From Wikipedia, the free encyclopedia
The Who — ინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1964 წელს. მისი კლასიკური შემადგენლობის წევრები იყვნენ ვოკალისტი როჯერ დოლტრი, გიტარისტი და ვოკალისტი პიტ ტაუნსენდი, ბას-გიტარისტი ჯონ ენტუისლი და დრამერი კით მუნი. The Who ივთვლება XX საუკუნის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად, მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი გაყიდული დისკით და ცნობილია საკონცერტო გამოსვლებით და სტუდიური ნამუშევრებით
The Who | |
---|---|
ჯგუფი 1975 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: როჯერ დოლტრი (ვოკალი), ჯონ ენტუისლი (ბას-გიტარა), კით მუნი (დასარტყმელი საკრავები), პიტ ტაუნსენდი (წამყვანი გიტარა) | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | The Detours, The High Numbers |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური |
1964–1983, 1989, 1996–დღემდე (დროებითი გაერთიანებები: 1985, 1988, 1990, 1991, 1994) |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები |
|
საიტი | thewho.com |
The Who ვიკისაწყობში |
The Who წარმოიშვა The Detours-ისგან, იქცა პოპ-არტის და მოდების სიმბოლოდ და სკანდალური რეპუტაცია შეიძინა სცენაზე ინსტრუმენტების მტვრევით. მათი პირველი სინგლი, „I Can't Explain“ მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში, რასაც მოჰყვა არანაკლებ წარმატებული „My Generation“, „Substitute“ და „Happy Jack“. 1967 წელს კოლექტივი გამოვიდა მონტერეის პოპ-ფესტივალზე და, აქტიური ტურნეების პარალელურად, გამოსცა შემდგომში აშშ-ის ათეულში მოხვედრილი „I Can See for Miles“. მათი მეოთხე ალბომი, 1969 წლის როკ-ოპერა Tommy, რომელშიც შედის სინგლი „Pinball Wizard“, სარგებლოდა კომერციული და კრიტიკოსთა შორის წარმატებით. ვუდსტოკის და უაიტის კუნძულის ფესტივალებზე გამოსვლით, ისევე, როგორც საკონცერტო ალბომით Live at Leeds, გამყარდა The Who-ს, როგორც პატივსაცემი როკ-ჯგუფის სახელი. წარმატებას მოჰყვა შემოქმედებითი სირთულეებიც. ჯგუფის სიმღერების ავტორი და კონცეპტუალისტი ტაუნსენდი ცდილობდა Tommy-ს ღირსეული გაგრძელების შექმნას. მან დაწერა Lifehouse, რომელიც დაუსრულებელი დარჩა, თუმცა Who's Next-ში, ჰიტური სინგლით „Won't Get Fooled Again“, შევიდა გამოუყენებელი სიმღერების ნაწილი. 1973 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი როკ-ოპერა, Quadrophenia, ხოლო 1975 წელს - Tommy-ს კინოვერსია. ფართო მსმენელის წინაშე კონცერტების გამართვის შემდეგ The Who-მ 1976 წელს აქტიური გამოსვლები შეწყვიტა. Who Are You 1978 წელს გამოიცა, მაგრამ ჯგუფის შეარყია მუნის გარდაცვალებამ.
კით მუნს კენი ჯოუნსი ჩაენაცვლა და The Who-მ განაახლა როგორც ალბომების ჩაწერა, ასევე კონცერტები. Quadrophenia-ს კინოადაპტირების და დოკუმენტური ფილმის „ბავშვები კარგად არიან“ შემდეგ ტაუნსენდი დაიღალა და ჯგუფი 1982 წელს დაიშალა. იგი დროდადრო კვლავ იკრიბებოდა, მაგალითად - 1985 წელს, Live Aid-ზე, 1989 წელს - 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად და 1996-1997 წლებში - Quadrophenia-ს იუბილესთვის. 1999 წელს მათ განაახლეს კონცერტების ტრადიცია, დრამერ ზაკ სტარკისთან ერთად. 2002 წელს ენტუისლი გარდაიცვალა და ახალ ალბომზე მუშაობა გადაიდო. ტაუნსენდმა და დოლტრიმ კვლავ განაგრძეს ჯგუფის სახელით გამოსვლა და 2006 წელს საბოლოოდ გამოუშვეს Endless Wire, რომელსაც სხვა სტუდიური ალბომი აღარ მოჰყოლია. თუმცა, მათ კვლავ განაგრძეს ტურნეების ჩატარება.
The Who-ს ძირითადი წვლილი როკ-მუსიკაში წარმოადგენს Marshall-ის ფირმის ტექნიკის კომბინირება, მძლავრი ხმოვანი სისტემენო. სინთეზატორის გამოყენება, ენტუისლის და მუნის შესრულების სტილები, ტაუნსენდის ფიდბეკის ეფექტები და მძლავრი აკორდების ტექნიკა და როკ-ოპერის ჟანრის ჩამოყალიბება. აღიარებულია, რომ მათ გავლენა მოახდინეს მძიმე და პანკ-როკზე, ისევე, როგორც მოდ-ჯგუფებზე. მათი სიმღერები კვლავ ფართოდ აღიარებულია.
The Who-ს დამაარსებლები, როჯერ დოლტრი, პიტ ტაუნსენდი და ჯონ ენტუისლი გაიზარდნენ ეკტონში (ლონდონი) და დადიოდნენ ადგილობრივ სკოლაში.[1] ტაუნსენდის მამა, კლიფი, საქსოფონზე უკრავდა, ხოლო დედა, ბეტი, მეორე მსოფლიო ომის დროს მღეროდა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ორკესტრთან. ორივეს მხრიდან წახალისებით, ბიჭუნა დაინტერესდა როკ-ენ-როლით.[2] ტაუნსენდი და ენტუისლი დამეგობრდნენ ეკტონის სკოლაში და მოგვიანებით ჩამოაყალიბეს ტრადიციულ ჯაზზე ორიენტირებული ჯგუფი.[3] ენტუისლი აგრეთვე უკრავდა ვალტორნაზე მიდლსექსის სკოლის სიმფონიურ ორკესტრში. როკ-მუსიკა ორივე იტაცებდა. ტაუნსენდს განსაკუთრებით უყვარდა კლიფ რიჩარდის სადებიუტო სინგლი „Move It“.[4] ენტუისლი გიტარაზე დაკვრას ცდილობდა, მაგრამ დიდი თითების გამო ამას ვერ ახერხებდა და, დუეინ ედის დაკვრით შთაგონებულმა, გადაინაცვლა ბასზე. ვინაიდან საკრავს თავად ვერ ყიდულობდა, იგი სახლში საკუთარი ძალებით ააწყო.[5][4] ეკტონის შემდეგ ტაუნსენდი გადავიდა ილინგის ხელოვნების კოლეჯში[6], რაც, მისი თქმით, The Who-ს ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.[7]
დოლტრი, ერთი კურსით უფროსი, ეკტონიდან შეპერდს-ბუშში გადავიდა, რომელიც უფრო მეტად მუშათა კლასის რაიონის სახელს ატარებდა. სკოლას ვერ მოერგო, შეუერთდა სხვადასხვა ბანდას და დაინტერესდა როკ-ენ-როლით.[8] 15 წლის ასაკში იგი სკოლიდან გააგდეს და ბიჭუნამ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა.[9] 1959 წელს მან ჩამოაყალიბა The Detours, რომელიც The Who-დ გარდაიქმნა. ჯგუფი პროფესიონალური კონცერტებით გამოდიოდა, როგორც კორპორატიულ, ასევე საქორწინო საღამოებზე. დოლტრი პასუხისმგებელი იყო ჯგუფის ფინანსური საქმიანობის მართვაზე, ისევე, როგორც მუსიკალურ მხარეზე.[10]
ენტუისლი დოლტრიმ შემთხვევით გაიცნო, როდესაც მუსიკოსი მიათრევდა ბას-გიტარას და The Detours-ში მიიწვია.[11] 1961 წელს ბასისტის შეთავაზებით, გიტარისტი ტაუნსენდი გახდა[11], დოლტრი წამყვან გიტარაზე გადაერთო, ენტუისლი კვლავ ბასზე უკრავდა, ჰარი უილსონი დრამერი იყო, ხოლო კოლინ დოუსონი - წამყვანი ვოკალისტი. ისინი ასრულებდნენ The Shadows-ის და The Ventures-ის ინსტრუმენტულ მუსიკას, ისევე, როგორც პოპულარული მუსიკის სხვა ნიმუშებს და ტრადიციული ჯაზის კომპოზიციების ვერსიებს.[12] დოლტრი ითვლებოდა ლიდერად და, როგორც ტაუნსენდი ამბობდა, „ყველაფერს საკუთარი სურვილის მიხედვით მართავდა.“[7] უილსონი 1962 წელს ჯგუფიდან წავიდა. მას დაგ სენდომი ჩაენაცვლა, თუმცა, იგი სხვა წევრებთან შედარებით უფროსი იყო, დაქორწინებული და უფრო დახვეწილი მუსიკოსი, რომელიც ნახევრად-პროფესიონალურად ორი წლის განმავლობაში გამოდიოდა.[13]
დოუსონი ჯგუფიდან წავიდა დოლტრისთან ხშირი კამათის გამო[7]. მას შემდეგ, რაც მას დროებით ჩაენაცვლა გები კონოლი, დოლტრი გადაერთო წამყვან ვოკალზე. ტაუნსენდი, ენტუისლის წახალისებით, ერთადერთი გიტარისტი გახდა. დედამისის დახმარებით, მათ მოიპოვეს კონტრაქტი ადგილობრივ პრომოუტერ რობერტ დრიუსთან[14], რომელიც მათ სხვადასხვა საღამოზე მხარდამჭერი ჯგუფის სახით წარადგენდა. The Detours-ზე გავლენა იქონიეს შემსრულებლებმა, რომლებთანაც თავად უკრავდნენ. მათ შორის იყვნენ მყვირალა ლორდ საჩი, Cliff Bennett and the Rebel Rousers, შეინ ფენტონი და ჯგუფი The Fentones და Johnny Kidd and the Pirates. The Detours განსაკუთრებით დაინტერესებული იყო უკანასკნელით, ვინაიდან მათაც მხოლოდ ერთი გიტარისტი, მიკ გრინი ჰყავდათ. მისი შთაგონებით ტაუნსენდმა საკუთარ სტილში გააერთიანა წამყვან და რიტმული გიტარები. ენტუისლის ბასიც წამყვან როლს ასრულებდა[15], ვინაიდან მასზე მელოდიური ნაწილი სრულდებოდა[16]. 1964 წელს ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ჯგუფი Johnny Devlin and the Detours, ამიტომ გადაწყდა სახელწოდების შეცვლა.[17] ტაუნსენდი და მისი ოთახის მეზობელი რიჩარდ ბარნზი მთელი ღამის განმავლობაში არჩევდნენ ახალ სახელს, ითვალისწინებდნენ რა სახუმარო რეკლამების თემატიკას. სავარაუდო სახელწოდებებს შორის იყო „No One“ და „The Group“. ტაუნსენდს მოეწონა „The Hair“, მაგრამ „The Who“ ბარნზის არჩევანი იყო - მას „პოპ-მუსიკის შტამპი“ გააჩნდა.[18] სახელწოდება შემდეგ დღეს დოლტრისაც მოეწონა და იგი ერთხმად შეინარჩუნეს.
იმ დროისთვის, როდესაც The Detours გახდა The Who, უკვე ატარებდა კონცერტებს და გამოდიოდა ისეთ ადგილებში, როგორიც იყო გრინფორდის Oldfield Hotel, ეკტონის White Hart Hotel, შეპერდს-ბუშის Goldhawk Social Club და ლესტერ სკვერზე მდებარე Notre Dame Hall.[19] მათი მენეჯერი დრიუსის ნაცვლად გახდა ჰელმუტ გორდენი, რომლის დახმარებით კრის პარმაინტერთან, Fontana Records-ში მოსმენის საშუალება მიიღეს.[20] კრისს არ მოსწონდა დასარტყმელი საკრავების ჟღერადობა და, სენდომის თანახმად, ტაუნსენდი უმალვე დაუპირისპირდა და დაემუქრა, რომ გააგდება, თუ არ შეცვლიდა დაკვრის სტილს. ნაწყენმა სენდომმა კოლექტივი დატოვა, მაგრამ დათანხმდა, დასარტყმელი ინსტრუმენტები დაეტოვებინა ნებისმიერისთვის, ვინც მის ადგილს მომავალში დაიკავებდა. შემდეგი 14 წლის განმავლობაში სენდომს და ტაუნსენდს ერთმანეთთან არ უსაუბრიათ.[21]
აპრილში, Oldfield-ში გამართულ კონცერტზე, რომელზეც ჯგუფს სესიური დრამერი ეხმარებოდა, კოლექტივმა გაიცნო კით მუნი. იგი უემბლის რაიონში გაიზარდა და 1961 წლიდან სხვადასხვა ჯგუფში დასარტყმელი საკრავებზე უკრავდა.[22] მუნი აგრეთვე გამოდიოდა ნახევრად პროფესიონალურ ჯგუფში The Beachcombers და სურდა სრულ განაკვეთზე მუშაობა.[23] იმ საღამოს ჯგუფთან მან რამდენიმე სიმღერა დაუკრა, თუმცა ბას-დოლის პედალი დაამტვრია და გახია დოლის აპკიც. ჯგუფს მოეწონა მისი ენერგია და ენთუზიაზმი და მუნს შესთავაზეს წევრობა.[24] The Beachcombers-თან კიდევ რამდენიმეჯერ გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს დაემთხვა ორი ჯგუფის გამოსვლების თარიღები და კითმა The Who-სთან მუშაობა გადაწყვიტა. The Beachcombers-ში შემდგომში რამდენიმე დრამერს მოუსმინეს. მათ შორის სენდომიც იყო, მაგრამ იგი არ მოეწონათ.[25]
The Who-ს ახალი მენეჯერი პიტერ მიდენი გახდა. მან გადაწყვიტა, რომ ჯგუფის მოუხდებოდა მოდის მზარდი სუბკულტურის წარმომადგენლის იმიჯი. ეს სუბკულტურა ითვალისწინებდა მოდას, სკუტერებით გადაადგილებას და რიტმ-ენდ-ბლუზის, სოულის და ბიტ-მუსიკის ჟანრების აღრებას. თავდაპირველად მან ჯგუფს სახელი შეუცვალა და დაარქვა The High Numbers, აღჭურვა მოდებისთვის ტიპური ჩაცმულობით[26], მოუპოვა Fontana-ში მეორე და უფრო კეთილგანწყობილი შეფასებებით დასრულებული მოსმენა და დაწერა ტექსტები მათი პირველი სინგლის „Zoot Suit/I'm the Face“ ორივე მხარისთვის. აქედან პირველი სიმღერის მელოდია იყო The Dynamics-ის „Misery“[27] ხოლო მეორე აღებული იყო სლიმ ჰარპოს „I Got Love If You Want It“-იდან.[28] მიუხედავად იმისა, რომ მიდენმა სცადა სინგლისთვის პოპულარობა მოეპოვებინა, იგი 50-ეულშიც არ მოხვედრილა[29] და ჯგუფი დაუბრუნდა სახელ The Who-ს[30]. შეიცვალა მათი სასცენო იმიჯიც - დოლტრიმ სცენაზე მიკროფონის სადენი აქცია შოლტად და ხშირად ხტებოდა მაყურებლებში; მუნი რიტმის შესრულების დროს ჯოხებს ჰაერში ისროდა; ტაუნსენდი გიტარით განასახიერებდა ავტომატს, დახტოდა სცენაზე და ხელების წრიულად ქნევით გიტარაზე აკორდებს იღებდა[31] ან ხელებს აიშვერდა და იდგა შემდგომში „ჩიტკაცის“ პოზად წოდებულ მდგომარეობაში, ხოლო მისი გიტარა გამოსცემდა უკუკავშირის ეფექტს.[32]
მიდენი ჩაანაცვლეს რეჟისორებმა - კიტ ლამბერტმა და კრის სტემპმა. თავად ეძებდნენ ახალბედა, უკონტრაქტო ჯგუფს, რომელზეც შექმნიდნენ ფილმს[33] და ჯგუფი უილდსტოუნში (რომელიც მათთვის მუდმივ საკონცერტო ადგილად იქცა) ნანახი ჰყავდათ.[34][35] ლამბერტს მოსწონდა ტაუნსენდი და მისი სამხატვრო განათლება და მას სიმღერების შექმნისკენ უბიძგა.[33] აგვისტოში მან და სტემპმა Railway-ში გადაიღეს პრომო-ფილმი ჯგუფის და მაყურებლების მონაწილეობით[36]. კოლექტივი შემდგომში გადაიხარა სოულის, რიტმ-ენდ-ბლუზის და Motown-ის სიმღერების შესრულებისკენ და შექმნა სლოგანი „მაქსიმალური რიტმ-ენდ-ბლუზი“ (ინგლ. Maximum R&B).[26]
1964 წლის ივნისში Railway-ში გამოსვლის დროს ტაუნსენდმა შემთხვევით გატეხა გიტარის თავი.[37] მაყურებლების სიცილზე პასუხად მან ინსტრუმენტი პირდაპირ სცენაზე დაამტვრია, შემდეგ სხვა გიტარა აიღო და გამოსვლა განაგრძო. შემდეგ კვირას ჩანდა, რომ მაყურებლებს იგივეს ხილვა სურდათ. მუნმა ააგდო დოლი[38] და თვითგანადგურების ხელოვნება იქცა The Who-ს კონცერტების ნაწილად.[39]
1964 წლის მიწურულისთვის The Who-მ ლონდონის Marquee-ში გამოსვლებით პოპულარობა შეიძინა. მათი გამოსვლის აღტაცებული მიმოხილვა გამოქვეყნდა Melody Maker-ში[40]. ლამბერტმა და სტემპმა ამერიკელი პროდიუსერ შელ ტელმის ყურადღება მიიქციეს (რომელიც The Kinks-ს პატრონობდა). ტაუნსენმა ამ დროისთვის დაწერა სიმღერა „I Can't Explain“ - განგებ ისეთ ჟღერადობით, როგორიც The Kinks-ს ჰქონდა, რამაც ტელმი დააინტერესა. მან ჯგუფის რეპეტიცია იხილა და შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩა, რასაც მოჰყვა კონტრაქტი მის საპროდიუსერო კომპანიასთან[41], ხოლო „I Can't Explain“ Decca Records-ის აშშ წარმომადგენლობას გადაეცა, რაც ნიშნავდა, რომ ჯგუფის ადრეული სინგლები ბრიტანეთში Brunswick Records-ზე გამოდიოდა, რომელიც ამ ქვეყანაში Decca-ს ამერიკელ კლიენტებს ბეჭდავდა[42]. „I Can't Explain“ ჩაიწერა 1964 წლის ნოემბრის დასაწყისში, სტუდია Pye Studios, The Ivy League-ის ბეკ-ვოკალებით, ხოლო B-მხარეზე წარმოდგენილი იყო „Bald Headed Woman“, რომელშიც ჯიმი პეიჯი ფაზ-გიტარაზე უკრავდა.
„I Can't Explain“ მეკობრული რადიოების ეთერში პოპულარული გახდა (ასეთი იყო Radio Caroline).[43] იმ პერიოდში მეკობრული რადიოები ჯგუფებისთვის დიდ როლს ასრულებდნენ, ვინაიდან ბრიტანეთში კომერციული რადიოსადგურები არ იყო, ხოლო BBC Radio საკუთარ ეთერში მცირე რაოდენობის პოპ-მუსიკას უშვებდა.[44] ჯგუფმა უფრო მეტად გაითქვა სახელი, როდესაც გამოვიდა გადაცემაში Ready Steady Go![26] ლამბერტს და სტემპს დაავალეს „ტიპური მოზარდების“ პოვნა, რასაც მოჰყვა სტუდიაში ჯგუფის მუდმივი მაყურებლების მიწვევაც (კლუბიდან Goldhawk Social Club).[45] სატელევიზიო გამოსვლის დადებითი შეფასების და მეკობრულ რადიოში მუდმივი როტაციის შედეგად სინგლი 1965 წლის დასაწყისში ჩარტებში მოხვდა და საბოლოოდ ათეულშიც შეაღწია.[46] შემდეგი, „Anyway, Anyhow, Anywhere“, დაწერილი ტაუნსენდის და დოლტრის მიერ[47] შეიცავს გიტარის ხმაურს (მაგალითად, მედიატორის აქეთ-იქით გასრიალების), გადამრთველის სხვადასხვა რეჟიმში გადაყვანის[48] და აუდიო-უკუკავშირის, რომელიც იმდენად არატრადიციული იყო, რომ Decca-ს აშშ-ის წარმომადგენლობაში არ მოეწონათ. სინგლი ბრიტანეთში საუკეთესო ათეულში მოხვდა[47] და გადაცემის Ready Steady Go! თემატურ კომპოზიციად იქცა[49].
დოლტრის არ მოსწონდა ლამბერტის მიერ დათანხმებით ორიგინალური მასალის მქონე ჰიტების შემქმნელ ჯგუფად გადაქცევა, ამიტომ რიტმ-ენდ-ბლუზური სიმღერების საკუთარი ვერსიები, რომლებიც ჩაიწერეს, გამოუცემელი დარჩა.[50] გარდა ამისა, ჯგუფში ერთმანეთთან ახლოს არავინ მეგობრობდა, გარდა მუნის და ენტუისლის, რომლებიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში ღამის კლუბებს ხშირად სტუმრობდნენ.[51] ჯგუფი პირისპირ შეხვდა სირთულეებს, როდესაც დანიაში სექტემბერში ტურნეს ატარებდა. ამ მოგზაურობის კულმინაცია იყო დოლტრის მიერ საპირფარეშოში გადაყრილი მუნის ამფეტამინი, რითაც კითს ძალიან აწყენინა. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ დოლტრი გააგდეს[52], მაგრამ დააბრუნეს იმ პირობით, რომ ჯგუფში იქნებოდა სრული დემოკრატია მისი ლიდერობის გარეშე. ამ პერიოდში მათ როუდ-მენეჯერად რიჩარდ კოული იქცა.[53]
შემდეგი სინგლი, „My Generation“ გამოვიდა ოქტომბერში. ტაუნსენდმა იგი თავდაპირველად შექმნა, როგორც ნელი ბლუზი, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ის იქცა უფრო მძლავრ ნომრად ენტუისლის ბას-სოლოთი. ტაუნსენდი ინტერვიუებში ახსენებდა, რომ სტრიქონი „Hope I die before I get old“ არ უნდა აღიქვან პირდაპირი მნიშვნელობით.[54] ჩარტში მაქსიმალური, #2 პოზიციით, „My Generation“ ჯგუფისთვის ბრიტანეთში ყველაზე წარმატებულ სინგლად იქცა.[46] სასათაურო სადებიუტო ალბომი My Generation 1965 წლის ბოლოს გამოიცა. მასში, გარდა ტაუნსენდის მიერ შექმნილი ორიგინალური მასალისა, შეტანილია სასათაურო სიმღერა და „The Kids Are Alright“, ისევე, როგორც დოლტრის მიერ მოწონებული ჯეიმზ ბრაუნის რამდენიმე სიმღერის საკუთარი ვერსია, ჩაწერილი წლის დასაწყისში, სხვა სესიების დროს.[55]
My Generation-ის შემდეგ ჯგუფს ჰქონდა უთანხმოება ტელმისთვის, რის შემდეგაც მათი კონტრაქტი ლეიბლი ნაადრევად შეწყდა.[56] ამის საფუძველზე ტელმის დარჩა უფლება ორიგინალურ სტუდიურ ფირებზე, რის გამოც 2002 წლამდე ალბომი ხელახლა არ გამოცემულა[57]. მათ კონტრაქტი გააფორმედ რობერტ სტიგვუდის ლეიბლთან Reaction და გამოსცეს „Substitute“. ტაუნსენდის თქმით, ეს სიმღერა იყო პიროვნულ კრიზისზე და წარმოადგენდა როლინგ სტოუნზის „19th Nervous Breakdown“-ის პაროდიას. იგი აგრეთვე იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელშიც პიტი 12 სიმიან გიტარაზე უკრავდა.[58] თუმცა, მის სინგლად გამოცემას ახლდა უსიამოვნება - B-მხარეზე წარმოდგენილი იყო „Instant Party“, ჩაწერილი ტელმის პერიოდში და უკანასკნელმა, სასამართლო საჩივარის საფუძველზე, გაყიდვიდან სინგლი ამოაღებინა. ახალი B-მხარე, „Waltz for a Pig“, ჯგუფმა The Graham Bond Organisation ორგანიზაციამ ჩაწერა ფსევდონიმით „The Who Orchestra“.[59]
1966 წელს The Who-მ გამოუშვა „I'm a Boy“, რომელშიც აღწერილი იყო გოგონად გადაცმული ბიჭი. სიმღერა უნდა შესულიყო ალბომში Quads;[60]. აგრეთვე გამოვიდა სიგლი „Happy Jack“[61] და EP Ready Steady Who, რომელიც უკავშირდებოდა კოლექტივის Ready Steady Go!-ში მუდმივ გამოსვლებს[62]. უსიამოვნებები კვლავ გაგრძელდა - 20 მაისს მუნმა და ენტუისლმა დააგვიანეს კონცერტზე, როდესაც Ready Steady Go!-ში The Beach Boys-ის ბრიუს ჯონსტონთან ერთად იმყოფებოდნენ. „My Generation“-ის შესრულებისას პიტმა მუნს გიტარა ჩაარტყა და უკანასკნელს დარჩა დალურჯებული ადგილი თვალის ქვეშ. ენტუისლთან ერთად მან The Who დატოვა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა.[63] მოგვიანებით მან პარალელურად სხვა სამუშაოს ძიება დაიწყო. ჯეფ ბეკის თხოვნით, მან დაუკრა „Beck's Bolero“-ს ჩაწერისას (რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ ჯიმი პეიჯი, ჯონ პოლ ჯოუნსი და ნიკი ჰოპკინზი. არსებობდა ვარაუდი, რომ ბეკი „ცდილობდა მუნის The Who-სგან გადარჩენას“.[64]
ჯგუფის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ლამბერტმა შეიმუშავა ისეთი შეთანხმება, რომლის მიხედვით ყოველი წევრი ვალდებული იყო, ახალი ალბომისთვის ორი სიმღერა დაეწერა. ენტუისლმა შექმნა „Boris the Spider“ და „Whiskey Man“ და ჯგუფში სიმღერის მეორე ავტორადაც იქცა.[65] ალბომზე დამატებითი ათი წუთის შესავსებად ლამბერტმა დაწერა პიესა „A Quick One, While He's Away“. იგი წარმოადგენს გოგონას ისტორიას, რომლის საყვარელი სხვას ხვდება, სანამ სხვა ბიჭი წასულია. ალბომსაც A Quick One ეწოდა[66] (აშშ-ში – Happy Jack)[67] და ბრიტანეთის ჩარტმა დისკმა #4 პოზიციამდე მიაღწია. [68] 1967 წელს მას მოჰყვა ადგილობრივ ხუთეულში მოხვედრილი სინგლი „Pictures of Lily“[69].
1966 წლისთვის Ready Steady Go! ეთერში აღარ გადიოდა, მოდების მოძრაობა შესუსტდა და აღარ იყო პოპულარული, ამიტომ ჯგუფი ლონდონის ფარგლებში ბევრ სხვა ჯგუფს ეჯიბრებოდა, რომელთა შორის იყვნენ Cream და The Jimi Hendrix Experience.[70] ლამბერტი და სტემპი აცნობიერებდნენ, რომ აშშ-ში კომერციული პოპულარობა ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი იყო და შეუთანხმდნენ პრომოუტერ ფრენკ ბარსელონას, რომელმაც ჯგუფის ნიუ-იორკში ტურნეს ორგანიზება გაუწია.[71] ამ გამოსვლებს, რომელთა ფარგლებში კვლავ ამსხვრევდნენ გიტარებს და დოლებს, წარმატება ჰქონდათ [72], რასაც მოჰყვა დიდი ტურნე აშშ-ში და მონტერეის პოპ-ფესტივალის ფარგლებში გამოსვლაც. თავად ჯგუფს - განსაკუთრებით მუნს - ჰიპების მოძრაობა არ მოსწონდა და ფიქრობდა, რომ მათი აგრესიული სასცენო გამოსვლა ფესტივალის მშვიდობიან ატმოსფეროსთან კონტრასტში იქნებოდა. შემსრულებელთა სიაში ჯიმი ჰენდრიქსიც იყო და ასევე სცენაზე საკუთარი გიტარის დამსხვრევას აპირებდა. ტაუსენდმა მას უხეშად მიმართა და დაადანაშაულა ამ მანერის მითვისებაში[73]. მათ იკამათეს, თუ ვინ გავიდოდა სცენაზე პირველი და წილი The Who-ს ერგოდა.[74] The Who ფესტივალზე ნაქირავები ტექნიკით გამოვიდა, ხოლო ჰენდრიქსის კუთვნილი სპეციალურად ბრიტანეთიდან ჩამოიტანეს - Marshall-ის მოწყობილობების ჩათვლით. ბიოგრაფ ტონი ფლეტჩერის თანახმად, ჰენდრიქსის ჟღერადობა უკეთესი იყო, ვიდრე The Who-სი[75]. თუმცა, ფესტივალზე გამოსვლით ისინი გაიცნეს და „Happy Jack“ ადგილობრივ საუკეთესო 30-ეულში მოხვდა.[75]
მონტერეის შემდეგ ჯგუფი მოგზაურობაში Herman's Hermits-ს გაჰყვა.[75] უკანასკნელი იყო ტიპური ჯგუფი, რომელიც პოპულარულ მუსიკას ასრულოებდა, მოსწონდა ნარკოტიკები და პრაქტიკული ხუმრობები. მუნი მათ დაუახლოვდა[76] და აღფრთოვანდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მცირე ასაფეთქებლების ალაბამაში შეძენა თავისუფლად შეიძლებოდა. მუნმა შეიძინა სასტუმროებში ნომრების გამანადგურებლის [72] და განსაკუთრებით საპირფარეშოების ამფეთქებლის იმიჯი. ენტუისლი იხსენებდა, რომ პირველი ასეთი ასაფეთქებლის შემდეგ ჩემოდანში და სკამში ნახვრეტი დარჩა.[77] მუნი იხსენებდა, თუ როგორ სცადა პირველად ერთი ასაფეთქებლის საპირფარეშოში წყლით ჩაშვება. „მთელი ფაიფური აფრინდა, დაუვიწყარი იყო. არ ვიფიქრებდი, თუ დინამიტი ასეთი მძლავრი იქნებოდა.“[77] ფლინტში, მუნის 21-ე დაბადების დღეს სასტუმრო დააზარალეს 24 000 აშშ დოლარით, მუნმა კი ერთ-ერთი წინა რიგის კბილი მოიტეხა.[78] დოლტრი მოგვიანებით ამბობდა, რომ ტურნეს დროს ისინი უფრო დაახლოვდნენ და, როგორც მხარდამჭერ გუნდს, შეეძლოთ მცირე კონცერტის გამართვაც, განსაკუთრებული მოვალეობების გარეშე.
Herman's Hermits-თან ერთობლივი ტურნეს შემდეგ ჩაიწერა ჯგუფის ახალი სინგლი „I Can See for Miles“ - სიმღერა, რომელიც ტაუნსენდმა დაწერა 1966 წელს, მაგრამ ერიდებოდა პროფესიონალურად ჩაწერას, ეშინოდა რა, რომ მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა[79]. საბოლოოდ მან სიმღერას „The Who-ს ჩეშმარიტი ჩანაწერი“ უწოდა[80] და უკმაყოფილო იყო, რომ იგი ბრიტანეთში მხოლოდ #10 პოზიციას იკავებდა.[80] შემდეგ ერთობლივი ტურნე ჯგუფმა გამართა Eric Burdon and the Animals-თან. ამ მოგზაურობის ფარგლებში იგი აგრეთვე გამოვიდა The Smothers Brothers Comedy Hour და ფონოგრამის თანხლებით წარმოადგინა „I Can See For Miles“ და „My Generation“.[81] სასცენო თანაშემწეს მუნმა სთხოვა დოლში ასაფეთქებლების მოთავსება, თუმცა ტექნიკოსმა ათჯერ მეტი მოათავსა. აფეთქების შედეგად მუნი გადმოვარდა სკამიდან, დაიჭრა ხელი ერთ-ერთი თეფშით, ტაუნსენდის თმას ცეცხლი მოეკიდა, მარცხენა ყურში ხმამაღალი ექო დარჩა, ხოლო კამერა და სტუდიური მონიტორი განადგურდა.[82]
შემდეგი ალბომი იყო კონცეპტუალური The Who Sell Out – მიძღვნა მეკობრული რადიოებისადმი, რომლებმაც საბოლოოდ უკანონო სტატუსი შეიძინეს. ალბომში შეიტანეს მრავალი სახუმარო ჩანართი და რეკლამებზე პაროდიები[83], მინი როკ-ოპერა „Rael“ და ჰიტური „I Can See For Miles“.[80] The Who-მ საკუთარ თავს პოპ-არტ ჯგუფი უწოდა და რეკლამას განიხილავდა, როგორც ხელოვნების ფორმას. კვლავ ჰიპების ანტი-სამომხმარებლო იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ მათ ჩაწერეს მთელი რიგი რეკლამების - დაკონსერვებული კოქტეილებისთვის და ამერიკის კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებისთვის.[84] ტაუნსენდი ამბობდა: „სცენის მიღმაც ასეთები ვართ. პოპ-არტულად ვცხოვრობთ“.
1967 წლის ბოლოს ლამბერტმა და სტემპმა დააარსეს ლეიბლი Track Records, რომლის დისტრიბუტორი Polydor გახდა. ჰენდრიქსთან კონტრაქტის გარდა ისინი 1970-იანების შუა პერიოდამდე პასუხისმგებლები იყვნენ The Who-ს ბრიტანული მასალის გამოცემას.[85]
1968 წელი დაიწყო ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში Small Faces-თან ერთობლივი ტურნეთი.[86] ადგილობრივ პოლიციასთან ჯგუფებს პრობლემები გაუჩნდათ. გამოცემამ New Zealand Truth მათ უწოდა „დაუბანელი, მყრალი და მთვრალი წარუმატებლები“.[87][88] წლის პირველ ნახევარში ჯგუფის აშშ და კანადური ტურნე გაგრძელდა.[89]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: The Who
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.