Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სვიმონ კანანელი — იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე — 10 (23) მაისი.
სვიმონ მოციქულის მეტსახელი — კანანელი სახარებაში რამდენიმე ადგილას მოიპოვება:
ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
— მათ. 10:2-4
ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.
— მარ. 3:18
მკვლევრები სვიმონ კანანელის სახელს აკავშირებენ სვიმონ მოშურნის სახელთან, რომელიც ასევე რამდენიმეჯერ მოიხსენიება წმინდა სახარებაში:
მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე, და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ.
— ლუკ. 6:15
და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.
— საქ. 1:13
მკვლევართა აზრი ამ ორი მეტსახელის თაობაზე შემდეგია: ებრაული სიტყვა „კანანი“ ნიშნავს „შურს“, ხოლო ბერძნული სიტყვა „ზილოტ“ კი ითარგმნება როგორც ”მოშურნე”. თავად მეტსახელი ზილოტი, რომელიც ქართულ სახარებაში მოიხსენიება როგორც მოშურნე, ასოცირდება „ზილოტთა პარტიასთან“, რომელიც მაშინდელი ებრაული დაჯგუფება იყო, რომლის წევრებიც ნატრულობდნენ ძველებრაული ტრადიციების აღდგენას. ასევე შურით გასცქეროდნენ თავიანთი ქვეყნის ძველდროინდელ დამოუკიდებლობას. მკვლევართა აზრით სვიმონ კანანელი სწორედ ამ „მოშურნეთა“ პარტიის წევრი იყო.[1]
ზილოტთა რელიგიურ-პოლიტიკური პარტია ძირითადად მდებარეობდა გალილეაში და ეწინააღმდეგებოდა რომაელთა გავლენას ისრაელზე. ებრაული პარტიის ბერძნული სახელწოდება კი იმაზე მიუთითებს, რომ იქ მახლობლად მცხოვრები ბერძნებიც ასევე განიცდიდნენ რომაელებისაგან შევიწროვებას და მათაც სურდათ რომაელებისაგან თავის დაღწევა. ასე რომ, ამ პარტიის ყველა წევრს, იქნებოდა ეს ბერძენი თუ ებრაელი, არქმევდნენ „ზილოტს“ ანუ მოშურნეებს.
მკვლევართა სხვა ჯგუფი კი ფიქრობს, რომ კანანელი სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მოციქული იყო კანას გალილეიდან ანუ კანანელი.
ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. გზად ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.
ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოკვეთეს თავი (ახლაც ამჩნევია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი[2]). გადმოცემის მიხედვით, †55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე.
მორწმუნეებმა იპოვეს რა მოციქულის გვამი, დიდებით მიაბარეს მდინარის ნაპირას მიწას. IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო. შემოსევების დროს მუსლიმებმა ტაძარი დაარღვიეს. მოგვიანებით X საუკუნეში სვიმონ კანანელის ტაძარი თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენიმეჯერ ჩაუტარდა. მათ შორის XIX საუკუნის 80-იან წლებში. ტაძტის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი. 1830 წელს აქ ბერებმა სვიმონ კანანელის გამოქვაბულში გაჭრეს მეორე შესასვლელი.
მკვლევრების ნაწილი სიმონ კანანელს მიიჩნევს იესოს ხორციელ ძმად, იოსებ დამწინდველის ძედ და აიგივებს იერუსალიმის პატრიარქ სვიმეონთან.
ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
— (მათ.13:55-56)
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.