From Wikipedia, the free encyclopedia
ქართლი — ყველაზე დიდი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში.
ქართლი | |
---|---|
ქართლის (შიდა, ქვემო და ზემო) ისტორიული საზღვრები, საქართველოს თანამედროვე საზღვრებში | |
კუთხის ცენტრი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი |
შიდა ქართლის მხარე ქვემო ქართლის მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | 19 |
ფართობი | 21 333 |
სახელწოდება მომდინარეობს ქართველთა ლეგენდარული ეთნარქის — ქართლოსისგან (2116 ქრ. წ.[1]). ლეგენდის თანახმად ქართლოსის მამამ თარგამოსმა გაუყო მის ძეებს კავკასია, ქართლოსს ერგო ტერიტორია სპერის ზღვიდან ხუნანამდე. თავად ქართლოსმა აღაშენა ქალაქი და სახელად დაარქვა მისივე სახელი ქართლი, სადაც მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალეს. ქართლოსის სახელი — ქართლელი დაერქვა ქართლში მცხოვრებ ქართლოსის მოდგმის ხალხს, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული სახელის ბაზაზე შეიქმნა სახელი საქართველო და შესაბამისად მის მკვიდრთ ქართველები.
ნიკო ბერძენიშვილის აზრით, ქართლის ტომის თავდაპირველი საცხოვრისი ქვემო ქართლი იყო. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში ქართლის ჰეგემონობით ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო, რომელსაც ბერძნულ წყაროებში იბერიის სამეფოდ მოიხსენიებდნენ. მისი დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ცენტრი გახდა და გაჩნდა ტერმინი საქართველო. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
ქართლი თავისი ბუნებრივ საზღვრებში მოქცეული წარმოადგენდა ტერიტორიას ხუნანიდან სპერის ზღვამდე და იორ-მტკვრის შესართავიდან ლიხის ქედამდე. აღნიშნული ტერიტორია მალევე ოთხ ნაწილად დაიყო: ზემო ქართლი, შიდა ქართლი (ზენას-სოფლისა), კახეთ-კუხეთი და ქვემო ქართლი. როგორც პოლიტიკურ ერთეულში, სხვა ეთნოგრაფიული მხარეები შედიოდა: ხევი, დვალეთი, ცხრაძმისხევი. ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
ვახუშტი ბატონიშვილი ქვემო ქართლის საზღვრის ერთ ნაწილს ასე აღწერს:
„ხოლო აწ, ვინათგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიყოთ მუნითგან წერად: რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა აბოცისასა და დის აღმოსავლით ჭოჭკანამდე, მერმე მოიქცევის და დის ჩრდილოთ კერძ, და მიერთვის ქციის მდინარეს...სომხითისა, ერევნისა და ამისი გამყოფელი არს მთა დიდი, მაღალი და მარადის თოვლიანი, კალთათა ტყიანი, ნადირიანი, რომელი წარივლის დასავლით არტანადმდე, ხოლო აღმოსავლით რანსა და გელაქუნს შუა განვლის, და ვიდრე რახსადმდე მივალს, მთისა ამის სამხრით კერძი სომხით-ერევნისა არს, ხოლო ჩრდილოთ კერძი ბერდუჯისა და რანისა, არამედ ბერდუჯის მდინარის აღმოსავლეთი კიდე უპყრავთ ბორჩალუთა და დასავლის კიდის კერძი კი უპყრავს მეფესა ქართლისასა, ვიდრე ხუნანამდე[2].“ |
დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.
ქართლი დაწინაურებული მიწათმოქმედების ქვეყანა იყო. მიწათმოქმედების დაწინაურება დაკავშირებული იყო სარწყავ სისტემასთან. განვითარებული იყო მემინდვრეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა. მიწათმოქმედებასთან ერთად სიმბიოზურად განვითარებული იყო მესაქონლეობა. ქართლში იყო გავრცელებული სახვნელი იარაღის რთული კონსტრუქციული სახეობა დიდი ქართული გუთანი, რომელშიც 9-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ. ქართლი დღესაც განთქმულია ხილის სხვადასხვა უნიკალური ჯიშით. ქართლის სხვადასხვა კუთხეში გამოყვანილი იყო მხოლოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები, მაგ. ატენური.
ქართლში იყო გავრცელებული ქართული ხალხური არქიტექტურის ნიმუში დარბაზული სახლი გვირგვინისებური გადახურვით. ქართლშია შემორჩენილი უძველესი ქართული ქრისტიანული ტაძარი ბოლნისის სიონი (V ს.).
ძველი ქართლის მოსახლეობის უმნიშვნელო რაოდენობამ მოაღწია ჩვენამდე. ქართლში ინტენსიურად ხდებოდა მოსახლეობის მოძრაობა. მოსახლეობის რაოდენობის შევსება ხდებოდა მთებიდან ან იმერეთიდან ჩამოსახლებული ადამიანებით. XVII საუკუნიდან იწყება ოსების ჩამოსახლება შიდა ქართლში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქართლში შემორჩენილი იყო დიდი ოჯახები. ჩვეულებრივ, ქართლში ოჯახში სულთა რაოდენობა 20-დან 30-მდე მერყეობდა. დღეს ქართლში გვარ-სახელები ძირითადად -შვილი სუფიქსით ბოლოვდება, მაგრამ ირკვევა, რომ ადრე მათ -ძე სუფიქსი ერთვოდა, მაგ. სოფელ დიღომში მცხოვრები თეთრაშვილები, მძევაშვილები და სონღულაშვილები XIV-XVIII საუკუნეების საისტორიო საბუთებში თეთრაძედ, მძევაძედ და სონღულიძედ არიან ჩაწერილები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.