ერთ-ერთი ქართული ფეოდალური სახელმწიფო VIII საუკუნის ბოლოდან (დაახლ. 798) X საუკუნის 70-იანი წლების ბოლო From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზთა სამეფო — ერთ-ერთი ქართული ფეოდალური სამეფო VIII საუკუნის ბოლოდან (დაახლ. 798) X საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე (დაახლ. 978). წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს (ეგრისისა და აფხაზეთის) გაერთიანების შედეგად. წყაროებში ხშირად აფხაზთა მეფეები ეგრისის მეფეებად, ხოლო „აფხაზთა სამეფო“ ეგრისის სამეფოდ იწოდება, ამიტომ ლიტერატურაში მას ეგრის-აფხაზეთის სამეფოსაც უწოდებენ.
აფხაზთა სამეფო | |||||
| |||||
დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფო) დროშა შუა საუკუნეებში. დაფუძნებულია კატალონიელი კარტოგრაფის, გაბრიელ დე ვალსეკას რუკაზე. | |||||
აფხაზთა სამეფო (850–950), ტერიტორიული ექსპანსიის პიკში.
აფხაზთა სამეფო
მოხარკეები და გავლენების სფერო
| |||||
დედაქალაქი | ანაკოფია (778-786)
ქუთაისი (786-1008) | ||||
ენები | ქართული ბერძნული (IX საუკუნემდე)[1] | ||||
რელიგია | აღმოსავლეთის ქრისტიანობა (აფხაზეთის საკათალიკოსო)[2] | ||||
მთავრობა |
| ||||
არქონტი[3] | |||||
- | ~510–530 | ანოსი (პირველი) | |||
- | ~745–767 | ლეონ I (ბოლო) | |||
მეფე | |||||
- | 767–811 | ლეონ II (პირველი) | |||
- | 978–1014 | ბაგრატ II (ბოლო) | |||
ისტორიული ერა | ადრეული შუა საუკუნეები | ||||
- | ბიზანტიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება | 778 | |||
- | ერთიან ქართულ სახელმწიფოში გაერთიანება | 1008 | |||
ვალუტა | სხვადასხვა ბიზანტიური და არაბული მონეტები[4] | ||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | საქართველო რუსეთი თურქეთი | ||||
VII-VIII საუკუნეებში, ეგრისის დასუსტების პერიოდში, გაძლიერდა აბაზგიის სამთავრო, რომელშიც გაერთიანდნენ აბაზგები, აფშილები, სანიგები, მისიმიელები. ამ ტომთა ერთობლიობას ქართული წყაროები აფხაზებს უწოდებენ, ხოლო აბაზგიის მთავარს — აფხაზთა მთავარს ან აფხაზთა ერისთავს. VIII საუკუნეში აფხაზი მთავრები გახდნენ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორები დასავლეთ საქართველოში.
VIII საუკუნის II ნახევარში მთელი საქართველოს მასშტაბით გაძლიერდა გამაერთიანებელი ტენდენციები. ამ დროს ქართლში არაბებმა ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება დიდად შეავიწროვეს. ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება უფრო რეალური ეგრისში იყო. მათი და აფხაზეთის მთავრების მოქმედება შეთანხმებული ჩანს აფხაზეთ-ეგრისის გაერთიანების საქმეში. ჯუანშერის ცნობით, ამ პერიოდში ქართლის ერისმთავართა სახლს მამაკაცი მემკვიდრე არ ჰყავდა. ერისმთავარმა არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის მირის ასული გურანდუხტი ცოლად შერთო აფხაზთა მთავარს ლეონ I-ს. ამით ლეონი ქართლის ერისმთავრის ვასალი გახდა და სიძობით დაიმკვიდრა ეგრისი. არჩილმა მას გადასცა ბიზანტიის იმპერატორისაგან მირისთვის გამოგზავნილი გვირგვინი, რაც სიმბოლურად და რეალურად ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას ნიშნავდა.
ამრიგად ლეონ I-ის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა აფხაზთა სამთავრო და ეგრისი (ლაზეთი). ეგრის-აფხაზეთის სამთავრო გადაიჭიმა ნიკოფსიიდან ჭოროხის ხეობამდე. ამ ეტაპზე ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას მხარს უჭერდა ბიზანტიის იმპერიაც, რადგან აფხაზთა ძლიერი სამთავრო არაბთა სახალიფოს წინააღმდეგ მებრძოლ რეალურ ძალად ესახებოდა.
ლეონ I-ის ძმისშვილმა ლეონ II-მ (778-792 წწ.) ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა თავისი ნათესავი (პაპა დედის მხრიდან) ხაზართა ხაკანი, განთავისუფლდა იმპერიის ვასალობისაგან, გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო ლიხის მთამდე და მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული. დასავლეთ საქართველოს გაერთიანების საქმეში ლეონ I და ლეონ II ეყრდნობოდნენ დასავლეთ საქართველოს ქართული მოსახლეობისა და მმართველი წრეების ცენტრალიზაციის მომხრე ნაწილს, აგრეთვე აფხაზეთის სამთავროს ძალებსაც. ამ პროცესში ძირითადი ძალა ქართული მოსახლეობა იყო, რომლის როლმა და მნიშვნელობამ განაპირობა ის გარემოება, რომ ამ სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შუაგულში მდებარე რეზიდენცია, ძველი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ცენტრი ქუთაისი. ლეონ II იმიტომ იწოდა აფხაზთა მეფედ, რომ დინასტია აფხაზეთიდან (აფხაზთა სამთავროდან) იყო გამოსული. აფხაზთა მეფეების ეთნიკური კუთვნილება არ არის ცნობილი. ზოგი მათ აფხაზებად თვლის, ზოგი ქართველებად, ზოგი ბერძნებად. მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, ამ მეფეთა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აშკარად ქართული იყო. პოლიტიკური მრწამსით, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით, კულტურით ისინი ქართველები იყვნენ.
„აფხაზთა სამეფოს“ მოსახლეობის უმრავლესობა, ქართველები (ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები (მაგ. ჯიქები). სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „აფხაზთა სამეფო“ დაყოფილი იყო 8 ადმინისტრაციულ ერთეულად: აფხაზეთის, ცხუმის, ეგრისის (ცენტრი ბედია), სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, ვაკე იმერეთის (ცენტრი ქუთაისი) და არგვეთის (ცენტრი შორაპანი).
ბიზანტიის იმპერია ცდილობდა თავისი სიუზერენიტეტის აღდგენას დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ყველა მისი ცდა (IX საუკუნის 30-40-იანი წლები) უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგ იმპერიამ ტაქტიკა შეიცვალა და ცდილობდა დასავლეთ საქართველოზე თავისი გავლენა შეენარჩუნებინა. ამ მიზნით ის აქტიურად ერეოდა ტახტის მემკვიდრეთა შორის ბრძოლაში, ზოგჯერ კი თვითონაც აღვივებდა მას. მაგ., 868 წელს მეფე გიორგი I-ის მემკვიდრეებს ტახტი წაართვეს შავლიანებმა. 20 წლის მანძილზე „აფხაზთა სამეფო“ ტახტი ივანე და ადარნასე შავლიანებს ეკავათ. გიორგის ვაჟი ბაგრატი ბიზანტიის იმპერიაში გაიქცა, რომლის დახმარებითაც 881 წელს ტახტი დაიბრუნა. იმპერია აქტიურად ჩაება X საუკუნის 60-იან წლებში მეფე გიორგი II-ის შვილებს შორის ატეხილ ბრძოლაში, მაგრამ თავისი გავლენის აღდგენა ვეღარ მოახერხა.
აქტიურად იბრძოდა „აფხაზთა სამეფო“ არაბთა სახალიფოს წინააღმდეგაც. მას შემდეგ რაც არაბთა სახალიფო იძლებული შეიქნა საბოლოოდ აეღო ხელი დასავლეთ საქართველოს დამორჩილებაზე, აფხაზთა მეფეები ხშირად თავად ებრძოდნენ ხალიფის სარდლებს აღმოსავლეთ საქართველოში, მაგ., 853 წელს ბუღა თურქის წინააღმდეგ აფხაზთა მეფეც იბრძოდა თავისი ლაშქრით.
დასავლეთ საქართველო ეკლესიურად თავიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შედიოდა, რის გამოც მღვდელმსახურება ბერძნულ ენაზე სრულდებოდა. მცხეთის საკათალიკოსო ტახტი ქართულ მოსახლეობაზე და ქართულ ენაზე დაყრდნობით ცდილობდა დასავლეთ საქართველო თავის სამწყსოში შეეყვანა, მაგრამ ვიდრე იქ ბიზანტია ბატონობდა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაპირისპირება ძნელი იყო. პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აფხაზთა მეფეებმა მცხეთის ტახტის ხელშეწყობით იწყეს აქტიური ძალისხმევა ეკლესიის კონსტანტინოპოლისაგან გამოსაყოფად და მცხეთის საკათალიკოსოსთან შესაერთებლად. ამ პროცესებისათვის ხელსაყრელ პირობას ქმნიდა ის გარემოება, რომ დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი ეკლესიურად მცხეთის ტახტს ექვემდებარებოდა.
ბიზანტიის გავლენა, ბერძნული კულტურა ღრმად იყო შეჭრილი დასავლეთ საქართველოში. პოლიტიკური ჰეგემონიის დაკარგვის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის დასაყრდენს დასავლეთ საქართველოში არსებული ბერძნული საეპისკოპოსოები წარმოადგენდა. სწორედ მათი გაუქმებით დაიწყო კონსტანტინოპოლის საეკლეიო ბატონობის აღმოფხვრა. გაუქმებულ იქნა ფოთის, გუდაყვის და სხვა ბერძნული კათედრები. მათ ნაცვლად აფხაზთა მეფეები ახალ ქართულ საეპისკოპოსოებს აარსებდნენ. აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო, ლეონ III-ის დროს – მოქვის, ბაგრატ III-ის დროს ბედიის საეპისკოპოსო (გუდაყვის ბერძნული საეპისკოპოსოს ნაცვლად). ამ ახალ საეპისკოპოსოებში წირვა-ლოცვა მოსახლეობისათვის გასაგებ ქართულ ენაზე სრულდებოდა. IX საუკუნეში დასავლეთ საქართველო ეკლესიურად საბოლოოდ მცხეთის ტახტს დაექვემდებარა. „აფხაზთა სამეფოში“ სახელმწიფო მმართველობისა და მღვდელმსახურების ენა ქართული იყო. ამრიგად საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ მისი საეკლესიო გაერთიანება უსწრებდა.
დასავლეთ საქართველოს გაერთიანებამ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებამ შექმნა საფუძველი სამეურნეო დაწინაურებისათვის, ვაჭრობის განვითარებისათვის. „აფხაზთა სამეფოში“ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ქართულმა ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ამ პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: მარტვილის, ბედიის, მოქვის, ბიჭვინთის და სხვა ტაძრები. ქართული კულტურის კერებად იქცა ახალი ქართული საეპისკოპოსო კათედრები, იქ შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. აფხაზთა მეფეების კარზე დაიწერა მნიშვნელოვანი ქართული ისტორიული დოკუმენტი, აფხაზეთის მეფეთა გენეალოგიური ნუსხა, „აფხაზთა მეფეთა დივანი“. დასავლეთ საქართველოს ქართულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი ძალა მოიპოვა. X საუკუნის 20-იან წლებში აფხაზთა მეფე გიორგი II აქტიურად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ალანთა (ოსთა) შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში.
„აფხაზთა სამეფოს“ არსებობის პერიოდში გაფართოვდა ტერმინების „აფხაზისა“ და „აფხაზეთის“ მნიშვნელობა. საკუთრივ აფხაზსა და აფხაზეთთან ერთად„აფხაზი“ დასავლელ ქართველს, „აფხაზეთი“ კი დასავლეთ საქართველოს აღნიშნავდა. ამდენად „აფხაზთა სამეფო“ იყო ერთიანი დასავლურ-ქართული სახელმწიფო, ხოლო „აფხაზთა მეფე“, ამ სახელმწიფოს მეთაური. ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების შემდეგ ტერმინების „აფხაზთა მეფე“ და „აფხაზთა სამეფო“ მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა. რადგან საქართველოს ერთიანი მონარქიის მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე მათ მიერ ყველაზე ადრე მიღებული „აფხაზთა მეფის“ ტიტული იდგა, მათ ხშირად აფხაზთა მეფეებს უწოდებდნენ, ხოლო ერთიან საქართველოს „აფხაზთა სამეფოს“.
IX საუკუნის დასაწყისიდან „აფხაზთა სამეფო“ აქტიურად ჩაება დიდ ეროვნულ მოძრაობაში და პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის მიმდინარეობდა და რომლის მიზანი ქართული ქვეყნების ერთ ეროვნულ სახელმწიფოდ, საქართველოს სამეფოდ გაერთიანება იყო.
აფხაზთა მეფეებს, როგორც ქართლის ერისმთავრების შთამომავლებს (ქალის ხაზით), თავისი ლეგიტიმური უფლებები ჰქონდათ ყველა ქართული ქვეყნის და საკუთრივ ქართლის მიმართ. „აფხაზთა სამეფო“ აქტიურად ჩაება შიდა ქართლისათვის ბრძოლაში. IX საუკუნის დასაწყისში აფხაზთა მეფე თეოდოს II აშოტ ბაგრატიონის მოკავშირე იყო და მასთან ერთად იბრძოდა კახთა ქორეპისკოპოსს გრიგოლს შიდა ქართლისათვის. მაგრამ IX საუკუნის II ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს მეფეები უკვე საკუთარი ხელისუფლების დამყარებისათვის იბრძვიან შიდა ქართლში. აფხაზთა მეფემ გიორგი I-მა (861-868 წწ.) დაიპყრო შიდა ქართლი და იქ თავისი ერისთავი დანიშნა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლამ დროებით დაასუსტა „აფხაზთა სამეფო“, მაგრამ შავლიანთა სახლის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საერთო ქართულ საქმეებში.
ამ დროს შიდა ქართლისათვის ბრძოლას იწყებს სომეხთა მეფე აშოტ I ბაგრატუნი და IX საუკუნის 80-იანი წლებიდან ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის ერთმანეთს უპირისპირდებიან „აფხაზთა სამეფო“ და სომეხ ბაგრატუნთა სამეფო თავ-თავისი მოკავშირეებითურთ. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. 888 წელს აფხაზთა მეფე ბაგრატ I-მა და მისმა მოკავშირე ნასრა ბაგრატიონმა (გუარამ მამფალის ძემ) მარცხი განიცადეს. ნასრა ბრძოლაში მოკლეს, მაგრამ შიდა ქართლი ვერც ერთმა მხარემ ვერ დაიკავა, მას ადგილობრივი ფეოდალები დაეპატრონენ. X საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლი აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-მ (კონსტანტიმ) დაიკავა, რომელსაც ცოტა ხნით დაპყრობილი ტერიტორია წაართვა სომეხთა მეფე სმბატ I-მა უფლისციხის ჩათვლით. კონსტანტინემ სმბატთან დაზავება ისურვა, საზავო მოლაპარაკების დროს ის შეიპყრეს და სმბატს მიჰგვარეს. შემდეგ კი უფლისციხე და ქართლი მთლიანად დაუბრუნა.
X საუკუნის 10-იან წლებში, როდესაც საქართველოში აზერბაიჯანის ამირა აბუ ლ-კასიმ აბუსაჯის ძე შემოიჭრა, აფხაზთა მეფემ ისევ დაკარგა შიდა ქართლი, რომელიც შემდეგ გიორგი II-მ დაიბრუნა და იქ ერისთავად უფროსი შვილი კონსტანტინე დააყენა. ქართლის აზნაურთა რჩევით, კონსტანტინე განუდგა მამას (923 წ.), მაგრამ გიორგიმ დაამარცხა მეამბოხე შვილი და მის მაგიერ ქართლის ერისთავად ლეონი, შემდგომში მეფე ლეონ III (957-967 წწ.) დააყენა.
ლეონ III-ის დროს „აფხაზთა სამეფომ“ დაიწყო ბრძოლა შიდა ქართლის იმ ნაწილისათვის (მდ. ქსნიდან არაგვამდე), რომელიც კახთა ქორეპისკოპოსებმა IX საუკუნის დასაწყისში მიიტაცეს. შეიძლება ამის საკომპენსაციოდ ქორეპისკოპოსმა კვირიკე II-მ კონსტანტინეს ჰერეთს ლაშქრობა შესთავაზა, რის შედეგადაც აფხაზთა მეფის ხელში გადავიდა ალაზნის გასწვრივ დიდ სავაჭრო გზაზე მდებარე არიშისა და გავაზის ციხეები.
X საუკუნის 60-იან წლებში აფხაზთა მეფეები ჯავახეთშიც ფლობდნენ. ჯავახეთზე გადიოდა საქართველოს თითქმის ყველა მხარის დამაკავშირებელი გზები. მათ ფლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზთა მეფეებისათვის, რომლებიც საქართველოს გაერთიანებას ისახავდნენ მიზნად.
საქართველოს გაერთიანებისათვის გაჩარებულ დიდ ეროვნულ ბრძოლაში დასავლეთ საქართველოს მეფეთა ჰეგემონობა აშკარად ისახებოდა. მართალია, ბრძოლა დაძაბული იყო, თუმცა შიდა ქართლს ძირითადად აფხაზთა მეფეების ერისთავები განაგებდნენ. საბოლოოდ შინაფეოდალურმა აშლილობამ, ბრძოლამ ტახტის მოსურნეებს შორის თავის შედეგი გამოიღო. „აფხაზთა სამეფო“ დასუსტდა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე აფხაზთა მეფეებმა ჰეგემონობა დაკარგეს.
975 წელს „აფხაზთა სამეფოს“ უკანასკნელი მეფის, ძმებთან ტახტისათვის ბრძოლაში თვალებდათხრილი თეოდოს III-ის დისშვილი, მამის ხაზით ქართველთა სამეფოს სახლის მემკვიდრე ბაგრატ ბაგრატიონი შიდა ქართლის გამგებლად, ხოლო 978 წელს აფხაზეთის მეფედ აკურთხეს. მართალია ამ აქციის იდეური სულისჩამდგმელი ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე იყო, მაგრამ რეალურად ეს დიდი ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება დავით III დიდი ბაგრატიონის პოლიტიკური ავტორიტეტისა და სამხედრო ძალის მეშვეობით განხორციელდა. სათავე დაედო ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნას და მისი პირველი მეფე ბაგრატ ბაგრატიონი გახდა.
VI საუკუნეში ეგრისის ტერიტორიაზე ირანსა და ბიზანტიას ომის შედეგად ეგრისის სამეფო თანდათან დასუსტდა. ეგრისის შემდეგი დასუსტება არაბთა თავდასხმებმაც განაპირობეს. საუკუნის დასასრულისათვის მას გამოეყო აფხაზეთი (ბერძნული წყაროების აბაზგია), რომელიც უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის ხელისუფლებას დაუქვემდებარდა. აბაზგიის ერისთავები, არქონტები („ერისთავი ბერძენთა“, როგორც მათ ქართული წყარო უწოდებს) იმპერატორის ვასალები იყვნენ.[5] მათ მხარს უჭერდა ბიზანტიის საიმპერატორო კარი, რადგან მის ინტერესებში არ იყო ერთიანი და ძლიერი დასავლურქართული სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც ის ადვილად ვერ უმორჩილებდა თავის ხელისუფლებას.[5]
აფხაზთა ერისთავებმა საიმპერატორო კარის დახმარებით შეძლეს მეზობელ აფშილეთზე, სანიგეთსა და მისიმიანეთზე საკუთარი ხელისუფლების გავრცელება;[5] ამიერიდან თანდათან ქრება მათი ხსენება საისტორიო წყაროებში და გაერთიანებულ სამთავროს აფხაზეთი, მის მცხოვრებთ კი აფხაზი ეწოდა.[6] ეს არის „აფხაზეთისა“ და შესაბამისად, „აფხაზის“ ცნების პირველი გაფართოება.[6]
VII საუკუნეში ეგრისის მეფის ხელისუფლება გაუქმებული ჩანს, ის წყაროებში უკვე არა მეფედ, არამედ პატრიკიოსად იწოდება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ პატრიკიოსი ეგრისის მეფის ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული იყოს.[6]
VIII საუკუნის 30-იან წლებში დასავლეთ საქართველოში შემოჭრილი არაბი სარდლის მურვან იბნ მუჰამადის (ქართული წყაროების მურვან ყრუ) წინააღმდეგ, აფხაზთა საერისთავოს ცენტრს, ანაკოფიის ციხეს, საკუთრივ აფხაზებთან ერთად, ეგრისის ლაშქარიც იცავდა ქართველთა ერისმთავრების (მეფეთა) სახლის წარმომადგენლების, მირისა და არჩილის სარდლობით, რომელნიც ამ დროს ეგრისში არიან დამკვიდრებულნი.[6] მურვან ყრუ უკუაგდეს ანაკოფიიდან. მირი ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. მას მხოლოდ ქალიშვილები დარჩნენ, არჩილს კი ამ დროს შვილი არ ჰყავდა. არჩილმა, მირის ანდერძის თანახმად, მისი ასულები გაათხოვა და ერთ-ერთი მათგანი ლეონ აფხაზთა ერისთავზე დააქორწინა; ამასთან ლეონი ვასალად შეიწყნარა. ამ დინასტიური ქორწინებით გაერთიანდა ორი დასავლურქართული ქვეყანა, აფხაზეთი და ეგრისი და შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო, რომელსაც მთავართა დინასტიის საკუთრივ აფხაზეთიდან წარმომავლობის გამო აფხაზეთი ეწოდა, ხოლო მის უზენაეს ხელისუფალს „მთავარი“ ერისთავის ნაცვლად.[6] ასე მოიხსენიებს VIII საუკუნის 80-იან წლებში ამ ქვეყანას და მის ხელისუფალს VIII საუკუნის ქართველი მწერალი იოანე საბანისძე. ამიერიდან „აფხაზეთი“ მთელი დასავლეთი საქართველოა. ესაა ცნება „აფხაზეთის“ გაფართოების ახალი ეტაპი, ხოლო მისმა ხელისუფალმა, ადმინისტრაციის იერარქიაში ერთი საფეხურით მაღლა აიწია.[6]
ბიზანტიის იმპერიის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობდა სამეფოს დასუსტებას, ეგრისის სამეფოსაგან აფხაზეთის საერისთავოს გამოყოფას, რათა უკეთ განეხორციელებინა თავისი გავლენა დასავლეთ საქართველოზე, არაბთა გამოჩენის შემდეგ იცვლის პოლიტიკას და ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოს გაძლიერებას, რათა დასავლურქართული ქრისტიანული სახელმწიფოს სახით ჰყავდეს მოკავშირე სახალიფოს წინააღმდეგ, რომელთან ბრძოლაც იმპერიას გაუჭირდა.[7] იმპერატორი ლეონ III ისავრიელი მირსა და არჩილს ორ გვირგვინსა და სათანადო გუჯარს უგზავნის, რითაც ცნობს მათ უფლებებს ეგრისზე, ლეონ II-ს კი მიმართავს:
ბიზანტიის იმპერატორის ეს განკარგულება მიუთითებს, რომ აფხაზთა ერისთავები, რომლებიც იმპერიის არქონტები იყვნენ და იმპერიის ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ, ამიერიდან საერისთავოს მემკვიდრეობით მფლობელებად არიან აღიარებულნი. დასავლეთ საქართველოში მოვლენები სწრაფად ვითარდება, მიმდინარეობს ძალთა კონსოლიდაცია, ლეონ II ათავისუფლებს ქვეყანას ბიზანტიაზე დამოკიდებულებისაგან და თავს „მეფედ“ აცხადებს.[7] XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ცნობით
„რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთაჲ, სახელით ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისაჲ, რომლისად მიეცა სამკჳდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ. და შემდგომად ამისსა ჯუანშერცა მიიცვალა.[8]“ |
ეს ცნობა მოვლენათა მიმდინარეობის სრულ სურათს ხატავს. ასეთი რთული ვითარება ბიზანტიის იმპერიაში VIII საუკუნის ბოლოსათვის უნდა იგულისხმებოდეს (ს. ჯანაშია), როდესაც იმპერიაში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა ხატმებრძოლებსა და ხატების თაყვანისმცემლებს შორის; ბიზანტია მარცხს განიცდიდა არაბთა სახალიფოსთან და საკუთარ ქვეშევრდომებთან, მაგალითად გაძლიერებულ ბულგარელებთან ბრძოლაშიც.[7]
ისტორიკოსი საგანგებოდ მიუთითებს ხაზართა დახმარებაზე ლეონისადმი. რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ნათესაურ კავშირს ვერ ექნებოდა. ცნობილია, რომ დინასტიური კავშირები, როგორც წესი, პოლიტიკურ ინტერესთა გათვალისწინებით მყარდებოდა. აფხაზთა მთავრისადმი ხაზართა დახმარება მათი ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესებით იყო განპირობებული, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში ამ დროს არსებული ხაზართა სახელმწიფო შავ ზღვას მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე გამავალი გზით უკავშირდებოდა.[7]
წერილობით წყაროებში მინიშნებულია ფრიად საინტერესო დეტალები: არჩილის ძმისწულზე დაქორწინებისა და ეგრისის მეფე მირის კუთვნილი გვირგვინის მიღების შემდეგ ლეონ II ეგრისის ფაქტობრივი მფლობელი ხდება, მაგრამ ის ჯერ არ აცხადებს პრეტენზიას ეგრისზე. ის ანგარიშს უწევს ქართლის ერისმთავართა სახლის მფლობელობას ეგრისში და მხოლოდ ამ სახლის გადაშენებისა და შედარებით ხელსაყრელი მდგომარეობის შექმნის შემდეგ „დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე“. ზოგი ისტორიკოსი (უმთავრესად თანამედროვე აფსუა ისტორიკოსები) ცდილობს დაამკვიდროს თვალსაზრისი, რომ არაქართველმა, აფხაზმა ლეონმა დაიპყრო ეგრისი და შექმნა ერთიანი არაქართული სახელმწიფო „აფხაზეთი“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძველ ქართულში „დაიპყრა“ მის თანამედროვე მნიშვნელობასთან ერთად ნიშნავს ძალაუფლების ხელში აღებას, ხელისუფლების პყრობას. არ არის გამორიცხული, აქ იყოს „და იპყრა“, ე. ი. „და“ აიღო ხელში ძალაუფლება.[9] აფხაზეთი ლეონის მემკვიდრეობითი სამფლობელო იყო, ეგრისი მზითვად მიღებული. „დაიპყრა-ს“ დღევანდელი მნიშვნელობით განმარტება გაუგებრობას ქმნის. გამოდის, რომ ეს ორივე ქვეყანა მან ერთნაირად „დაიპყრა“, როგორც თავისი სამემკვიდრეო, ისე მზითვად მიღებული, რომ მას თავისი სამემკვიდრეო ქვეყნის, აფხაზეთის დაპყრობაც დასჭირდა. აქ, უდავოდ, ლეონის მიერ ეგრისსა და აფხაზეთში ძალაუფლების ერთნაირად ხელში აღება, გამეფება, ბიზანტიის ქვეშევრდომობაზე უარის თქმა იგულისხმება. ლეონის (ქართველისა თუ არაქართველის) მიერ ეგრისის დაპყრობა არ მომხდარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეონი, როგორც მთავარი და ეგრისის ვასალი, უკვე ფლობდა ერთიან დასავლეთ საქართველოს.[9]
ეს სამეფო ქართული — დასავლურქართული სახელმწიფო იყო. ქართულ წყაროებში მას „აფხაზეთს“, „აფხაზთა სამეფოს“ უწოდებენ, რადგან სამეფო დინასტია ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონიდან, საკუთრივ აფხაზეთიდან იყო გამოსული. სახელწოდება „აფხაზეთი“ ქართულიდან გავრცელდა სხვა ენებში. X საუკუნის სომეხი ისტორიკოსიიოანე კათალიკოსი მას ეგრისს, მის მცხოვრებთ — ეგრებს, ხოლო მეფეებს ეგრთა მეფეს უწოდებს. შუა საუკუნეების ქართული ეთნო-კულტურული კონცეფციით („ქართლის ცხოვრება“, ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“) აფხაზეთი ეგრისში შედის. ამ კონცეფციის თანახმად, როდესაც თარგამოსმა მემკვიდრეებს თავისი ქვეყანა გაუყო, ეგროსს
„მისცა ქუეყანაჲ ზღჳსყურისაჲ და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით — მთაჲ მცირე, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი, დასავლით — ზღუაჲ; [ჩრდილო] მდინარე მცირისა ხაზარეთისაჲ, სადა წარსწუდების წუერი კავკასიისაჲ,[10]“ |
ესაა დასავლეთ საქართველო, ეგრისი. ვახუშტი ბატონიშვილი კი აღნიშნავს: „ეგრისის ქვეყანა ანუ აფხაზეთისა“.
თანამედროვე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მას დაუმკვიდრდა სახელწოდება „ეგრის-აფხაზეთი“, „ეგრის-აფხაზეთის სამეფო“, რადგან ამ დროს მასში ორი ქვეყანა, ეგრისი და აფხაზეთი გაერთიანდა, შეიქმნა ერთიანი დასავლურქართული სახელმწიფო. გაფართოვდა „აფხაზეთის“ ცნება და „აფხაზის“ მნიშვნელობა, ის მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს, თუმცა ამავე დროს არსებობს მასში შემავალი აფხაზეთის საერისთავო, უძველესი აფხაზეთი.[11]
აფხაზეთის სამეფო მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს. მის ჩრდილოეთ საზღვარს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი წარმოადგენდა, ჩრდილო-დასავლეთით ის მოიცავდა სამხრეთ ჯიქეთს ნიკოფსიითურთ, დასავლეთი საზღვარი შავი ზღვა იყო, აღმოსავლეთი — ლიხის ქედი, სამხრეთი — ქალდეამდე (ან ქალდიის ჩათვლით).[11]
აფხაზთა სამეფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სისტემაზე თანადროული წყაროები არ მოიპოვება. ბუნებრივია, რომ ეს სისტემა ეგრისის (ლაზიკის) სამეფოში არსებული სისტემისაგან განსხვავებული იქნებოდა, სადაც ჯერ კიდევ ძლიერი უნდა ყოფილიყო ტომობრივი თვითმმართველობა და ეთნიკურ-ტერიტორიული მხარეების გამგებელი მთავრები ვასალურ დამოკიდებულებაში იქნებოდნენ ეგრისის მეფესთან. აფხაზთა სამეფოს პოლიტიკური ცენტრალიზაცია, ეგრისის სამეფოსთან შედარებით უფრო ძლიერი იყო და ეს ძველი მთავრები აფხაზთა მეფის ერისთავებს, მოხელეებს წარმოადგენდნენ. ლეონ II-მ, რომელმაც სამეფოში ადმინისტრაციული რეფორმა ჩაატარა, ჩანს, ძირითადად ანგარიში გაუწია უძველესი დროიდან არსებულ ეთნო-ადმინისტრაციულ ერთეულებს, მაგრამ მათ სათავეში თავისი მოხელე ერისთავები დააყენა.
აფხაზთა სამეფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ დაყოფაზე ცნობას გვაწვდის XVIII ს-ის ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი, რომლის თანახმად ეს სამეფო რვა საერისთავოდ იყო დაყოფილი: 1. აფხაზთა; 2. ცხუმის; 3. ეგრისის (ცენტრი ბედია); 4. გურიის; 5. რაჭა-ლეჩხუმის; 6. სვანეთის; 7. არგვეთის (ცენტრი შორაპანი); 8. ვაკე იმერეთის (ცენტრი ქუთაისი).[11][12]
ზურაბ ანჩაბაძის აზრით, ქართული ტომები აფხაზთა სამეფოს მოსახლეობის მნიშვნელოვან უმრავლესობას შეადგენდნენ.[13] ზოგი ისტორიკოსი (უმთავრესად სეპარატისტული აფხაზეთის ისტორიკოსები) ცდილობს დაამკვიდროს თვალსაზრისი, რომ არაქართველმა, აფხაზმა ლეონმა დაიპყრო ეგრისი და შექმნა ერთიანი არაქართული სახელმწიფო „აფხაზეთი“. აღსანიშნავია, რომ მათგან განსხვავებით, XX საუკუნის ყველაზე ცნობილი აფხაზი ისტორიკოსები ზ. ანჩაბაძე და გ. ძიძარია აფხაზთა სამეფოს დასავლურქართულ სახელმწიფოდ თვლიდნენ.[14]
წერილობით წყაროებში ლეონ I პირველი ერისთავია, რომლის დროსაც ერთიანდება ეგრისი და აფხაზეთი (დაახლ. VIII საუკუნის 40-იანი წლები) და რომელიც ამ დროიდან მთავარია. მისი მომდევნო „მთავარი“ VIII საუკუნის ბოლოდან არის „მეფე“ ლეონ II.[15]
საისტორიო წყაროები არაფერს ამბობენ მათი წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების შესახებ. მკვლევართა ნაწილი მათ ბერძნებად თვლის, რადგან ბიზანტიის იმპერიის არქონტები (ერისთავები) იყვნენ აბაზგიაში, არქონტებად კი საიმპერიო კარი, როგორც წესი, ბერძნებს ნიშნავდა.[15] მკვლევართა ნაწილი არაქართველ აფხაზებად თვლის, ნაწილი ქართველებად, საკუთრივ ქართული სიტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის, აფხაზეთის წარმომადგენლებად.[15] არც ერთი ამ მოსაზრებისათვის მყარი წყაროთმცოდნეობითი საფუძველი არ არსებობს, სამივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მათი თანამედროვე (X ს.) სომეხი ისტორიკოსი იოანე კათალიკოსი ამ მეფეებს ეგრებს უწოდებს. ამასთანავე ცნობილი, რომ ქალის ხაზით ისინი ქართლის ბაგრატიონი ერისმთავრების (მეფეების) შთამომავლები არიან, ხოლო XII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ვარდან დიდი მათ ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის ჩამომავლებად თვლის. ასე რომ, სამეფოს უშუალო მეზობლებს ისინი ქართველებად მიაჩნიათ.[15]
რასაკვირველია, საინტერესოა აფხაზთა მეფეების ეთნიკური კუთვნილების გარკვევა, მაგრამ მთავარი მაინც მათ ეროვნული თვითშეგნება, სახელმწიფო მოღვაწეობაა. ეროვნული თვითშეგნებითა და მოღვაწეობით ისინი ქართული სახელმწიფოს ქართველი მეფეები იყვნენ.[15] ამ ეროვნული თვითშეგნების დამადასტურებელი ფაქტია პირველი მეფის, ლეონ II-ის მიერ სამეფოს დედაქალაქის ქუთაისში, ერთ-ერთ უძველეს ქართულ ქალაქში, ქართული კულტურის, ქართველი მოსახლეობის ცენტრში დაფუძნებაა. საკუთრივ აფხაზთა საერისთავოს ცენტრი ანაკოფია იყო. ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანების დროისათვის ეგრისის ცენტრი ქუთაისში იყო, სადაც იმყოფებოდა ქართლის ბაგრატიონ ერისმთავართა (მეფეთა) რეზიდენცია. გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს მეფეებმა აქ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს: გააფართოვეს მეფეთა სასახლე, მოაწესრიგეს სასახლისაკენ მიმავალი გზა, შეაკეთეს სასახლის დამცავი კედელი, ციტადელი და სხვა.[15] აქ იყო სავაჭრო-სახელოსნო ცენტრები. ქალაქი მნიშვნელოვან სავაჭრო გზათა შესაყარს წარმოადგენდა, რაც ხელს უწყობდა მის შემდგომ განვითარებას. ამ მეფეთა ზოგადქართული პოლიტიკის, ქართული კულტურის განვითარებისათვის ზრუნვის შედეგია აქ შექმნილი ქართული მწერლობის ძეგლები, ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული თხზულებები. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ცნობილი მთარგმნელისა და ჰიმნოგრაფის, ჭყონდიდის მარტვილის საყდრის ეპისკოპოს სტეფანოზ სანანოჲსძის მოღვაწეობა; დასავლეთ საქართველოდან, საკუთრივ აფხაზეთიდან იყო IX საუკუნის მწერალი, „მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობის“ ავტორი (თუ არაბულიდან მთარგმნელი). ეს ნაწარმოები ცნობილი იყო „აბუკურას“ სახელწოდებით და ის XI საუკუნეში ექვთიმე მთაწმიდელმა ბერძნულად თარგმნა. მეფე გიორგი II-ის კარზე მოღვაწეობდა და მისი მფარველობით სარგებლობდა ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი. აფხაზთა სამეფოში დგებოდა მთავართა და მეფეთა ქრონიკა.[16]
ამ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათ ტიტულატურას. სათანადოდ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არც ერთ ჩვენთვის IX-X საუკუნეების წერილობით წყაროში მათ „აფხაზთა“ მეფე არ ეწოდებათ და თვითონ ისინიც, მათ თანამედროვე წარწერებში თავს მხოლოდ „მეფეს“ უწოდებენ და არა „აფხაზთა“ მეფეს, ე. ი. ისინი საჭიროდ არ თვლიან წარმოაჩინონ თავისი კუთხური კუთვნილება. სწორედ ასე, „მეფედ“ არიან ისინი დაფიქსირებულნი კონსტანტინე II-ის, გიორგი II-ისა და ლეონ III-ის მეფობის წლებში შესრულებულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში.[16]
დასავლეთ საქართველოს მეფეებს „აფხაზთა“ მეფეს XI საუკუნისა და შემდგომი ხანის (მატიანე ქართლისა, სუმბატ დავითის ძე, ვახუშტი ბატონიშვილი) ქართველი ისტორიკოსები უწოდებენ, მას შემდეგ, რაც ბაგრატ ბაგრატიონი, შუა საუკუნეების ერთიანი საქართველოს პირველი მეფე დასავლეთ საქართველოს მეფედ აკურთხეს ქუთაისში, სადაც მან „აფხაზთა“, ანუ დასავლეთ საქართველოს მეფის ტიტული მიიღო. ტიტულატურის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტსაც, რომ აფხაზეთის მთავრებისა და მეფეთა ქრონიკას კონსტანტინე III-ის მეფობის ჩათვლით (893-912) „მეფეთა დივანი“ ეწოდებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ქრონიკა ბაგრატ III-მ განაახლა, მას „აფხაზ მეფეთა დივანი“ ეწოდა, რაც ბაგრატ III-ის ტიტულითაა განპირობებული.[16]
ლეონ I-მდე წყაროებში იხსენიებიან თეოდოს I და კონსტანტინე II, ხოლო მის შემდეგ – ლეონ II, რომელმაც VIII საუკუნის ბოლოს ბიზანტიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. როდესაც გარდაიცვალა მეფე ლეონ II, ტახტზე ავიდა მისი უფროსი ძე, თეოდოს II, მის შემდეგ კი მისი ძმა და ლეონ II-ის ვაჟი დემეტრე II. მის შემდეგ ტახტზე ლეონის უმცროსი ძე, მცირეწლოვანი ბაგრატი უნდა ასულიყო, მაგრამ ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო.[17] 861 წელს ტახტი დაიკავა გიორგი I-მ. მისი გარდაცვალების შემდეგ ისევ დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის. გიორგი I-ს ვაჟი არ ჰყავდა და ბუნებრივია, მეფობაზე პრეტენზიას ბაგრატი აცხადებდა, თუმცა მისი უფლებები ისევ ილახებოდა. თუ პირველ შემთხვევაში ეს შეიძლებოდა ბაგრატის არასრულწლოვანებით ახსნილიყო, ახლა უკვე ამას არავითარი გამართლება არ ჰქონდა.[17] გიორგი I-ის მეუღლის მეოხებით ბაგრატი სამშობლოდან გააძევეს. მან თავი ბიზანტიას შეაფარა.[17] სამეფოში დინასტიის ცვლა მოხდა. დაქვრივებული დედოფლის მხარდაჭერით ტახტი შავლიანთა საგვარეულოს წარმომადგენელმა, ივანე შავლიანმა დაიკავა. არ არის გამორიცხული, რომ შავლიანები ამ დროს სამეფოს ერთ-ერთი საერისთავოს, სვანეთის ერისთავები არიან და მონაწილეობდნენ ტახტისათვის წარმოებულ ბრძოლაში.[17] მდგომარეობის განმტკიცების მიზნით, ივანემ თავის ვაჟს, ადარნასეს ცოლად შერთო ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი მთავრის, აშოტ I დიდის ვაჟის, გუარამ ბაგრატიონის ასული, მაგრამ მეფობის კანონიერმა მემკვიდრე ბაგრატმა საიმპერატორო ხელისუფლების დახმარებით, რომელმაც მას ლაშქარი და ფლოტი მისცა, შეძლო ტახტის დაკავება. შეიჭრა აფხაზეთში, მოკლა ადარნასე შავლიანი და გამეფდა. რომელ სოციალურ ან საზოგადოებრივ ფენებს ეყრდნობოდა ბაგრატი, ცნობილი არ არის, მემატიანე მხოლოდ ბიზანტიის ხელისუფლების მიერ გაწეულ დახმარებაზე მოგვითხრობს.[17] შემდეგ მეფობს მისი შვილი კონსტანტინე III, ხოლო მის შემდეგ მისი ძე გიორგი II. გიორგი II-ის შემდეგ ისევ იწყება ტახტისათვის ბრძოლა. მეფე გიორგის ოთხი ვაჟი ჰყავდა (ლეონი, დემეტრე, თეოდოსი, ბაგრატი), მათგან ორი – თეოდოსი და ბაგრატი მამამ ადრევე გაგზავნა ბიზანტიაში, „რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ჴდომა“ („მატიანე ქართლისა“), მაგრამ ამან ძმებს შორის „ბრძოლას და ჴდომას“ წერტილი ვერ დაუსვა.[17] გიორგის შემდეგ გამეფდა მისი უფროსი ძე ლეონ III და რადგან მას ვაჟი არ ჰყავდა, ტახტი მისმა ძმამ, დემეტრემ დაიკავა. მამის მიერ ბიზანტიაში გაგზავნილმა თეოდოსიმ პრეტენზიები წამოაყენა. ძმებს შორის ბრძოლამ დაძაბული ხასიათი მიიღო.[18] როგორც ჩანს, მეფე დემეტრეს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომელთაც თეოდოსისთან კავშირი დაამყარეს და ძმის წინააღმდეგ გალაშქრება შესთავაზეს. თეოდოსი სამცხეში ჩავიდა, სადაც მას ადგილობრივმა აზნაურებმა აღმოუჩინეს დახმარება, მაგრამ დამარცხდნენ. ჩანს, თეოდოსი დემეტრეს ჩაუვარდა ხელში, რადგან ისტორიკოსის სიტყვით, თეოდოსიმ და მისმა მომხრეებმა, „ითხოვეს ფიცი და სიმტკიცე, რათა განუტეონ თეოდოსი და წარვიდეს მშვიდობით“ და „წარვიდა დავით კურაპალატისა და მუნ დაყო წელიწადი ერთი.“ ვერ ვიტყვით, ტაოს, დავით კურაპალატთან წასვლა თეოდოსის სურვილით მოხდა თუ ეს მეფე დემეტრეს ინიციატივა იყო, ყოველ შემთხვევაში, დავით ტაოელის კარი თითქოს საიმედო ადგილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თეოდოსი, ჩანს, გზებსა და მომხრეებს ეძებდა და ერთი წლის შემდეგ „წარმოვიდა ტაოთ და მოვიდა კახეთად“, ალბათ ერთობლივი მოქმედების შესახებ მოსალაპარაკებლად.[18] მეფე დემეტრემ საქმის მშვიდობიანი გზით მოგვარება სცადა, მან ძმასა და ქორეპისკოპოს კვირიკეს მოციქული გამოუგზავნა „და რქუა: რადგან მოვიდა ძმა ჩემი საბერძნეთით, არა დაილევის ჩუენ შორის ბრძოლა სიტყჳთა კაცთათა: აწ შუამდგომლობითა შენითა მომანდვე ძმა ჩემი, და ვიყნენ ორნივე სწორად უფალ მამულსა ჩუენსა... და აღიღე ჩემგან სიმტკიცე და შუამდგომელნი და შენგან დიდად დავიმადლო საქმე ესე“. კახთა მთავარი ენდო დემეტრეს. მართალია, დემეტრემ სვეტიცხოველში ფიცი დადო კათალიკოსის, მღვდელმოძღვართა და დიდებულთა თანდასწრებით, მაგრამ როდესაც თეოდოსი მასთან მივიდა, „დაყვნა დღენი მცირედნი, ხოლო დემეტრე მეფემან დაივიწყა შუამდგომლობა ღმრთისა და კაცთა და შემართა ფიცთა გატეხა: შეიპყრო თეოდოსი და დასწუნა თუალნი“. მეფის მიერ ფიცის გატეხით უკმაყოფილო ძალებმა მეფის გადაყენება მოინდომეს, მაგრამ „ვერ შეძლეს ამისი ქმნა, რამეთუ დემეტრე მეფე იყო მჴნე და ახოვანი“.[18] დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ „რომელ არღარა დარჩა მკჳდრი აფხაზეთისა და ქართლისა, გამოიყვანეს თეოდოსი, და დასუეს მეფედ“ („მატიანე ქართლისა“). ტახტი უსინათლო თეოდოსიმ დაიკავა. ამ თეოდოსიზე დასრულდა აფხაზთა ერისთავ ლეონ I-ისა და ქართლის ერისმთავართა (მეფეთა) ჩამომავლების მეფობა.[18] ხოლო ეს მეფეები რომ თავიანთი ეროვნული თვითშეგნებით და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით ქართველები იყვნენ, აშკარად დასტურდება მათ მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმით.[18]
ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ეგრისში IV საუკუნეში, ხოლო აფხაზეთში VI საუკუნეში გამოცხადდა. დასავლეთ საქართველოს დასავლეთი ნაწილი VIII საუკუნის ჩათვლით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში იმყოფებოდა.[19]
ეგრის-აფხაზეთის მეფეთა წინაშე თავიდანვე დადგა ეკლესიის პრობლემა. დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისა და ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლების შემდეგ, სახელმწიფოს ნაწილში იმპერიის საეკლესიო უზენაესობის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. მით უმეტეს, რომ სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი უკვე VI საუკუნიდან აღარ ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციას და მცხეთის საპატრიარქო ტახტის სამწყსოს წარმოადგენდა, სადაც საეკლესიო წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ბიზანტიის საიმპერატორო კარი ცდილობდა ახალ სახელმწიფოზე გავლენა თავისი ეკლესიის მეშვეობით მოეხდინა, ხოლო აფხაზთა მეფეებისათვის, უპირველეს ყოვლისა, კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში მყოფი ეკლესიის მისგან გამოყოფისა და დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გაერთიანების, ხოლო შემდეგ ერთიან ქართულ ეკლესიასთან გაერთიანების საკითხი იდგა. ბრძოლა მძიმე და ხანგრძლივი იყო.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დასავლეთ საქართველოს ოთხი დიდი ეპარქია შედიოდა: 1. ფაზისის სამიტროპოლიტო, საკუთრივ ეგრისი, ოთხი საეპისკოპოსო კათედრით, ძიგანევის (გუდავის), პეტრას, როდოპოლისისა (ვარციხე) და საისენის (ცაიშის); 2. ბიჭვინთის საარქიეპისკოპოსო, რომელიც მოიცავდა საკუთრივ აფხაზეთს (აბაზგიას); 3. ნიკოფსიის საარქიეპისკოპოსო, რომელშიც შედიოდა ჯიქეთი; 4. სებასტოპოლის (ცხუმის) კათედრა. დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ეპარქიები, როგორც ვარაუდობენ, VI საუკუნიდან (ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს VII-VIII საუკუნეებისა) ქართლის საკათალიკოსოს სამწყსოს წარმოადგენდნენ.[19] კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალი ეკლესიების სიებით, IX საუკუნის დასაწყისში ჩამოთვლილი ეპარქიები კონსტანტინოპოლის სამწყსოში შედიან, ხოლო X ს-ის ნუსხებში უკვე აღარ მოიხსენიებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ეპარქიები უკვე აღარ შედიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში, თუმცა, სახელდობრ, როდის მოხდა ეს გამოყოფა, IX საუკუნის რომელ ეტაპზე, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ამ საკითხის გადასაწყვეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ IX საუკუნის დასაწყისიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგ. სოფელ სიმგხუაში (გუდაუთის რაიონი) ქართული წარწერის არსებობაა დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საეკლესიო წირვა-ლოცვის, სახელმწიფო მმართველობის, კულტურული ენა ქართულია და თუ უფრო ადრე არა, IX საუკუნის დასაწყისიდან, ეს ეპარქიები უკვე აღარ შედიოდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში, სადაც წირვა-ლოცვა ბერძნულად მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ VIII-IX ს-ის პირველ ნახევარში ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლებსა და ხატების თაყვანისმცემელთა შორის მიმდინარე დაძაბული ბრძოლის ვითარებაში, დასავლურქართული ეკლესია მყარად იდგა ხატების თაყვანისცემის პოზიციაზე, ე. ი. ის ამ დროს უკვე აღარ ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. საკითხის ერთმნიშვნელოვნად გადაჭრას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ სებასტოპოლის (ცხუმის) ეპარქია იხსენიება კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში მყოფ ეპარქიათა X ს-ის დასაწყისის ნუსხაში. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული, გამორიცხული არაა შესაძლებლობა, რომ ყველა ეპარქიის გამოყოფა ერთდროულად არ მომხდარა, პროცესი თანდათან მიმდინარეობდა და ცხუმის ეპარქია ყველაზე გვიან გამოეყო ცენტრს.[20]
ამ ეკლესიის მეთაური „აფხაზთა“ (ე. ი. დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსად იწოდებოდა. მართალია, აფხაზთა კათალიკოსი პირველად XI საუკუნეში იხსენიება, ესაა „სჳმეონ აფხაზეთისა კათალიკოსი“, მაგრამ სავარაუდოა, რომ აფხაზთა კათალიკოსი IX საუკუნეში, კონსტანტინოპოლისაგან გამოყოფის დროიდან არსებობს, რისი დასტური ისიც შეიძლება იყოს, რომ მას სწორედ „აფხაზთა“ კათალიკოსი ეწოდება.
ბუნებრივია, რომ ეკლესიის კონსტანტინოპოლისაგან გამოყოფა წინააღმდეგობას წააწყდებოდა, მაგრამ ბიზანტიის მარცხმა პოლიტიკური ხელისუფლებისათვის ბრძოლაში შესაძლებელი გახადა საეკლესიო ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტაც.
თავდაპირველად გაერთიანდა დასავლეთ საქართველოს ეკლესია, მაგრამ შემდეგ დგება საკითხი, სახელდობრ რა დროიდან შეიძლება ივარაუდებოდეს აფხაზთა სამეფოს ეკლესიის მცხეთის საპატრიარქო ტახტის იურისდიქციაში შესვლა. მართალია, აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული თვალსაზრისები არსებობს, მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ ქართული სამეფო-სამთავროების ერთ-სახელმწიფოდ გაერთიანებას წინ საეკლესიო გაერთიანება უძღოდა (გარკვეული თვალსაზრისით ეს თანმხლები პროცესიცაა). ამ თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს კათალიკოსის „პატრიარქობის“ პრობლემა. ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში პატრიარქად პირველად პარხალის ეკლესიის წარწერაში იხსენიება „ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი“ იოვანე. მისთვის პატრიარქის ტიტულის მინიჭება სწორედ იმ დიდი მნიშვნელობის მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რაც ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას გულისხმობს. მართალია, ამ იოვანეს პატრიარქობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი X ს-ის ბოლო ოცეულში უნდა მომხდარიყო, მაგრამ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ ამ ეკლესიის აშენებაცა და პატრიარქობის დაწესებაც უკავშირდება ტაოს მეფე დავით III კურაპალატის სახელს და ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ეს სწორედ მისი განსაკუთრებული აქტიური მოღვაწეობის ხანაში განხორციელდა, როცა ის ბაგრატის გამეფებისათვის ყველა ძალის მობილიზებას ცდილობდა. საკითხის გარკვევისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გიორგი მერჩულეს ცნობილ „ფორმულას“, რომ
„ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.“ |
ეს დაწერილია 950 წელს, როდესაც ქართული პოლიტიკური ერთეულები ჯერ კიდევ არ არის გაერთიანებული ერთიან ქართულ სახელმწიფოდ, ამდენად, „ქართლი“ პოლიტიკურ ერთიანობაზე არ მიუთითებს, ის საეკლესიო ერთიანობას გულისხმობს. ამ დროს დასავლეთ საქართველო „ქართლია“ ე. ი. ის მცხეთის საკათალიკოსოს სამწყსოა;[21] თუმცა საკითხის ერთი მხარეა ბიზანტიის იმპერიისაგან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება, ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციისაგან გამოყოფა, საეკლესიო გაერთიანება და სულ სხვაა იმ დიდი გავლენის აღმოფხვრა, რაც ბიზანტიას დასავლეთ საქართველოში ჰქონდა. ამ გავლენის აღმოფხვრა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან მას ხანგრძლივი და ღრმა კულტურული ფესვები ჰქონდა. ბიზანტიის სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფლება თავისი იდეოლოგიის დაცვას აქ არსებული საეპისკოპოსოების მეშვეობით ცდილობდა და სწორედ ამ გავლენის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად აღნიშნული კათედრების გაუქმება, „მოშლა“, როგორც ამას საისტორიო წყარო უწოდებს. თანდათან გაუქმდა ფაზისის სამიტროპოლიტო და მასში შემავალი საეპისკოპოსოები, მათ მაგიერ დაარსდა ახალი საეპისკოპოსოები: მოქვი, დრანდა, ბედია, ქუთაისი და სხვ. ამგვარად, საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უსწრებდა საეკლესიო გაერთიანება, რაც აფხაზთა სამეფოს ეკლესიის ქართლის საკათალიკოსოსთან გაერთიანებას გულისხმობდა.
VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ლეონ II-მ გაათავისუფლა დასავლეთ საქართველო ბიზანტიაზე დამოკიდებულებისაგან. ცხადია, ეს უბრძოლველად არ მომხდარა. ის ფაქტი, რომ ლეონს ხაზართა დახმარება დასჭირდა, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ იმპერიას ნებაყოფლობით არ დაუთმია პოზიციები.[22]
პოლიტიკურად დამარცხებული ბიზანტიის საიმპერატორო კარი ცდილობდა ფორმალური გავლენა მაინც შეენარჩუნებინა დასავლეთ საქართველოზე, რასაც თითქოს აღწევდა კიდეც, მაგრამ მისი უფლებები ქართული სახელმწიფოებრიობისა და კერძოდ, დასავლურქართული სახელმწიფოს მიმართ არ სცილდებოდა ზედაპირული გავლენისა და მფარველობის ზღვარს. მას არ ჰქონდა ამ სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება, მაგრამ საიმპერატორო ხელისუფლება მაქსიმალურად იცავდა და ხაზს უსვამდა თავის ფორმალურ უფლებებს, რაც გამოიხატებოდა აფხაზთა მეფეებთან ურთიერთობის ფორმაში. ისინი მათ „არქონტს“ (ე. ი. „გამგებელს“), ან „ექსუსიასტს“ („მთავარს“, „მფლობელს“) უწოდებდნენ.[22] ასევე უწოდებდნენ მეზობელი სომხეთის მეფეებსაც. იმპერიაში არსებული დოქტრინის თანახმად, „მეფე“ („ბასილევსი“) აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში, მხოლოდ იმპერიის უზენაესი ხელისუფალი იყო, ხოლო ყველა სხვა, მასზე დაბალი რანგის.[22] „ექსუსიასტი“ უფრო მაღალი წოდებაა, ვიდრე „არქონტი“, მაგრამ არა „მეფე“. ამასთანავე, „ექსუსიასტი“ უფრო მჭიდრო პოლიტიკური დამოკიდებულების გამომხატველი იყო, მას თითქოს ბიზანტიის იმპერატორის წარმომადგენლად თვლიდნენ მის სამეფოში.[22] კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი, აფხაზთა მეფე გიორგი II-სადმი გაგზავნილ ეპისტოლეებში მას „ექსუსიასტს“, „ბრწყინვალე ექსუსიასტსაც“ უწოდებს, მის „მეფურ ღირსებასაც“ აღნიშნავს, მაგრამ „მეფეს“ არ უწოდებს, რითაც ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ და უფლებრივ მდგომარეობას.[22] ასეთივე ვითარებაა დადასტურებული დასავლეთ საქართველოს მეფეებისადმი გაგზავნილ დიპლომატიური დოკუმენტების სახელწოდებაშიც, რომელთაც „კელეუსის“ ე. ი. „ბრძანება“ ეწოდებათ. საიმპერატორო კარიდან სხვა სახელმწიფოთა მეთაურებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებს ოქროს ბულას (ბეჭედს) ჰკიდებდნენ, რომელზედაც იმპერატორის პორტრეტი იყო ამოკვეთილი. ოქროს ბულის ღირებულება ადრესატის ღირსებას გამოხატავდა. აფხაზთა მეფეებისადმი გაგზავნილ დოკუმენტს ეწერა: „აბაზგიის ექსუსიასტს“ და მასზე მიმაგრებული ბულის ღირებულება 2 სოლიდუსი იყო.[22] ბიზანტიის საიმპერატორო კარის მიერ სამხრეთ კავკასიის ხელისუფალთათვის გაგზავნილი დოკუმენტებიდან ჩანს მათდამი დამოკიდებულების ფორმა. ბიზანტიის მთავრობა მართალია აფხაზთა მეფეს „მეფეს“ არ უწოდებდა, მაგრამ მაინც დამოუკიდებელ მმართველად თვლიდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მეზობელ სახელმწიფოთაგან აფხაზთა მეფეებზე უფრო მაღალ რანგში ბაგრატიდთა სომხეთის ხელისუფალნი იყვნენ აყვანილნი.[22]
აღნიშნული ფაქტები მიუთითებენ ბიზანტიის იმპერიის მხოლოდ პრეტენზიებზე და არა მის ძალაუფლებაზე. იმპერია ორი გზით ცდილობდა თავისი ხელისუფლების აღდგენას დასავლეთ საქართველოზე, პირდაპირი აგრესიითა და ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევით.[23]
IX საუკუნის 30-40-იან წლებში ბიზანტიის იმპერიამ რამდენიმეჯერ ილაშქრა აფხაზთა სამეფოს წინააღმდეგ, IX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში და მეორედ და მესამედ 842-844 წლებში. სამივე ლაშქრობა მარცხით დამთავრდა, უკანასკნელი ლაშქრობის დროს ბიზანტიელებმა 40 000 კაცი დაკარგეს.[23]
რა თქმა უნდა ბიზანტიის იმპერია ეგრის-აფხაზეთზე უფრო ძლიერი სახელმწიფო იყო და თითქოს მისი დამორჩილება არ უნდა გაძნელებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. აფხაზთა სამეფოს შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, იმპერიამ კი უკან დაიხია (ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც), რაც გამოწვეული იყო ბიზანტიის გართულებული საშინაო და საგარეო მდგომარეობით. მას გამუდმებული ბრძოლები ჰქონდა არაბთა სახალიფოსა და საამიროებთან, ზოგჯერ ხაზარებთან, სლავურ სახელმწიფოებთან და მის მიერ დაპყრობილ, აჯანყებულ ხალხებთან; ამას ემატებოდა შიდასოციალური ბრძოლები, სასახლის ხშირი შეთქმულებები, ბრძოლა ხატმებრძოლებსა და ხატების თაყვანისმცემლებს შორის და სხვა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეგრის-აფხაზთა სამეფო აღმავლობის გზაზე მყოფი სახელმწიფო იყო და მისი დამორჩილება ადვილი არ იყო ისეთი დიდი სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც იყო ბიზანტიის იმპერია.[23]
უფრო წარმატებული იყო ბიზანტიელთა ცდები, გამოეყენებინათ აფხაზთა სამეფოს კარზე დაპირისპირებები, ის, როგორც წესი, ეხმარებოდა ტახტის მაძიებელ უფლისწულებს, ძმათა შორის ბრძოლაში ჩაბმული უფლისწულები თავშესაფარს ბიზანტიაში პოულობდნენ. თავის მხრივ, აფხაზთა სამეფოც ცდილობდა იმპერიაში არსებული სირთულეები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 821-823 წლებში ქართველები მონაწილეობდნენ ბიზანტიაში მიმდინარე იმ დიდ სოციალურ მოძრაობაში, რომელიც „თომა სლავის აჯანყების“ სახელითაა ცნობილი. ეს იყო დიდი მასშტაბის ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობა, რომელშიც დაპყრობილი ხალხებიც მონაწილეობდნენ. მართალია, ეს აჯანყება დამარცხდა, მაგრამ მან მაინც საკმაოდ შეარყია ბიზანტიის ძლიერება.[23]
როგორც ჩანს, მურვან ყრუს დამარბეველი ლაშქრობის (735-738 წწ.) შემდეგ არაბებს დასავლეთ საქართველოს დაპყრობა აღარ უცდიათ.[24] გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ 823 წელს ბიზანტიელთა ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში არაბთა წინააღმდეგ აჯანყებული ქართველების დასახმარებლად იყო გამიზნული, თუმცა ამის დამადასტურებელი ცნობები არ არსებობს. არსებობს ცნობა, რომ აფხაზები და ხაზარები თბილისის ამირას ხარაჯას უხდიდნენ ხალიფა ალ-მუთავაქილის (847-861 წწ.) დრომდე, მაგრამ ეს იყო არა ჩვეულებრივი საადგილმამულო გადასახადი, არამედ ერთდროული ხარკი არაბთა თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, აფხაზთა სამეფო, ფაქტობრივად, თავისუფალი იყო არაბთა ბატონობისაგან. დასავლეთ საქართველოში, მიუხედავად არაბთა რამდენიმე მცდელობისა, სახალიფოს ხელისუფლება ვერ დამყარდა. აფხაზთა მეფეები აქტიურად მონაწილეობდნენ სახალიფოსა და სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანური საამიროების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას საქართველოდან არაბთა სრული განდევნის აუცილებლობა კარნახობდათ.
აფხაზთა მეფე დემეტრე II იბრძოდა ბუღა თურქის მეთაურობით სახალიფოს მიერ მოწყობილი სადამსჯელო ლაშქრობის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი ალბანელი, სომეხი, ქართველი მმართველების დამორჩილებისა და სახალიფოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან გამდგარი საკუთარი მოხელის, ქართლის (თბილისის) ამირას დასჯას ისახავდა მიზნად. ბუღამ 853 წლის 5 აგვისტოს დაამარცხა თბილისის ურჩი ამირა ისჰაკ იბნ-ისმაილი (ქართული წყაროების საჰაკი) და თავი მოჰკვეთა მას.
„და თევდოსი, მეფე აფხაზთაჲ, გამოვიდა წინააღმდგომად მისა და დადგა კუერცხობს. ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳსი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისაჲ: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი. და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ. და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.[25]“ |
„მატიანე ქართლისაჲ“ თეოდოს II-ს არასწორად მიაწერს ბუღა თურქის წინააღმდეგ ბრძოლას. ბუღა თურქი საქართველოს შემოესია 853 წელს, როდესაც აფხაზთა მეფე იყო თეოდოს II-ის ძმა და მემკვიდრე დემეტრე (დიმიტრი) II. ამ შეცდომის მიუხედავად, თავად აფხაზთა მეფის არაბების წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია და კარი მაგალითია სამეფოს პოლიტიკისა სახლიფოს მიმართ.
X საუკუნის დასაწყისში აფხაზთა მეფე კონსტანტინე III ებრძოდა სომხეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში შემოჭრილ აზერბაიჯანის ამირა აბუ ლ-კასიმს. მართალია მისი დამარცხება ვერ შეძლო, მაგრამ შეიკედლა აბუ ლ-კასიმთან ბრძოლაში დამარცხებული სომეხთა მეფე სუმბატი.[26][24] მიუხედავად ქვეყნის დარბევისა, აბუ ლ-კასიმმა საქართველოში მაჰმადიანთა ხელისუფლების აღდგენა ვერ მოახერხა. აფხაზთა სამეფომ თავისი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა ხელისუფლების საბოლოო ლიკვიდაციაში.
აფხაზთა სამეფოს ჩრდილოეთიდან ალან-ოსები ესაზღვრებოდნენ.[კ 1] VII-VIII საუკუნეებში ალანები (ქართული წყაროებით ოვსები) დასავლეთ საქართველოს უტევდნენ. ბიზანტიის იმპერია მათ დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა. ალანთა შემოსევებისაგან თავდაცვის მიზნით აფხაზეთის ხელისუფლება მდინარეების ბზიფისა და კოდორის ხეობებში ციხეებს აგებდა, მაგრამ IX-X საუკუნეებში თავად გადავიდა შეტევაზე და საბოლოოდ, ოსები თავის მოკავშირედ აქცია. ბიზანტია იძულებულია დათმოს თავისი პოზიციები ოსეთში, სადაც აფხაზთა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული გავლენა მყარდება. IX საუკუნეში ოსები ზურგს უმაგრებდნენ სამეფოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში.[24] არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხებული აფხაზთა მეფე კონსტანტინე III დვალეთის გზით გადადის ოსეთში და იქ აფარებს თავს.
აფხაზთა სამეფოსა და ოსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია VIII საუკუნის 20-იან წლებში უკვე მომხდარი უნდა იყოს, როდესაც არაბებთან კონფლიქტის შედეგად ქართლის ერისმთავარი ოსთა (დარიალის) კარით გადადის ჩრდილო კავკასიაში. 888 წელს აფხაზთა მეფეს შიდა ქართლისათვის ბრძოლაში ოსები ეხმარებოდნენ. IX-X საუკუნეთა მიჯნაზე აფხაზთა მეფე კონსტანტინე III ენერგიულად უტევს ალანთა კარის მეზობელ ხალხებს, სადაც მისი ინტერესები სომეხთა მეფის სუმბატ ბაგრატუნის ინტერესებს დაუპირისპირდა. კონსტანტინემ მარცხი განიცადა, თუმცა, როგორც ჩანს, ვერც სომეხთა მეფემ შეძლო ამ ტერიტორიის დაპყრობა.
აფხაზთა სამეფოს ალანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალანთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას. ალანები ქრისტიანობას ადრიდანვე გაეცნენ. VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერია ცდილობდა იქ ქრისტიანობის გავრცელებას, მაგრამ სანამ თვით ალანებში არ მომწიფდა საამისო საფუძველი, ქრისტიანობის ქადაგებას წარმატება არ მოჰყოლია. ოსთა გაქრისტიანება შედარებით წარმატებით X საუკუნეში წარიმართა, რასაც ენერგიულად ეწეოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს აფხაზთა სამეფო კარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი თავის რამდენიმე ეპისტოლეში მოუწოდებს აფხაზთა მეფე გიორგი II-ს, დახმარება აღმოუჩინოს მათ არქიეპისკოპოსს. ამ ეპისტოლეთაგან ჩანს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ალანთა შორის ქრისტიანობის გავრცელება უკვე მეფე გიორგი II-ის მამის დროს დაწყებულა. კონსტანტინოპოლიდან ოსეთში არქიეპისკოპოსი გაუგზავნიათ, ხოლო აფხაზთა მეფე უშუალოდ მონაწილეობდა ალანთა მთავრისა და მისი ახლობლების ნათლობაში. ნიკოლოზ მისტიკოსი მადლობას უცხადებს მეფე გიორგის არქიეპისკოპოსისადმი გაწეული ყურადღებისა და სტუმართმოყვარეობისათვის. აფხაზთა მეფეები ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრებითაც ცდილობდნენ თავიანთი გავლენის განმტკიცებას ოსებზე, რისი დასტურიცაა IX-X საუკუნეების ქართული ეკლესიები დასავლეთ საქართველოდან ოსეთში მიმავალ გზებზე; აგრეთვე ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი მდინარე ტებერდის ხეობაში, აფხაზეთ-ოსეთის გზაზე; აგრეთვე ქართული ქრისტიანული ტერმინოლოგია ოსურ ენაში. მიუხედავად აფხაზთა მეფეების დიდი მცდელობისა, ამ საკითხში ინიციატივა და უპირატესობა ბიზანტიის იმპერიას ეკუთვნოდა, რისი დასტურიცაა ალანეთის ქრისტიანული ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარება სამიტროპოლიტოს უფლებით და იქ მათი მიტროპოლიტის არსებობა.
ბიზანტიის მიერ ოსეთში ქრისტიანობის გავრცელება დასავლეთ საქართველოს მეფეთა მხარდაჭერით ოსეთის იმ რეგიონში უნდა მომხდარიყო, რომელიც უშუალოდ ემიჯნებოდა დასავლეთ საქართველოს, ხოლო მის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ბიზანტიისა და აფხაზთა სამეფოს გავლენა არ იყო, ქრისტიანობა შედარებით გვიან, უფრო ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიიდან გავრცელდა.
IX-X საუკუნეების დასავლეთ საქართველო საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო. მასში იყო მრავალი ქალაქი, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია ქუთაისი, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონის ცენტრში მყოფი, რომელზედაც საერთაშორისო და ადგილობრივი სტრატეგიული და სავაჭრო მნიშვნელობის გზები გადიოდა. აგრეთვე შავიზღვისპირა ქალაქები: ფაზისი, ცხუმი, ანაკოფია, რომლებიც უძველესი დროიდან აქტიურად იყვნენ დაკავშირებულნი დასავლურ სამყაროსთან.
აღსანიშნავია, აგრეთვე, ციხესიმაგრეთა მთელი სისტემის არსებობა, როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალ გზებზე, მომთაბარეთაგან თავდასაცავად. მაგ. ციხესიმაგრე მდ. ბზიფის ხეობაში, ღობლისის ციხე ალანეთში მიმავალ გზაზე, წებელდის ციხე აფშილეთში, კოდორის ხეობაში და სხვ.
სამეფოში განვითარების მაღალ დონეზე იყო მეურნეობის მრავალი დარგი: სახნავი მიწათმოქმედება, მებაღეობა, მევენახეობა; ფართოდ იყო გავრცელებული ვაჭრობა. ქვეყანაზე გამავალი გზებით ის უკავშირდებოდა დასავლეთით ბიზანტიას, სამხრეთით — ქართველთა სამეფოს (ტაო-კლარჯეთს), სომხურ სახელმწიფოებს, არაბთა სახალიფოს, აღმოსავლეთით — აღმოსავლეთ საქართველოს, ჩრდილოეთით — ოსეთს, ხაზარებსა და ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებს.
განვითარებულ კულტურაზე მეტყველებს აფხაზთა სამეფოში შექმნილი ქართული მწერლობის ძეგლები, ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ძეგლები. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მარტვილის საყდრის ეპისკოპოსის სტეფანე სანანოისძის მოღვაწეობა, ასევე დასავლეთ საქართველოდან, საკუთრივ აფხაზეთიდან იყო IX საუკუნის მწერალი „მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობის“ ავტორი (თუ არაბულიდან მთარგმნელი). ეს ნაწარმოები, ცნობილი იყო აბუკურას სახელწოდებით და ის ექვთიმე მთაწმინდელმა ბერძნულად თარგმნა. მეფე გიორგი II-ის კარზე მოღვაწეობდა და მეფის მფარველობით სარგებლობდა განთქმული ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი, რომელიც თავის მადლობას მეფეს ერთ-ერთი თავისი ჰიმნის მინაწერით უხდის. ის წერს: „ესე გალობანი, მას კარსა გიორგი მეფესა, დიდსა, დიდითა ვედრებითა აღუწერებიან მინჩხისადა.“[27]
სახელი[28] |
მეფობის წლები | ტიტული | |||
---|---|---|---|---|---|
1. ანოს | ~510–530 | არქონტი | |||
2. ღოზარ | ~530–550 | არქონტი | |||
3. ისტვინე | ~550–580 | არქონტი | |||
4. ფინიქტიოს | ~580–610 | არქონტი | |||
5. ბარნუკ | ~610–640 | არქონტი | |||
6. დემეტრე I | ~640–660 | არქონტი | |||
7. თეოდოს I | ~660–680 | არქონტი | |||
8. კონსტანტინე I | ~680–710 | არქონტი | |||
9. თეოდორ | ~710–730 | არქონტი | |||
10. კონსტანტინე II | ~730–745 | არქონტი | სახელი[29] |
მეფობის წლები[30] | ტიტული |
11. ლეონ I | ~745–767 | არქონტი | 1. ლეონ I | ერისთავი | |
12. ლეონ II | ~767–811 | მეფე | 2. ლეონ II | 786–806 (კ̃ წელი მეფა) | მეფე |
13. თეოდოს II | ~811–837 | მეფე | 3. თევდოსე I | 806–845 (ლ̃თ წელი მეფა) | მეფე |
14. დემეტრე II | ~837–872 | მეფე | |||
15. გიორგი I აღწეფელი | ~872–878 | მეფე | 4. გიორგი I ახსთეფელი | 845–877 (ი̃ე წელი მეფა) | მეფე |
– ივანე (იოვანე) (უზურპატორი) | 877/878–879[31] | მეფე | 5. იოანე | 877–879 (ი̃დ წელი მეფა) | მეფე |
– ადარნასე (უზურპატორი) | 879–887[32] | მეფე | 6. ადარნასე | 879–887 (ჱ წელი მეფა) | მეფე |
16. ბაგრატ I | ~887–898 | მეფე | 7. ბაგრატ I | 887–906 (ი̃თ წელი მეფა) | მეფე |
17. კონსტანტინე III | ~898–916 | მეფე | 8. კოსტანტინე | 906–921 (ი̃ე წელი მეფა) | მეფე |
18. გიორგი II | ~916–960 | მეფე | 9. გიორგი II | 921–955 (ლ̃თ წელი მეფა) | მეფე |
19. ლეონ III | ~960–969 | მეფე | 10. ლეონ III | 955–957 (ბ̃ წელი მეფა) | მეფე |
20. დემეტრე III | ~969–976 | მეფე | 11. დემეტრე | 957–979 (კ̃ბ წელი მეფა) | მეფე |
21. თეოდოს III | ~976–978 | მეფე | 12. თევდოსე II ბრმა | 979–985 (ვ̃ წელი მეფა) | მეფე |
22. ბაგრატ II | 978–1014 | მეფე | 13. ბაგრატ II | 985–1008 (კგ წელი მეფა) | მეფე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.