From Wikipedia, the free encyclopedia
დეივიდ რობერტ ჯოუნსი ცნობილი, როგორც დეივიდ ბოუი (/ˈboʊi/),[2] (დ. 8 იანვარი, 1947 — გ. 10 იანვარი, 2016) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. პოპულარულ მუსიკაში იგი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, აღიარებული იქნა რა კრიტიკოსების და სხვა მუსიკოსების მიერ ნოვატორული შემოქმედებისთვის. მის კარიერაში იყო მრავალი გარდაქმნა თუ ვიზუალური წარდგენა, სიმღერებმა და სასცენო გაფორმებამ კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს პოპულარულ მუსიკაზე. ცხოვრების პერიოდში გაყიდული ჩანაწერების რაოდენობით (140 მილიონამდე) ბოუი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. ბრიტანეთში მის ალბომებს ცხრა გზის პლატინის სერტიფიცირება მიენიჭათ, ისევე, როგორც ცხრა ოქრო და რვა ვერცხლი. მის მიერ გამოცემულ ალბომებს შორის ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში 11 მოხვდა. აშშ-ში ბოუის ჩანაწერების სერტიფიცირების სახით მიღებული აქვს ხუთი პლატინა და შვიდი ვერცხლი. 1996 წელს მუსიკოსი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
დეივიდ ბოუი | |
---|---|
დეივიდ ბოუი 2002 წელს ტურნეს Heathen ფარგლებში | |
მშობლიური სახელი | David Bowie |
დაბადების სახელი | დეივიდ რობერტ ჯოუნსი |
დაბადების თარიღი |
8 იანვარი, 1947 ბრიქსტონი, ლონდონი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
10 იანვარი, 2016 (69 წლის) ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ |
გარდაცვალების მიზეზი | ღვიძლის სიმსივნე |
დაკრძალულია | ფერფლი მიმოფანტულია ბალიში[1] |
საქმიანობა | |
აქტიური | 1962–2016 |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 2, მათ შორის — დანკან ჯოუნსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
ჟანრ(ებ)ი | |
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები |
|
საიტი | davidbowie.com |
ბოუი ბრიქსტონში, სამხრეთ ლონდონში დაიბადა. ინტერესი მუსიკისადმი უკვე ბავშვობაში გაუჩნდა. იგი სწავლობდა ხელოვნებას, მუსიკას და დიზაინს, ხოლო 1963 წელს მუსიკოსის პროფესიონალური კარიერა დაიწყო. 1969 წლის ივლისში გამოცემის შემდეგ „Space Oddity“ იქცა მისი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის საუკეთესო ხუთეულში პირველ წარმატებად. ექსპერიმენტების პერიოდის შემდეგ, იგი 1972 წელს, გლემ-როკის პერიოდში, დაბრუნდა უცნაური და ანდროგინული ალტერ ეგო „ზიგი სტარდასტის“ სახით. პერსონაჟს სახელი გაუთქვა სინგლმა „Starman“ და ალბომმა The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars. 1975 წელს ბოუის სტილი შეიცვალა სხვა განხრით, რომელსაც თავად „პლასტმასის სოულს“ უწოდებდა, განერიდა რა თავის ბრიტანელ მსმენელებს, მაგრამ აშშ-ში წარმატება მოიპოვა სინგლით „Fame“ და ალბომით Young Americans. 1976 წელს ბოუიმ მთავარი როლი შეასრულა ამჟამად საკულტო ფილმში „ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე“ და გამოსცა ალბომი Station to Station. შემდეგ წელს განაგრძო მუსიკალური ექსპერიმენტები, გამოუშვა რა ელექტრონული მუსიკით გაჯერებული Low (1977), პირველი ბრაიან ინოსთან თანამშრომლობებს შორის, რაც შემდგომში გადაიზარდა „ბერლინურ ტრილოგიაში“. მას მოჰყვა "Heroes" (1977) და Lodger (1979), რომელთაგან თითოეულმა ბრიტანეთის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და დღემდე აღიარებულია კრიტიკოსების მიერ.
1970-იანების მიწურულს უმნიშვნელო კომერციული წარმატების შემდეგ, ბოუი ბრიტანეთის ჩარტის სათავეებში დაბრუნდა 1980 წლის სინგლით „Ashes to Ashes“, ალბომით Scary Monsters and Super Creeps და Queen-თან ერთად ჩაწერილი „Under Pressure“-ით. კომერციული წარმატების მწვერვალს მიაღწია 1983 წელს, ალბომით Let's Dance და სასათაურო სიმღერით, რომელიც როგორც ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის ჩარტების სათავეებში მოხვდა. 1990-იანებსა და 2000-იანებში დეივიდი განაგრძობდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებით, შეიტანა რა საკუთარ სიმღერებში ინდუსტრიული მუსიკის და ჯანგლის ელემენტები. მან განაგრძო კინოკარიერაც. სხვადასხვა როლს შორის აღსანიშნავია: მაიორი სელერსი („გილოცავთ შობას, მისტერ ლოურენს“, 1983), გობლინების მეფე ჯარეთი („ლაბირინთი“, 1986); პილატე პონტოელი („ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, 1988) და ნიკოლა ტესლა („პრესტიჟი“, 2006), ისევე, როგორც სხვა კინო და სატელევიზიო როლები. 2004 წელს ბოუიმ შეწყვიტა საკონცერტო მოღვაწეობა, უკანასკნელად კი 2006 წელს, საქველმოქმედო საღამოზე გამოვიდა. 2013 წელს იგი დაბრუნდა ათწლიანი პაუზის შემდეგ, საკონცერტო გამოსვლების გარეშე, მაგრამ ალბომით The Next Day. მუსიკალურად მუსიკოსი კვლავ აქტიური იყო, ხოლო საბოლოო ალბომი Blackstar (2016) გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გამოუშვა.
დეივიდ რობერტ ჯოუნსი დაიბადა 1947 წლის 8 იანვარს, ბრიქსტონში (სამხრეთი ლონდონი, ინგლისი). დედა, მარგარეტ მერი „პეგი“ (ქორწინებამდე ბერნსი; 1913–2001),[3][4] კენტში დაიბადა და ჰყავდა ირლანდიელი წინაპრები;[5] იგი მიმტანად მუშაობდა.[6] მამა, ჰეივუდ სტენტონ „ჯონ“ ჯოუნსი (1912–1969),[3][4]იორკშირიდან,[7] საბავშვო საქველმოქმედო ფონდ Barnardo's-ის სარეკლამო აგენტი იყო. ოჯახი ცხოვრობდა სტენსფილდ როუდის 40-ში, სამხრეთ ლონდონში, ბრიქსტონის და სტოკუელის მეზობლად. ექვს წლამდე ბოუი დადიოდა სტოკუელის მოსამზადებელ სკოლაში და ცნობილი იყო არა მხოლოდ, როგორც ნიჭიერი და მიზანმიმართული ბავშვი, არამედ როგორც უდრეკი ხულიგანი.[8]
1953 წელს დეივიდი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გარეუბან ბრომლიში გადავიდა. იქ. ორი წლის შემდეგ, ბერნტ ეშის დაწყებით სკოლაში დადიოდა. იმ პერიოდში მის ვოკალურ მონაცემებს სკოლაში „დამაკმაყოფილებელს“ უწოდებდნენ, ფლეიტის გამოყენების უნარს — საშუალოზე მაღალს.[9] ცხრა წლის ასაკში გამოირჩეოდა ცეკვის მანერით. მასწვავლებლების აზრით, იგი „საოცრად არტისტული“ იყო, ხოლო წონასწორობას ამ ცეკვებისას ბავშვისთვის გამაოგნებლად ინარჩუნებდა.[9] იმავე წელს გაიზარდა მისი ინტერესი მუსიკისადმი, როდესაც მამამ მოიტანა ამერიკული გრამფირფიტები - The Teenagers, The Platters, ფეტს დომინო, ელვის პრესლი და ლიტლ რიჩარდი.[10][11] უკანასკნელის „Tutti Frutti“-ს მოსმენისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს ასე აღწერდა - „ღმერთის ხმა მესმა.“[12]
პრესლის ბოუიზე გავლენა აშკარა იყო: „ჩემი ნათესავი ცეკვავდა...„Hound Dog“-ზე, მანამდე არასოდეს მინახავს, რომ რამეს აემოძრავებინა. ძალიან შთამაგონა, მუსიკის ამ ენერგიამ. ამის შემდეგ დავიწყე ჩანაწერების შეგროვება.“[11] შემდეგი წლის მიწურულს იგი უკრავდა უკულელესა და სკიფლისთვის ტრადიციულ ხელნაკეთ ბასზე. მეგობრებთან ერთად გამოსვლების გარდა, დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. ამავე პერიოდში მის სასცენო მოძრაობებში პრესლის და ლიტლ რიჩარდის სტილისტიკაც გამოიკვეთა. ადგილობრივ კლუბში ბოუის გამოსვლების შესახებ ამბობდნენ, რომ ეს იყო „მომაჯადოებელი...თითქოს სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა.“[11] გამოცდის „11+“ ბერნტ ეშის სკოლაში ჩაბარების შემდეგ იგი გადავიდა ბრომლის ტექნიკურ კოლეჯში.[13]
უკანასკნელი იყო უჩვეულო დაწესებულება. ბიოგრაფი კრისტოფერ სენდფორდი წერდა:
„მიუხედავად თავისი სტატუსისა, 1958 წელს დეივიდის მოსვლის დროისთვის, იგი მდიდარი იყო იდუმალი რიტუალებით, ისევე, როგორც ბევრი სხვა საჯარო სკოლა. მასში იყო ფაკულტეტები, რომლებიც ატარებდნენ უილიამ პიტის და უილიამ უილბერფორსის სახელებს. იყო უნიფორმა და წახალისებების და სასჯელების დახვეწილი სისტემა. აქცენტი იყო გამახვილებული ენებზე, მეცნიერებაზე და განსაკუთრებით, დიზაინზე, სადაც კოლეგიური ატმოსფერო ოუერ ფრემპტონის ხელმძღვანელობით შესანიშნავი იყო. დეივიდი იხსენებდა, რომ ფრემპტონს გავლენა ჩამოუყალიბდა არა პიროვნების, არამედ ინტელექტის გამო. ბრომლიდან მის სხვა კოლეგებს არც ერთი ჰქონდათ, არც მეორე. საკუთარ მოწაფეებს სიამოვნებით უშვებდნენ ხელოვნების სფეროში, სადაც ზნე–ჩვეულებანი ლიბერალური იყო. ფრემპტონმა საკუთარ შვილს, პიტერს, უბიძგა, დეივიდთან ერთად მუსიკალურ კარიერას გაჰყოლოდა. თუმცა, თავდაპირველად ეს თანამშრომლობა ხანმოკლე იყო და მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაგრძელდა.[13]“ |
ბოუი ეუფლებოდა მხატვრობას, მუსიკას და დიზაინს, ისევე, როგორც ტიპოგრაფიას და ბეჭდვას. ტერი ბერნსის, ნახევარძმის გავლენით, დაიწყო თანამედროვე ჯაზის მოსმენა. დედამ, იხილა რა, თუ როგორ მოსწონდა დეივიდს ჩარლზ მინგუსი და ჯონ კოლტრეინი, 1961 წელს ალტო საქსოფონი შეუძინა და ბიჭუნა მას ეუფლებოდა ადგილობრივი მუსიკოსის დახმარებით[14]. 1962 წელს, სკოლაში, როდესაც მეგობარმა, ჯორჯ ანდერვუდმა გოგონას გამო სახეში დაარტყა, დეივიდმა მარცხენა თვალის მნიშვნელოვანი ტრავმა მიიღო. ოთხთვიანი კურსის და ოპერაციების შემდეგ[15], ექიმებმა დაასკვნეს, რომ შედეგად მიღებული გაფართოებული გუგა და სიღრმის აღქმის პრობლემა (რის გამოც იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს თვალმა ფერი შეიცვალა) სამუდამო იყო.[16] მიუხედავად ამ უსიამოვნებისა, ანდერვუდთან ბოუის კარგი მეგობრობა შეუნარჩუნდა. ჯორჯმა მოგვიანებით მისი ადრეული ალბომების გარეკანების დიზაინზეც იმუშავა[17].
1962 წელს, 15 წლის ასაკში, ბოუიმ პირველი ჯგუფი ჩამოაყალიბა. The Konrads-ში, რომელიც გიტარებზე აგებულ როკ-ენ-როლს ადგილობრივ შეკრებებსა და ქორწილებზე უკრავდა, სხვადასხვა რაოდენობის მონაწილე უკრავდა, ოთხიდან რვა წევრამდე, მათ შორის - ანდერვუდი.[18] შემდეგ წელს ბოუიმ ტექნიკური კოლეჯი დაამთავრა და მშობლებს ამცნო, რომ სურდა, პოპულარული მუსიკოსი ყოფილიყო. დედა, ამავე დროს, დაეხმარა ელექტრიკოსის თანაშემწის პოზიციის მოპოვებაში.
The Konrads-ის სხვა წევრების შეზღუდული ამბიციებით უკმაყოფილო ბოუიმ ჯგუფი დატოვა და The King Bees-ს შეუერთდა. სულ მცირე ხნის მოპოვებული წარმატების მქონე ბიზნესმენ ჯონ ბლუმს იგი დაუკავშირდა იმ იმედით, რომ „იგივეს გააკეთებდა ჯგუფისთვის, რაც ბრაიან ეპსტაინმა The Beatles-ისთვის გააკეთა და მილიონს აშოვნინებდა.“ ბლუმი ამ შეთავაზებას არ გამოეხმაურა, მაგრამ დეივიდი დააკავშირა დიკ ჯეიმზის პარტნიორ ლესლი კონთან, რამაც ბოუის პირველი კონტრაქტი მოუპოვა.[19]
დაინტერესებულმა კონმა დაიწყო ბოუის აფიშირება. მისი სადებიუტო სინგლი, „Liza Jane“, გამოცემული სახელით „Davie Jones and the King Bees“, კომერციულად წარუმატებელი იყო. The King Bees-ით უკმაყოფილო ბოუიმ, რომელსაც არ მოსწონდა მათ მიერ შესრულებული Howlin' Wolf-ის და უილი დიქსონის ბლუზური რეპერტუარი, ჯგუფი დატოვა და ერთი თვის შემდეგ The Manish Boys-ს, კიდევ ერთ ბლუზურ კოლექტივს შეუერთდა. თუმცა, განსხვავება ის იყო, რომ უკანასკნელი საკუთარ სიმღერებს წერდა და ხალხური მუსიკის და სოულის ელემენტებს იყენებდა. „ვოცნებობდი, მათთვის მიკ ჯეგერი ვყოფილიყავი“, იხსენებდა დეივიდი.[19] ჯგუფმა ჩაწერა ბობი ბლენდის „I Pity the Fool“, თუმცა არც ამ სინგლს ჰქონია წარმატება და დეივიდი გადავიდა The Lower Third-ში, ბლუზურ ტრიოში, რომელიც The Who-თი იყო შთაგონებული. არც ამ შემადგენლობით ჩაწერილმა „You've Got a Habit of Leaving“-მა გაამართლა, რის გამოც კონმა ბოუისთან კონტრაქტის შეწყვეტა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვიტა, სედლერ უელსის თეატრში პანტომიმის ხელოვნება აეთვისებინა და პოპულარული მუსიკის სამყარო დაეტოვებინა, ადგილი The Lower Third-ში მაინც შეინარჩუნა. ახალი მენეჯერი იყო რალფ ნორტონი, რომელმაც მოგვიანებით მნიშვნელოვანი როლი შეიტანა დეივიდის, როგორც სოლო შემსრულებლის ჩამოყალიბებაში. ბოუი ამასობაში ახალ ჯგუფში The Buzz გადავიდა და გამოსცა მორიგი, კვლავ წარუმატებელი სინგლი „Do Anything You Say“. ამ პერიოდში იგი შეუერთდა The Riot Squad, რომლის ჩანაწერები, ბოუის საავტორო სიმღერა და The Velvet Underground-ის ინტერპრეტაციები, გამოუცემელი დარჩა. კენ პიტი, ნორტონის ინიციატივით, დეივიდის მენეჯერი გახდა.[20]
არ მოსწონდა რა, რომ სასცენო სახელი ჰქონდა დეივი ჯოუნსი - Davy ან Davie (იგივე სახელ-გვარი ჰქონდა The Monkees-ის წევრს) - დეივიდმა გვარის სახით აირჩია ფსევდონიმი - XIX საუკუნის, ტეხასის რევოლუციის გმირ ჯეიმზ ბოუის და პოპულარული დანის პატივსაცემად.[21] ჩარტში წარუმატებელი იყო მორიგი, 1967 წლის აპრილში გამოცემული სოლო სინგლი, „The Laughing Gnome“, რომელშიც გამოიყენებოდა აჩქარებული ვოკალები. ექვსი კვირის შემდეგ იგივე ბედი ხვდა წილად სადებიუტო ალბომს David Bowie, რომელშიც აღრეული იყო პოპი, ფსიქოდელიური როკი და მიუზიკ-ჰოლი. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ბოუის სახელით არაფერი გამოცემულა.[22]
რთულია, დაამსხვრიო მორალები მსოფლიოში, სადაც მორალი აღარ დარჩა. — დეივიდ ბოუი კაცობრიობის მორალებზე.[23]. |
1967 წელს ბოუიმ გაიცნო მოცეკვავე ლინდზი კემპი და ლონდონის ცეკვის ცენტრში მის წრეში გაწევრიანდა.[24] 1972 წელს ამბობდა, რომ კემპს მაშინ შეხვდა, როდესაც იმიჯით დაინტერესება ყველაზე მეტად „გაიფურჩქნა“.[24] „ემოციებით ცოცხლობდა, მშვენიერი შთაგონება იყო. ყოველდღიური ცხოვრება იყო ყველაზე თეატრალიზებული სანახაობა, რაც ოდესმე მინახავს. ჩემს წარმოდგენაში, სწორედ ეს იყო ბოჰემურობა. ცირკს შევუერთდი.“[25] კემპის ხელმძღვანელობით დრამატული ხელოვნების შესწავლით, ავანგარდიდან და პანტომიმიდან კომედია დელ'არტემდე, დეივიდმა დაიწყო საკუთარ იმიჯზე მუშაობა, რათა თავი მსოფლიოსთვის წარედგინა. ამასობაში, პოლ ნიკოლასის მიერ გამოიცა ბოუის მიერ დაწერილი „Over the Wall We Go“, რომელშიც სატირული ენით გადმოცემულია ცხოვრება ბრიტანულ ციხეში. დეივიდის კიდევ ერთი საავტორო ნომერი, „Silly Boy Blue“ ბილ ფიურიმ შემდეგ წელს გამოუშვა.[26] 1968 წლის იანვარში კემპმა დადგა სცენა BBC-ის პიესისთვის „გასროლა“, სერიალისთვის Theatre 625. მასში მონაწილეობდნენ დეივიდი და ჰერმიონ ფორთინგეილი[27][28], რომლებიც ამის შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდნენ და ლონდონში ერთად დასახლდნენ. უკრავდა რა აკუსტიკურ გიტარაზე, ფორთინგეილმა ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ ბოუი და გიტარისტი ჯონ ჰაჩინსონი. 1968 წლის სექტემბერს და 1969 წლის ადრეულ პერიოდს შორის ტრიომ გამართა რამდენიმე კონცერტი, რომელშიც გამოიყენებოდა ხალხური მოტივები, მერსიბიტი, პოეზია და პანტომიმა.[29] დეივიდი ჰერმიონს დაშორდა 1969 წელს, როდესაც უკანასკნელი ნორვეგიაში, ფილმ „ნორვეგიის სიმღერაში“ გადასაღებად გაემგზავრა[30]. ეს აისახა მუსიკოსის შემოქმედებაზე. რამდენიმე სიმღერა, „Letter to Hermione“ და „Life on Mars?“ სწორედ ჰერმიონზე მინიშნებებით არის სავსე[31][32], ხოლო ვიდეოში „Where Are We Now?“ ბოუის აცვია მაისური წარწერით „m/s Song of Norway“[33]. უკანასკნელად ისინი 1969 წლის იანვარში, 30 წუთიანი ფილმის „მიყვარხარ სამშაბათამდე“ გადაღებისას შეხვდნენ. ნამუშევარი დაგეგმილი იყო, როგორც პრომო ფილმი, რომელშიც შეტანილია მისი რეპერტუარის ნიმუშები. სიმღერებს შორის არის იმ პერიოდში ჯერ გამოუცემელი „Space Oddity“. ფილმი მხოლოდ 1984 წელს გამოვიდა[34].
ფორთინგეილთან დაშორების შემდეგ დეივიდი მერი ფინიგანთან ერთად დასახლდა[35]. ამ პერიოდში იგი გამოჩნდა Lyons Maid-ის ნაყინის რეკლამაში, თუმცა Kit Kat-ისთვის კასტინგიდან ამოვარდა.[34] 1969 წლის თებერვალში და მარტში მან და მარკ ბოლანის ჯგუფმა Tyrannosaurus Rex ერთობლივი ტურნე გამართეს. დეივიდი ამ გასტროლების ფარგლებში პანტონიმური ნომრით გამოდიოდა[36] 1969 წლის 11 ივლისს, „აპოლო 11“-ის გაშვებამდე ხუთი დღით ადრე გამოვიდა სინგლი „Space Oddity“, რომელიც ბრიტანეთის ჩარტის ხუთეულში მოხვდა[34]. შეეშვა რა როკ-ენ-როლს და ბლუზს, ბოუი ფინიგანთან, კრისტინა ორსტრომთან და ბარი ჯექსონთან ბეკენჰემის ჰაი-სტრიტზე შაბათობით ბარ Three Tuns-ში გამოდიოდა.[35]
Arts Lab-ის მოძრაობის შთაგონებით, აღნიშნული გაერთიანება ბეკენჰემის ხელოვნების ლაბორატორიად იქცა და ძალიან წარმატებული იყო. ადგილობრივ პარკში მისი ინიციატივით გაიმართა უფასო ფესტივალი, რომელიც ბოუის სიმღერაში „Memory of a Free Festival“ აისახა.[37] მუსიკოსის შემდეგი ალბომი ბრიტანეთში ნოემბერში, სახელწოდებით David Bowie გამოიცა. ვინაიდან წარმოიშვა გაუგებრობა წინა ალბომის მსგავსი სახელწოდების გამო, აშშ-ში დისკს Man of Words/Man of Music დაერქვა, ხოლო 1972 წელს RCA Records-მა იგი გამოსცა სახელწოდებით Space Oddity. მშვიდობის, სიყვარულისა და მორალის შესახებ თავისი ფილოსოფიური პოსტჰიპური ტექსტებით, აკუსტიკურ ფოლკ-როკს ამ ალბომზე აქა-იქ ენაცვლებოდა მძიმე როკის ელემენტები, თუმცა ჩანაწერს გამოცემის პერიოდში კომერციული წარმატება არ ჰქონია[38].
ანჯელა ბარნეტი დეივიდმა 1969 წლის აპრილში გაიცნო და ერთი წლის შემდეგ მასთან იქორწინა. ბოუის შემოქმედებაზე ბარნეტის გავლენა უმალვე აისახა და შესამჩნევი გახდა, რომ მენეჯერ კიტ პიტის უფლებებიც შეიზღუდა, ვინაიდან დეივიდი უფრო მეტად ანჯელას რჩევებს ითვალისწინებდა[39]. სინგლ „Space Oddity“-ის წარმატებით ბოუი ჩამოყალიბდა როგორც სოლო შემსრულებელი, თუმცა გრნობდა, რომ რაღაც აკლდა: „ნამდვილი ჯგუფი კონცერტებისთვის და სტუდიის პერსონალი, რომელთანაც ახლოს იქნებოდა“.[40] ამ სირთულეს ხაზი გაუსვა დეივიდის პაექრობამ მარკ ბოლანთან, რომელიც ამ პერიოდში მისი სესიური გიტარისტი იყო.[40] ჯგუფი მერყევად არსებობდა. ჯონ კემბრიჯს, დრამერს ხელოვნების ლაბორატორიიდან, ბასზე ტონი ვისკონტი, ხოლო გიტარაზე — მიკ რონსონი ჩაენაცვლა. The Hype-ის სახელით ცნობილმა ამ კოლექტივმა თავად შექმნა სასცენო ჩაცმულობა, რომელიც „Spiders from Mars“-ის წევრების კოსტიუმების პროტოტიპად შეიძლება ჩაითვალოს. ლონდონის რაუნდჰაუსში წარუმატებელი პირველი კონცერტის შემდეგ ისე გააკეთეს, რომ გამოდიოდნენ უბრალოდ ბოუის, როგორც სოლო შემსრულებლის, თანმხლები კოლექტივის სახელით[40][41]. მათი სტუდიური მცდელობები ჩაიშალა, როდესაც ბოუიმ და კემბრიჯმა იკამათეს უკანასკნელის შესრულების სტილზე. საბოლოოდ, დრამერი დეივიდმა დაადანაშაულა სიტყვებით „ალბომს მიფუჭებ“. კემბრიჯი წავიდა და მას მიკ ვუდმენსი ჩაენაცვლა.[42] მალე ბოუიმ მენეჯერიც გაუშვა და ტონი დეფრაისით ჩაანაცვლა. შედეგად, წარმოიშვა სასამართლო დავა, რომელიც წლების შემდეგ დასრულდა დეივიდის მხრიდან ფულადი ანაზღაურების გადახდით.[42]
სტუდიური სესიების შემდეგ დასრულდა მესამე ალბომზე The Man Who Sold the World (1970) მუშაობა. მასში შეიმჩნევა შიზოფრენიის, პარანოიის და ბოდვის თემები.[43] მძიმე როკის ჟღერადობით, იგი იყო მკვეთრი ცვლილება აკუსტიკურ გიტარებზე და ფოლკ-როკის მიმართულებაზე აგებული წინა სიმღერებისგან. აშშ-ში Mercury Records-მა დააფინანსა მუსიკოსის მასშტაბური ტურნე პრესისთვის, რომელიც 1971 წლის იანვარში და თებერვალში გაიმართა. ამ მოგზაურობის ფარგლებში იგი ესაუბრებოდა რადიო სადგურებს და მედიის სხვადასხვა საშუალებას. ანდროგინული გარეგნობის თემის გაგრძელებით, ორი თვის შემდეგ გამოცემული ალბომის ბრიტანული ვერსიის გარეკანზე განთავსდა ბოუის ფოტო, რომელზეც იგი კაბით არის გამოსახული. ამავე კაბას იგი ინტერვიუების დროს ატარებდა და ზოგიერთი კრიტიკოსის მოწონებაც დაიმსახურა. Rolling Stone-ის ჟურნალისტი ჯონ მენდელსონი წერდა, რომ ბოუი იყო „მიმზიდველი, თითქმის შეგაშინებდათ, იმდენად მოგაგონებდათ ლორენ ბეკოლს“. ქუჩაში ასეთი ჩაცმულობის დანახვისას არაერთგვაროვანი რეაქციები იყო. ერთ-ერთმა გამვლელმა მამაკაცმა იარაღი ამოიღო და ბოუის დაემუქრა.[44][45]
ტურნეს მსვლელობისას ამერიკულო პროტო-პანკის გაცნობით ბოუიმ შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც აისახა ზიგი სტარდასტის, როგორც პერსონაჟის, სახით. შედეგად, მოხდა იგი პოპის აღრევა ლუ რიდის მუსიკასთან და წარმოიშვა „უდიდესი პოპ-კერპი“.[44] მეგობარი გოგონა იხსენებდა, რომ ბოუი მცირე ჩანაწერებს „შეშლილი როკ-ვარსკვლავ ზიგის თუ იგის შესახებ კოქტეილის ხელსახოცზე აკეთებდა“ და ინგლისში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ შექმნიდა პერსონაჟს, რომელიც „მარსიდან ჩამოსულივით გამოიყურებოდა“.[44] „სტარტასტი“ აირჩია, როგორც პატივისცემის ნიშანი მომღერალ Legendary Stardust Cowboy-ის მიმართ. მოგვიანებით ბოუიმ ამ უკანასკნელის „I Took a Trip on a Gemini Space Ship“ ჩაწერა 2002 წლის ალბომისთვის Heathen.[46]
1971 წელს Hunky Dory გამოვიდა, რომელზეც ტონი ვისკონტის, ბოუის პროდიუსერს და ბასისტს, შესაბამისი მოვალეობით, კენ სკოტი და ტრევოლ ბოლდერი. ალბომზე „Space Oddity“-ს პოპ-მომღერლის პერსონაჟი ნაწილობრივ დაბრუნდა, მაგალითად, სიმღერაში „Kooks“, რომელიც მიეძღვნა მუსიკოსის 30 მაისს დაბადებულ შვილ დანკან ზოუი ჰეიმონდ ჯოუნსს.[47] (შემდეგი 12 წლის განმავლობაში მას „ზოუის“ უწოდებდნენ, ბერძნულ სიტყვა „ზოის“ მიხედვით).[48] ამასთან, ალბომში უფრო მეტი სერიოზული თემაა მიმოხილული, ხოლო დეივიდი გამოხატავს მანამდე არნახულ პატივისცემას შთაგონებების მისამართით, სიმღერებით „Song for Bob Dylan“, „Andy Warhol“ და „Queen Bitch“ (რომელიც The Velvet Underground-ის ერთგვარი პაროდიაა). ალბომს გამოცემის პერიოდში მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება არ ჰქონია.[49]
გადაცმული ჭრელ კოსტიუმში, წითელ-ყავისფერ ფერებად შეღებილი თმით, ბოუიმ 1972 წლის 10 თებერვალს ტოლუორთში, ჯგუფ The Spiders from Mars-თან (რონსონი, ბოლდერი და ვუდმენსი) ერთად ტურნე დაიწყო[50]. სანახაობა მეტად პოპულარული იყო და ბოუი შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში ვარსკვლავად აქცია. წარმოიშვა, როგორც ბაკლი წერს, „ბოუის კულტი“, რომელიც „უნიკალური იყო - მისი გავლენა უფრო ხანგრძლივი იყო, ვიდრე პოპულარული მუსიკის ფანებში არსებული რომელიმე სხვა“[50]. The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars გამოვიდა 1972 წელს და ითავსებდა წინა ალბომის მძიმე როკის ელემენტებს, რასაც ერწყმოდა Hunky Dory-ს მსუბუქი ექსპერიმენტული პოპ-როკიც. ალბომამდე აპრილში სინგლად გამოიცა „Starman“, რამაც ბოუის ბრიტანულ წარმატებას ხელი შეუწყო - ისევე, როგორც სინგლი, ალბომიც ჩარტებში მოხვდა, მას შემდეგ, რაც სიმღერა ივლისში Top of the Pops-ზე შესრულდა. თავად ალბომი ჩარტებში აქტიური იყო შემდეგი ორი წლის განმავლობაში, მაგრამ მას მალე Hunky Dory-ც შეუერთდა. ამავე პერიოდში გამოვიდა სინგლები „John, I'm Only Dancing“ და „All the Young Dudes“ (დაწერილი Mott the Hoople-ისთვის) - ბრიტანეთში ორივე წარმატებული იყო. ტურნე Ziggy Stardust შემდგომ აშშ-შიც გაგრძელდა.[51]
1972 წელს ბოუიმ ჩაწერა ვოკალი ლუ რიდის ალბომ Transformer-ისთვის და დისკს პროდიუსერობა მიკ რონსონთან ერთად გაუწია.[52] 1973 წელს გამოსული ალბომი Aladdin Sane პირველი იყო, რომელიც ბრიტანეთის ჩარტში #1 ადგილს იკავებდა. მასში შეტანილია სიმღერები, რომლებიც აშშ-ში ტურნეს დროს იწერებოდა. თავად ტურნე გრძელდებოდა და უკვე იაპონიას ეწვია. Aladdin Sane-იდან გამოვიდა ბრიტანეთის ხუთეულში მოხვედრილი „The Jean Genie“ და „Drive-In Saturday“[53][54].
ბოუის დაინტერესება თეატრით აისახა პერსონაჟების შექმნაში. „სცენის მიღმა რობოტი ვარ. სცენაზე — ემოციური. ალბათ, სწორედ ამიტომ, მირჩევნია ვიყო ზიგი, ვიდრე დეივიდი“, ამბობდა იგი. თუმცა, კმაყოფილების გარდა, იყო პირადი უსიამოვნებებიც - მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში ზიგი სტარდასტით გაიმყარა იმიჯი, მაყურებელს თავდაპირველად ვერ დააჯერა, რომ შემდგომ წლებში შექმნილი „მოტეხილი თეთრი ჰერცოგი“ განსხვავებული პიროვნება იყო. ზიგი, ბოუის თქნმით, წლების განმავლობაში არ ტოვებდა. „სწორედ მაშინ გამიმწარდა ცხოვრება...ეს ჩემს პიროვნებას შეეხო. საშიში გახდა. უკვე ჩემს ფსიქიკაზე ვშიშობდი.“[55] ზიგის სახით ჩატარებული კონცერტების ნაწილი, ბოლო ორი ალბომის მასალით, ულტრათეატრალური სანახაობები იყო, გამაოგნებელი მომენტებით, როგორიც იყო ბოუი, რომელიც იხდიდა და სუმოისტად იქცეოდა ან რონსონის გიტარით ორალურ სექსს განასახიერებდა.[56] ტურნეს განმავლობაში იგი კვლავ ესაუბრებოდა პრესას ზიგის სახელით, თუმცა 1973 წლის 3 ივლისს გამართა ოფიციალური უკანასკნელი შოუ ამ პერსონაჟის განსახიერებით. კონცერტის ჩანაწერი გამოვიდა, როგორც Ziggy Stardust and the Spiders from Mars.[57]
The Spiders from Mars-ის შემდეგ ბოუიმ სცადა ზიგის ტიპაჟისგან განცალკევებით თავის წარმოჩენა. მოთხოვნა იყო მის მანამდე ჩაწერილ ალბომებზეც. The Man Who Sold the World 1972 წელს ხელახლა გამოვიდა, ისევე, როგორცSpace Oddity. „Life on Mars?“ Hunky Dory-დან სინგლზე გამოიცა 1973 წლის ივნისში და ბრიტანეთის ჩარტში #3 იყო. იმავე ჩარტში სექტემბერში მოხვდა ბოუის 1967 წლის „The Laughing Gnome“, რომელმაც #6 პოზიციას მიაღწია.[58] Pin Ups, ბოუის 1960-იანების საყვარელი სიმღერები ქავერ-ვერსიების კომპილაცია, ოქტომბერში გამოვიდა. მის მიერ ამ დისკისთვის ჩაწერილი The McCoys-ის „Sorrow“ #1 პოზიციაზე მოხვდა. ამრიგად, დეივიდი 1973 წელს ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად იქცა, ხოლო ჩარტში მისი ერთდროულად ექვსი ალბომი იმყოფებოდა[59].
1974 წელს ბოუი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. თავდაპირველად ნიუ-იორკში გაჩერდა, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში დასახლდა.[60] Diamond Dogs (1974), რომელშიც იგი სოულის და ფანკის ჟანრებში ექსპერიმენტებს ატარებდა, ორი სხვადასხვა ჩანაფიქრის შედეგად წარმოიშვა. პირველი იყო მიუზიკლი, რომელიც შორეულ მომავალში, პოსტ-აპოკალიფსურ ქალაქში განვითარდებოდა, ხოლო მეორე — ჯორჯ ორუელის „1984“-ის ადაპტირება.[61] ბრიტანეთში ალბომი ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა, ჰიტებით „Rebel Rebel“ და „Diamond Dogs“, ხოლო აშშ-ში #5 იყო. სარეკლამო მიზნით, ბოუიმ გამართა ტურნე Diamond Dogs, რომლის ფარგლებში ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქებს ივნისში-დეკემბერში ეწვია. ტობი ბეზილის ქორეოგრაფიით, თეატრალური ეფექტებით დატვირთული, ძვირადღიღებული შოუ გადაიღო ალან იენტობმა. შედეგად მიღებული დოკუმენტური Cracked Actor ასახავს დაღლილ ბოუის: მუსიკოსის კოკაინით დაინტერესება ნამდვილ გატაცებაში გადაიზარდა, რაც მის ფიზიკურ ფორმებზე აისახა, იწვევდა პარანოიას და ემოციურ პრობლემებს.[62] მოგვიანებით დეივიდი ამბობდა, რომ იმავე პერიოდში გამოცემული ალბომის David Live სახელწოდება უნდა ყოფილიყო „დეივიდ ბოუი ცოცხალია, თავს კარგად გრძნობს და ცოცხლობს მხოლოდ თეორიულად“. თუმცა, David Live-მა მისი სუპერვარსკვლავური იმიჯი გაამყარა, მოხვდა რა ბრიტანეთის #2, ხოლო აშშ-ის ჩარტის — #8 პოზიციაზე. ბრიტანეთში მეათე პოზიციაზე აგრეთვე იმყოფებოდა ედი ფლოიდის „Knock on Wood“-ის ქავერ ვერსია. შეისვენა რა ფილადელფიაში, სადაც ახალ ალბომს იწერდა, ტურნე ბოუიმ განაგრძო სოულზე მეტი აქცენტის გადატანით.[63]
ფილადელფიური სესიების შედეგად გამოიცა ალბომი Young Americans (1975). ბიოგრაფი კრისტოფერ სენდფორდი წერს: „წლების განმავლობაში უამრავმა ბრიტანელმა როკერმა, ასე თუ ისე, სცადა, შავკანიანი განესახიერებინა. ცოტამ თუ მიაღწია ამას, როგორც ეს ახლა ბოუის გამოუვიდა.“[64] ალბომის ჟღერადობა, რომელსაც თავად მუსიკოსი „პლასტმასის სოულს“ უწოდებდა, სტილისტური ცვლილებებით იყო აღსანიშნავი, რაც ბევრ ბრიტანელ მსმენელს არ მოეწონა.[65] Young Americans-იდან გამოიცა სინგლი „Fame“, რომელიც შემდგომში აშშ-ში მუსიკოსის პირველ #1-ად იქცა. სიმღერა ჯონ ლენონის თანამონაწილეობით დაიწერა. უკანასკნელმა აგრეთვე ჩაწერა მისი ბეკ-ვოკალები. თანაავტორი კარლოს ალომარიც იყო. ლენონმა ბოუის შემოქმედებას ასე უწოდა: „დიდებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ტუჩის საცხით მორთული როკ-ენ-როლია“.[66] იყო რა ერთ-ერთი პირველი თეთრკანიანი შემსრულებელი გადაცემაში Soul Train, ბოუიმ ფონოგრამის ფონზე შეასრულა „Fame“ და „Golden Years“, რომელიც ნოემბერში სინგლად გამოიცა[67] და თავდაპირველად განკუთვნილი იყო ელვის პრესლისთვის, რომელმაც მის ჩაწერაზე უარი თქვა.[67] Young Americans აშშ-შიც და ბრიტანეთშიც კომერციულად წარმატებული გამოდგა. 1969 წლის „Space Oddity“ ხელახლა გამოცემის შემდეგ ბრიტანეთში ბოუის პირველ #1 ჰიტად იქცა, მას შემდეგ, რაც იგივე წარმატება აშშ-ში „Fame“-მა მოიპოვა.[68] მიუხედავად უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავური ცხოვრებისა, ბოუი, სენდფორდის თქმით, „ალბომების გაყიდვების მიუხედავად (მხოლოდ Ziggy Stardust გაიყიდა მილიონი ასლის სახით), არსებობდა მცირე ფინანსური საშუალებებით.“[69] 1975 წელს, ხუთი წლით ადრე კენ პიტის გაშვების შემდეგ, ბოუიმ თავისი ახალი მენეჯერიც გააგდო. თვეების განმავლობაში გამართული სასამართლო დავის შედეგად მას გამოეცალა მილიონობით დოლარი. საბოლოოდ, ბოუი გამოიკეტა ვესტ-სტრიტის 20-ში. „ერთი კვირის განმავლობაში იქიდან მისი კვნესა ისმოდა“.[69] მაიკლ ლიპმენი, მისი ადვოკატი, გახდა ახალი მენეჯერი, თუმცა მოგვიანებით დეივიდმა ისიც გააგდო.[70]
Station to Station-ში (1976), რომელიც ჩაიწერა ბოუის და ჰარი მესლინის პროდიუსერობით, გამოჩნდა ახალი პერსონაჟი, „მოტეხილი თეთრი ჰერცოგი“. ვიზუალურად, იგი თომას ჯერომ ნიუტონის, ფილმში „ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე“ განსახიერებული პერსონაჟის გაგრძელება იყო.[71] წინა ალბომში გამოყენებული ფანკის და სოულის კვლავ შენარჩუნებით, ბოუიმ აქცენტი გააკეთა სინთეზატორებზე აგებულ ჟღერადობაზე, თუმცა შეიმჩნეოდა კრაუტროკიც, რომელიც შემდგომ ალბომებში უფრო მკვეთრად ჟღერდა. ბოუიზე ნარკოტიკების გავლენა უფრო აშკარა გახდა, როდესაც რასელ ჰარტი ესაუბრა London Weekend Television-ის ეთერში. ინტერვიუს დაწყებამდე, ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ესპანეთის დიქტატორი ფრანსისკო ფრანკო. ბოუის სთხოვეს, გადაეტანა დაგეგმილი ინტერვიუ, რათა ეთერი დაეთმოთ ფრანკოსთან დაკავშირებული სიუჟეტისთვის. მან უარი განაცხადა და ინტერვიუ, როგორც დაგეგმილი იყო, დაიწყო. ჰარტისთან ხანგრძლივი საუბრისას იგი უცნაურად იქცეოდა და „დაბნეული“ ჩანდა.[72] ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება, მისივე თქმით, კოკაინის მოხმარებამ გამოიწვია. წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გადაჭარბებული დოზაც მიიღო, რამაც საგანგაშო მდგომარეობამდე მიიყვანა.[62][73] 1976 წელს მაგ გააკეთა რამდენიმე დადებითი კომენტარი ადოლფ ჰიტლერის შესახებ. ამას დაემატა ერიკ კლეპტონის ფრაზები 1976 წელს საიმიგრაციო პირობების შეზღუდვის შესახებ, რასაც მოჰყვა მოძრაობის „როკი რასიზმის წინააღმდეგ“ ჩამოყალიბება.[74]
Station to Station-ის 1976 წლის იანვარში გამოცემას ევროპასა და ამერიკაში მოჰყვა თითქმის ოთხთვიანი საკონცერტო ტურნე Isolar. მის ფარგლებში შესრულდა სიმღერები უკანასკნელი ალბომიდან (მათ შორის — დრამატული და ხანგრძლივი „Station to Station“, ბალადები „Wild Is the Wind“ და „Word on a Wing“, აგრეთვე ფანკური „TVC 15“ და „Stay“. ჯგუფში, რომლის მონაწილეობით ჩაიწერა ალბომი და გაიმართა ტურნე, შედიოდნენ რიტმული გიტარისტი კარლოს ალომარი, ბასისტი ჯორჯ მარი და დრამერი დენის დეივისი. იგივე შემადგენლობა ბოუისთან 1970-იანების ბოლომდე დარჩა. ტურნე ძალიან წარმატებული იყო, თუმცა პოლიტიკურ სკანდალებში გაეხვია. სტოკჰოლმში სტუმრობისას ბოუიმ განაცხადა, რომ „ფაშისტი ბელადი ბრიტანეთს გამოადგებოდა“. რუსეთის/პოლონეთის საზღვარზე იგი დააკავეს ნაცისტური აქსესუარების გამო.[75]
შემდგომში მოხდა კიდევ ერთი უსიამოვნება ლონდონის ვიქტორიას სადგურზე. ღია მერსედესით მისული ბოუი შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ჟესტით, რომელიც ბევრმა ნაცისტურ მისალმებად ჩათვალა. ფოტოკამერით გადაღებული კადრი NME-შიც გამოქვეყნდა. ბოუიმ განაცხადა, რომ ფოტოგრაფმა იგი უბრალოდ ხელის აქნევისას აღბეჭდა.[76] მოგვიანებით მუსიკოსი განმარტავდა, რომ პრო-ნაცისტური გამონათქვამები და ქცევის სტილი გამომდინარეობდა ნარკოდამოკიდებულებიდან და თავად მოტეხილი თეთრი ჰერცოგის პერსონაჟიდან[77]. „შევიშალე, საერთოდ გავგიჟდი. მხოლოდ მითოლოგია თუ მამოძრავებდა...მთელი ეს თემები ჰიტლერზე და ულტრამემარჯვენეობაზე...მეფე ართური აღმოვაჩინე.“[73] დრამატურგ ალან ფრენქსის თქმით, რომელიც ამის შესახებ The Times-ში წერდა, ბოუი „ნამდვილად შეიშალა. მძიმე ნარკოტიკებთან ცუდი ამბები გადახდა თავს“.[78] კოკაინზე დამოკიდებულება, რომელმაც ეს სკანდალები გამოიწვია, აგრეთვე გამომდინარეობდა ლოს-ანჯელესში ცხოვრებიდან - ქალაქიდან, რომელშიც იგი ძალიან გაუცხოვდა. 1980 წელს NME-სთან ფაშიზმთან ფლირტის განხილვისას მან განმარტა, რომ ლოს-ანჯელესი იყო ადგილი, „სადაც ყველაფერი მოხდა. ეს საშინელი ადგილი უნდა ამოიშალოს დედამიწის ზედაპირიდან. ვფიქრობ, თუკი როკ-ენ-როლთან რამე კავშირი გაქვს და ლოს-ანჯელესში ცხოვრობ, ესე იგი, უბედურება გელის. ნამდვილად ასეა.“[79]
1976 წელს ბოუი შვეიცარიაში ჩავიდა და ჟენევის ტბასთან ახლოხს, მთებში, ქოხი შეიძინა. ახალ გარემოში კოკაინის მოხმარებამ იკლო და მუსიკოსი სხვა საქმეებითაც დაკავდა[80]. მეტ დროს უთმობდა ხატვას და რამდენიმე პოსტ-მოდერნისტული ნაშრომის შექმნა. ტურნეs დროს ბლოკნოტში ხატავდა და სხვადასხვა ფოტოსურათს იღებდა, მოგვიანებით გამოსაყენებლად. ჟენევასა და ბერლინში გალერეების მონახულების შემდეგ აქტიურად დაინტერესდა მხატვრობით. კრისტოფერ სენდფორდი წერს: „იქცა თანამედროვე მხატვრობის აქტიურ შემქმნელად და შემგროვებლად...იგი არა მხოლოდ ექსპრესიონიზმით დაინტერესდა. გამოკეტილი კლოს დე მესანჟში, ინტენსიურად დაიწყო საკუთარი თავის დახვეწა კლასიკურ მუსიკასა და ლიტერატურაში და ავტობიოგრაფიაზე მუშაობდა.“[81]
1976 წელს ბოუი აქტიურად დაინტერესდა გერმანული განვითარებადი მუსიკალური სცენით. ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო, იგი გადავიდა დასავლეთ ბერლინში, რათა დაესრულებინა ნარკოტიკებთან ბრძოლა და კარიერა აღედგინა. მას ხშირად ხედავდნენ შენებერგში ან სტუდია Hansa-სთან, რომელსაც ახალი მასალის ჩასაწერად იყენებდა.[82] ბრაიან ინოსთან თანამშრომლობის პერიოდში მისი მეზობელი იყო იგი პოპი. ტონი ვისკონტის თანაპროდიუსერობით ჩაწერილი სამი ახალი ალბომი უფრო მეტად ემბიენტის ელემენტებს შეიცავდა. ამ პერიოდს პირობითად ეწოდება „ბერლინური ტრილოგია“.[83] ამავე დროს იგიმ, ბოუის თანაავტორობით და მუსიკოსის სახით მონაწილეობით, დაასრულა მუშაობა სადებიუტო სოლო ალბომზე The Idiot და მის შემდგომზე, Lust for Life[84].
პირველი ალბომი აღნიშნულ ტრილოგიაში, Low (1977), ნაწილობრივ შთაგონებული Kraftwerk-ის და Neu!-ს კრაუტროკული ჟღერადობით, უფრო აბსტრაქტული იყო. ტექსტები ამ შემთხვევაში შემთხვევითი და მეორეხარისხოვანი ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომზე მუშაობა 1976 წლის ნოემბერში დასრულდა, ლეიბლს გამოსაცემად კიდევ სამი თვე დასჭირდა.[82] დისკს ბუნებრივი უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ამას თან ახლდა ტონი დეფრაისის, ბოუის ყოფილი მენეჯერის მხრიდან კვლავ მიმდინარე სასამართლო დავა. მიუხედავად წინაღობებისა, Low-ში შეტანილი „Sound and Vision“ ბრიტანეთში #2 იყო, ხოლო ალბომი — Station to Station-ზე უფრო პოპულარულიც. თანამედროვე კომპოზიტორი ფილიპ გლასი 1992 წელს ბოუიზე საუბრისას Low-ს აღწერდა, როგორც „გენიალურ ნამუშევარს“. მან ალბომის შთაგონებით შექმნა „სიმფონია №4 "Heroes"“.[85][86] თავად გლასი აღფრთოვანებული იყო ბოუის „საკმაოდ რთული მუსიკალური ნაწარმოების შექმნის ნიჭით“, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ისე ჩანდა, თითქოს ეს მარტივი კომპოზიციებია.[87]
Low-ს მინიმალისტურ, ინსტრუმენტულ მიდგომაზე პასუხად, ტრილოგიაში მეორე, "Heroes"-ს (1977) პოპის და როკის ფარგლებს აფართოებს. აქ ბოუის დისკის ჩასაწერად შეუერთდა რობერტ ფრიპიც. ისევე, როგორც Low, "Heroes"-იც ცივი ომის სულს გადმოსცემს, რისი სიმბოლოც არის ორად გაყოფილი ბერლინი.[88] ემბიენტური ჟრერადობის სხვადასხვა წყაროდან, მაგალითად, ცარიელი ხმაურის გენერატორებით, სინთეზატორებით და კოტოთი მიღებით, ალბომი ბოუისთვის მორიგი წარმატება იყო, მიაღწია რა ბრიტანეთის ჩარტში #3 ადგილამდე. მისი სასათაურო სიმღერა ბრიტანეთში მხოლოდ 24-ე იყო, თუმცა წლების განმავლობაში მეტი პოპულარობა შეიძინა. იგი აგრეთვე ჩაიწერა და გამოიცა გერმანულ და ფრანგულ ენებზე[89]. სიმღერა ბოუის მიერ შესრულდა მარკ ბოლანის შოუში „მარკი“. ორი დღის შემდეგ „Heroes“ დაუკრეს CBS-ზე ბინგ კროსბის უკანასკნელ საშობაო გადაცემაში, სადაც წამყვანმა და დეივიდმა ერთად შეასრულეს „Peace on Earth/Little Drummer Boy“, „The Little Drummer Boy“-ს ახალი ვერსია. ხუთი წლის შემდეგ, 1982 წელს დუეტი მსოფლიო ჰიტად იქცა, მოხვდა რა ბრიტანეთის ჩარტში შობის დღეს და დაიკავა #3 ადგილი.[90]
Low-ს და "Heroes"-ის შემდეგ ბოუიმ 1978 წლის დიდი ნაწილი გაატარა მსოფლიო ტურნეს Isolar II ფარგლებში მოგზაურობით. ამ ტურნეში ბერლინური ტრილოგიის პირველი ორი ალბომი 12 ქვეყანაში და 70 კონცერტზე თითქმის მილიონმა მსმენელმა მოისმინა. დასრულდა დეივიდის აქტიური ნარკოდამოკიდებულების პერიოდიც. ბიოგრაფ დეივიდ ბაკლის თქმით, ეს იყო დეივიდის პირველი ტურნე წლების შემდეგ, როდესაც იგი არ მოიხმარდა კოკაინს სცენაზე გასვლამდე.[91] ტურნეს ჩანაწერები გამოვიდა საკონცერტო ალბომის Stage სახით, იმავე წელს.[92]
უკანასკნელი ალბომი ბერლინურ ტრილოგიაში იყო Lodger (1979), კვლავ მინიმალისტური, ემბიენტური ხმებით, ნაწილობრივი დაბრუნებით დასარტყმელი საკრავებზე და გიტარებზე აგებულ როკთან და პოპთან, რომელიც წინ უსწრებდა ბერლინის პერიოდს. შედეგად გამოვიდა ახალი ტალღის და მსოფლიო მუსიკის რთული შეთავსება, აქა-იქ არასტანდარტული რიტმებით და თვლებით. ზოგიერთი სიმღერა შეიქმნა არასტანდარტული გზებით. „Boys Keep Swinging“ ჯგუფის წევრებმა გაცვალეს ინსტრუმენტები. „Move On“-ში გამოიყენება აკორდები დეივიდის ადრეული კომპოზიიდან „All the Young Dudes“, უკუღმა თანმიმდევრობით. „Red Money“-ში ჟღერს თანხმლები ნაწილი „Sister Midnight“-იდან, რომელიც იგი პოპთან ერთად დაიწერა.[93] ალბომი შვეიცარიაში ჩაიწერეს. გამოცემამდე მელ ილბერმანი (RCA) ამბობდა: „სამართლიანია, ვუწოდოთ მას ბოუის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band...კონცეპტუალური ალბომი, რომელშიც პერსონაჟი მდგმური უსახლკარო მოხეტიალეა, რომელსაც აწამებენ ცხოვრებისეული სირთულე და ტექნოლოგია.“ Lodger ბრიტანეთის ჩარტში #4 იყო, ხოლო აშშ-ში - #20. წარმატება იქონიეს მისმა სინგლებმა „Boys Keep Swinging“ და „DJ“[94][95]. წლის ბოლოს ბოუიმ და ენჯიმ გაყრაზე დოკუმენტები შეიტანეს და რამდენიმე თვის შემდეგ, 1980 წლის დასაწყისში მათი კავშირი დასრულდა.[96]
Scary Monsters and Super Creeps-იდან (1980) გამოიცა შემდგომში #1 ჰიტად ქცეული „Ashes to Ashes“, ჩაკ ჰამერის ტექსტურული გიტარული სინთეზატორით და მაიორ ტომის, „Space Oddity“-ს პერსონაჟის დაბრუნებით. ამ სიმღერამ მიიქცია ინტერესი ახალი რომანტიკის მოძრაობისადმი, მას შემდეგ, რაც გამოვიდა ოფიციალური ვიდეო - თავისი დროის ერთ-ერთი ნოვატორული ნაშრომი.[97] Scary Monsters-ში გამოიყენებოდა ბერლინური ალბომების მიერ გამყარებული პრინციპები, თუმცა კრიტიკოსები მას მუსიკალური და ტექსტურად უფრო პირდაპირს უწოდებენ. მძიმე როკის ელემენტების გარდა, ჟღერს რობერტ ფრიპის, ჩაკ ჰამერის და პიტ ტაუნსენდის სოლოებიც.[98] „Ashes to Ashes“ მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე, ხოლო ბოუიმ მონაწილეობა ბროდვეიზე სპექტაკლში „ადამიანი-სპილო“ მიიღო. ჩვენებები 24 სექტემბერს დაიწყო და სამ თვის გაგრძელდა.[99]
1981 წელს ბოუიმ ითანამშრომლა Queen-თან, სიმღერის „Under Pressure“ ჩაწერისას. დუეტი ჰიტად იქცა, მოუპოვა რა ბოუის მესამე ბრიტანული #3 სინგლი. დეივიდმა მიიღო როლი ბერტოლტ ბრეხტის „ბაალის“ დადგმაში. გარდა ამისა, გამოვიდა EP David Bowie in Bertolt Brecht's Baal პიესაში შეტანილი სიმღერებით, რომელიც ჩაიწერა მცირე ხნით ადრე. 1982 წლის მარტში, პოლ შრედერის ფილმ „ადამიანები-კატები“ პრემიერამდე ერთი თვით ადრე, გამოვიდა სიმღერა ამ სურათიდან, ბოუის შესრულებით - „Cat People (Putting Out Fire)“. იგი ნაკლებად პოპულარული იყო აშშ-ში, ხოლო ბრიტანეთში საუკეთესო 30-ეულში შევიდა.[100]
ბოუიმ პოპულარობის მწვერვალს და კომერციულ წარმატებას 1983 წელს, ალბომით Let's Dance მიაღწია.[101] ნაილ როჯერსის თანაპროდიუსერობით ჩაწერილი ეს დისკი აშშ-შიც და ბრიტანეთშიც პლატინის სტატუსით აღინიშნა. მისი სამი სინგლი ორივე ქვეყანაში საუკეთესო 20-ეულში მოხვდა, ხოლო სასათაურო სიმღერა ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. ბრიტანეთში მეორე პოზიციაზე მოხვდნენ „Modern Love“ და „China Girl“, რასაც ახლდა თანმხლები პრომო ფილმების გამოშვებაც[102]. „Let's Dance“-ში მიწვეული გიტარისტის სახით სტივ რეი ვონიც მონაწილეობდა, თუმცა ვიდეოში ამ სოლოს ბოუი განასახიერებს[103]. 1983 წლისთვის დეივიდი იქცა მუსიკალური ვიდეოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ. Let's Dance-ს მოჰყვა ტურნე Serious Moonlight, რომლის ფარგლებშიც ბოუის ეხმარებოდნენ გიტარისტი ერლ სლიკი და ბეკ-ვოკალისტები, ფრენკ და ჯორჯ სიმსები. ტურნე ექვს თვეს გაგრძელდა და ძალიან წარმატებული იყო.[104] MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, 1984 წელს, ბოუის გადაეცა ორი ჯილდო ავანგარდული ვიდეოების კატეგორიაში.[105]
Tonight (1984) კიდევ ერთი ალბომი იყო, ორიენტირებული საცეკვაო მუსიკაზე, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ტინა ტერნერი და, კვლავ, იგი პოპი. მასში რამდენიმე ქავერ-სიმღერაც იყო შეტანილი, მათ შორის - The Beach Boys-ის „God Only Knows“. დისკში აგრეთვე შევიდა შემდგომში ატლანტიკის ორივე მხარეს ჰიტად ქცეული „Blue Jean“. იგი თავის მხრივ, იქცა პრომო ფილმ „Jazzin' for Blue Jean“-ის შთაგონებად, რომლისთვისაც ბოუის გადაეცა გრემის ჯილდო საუკეთესო მოკლე ფორმის მუსიკალური ვიდეოსთვის. 1985 წელს ბოუი გამოვიდა უემბლიზე, Live Aid-ზე, რომელიც მიზნად ეთიოპიელთა დახმარებას ისახავდა. ამ ღონისძიების დროს ნაჩვენები იქნა სპეციალური ვიდეო, რომელიც ასევე საქველმოქმედო მიზნებს ემსახურებოდა - ბოუის დუეტი მიკ ჯეგერთან, „Dancing in the Street“, რომლის სინგლის სახით გამოცემას მოჰყვა სიმღერის ჩარტში #1 პოზიციაზე მოხვედრა. იმავე წელს ბოუი პეტ მეთენის ჯგუფთან „This Is Not America“-ზე მუშაობდა, რომელიც შევიდა ფილმში „შავარდენი და თოვლის კაცი“. ეს ნომერი, სინგლზე გამოცემის შემდეგ, აშშ-ში და ბრიტანეთში საუკეთესო 40-ეულებში შევიდა.[106]
1986 წელს ბოუიმ მიიღო როლი ფილმში „დამწყებნი“. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს, ბოუის ავტორობის თემატური „Absolute Beginners“ მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #2 ადგილზე. 1986 წელს დეივიდი გამოჩნდა ჯარეთის, გობლინების მეფის როლში, ჯიმ ჰენსონის ფილმში „ლაბირინთი“, რომელშიც აგრეთვე მისი ხუთი სიმღერა შევიდა. 1987 წლის Never Let Me Down იყო მუსიკოსის 80-იანებში უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელზეც წინა ორი ალბომის მსუბუქი ჟღერადობისგან თავი შეიკავა და მძიმე როკის ელემენტები შეიტანა, ინდუსტრიული და ტექნო მუსიკის დამატებით. ბრიტანეთში #6 პოზიციამდე ასული ეს ალბომი ცნობილია ჰიტებით „Day-In, Day-Out“, „Time Will Crawl“ და „Never Let Me Down“. თუმცა, მოგვიანებით ბოუი მას „საშინელ ალბომს“ უწოდებდა.[107] Never Let Me Down-ის მხარდასაჭერად, თავდაპირველად ცხრა პრომო კონცერტით, ტურნე Glass Spider გაიმართა. ბოუის პერსონალში შედიოდა პიტერ ფრემპტონიც (წამყვან გიტარაზე). იმ დროის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ტურნე ზედმეტად გადატვირთული იყო წარმოების მხრივ. უარყოფითად შეფასდა მისი სპეციალური ეფექტები თუ ქორეოგრაფია[108], თუმცა წლების შემდეგ ბევრმა აღნიშნა, რომ სწორედ ან იქონია გავლენა სხვების შოუებზე. ასეთ შემსრულებლებს შორის იყვნენ ბრიტნი სპირსი, მადონა და U2.[109][110]
1989 წელს ბოუიმ სოლო კარიერა გადადო და რივზ გებრელზის თანამონაწილეობით ჩამოაყალიბა მძიმე როკის ჟანრის კვარტეტი Tin Machine, რომელშიც აგრეთვე შევიდნენ ტონი ფოქს სეილზი და ჰანტ სეილზი. ამ უკანასკნელებს დეივიდი იცნობდა 1970-იანებიდან, როდესაც მათთან იგი პოპის Lust For Life-ზე იმუშავა.[111]
მიუხედავად იმისა, რომ სურდა Tin Machine-ში დემოკრატიული რეჟიმით მუშაობა, ბოუი თავად დომინირებდა, როგორც სიმღერების ავტორი და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებიც[112]. სადებიუტო ალბომი Tin Machine (1989), თავდაპირველად წარმატებული იყო, თუმცა პოლიტიკურმა ტექსტებმა საქვეყნო აღიარება არ მოუტანეს. კრისტოფერ სენდფორდი წერს, რომ „ალბომში აღწერილი პროტესტი ნარკოტიკების, ფაშიზმის და ტელევიზიის მიმართ ისეთი მასშტაბის იყო, რომ ყველაფერი კომიქსს ჰგავდა“.[113] EMI-ს არ მოსწონდა „დამრიგებლური ტონის მქონე“ ტექსტები, ისევე, როგორც „განმეორებადი მელოდიები“ და „მინიმალისტური პროდიუსერული ნამუშევარი ან ასეთის არარსებობა“.[114] მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში ჯგუფის დებიუტი ჩარტში #3 იყო.[113]
Tin Machine-ის პირველი მსოფლიო ტურნე კომერციულად წარმატებული იყო, მაგრამ როგორც მსმენელები, ასევე კრიტიკოსები ვერ აღიქვამდნენ ბოუის, როგორც ჯგუფის ნაწილს.[115] კოლექტივის სინგლების მთელი რიგი ჩარტში არ მოხვედრილა და დეივიდმაც, EMI-სთან უთანხმოების გამო, ლეიბლი დატოვა[116]. ის თავადაც ხვდებოდა, რომ არ მოსწონდა ჯგუფის ნაწილად ყოფნა.[117] Tin Machine-მა მეორე ალბომზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ბოუიმ სესიებში მონაწილეობა შეწყვიტა, პროექტი შეაჩერა და სოლო შემოქმედებას დაუბრუნდა. ჩაატარა რა ტურნე Sound+Vision, მან უწინდელი პოპულარობა და კომერციული წარმატება დაიბრუნა.[118]
1990 წლის ოქტომბერში, ენჯისთან გაყრიდან ათწლეულის შემდეგ ბოუიმ საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნო სომალელი სუპერმოდელი იმანი. ბოუი იხსენებდა: „უკვე შვილების სახელებს ვიგონებდი, როდესაც გავიცანი...ყველაფერი სწრაფად მოხდა.“ მათ 1992 წელს იქორწინეს.[119] Tin Machine დაუბრუნდა მუშაობას, მაგრამ მაყურებელი და კრიტიკოსები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პირველი ალბომით, არც მეორე ჩანაწერით დაინტერესდნენ. Tin Machine II გამოვიდა, მაგრამ ამას ახლდა ალბომის გარეკანის გამო გაუგებრობა. დისკის ახალი ლეიბლი, Victory ითხოვდა ყდიდან ოთხი კუროსის მოშორებას. საბოლოოდ, სურათზე სქესის აღმნიშვნელი ნიშნები ქანდაკებებს მოაშორეს.[120] Tin Machine-მა კვლავ გამართა ტურნე და გამოსცა ცოცხალი დისკი Tin Machine Live: Oy Vey, Baby. მისი კომერციული წარუმატებლობის შემდეგ ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა. ბოუი, მიუხედავად იმისა, რომ გებრელზთან შემდგომშიც თანამშრომლობდა, სოლო კარიერას დაუბრუნდა.[121]
1992 წლის 20 აპრილს ბოუი გამოვიდა უემბლიზე, ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი კონცერტის ფარგლებში. მან შეასრულა „Heroes“ და „All the Young Dudes“, ხოლო „Under Pressure“-ში ენი ლენოქსი შეუერთდა. ამ გამოსვლისას ბოუი სცენაზე მუხლებზე დადგა და „მამაო ჩვენო“ წაიკითხა.[122][123] ოთხი დღის შემდეგ მან და იმანმა იქორწინეს შვეიცარიაში. აპირებდნენ რა ლოს-ანჯელესში დასახლებას, ქალაქში ჩავიდნენ, რათა შეერჩიათ ბინა, მაგრამ ამ პერიოდში ქალაქში არეულობები დაიწყო და ისინი სასტუმროში დაცვის თანხლებით მიაცილეს. საბოლოოდ, ნიუ-იორკში დასახლდნენ.[124]
1993 წელს გამოვიდა ბოუის პირველი ალბომი Tin Machine-ის დაშლის შემდეგ, სოულის, ჯაზის და ჰიპ-ჰოპის ელემენტებით გაჯერებული Black Tie White Noise. ელექტრონული ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით. ამ დისკის ჩაწერისას ბოუი დაუბრუნდა ნაილ როჯერსთან თანამშრომლობას, რამაც აღუდგინა სოლო პოპულარობაც. დისკი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე. ალბომიდან გამოცემული სამი სინგლი საუკეთესო 40-ეულში მოხვდა - მათ შორის, „Jump They Say“.[125] ახალი მიმართულებები ბოუიმ მოსინჯა ჰანიფ კურეიშის რომანის „ბუდა გარეუბნიდან“ BBC-ის მიერ დადგმული ეკრანიზაციის საუნდტრეკის შექმნით. სატელევიზიო ვერსიაში გამოიყენეს მხოლოდ სასათაურო სიმღერა, თუმცა ალბომზე სხვა თემებიც მოხვდა.[126] მუსიკალურად, ჩანაწერი შეიცავდა Black Tie White Noise-ის მსგავს ელემენტებს და ალტერნატიული როკის სტილისტიკასაც. მიუხედავად იმისა, რომ დისკი კომერციულად წარმატებული იყო, ბრიტანეთის ჩარტში მხოლოდ #87 პოზიცია დაიკავა.
დეივიდი ბრაიან ინოსთანაც თანამშრომლობას დაუბრუნდა, ინდუსტრიული მუსიკით შთაგონებულ Outside-ზე (1995), რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც პირველი ტომი ალბომების სერიაში, რომელიც მსმენელს უამბობდა მხატვრობის და მკვლელობის შესახებ. ბოუის მიერ დაწერილი მოთხრობის პერსონაჟებით, ეს ალბომი აშშ-სა და ბრიტანეთში წარმატებული იყო, ხოლო მისი სამი სინგლი ბრიტანეთის საუკეთესო 40-ეულშიც შევიდა[127]. მსმენელების და კრიტიკოსების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ტურნეში Outside Nine Inch Nails-ის თანამონაწილეობამ. 1995 წლის სექტემბრიდან 1996 წლის თებერვლამდე გამართული კონცერტების სერიის ფარგლებში ბოუის გიტარისტი კვლავ გებრელზი იყო[128]. 1997 წლის 7 იანვარს ბოუიმ 50 წლის იუბილე აღნიშნა მედისონ-სკვერ-გარდენზე გამართული კონცერტით, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ლუ რიდი, დეივ გროლი და Foo Fighters, რობერტ სმითი (The Cure), ბილი კორგენი (The Smashing Pumpkins), ბლეკ ფრენსისი (Pixies) და Sonic Youth.[129][130]
1996 წლის 17 იანვარს ბოუი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს[131]. ბრიტანული ჯანგლის და დრამ'ენ'ბეისის ჟანრებში ექსპერიმენტებით ჩაწერილი Earthling (1997) კრიტიკოსების მიერ აღიარებული იყო და კომერციული წარმატება ჰპოვა აშშ-სა და ბრიტანეთში, ხოლო მისი ორი სინგლი ბრიტანულ საუკეთესო 40-ეულში შევიდა. „I'm Afraid of Americans“, პოლ ვერჰოვენის ფილმიდან „შოუს გოგონები“ ამ დისკისთვის ხელახლა ჩაიწერა, ხოლო სინგლისთვის ტრენტ რეზნორის მიერ რემიქსი მომზადდა. თანმხლებმა ვიდეომ, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდა რეზნორი, უზრუნველყო სიმღერის Billboard Hot 100-ში 16 კვირით დარჩენა. 1997 წელს აშშ-სა და ევროპაში ივნისიდან ნოემბრამდე ჩატარდა ტურნე Earthling.[132] 1997 წლის ნოემბერში ბოუიმ მონაწილეობა მიიღო BBC-ის Children in Need-ის საქველმოქმედო სინგლის „Perfect Day“ ჩაწერაში. ლუ რიდის სიმღერის ეს ვერსია ბრიტანეთის ჩარტში #1 ადგილს იკავებდა.[133] 1988 წელს ბოუი დაუბრუნდა ვისკონტისთან მუშაობას და ანიმაციური ფილმისთვის „ბავშვები“ ჩაწერა „(Safe in This) Sky Life“. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ამოიღეს საბოლოო მონტაჟიდან, იგი „Safe“-ის სახელწოდებით დეივიდის 2002 წლის სინგლის „Everyone Says 'Hi'“ B-მხარეზე შევიდა.[134] ამ გაერთიანების შემდეგ ჩაიწერა სხვა მასალაც, მაგალითად — ჯგუფ პლასიბოს „Without You I'm Nothing“-ს ახალი ვერსია, რომელსაც დაემატა ბოუის ჰარმონიული ვოკალები. იგი შეზღუდული რაოდენობით სინგლზე გამოიცა.[135]
Bowie Bonds იყო ცნობილი პიროვნებების ობლიგაციების ადრეული ნიმუში. მასში შედიოდა არსებული და მომავალი ალბომების შემოსავალი. Bowie Bonds შექმნა ბანკირმა დეივიდ პულმანმა.[136] გამოცემული 1997 წელს, ეს ობლიგაციები 55 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა ამერიკულმა Prudential Financial-მა.[137][138] ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 7.9%-ს შეადგენდა და მოქმედების ვადა 10 წელი ჰქონდა[139], უფრო მეტი, ვიდრე 10 წლიან სახაზინო ბილეთს (რაც იმ დროს 6.37%-ს შეადგენდა)[138]. ჰონორარის გადასახადმა 25 ალბომიდან შეადგინა თანხა, რომელმაც ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყო.[140] Prudential-მა აგრეთვე მიიღო გარანტიები EMI Records-ისგან, რომელმაც ბოუისთან იმ პერიოდში გააფორმა 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონტრაქტი[138]. ბოუიმ პირდაპირ მიიღო 55 მილიონი აშშ დოლარი, რითაც ყოფილი მენეჯერის მფლობელობაში არსებული სიმღერების შეძენა დაიწყო.[139] შეთანხმების ფარგლებში აღრიცხული ალბომების კატალოგი ამ კონტრაქტის მომენტისთვის 1 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა.[138] 2004 წლის მარტისთვის Moody's Investors Service-მა ობლიგაციები რეიტინგი A3-დან (რაც მეშვიდე საფეხური იყო), Baa3-მდე შეამცირა - რაც იყო უხარისხო ობლიგაციების სტატუსისგან მხოლოდ ერთი საფეხურით წინ.[141][142] ასეთი ცვლილება გამოწვეული იყო სავარაუდოსთან შედარებით უფრო ნაკლებ შემოსავლით, ანონიმური კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად.[143] მიუხედავად ამისა, 2007 წელს ობლიგაციები ლიკვიდირებული იქნა, როგორც იგეგმებოდა, დეფოლტის გარეშე, ხოლო გაყიდული სიმღერებიდან შემოსავალი კვლავ ბოუის ხელში იყო.[144]
1998 წლის სექტემბერში ბოუიმ გაუშვა ინტერნეტ-პროვაიდერი BowieNet, შემუშავებული რობერტ გუდეილთან და პროდიუსერ რონ როისთან ერთად.[145][146] სატელეფონო შეერთების ასეთი სერვისის კლიენტებს ჰქონდათ ექსკლუზიური მასალების მიღების უფლება, როგორც იყო ელექტრონული ფოსტის მისამართი BowieNet-ისგან და თავად ინტერნეტ-კავშირი.[145] სერვისი დაიხურა 2006 წლისთვის.[145]
ბოუიმ შექმნა საუნდტრეკი ვიდეო თამაშისთვის Omikron, რომელშიც თავად და იმანიც გამოჩნდნენ პერსონაჟების სახით. 1999 წელს აგრეთვე გამოვიდა დეივიდის შემდეგი სტუდიური ალბომი 'Hours...', რომელიც შეიცავდა Omicron-ში მოხვედრილი სიმღერების გადამუშავებულ ვერსიებს. ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ინტერნეტ-კონკურსის საფუძველზე დაწერა მომხმარებელმა ალექს გრანტმა.[147] ცოცხალი ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით, ალბომმა აღნიშნა ბოუის ელექტრონული მუსიკიდან წასვლა.[148] 2000 წლისთვის აგრეთვე იგეგმებოდა ალბომი Toy, რომელშიც ადრეული სიმღერების ახალი ვერსიები და რამდენიმე ახალი ნომერიც უნდა შეეტანათ, თუმცა ჩანაწერი არ გამოცემულა. ამასთან, ბოუიმ და ვისკონტიმ განაგრძეს თანამშრომლობა და 2002 წელს გამოიცა სრულიად ახალი სიმღერებით დაკომპლექტებული Heathen.[149]
2000 წლის 25 ივნისს ბოუი 30 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოვიდა გლასტონბერის ფესტივალზე.[150] 27 ივნისს მან BBC-ის რადიო თეატრში, ლონდონში, კონცერტი გამართა, რომელიც შევიდა კომპილაციურ ალბომში Bowie at the Beeb. გამოცემა აგრეთვე შეიცავს მუსიკოსის 1968-1972 წლების ჩანაწერებს BBC-ის სესიებიდან.[151] ბოუის და იმანის ქალიშვილი დაიბადა 15 აგვისტოს.[152]
2001 წელს ბოუიმ გახსნა „კონცერტი ნიუ-იორკისთვის“, რომელიც ეძღვნებოდა 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებს. მან მინიმალისტურ ატმოსფეროში შეასრულა Simon & Garfunkel-ის „America“ და „Heroes“.[153] 2002 წელს გამოვიდა Heathen, რასაც მოჰყვა საკონცერტო ტურნე, დაწყებული მელტდაუნის ფარგლებში გამოსვლით (იმ წელს დეივიდი ფესტივალის მხატვრულ ხელმძღვანელად დაინიშნა). ღონისძიებების ფარგლებში, დეივიდის გარდა, გამოვიდნენ ფილიპ გლასი, Television და The Dandy Warhols. შესრულდა როგორც უკანასკნელი ალბომის სიმღერები, ასევე მასალა Low-დან.[154] Reality გამოვიდა 2003 წელს, რასაც ტურნეც მოჰყვა. მის კონცერტებს საერთო ჯამში 722 000-მდე მსმენელი დაესწრო. ნორვეგიაში, 18 ივნისს გამართულ კონცერტზე დეივიდს თვალში მოხვდა მსმენელის მიერ ნასროლი ლოლიპოპი. ერთი კვირის შემდეგ, გერმანიაში გამოსვლისას მას ჰქონდა მძიმე ტკივილი გულმკერდის არეში. თავდაპირველად ჩათვალეს, რომ ეს იყო უბრალოდ ხერხემალში მოყოლილი ნერვი, თუმცა აღმოჩნდა კორონარული არტერია, რის გამოც მუსიკოსს ჰამბურგში ანგიოპლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. ტურნეს დარჩენილი 14 კონცერტი გაუქმდა. [155] იმავე წელს ბუდიზმით დაინტერესებულმა ბოუიმ გამართა კონცერტი ტიბეტელების მხარდასაჭერად.[156]
გულის შეტევის შემდგომ წლების პერიოდში ბოუიმ შეწყვიტა აქტიური მუსიკალური გამოსვლები და სცენასა და სტუდიაში იშვიათად ჩნდებოდა. 2004 წელს ანიმაციურ ფილმში „შრეკი 2“ გაიჟღერა ბატერფლაი ბაუჩერის მიერ ჩაწერილმა ბოუის „Changes“-მა, ამ უკანასკნელის ვოკალით.[157]
2005 წელს ბოუიმ ჩაწერა ვოკალი სიმღერისთვის „(She Can) Do That“, რომელიც ბრაიან ტრანსოსთან ერთად დაიწერა, ფილმისთვის „სტელსი“. [158] სცენას იგი დროებით დაუბრუნდა 2005 წელს, როდესაც Arcade Fire-თან ერთად ღონისძიებაზე Fashion Rocks გამოვიდა. [159] დეივიდმა ჩაწერა ვოკალი TV on the Radio-ს „Province“-ისთვის, ალბომისთვის Return to Cookie Mountain,[160] XM Satellite Radio-ისთვის — სარეკლამო რგოლი სნუპ დოგის თანამონაწილეობით[161] და შეუერთდა ლუ რიდს დანიური არტ-როკ ჯგუფ Kashmir's-ის ალბომ No Balance Palace-ს ჩაწერისას.[162]
2006 წლის 8 თებერვალს ბოუის გადაეცა გრემის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.[163] აპრილში განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში არც კონცერტებს გამართავდა, არც ჩანაწერებს მოამზადებდა[164], მაგრამ 2006 წლის 29 მაისს მოულოდნელად გამოვიდა დეივიდ გილმორის კონცერტზე როიალ ალბერტ ჰოლში და შეასრულა პინკ ფლოიდის „Arnold Layne“ და „Comfortably Numb“. ჩანაწერები გამოიცა როგორც გილმორის სინგლზე, ასევე ვიდეოს Remember That Night ფარგლებში.[165] სცენაზე უკანასკნელად იგი გამოვიდა ნოემბერში, ალიშა კისთან ერთად, ნიუ-იორკში გამართულ Black Ball-ზე, რომელიც ორგანიზაციის Keep a Child Alive მხარდასაჭერად გაიმართა[166][167]
ბოუი 2007 წლის High Line Festival-ის კურატორი იყო. მან შეარჩია და მიიწვია მუსიკოსების მანჰეტენში გამართულ ღონისძიებაზე. მათ შორის იყვნენ დუეტი Air, სიურრეალისტი ფოტოგრაფი კლოდ კაჰუნი და ინგლისელი კომიკოსი რიკი ჯერვეისი.[168][169] 2008 წელს დეივიდი გამოჩნდა სკარლეტ იოჰანსონის მიერ ჩაწერილ ტომ უეიტსის სიმღერების ქავერების ალბომზე Anywhere I Lay My Head.[170] აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვების 40 წლიანი და ბოუის „Space Oddity“-ს კომერციული წარმატების იუბილეს აღსანიშნავად EMI-მ 2009 წელს გაავრცელა ორიგინალური სტუდიური ჩანაწერების რვა ინდივიდუალური არხი და გამოაცხადა კონკურსი რემიქსის შექმნაზე.[171] A Reality Tour, 2003 წლის კონცერტების ჩანაწერებით, გამოვიდა 2010 წლის იანვარში.[172]
2007 წელს ბოუიმ აგრეთვე გადარიცხა 10 000 აშშ დოლარი „ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის მხარდაჭერის ეროვნულ ასოციაციაში“[173], რაც უკავშირდებოდა ჯენადან (ლუიზიანა) ექვსი მოსწავლის მხარდაჭერას, რომლებსაც ბრალად სდებდნენ იმავე ქალაქში თეთრკანიან მოზარდზე თავდასხმას.[174].
2011 წლის მარტის ბოლოს Toy არაოფიციალურად გავრცელდა ინტერნეტში. მასში შეტანილია როგორც Heathen-ისთვის განკუთვნილი მასალა, ასევე b-მხარეები, ისევე, როგორც დეივიდის მუსიკალური კატალოგის ცნობილი სიმღერების ახალი ვერსიები.[175][176]
2013 წლის 8 იანვარს, მუსიკოსის 66-ე დაბადების დღეს, ცნობილი გახდა ახალი ალბომის The Next Day გამოცემის შემდეგ, რაც დაიგეგმა 8 (ავსტრალია), 12 (აშშ) და 11 (სხვა ქვეყნები) მარტისთვის.[177] ათწლიანი შესვენების შემდეგ, ბოუის ეს ახალი ნამუშევარი შეიცავდა 14 სიმღერას და 3 დამატებით ჩანაწერს.[178][179] პროდიუსერ ტონი ვისკონტის თქმით, ალბომისთვის სულ 29 სიმღერა ჩაიწერა, რომელთა ნაწილი მოგვიანებით გამოვიდოდა. ამ განცხადებას ახლდა სინგლის „Where Are We Now?“ იმავე დღეს გამოცემა.[180]
ნიუ-იორკელი ტონი აურსლერის მიერ გადაღებული „Where Are We Now?“-ს ოფიციალური მუსიკალური ვიდეო Vimeo-ზე გამოვიდა.[180] სინგლი ბრიტანეთის iTunes-ის ჩარტის სათავეში გამოცემიდან რამდენიმე საათში მოხვდა[181], ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #6 იყო[182], რაც ბოუისთვის პირველი დიდი წარმატება იყო მას შემდეგ, რაც „Jump They Say“-მ 1993 წელს მსგავსი პოპულარობა მოიპოვა. მეორე ვიდეო, „The Stars (Are Out Tonight)“, 25 თებერვალს გამოვიდა. იგი გადაღებულია რეჟისორ ფლორია სიგისმონდის მიერ, ბოუის და ტილდა სუინტონის მონაწილეობით.[183] 1 მარტს ალბომის მოსმენა შესაძლებელი გახდა iTunes-ზე.[184] The Next Day გამოსვლის დღეს ბრიტანეთის ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა. მსგავსი წარმატება მანამდე უკანასკნელად Black Tie White Noise-ს ერგო წილად. The Next Day იმ დროისთვის წლის ყველაზე გაყიდვად ალბომადაც იქცა.[185] სასათაურო სიმღერის მუსიკალურმა ვიდეო გამოიწვია აღშფოთება და დროებით იყო ამოღებული YouTube-იდან, როგორც მომსახურების პირობების დამრღვევი, თუმცა მოგვიანებით იგი დააბრუნეს, შენიშვნით, რომ მისი ხილვა აკრძალული იყო 18 წელზე უმცროსი ასაკის პირებისთვის.[186]
The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოუიმ საერთოდ უარი განაცხადა რამე სახის ინტერვიუების ჩაწერაზე.[187] მისი არტეფაქტების გამოფენა, „David Bowie Is“, გაიმართა ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმში.[188] მას 311 956 ადამიანი ეწვია, რამაც ექსპოზიცია აქცია მუზეუმში წარმოდგენილ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთ წარმატებულად.[189] იმავე წელს გამოფენა მსოფლიო ტურნეთი გაემგზავრა, გაიმართა რა ტორონტოში, ჩიკაგოში, მელბურნში, პარიზში და გრონინგენში.[190] 2011 წლის 11 იანვრისთვის გამოფენა 1.3 მილიონმა ადამიანმა იხილა.[191][192] მუზეუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი 2017 წელს იაპონიასაც ეწვეოდა და კვლავ განაგრძობდა მოგზაურობას.[191]
ბოუი აგრეთვე Arcade Fire-ის სიმღერაში „Reflektor“ სპეციალურად მიწვეული ვოკალისტის სახით გამოჩნდა.[193] ჟურნალ BBC History-ს გამოკითხვაში, 2013 წლის ოქტომბერში, იგი დასახელდა ისტორიაში ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულ ბრიტანელად.[194]
Brit Awards-ის 2014 წლის დაჯილდოებაზე, რომელიც 19 თებერვალს გაიმართა, ბოუი იყო ცერემონიის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მონაწილე, მიიღო რა ჯილდო საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცისთვის - მისი სახელით ეს ჯილდო კეიტ მოსმა აიღო. მან აგრეთვე წაიკითხა ბოუის ტექსტი, რომელშიც ნახსენები იყო შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი[195], რამაც სოციალური მედიის ყურადღება მიიპყრო[196][197]. 18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გამოიცემოდა ბოუის სხვა ჩანაწერებიც, თუმცა მათი დეტალების დაზუსტებისგან მუსიკოსი თავს იკავებდა.[198]
2014 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია კომპილაციის Nothing Has Changed ნოემბერში გამოსაცემად მომზადების შესახებ. ალბომში შევიდა როგორც იშვიათი და ცნობილი ძველი სიმღერები, ასევე ახალი, „Sue (Or in a Season of Crime)“.[199] ავსტრალიაში, „David Bowie Is“-ის გამართვის პარალელურად ყვითელი გრამფირფიტის სახით, 2015 წლის 16 ივლისს გამოიცა სინგლი „Let's Dance“.[200]
2015 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ბოუი წერდა სიმღერებს მიუზიკლისთვის, რომელიც ანიმაციურ სერიალ SpongeBob SquarePants-ს ეფუძნებოდა.[201] მან აგრეთვე შექმნა ტელესერიალ „უკანასკნელი ავაზების“ მთავარი თემა. სერიალი ეთერში 2015 წლის ნოემბერში გავიდა.[202] სინამდვილეში, თემაში გამოყენებული იყო მისი შემდეგი და უკანასკნელი ალბომის Blackstar სასათაურო სიმღერის მელოდია.[203] 2015 წელს ბოუიმ, იგი პოპმა, ბიორკმა და სხვა შემსრულებლებმა გაეროს მიმართეს პეტიციით, რომელშიც განიხილებოდა ჰავის ცვლილებები. ღია წერილი ითხოვდა გლობალური დათბობის თაობაზე მსოფლიო საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, აგრეთვე ნახშირბადის დაბალ შემცველობაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას და დედამიწის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად სხვა ღონისძიებების ჩატარებას.[204]. 2015 წელს გამოვიდა ვიდეო თამაში Metal Gear Solid V: The Phantom Pain, რომელშიც შევიდა მიჯ იურის მიერ შესრულებული „The Man Who Sold the World“.
2016 წელს, The Times-ის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მომავალი დისკი იქნებოდა „ყველაზე უცნაური“ მუსიკოსის შემოქმედებაში.[205] 7 დეკემბერს ნიუ-იორკში გაიმართა მიუზიკლ „ლაზარეს“ პრემიერა, რომელიც დეივიდის სიმღერებს ეფუძნება. ბოუი საჯაროდ უკანასკნელად საპრემიერო დღეს გამოჩნდა.[206]
Blackstar 2016 წლის 8 იანვარს გამოვიდა, დეივიდის 69-ე დაბადების დღეს და კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული[207] 10 იანვარს მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ ტონი ვისკონტიმ განაცხადა, რომ ეს დისკი მისი „გედის სიმღერა“ იყო და „დამშვიდობების აღსანიშნავი საჩუქარი“ მოყვარულებისთვის.[208][209][210] სხვადასხვა ჟურნალისტმა თუ კრიტიკოსმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ტექსტების დიდი ნაწილი სწორედ მის გარდაცვალებას უკავშირდებოდა[211][212], ხოლო CNN-ის თქმით, ალბომი „არის ადამიანზე, რომელიც ებრძვის სიკვდილიანობას.“[211] ვისკონტი ამბობდა, რომ ბოუი გეგმავდა Blackstar-ის შემდგომ ალბომსაც და ხუთი დემო სიცოცხლის უკანასკნელ კვირებში ჩაწერა, რაც ნიშნავდა, რომ მოახლოებულ აღსასრულს გრძნობდა.[213] გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ბოუის ვიდეოების ნახვების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მაგალითად, Vevo-ზე.[214] 15 იანვარს Blackstar მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის #1 პოზიციაზე, მისი 19 ალბომი - ბრიტანეთის საუკეთესო ასეულში, ხოლო 13 სიმღერა - სინგლების საუკეთესო ასეულში.[215][216] Blackstar, გამოსვლისთანავე, აგრეთვე მოხვდა მსოფლიოს მრავალი ჩარტის სათავეში, მაგალითად - ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ახალ ზელანდიაში და აშშ-ის Billboard 200-ში.[217][218] გრემის 59-ე დაჯილდოებაზე დეივიდს წილად ერგო ჯილდო ყველა ნომინაციაში, რომელშიც წარადგინეს - წლის როკ-შესრულების, წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომის, წლის საუკეთესო ხმის ინჟინერის, წლის საუკეთესო დიზაინის და საუკეთესო სიმღერის კატეგორიებში. ამრიგად, ხუთ კატეგორიაში გამარჯვება ბოუის მუსიკალური კარიერის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.[219]
2017 წლის 8 იანვარს, მუსიკოსის დაბადებიდან 70 წლისთავზე, გამოვიდა EP No Plan.[220] მასში შევიდა Blackstar-ის სესიების კიდევ რამდენიმე სიმღერა, რომელიც მანამდე უკვე გამოიცა „ლაზარეს“ საუნდტრეკის დამატებით დისკზე.[221] აგრეთვე გამოვიდა სასათაურო სიმღერის ვიდეო.[221]
ბოუის, როგორც მსახიობის, კარიერა დაიწყო მუსიკაში წარმატებამდე. ავანგარდული თეატრის და პანტონიმის შესწავლისას, ლინდზი კემპის თანაშემწეობით, მან მიიღო როლი 1967 წლის პიესაში „პიერო ფირუზისფერში“ (მოგვიანებით მისი ეკრანიზაცია გამოვიდა სატელევიზიო ფილმის სახით).[222] მოკლემეტრაჟიან შავ-თეთრ ფილმში „სურათი“ (1969) იგი ასრულებს ბიჭუნას აჩრდილს, რომელიც ჩნდება ნახატიდან და მხატვარს დასდევს.[223] იმავე წელს გამოვიდა ფილმი ლესლი თომასის 1966 წლის კომიქს „უბიწო ჯარისკაცების“ მიხედვით, რომელშიც ბოუი მცირე როლს ასრულებს.[223] 1976 წელს გამოვიდა „ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე“ - ნიკოლას რეგის ფილმი, რომელშიც დეივიდმა პირველად შეასრულა მთავარი როლი, თომას ჯერომ ნიუტონი. მეორედ ძირითადი როლი მუსიკოსმა განასახიერა 1978 წლის სურათში „უბრალოდ ჟიგოლო“. ეს იყო ინგლისურ-გერმანული წარმოების ნამუშევარი, გადაღებული რეჟისორ დეივიდ ჰემინგზის მიერ, რომელშიც ბოუიმ შეასრულა პრუსი ოფიცერ პაულ ფონ პრჟიგოდსკის როლი. სიუჟეტის მიხედვით, იგი ბრუნდება პირველი მსოფლიო ომიდან და გაიცნობს ბარონესას (მარლენ დიტრიხი).[224]
ბროდვეიზე, 1980-1981 წლებში, ბოუიმ შეასრულა ჯოზეფ მერიკის როლი პიესაში „ადამიანი-სპილო“, რომელშიც გრიმს არ ატარებდა. 157-ჯერ შესრულებული ამ როლისთვის მან მაღალი შეფასებები მიიღო..[99] „კრისტიანა ფ. – ჩვენ, ბავშვები ზოოს სადგურიდან“, 1981 წლის ბიოგრაფიული ჟანრის ფილმი დასავლეთ ბერლინში მცხოვრებ ნარკომან გოგონაზე, შეიცავს ეპიზოდს, რომელშიც ბოუი საკუთარ თავს განასახიერებს. მის საუნდტრეკში Christiane F. (1981) შეტანილია დეივიდის ბერლინური ტრილოგიის სიმღერების ნაწილი.[225] ბოუიმ აგრეთვე ითამაშა 1983 წლის ფილმში „შიმშილი“ (კატრინ დენევთან და სუზან სარანდონთან ერთად). ნაგისა ოშიმას იმავე წლის ფილმში, „ბედნიერი შობა, მისტერ ლოურენს“ (რომელიც ლოურენს ვან დერ პოსტის რომანს „მარცვალი და მთესველი“ ეფუძნება) ბოუიმ განასახიერა ჯეკ სელერსი, ომის დროს იაპონელებთან ტყვედ ჩავარდნილი მაიორი. 1983 წლის კომედიურ ფილმში „ყვითელწვერა“ მუსიკოსმა მცირე როლი შეასრულა, ხოლო 1985 წლის „ღამეში“ - კოლინი, დაქირავებული მკვლელი. მას შესთავაზეს მაქს ზორინის ფილმი ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმში „ხედი მკვლელობაზე“ (1985), რაზეც უარი განაცხადა.[226]
„დამწყებნი“ (1986) არის როკ-მიუზიკლი, კოლინ მაკაინზის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, 1950-იანების ლონდონზე. მასში შეტანილია ბოუის მუსიკა, ხოლო თავად დეივიდი მცირე როლს ასრულებს. იმავე წელს გამოვიდა ჯიმ ჰენსონის ფენტეზის ჟანრის ფილმი „ლაბირინთი“, რომელშიც დეივიდმა ერთ-ერთი მთავარი, ჯარეთის, გობლინების მეფის როლი განასახიერა.[227] ორი წლის შემდეგ მან განასახიერა პილატე პონტოელი მარტინ სკორსეზეს „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებაში“. ფილმში „უბედური შემთხვევა ლინგუინიში“ (1991) იგი გამოჩნდა როზანა არკეტთან ერთად, რესტორნის მფლობელის როლში. დეივიდ ლინჩის სერიალ „ტვინ პიქსი“ გაგრძელებაში, „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“ (1992) იგი გამოჩნდა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტ ფილიფ ჯეფრიზის სახით. მან ენდი უორჰოლის მცირე, მაგრამ აღსანიშნავი როლი ჟან-მიშელ ბასკიას შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში „ბასკია“ წარმოადგინა. იგი გამოჩნდა ჯოვანი ვერონეზის სპაგეტი-ვესტერნის ჟანრის ფილმში „ჩემი დასავლეთი“ (1998, აშშ-ში 2005 წელს სახელწოდებით „მსროლელის შურისძიება“ გამოვიდა)[228]. ასაკოვანი განგსტერი ბერნი მან ენდრიუ გოთის ნაშრომში „ყველას უყვარს მზე“ (1999) ითამაში. იმავე წელს საშინელებათა ჟანრის ტელესერიალში „შიმშილი“ გამოჩნდა. „მისტერ რაისის საიდუმლოში“ (2000) შეასრულა 12 წლის ავადმყოფი ბავშვის მეზობლის როლი, შემდეგ წელს კი „ზულენდერში“ საკუთარი თავი განასახიერა.[229]
კრისტოფერ ნოლანის „პრესტიჟში“ (2006) დეივიდი განასახიერებს ნიკოლა ტესლას როლს. იმავე წელს ბოროტი მალტაზარი გაახმოვანა, ანიმაციურ ფილმში „ართური და უჩინარები“, ხოლო საკუთარი თავი განასახიერა რიკი ჯერვეისის ტელესერიალში „Extras“. 2007 წელს გაახმოვანა პერსონაჟი სატელევიზიო ანიმაციურ ფილმში „SpongeBob's Atlantis SquarePantis“/ 2008 წელს ოსტინ ჩიკის „აგვისტოში“ ოგილვის როლი შეასრულა, ჯოშ ჰარტნეტთან და რიპ ტორნთან ერთად.[230][231]
1960-იანებიდან მოყოლებული, ბოუის მუსიკამ მრავალი მუსიკალური სტილი მოიცვა. ადრეული კომპოზიციები და გამოსვლები შთაგონებულია როკ-ენ-როლის შემსრულებლების, ლიტლ რიჩარდის და ელვის პრესლის მანერით. იგი განსაკუთრებით აქტიურად ახდენდა ბრიტანელი მომღერალ და მსახიობ ენტონი ნიულის იმიტირებას, რომლის ვოკალური სტილი აითვისა და გამოიყენა სადებიუტო David Bowie-ში. ამან თავად ნიულის უკმაყოფილებაც გამოიწვია - მან დაატვრია ბოუის გამომცემლისგან მიღებული ალბომის ასლი.[22][232] ბოუის დაინტერესება მიუზიკ-ჰოლის ჟანრით გაგრძელდა შემდგომშიც. მას შეერია მძიმე როკიც, მძიმე მეტალიც, სოულიც, ფსიქოდელიური ფოლკიც და პოპიც.[233]
მუსიკათმცოდნე ჯეიმზ პერონი აღნიშნავს ბოუის მიერ ერთი და იგივე მელოდიის გამეორების მანერას, სხვადასხვა ოქტავაში. მაგალითია მუსიკოსის სინგლი „Space Oddity“, უფრო გვიანდელ პერიოდში - „Heroes“. პერონი წერს, რომ „დაბალ რეგისტრშიც კი ვოკალი მელოდიურად მდიდარია.“[234]
ვოკალის პედაგოგი ჯო თომპსონი ბოუის ვიბრირებად ვოკალურ ტექნიკას აღწერს, როგორც „განსაკუთრებით დამოუკიდებელს და გამორჩეულს“.[235] სქინდერი და შვარცი მას უწოდებენ „ვოკალისტს გამორჩეული ტექნიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია თავისი შესრულებით ნებისმიერი ეფექტის მიღება.“[236] აღსანიშნავია მუსიკოსის მიერ განსახიერებული პერსონაჟებიც: ისტორიკოსი მაიკლ კემპბელი აღნიშნავს, რომ ტექსტები „უეჭველია, სმენას იპყრობენ. მაგრამ მათი შესრულებისას ბოუი მუდმივად იქცევა ერთი პიროვნებიდან მეორედ ...ვოკალი სექციიდან სექციამდე დრამატულად იცვლება.“[237] 2014 წელს გამოქვეყნებულ 77 „საუკეთესო“ ვოკალისტის ვოკალური დიაპაზონის განხილვაში ბოუის უკავია მერვე ადგილი, კრისტინა აგილერას შემდგომ და პოლ მაკ-კარტნის წინ.[238] გიტარის გარდა, ბოუი აგრეთვე უკრავდა კლავიშებიანებზე, ჰარმონიკაზე, საქსოფონზე, სტილოფონზე, ალტზე, ჩელოზე, კოტოზე, მბირაზე, დასარტყმელი საკრავებზე და პერკუსიაზე.[239][240][241][242]
ბოუი აგრეთვე მხატვარი იყო. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი 1990-იანი წლების ბოლოს აუქციონზე 500 აშშ დოლარად გაიყიდა,[243]. მისი 1995 წლის ალბომის Outside გარეკანი წარმოადგენს იმავე წელს დახატული ხუთი ავტოპორტრეტიდან ერთ-ერთს.[244] 1998 წელს იგი მიიწვიეს პროფილური ჟურნალ Modern Painters-ის რედაქტორების გუნდში[245]. მან აგრეთვე მიიღო მონაწილეობა ნეტ ტეიტისადმი მიძღვნილ სახუმარო კამპანიაში.[246] 1998 წელს, ინტერვიუში The New York Times-ის მაიკლ კიმელმანთან მან განაცხადა: „მხატვრობა, სიმართლე რომ ვთქვათ, ერთადერთია, რის ფლობასაც ვისურვებდი.“[247] 1999 წელს BBC-სთან საუბარში დეივიდმა იგივე გაიმეორა - „ერთადერთი, რასაც აკვიატებულად ვიძენ, მხატვრობაა“.[248] 2016 წელს შეფასდა, რომ მისი კუთვნილი ნახატების კოლექციის (რომელშიც შედის დემიენ ჰირსტის, ფრანკ აუერბახის, ჰენრი მურის და ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევრები) ღირებულება 10 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტს შეადგენდა.[245]
დეივიდის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა კოლექციის დიდი ნაწილის გაყიდვა, ვინაიდან „მის შესანახად საკმარისი ადგილი არ ჰქონდა“.[245] 10 და 11 ნოემბერს ლონდონში სოთბისის სამი აუქციონი გაიმართა. პირველზე გამოტანილი იყო 47 ლოტი, მეორეზე - 208 ტილო, ნახატი და ქანდაკება, ხოლო მესამეზე - 100 ლოტი დიზაინით.[249] ჯამში, გამოტანილი ნაშრომების რაოდენობა შეადგენდა მთლიანი კოლექციის 65 პროცენტს.[250] აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენას 51 470 მნახველი დაესწრო, აუქციონში კი 1750 მონაწილე მონაწილეობდა, აქედან 1000 - ინტერნეტით. ღონისძიებების შემოსავალმა 32.9 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ყველაზე დიდი თანხა, 7.09 მილიონი გირვანქა სტერლინგი, გადაიხადეს ბასკიას გრაფიტის სტილის „Air Power“-ში.[249][251]
1970 წლის 19 მარტს ბრომლიში (ლონდონი) ბოუიმ იქორწინა ანჯელა ბარნეტთან. მათი შვილი, დანკან ჯოუნსი, დაიბადა 1971 წლის 30 მაისს - მას თავდაპირველად „ზოუის“ უწოდებდნენ.[252] ანჯელა და დეივიდი ერთმანეთს 1980 წლის 8 თებერვალს, შვეიცარიაში გაეყარნენ.[253]
1992 წლის 24 აპრილს ბოუიმ ვიწრო წრეში ლოზანაში იქორწინა სომალელ სუპერმოდელ იმანთან. 6 ივნისს საზეიმოდ ეს ქორწინება აღინიშნა ფლორენციაში.[254] წყვილს ქალიშვილი, ალექსანდრია „ლექსი“ ზარა ჯოუნსი ეყოლა.[255][256] ისინი ძირითადად ნიუ-იორკში და ლონდონში ცხოვრობდნენ, თუმცა აგრეთვე ფლობდნენ ქონებას სიდნეიში[257][258] და გრენადინებზე.[259].
ბოუის შვილიშვილი დანკანისგან დაიბადა 2016 წლის 10 ივლისს.[260]
1972 წელს, Melody Maker-თან, ჟურნალისტ მაიკლ უოტსთან საუბრისას[261] ბოუიმ საკუთარ თავს გეი უწოდა. ეს დაემთხვა მისი ზიგი სტარდასტის იმიჯით პოპულარობას.[56] ბაკლის თანახმად, „თუკი ზიგიმ გაოგნებული დატოვა შემქმნელიც და მსმენელებიც, ამ გაუგებრობაში ხელი ერია სექსუალურობას.“[262] 1976 წელს, Playboy-სთან საუბარში ბოუიმ განაცხადა: „ასეა, მე ნამდვილად ბისექსუალი ვარ. მაგრამ არ ვუარყოფ, რომ ეს კარგად გამოვიყენე. ალბათ, საუკეთესოა, რაც შემემთხვა“.[263] ყოფილი მეუღლის, ენჯის თქმით, ბოუის ჰქონდა ურთიერთობა მიკ ჯეგერთან.[264][265]
თუმცა, 1983 წელს, Rolling Stone-თან საუბრისას დეივიდმა განაცხადა, რომ ბისექსუალურობაზე საჯარო საუბარი იყო მის მიერ დაშვებული უდიდესი შეცდომა. „თეორიულად, ყოველთვის ჰეტეროსექსუალი ვიყავი“.[266] სხვა შემთხვევებში, უთქვამს, რომ ინტერესი ჰომოსექსუალური და ბისექსუალური კულტურისადმი უფრო მეტად დროით იყო გამოწვეული და სიტუაციით, რომელშიც საკუთარი გრძნობების გამო იმ პერიოდში აღმოჩნდა.[267][georgian 1]
Blender-მა 2002 წელს ბოუის ჰკითხა, კვლავ იყო თუ არ დარწმუნებული, რომ საჯაროდ საკუთარ ორიენტაციაზე საუბარი მის უდიდეს შეცდომას წარმოადგენდა. დაფიქრდა რა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განაცხადა: „არ მგონია, რომ ევროპაში შეცდომა იყო, უბრალოდ ამერიკაში უფრო მძიმედ აღიქვეს. ვინც იცოდა, რომ ბისექსუალი ვიყავი, მათთან პრობლემა არ მქონია. მაგრამ არ მსურდა დროშების ტარება ან რამე გაერთიანების წევრობა.“ ბოუი ამბობდა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ყოფილიყო სიმღერების ავტორი და შემსრულებელი, ვიდრე პრესის პირველ ფურცლებზე ბისექსუალურობის გამო მოხვედრა. „პურიტანულ ამერიკაში ეს ძალიან მიშლიდა ხელს იმის კეთებაში, რაც სინამდვილეში მსურდა.“[269]
ბაკლი წერს, რომ ბოუიმ „სექსუალური ინტრიგა ჩაიფიქრა იმის გამო, რომ იგი შოკისმომგვრელი იქნებოდა“[270] და, შესაძლოა, „არც გეი ყოფილა, არც ბოლომდე აქტიური ბისექსუალი“, იგი უფრო „ექსპერიმენტებს ატარებდა ინტერესის და ტრანსგრესულობისადმი ბუნებრივი ერთგულობის გამო“.[271] ბიოგრაფი კრისტოფერ სენდფორდი, მერი ფინიგანის თანახმად - რომელსაც 1969 წელს ბოუისთან ურთიერთობა ჰქონდა - აღნიშნავს, რომ „ბისექსუალური ფანტაზია ბოუის და მისი პირველი მეუღლის, ენჯის გამოგონილი იყო“.[272] სენდფორდი წერს, რომ ბოუი „ხუმრობით იყენებდა მისი და მისი ცოლის მიერ გამოგონილ ფეტიშს. გეი-სექსი ყოველთვის იწვევდა სიცილს. უკვე მისი ქალებთან ურთიერთობიდან აშკარაა, რომ ბოუის გემოვნება ყოველთვის სხვა მიმართულებით იხრებოდა“.[272] მარკ ისტონი, BBC-დან, 2016 წელს წერდა, რომ ბრიტანეთი „განსხვავებული ორიენტაციის მიმართ უფრო მომთმენი იყო“ და გეების უფლებები, როგორიც იყო ერთსქესიანთა ქორწინება და სქესობრივი თანასწორობა „არ იქნებოდა, რომ არა წლების წინანდელი ბოუის ანდროგინული გამოწვევა“.[273]
წლების განმავლობაში ბოუის შემოქმედებაში თუ ინტერვიუებში რელიგიაზე არაერთი მინიშნება ყოფილა. 1967 წელს იგი დაინტერესდა ბუდიზმით, მაგრამ თვეების შემდეგ ლამამ უთხრა: „შენ არ უნდა იყო ბუდისტი...მუსიკოსი უნდა იყო.“[274] 1975 წლისთვის ბოუი აღიარებდა: „სრულიად მარტოსულად ვგრძნობდი თავას. და, ალბათ, ვიყავი კიდეც, ვინაიდან უფალი თითქმის დავივიწყე.“[268]
მას შემდეგ, რაც იმანთან 1992 წელს ვიწრო წრეში იქორწინა, დეივიდმა განაცხადა, რომ „ნამდვილი ქორწინება, ნებადართული უფლის მიერ, გაიმართებოდა ფლორენციაში.“[275] იმავე წლის დასაწყისში იგი გამოვიდა უემბლიზე, ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი კონცერტის ფარგლებში, სცენაზე მუხლებზე დადგა და მილიარდი მსმენელის წინაშე „მამაო ჩვენო“ წაიკითხა.[123][georgian 2] 1993 წელს ბოუი ამბობდა, რომ ყოველთვის სწამდა „ღმერთის უეჭველი არსებობის“.[268] 2005 წელს განაცხადა, რომ „ღმერთის არსებობა-არარსებობაზე პასუხის გაცემა რთულია...არც მთლად ათეისტი ვარ, რაც მაღელვებს. არის რაღაც, რაც მეუბნება: „ჰო, თითქმის ათეისტი ვარ. რამდენიმე თვე დამაცადე...თითქმის გავერკვიე...“.“[276] ანდერძის მიხედვით, ბოუის სურდა, კრემირებული ყოფილიყო, ხოლო მისი ნეშტი ბალიში მიმოებნიათ, „ბუდისტური რიტუალების თანახმად.“[277]
ბოუის სიმღერებში სულიერი ცხოვრების განხილვა ყოველთვის აქტუალური იყო.[276] სიმღერა „Station to Station“-ში მაგალითად, კაბალას თემებია ნახსენები. ბოუი ამავე სახელწოდების ალბომს უწოდებდა „ძალიან ბნელს“. მისი თქმით, ეს იყო ალისტერ კროულის თელემას თემებთან ყველაზე ახლოს მყოფი დისკი, რაც კი დაუწერია.[278][georgian 3] ალბომში Earthling გამოხატულია „ათეიზმს ან გნოსტიციზმს შორის არჩევანის გაკეთების უწყვეტი სურვილი...სულიერად, უნდა მოვძებნო წონასწორობა ცხოვრების წესსა და აღსასრულს შორის.“[280] მუსიკოსის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე გამოვიდა „Lazarus“, უკანასკნელი ალბომიდან Blackstar, რომელიც იწყება სიტყვებით „Look up here, I'm in Heaven“ (ქართ. შეხედე, ზეცად ვარ).[281]
1976 წელს, მოტეხილი თეთრი ჰერცოგის განსახიერებისას, „სულ მცირე, ნახევრად ირონიით“, გამოხატა მხარდაჭერა ფაშიზმის იდეებისადმი და Playboy-სთან, NME-სთან და ერთ შვედურ გამოცემასთან საუბრისას გამოხატა სიმპათია ადოლფ ჰიტლერისადმი. ამონარიდი მისი ინტერვიუდან: „ბრიტანეთი მზად არის ფაშისტი ბელადისთვის...ვფიქრობ, ფაშისტი ბელადი ბრიტანეთს გამოადგებოდა. ბოლოსდაბოლოს, ფაშიზმი სინამდვილეში ნაციონალიზმია. ფაშიზმის ღრმად მწამს, ავტორიტარული ლიდერობის დროს ხალხის შრომა უფრო ნაყოფიერია.“ სხვა ფრაზებს შორის იყო „ადოლფ ჰიტლერი ერთ-ერთი პირველი როკ-ვარსკვლავი იყო“ და „უნდა მოვიდეს უკიდურესად მემარჯვენე ფრონტი, რომელიც ყველაფერს ფეხზე დააყენებს და დაასუფთავებს.“[282][283] 1977 წლის ოქტომბერში Melody Maker-თან საუბრისას მან ინანა ეს სიტყვები, ამბობდა რა, რომ ყველაფერი გამომდინარეობდა ნარკოდამოკიდებულებიდან: „შევიშალე, საერთოდ გავგიჟდი“.[284]
1980-იანებში და 1990-იანებში ბოუი საჯარო საუბრებში ეწინააღმდეგებოდა რასიზმს და ფაშიზმს. MTV-სთან 1983 წელს საუბრისას მან არხი გააკრიტიკა იმის გამო, რომ იგი ეთერში არ უთმობდა საკმარის დროსშავკანიან მუსიკოსებს.[285][286] სიმღერების „China Girl“ და „Let's Dance“ მუსიკალურ ვიდეოებს იგი აღწერდა, როგორც რასიზმის საწინააღმდეგო „მარტივ და კონკრეტულ“ განცხადებას.[287] ალბომში Tin Machine ნეონაციზმის და ფაშიზმის კრიტიკა უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი. მას „დამრიგებლური ტონის“ გამოც აკრიტიკებდნენ.[113]
2016 წელს რეჟისორი და აქტივისტი მაიკლ მური ამბობდა, რომ სურდა სიმღერის „Panic in Detroit“ საკუთარ დოკუმენტურ ფილმში „დიდი“ გამოყენება, თავდაპირველად წარუმატებლად, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბოუის პირადად ესაუბრა, ამის უფლება მიიღო. „მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა, წამიკითხავს, თითქოს, პოლიტიკური არ იყო და პოლიტიკისგან თავს იკავებდა. მაგრამ მასთან საუბრიდან ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია.“[288]
2016 წლის 10 იანვარს, 69-ე დაბადების დღიდან და Blackstar-ის გამოცემიდან ორი დღის შემდეგ ბოუი ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში, ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა.[289] დიაგნოზი მას 18 თვით ადრე დაუსვეს, მაგრამ საჯაროდ ამის შესახებ არ უსაუბრია.[290] ბელგიელი თეატრალური რეჟისორი ივო ვან ჰოვი, რომელთანაც დეივიდი მუშაობდა მიუზიკლ „ლაზარეზე“, განმარტავდა, რომ მუსიკოსი ვერ ესწრებოდა რეპეტიციებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თუმცა მუსიკაზე ავადმყოფობის დროსაც მუშაობდა.[291]
ბოუის პროდიუსერი ტონი ვისკონტი:
„ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც სურდა. და ისე აკეთებდა, როგორც თავად სურდა, თავად კი სურდა, ყველაზე კარგად გაეკეთებინა. მისი გარდაცვალება სიცოცხლისგან არც თუ განსხვავებოდა - იგი ხელოვნების ნიმუში იყო. 'Blackstar სამახსოვროდ დაგვიტოვა. ერთი წლის განმავლობაში ვიცოდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამისთვის მზად არ ვყოფილვარ. იგი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე. ყოველთვის ჩვენთან დარჩება. ახლა მისი დატირების დროა.[292][293]“ |
ბოუის გარდაცვალების შემდეგ, მისმა თაყვანისმცემლებმა ქუჩის იმპროვიზებული მიძღვნები ჩაატარეს.[294] ბრიქსტონში, სამხრეთ ლონდონში, კედელზე გამოსახულ ბოუისთან მსმენელებმა დატოვეს მრავალი ყვავილი და მისი სიმღერები შეასრულეს.[295] გარდა ამისა, მრავალი სხვა აქცია გაიმართა ბერლინში, ლოს-ანჯელესში და მის ბინასთან, ნიუ-იორკში.[296] გარდაცვალების შემდეგ, მუსიკოსის ალბომების და სინგლების გაყიდვის მაჩვენებლებმა იმატეს.[297] დეივიდს არ სურდა, დაემარხათ, ამიტომ, მისივე გარდაცვალების მოწმობის თანახმად, 12 იანვარს ნიუ-ჯერსიში კრემაცია ჩაუტარდა.[298]
საიტ Digital Spy-ს თანახმად, „Life on Mars“ აღიარებულია დეივიდის საუკეთესო სიმღერად (იგი ხმების 21.4 %-ს ფლობს). ამაზე მეტყველებს გამოკითხვა, რომელიც მუსიკოსის დაბადების 65-ე წელს ჩატარდა. რეიტინგში მეორე ადგილი უკავია „Heroes“-ს (ხმების 12.5 %), მესამე - „Ashes to Ashes“-ს (7.3 %)[299]. მსგავს გამოკითხვაში დეივიდის საუკეთესო ალბომის შესახებ პირველი ადგილი ეკავა The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars-ს (21.7 %). მეორე და მესამე გაინაწილეს Hunky Dory-მ (16.5 %) და Low-მ (9.5 %)[300]
ბოუის სიმღერებმა და სასცენო მოწყობამ პოპულარულ მუსიკას 1970-იანებში ახალი განზომილება შესძინეს. მათ იქონიეს გავლენა მის იმპროვიზებულ ფორმებსა და შემდგომ განვითარებაზე. ისტორიკოსების, სქინდერის და შვარცის თანახმად, ბოუი გლემ-როკის პიონერი იყო. ჟანრის დამაარსებლებად ისინი მარკ ბოლანს და დეივიდს უთითებენ.[301] ამავე დროს, ბოუიმ გავლენა იქონია პანკ-როკის მოძრაობაზეც.[302] როდესაც პანკი მუსიკოსები „იყენებდნენ სამწუთიანი პოპ-სიმღერის სტანდარტებს, რათა საზოგადოება გამოეწვიათ“, დეივიდმა „უარყო ტრადიციული როკ-ინსტრუმენტულობა“.[303][304] ლეიბლი მას ასეთი ფრაზით წარადგენდა: „არსებობს ძველი ტალღა, არსებობს ახალი და არსებობს დეივიდ ბოუი“.[305] მუსიკათცოდნე ჯეიმზ პერონი წერს, რომ მან „როკ-მუსიკაში დახვეწილობა შემოიტანა.“ კრიტიკოსების მიმოხილვებში ხშირად არის ნახსენები მისი ნაშრომების ინტელექტუალური სიღრმე და გავლენა.[301][306][307] ჯგუფ Human League-ის დამაარსებელი მარტინ უერი აღნიშნავდა მისი აშკარა არტისტულობის სიღრმეს და ფაქტს, რომ ისე ცხოვრობდა, თითქოს „თავად მხატვრობის ინსტალაცია იყო.“[308]
ჯონ პილი: „70-იანების პროგრესული როკის მთავარი თავისებურება ის არის, რომ იგი არ იყო განვითარებადი. სანამ ბოუი მოვიდა, არავის სურდა შეცვლა.“ ბაკლი ამ პერიოდს უწოდებს „პატივმოყვარეს, თვითკმაყოფილს, ტყავში გახვეულს.“ შემდეგ, მისი აზრით, ბოუიმ „შეცვალა მნიშვნელობა იმის, თუ რას ნიშნავს, იყო როკ-ვარსკვლავი.“
ბაკლი ბოუის უწოდებდა ვარსკვლავსაც და სიმბოლოსაც. „თავისი ნაშრომების უმეტესობით...შესაძლოა, შექმნა უდიდესი კულტი პოპულარულ კულტურაში...მისი გავლენა პოპულარულ კულტურაში უნიკალურია - იმაზე მეტი სიცოცხლე შეცვალა, ვიდრე რომელიმე სხვა პიროვნებამ.“[309]
საკუთარი თავის მუდმივი შეცვლით და ახალი გამოგონებებით, ფართოვდებოდა მუსიკოსის გავლენის მასშტაბიც.[310] ბიოგრაფი თომას ფორგეტი: „ვინაიდან მუსიკის ამდენ ჟანრში მოიპოვა წარმატება, თითქმის რთულია, დღეს მოძებნო პოპულარული შემსრულებელი, რომელმაც იქონია ყველაზე ბოუიზე მეტი გავლენა.“[311] 2000 წელს, NME-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში დეივიდი სხვა მუსიკოსების მიერ დასახელდა „ყველა დროის ყველაზე გავლენიან შემსრულებლად“.[312][313] ალექს პეტრიდისი (The Guardian) წერდა, რომ 1980 წლისთვის ბოუი აშკარად იყო „The Beatles-ის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი შემსრულებელი.“[314] ნილ მაკ-კორმიკი (The Daily Telegraph) აცხადებდა, რომ ბოუის ჰქონდა „XX საუკუნეში პოპულარულ მუსიკაში, ხელოვნებასა და კულტურაში ერთ-ერთი დიდებული კარიერა“, იგი „ყველასთვის, გარდა ერთგული მსმენელებისა, აგრეთვე იყო ზედმეტად გამომგონებლური, ცვალებადი და უცნაური“.[315] მარკ ისტონი (BBC) ამტკიცებდა, რომ ბოუიმ შექმნა პირობა იმის, რომ „ბრიტანეთი ქცეულიყო შემოქმედებით ძრავად“, გაუჩინა რა მომავალ თაობებს „მაღალი სტანდარტების, ამბიციურობის და პროვოკაციულობის, რისკების სურვილი“. დასკვნის სახით იგი წერდა, რომ ბოუიმ შეცვალა „ის, თუ როგორ ხედავენ ბრიტანეთს. და ის, თუ როგორ ხედავს ბრიტანეთი საკუთარ თავს.“[273] ენი ზალესკი, Alternative Press: „ყოველი ჯგუფი თუ სოლო შემსრულებელი, რომელმაც გადაწყვიტა სხვისი მიბაძვა და ხელახლა დაწყება, ბოუის უნდა უმადლოდეს“.[316]
მუსიკის ისტორიაში მრავალმა პიროვნებამ, რომელზეც დეივიდმა გავლენა იქონია, მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ პატივისცემა გამოხატა. Twitter-ზე მის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა გარდაცვალების შესახებ ცნობიდან ერთ საათში წუთში 20 000-ს აღწევდა[317] - ასეთი გზავნილების ნაწილის ავტორი ცნობილ პიროვნებებს ეკუთვნოდა. ბოუი გაიხსენა ვატიკანის წარმომადგენელმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავასიმ. მან ახსენა „Space Oddity“ და გერმანიის საერთაშორისო საქმეთა სამინისტრო, მადლობა გადაუხადა ბოუის ბერლინის კედლის დამხობაში შეტანილი წვლილისთვის და აგრეთვე გაიხსნება „Heroes“.[318][319]
2017 წლის 7 იანვარს BBC-ის ეთერში გავიდა 90 წუთიანი დოკუმენტური ფილმი David Bowie: The Last Five Years, რომელშიც აღწერილი იყო უკანასკნელ ალბომებზე, The Next Day და Blackstar, ისევე, როგორც მიუზიკლზე „ლაზარე“ მუშაობა.[320] 2017 წლის 8 იანვარს, ბოუის დაბადებიდან 70 წლის აღსანიშნავად, მუსიკოსის მშობლიურ ბრიქსტონში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც მიჰყავდა მსახიობ გერი ოლდმენს (იგი დეივიდის მეგობარი იყო და მონაწილეობს სიმღერის „The Next Day“ ვიდეოშიც).[321] ბრიქსტონში აგრეთვე ჩატარდა საფეხმავლო ტური დეივიდთან დაკავშირებულ ადგილებში. მსგავსი ღონისძიებები გაიმართა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, სიდნეიში და ტოკიოში.[322]
1969 წლის კომერციულმა წარმატებამ, სიმღერამ „Space Oddity“, მუსიკოსს აივორ ნოველოს სახელობის სპეციალური ჯილდო მოუტანა, ორიგინალურობისთვის.[323] 1976 წლის ფილმში „ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე“ შესრულებული როლისთვის მან მიიღო სატურნის ჯილდო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში. შემდგომ ათწლეულებში დეივიდს გადაეცა არაერთი ჯილდო ამა თუ იმ ჩანაწერისთვის და თანხმლები ვიდეოესთვის. მათ შორის იყო გრემის შვიდი ჯილდო[219][324][325] და ოთხი Brit - საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცისთვის (ორჯერ), მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის (1996) და Brit-ის სიმბოლოსთვის ბრიტანულ კულტურაზე ხანგრძლივი გავლენისთვის (2016, სიკვდილის შემდგომ).[326][327][328]
1999 წელს ბოუის საფრანგეთის ხელისუფლებამ მიანიჭა „Ordre des Arts et des Lettres“-ის კომანდორის წოდება.[329] საპატიო დოქტორის წოდება ბერკლის მუსიკალური კოლეჯისგან დეივიდმა იმავე წელს მიიღო.[330] 2000 წელს ბრიტანეთის ორდენის კომანდორის წოდებაზე მან უარი განაცხადა, ხოლო 2003 წელს - რაინდის წოდებაზე.[331] მოგვიანებით იგი განმარტავდა: „ასეთი რამის მიღების მიზანი არასოდეს მქონია. ნამდვილად არ მესმის, თუ რას ემსახურება. ამისთვის არ მიშრომია.“[332]
The Telegraph-ში 2016 წელს გამოქვეყნდა მასალა, რომლის მიხედვით დეივიდმა მსოფლიოში 140 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.[333][georgian 4] ბრიტანეთში მუსიკოსის ალბომებმა მიიღეს 9 გზის პლანტინა, 11 გზის ოქრო და 8 გზის ვერცხლი. აშშ-ში მათ მიენიჭა 5 გზის პლატინა და 7 გზის ოქრო.[335] ბოუის ხუთი სტუდიური ალბომი შეტანილია Rolling Stone-ის სიაში „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“.[336]
BBC-ის 2002 წლის გამოკითხვაში „100 უდიდესი ბრიტანელი“ დეივიდმა 29-ე ადგილი დაიკავა.[337] 2004 წელს Rolling Stone-მა მას ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში 39-ე პოზიცია მიანიჭა.[338] როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში დეივიდი 1996 წლის 17 იანვარს შეიყვანეს[131], ხოლო 2013 წლის ივნისში იგი სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზის წევრი გახდა.[339][340] 2016 წელს Rolling Stone-მა მას „ყველა დროის უდიდესი როკ-ვარსკვლავი“ უწოდა.[341]
2008 წელს მის პატივსაცემად სახელი მიიღო ობობის სახეობამ Heteropoda davidbowie.[342] 2015 წლის 5 იანვარს ერთ-ერთ ასტეროიდს მიენიჭა სახელი 342843 Davidbowie.[343] 2016 წლის 13 იანვარს ბელგიელმა მოყვარულმა ასტრონომებმა MIRA-ს საზოგადოებრივ ობსერვატორიაში შვიდ ვარსკვლავს, რომელიც მარსის ირგვლივ მუსიკოსის გარდაცვალების დროს მდებარეობდა, უწოდეს „ბოუის ასტერიზმი“. თანავარსკვლავედის მსგავსი ფორმა Aladdin Sane-ის გარეკანზე ქმნის ელვას მუსიკოსის სახეზე.[344]
2017 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ბოუი გახდებოდა პირველი სოლო შემსრულებელი, რომლის აღსანიშნავად დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტა გამოუშვებდა ნიშნების სერიას. 14 მარტს გამოსულ 10 სხვადასხვა ნიშანზე დაიბეჭდა მუსიკოსის ალბომების გარეკანები. ეს აქცია მიეძღვნა ბოუის დაბადებიდან 70 წლისთავს.[345].
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.