Remove ads
რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში From Wikipedia, the free encyclopedia
პეტრე I დიდი (რუს. Пётр I Великий; საკუთარ თავს ეძახდა გერმანულად პეტერ — Пeтeрь) (დ. 9 ივნისი, 1672, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი, 1725, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში.
პეტრე I დიდი | |
---|---|
Пётр I | |
რუსეთის ცარი სრულიად რუსეთის პირველი იმპერატორი | |
კორონაცია: | 25 ივნისი, 1682 |
მმართ. დასაწყისი: | 7 მაისი 1682 |
მმართ. დასასრული: | 8 თებერვალი 1725 |
წინამორბედი: | თედორე III |
მემკვიდრე: | ეკატერინე I |
თანამმართველი: | ივანე V (1682–1696) |
რეგენტი: | სოფია ალექსის ასული (1682-1689) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 სექტემბერი, 1672 |
დაბ. ადგილი: | მოსკოვი |
გარდ. თარიღი: | 8 თებერვალი 1725 (52 წლის) |
გარდ. ადგილი: | სანქტ-პეტერბურგი რუსეთის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | პეტრეს და პავლეს კათედრალი |
მეუღლე: |
ევდოკია ლოპუხინა ეკატერინე I |
შვილები: |
ალექსანდრე ანა ელისაბედ I ნატალია |
სრული სახელი: | პეტრე ალექსის ძე რომანოვი |
დინასტია: | რომანოვები |
მამა: | ალექსი I |
დედა: | ნატალია ნარიშკინა |
რელიგია: | მართლმადიდებელი |
ხელმოწერა: | |
ბრძოლები/ომები: |
ჩრდილოეთის ომი (1700-1721) რუსეთ-ოსმალეთის ომი (1686-1700) |
მას გამორჩეული ადგილი უკავია რუსეთის ისტორიაში, რადგან მან დაიწყო რუსეთის სახელმწიფოს ვესტერნიზაციის პროცესი, რაც გამოიხატებოდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ რეფორმებსა და ცვლილებებში. მის დროს რუსეთში შევიდა განმანათლებლობა და მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში.
პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის მეფის ალექსეი I-ს მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეის მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ თედორე III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთი მხრივ მილოსლავსკები — ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორე მხრივ ნარიშკინები — პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.
1682 წელს ცარ თედორეს დასაფლავების შემდგომ ბოიარების დუმამ პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრეს უფროსი დის ცარევნა სოფიას მიერ პროვოცირებული სტრელცების ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა, რომლებსაც ტახტზე ივანეს დასმა სურდათ. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და ივანი ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია „უფროს“ ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ნახევარდამ, სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში — კოლომენსკოში, პრეობრაჟენსკოესა და სემიონოვსკოეში ცხოვრობდა.
თავად სოფიას მმართველობისას სამეფო ტახტზე გავლენითა და სიძლიერით გამოირჩეოდა თავადი ვასილი გოლიცინი, რომელიც საიდუმლოდ დაქორწინებული იყო სოფიაზე.
მიუხედავად კრიზისის დაძლევის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა, ეს დაპირისპირება არ გადაჭრილა და ორივე მხარე ემზადებოდა გადამწყვეტი დარტყმისთვისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის.
17 წლის ასაკში დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პეტრემ თავისი ნების წინააღმდეგ იქორწინა ევდოკია ლოპუხინაზე. მიუხედავად ცარევიჩ ალექსეის დაბადებისა 1690 წელს, იგი დემონსტრაციულად იგნორირებას უკეთებდა მეუღლეს. 1689 წელს ცარევნა სოფია კვლავ შეეცადა მოეწყო სტრელცების ბუნტი.
მას გამიზნული ჰქონდა პეტრე მთლიანად ჩამოეცილებინა სახელმწიფო საქმიანობისგან და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, მაგრამ ნარიშკინებმა ამჯერად დაასწრეს სოფიას.
სოფიას გეგმა იყო სტრელცები (მეთოფეთა ჯარი) მოულოდნელად შეჭრილიყო სოფელ პრეობრაჟენსკოეში და მოეკლათ პეტრე, მაგრამ პეტრემ ეს ინფორმაცია გაიგო სანდრო წყაროსგან და გაიხიზნენ სერგის სამების ტაძარში, სადაც მასთან გამოცხადდა მისი დაფუძნებული პრეობრაჟენსკისა და სემიონოვსკოეს პოლკები. გახიზვნის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ტაძარსა და სოფიას შორის, რის დროსაც სოფიას მხარდამჭერთა რაოდენობა თანდათანობით იკლებდა, ამიტომაც სოფიამ თავი დამარცხებულად ცნო. იგი დააპატიმრეს, ჩამოართვეს რეგენტობა და ნოვოდევიჩის მონასტერში გამოკეტეს. ივანე V, რომელიც ამ დროისთვის გონებასუსტი და თითქმის ბრმა იყო, მის სიკვდილამდე (1696) ნომინალურ თანამმართველად იქნა დატოვებული.
1689 წლიდან პეტრე გახდა სახელმწიფოს ფაქტობრივი ერთპიროვნული მეფე და იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოქმედებებსა და რეფორმებს, რამაც ის ისტორიაში დატოვა "დიდის" ზედწოდებით.
1693 წელს ის სტუმრობს არხანგელსკს, რომელიც არის სამეფოს ერთადერთი ნავსადგური და ვაჭრობის დიდი ცენტრი. პეტრე ეცნობა უცხოური გემების კონსტრუქციებს. ჩრდილოეთის ცივი კლიმატის გათვალისწინებით, პეტრემ ყურადღება შავ ზღვაზე გაამახვილა, რომელიც ზამთარში არ იყინებოდა და ძალიან ხელშემწყობი იქნებოდა რუსული ეკონომიკისთვის.
მისი პირველი ნაბიჯი იყო 1695 წელს მოწყობილი აზოვის აღების მცდელობა. აზოვის ციხესიმაგრე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა არა მარტო შავ ზღვაზე გასასვლელის ჰქონის გამო, არამედ თათრების თავდასხმებისაგან რუსეთის სამხრეთი რაიონების უშიშროების უზრუნველყოფის მხრივაც. 1695 წლის პირველი აზოვის ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. ფლოტის არყოლის გამო აზოვი ზღვიდან მარაგდებოდა და რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ციხის აღება.1696 წლის ზამთარში და გაზაფხულზე პეტრემ ვორონეჟში ორგანიზება გაუკეთა სამდინარო ფლოტის მშენებლობას. მცირე ფლოტილიით,ახალი სამეთაურო შემადგენლობით და ჯარის გაზრდილი რაოდენობით პეტრემ გაიმეორა შტურმი აზოვზე და 1696 წლის 19 ივლისს თურქთა გარნიზონმა იარაღი დაყარა. რამდენიმე დღის შემდეგ აზოვის ზღვის სანაპიროზე საძირკველი ჩაეყარა ქალაქ ტაგანროგის მშენებლობას.
პეტრეს ინიციატივით დაიწყო სავაჭრო გემების მშენებლობის ფართო პროგრამა. ამისათვის მან მიწათმფლობელები გააერთიანა კომპანიებში და დაავალა მათ თითო გემის აშენება. არმიისა და ფლოტი რეორგანიზაციის საქმეში პეტრე ძირითადად უცხოელ სპეციალისტებს ეყრდნობოდა. აზოვის ლაშქრობის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაეგზავნა თავადაზნაურთა ახალგაზრდა ვაჟები.
1697 წელს მან დააორგანიზა ე.წ "დიდი ელჩობა", სადაც შედიოდა 250 კაცი, მათგან ყველა იყო თავადაზნაურების შვილები, რომლებსაც უნდა შეესწავლათ გემთმშენებლობა, საინჟინრო და საარტილერიო საქმიანობა, ასევე ენახათ ევროპული ცხოვრების წესი და იქაური კულტურა. პეტრე თავად შეუერთდა ჯგუფს სხვის სახელით და გაემგზავრა მათთან ერთად. ელჩობის მარშრუტი იყო შემდეგი: რიგა-კენიგსბერგი-ჰოლანდია-ინგლისი-ჰოლანდია-ვენა.
ევროპაში პეტრე სწავლობდა საარტილერიო საქმიანობას და გემთმშენებლობას (მუშაობდა უბრალო დურგლად). გემთა მშენებლობით და კონსტრუქციების შექმნით პეტრე სიცოცხლის ბოლომდე დაინტერესებული იყო.
პარალელურად პეტრე ევროპაში ცდილობდა მოკავშირეების მოძებნას და ანტი-ოსმალური კოალიციის შეკვრას, მაგრამ ევროპული სახელმწიფოები ემზადებოდნენ ბრძოლას ესპანური მემკვიდრეობისთვის (1701-1713), ხოლო საფრანგეთი ოსმალეთის იმპერიის ტრადიციული მოკავშირე იყო (ე.წ "მკრეხელური ალიანსი") [1] .
პეტრე აპირებდა მოგზაურობის გაგრძელებას, მაგრამ სტრელცების მორიგი გადატრიალების მცდელობის გამო ის მოსკოვში დაბრუნდა.
მას შემდეგ, რაც ევროპაში მოკავშირე ვერ იპოვა, პეტრე პირველმა ყურადღება გაამახვილა შვედეთის სამეფოზე და ბალტიის ზღვაზე გასასვლელის არ-ქონაზე. შვედეთის სამეფოს ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი მტერი და კონკურენტი ჰყავდა- რეჩ-პოსპოლიტა, დანია, გერმანული სამეფო-სამთავროები (ამ უკანასკნელთ ახსოვდათ შვედების შემოსევები "ოცდაათწლიან ომში").
1700 წელს ოსმალეთთან დადებული ზავის შემდეგ რუსეთმა ომი გამოუცხადა შვედეთს და დაიწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები. მიუხედავად გამოცხადებული ომისა, პეტრეს რუსეთი საკმარისად მზად ვერ აღმოჩნდა ომისთვის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.