყიზილბაშებმა რამდენიმეჯერ ილაშქრეს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ისმაილის დროს დაიწყო ხანგრძლივი ომები ოსმალეთთან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შაჰ ისმაილის გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰი გახდა შაჰ თამაზ I (დ.1524-გ.1576). მისი მმართველობის დროს ყიზილბაშებმა ოთხჯერ ილაშქრეს საქართველოში.
1555 წელს დასრულდა ოსმალეთთან ომი და დაიდო ამასიის ზავი. ამ ზავის პირობების თანახმად ერაყი გადავიდა ოსმალეთის ხელში, ხოლო სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ რჩებოდა ირანს. ოსმალეთის და ირანის მიერ საქართველოსა და სომხეთის განაწილების შედეგად დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ერგო, ხოლო ქართლ-კახეთი სამცხე-საათაბაგო - ირანს.
შაჰ თამაზის მმართველობის ბოლოს ქვეყანაში შიდა მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა. ქვეყანას გადაუარა შავი ჭირის ეპიდემიამ. აღმოსავლეთიდან ირანს გამუდმებით თავს ესხმოდნენ უზბეკი ხანები.
შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ ირანში დაიწყო შიდა ომები. ამით ისარგებლა ოსმალეთმა და ირანს გამოსტაცა დასავლეთი ტერიტორიები და სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ. უზბეკმა ხანებმა შეტევები განაახლეს. ასეთ მძიმე ვითარებაში ყიზილბაში დიდებულების ერთმა ნაწილმა ირანის ტახტზე აიყვანა შაჰ თამაზის შვილიშვილი, 16 წლის აბას მირზა.
აბას I-ის ზეობის დროს სეფიანთა ირანი ძალზედ გაძლიერდა. მმართველობის პირველ წლებში აბას I დაკავებული იყო უზბეკ ხანებთან ბრძოლებით. ხშირი იყო ქვეყნის შიგა აჯანყებები. ამიტომ 1590 წელს შაჰი იძულებული გახდა ოსმალეთთან უმძიმესი ზავი დაედო. ზავის პირობების თანახმად მთელი ამიერკავკასია ოსმალეთს გადაეცა.
სამშვიდობო შესვენებამ აბას I-ს საშუალება მისცა გაენადგურებინა უზბეკი ხანები და მოეხდინა მათი ქონების ჩამორთმევა, რამაც ქვეყნის შემოსავლები ძალზედ გაზარდა. მანვე გაანადგურა 10 უძლიერესი ფეოდალი.
შაჰ აბასმა ინგლისელების დახმარებით შექმნა არტილერია. ხოლო ჯარის საუკეთესო ნაწილები ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვა. აბას I-ის რეფორმებმა გაზარდა ირანული ელემენტების გავლენა. მან დედაქალაქი სპარსული რაონების ცენტრში ისპაჰანში გადაიტანა. აბას I-მა გააძლიერა სპარსული ენა, როგორც ოფიციალური ენა. ის თავის სამფლობელოებში ყოველმხრივ აძლიერებდა შიიტურ რელიგიას.
1603 წელს აბასმა ისარგებლა ოსმალეთში დაწყებული შიდა არეულობით და დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. რამდენიმე წელიწადში მან დაიბრუნა 1590 წელს დაკარგული კავკასია.
1613 წელს სტამბოლში დაიდო ზავი, რომლითაც ირანმა განიმტკიცა მისი დაპყრობილი ტერიტორიები. კახეთში შაჰ-აბასის რამდენიმე ლაშქრობის შედეგად, საქართველოს ეს კუთხე განადგურების პირას იყო მისული.
XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისში ირანი საგრძნობლად დაწინაურდა ეკონომიურად. ირანი ვაჭრობდა პორტუგალიასთან, ნიდერლანდებთან, ინგლისთან, რუსეთთან, ჩინეთთან და ინდოეთთან.
აბას I ხელს უწყობდა შიდა ვაჭრობის განვითარებას. გაჰყავდათ გზები, რომლებსაც იცავდნენ ყაჩაღებისგან და მომთაბარეებისაგან. ისპაჰანი ნახევარმილიონიან ქალაქად იქცა.
ირანი XVII საუკუნის მიწურულიდან 1814 წლამდე
XVII საუკუნის მიწურულიდან ირანის სეფიანელთა დინასტია საგრძნობლად დასუსტდა. მომთაბარეები სისტემატიურად არბევდნენ და ანადგურებდნენ სოფლებს და ქალაქებს. ანადგურებდნენ მოსახლეობას. საძოვრებად აქცევდნენ სახნავ-სათეს და ხეხილის ბაღებს. ეს გარემოება ხელს უშლიდა ირანში მტკიცე ერთიანი ძლიერი მეურნეობის შექმნას. ირანის ხელისუფლება ვერ ახერხებდა სახელმწიფოს დაშლის მომხრე ფეოდალების ალაგმას.
ფეოდალური ირანის შინაგანი სისუსტე გამოვლინდა, სეფიანელთა დინასტიის ყველაზე ძლიერი შაჰის სიკვდილის შემდეგ. XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ირანის მკვეთრი ეკონომიური და პოლიტიკური დაქვეითება. თანდათანობით დაეცა სოფლის მეურნეობა, მოიშალა ვაჭრობა. სეფიანელთა დინასტიის უკანასკნელი, უნიჭო შაჰები სულ არ ცდილობდნენ ქვეყნის სავალალო მდგომარეობიდან გამოყვანას. ქვეყნის შემცირებული შემოსავლის დიდ ნაწილს საკუთარ ოჯახებს ახმარდნენ. შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლეს ავღანელმა ტომებმა, თავიდან მათ მოიშორეს სეფიანელთა უღელი, ხოლო 1722-1723 წლებში მათ დაიპყრეს ირანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ამავე პერიოდში ირანის წინააღმდეგ ომებს აწარმოებდა რუსეთიც. პეტრე I-ს მიზნად დასახული ჰქონდა კასპიის ზღვის აღმოსავლეთი და დასავლეთი ტერიტორიების დაპყრობა. ირანთან დადებული პეტერბურგის ზავით აღნიშნული ტერიტორიები რუსეთს გადაეცა. ასეთ მძიმე ვითარებაში სეფიანელთა დინასტიამ ფაქტობრივად დაკარგა ძალაუფლება. ირანის ასეთი მძიმე ვითარებით ისარგებლა ოსმალეთმა და კავკასია დაიკავა.
ირანში ავღანელთა ასეთმა თარეშმა ხალხის მასობრივი აღშფოთება გამოიწვია. 1772 წელს ირანში მასობრივი ანტიავღანული განმათავისუფლებელი ბრძოლები დაიწყო. ბრძოლას თურქმანული წარმოშობის ნადირ-ხანი ჩუდგა სათავეში. მან ავღანელი დამპყრობლები ირანიდან განდევნა. მალე მან დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელიც სრული გამარჯვებით დასრულდა. 1736 წლის ზავით ირანმა დაიბრუნა ყველა ის ტერიტორია, რომელიც დაკარგა 1723 წელს. რუსეთმა ნებაყოფლობით დაუბრუნა ირანს პეტრე დიდის დროს შეერთებული ირანული მიწები. ავღანეთთან და ოსმალეთთან მოპოვებული წარმატებების შემდეგ ნადირ ხანმა შეკრიბა ირანული ფეოდალური დიდკაცობა და ოფიციალურად ეკურთხა ირანის შაჰად. ნიჭიერი მხედართმთავარი ურჩ ქვეშევრდომებს სასტიკად სჯიდა, 1745 წელს ნადირ შაჰმა საქართველოს გამაჰმადიანებაზე ხელი აიღო. მეფეებად თეიმურაზ II და მისი შვილი ერეკლე II დანიშნა. ქართველი მეფეები ქრისტიანული წესით აკურთხეს.
1747 წელს ნადირ შაჰმა მთელ ირანს აუტანელი გადასახადები დააკისრა. ეს ღონისძიება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. იმავე წელს ნადირ შაჰი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მის მიერ სისხლით და მახვილით შექმნილი სახელმწიფო დაინგრა.
ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ 10 წლის განმავლობაში ირანის ტახტისთვის იბრძოდა რამდენიმე საგვარეულო. ზენდების ირანული ტომის ბელადმა ქერიმ-ხანმა, თავდაპირველად სამხრეთ ირანი, შემდეგ კი მთელი ქვეყანა დაიმორჩილა. ქერიმ ხანის მმართველობის დროს ირანში დროებითი სიმშვიდე ჩამოვარდა. იგი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და ხელოსნობის აღდგენას ცდილობდა.
ქერიმ-ხანსა და ერეკლე II-ს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობები იყო. 1779 წელს ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ ირანი 15 წლიანმა ქაოსმა მოიცვა. ზენდები ჩრდილო ირანელმა ყაჯარებმა დაამარცხეს. 1794 წელს ყაჯარების თავკაცმა, ჭკვიანმა და ენერგიულმა, მაგრამ ვერაგმა და შეუბრალებელმა აღა-მაჰმად-ხანმა ზენდების წინააღმდეგობას ბოლო მოუღო.
აღა-მაჰმად-ხანმა 1795 წელს დალაშქრა და დაარბია თბილისი. ამიერკავკასიიდან დაბრუნებული აღა მაჰმად ხანი თეირანში საზეიმოდ ეკურთხა შაჰად. მანამდე უცნობი და უმნიშვნელო დასახლებული პუნქტი თეირანი აღა მაჰმად ხანმა დედაქალაქად გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც შაჰმა გაიგო რომ ერეკლე II-ის დროს კავკასიაში შემოყვანილი რუსული 30 000-იანი ჯარი პავლე I-მა უკან გაიწვია, შაჰმა თავისი ჯარი კვლავ დაძრა კავკასიისკენ, მაგრამ საქართველო ვერ ააოხრა, რადგან 1797 წელს მცველებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი იყო შაჰი სიცოცხლეს გამოასალმა. აღა მაჰმად ხანის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმისშვილი ბაბა-ხანი.
1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ბაბა-ხანი შეეცადა არ დაეშვა კავკასიაში რუსეთის გაბატონება. ბაბა-ხანი 1804-1813 წლებში რუსეთს ეომებოდა, მაგრამ ამ ომში ირანი დამარცხდა. 1813 წელს დაბა გულისტანში დაიდო რუსეთ-ირანის საზავო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ირანმა უარი თქვა საქართველოზე, დაღესტანზე, ჩეჩნეთზე და აზერბაიჯანზე. ირანი ცნობდა კავკასიაში რუსეთის გაბატონებას, აგრეთვე კასპიის ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება მხოლოდ რუსეთს დარჩა.
ირანი 1814-1914 წლებში
XVIII საუკუნის მიწურულიდან ირანში ყაჯართა დინასტიის შაჰების მმართველობა დამყარდა. ყაჯარები ვერ ეგუებოდნენ 1804-1813 წლების ომში მარცხს და კავკასიაში რუსების გაბატონებას. ამიერკავკასიაში რუსების გაბატონებით უკმაყოფილო იყო ინგლისიც. 1814 წელს ირანსა და ინგლისს შორის დაიდო დიდი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1826 წელს ყაჯარებმა ჩათვალეს, რომ ირანის არმია ბრძოლისთვის საკმარისად ამაღლდა, ამიტომ ირანმა ომი გამოუცხადა რუსეთს. ირანმა განჯა დაიკავა, მაგრამ კონტრშეტევაზე გადასულმა რუსეთის ლაშქარმა ირანელები განჯიდან განდევნა, რის შედეგადაც დაიკავა ერევანი და თავრიზი. ყაჯარებმა ზავი ითხოვეს. 1828 წლის ზავით ირანი საბოლოოდ უარი თქვა აღმოსავლეთ საქართველოზე, დაღესტანზე, ჩეჩნეთზე, აზერბაიჯანზე და ცნობდა ერევნის და ნახიჭევნის სახანოების შესვლას რუსეთის შემადგენლობაში. ამის შემდეგ ირანი უკვე უშუალოდ აღარ ესაზღვრება საქართველოს. 1828 წლის ზავით ირანს რუსეთისთვის უნდა გადაეხადა 20 მლნ ოქროს მანეთის კონტრიბუცია. ნიკოლოზ I-მა ამის შემდეგ ირანში ელჩი დანიშნა. რუსეთი ირანის საქმეებში ერეოდა.
აღშფოთებული ირანელი შიიტები 1829 წელს შეიჭრნენ რუსეთის საელჩოში და დაარბიეს, ამოხოცეს რუსები, მათ შორის ალექსანდრე გრიბოედოვიც. რუსეთის იმპერატორი მოერიდა ირანთან ურთიერთობის დაძაბვას. ინციდენტის გამო კი გრიბოედოვი და რუსი მოხელეები დაადანაშაულა. რუსეთის იმპერატორი ირანის შაჰის ოფიციალურ ბოდიშს დაკმაყოფილდა და მიიღო მის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები (მათ შორის დიდი ბრილიანტი სახელით შაჰი). რუსეთმა ირანს კონტრიბუციაც კი შეუმცირა 2 მლნ მანეთით.
ყაჯარებმა ისარგებლეს ინგლისის მოუცლელობით (რომელიც ყირიმის ომში იყო ჩართული 1853 - 1856) და 1856 წელს მოაწყვეს ლაშქრობა ავღანეთის ქალაქ ჰერათზე. ამ ქალაქს უდიდესი სავაჭრო სტრატეგიული ფუნქციები ჰქონდა ინგლისისთვის, რომელიც ინდოეთის დაპყრობას აპირებდა და მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო ავღანეთში ირანის ყოფნა. ყირიმის ომის დამთავრებისთანავე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰერათთან დაკავშირებით შეუვალი პოზიცია დაიკავა. ინგლისმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ომი გამოუცხადა. ინგლისმა თავისი ფლოტი სპარსეთის ყურეში შეიყვანა და დესანტი გადასხა ირანის სამხრეთით. 1856-1857 წლების ინგლის-ირანის ომი პარიზის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად ირანს გაჰყავდა თავისი ჯარი ჰერათიდან ხოლო ინგლისი ტოვებდა დესანტს სამხრეთ ირანში.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანში იაფფასიანმა ინგლისურმა და რუსულმა საქონელმა გააჩანაგა ირანის მრეწველობა, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა ირანის საფაბრიკო-სახელოსნო მრეწველობა. უცხოელთა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა არა მარტო ირანის ეკონომიკა არამედ სახელმწიფო მმართველობის ზოგიერთი სფეროებიც. მთავარ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ რუსი და ინგლისელი პირები. ირანი გადაიქცა ნახევარკოლონიურ ქვეყნად, რამაც გამოიწვია ფეოდალური ურთიერთობების დაკონსერვება. 1879 წელს ირანის შაჰის თხოვნით მოწვეულმა რუსმა ოფიცრებმა, ადგილობრივი მცხოვრებთაგან შექმნეს რუსული კაზაკური სამხედრო ნაწილების გაერთიანება — თავდაპირველად პოლკი, რომელიც ჯერ ბრიგადად, ხოლო შემდგომ დივიზიად გადაიქცა.
XIX საუკუნის მიწურულს ირანში აღმოცენება იწყო ფარულმა პატრიოტულმა ორგანიზაციებმა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა უცხოელების წინააღმდეგ. გაზრდილი გადასახადების გამო გაჩანაგდა უამრავი გლეხი, ამიტომ ისინი თავიანთ საცხოვრებლებს ტოვებდნენ და გადადიოდნენ სამხრეთ რუსეთში. XX საუკუნის პირველ ხანებში რუსეთში უკვე 200 000 ირანელი იყო.
ჯარმა უარი თქვა 1905 წლიდან დაწყებული მიტინგების დარბევაზე. შაჰი იძულებილი გახდა მოეწვია პირველი მეჯლისი, რომელმაც შაჰის ძალაუფლება შეზღუდა.
1908 წელს ინგლისმა და რუსეთმა ირანი გაიყვეს.
1908 წელს მოჰამედ ალ შაჰის მითითებით ირანის კაზაკთა ბრიგადამ რუსი პოლკოვნიკ ლიახოვის სარდლობით თეირანში კონტრრევოლუციური გადატრიალება მოახდინა. იმავე 1908 წელს ირანის მთავარ ქალაქ თავრიზში დაიწყო შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები. მათ მთავრობის ჯარები განდევნეს, რასაც მოყვა რუსეთის კონტრრევოლუციური ინტერვენცია. შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები მთელ რიგ ქალაქებს და პროვინციებს მოედო. 1909 წელს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი თეირანი, დაამხეს მოჰამედ ალ შაჰის ხელისუფლება და აღადგინეს კონსტიტუცია. 1911 წლის ბოლოს რუსეთის, ინგლისისა და შინაგანი რეაქციის ძალებმა შეძლეს ირანის რევოლუციის ჩახშობა.
ირანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ
1921 წელის თებერვალში მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება. გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდა ირანულ კაზაკთა ნაწილები ვიცე პოლკოვნიკ რეზა ფეჰლევის სარდლობით, რომელმაც ახალ მთავრობაში სამხედრო მინისტრის პოსტი მიიღო. 1921 წლის 26 თებერვალს მოსკოვში ხელი მოეწერა ირან-საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებით უქმდებოდა მანამდე ირან-რუსეთის ყველა ხელშეკრულება. რომელებიც ბღალავდა ირანის სუვერენიტეტს. ამ ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთს საშუალება ეძლეოდა შეეყვანა ირანის ტერიტორიაზე თავისი ჯარები და განეხორციელებინა საჭირო მოქმედებები, თუ მესამე ქვეყანა შეეცდებოდა ირანის გამოყენებას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. 1923 წელს რეზა ფეჰლევი პრემიერ მინისტრი გახდა. მან აიძულა მეჯლისი ყაჯართა დინასტია დაემხოთ. მართლაც 1923 წლის 12 დეკემბერს რეზა ფეჰლევი გახდა შაჰი. ახალ დინასტიას ეწოდა ძველი პართიული დინასტიის ირანული სახელი - ფეჰლევი. სახელწოდება სპარსეთი შეიცვალა ირანით.
რეზა შაჰმა ულმობლად ჩაახშო ყველა აჯანყება ირანის ტერიტორიაზე. შაჰი შეეცადა დაეცვა ქვეყნის ეკონომიკა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიწების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. შესაძლებელი გახდა სახელმწიფო მიწების გაყიდვა. დაიწყო ტრანს-ირანის რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან სპარსეთის ყურე და კასპიის ზღვა. ჩატარდა რეფორმები განათლების სფეროში, რის შედეგადაც შეიქმნა უფასო დაწყებითი და ფასიანი საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები. ყოველივე ამასთან ერთად ირანში ჩატარდა ნაციონალისტური სულისკვეთების კამპანია. გაძლიერდა არაირანელი მოსახლეობის ჩაგვრა-შევიწროება, რომელთა შორის იყვენენ ფერეიდნელი ქართველებიც.
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას რეზა შაჰმა სცადა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-სთვის უარი ეთქვა მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა. იგი გარდაიცვალა იოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშთი ირანში გადაიტანა და სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაასვენა, თუმცა ისლამური რევოლუციის შემდეგ აიათოლას განკარგულებით მავზოლეუმი დაანგრიეს.
ირანი 1946-1990 წლებში
1946 წლამდე ირანის ტერიტორიაზე საბჭოთა და ინგლისის ჯარები იყვნენ. მაგრამ დასავლეთის ზეწოლის შედეგად საბჭოთა კავშირმა თავისი ძალები გაიყვანა ირანის აზერბაიჯანიდან და ქურთისტანიდან. ცივი ომის დაწყების დროიდან გაძლიერდა ირანის შიდა საქმეებში აშშ-ს და ინგლისის ჩარევა. ამ ორ ქვეყანას შორის ქიშპობა აშშ-ს გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით მწვავედ მიდიოდა ბრძოლები სამხრეთ ირანის ნავთობისათვის, რომლის ექსპლუატაცია მთლიანდ ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის ხელში იყო. ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციის მოთხოვნამ მთელი ქვეყანა მოიცვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1951 წელს ირანის პარლამენტმა — მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ნაციონალიზაციის შესახებ. ამ ყველაფერს ნავთობის მომპოვებელი დიდი კომპანიების ბოიკოტი მოჰყვა. 1953 წელს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა ეროვნული ფრონტის მთავრობა. ახალმა მთავრობამ ნავთობი 25 წლის ვადით საერთაშორისო კონსილიუმს გადასცა, რომელშიც მთავარ როლს ამერიკული კომპანიები და ინგლის-ირანული კომპანიები თამაშობდნენ.
ირანი ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყნას წარმოადგენდა. მოჰამედ რეზა შაჰმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის სფეროში.1963 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა შაჰის ახალ რეფორმებს, რომელსაც თეთრი რევოლუცია ეწოდა. ამ რეფორმებს დაუპირისპირდნენ ულიმები — შიიტი სამღვდელოების პირები, რომლებმაც ეს რეფორმები ისლამური პრინციპების შელახვად და საერთოდ ისლამზე პირდაპირი შეტევად აღიქვეს. შაჰის რეფორმამ ვერ გადაჭრა ქვეყანაში პრობლემები - სურსათი ისევ არ კმაროდა, ვინაიდან მოსახლეობის ზრდის ტემპები უსწრებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტემპს. ირანი ვერ გადაიქცა ინდუსტრიულ ქვეყნად. ქვეყანას ნავთობის ბუმმა ვერ უშველა, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა. ქვეყნის შემოსავლები ისევ შემცირდა, სამხედრო ხარჯები კი გაიზარდა. ამას მოჰყვა ინფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების პირობის გაუარესება. ასეთმა მძიმე ვითარებამ გამოიწვია შაჰის ხელისუფლების პოზიციის შესუსტება და მისდამი დაპირისპირებული შიიტი სამღვდელოების გაძლიერება. ირანში გაზრდილმა საპროტესტო მოქმედებებმა შაჰის ხელისუფლება აქცია ავტორიტარულ დიქტატურად. მოსახლეობას აღიზიანებდა შაჰის კარზე არსებული ფუფუნება, კორუფციის მაღალი დონე. მოსახლეობაში იზრდებოდა ანტიდასავლური განწყობაც. ასეთ პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა საზოგადოების სრული ისლამიზაციის მომხრე სასულიერო პირების გავლენა. მათმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა გააკეთა მოწოდება ჭეშმარიტი ისლამური წყობის დამყარების შესახებ. ოპოზიციას შეუერთდა დასავლური ორიენტაციის ინტელიგენცია.
ამის მიუხედავად დასავლეთს შაჰის ხელისუფლება სტაბილურად მიაჩნდა და ისინი შაჰის ხელისუფლებას უახლესი იარაღით ამარაგებდნენ. დასავლეთისთვის შაჰის ხელისუფლება ყველაზე საიმედო მოკავშირე იყო.
1978 წლიდან ქვეყანა მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. მთავრობის შეცვლამ შაჰს ვერ უშველა. 1979 წლის იანვარში შაჰს მოუწია ქვეყნიდან წასვლა. სამაგიროდ ქვეყანაში დაბრუნდა რუჰოლა ხომეინი, რომლის მხარეს არმიაც გადავიდა. ხომეინმა ირანის ისლამური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. რეფერენდუმში ამ იდეას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და 1979 წლის 1 აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის მმართველი გახდა აითოლა ხომეინი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, ურწმუნოებისადმი შეუწყალებლობასა და თავსაბურავს (ჩადრს).
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ლოზუნგი გახდა „არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი“. ირანელების მტრად შაჰთან ერთად გამოცხადდა შეერთებული შტატები, რომლის საელჩოს 52 თანამშრომლები რადიკალურმა მუსლიმმა სტუდენტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები 15 თვის შემდეგ გაათავისუფლეს. ირანმა მტრად გამოაცხადა აგრეთვე საბჭოთა კავშირიც.
ხომეინი ყველა ისლამურ ქვეყანას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, რამაც ირანის მეზობელი ქვეყნები შეაშფოთა. განსაკუთრებით გართულდა ირან-ერაყის ურთიერთობები, რაც 1980 წელს ომში გადაიზარდა. ეს ომი ორივე მხარისათვის ძალზედ სისხლიანი იყო, დაიღუპა ნახევარი მილიონი ადამიანი. ომი დასრულდა 1988 წელს გაეროს უშუალო შუამავლობით. საზავო ხელშეკრულება 1990 წელს დაიდო.
ისლამიზაციამ ქვეყნის ეკონომიკას მაინც ვერ უშველა. 1989 წელს გარდაიცვალა ხომეინი. მოგვარდა ურთიერთობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, მათ შორის საქართველოსთანაც.
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი, ერაყი.
ქვეყნის უდიდესი ნაწილი მთიანი რელიეფით ხასიათდება, ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაშლილია ზაგროსის და კუხუდის მთათა სისტემები. კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გაუყვება ელბურსის მთები. ტერიტორიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს იკავებს ირანის მთიანეთი. დაბლობებს უკავია ქვეყნის 7 %. განსაკუთრებით მდიდარია ნავთობით და გაზით. ასევე მოიპოვებენ ნახშირს, სპილენძს, რკინას და ა. შ. ირანის შიგა რაიონებში ბატონობს მშრალი სუბტროპიკული და ტროპიკული კონტინეტური კლიმატი, კასპიის ზღვისპირეთში - ტენიანი სუბტროპიკული. ნალექების სიუხვით გამოირჩევა ელბრუსის მთების ჩრდილოეთი კალთები. ირანი ჰიდროგრაფიული ქსელით ღარიბი ქვეყანაა. ნიადაგურ და მცენარეულ საფარში ჭარბობს სტეპის და უდაბნოსთვის დამახასიათებელი სახეობები. ტყეებს უკავია ტერიტორიის 17 %.
ნავთობისა და გაზის მარაგით ირანი მსოფლიოს ქვეყნების ხუთეულშია. მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზესტანი.
- ფართობი - 1 648 000 კვ. კმ.
- მოსახლეობა - 66,4 მლნ. კაცი (2000 წ).
- ბუნება: მთები – უმაღლესი მწვერვალი – დამავენდი 5604 მ; უდიდესი მდინარე - ქარუნი 830 კმ; მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371 000, ურმია 5800, ნამაქი 1800; უდიდესი კუნძული - ყეშმი 1330 კვ. კმ; კლიმატი - კონტინენტური, მშრალი. ირანის ტერიტორიაზე ორი უდიდესი უდაბნოა - დეშთე ქევირი და დეშთე ლუთი.
- ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ქრომი, სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, მანგანუმი, თუთია, გოგირდი. ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზისტანი.
სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკა.
- ეროვნული დღესასწაული: 11 თებერვალი (რევოლუციის დღე).
- სახელმწიფოს მეთაური: სულიერი ლიდერი - აიათოლა საიდ ალი ხამენეი (Ayatollah Ali Hoseini-KHAMENEI, 1989), პრეზიდენტი - ჰასან რუჰანი.
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - მეჯლისი (270 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა
ირანის ტერიტორია იყოფა ოსტანებად (სპარს. استان — ostān; მრავლობით. — استانﻫﺎ — ostānhā), ოსტანები იყოფა შაჰრისტანებად (სპარს. شهرستان), ირანის დიდი ქალაქები სარგებლობენ სპეციალური უფლებებით. ამჟამად ირანი იყოფა 31 ოსტანად, ესენია:
1. არდაბილი |
11. ისპაჰანი |
21. ქოხგილუე და ბოიერაჰმედი |
1950 წლამდე ირანი იყოფოდა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, არაქ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზესტანი, კერმანი, ლარესტანი, ლორესტანი და მაზანდარანი. 1950 წელს ირანის რეორგანიზაცია მოხდა, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდა ათი ძირითადი პროვინცია საკუთარი დაქვემდებარებული გუბერნიებით: 1960-დან გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა პროვინციის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. 2004 წელს, პროვინცია ხორასანი გაიყო სამ ახალ პროვინციად. 2010 წელს კი შეიქმნა ახალი პროვინცია ალბორზი.
დემოგრაფია
- მოსახლეობა: 68,3 მლნ (2003), მათ შორის სპარსელები - 51 %, აზერბაიჯანელები - 24 %, ქურთები - 7 %, გილანელები და მაზანდარანელები - 8 %, არაბები - 3 %, ლურები - 2 %, ბელუჯები - 2 %, ქართველები - 0,01 %.
- ენები: ფარსი (58 %), თურქული ენები (26 %), ქურთული (9 %), ლური, (2 %), ბელუჯური (1 %), არაბული (1 %).
- რელიგია: ისლამი.
- ქალაქები (ათ.) : თეირანი (7894; აგლომ. 11 225), ისპაჰანი (1378; აგლომ. 2652), მეშჰედი (2061), თავრიზი (1213), შირაზი (1176).
№ | ქალაქი | პროვინცია | მოსახლეობა 2006 წელს | № | ქალაქი | პროვინცია | მოსახლეობა 2006 წელს | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | თეირანი | თეირანი | 7,705,036 | 10 | ურმია | აღმოსავლეთი აზერბაიჯანი | 583,255 | |
2 | მეშჰედი | ხორასან რეზავი | 2,427,316 | 12 | ზაჰედანი | სისტანი და ბელუჯისტანი | 552,706 | |
3 | ისპაანი | ისპაჰანი | 1,602,110 | 12 | რეშთი | გილანი | 551,161 | |
4 | თავრიზი | დასავლეთი აზერბაიჯანი | 1,398,060 | 13 | ქერმანი | ქერმანი | 496,684 | |
5 | ქარაჯი | თეირანი | 1,377,450 | 14 | ჰამადანი | ჰამადანი | 473,149 | |
6 | შირაზი | ფარსი | 1,227,311 | 16 | არაქი | მარკაზი | 438,338 | |
7 | აჰვაზი | ხუზესტანი | 969,843 | 16 | იეზდი | იაზდი | 423,006 | |
8 | ყუმი | ყუმი | 951,918 | 17 | არდაბილი | არდაბილი | 412,669 | |
9 | ქირმანშაჰი | ქირმანშაჰი | 784,602 | 18 | ბენდერ-აბასი | ჰორმაზაგანი | 367,508 |
ეკონომიკა
ირანი განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც მშპ-ს საერთო მოცულობით სამხრეთ-დასავლეთ აზიაში 4 ქვეყანაა. ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, რომელშიც უდიდესია ნავთობ გაზის ინდუსტრიის როლი. განვითარებულია აგრეთვე მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული, წამყვანია მემცენარეობა. ბოლო წლებში დაიწყო მომსახურების სფეროს განვითარება.
ნავთობის მოპოვებით ირანი მსოფლიოს ხუთეულშია. მოპოვებული ნავთობის 75 % ექსპორტზე გადის. სპარსეთის ყურის 24 გიგანტი საბადოდან 8 ირანში მდებარეობს. მათ შორის აგა-ჯარისა და გეჩსარინი. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებს შორის უდიდესია აბადანის საწარმო. ისპაჰანში მოქმედებს შავი მეტალურგიის უდიდესი ქარხანა. მსუბუქი მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ხალიჩების წარმოება. ამ დარგში დასაქმებულია 2 მლნ ადამიანი.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ირანი ვერ აკმაყოფილებს საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებებს.
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 109 მლრდ $ (35-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 1780 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 21, მრეწველობა 34, მომსახურება 45.
- ექსპორტი: ნავთობი, ხალიჩები, ხილი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი.
- ბიუჯეტი: 29,500 მლნ $.
- ვალუტა: რიალი (IRR).
მემკვიდრეობა
- თეირანი - არქეოლოგიური მუზეუმი, ხალიჩების მუზეუმი, იმამის მეჩეთი; თანამედროვე მუზეუმი;
- ისპაჰანი - სპარსეთის ოქროს ხანის ქალაქი მეჩეთებითა და ბაღებით; ჩეჰელ სოთუნი;
- თავრიზი - ცისფერი მეჩეთი (XIII ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.);
- პერსეპოლისი - დარიუსის სასახლე; თახთე ჯამშიდი;
- იაზდი - ზოროასტრთა ტაძარი, იაზდის ქარსაჭერები, სეფიანთა პერიოდის ნაქალაქარები;
- წმინდა ქალაქები - ყუმი და მეშჰედი;
- ნიშაბური - ომარ ხაიამის საფლავი;
- სპარსული ეპოსი – შაჰნამე (X ს.).
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ირანი
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.