კონტინენტი From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი ამერიკა (ესპ. América del Sur, Sudamérica, Suramérica, პორტ. América do Sul, ინგლ. South America, ნიდერლ. Zuid-Amerika, ფრანგ. Amérique du Sud, გუარ. Ñembyamérika, კეჩ. Urin Awya Yala, Urin Amerika) — კონტინენტი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროსა და, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროში; ესაზღვრება სამხრეთით და დასავლეთით წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე; ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — პუნტა-გალინასის კონცხი (ჩ. გ. 12°28'), სამხრეთით — ფროუორდის კონცხი (ს. გ. 53°54'), აღმოსავლეთით — კაბუ-ბრანკუს კონცხი (დ. გ. 34°37') და დასავლეთით — პარინიასის კონცხი (დ. გ. 81°20').
ფართობი | 17,840,000 კმ² |
---|---|
მოსახლეობა | 382,000,000 |
სიმჭიდროვე | 21.4 კმ²-ზე |
სახელმწიფო | 12 |
კოლონია | 3 |
ენები | ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ნიდერლანდური, ინგლისური, კეჩუა, აიმარა, გუარანი, და სხვა. |
დროის ზონა | UTC -2:00 (ბრაზილია), UTC -5:00 (ეკვადორი) |
დიდი ქალაქები | სან-პაულუ ბუენოს-აირესი რიო-დე-ჟანეირო ბოგოტა ლიმა სანტიაგო კარაკასი |
როგორც ამერიკის ნაწილი, ჩრდ. ამერიკის მსგავსად სამხრეთ ამერიკას სახელი ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაერქვა. ის პირველი ევროპელი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ინდოეთის ნაწილი კი არ იყო, არამედ მანამდე ევროპელთათვის უცნობი ახალი მსოფლიო.
სამხრეთ ამერიკის ფართობია 17 840 000 კმ², მისი მოსახლეობა 2005 წლისთვის შეადგენდა 371 000 000 ადამიანს. სამხრეთ ამერიკა ფართობით მეოთხეა აზიის, აფრიკისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ და მოსახლეობით მეხუთე (აზიის, აფრიკის, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ).
სამხრეთ ამერიკას ეკუთვნის მრავალი კუნძული, მათ შორის: ქარზურგა კუნძულები და კუნძული ტრინიდადი, ფოლკლენდის კუნძულები, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი, გალაპაგოსის, ჩილეს სამხრეთით და დასავლეთით მდებარე კუნძულები და სხვა.
სამხრეთი ამერიკის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილია ფიორდებით შეჭრილ-შემოჭრილი. ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი გუაიაკილის და ვენესუელის ყურეები, მარაკაიბოს ტბა და რიო-დე-ლა-პლატის ყურე. წყნარი ოკეანის სანაპირო უმთავრესად სწორხაზოვანი და აბრაზიულ-აკუმულაციურია, პერუში უმთავრესად კლდოვანია. ატლანტის ოკეანის სანაპიროც სწორხაზოვანია. ღია, ნამგლისებრი ყურეები დამახასიათებელია პატაგონიის სანაპიროსათვის.
სამხრეთ ამერიკაში მკაფიოდ განირჩევა ბაქნური ვაკე-ზეგანი, ანდებს გარე აღმოსავლეთი და ანდების მთების ოროგენიულ სარტყელში მოქცეული ანდური დასავლეთი. სამხრეთ ამერიკის ბაქნის აზევებებს რელიეფში შეესაბამება გვიანის, ბრაზილიისა და პატაგონიის ზეგნები; ჩაღრმავებებს — ლიანოს-ორინოკოს, ამაზონის, ბენი-მამორეს, გრან-ჩაკოსა და სხვა ვაკე-დაბლობები. აღმოსავლეთით ზეგნები შემოფარგლულია სანაპირო ვაკეების ვიწრო, წყვეტილი ზოლით. გვიანის ზეგნის (სიმაღლე 3014 მ-მდე, მთა პიკო-და-ნებლინა) და ბრაზილიის ზეგნის (სიმაღლე 2890 მ, მთა ბანდიერა) რელიეფში ჭარბობს ცოკოლიანი ტალღოვანი ვაკეები, რომლებზეც მკაფიოდ გამოირჩევა კონუსური შთენილი მწვერვალები და ჭიუხები (მაგ. სერა-დე-ესპინიასუ) ან მაგიდა მაღლობები — ე. წ. შპადები (აუიან-ტე-პუი, რორაიმა და სხვა). პატაგონიაში უფრო მეტად განვითარებულია კანიონებით დასერილი შრეებრივი, მათ შორის ვულკანური საფეხურებრივი პლატოები.
კონტინენტის დასავლეთ კიდეებზე, დაახლოებით 9000 კმ-ზე, გადაჭიმულია ანდების მთათა სისტემა. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენესუელაში, განლაგებულია რღვევებითა და მდინარის ეროზიით ღრმად დანაწევრებული კარიბის ანდების ორი მთაგრეხილი. მათი სამხრეთ-დასავლეთი გაგრძელებაა ჩრდილო-დასავლეთ ანდების ნაოჭა-ლოდა ქედები. წყნარი ოკეანის სანაპიროზე გადაჭიმულია ანდების ძირითადი სისტემა, რომელიც შედგება უმთავრესად მერიდიანული მიმართულების რამდენიმე ქედისაგან. ჩრდილოეთი ნაწილისათვის (ეკვადორისა და პერუს ანდები) დამახასიათებელია მაღალი ნაოჭა-ლოდა ქედებისა და ღრმა ქვაბულების მონაცვლეობა. ეკვადორში მთათაშუა ქვაბული ჩიმბორასოსა და კოტოპახის ვულკანური მასალითაა ამოვსებული. ამ რეგიონში ვხვდებით ასევე 2-3 ათასი მეტრის სიმაღლის ძველ ნატბეურ პლატოებს. ცენტრალური ანდებისათვის დამახასიათებელია კიდური ქედებით შემოზღუდული და 3-5 ათას მეტრამდე აზიდული შიგა ზეგნები, რომელთაგან ყველაზე ვრცელია ზეგანი პუნა. სამხრეთ ნაწილშია ჩილე-არგენტინის ანდები (აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა, 6960 მ) და პატაგონიის ანდები. ცენტრალურ ანდებთან შედარებით აქ მთათა სისტემა დავიწროებულია, ხოლო უკიდურეს სამხრეთში კუნძულთა ჯგუფად — არქიპელაგად გადაიქცევა. მყინვარებს სამხრეთ ამერიკაში 25 ათასი კმ² ფართობი უკავია.
სამხრეთი ამერიკის კონტინენტი შედგება ორი ძირითადი სტრუქტურული ერთეულისაგან — სამხრეთი ამერიკის ბაქნისა და ანდების ნაოჭა მთიანი სისტემისაგან. ბაქნის ფუნდამენტი შედგება სხვადასხვა დროს (არქაულიდან ადრეული პალეოზოური დროის ჩათვლით) კონსოლიდირებული ბლოკებისაგან. ფუნდამენტის ვრცელი შვერილებია გვიანის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბრაზილიის ფარები, რომლებიც აგებულია კამბრიულისწინა მეტამორფული ქანებისა და გრანიტებისაგან. გვიანისა და დასავლეთი ბრაზილიის ფარის წყალგამყოფებზე შემორჩენილია ძველი, პროტობაქნური საფრის ნაშთები — წითელი ფერის ტერიგენული ნალექები და ბაზალტის განფენები გაბრო-დიაბაზების დაიკებითა და სილებით. უფრო ახალგაზრდა, შუა-ზედაპალეოზოური და მეზოზოური ასაკის საფარი ავსებს ბაქნის ღრმულებს. ატლანტის ოკეანის სანაპირო აგებულია ცაცრცული სისტემის და კაინოზოური ჯგუფის ნალექებით.
ანდების მთათა სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. იგი ჩაისახა ტრიასულ პერიოდში პალეოზოურ და ბაიკალურ დანაოჭებულ სუბსტრატზე. ტერიგენული და ვულკანური ნალექთა დაგროვება ცარცული პერიოდის ბოლომდე გრძელდებოდა; შემდეგ დაიწყო დანაოჭება, რასაც მოჰყვა გრანიტოიდული ინტრუზივების შემოჭრა. კაინოზოურ ერაში ჩაისახა და ჩამოყალიბდა მთათაშუა და კიდური როფები, რომლებიც ამოივსო დიდი სისქის დანალექი წყებებით; ანდებში დაიწყო ასევე ვულკანების ინტენსიური მოქმედებები, რომელიც ახლაც გრძელდება. ხშირია მიწისძვრებიც, მათ შორის დამანგრეველიც.
სამხრეთი ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით: რკინის მადნის უდიდესი საბადოებია ვენესუელასა და ბრაზილიაში; სპილენძისა — ცენტრალურ ანდებში; იშვიათი ელემენტებისა — აღმოსავლეთ ბრაზილიაში; კალის, სტიბიუმისა და ვერცხლის - ბოლივიაში; ნავთობისა — ვენესუელაში; ბოქსიტებისა - გაიანასა და სურინამში. არის აგრეთვე ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოები.
კონტინენტის უმთავრესად დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის სითბოს დიდი რაოდენობით მიღებას. სამხრეთ ტროპიკის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა 20-28 °C შორის მერყეობს (მაქსიმალური — 49 °C, გრან-ჩაკოში), პატაგონიაში ზაფხულში (იანვარი) 10 °C-მდე ეცემა, პამპაში ზამთარში (ივლისი) 6-10 °C-მდე, ხოლო უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კი 1 °C-მდე. მაღალმთიან ზეგნებსა და სამხრეთ ნაწილში მინიმალური ტემპერატურა −30 °C-მდეა. ჰაერის მასების ეკვატორული პასატურ-მუსონური ცირკულაცია იწვევს ოკეანიდან კონტინენტის სიღრმეში თბილი და ნოტიო ჰაერის შეჭრას, რაც ანდების აღმოსავლეთ კალთებამდე ვრცელდება და განაპირობებს ნალექების სიუხვეს.
სამხრეთი ამერიკა მდებარეობს ეკვატორულ, ჩრდილოეთ და სამხრეთ სუბეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებში. ეკვატორული სარტყელი მოიცავს ამაზონის დაბლობის დიდ ნაწილს, სადაც მუდმივად ნოტიო და ცხელი ჰავაა. დასავლეთ ნაწილში — ანდებში — მთის ეკვატორული ჰავაა. სუბეკვატორულ სარტყელში ზაფხული ცხელი და ნოტიო იცის, ზამთარი — თბილი და მშრალი. სუბეკვატორული ჰავაა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში, ლიანოს-ორინოკოს დაბლობზე, გვიანის ზეგნის ჩრდილოეთით, ბრაზილიის ზეგნის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილებში, აკრი-ბენი-მამორეს ვაკეებსა და ეკვადორის დასავლეთ რაიონებში. ტროპიკულ სარტყელში დანესტიანება კლებულობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ცენტრალურ ანდებში მდებარე პუნა აღმოსავლეთის ქარებისაგან თითქმის იზოლირებულია; მის ჩრდილოეთ ნაწილში ტროპიკული მაღალი მთის ჰავაა (ზაფხულობით იცის წვიმები), ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში კი — კონტინენტური უდაბნოსი. სარტყლის წყნაროკეანურ ნაწილში ჰავა განსაკუთრებით მშრალია, ნალექები ხშირად წლობით არ მოდის; სანაპირო ზოლი გამოირჩევა ზამთარ-გაზაფხულის ძლიერი ნისლითა და ჟინჟღლით, აგრეთვე შედარებით დაბალი ტემპერატურებით. სუბტროპიკული სარტყელის აღმოსავლეთ ნაწილში (ბრაზილიის ზეგნის სამხრეთი; აღმოსავლეთი პამპა) თბილი და მუდმივად ნოტიო ჰავაა. დამახასიათებელია სამხრეთის ძლიერი ქარი — პამპერო, რომელიც ზამთრობით იწვევს წაყინვებს. დასავლეთით ჰავა უფრო მშრალია, ნალექები მხოლოდ ზაფხულში მოდის. წყნაროკეანისპირა სექტორში (ჩილე) ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავაა, მშრალი ზაფხულითა და ნოტიო ზამთრით. ზომიერი სარტყლის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს ჰაერის მასების დასავლური გადატანა. მათ ანდების ქარპირა დასავლეთ კალთაზე დიდი რაოდენობით მოაქვთ ნალექი, პატაგონია კი "წვიმის ჩრდილში" ხვდება და ჰავა ნახევარუდაბნოსია.
სამხრეთი ამერიკა მდიდარია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებით. აქაა მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე ამაზონი. სამხრეთ ამერიკაზე მოდის დედამიწის მდინარეთა ჩამონადენის 27 %, ჩამონადენის საშუალო ფენა (58 სმ) მთელი ხმელეთის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია, მაგრამ არათანაბრადაა განაწილებული — რამდენიმე მმ-იდან ასეულ სმ-მდე. ასევე არათანაბრად არის განაწილებული მდინარეები ოკეანეების აუზების მიხედვით. წყნარი ოკეანის აუზი თორმეტჯერ მცირეა ატლანტიკურზე (მათი წყალგამყოფი ანდებზე გადის). გარდა ამისა სამხრეთი ამერიკის ტერიტორიის 10 % ჩაკეტილი აუზია, რომელიც იწყება გუაიაკილის ყურიდან, გადის ცენტრალური ანდების მთიანეთზე და გრძელდება სამხრეთ პამპამდე. მდინარეები ძირითადად საზრდოობენ წვიმის წყლით, უკიდურეს სამხრეთში — თოვლითა და მყინვარებით. ვაკის მდინარეები გამოყენებულია სანაოსნოდ. მთის მდინარეებზე ბევრი ჭორომი და ჩანჩქერია (ანხელი, კაიეტური, იგუასუ და სხვა). მდინარეები მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით.
მყინვარული წარმოშობის დიდი ტბებია ლაგო-არხენტინო, ბუენოს-აირესი, ლიან-კიუე, და სხვა. ანდებშია მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბა - ტიტიკაკა, აქვეა შთენილი ტბა პოოპო და სხვა. ლაგუნური ტბებიდან აღსანიშნავია მარაკაიბო, პატუსი, ლაგოა-მირინი.
სამხრეთი ამერიკის დიდი ნაწილი ფლორისტიკულად ნეოტროპიკულ ოლქს მიეკუთვნება. სამხრეთი ნაწილი კი (ს. გ. 40°-იდან) — ანტარქტიკის ოლქს. სამხრეთი ამერიკის ტერიტორიაზე ჭარბობს ნოტიო, მარადმწვანე, ძირითადად ეკვატორული ტყე, ე. წ. ჰილეა (ბრაზილიაში — სელვასი), რომელიც გავრცელებულია ამაზონის დაბლობზე, მის მიმდებარე ზეგნებსა და ანდების კალთებზე, დასავლეთ კოლუმბიასა და ბრაზილიის ზეგნის აღმოსავლეთ ფერდობებზე. ჰილეის ქვეშ განვითარებულია წითელ-ყვითელი ფერალლითური ნიადაგი. ანდების მთის ჰილეაში კარგადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყელურობა. აღმოსავლეთ ამაზონიაში ეკვატორიდან დაშორებასთან ერთად ჩნდება ფოთოლმცვენი ხემცენარეები, ხოლო გვიანის ზეგნის ჩრდილოეთით და ბრაზილიის ზეგნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ფოთოლმცვენი და მარადმწვანე ტყით იცვლება.
სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში, სადაც გვალვიანი სეზონები მკვეთრადაა გამოხატული, განვითარებულია სავანა და ნათელი ტყე. ლიანოს-ორინოკოს სამხრეთ ნაწილში გვხვდება მშრალი სავანა ქსეროფილური ხემცენარეებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი მნიშვნელოვანი ფართობი უკავია გაუდაბნოებულ ნათელ ტყეს — კაატინგას. გრანჩაკოს ვაკეზე ყავისფერ-წითელ ნიადაგებზე ხარობს მშრალი ტროპიკული ტყე. ანდების აღმოსავლეთ კალთებზე სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებშიც მკაფიოდ გამოხატული ვერტიკალური სარტყელურობაა.
სუბტროპიკულ სარტყელში ნახევარუდაბნოებს დასავლეთით ცვლის ყავისფენ ნიადაგებზე აღმოცენებული „ხმელთაშუაზღვიური“ ზაფხულმშრალი ხეშეშფოთლიანი ტყე და ბუჩქნარი. ს. გ. 37-38°-ის სამხრეთით ისინი ნოტიო, მარადმწვანე შერეული ტყით — ჰემიჰილეით იცვლება. აქ ტყის ყომრალ ნიადაგზე ხარობს სამხრეთის წიფელი, ნოტოფაგუსი, მაგნოლია, დაფნა, წიწვოვანებიდან — ჩილეს არაუკარია და სხვა, ბევრია ლიანა, ბამბუკი, ეპიფიტი, გვიმრა. ანდების აღმოსავლეთით, არგენტინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაბატონებულია ბუჩქოვანი ნახევარუდაბნო და უდაბნო, აღმოსავლეთისაკენ სინოტივის მატებასთან ერთად ადგილს იჭერს მარცვლოვან-ნაირბალახოვანი სტეპი — პამპა. ბრაზილიის ზეგნის ამაღლებულ სამხრეთ ნაწილში გავრცელებულია სუბტროპიკული ნოტიო-მარადმწვანე ტყე — პინერაია.
ზომიერი სარტყლის აღმოსავლეთ ნაწილში რუხ-მურა და დამლაშებულ ნიადაგებზე მშრალი სტეპი და ნახევარუდაბნოა. პატაგონიის ანდების დასავლეთ კალთაზე ტყის ყომრალ ნიადაგზე ხარობს მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ტყე, აღმოსავლეთ კალთაზე - წიწვოვანი და ფოთოლმცვენი ტყე, ხოლო ცეცხლოვანი მიწის ჩრდილოეთით მთისპირა დაბლობებში წაბლა ნიადაგზე გავრცელებულია სტეპი. კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთი და აღმოსავლეთი სნაპირო (ს. გ. 27°-მდე) შემოფარგლულია მანგროვიანით.
კონტინენტის პალეოგეოგრაფიული განვითარების განსაკუთრებული პირობების გამო სამხრეთ ამერიკის ფაუნა იმდენად თავისებურია, რომ იგი ვესტ-ინდოეთის კუნძულებთან და ცენტრალურ ამერიკასთან ერთად ქმნის დამოუკიდებელ სამეფოს - ნეოგეას, რომელშიც შედის ერთადერთი ნეოტროპიკული ოლქი. ეს ოლქი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გვიანა-ბრაზილიისა და ჩილე-პატაგონიის ქვეოლქებად იყოფა. სამხრეთ ამერიკის ფაუნა მდიდარია ენდემური სახეობებით. (ზარმაცები, ჭიანჭველაჭამიები, ცხვირფართო მაიმუნები, ლამები და სხვა). სამხრეთ ამერიკაში ჩანთოსნების, მახრჩობელა ბოას და სხვათა არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ წარსულში ეს კონტინენტი დაკავშირებული იყო მადაგასკარსა და ავსტრალიასთან. მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ამერიკის ნოტიო ტროპიკული და ეკვატორული ტყის ფაუნა, სადაც ცხოველთა უმეტესობა სიცოცხლის მეტ ნაწილს ხეზე ატარებს; აქ ბინადრობენ მაიმუნები, ზარმაცები, ჭიანჭველაჭამიები, მტაცებლებიდან ოცელოტი და იაგუარი, აგრეთვე ტყის ძაღლი, ჩლიქოსნებიდან - ტაპირი, პატარა გარეული ღორი პეკარი და სხვა. მღრღნელებიდან გვხვდება მეხეური მაჩვზღარბა კოენდე, ჩანთოსანი ვირთაგვა, ბევრია ღამურა. მდიდარია ორნითოფაუნა (თუთიყუში, სვავი, კოლიბრი). ტროპიკულ ტყეებში უამრავი მწერია - ღამისა და დღის პეპლები, 100 ათასი სახეობის ხოჭო. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია წყლის ანაკონდა და ხმელეთის მახრჩობელა ბოა-კონსტრიქტორი, ბევრია შხამიანი გველი, ხვლიკი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი, მდინარის დელფინი ინია, მტაცებელი თევზი პირანია; აქ თევზის ორიათას სახეობას ითვლიან. სუბეკვატორული და ტროპიკული სარტყლების სავანასა და მეჩხერ ტყეში და სუბტროპიკული სარტყლის სტეპში მტაცებლებიდან გვხვდება იაგუარი, პუმა, ოცელოტი, პამპასის კატა, პამპასის მელა, ფაფრიანი მგელი, სავანის მელა, ჩლიქოსნებიდან - პამპასის ირემი. მდინარეებსა და ტბებში არის ნუტრია. ფრინველებიდან აღსანიშნავია სირაქლემა ნანდუ, ბევრია თუთიყუში და კოლიბრი. ანდებში ბინადრობს რელიქტური სათვალიანი დათვი, ლამა, პუანკო და სხვა. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გვხვდება მაგელანის მელა.
რელიეფის გათვალისწინებით სამხრეთ ამერიკას ყოფენ ორ დიდ ნაწილად — ანდებსგარე აღმოსავლეთად და ანდურ დასავლეთად. ანდებსგარე აღმოსავლეთში გამოყოფილია შემდეგი ბუნებრივი მხარეები:
კოლუმბამდელი ცივილიზაციები — ცივილიზაციებია, რომლებიც არსებობდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთი ამერიკის კონტინენტებზე და გაქრნენ XV საუკუნეში ევროპელი კოლონისტების გამოჩენამდე.
მიაჩნიათ, რომ ინდიელების და ესკიმოსების წინაპრები ამერიკაში გადასახლდნენ 30-20 ათასი წლის წინ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან ბერინგიის ოლქიდან ბერინგის ზღვის და ბერინგის სრუტის გავლით. პირველი გადასახლებულების კულტურის დონე შეესაბამებოდა ძველი სამყაროს პალეოლითურ და მეზოლითურ კულტურებს. ორივე კონტინენტზე ინდიელების განსახლება და მათ მიერ ახალი მიწების ათვისება გრძელდებოდა ბევრი ათასწლეულის განმავლობაში.
ამერიკის კოლონიზაციამდე (დაიწყო XVI საუკუნეში) ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკის ტომების უმრავლესობა იმყოფებოდა თემურ-ნათესაური წყობის სხვადასხვა სტადიაზე: მათში ბატონობდა ნათესაობის მდედრობითი ხაზი (იროკეზები, მასკოგები, ჰოპები, მდინარე ამაზონის აუზის ბევრი ტომი და სხვა.), სხვებში ჩამოყალიბდა ნათესაობის მამრობითი ხაზი (ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ დასავლეთის ტომები, სამხრეთ ამერიკის ბევრი ტომი). ზოგიერთი ხალხი იმყოფებოდა თემურიდან კლასობრივ საზოგადოებაზე გადასვლის სხვადასხვა გარდამავალ სტადიებზე. ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ინდიელები (აცტეკები, მაია, ინკები) უკვე ცხოვრობდნენ კლასობრივ საზოგადოებაში.
ინდიელთა რელიგია სხვადასხვანაირი იყო, მაგრამ, მას არ ეტყობოდა მონოთეიზმის კვალი, რის გამოც მისიონერებს საკმაოდ უძნელდებოდათ მათთვის ქრისტიანული მცნება «ღმერთი»-ს ახსნა. ოღონდ ეს, არ ეხებოდათ ინკებს, რომელთა ვირაკოჩასადმი თაყვანისცემა თანდათან იძენდა მონოთეისტურ ნიშნებს. ინდიელებისთვის ღვთაების იდეამ ვერ მოასწრო განსაზღვრა და ზუსტი მნიშვნელობის აღქმა; ასევე ძნელია განისაზღვროს მათი შეხედულებები სამყაროს შექმნაზე. ბევრ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ვარსკვლავების, მზის და მთვარის გაღმერთებაზე; ზოგჯერ ტომების ბელადები იძულებულები იყვნენ მათთვის მსვერპლიც შეეწირათ. ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვიეს წყლის, ჭექა-ქუხილის და ელვის თაყვანისცემაც: შემონახულია ჭექა-ქუხილისადმი მიძღვნილი ჰიმნი პერუში. რიცხვ ოთხს ბევრ ტომებში აქვს მაგიური მნიშვნელობა; ასევე აღიარებულია მრავალრიცხოვანი პრიმატები. კოსმოგონური და სხვა მითოლოგიური მონათხრობები დიდი რაოდენობითაა შეგროვილი ინდიელთა შორის; ისინი ყველა ძალიან ჰგავს პოლინეზიურს. მათ ასევე გააჩნიათ საკუთარი თქმულება წარღვნაზე.
ცხოველები, განსაკუთრებით ჩიტები, დიდ როლს თამაშობენ ბევრ თქმულებებში, ზუსტად ისევე, როგორც ისინი ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ტოტემიზმში. ამასთან დაკავშირებით ხდება დათვების, მგლების, გველების და სხვა ცხოველების თაყვანისცემა. გავრცელებულია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის ცნება. კერპთაყვანისმცემლობა ინდიელებში იშვიათობაა, ასე რომ მათ რელიგიას უფრო პოლითეიზმის სახე კი არა აქვს, არამედ პანდემონიზმურია; გვიანდელ პერიოდში მსხვერპლად სწირავდნენ სიმინდს და ერთადერთ შინაურ ცხოველ — ძაღლს.
ინკები ეთაყვანებოდნენ მზის ღმერთ ინტის, როგორც მთავარ ღმერთს. ინკების მმართველი ითვლებოდა მზის ღმერთის სახედ დედამიწაზე, ამიტომ ყველაფერს, რასაც ის ეხებოდა, სწვავდნენ. მზის კულტის გამო საკმაოდ გავრცელებული იყო ოქროს სხვადასხვა ნაკეთობები.
ინკებს ჰყვდათ ასევე მეორეხარისხოვანი ღმერთები: ესენი იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, რეგიონალური ანუ ტომობრივი ღმერთები, მეორე, რაიონული ანუ კლანური, და ბოლოს, გვაროვნული. პირველებს ისტორიკოსი კრისტობალ დე ალბორნოსი უწოდებს პაკარისკებს. პაკარისკები შეიძლება ყოფილიყვნენ მითური დიდი ეთნიკური ჯგუფის პირველი წინაპრები. მათ შორის შეიძლება მოვიხსენიოთ ისეთი ღმერთები, როგორებიცაა: პარიაკაკა, კარუა, ვანკა, აისავილკა, ჩინჩაკოჩა ანუ იანარამანი. ავგუსტიანელი ბერები მოიხსენებენ რეგიონალურ კერპებს გუამაჩუკოში.
ინკების რელიგიაში არსებობდა მონოთეისტური ტენდენციები, ჩათვლილიყო ყველა ღმერთი ვირაკოჩა-პაჩა კამაკის იპოსტასებად. ცნობილია ვირაკოჩას რამდენიმე აშკარად მონოთეისტური ჰიმნი, რომლებიც მიეკუთვნება პაჩაკუტის.
კანიბალიზმს, რომელიც დაფიქსირებულია ბევრ ადგილებში, ყველგან ჰქონდა რელიგიური საფუძველი. ქურუმების ადგილს იკავებდნენ განსაკუთრებული ჯადოქრები, რომლებიც იმავდროულად ექიმებიც იყვნენ. დაკრძალვის ცერემონიები, ერთნაირია ყველა ინდიელისათვის, რომელსაც თან ახლავს ხმამაღალი ტირილი, თმების დაგლეჯა, იმ ქოხის დანგრევა, სადაც ის გარდაიცვალა; ცხედარს მარხავენ დამჯდარ მდგომარეობაში, რაც შესაძლებელია მხოლოდ მიცვალებულის განსაკუთრებული გათოკვით. ძველ პერუში გამოიყენებოდა ცხედრების განსაკუთრებული მუმიფიკაცია.
1494 წელს პორტუგალიამ და ესპანეთმა, რომლებიც იმ დროისთვის ყველაზე უფრო დიდი საზღვაო იმპერიები იყვნენ, ხელი მოაწერეს ტორდესილასის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილ იქნა გამყოფი ხაზი, დასავლეთის გრძედის 46° მერიდიანი, რომლის დასავლეთით აღმოჩენილი ყველა ახალი ტერიტორია ცხადდებოდა ესპანეთის საკუთრებად, ხოლო მისგან აღმოსავლეთით აღმოჩენილი ახალი მიწები პორტუგალიის სამფლობელოებად. მაგრამ შემდგომში პორტუგალიელებმა დაარღვიეს ეს ხელშეკრულება, როდესაც მერიდიანის დასავლეთითაც აითვისეს მიწები და შექმნეს კოლონია ბრაზილია.
1498 წელს ამერიკისკენ მესამედ გაცურვისას, ქრისტეფორე კოლუმბმა ჩაუარა ორინოკოს დელტას, ხოლო შემდეგ გადაჯდა პარიას ყურეში (ფაქტობრივად ვენესუელა). იქ მას დახვდა საოცრად ლამაზი ბუნება და მტკნარი წყლის დიდი რაოდენობა.
1499 წლიდან სამხრეთ ამერიკის მოსახლეობამ, რომელიც სავარაუდოდ 30 მილიონს აღემატებოდა, და ბუნებრივმა რესურსებმა არაერთხელ განიცადეს ექსპლუატაცია ევროპელი კონკისტადორების მხრიდან, ჯერ ესპანელების, ხოლო შემდეგ პორტუგალიელების მიერ. ეს ორივე ურთიერთკონკურენტული მხარე პრეტენზიას აცხადებდა სამხრეთ ამერიკის მიწებზე და რესურსებზე, ისე როგორც საკუთარზე და დაყვეს კოლონიებად.
ევროპულმა დაავადებებმა (ოსპა, გრიპი, წითელა და ტიფი), რომელთა წინააღმდეგ ადგილობრივ მაცხოვრებლებს იმუნიტეტი არ გააჩნდათ, ასევე იძულებითმა შრომამ გაანადგურა სამხრეთ ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამის შემდეგ ესპანელებმა და პორტუგალიელებმა დაიწყეს აფრიკიდან მონების ჩამოყვანა განადგურებული მოსახლეობის შესაცვლელად.
ევროპელებმა მაშინვე დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობის და აფრიკელი მონების ქრისტიანულ რელიგიაზე მოქცევა. ისინი ცდილობდნენ ადგილობრივ მოსახლეობას სწრაფადვე დაევიწყებინა საკუთარი ტრადიციები და ჩვეულებები, რომლებიც ხელს უშლიდა ქრისტიანული რელიგიის სწრაფ გავრცელებას. მაგრამ საწყის ეტაპზე ევროპელთა მცდელობებს ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. შემდგომში ესპანელებმა დიდი წინააღმდეგობის რაიონებში ოდნავ შეარბილეს მკაცრი პოლიტიკის გატარება, რომის კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთმა მისიონერებმა შეისწავლეს კეჩუას, ნაუატლის და გუარანის ენა, ამ ენებზე შექმნეს დამწერლობა და გარკვეულწილად განავითარეს კიდეც.
თანდათანობით ესპანელების და ადგილობრივების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან შეჯვარდა, რის შედეგადაც წარმოიშვა მეტისები. მეტისები და ინდიელები ხშირად იძულებულები იყვნენ ესპანური მთავრობისათვის გადაეხადათ არასამართლიანი გადასახადები და მკაცრად ისჯებოდნენ დაუმორჩილებისთვის. ბევრი ადგილობრივი ხელოვნების ნიმუში, ნაკეთობა და ძეგლი ევროპელებმა ჩათვალეს კერპთაყვანისმცებლურად და გაანადგურეს ისინი. ეს მოიცავდა დიდი რაოდენობით ოქროს და ვერცხლის სკულპტურებს, რომლებიც ესპანელებმა გადაადნეს სამშობლოში ტრანსპორტირებამდე.
1616 წელს ნიდერლანდები დაინტერესდა ელ-დორადოს ლეგენდით, დააარსა ფორტი გაიანა და შექმნა სამი კოლონია: დემერარა, ახალი ზელანდია და ესეკიბო.
1624 წელს საფრანგეთი შეეცადა დაფუძნებულიყო თანამედროვე საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზე, მაგრამ იძულებული იყო დაეტოვებინა იგი პორტუგალიის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც საფრანგეთის ამ ქმედებას განიხილავდა ტორდესილასის ხელშეკრულების დარღვევად. მაგრამ ფრანგი დასახლებულები დაბრუნდნენ 1630 წელს, ხოლო 1643 წელს მათ შეძლეს დაეარსებინათ დასახლება კაიენა და რამდენიმე პატარა პლანტაცია.
XVI საუკუნიდან დაწყებული ესპანურ და პორტუგალიურ კოლონიებში გაჩნდა უკმაყოფილებები კოლონიური ადმინისტრაციის მიმართ. ამ მოძრაობებიდან ყველაზე ცნობილია მონა მარონების გამოსვლა, რომლებიც გაექცნენ თავიანთ პატრონებს და შექმნეს საკუთარი თავისუფალი თემები. სამეფო არმიამ მათი დამორჩილება ვერ შეძლო, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მარონებმა კარგად შეისწავლეს სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ბრძოლა.
1721 წელსა და 1735 წელს შორის პერიოდში მოხდა პარაგვაელი კომუნარების აჯანყება, რომლის დროსაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პარაგვაელი დასახლებულები და ადგილობრივი ინდიელები.
1742 წელსა და 1756 წელს შორის პერიოდში პერუს ცენტრალურ ჯუნგლებში მოხდა ხუან სანტოს ატაუალპას აჯანყება. 1780 წელს პერუს ვიცე-სამეფოში მოხდა ტუპაკ ამარუ II-ის აჯანყება, რომელიც გააგრძელა ტუპაკ კატარიმ ზემო პერუში.
1763 წელს აფრიკელი კუფუს ხელმძღვანელობით მოხდა აჯანყება გაიანაში, რომელიც სასტიკად ჩაახშეს ჰოლანდიელებმა. 1781 წელს მოხდა კომუნარების აჯანყება ახალი გრანადის ვიცე-სამეფოში, რომელიც იყო სახალხო აჯანყება და რომელმაც ერთმანეთთან გააერთიანა ადგილობრივი მაცხოვრებლები და მეტისები. აჯანყებულები ცდილობდნენ კოლონიაში ხელში აეღოთ ძალაუფლება და მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-მეფე მანუელ ანტონიო ფლორეს მალდონადომ აჯანყებულებს ბევრ დათმობებს დაპირდა, მან არანაირი პირობა არ შეასრულა და პირიქით აჯანყების ხელმძღვანელი ხოსე ანტონიო გალანი ჩამოახრჩო.
1796 წელს ნიდერლანდური კოლონია ესეკიბო დაიკავა დიდმა ბრიტანეთმა, რომლებსაც ადრე იქ მონები შეჰყავდათ.
XVIII საუკუნეში ესპანელი მღვდელი, მათემატიკოსი და ბოტანიკოსი ხოსე სელესტიანო მუტისი (1732-1808) ვიცე-მეფე ანტონიო კაბალიერო ი გონგორამ გააგზავნა ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს ინვენტარიზაციის ჩასატარებლად, რომელიც როგორც ცნობილია იყო ბოტანიკური ექსპედიცია, რომელმაც ჩაატარა მსენარეულობის და ცხოველთა სამყაროს აღწერა და ქალაქ ბოგოტაში დააარსა პირველი ასტრონომიული ობსერვატორია.
1801 წლის 15 აგვისტოს პრუსიელმა მეცნიერმა ალექსანდერ ჰუმბოლდტმა მიაღწია დასახლება ფონტიბონს, სადაც მუტისმა დაიწყო ახალი გრენადის თავისი ექსპედიცია კიტოში. ორი მეცნიერის შეხვედრა ითვლება ყველაზე ნათელ მოვლენად ბოტანიკურ ექსპედიციაში. ჰუმბოლდტმა ინახულა ვენესუელა, მექსიკა, აშშ, ჩილე და პერუ. მისი დაკვირვებებისას წყნარი ოკეანის ტემპერატურათა ცვლილებებზე ჩილედან პერუმდე წელიწადის სხვადასხვა პერიოდში, მან აღმოაჩინა ცივი დინებები, რომელთა მიმართულება იყო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ პერუს სანაპიროს გასწვრივ, რომელსაც მის პატივსაცემად ჰუმბოლდტის დინებები დაერქვა.
1806 წელსა და 1807 წელს შორის პერიოდში ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს რიო-დე-ლა-პლატას რაიონში შეჭრა. ეს აგრესია მოგერიებული იქნა, მაგრამ ესპანეთის ხელისუფლებაზე მძლავრად იმოქმედა.
ესპანურმა კოლონიებმა საკუთარი დამოუკიდებლობის მოპოვება დაიწყეს XIX საუკუნის პირველ მეოთხედში, ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის დროს. სიმონ ბოლივარი (დიდი კოლუმბია, პერუ, ბოლივია), ხოსე სან-მარტინი (რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები, ჩილე, პერუ) და ბერნარდო ო’ჰიგინსი (ჩილე) მეთაურობდნენ დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ ბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლივარი ცდილობდა ესპანურენოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო ერთიანი, ის მაინც დაიშალა რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
სიმონ ბოლივარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ვენესუელაში ესპანური ბატონობის დამხობაში (1810 წლის 19 აპრილი) და მის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებაში (1811 წლის 5 ივლისი). იმავე წელს ბოლივარი რევოლუციურმა ხუნტამ (სახალხო კრება) გააგზავნა ლონდონში, რათა მოეპოვებინა მხარდაჭერა ბრიტანეთის მთავრობისგან. მაგრამ ბრიტანელებმა ნეიტრალური პოზიციის დაკავება აირჩიეს. ბოლივარმა ლონდონში დატოვა აგენტი ლუი ლოპეს მენდესა ვენესუელასთან შეთანხმების დასამყარებლად ჯარისკაცების ფულის საშუალებით აყვანის თაობაზე და იარაღთან ერთად უკან დაბრუნდა.
მალე ესპანელმა გენერალმა მონტევერდემ თანადგომისთვის მიმართა ვენესუელის სტეპების ნახევრად ველური მაცხოვრებლების — "ლიანოსების" მეომრებს — ლიანეროსებს. ლიანეროსების ფორმირებების მეთაურად დაინიშნა ასტურიელი ხოსე ტომას ბოვესი, მეტსახელად "ბოვესი-მყვირალა". ომმა მიიღო მეტად სასტიკი ხასიათი. ბოლივარმა გადაწყვიტა ეპასუხა იგივე მეთოდით და ბრძანა მოეკლათ ყველა ტყვე. ესპანეთის ჯარის მიერ ბოლივარის არმიის განადგურების შემდეგ, ბოლივარი 1812 წელს დაფუძნდა ახალ გრანადაში (დღევანდელი კოლუმბია), სადაც დაწერა «მანიფესტი კარტახენადან», ხოლო 1813 წლის დასაწყისში დაბრუნდა სამშობლოში. 1813 წლის აგვისტოში მისმა არმიამ დაიკავა კარაკასი. კარაკასის მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ გამოაცხადა ბოლივარი — "ვენესუელის გამანთავისუფლებლად" (El Libertador). შეიქმნა ვენესუელის II რესპუბლიკა, ბოლივარის ხელმძღვანელობით. ვენესუელის ეროვნულმა კონგრესმა დაამტკიცა მისთვის გამანთავისუფლებელის წოდების მინიჭება. მაგრამ, იმის გამო, რომ ვერ გადაწყვიტეს ხალხის ქვედა ფენების ინტერესებისთვის რეფორმების ჩატარება, მან ვერ შეძლო მათგან დახმარების მიღება და 1814 წელს დამარცხდა. 1814 წლის 6 ივლისს ესპანეთის არმიის ფართე შეტევების შემდეგ სიმონ ბოლივარის არმია იძულებული გახდა დაეტოვა დედაქალაქი. იამაიკაში თავშესაფარის მოძებნის შემდეგ, ბოლივარმა 1815 წლის სექტემბერში იქ გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც გამოხატა თავისი რწმენა ესპანეთის ამერიკის სწრაფი განთავისუფლების შესახებ.
ბოლივარი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ აუცილებელი იყო მონების განთავისუფლება და სხვა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა. მან დაარწმუნა ჰაიტის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ პეტიონი, რათა მას აჯანყებულებისთვის გაეწია სამხედრო დახმარება და 1816 წლის დეკემბერში იგი გადავიდა ვენესუელის სანაპიროზე. 1816 წლის მონობის გაუქმებამ და 1817 წელს გამოცემულმა დეკრეტმა გამანთავისუფლებელი არმიის მეომრებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფაზე მას მისცა საშუალება გაეფართოებინა სოციალური ბაზა. სიმონ ბოლივარის მხარეს გადავიდა ლიანეროსების რაზმები, რომლებსაც ბოვესის გარდაცვალების შემდეგ (1814 წელი) გაუჩნდათ ახალი ლიდერი — ხოსე ანტონიო პაესი, მკვიდრი ლიანერო.
რევოლუციის ყველა წინამძღოლის ერთად შეკრება, საერთო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად სიმონ ბოლივარს არ გამოუვიდა. მან, ჰოლანდიელი ბრიონის დახმარებით, 1817 წლის მაისში დაიკავა ქალაქი ანგოსტურა და ესპანეთის წინააღმდეგ აამხედრა მთელი გვიანა. შემდეგ ბოლივარმა გასცა ბრძანება დაეპატიმრებინათ თავისი ყოფილი თანამებრძოლები პიარი და მარინო (პირველი დახვრიტეს 1817 წლის 16 ოქტომბერს). 1818 წლის თებერვალში, ლონდონიდან დაქირავებული ჯარისკაცების ჩამოსვლის შედეგად, მან შეძლო ჩამოეყალიბებინა ახალი არმია. ვენესუელაში წარმატებული ბრძოლების შემდეგ, მისმა ჯარმა 1819 წელს გაათავისუფლა ახალი გრანადა. 1819 წლის დეკემბერში ის აირჩიეს ქალაქ ანგოსტურაში (დღეისათვის სიუდად-ბოლივარი) ეროვნული კონგრესის მიერ გამოცხადებული კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტად, სადაც შევიდნენ ვენესუელა და ახალი გრანადა. 1822 წელს კოლუმბიელებმა გაყარეს ესპანელი სამხედროები კიტოს პროვინციიდან (დღეისათვის ეკვადორი), რომელიც შეუერთდა კოლუმბიას.
სიმონ ბოლივარის აზრით უნდა ჩამოყალიბებულიყო სამხრეთის შეერთებული შტატები (Sur de Estados Unidos), რომელშიც უნდა შესულიყვნენ კოლუმბია, პერუ, ბოლივია, ლა-პლატა და ჩილე. 1826 წლის 22 ივნისს ბოლივარმა პანამაში მოიწვია კონგრესი ყველა ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან, რომელიც მალე დაიშალა. პანამის კონგრესის დაშლის შემდეგ, ბოლივარმა გულში წარმოთქვა: მე ვგავარ იმ სულელ ბერძენს, რომელიც, იჯდა კლდეზე, ცდილობდა ეხემძღვანელა იმ გემებისათვის, რომლებიც მიცურავდნენ სხვა მიმართულებით!..
მას შემდეგ სულ მალე, როგორც კი ბოლივარის პროექტი ფართედ გახდა ცნობილი, მას დააბრალეს იმპერიის შექმნის მცდელობა, სადაც ის იქნებოდა ხელისუფალი და ნაპოლეონის როლის შემსრულებელი. კოლუმბიაში დაიწყო პარტიული დაპირისპირება. დეპუტატების ნაწილი, გენერალ პაესის მეთაურობით, აცხადებდა ავტონომიას, სხვებს უნდოდათ ბოლივიური კოდექსის მიღება.
ბოლივარი უმალ ჩავიდა კოლუმბიაში და საკუთარ თავზე აიღო დიქტატორული უფლებამოსილება, 1828 წლის 2 მარტს ოკანიეში მოიწვია ეროვნული კრება საკითხის განხილვის მიზნით: «უნდა შეცვლილიყო თუ არა სახელმწიფოს კონსტიტუცია?» კონგრესმა ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და რამდენიმე სხდომის შემდეგ დაიხურა.
ამ დროს პერუელებმა უარი თქვეს ბოლივიურ კოდექსზე და ჩამოართვეს ბოლივარს სამუდამო პრეზიდენტის ტიტული. პერუში და ბოლივიაში ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ, ბოლივარი 1828 წლის 20 ივნისს ჩავიდა ბოგოტაში და დააფუძნა საკუთარი რეზიდენცია, როგორც კოლუმბიის მმართველი. მაგრამ უკვე 1828 წლის 25 სექტემბერს ფედერალისტები შევარდნენ მის სასახლეში, დახოცეს დაცვა, ხოლო თვითონ ბოლივარი სასწაულად გადარჩა. მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გამოვიდა ბოლივარის მხარეზე, და ამან უშველა ბოლივარს აჯანყების ჩაქრობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვიცე-პრეზიდენტი სანტანდერი. აჯანყებულთა მეთაურს ჯერ მიესაჯა სიკვდილი, ხოლო შემდეგ ეს სასჯელი შეიცვალა ქვეყნიდან მისი გაძევებით 70 მომხრესთან ერთად.
მეორე წელს იმატა ანარქიამ. 1829 წლის 25 ნოემბერს თვითონ კარაკასში 486 არისტოკრატმა მოქალაქემ გამოაცხადა კოლუმბიის შემადგენლობიდან ვენესუელის გამოსვლის შესახებ.
რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები (ესპ. Provincias Unidas de Sud América) იყო სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, რომელიც არსებობდა 1810 წლიდან 1830 წლამდე პერიოდში. სახელმწიფო ჩამოყალიბდა მაისის რევოლუციის შედეგად ესპანეთის რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და რომელსაც ასევე ერქვა რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები. სახელმწიფოს ტერიტორია შედგებოდა თანამედროვე არგენტინის და ურუგვაის ტერიტორიებისგან და თანამედროვე ბოლივიის და ბრაზილიის რამდენიმე პროვინციებისგან.
რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების არსებობა დაიწყო 1810 წლის 25 მაისის რევოლუციიდან, როდესაც ჩამოაგდეს ვიცე-მეფის ხელისუფლება და აირჩიეს არგენტინის პირველი ხუნტა. 1816 წლის 9 ივლისს ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სან-მიგელ-დე-ტუკუმანის კონგრესზე რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულ პროვინციებს ეწოდა სამხრეთ ამერიკის გაერთიანებული პროვინციები (ესპ. Provincias Unidas de Sud América) და ოფიციალურად ასე იწოდებოდა 1820 წლამდე.
1825 წელს რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულ პროვინციებს გამოეყო ბოლივია, ხოლო 1828 წელს, არგენტინა-ბრაზილიის ომის შედეგად — სისპლატინას პროვინცია, რომელიც შემდეგ გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ურუგვაი. ამიტომ სახელმწიფოს დასახელება შეიცვალა და მას ეწოდა არგენტინის კონფედერაცია.
სამხრეთ ამერიკაში პორტუგალიის კოლონიების დამოუკიდებლობა მიღებული იქნა გაცილებით უფრო უსისხლოდ და მშვიდობიანად, ვიდრე ესპანურ კოლონიებში.
1808 წელს, როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტის არმიამ ომი დაუწყო პორტუგალიას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადაეყვანათ მეფე და მისი ოჯახი რიო-დე-ჟანეიროში, სადაც ისინი დარჩნენ 1821 წლამდე. ამ გადაყვანის დროს პირდაპირი მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის მთავრობამ. მან ისარგებლა პორტუგალიის მძიმე მდგომარეობით და, მიზნად ჰქონდა რა მიეღო კიდევ უფრო მეტი პრივილეგიები ვაჭრობაში, გაიღო სამეფო ოჯახის გადაყვანისთვის საჭირო გემების აუცილებელი რაოდენობა.
დონ ჟუან VI-მ რიო-დე-ჟანეიროში გადაიტანა პორტუგალიის სახელმწიფო დაწესებულებები, დააარსა სამეფო ბიბლიოთეკა, სამხედრო აკადემია, სამედიცინო და სამართლის სკოლები. 1815 წლის 16 დეკემბრის თავისი დეკრეტით მან პორტუგალიის ყველა სამფლობელოს მისცა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს სტატუსი, ამითი ბრაზილია პორტუგალიის თანასწორი გახდა.
1811 წელს, ჟუანმა ისარგებლა არგენტინის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ლა-პლატის რაიონში არასტაბილურობით და გაგზავნა ჯარი აღმოსავლეთის ზოლში (დღეისათვის ურუგვაი), მაგრამ 1812 წლის 26 მაისს ბრიტანეთის მეშვეობით ხელი მოეწერა ერერა — რეიდმეიკერის ტრაქტატს. ტრაქტატის მესამე მუხლის შესაბამისად პორტუგალიის ჯარს უნდა დაეტოვებინა «ესპანეთის ტერიტორია».
მაგრამ 1816 წელს ჟუანმა ისევ გაგზავნა ჯარი აღმოსავლეთის ზოლში და დაიპყრო იგი 1817 წელს.
1821 წელს მეფე ჟუან VI იძულებული გახდა დამორჩილებოდა პორტუგალიის პოლიტიკურ დაწოლას და დაბრუნდა ლისაბონში, რიოში დატოვა თავისი მემკვიდრე პედრო და მიანიჭა მას ვიცე-მეფის რეგენტის ტიტული.
1821 წლის სექტემბერში პორტუგალიის პარლამენტმა კენჭი უყარა ბრაზილიის სამეფოს და სამეფო დაწესებულებების გაუქმებას რიო-დე-ჟანეიროში, შედეგად დაუქვემდებარა ბრაზილიის ყველა პროვინცია უშუალოდ ლისაბონს. ამავე დროს ბრაზილიაში გაიგზავნა სამხედრო ნაწილები, ხოლო ბრაზილიის ყველა სამხედრო ერთეული გადავიდა პორტუგალიის მეთაურობის ქვეშ. 1822 წლის 7 სექტემბერს დონ პედრომ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და ბრაზილიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1822 წლის 12 ოქტომბერს იგი მეფედ აკურთხეს, როგორც ბრაზილიის პირველი იმპერატორი პედრუ I.
XX საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ამერიკაში დაიწყო სამხედრო-საზღვაო შეიარაღების შეჯიბრი არგენტინის, ბრაზილიის და ჩილეს შორის. სამხედრო-საზღვაო შეიარაღებაში მეტოქეობის საფუძველი გახდა 1907 წელს ბრაზილიის მიერ დიდ ბრიტანეთში შეკვეთილი სამი დრიდნოუტი (ინგლ. Dreadnought), რომელიც იმ მომენტში წარმოადგენდა დიდი წყალსზედა გემების უახლოეს კლასს და ჰქონდათ ყველაზე უფრო დიდი დაბომბვის ძალა. არგენტინა-ჩილეს შეიარაღებაში შეჯიბრი (1887—1902 წლები), დაემთხვა ბრაზილიის მონარქიის დამხობას და ბრაზილიის ძველი რესპუბლიკის შექმნას, რამაც ქვეყანაში გამოიწვია საერთო არასტაბილურობა და ბრაზილიის ფლოტი ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ის ჩამორჩებოდა მეტოქეებს, როგორც ხარისხით, ასევე ტონაჟით. 1904 წელს ბრაზილიელმა პოლიტიკოსებმა პირველად დააყენეს საკითხი ეროვნული ფლოტის გაძლიერების შესახებ და მიზნად დაისახეს გაეყვანათ ბრაზილია მსოფლიო ლიდერების რიცხვში. 1905 წლის ბოლოს მათ შეუკვეთეს სამი ჯავსნოსანი გემი, მაგრამ შეკვეთა გაუქმდა 1906 წელს, მაშინვე, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა შექმნა იმ დროისათვის რევოლუციური «HMS Dreadnought (1906)». ჯავსნოსანი გემების ნაცვლად მათ შექმნეს ორი ბრაზილიური დრიდნოუტი «მინას ჟერაისი», იმაზე გათვლით, რომ მომავალში შეიქმნებოდა კიდევ ერთი.
არგენტინამ და ჩილემ ვადამდე შეწყვიტეს 1902 წელს დადებული საზღვაო შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების მოქმედება და შეუკვეთეს საკუთარი ტიპის ორ-ორი გემი: «რივადავიას» არგენტინისთვის აშენებდნენ აშშ-ში, «ალმირანტე ლატორეს» ჩილესთვის — ბრიტანეთში. ამავე დროს მესამე ბრაზილიური დრიდნოუტის — «HMS Agincourt (1913)» აშენება — გაუქმდა კიდევ უფრო მძლავრი გემის შექმნის სასარგებლოდ. ამ გემის პროექტი რამდენიმეჯერ შეიცვალა მისი მშენებლობის დროს, მაგრამ პროექტის უკვე საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ ბრაზილიის მთავრობაში მთავრობაში მიხვდნენ, რომ ახალი გემი მაინც ჩამორჩებოდა იმ დროისათვის ახლად შექმნილ სუპერდრიდნოუტებს. აუშენებელი «HMS Agincourt (1913)» გამოიტანეს გაყიდვაზე და მალევე მიჰყიდეს ოსმალეთის იმპერიას. ამის მაგივრად დაგეგმეს Armstrong Whitworth-ში აეშენებინათ სუპერდრიდნოუტი «რიაჩუელო», მაგრამ მალე დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა: ბრიტანულმა გემთმშენებლებმა შეწყვიტეს მუშაობა უცხოურ დაკვეთებზე და მთელი ყურადღება გადაიტანეს დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოთხოვნებზე. ჩილეს ორივე დრიდნოუტი გამოისყიდა დიდმა ბრიტანეთმა და შეიყვანა საკუთარი სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში. არგენტინული ორივე გემი, რომელიც ნეიტრალურ აშშ-ში შენდებოდა, გადაეცა დამკვეთს 1915 წელს.
პირველმა მსოფლიო ომმა დაამთავრა სამხრეთამერიკულ ქვეყნებს შორის დრიდნოუტების შეჯიბრი.
1912 წელს არგენტინაში მიიღეს საენს პენის კანონი საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე ფარული კენჭისყრის დროს; ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური რეფორმა, რომელიც როდესმე ჩატარებულა ქვეყანაში. ახალმა კანონმა შესაძლებლობა მისცა უმრავლესობაში მყოფ რადიკალთა პარტიის ლიდერს იპოლიტო ირიგოიენს არჩეულიყო პრეზიდენტის პოსტზე. ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს (1916—1922) ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობდა სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების საკითხებს. ირიგოიენმა შეძლო შეენარჩუნებინა არგენტინის ნეიტრალიტეტი პირველი მსოფლიო ომის დროს. მეორე რადიკალის, დოქტორ მარსელო ტორკუატო დე ალვეარის ექვსი წლის საპრეზიდენტო მმართველობის (1922—1928) შემდეგ, ირიგოიენი ხელმეორედ აირჩიეს 1928 წელს.
კრიზისის პირობებში ირიგოიენის ქვეყნის მართვის უუნარობამ საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას; 1930 წლის სექტემბერში პრეზიდენტი გადააყენეს. ეს გადატრიალება განხორციელდა უმაღლესი ოფიცრების და კონსერვატიული პარტიის (სახელი შეიცვალეს და გახდნენ ეროვნულ-დემოკრატები) სამოქალაქო ლიდერების, ასევე რადიკალების ოპოზიციური ფრთის, რომლებიც გამოეყვნენ რადიკალურ პარტიას ერთობლივი ძალისხმევით. მთავრობას სათავეში ჩაუდგა გენერალი ხოსე ფელიქს ურიბურუ, ავტორიტატული ხელისუფლების მომხრე, რომელმაც წამოიწყო წარუმატებელი ცდა დაემყარებინა ფაშისტური დიქტატურა მსხვილი კორპორაციების სასარგებლოდ.
1931 წელს ურიბურუს მოწინააღმდეგეებმა, სამხედრო პირების მხრიდან, აიძულეს გენერალი დაენიშნა არჩევნები. მაგრამ რადიკალურ პარტიას აკრძალული ჰქონდა მასში მონაწილეობის მიღება და მმართველი კოალიციის ძირითადი მოწინააღმდეგები გახდნენ ერთობლივად გამოსული სოციალისტები და პროგრესული დემოკრატები. 1932 წელს გაიმარჯვა გენერალმა აგუსტინ პედრო ხუსტომ, რადიკალმა, რომელიც სარგებლობდა კონსერვატორების მხარდაჭერით. მისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, კოალიციამ პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენა საკუთარი კანდიდატი — რობერტო მარია ორტისი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე — კონსერვატორი რამონ კასტილიო. 1938 წელს გამოცხადდა არჩევნებზე მათი გამარჯვების შესახებ, მიუხედავად მრავალრიცხოვანი განცხადებებისა შედეგების გაყალბების შესახებ.
4 სექტემბერს ევროპაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე, არგენტინამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტის შესახებ. ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბების შედეგად მოსული მმართველი პრეზიდენტი — რობერტო მარია ორტისი იყო ანტიჰიტლერული კოალიციის მომხრე, მაგრამ არმიაში ოპოზიციის გამო არ წყვეტდა ურთიერთობებს ფაშისტური ქვეყნების ალიანსის ქვეყნებთან. ფაშისტური ქვეყნების ალიანსის ქვეყნების პორტები ინგლი-ამერიკულმა ფლოტმა დაბლოკა და შედეგად არგენტინის ვაჭრობა ევროპის ქვეყნებთან მინიმუმამდე შემცირდა. საწყობებში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დიდი მარაგის დაგროვება. დაირღვა სავაჭრო-ეკონომიკური ცხოვრება ქვეყანაში. თუ ომამდე დედაქალაქის პორტში ყოველდღიურად შემოდიოდა 150-მდე სავაჭრო გემი, უკვე საბრძოლო მოქმედებების პირველ თვეებში ეს რიცხვი შემცირდა კვირაში 26-მდე. ამ პირობებში ბუენოს-აირესმა ორიენტირება აიღო ვაშინგტონზე და ლონდონზე. ამას გარდა, 1939—1940 წლების განმავლობაში, დაიდო შეთანხმებები ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე, დანიასთან და იაპონიასთან. თუ 1939 წელს ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებზე მოდიოდა ექსპორტის 21 % და იმპორტის 32 %, უკვე 1945 წელს ამ მაჩვენებლებმა შესაბამისად შეადგინეს 49 % და 61 %.
ეკონომიკის გარკვეულწილად გაუმჯობესებას ხელი შეუწყო 1940 წლამდე ნეიტრალურმა იტალიამ, ფრანკისტულმა ესპანეთმა და პორტუგალიამ, რომლებიც გახდნენ არგენტინის და გერმანიის სავაჭრო ბრუნვის რეექსპორტიორები. პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც იაპონიასთან ღია ვაჭრობა გახდა თავდასხმის ობიექტი ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების მხრიდან, არგენტინული პროდუქციით დატვირთული გემები გაემართნენ პორტუგალიის კოლონია მაკაოში.
1939 წლის 13 დეკემბერს არგენტინის ნაპირებთან, მდინარე რიო-დე-ლა-პლატასთან, მოხდა მეორე მსოფლიო ომის პირველი დიდი საზღვაო ბრძოლა — ლა-პლატას ბრძოლა, გერმანულ მძიმე კრეისერ «Admiral Graf Spee (1934)»-სა და ბრიტანულ გემებს შორის. მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომელშიც ინგლისურმა გემებმა მიიღეს დაზიანებები, «დოიჩლანდის» ტიპის მძიმე კრეისერი წავიდა მონტევიდეოში, ხოლო 17 დეკემბერს გემი ჰიტლერის პირადი ბრძანებით ააფეთქეს და ჩაძირეს ნეიტრალურ წყლებში, კოორდინატებით 34°58′25″ ს. გ. 56°18′01″ დ. გ. ეკიპაჟი ჰანს ლანგსდორფის მეთაურობით გადაიყვანეს ბუენოს-აირესში, სადაც 20 დეკემბერს ლანგსდორფმა თავი მოიკლა.
1940 წელს პრეზიდენტი ორტისი მძიმედ დაავადმყოფდა და სახელმწიფოს მეთაურად დე-ფაქტო გახდა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი რამონ კასტილიო. პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ კასტილიომ ქვეყანაში შემოიღო სამხედრო მდგომარეობა, რომელიც ომის დამთავრებამდე გაგრძელდა. ბრიტანეთის სპეცსამსახურების ისტორიკოსი ე. ჰ. კუკრიჯი თავის წიგნში ამტკიცებდა, რომ ის კითხულობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოპოვებული კასტილიოს ადოლფ ჰიტლერისადმი გაგზავნილი შეტყობინებების შესახებ მოხსენებებს, სადაც ის სთხოვდა ჰიტლერს გამოეგზავნა იარაღი და თვითმფრინავები, რათა არგენტინა ჩართულიყო ომში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.
1942 წლის იანვარში რიო-დე-ჟანეიროში შედგა ამერიკის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მან რეკომენდაციის სახით მიიღო გადაწყვეტილება გაწყვეტილიყო ურთიერთობა ნაცისტური ბლოკის ქვეყნებთან და შეჩერებულიყო ყველა სავაჭრო კავშირი მათთან. მიუხედავად აშშ-ის ზეწოლისა, არგენტინა, ბრიტანელების მხარდაჭერით, უარს ამბობდა შეესრულებინა ეს რეკომენდაცია. 1942 წლის ივნისში, ორტისი ავადმყოფობის გამო გადადგა და ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.
არგენტინელი მოხალისეები მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ფრონტის ორივე მხარეს. ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეზე ყველაზე უფრო ცნობილი მებრძოლები იყვნენ მორინ დანლოპი (ინგლ. Maureen Dunlop) და კენეტ ჩარნი (ინგლ. Kenneth Charney). მორინი, ქალაქ კილმესში დაბადებული, მსახურობდა ATA-ს (ინგლ. Air Transport Auxiliary) დამხმარე საზაფხულო ნაწილში — თვითმფრინავები მიჰყავდა საბრძოლო მოქმედების ადგილებზე. საყოველთაოდ ცნობილი გახდა თვითმფრინავ Fairey Barracuda-სთან გადაღებული ფოტოგრაფიის გამო, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Picture Post-ში. ომის შემდეგ დაბრუნდა არგენტინაში[1][2][3]. კენეტ ჩარნი, ასევე ქალაქ კილმესში დაბადებული, მალტის თავდაცვის საჰაერო ბრძოლაში მიიღო მეტსახელი «მალტის შავი რაინდი». მის ანგარიშზეა 18 გამარჯვება[4].
ჯერ კიდევ ომში ოფიციალურად ჩართვამდე დაახლოებით 600 არგენტინელი მოხალისე, უპირველეს ყოვლისა, ინგლის-არგენტინული წარმოშობის, შეუერთდა ბრიტანულ და კანადურ სამხედრო-საჰაერო ძალებს. დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში მათგან ჩამოყალიბდა 164-ე არგენტინული ესკსდრილია. 1944 წელს ეს ქვედანაყოფი მონაწილეობდა ნორმანდიაში მოკავშირეების გადასხმის ოპერაციაში. შემდგომში, 21-ე არმიის ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში საფრანგეთის ჩრდილოეთში და ბელგიაში[5][6].
ბრაზილია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს 1942 წლის 22 აგვისტოდან ომის დამთავრებამდე. ბრაზილია — სამხრეთ ამერიკის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტის ყველა ქვეყანა ადრე თუ გვიან ჩაერთო ომში.
როდესაც 1939-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, ჟეტულიუ ვარგასის მთავრობა ბრაზილიაში არ იყო გულხელდაკრეფილი. ხალხის მასების ზეწოლით, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ გერმანული გემების მტრული მანევრებით ბრაზილიის სანაპიროებთან ახლოს, პრეზიდენტი იძულებული გახდა უარი ეთქვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკისათვის. 1942 წლის აგვისტოში ვარგასმა ომი გამოუცხადა ფაშისტურ კოალიციას. ბრაზილიამ შეაიარაღა 25-ათასიანი საექსპედიციო კორპუსი, რომელიც ამერიკის 5-ე არმიასთან ერთად იბრძოდა იტალიაში. ბრაზილია იყო ერთადერთი ლათინოამერიკული ქვეყანა, რომელმაც გააგზავნა საკუთარი ჯარისკაცები საომრად ევროპაში.
სამხრეთ ამერიკა, ისევე როგორც სხვა კონტინენტებზე, ცივი ომის დროს გადაიქცა მსხვილი დაპირისპირებული სახელმწიფოების საბრძოლო მოედნათ XX საუკუნის ბოლოს.
1960-იან და 1970-იან წლებში, არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს და ურუგვაის მთავრობები ჩამოაგდეს ან გადააყენეს და მის მაგივრად დამყარდა სამხედრო დიქტატურები. სამხედრო დიქტატურის პერიოდში დააკავეს ათობით ათასი პოლიტიკური პატიმარი, რომელთაგან ბევრი აწამეს ან მოკლეს (ოპერაცია "კონდორი"). ეკონომიკურად, მათ დაიწყეს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე გადასვლა. მათ ცივი ომის პერიოდში მიიღეს საკუთარი "ეროვნული უსაფრთხოების" დოქტრინა და შეიმუშავეს ღონისძიებები შიდა ძირგამომთხრელი მოქმედებების წინააღმდეგ. 1980-იანი და 1990-იანი წლების განმავლობაში, პერუში მიმდინარეობდა შიდა კონფლიქტი (ტუპაკ ამარუს რევოლუციური მოძრაობა და ნათელი გზა). რევოლუციური მოძრაობები და სამხედრო დიქტატურები ერთმანეთს ბევრ მოქმედებებში ჰგავდნენ, განსაკუთრებით სამხედრო ძალის და იარაღის გამოყენებაში, მაგრამ 1980-იანი წლებიდან დაწყებული დემონსტრაციების ტალღამ ფართოდ შემოაღო კარი კონტინენტზე და დღეისათვის დემოკრატიული მართველობა თითქმის ყველა ქვეყანაშია დამკვიდრებული. კორუფციაში ბრალდებებს ჯერ კიდევ აქვს გავრცელებულ ხასიათი, და რიგ ქვეყნებში უკვე ჩანს კრიზისები, რომლებსაც მოჰყვა პრეზიდენტების გადადგომა, თუმცა სამოქალაქო ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების გზით გადაბარება თითქმის ყველგან გრძელდება. საერთაშორისო ფინანსური დავალიანებები შესამჩნევი პრობლემა გახდა.
ბოლო წლებში ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია ნეოლიბერალური პოლიტიკისაგან, რეგიონში პოლიტიკური პარტიების მემარჯვენე ფრთამ დაკარგა მიმზიდველობა (კოლუმბიის გამოკლებით)[7] და არჩევნებზე თანმიმდევრობით იმარჯვებენ მემარცხენე პარტიების პრეზიდენტები, რომელიც დაიწყო 1998 წელს უგო ჩავესის გამარჯვებით ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დილმა რუსეფი აირჩიეს ბრაზილიის პრეზიდენტად 2010 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ და შეფასდა როგორც ვაშინგტონის კონსენსუსის მარცხად.[8]
მიუხედავად მარცხნივ გადახრისა, სამხრეთ ამერიკა მნიშვნელოვანი ხარისხით რჩება კაპიტალისტურად და განიცდის თავის საუკეთესო ეკონომიკური განვითარების წლებს.[7] მაგალითად ბრაზილიის მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც ვარაუდობენ, გაიზრდება 7,5 %-ით 2010 წელს[7] და მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის ტემპით იქნება მეორე, ჩინეთის შემდეგ.
2008 წელს სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი შეიქმნა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ეკონომიკის ინტეგრაციას ემსახურება და ჰგავს ევროპის კავშირის პოლიტიკური ინტეგრაციის სტილს. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ეს მიიღეს, როგორც შემობრუნებითი მომენტი რეგიონში აშშ-ის ჰეგემონიის დაკარგვის შესახებ.[9] ნოამ ჩომსკის თანახმად, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირმა განაცხადა, რომ მან "პირველად ლათინური ამერიკის ევროპელთა დაპყრობის შემდეგ დაიწყო მოძრაობა ინტეგრაციის მიმართულებით".[10]
ეთნიკურ დონეზე სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: ინდიელები, თეთრკანიანები და შავკანიანები. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი და ვენესუელა დემოგრაფიის მხრივ ჭარბობენ მეტისები (ესპანელების ადგილობრივ ინდიელებთან შეჯვარების გზით დაბადებული შთამომავლები). მხოლოდ ორ ქვეყანაში (პერუ და ბოლივია) ინდიელები ქმნიან უმრავლესობას. ბრაზილიაში, კოლუმბიაში და ვენესუელაში ცხოვრობს მოსახლეობის აფრიკული წარმოშობის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა არგენტინა, ურუგვაი, ჩილე და ბრაზილია მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ევროპული წარმოშობა, მათგან არგენტინაში და ურუგვაიში მოსახლეობის უმრავლესობა — ესპანეთიდან და იტალიიდან ჩამოსულების შთამომავლებია. ბრაზილიის სამხრეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთით ცხოვრობენ პორტუგალიელების, გერმანელების, იტალიელების და ესპანელების შთამომავლები.
ჩილემ მიიღო ემიგრანტთა ტალღა ესპანეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან, საბერძნეთიდან და ხორვატიიდან XVIII საუკუნის და XX საუკუნის დასაწყისის განმავლობაში. ამ ქვეყანაში სხვადასხვა მონაცემებით ცხოვრობენ, 1 600 000-დან (მოსახლეობის 10 %) 4 500 000-მდე (27 %) ბასკების ქვეყნიდან ჩამოსულები. 1848 წელი იყო გერმანელების მასობრივი ემიგრაციის წელი (ასევე ავსტრიელების და შვეიცარიელების) და, ნაწილობრივ, ფრანგების, რომლებიც ძირითადად დასახლდნენ ქვეყნის სამხრეთ რაიონებში, თითქმის სრულიად დაუსახლებელ, მაგრამ ბუნებით და სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ რაიონებში. გერმანელების ეს იმიგრაცია გრძელდებოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ ისეთნაირად, რომ დღეისათვის დაახლოებით 500 000 ჩილელს აქვს გერმანული წარმოშობა. ამას გარდა, ჩილეს მოსახლეობის დაახლოებით 5 % — შუა აღმოსავლეთიდან (პალესტინელები, სირიელები, ლიბანელები, სომხები) წამოსული იმიგრანტი ქრისტიანების შთამომავლებია. ასევე ჩილეს მოსახლეობის დაახლოებით 3 % — გენეტიკური ხორვატია. ბერძნების შთამომავლები შეადგენენ დაახლოებით 100 000 ადამიანს, მათი უმრავლესობა ცხოვრობს სანტიაგოში და ანტოფაგასტაში. მოსახლეობის დაახლოებით 5 % — ფრანგული წარმოშობისაა. 600 000-დან 800 000-მდე — იტალიური.
ბრაზილიაში გერმანელები, უპირველეს ყოვლისა, XIX და XX საუკუნეების განმავლობაში სამშობლოში პოლიტიკურ-სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე ჩამოვიდნენ. დღეისათვის ბრაზილიელთა დაახლოებით 10 %-ს (18 მილიონი) აქვს გერმანული წარმოშობა. ამას გარდა, ბრაზილია — ლათინური ამერიკის ქვეყანაა, სადაც ცხოვრობს ყველაზე უფრო მეტი ეთნიკური უკრაინელი (1 მილიონი).
სამხრეთ ამერიკაში ეთნიკური უმცირესობები ასევე წარმოდგენილია არაბებით და იაპონელებით ბრაზილიაში, ჩინელებით პერუში და ინდოელებით გაიანაში და სურინამში.
სამხრეთ ამერიკაში ყველაზე უფრო ფართედ გავრცელებული ენებია პორტუგალიური და ესპანური. პორტუგალიურ ენაზე საუბრობენ ბრაზილიაში, რომლის მოსახლეობაც შეადგენს ამ კონტინენტის მოსახლეობის დაახლოებით 50 %-ს. ესპანური ენა ოფიციალური ენაა ამ კონტინენტის ქვეყნების უმრავლესობისთვის. სამხრეთ ამერიკაში ასევე ლაპარაკობენ სხვა ენებზეც: სურინამში ნიდერლანდურად, გაიანაში — ინგლისურად, ხოლო საფრანგეთის გვიანაში — ფრანგულად.
არც თუ ისე იშვიათად შეიძლება გავიგონოთ სამხრეთ ამერიკის ინდიელთა ენებიც: კეჩუა (ეკვადორი, ბოლივია და პერუ), გუარანის ენები (პარაგვაი და ბოლივია), აიმარა (ბოლივია და პერუ) და მაპუდუნგუნი (არაუკანული ენა) (ჩილეს და არგენტინის სამხრეთი). ყველა ამ ენას (მაპუდუნგუნის გარდა) თავისი ენობრივი არეალის ქვეყნებში აქვს ოფიციალური სტატუსი.
რადგანაც სამხრეთ ამერიკის მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი შეადგენს ევროპიდან ჩამოსულებს, ამიტომ ბევრი მათგანი დღემდე ინარჩუნებს საკუთარ ენას, მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია იტალიური და გერმანული ენები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, ვენესუელა და ჩილე.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში სასწავლად ყველაზე უფრო პოპულარული უცხოური ენებია: ინგლისური, ფრანგული, გერმანული და იტალიური.
ენა | მოლაპარაკეთა რაოდენობა | |
---|---|---|
ესპანური | 233 600 108 | |
პორტუგალიური | 191 480 630 | |
ინგლისური | 800 000 | |
ნიდერლანდური | 510 000 | |
ფრანგული | 230 000 |
სამხრეთ ამერიკაში პოლიტიკურ არენაზე XXI საუკუნის დასაწყისი აღინიშნა მემარცხენე მიმართულების ძალების მოსვლით, სოციალისტი ლიდერები არჩეულები იყვნენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩილე, ურუგვაი, ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, ბოლივია, პარაგვაი და ვენესუელა. ამ ფონზე სამხრეთ ამერიკაში ყველგან აღინიშნება საბაზრო ეკონომიკის და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, ასე მაგალითად, შეიქმნა ორგანიზაცია მერკოსური და ანდური თანამეგობრობა, რომელთა მიზანია მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება, ეკონომიკური განვითარება, საბაჟო გადასახადების გაუქმება და საერთო თავდაცვის პოლიტიკა.
2004 წლიდან არსებობს და ვითარდება სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი, აგრეთვე ცნობილი როგორც Unasur — ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანას და შექმნილია ევროპის კავშირის მოდელის მიხედვით. კავშირის ფარგლებში შექმნილია საკონსულტაციო სამხრეთამერიკული თავდაცვის საბჭო, იგეგმება საერთო პარლამენტის შექმნა, ასევე საერთო ბაზრის შექმნა და მონაწილე ქვეყნებს შორის საბაჟო ტარიფების ლიკვიდაცია.
სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს 12 დამოუკიდებელი ქვეყანა.
№ | ქვეყნები | დედაქალაქი | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა (2008 წლის 1 ივლისისთვის) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
---|---|---|---|---|---|
1 | არგენტინა | ბუენოს-აირესი | 2 766 890 | 40 677 348 | 14,3 |
2 | ბოლივია | სუკრე, ლა-პასი | 1 098 580 | 8 857 870 | 8,1 |
3 | ბრაზილია | ბრაზილია | 8 514 877 | 191 908 598 | 22,0 |
4 | ვენესუელა | კარაკასი | 912 050 | 26 414 815 | 27,8 |
5 | გაიანა | ჯორჯტაუნი | 214 970 | 770 794 | 3,6 |
6 | ეკვადორი | კიტო | 283 560 | 13 927 650 | 47,1 |
7 | კოლუმბია | ბოგოტა | 1 138 910 | 45 013 674 | 37,7 |
8 | პარაგვაი | ასუნსიონი | 406 750 | 6 347 884 | 15,6 |
9 | პერუ | ლიმა | 1 285 220 | 27 925 628 | 21,7 |
10 | სურინამი | პარამარიბო | 163 270 | 438 144 | 2,7 |
11 | ურუგვაი | მონტევიდეო | 176 220 | 3 477 778 | 19,4 |
12 | ჩილე | სანტიაგო | 756 950 | 16 454 143 | 21,1 |
სულ | 17 718 247 | 382 214 326 | 21,57 |
სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის კუთვნილი დამოკიდებული ტერიტორიები, ხოლო ფოლკლენდის კუნძულები სადავოა დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის.
№ | ტერიტორია | მეტროპოლია | დედაქალაქი | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა (2008 წლის 1 ივლისისთვის) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
---|---|---|---|---|---|---|
1 | საფრანგეთის გვიანა | საფრანგეთი | კაიენა | 91 000 | 209 000 | 2,1 |
2 | სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები | დიდი ბრიტანეთი | 3 093 | 0 | 0 | |
3 | ფოლკლენდის კუნძულები | სადავო დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის | სტენლი | 12 173 | 2 967 | 0,24 |
სულ | 106 266 | 211 967 | 1,99 |
სამხრეთ გეორგიაზე და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა. ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, შედის ზღვისიქითა ტერიტორია — ფოლკლენდის კუნძულების თვითმმართველობაში.
სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები ითვლება ანტარქტიდის შემადგენელ ნაწილად.
ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკამ 2010-2011 წლების კრიზისის შემდგომ პერიოდში აჩვენა ზრდის სერიოზული ტემპი, რომელიც წინ უსწრებდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს: 2010 წელს ზრდამ შეადგინა 6 %, ხოლო პროგნოზი 2011 წლისთვის იქნება 4,7 %. ისტორიულად მაღალი ინფლაციის გამო სამხრეთი ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში, საპროცენტო განაკვეთები რჩება მაღალი, ისინი, როგორც წესი, ორჯერ მაღალია, ვიდრე აშშ-ში. მაგალითად, საპროცენტო განაკვეთი ვენესუელაში დაახლოებით 22 %-ია და 23 % სურინამში. გამონაკლისია ჩილე, რომელიც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს 1973 წელს დამყარებული სამხედრო დიქტატურის შემდეგ და აქტიურად ზრდის სოციალურ ხარჯებს დემოკრატიული მმართველობის აღდგენის მომენტიდან 1990-იანი წლების დასაწყისში. ამან მოიტანა ეკონომიკური სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთი დაბალ დონეზე.
სამხრეთ ამერიკა ეყრდნობა საქონლის და ბუნებრივი რესურსების ექსპორტს. ბრაზილია (მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე და ამერიკაში სიდიდით მეორე ეკონომიკა) ლიდერობს ექსპორტის საერთო მოცულობით $ 137.8 მილიარდი დოლარი, შემდეგ მოდის ჩილე $ 58.12 მილიარდი დოლარი და არგენტინა 46.46 მილიარდი დოლარი[11].
ეკონომიკური სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში დიდია, ვიდრე სხვა კონტინენტების უმრავლეს ქვეყნებში. ვენესუელაში, პარაგვაიში, ბოლივიაში და სამხრეთ ამერიკის ბევრ სხვა ქვეყნებში, ყველაზე მდიდრების 20 % ფლობს ქვეყნის სიმდიდრის 60 %-ზე მეტს, იმ დროს, როდესაც უღარიბესი 20 % ფლობს 5 %-ზე ნაკლებს. ასეთი დიდი სხვაობა აღინიშნება სამხრეთ ამერიკის ბევრ მსხვილ ქალაქებში, სადაც დროებითი ქოხები და ღამის გასათევები დგანან ცათამბჯენების გვერდით.
ქვეყანა | მთლიანი შიდა პროდუქტი (ნომინალი) 2011 წელს[12] | მთლიანი შიდა პროდუქტი (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) 2011 წელს[12] | მთლიანი შიდა პროდუქტი (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) ერთ სულ მოსახლეზე 2011 წელს[12] | საქონლის ექსპორტი ($ მილიარდი), 2011 წელს[13] |
ადამიანის განვითარების ინდექსის კოეფიციენტი 2011 წელს[14] |
---|---|---|---|---|---|
არგენტინა | 447 644 | 716 419 | 17 516 | 83,7 | 0,797 |
ბოლივია | 24 604 | 50 904 | 4 789 | 9,1 | 0,663 |
ბრაზილია | 2 492 908 | 2 294 243 | 11 769 | 250,8 | 0,718 |
ჩილე | 248 411 | 299 632 | 17 222 | 86,1 | 0,805 |
კოლუმბია | 328 422 | 471 964 | 10 249 | 56,5 | 0,710 |
ეკვადორი | 66 381 | 127 426 | 8 492 | 22,3 | 0,720 |
ფოლკლენდის კუნძულები[15] (გაერთიანებული სამეფო) | 165 | 165 | 55 400 | 0,1 | |
საფრანგეთის გვიანა[16] (საფრანგეთი) | 4 456 | 4 456 | 19 728 | 1,3 | |
გაიანა | 2 480 | 5 783 | 7 465 | 0,9 | 0,633 |
პარაგვაი | 21 236 | 35 346 | 5 413 | 9,8 | 0,665 |
პერუ | 173 502 | 301 967 | 10 062 | 46,3 | 0,725 |
სურინამი | 3 790 | 5 060 | 9 475 | 1,6 | 0,680 |
ურუგვაი | 46 872 | 50 908 | 15 113 | 8,0 | 0,783 |
ვენესუელა | 315 841 | 374 111 | 12 568 | 92,6 | 0,735 |
ჯამი | 4 176 712 | 4 738 384 | 11 962 | 669,1 | 0,729 |
ტურიზმი ხდება უფრო მთავარი შემოსავლების წყარო სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყნისთვის[17][18]. ისტორიული ძეგლები, არქიტექტურული და ბუნებრივი საოცრებები, საკვები პროდუქტების და კულტურის ნაირფეროვანი ასორტიმენტი, მომხიბვლელი ქალაქები და ულამაზესი ლანდშაფტები ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს სამხრეთ ამერიკაში. ზოგიერთი ყველაზე უფრო მოსანახულებელი ადგილები რეგიონში: მაჩუ-პიქჩუ, კუსკო, რიო-დე-ჟანეირო, სალვადორი, ნატალი, ბუენოს-აირესი, სან-პაულუ, კარტახენა, ამაზონის დაბლობის ტროპიკული ტყეები, ჩანჩქერი ანხელი, ტბა ტიტიკაკა, გალაპაგოსის კუნძულები, კუნძული მარგარიტა და რეგიონი პატაგონია[19].
სამხრეთამერიკელების კულტურაზე გავლენა მოახდინა ევროპასთან ისტორიულმა კავშირებმა, განსაკუთრებით ესპანეთთან და პორტუგალიასთან, ასევე — აშშ-დან წამოსულ მასობრივ კულტურასთან.
სამხრეთამერიკულ ქვეყნებს აქვთ მუსიკის მდიდარი ტრადიციები. ყველაზე უფრო ცნობილი ჟანრებია: კუმბია კოლუმბიიდან, სამბა, ბოსა-ნოვა ბრაზილიიდან, და ტანგო არგენტინიდან და ურუგვაიდან. ასევე კარგად ცნობილია არაკომერციული სახალხო ჟანრი ნუევა კასიონი — მუსიკალური მიმართულება, რომელიც დაარსებული იყო არგენტინაში და ჩილეში, და სწრაფად გავრცელდა ლათინური ამერიკის დანარჩენ ნაწილებში. პერუს სანაპიროებზე მცხოვრებმა ხალხმა შექმნა მშვენიერი დუეტები და ტრიოები გიტარაზე და კახონზე სამხრეთამერიკული რიტმების შერეულ სტილზე, ისეთები, როგორიცაა მარინერა (Marinera) ქალაქ ლიმაში, ტონდერო (Tondero) ქალაქ პიურაში, XIX საუკუნეში პოპულარული იყო კრეოლური ვალსი ანუ პერუული ვალსი, გულიანი Arequipan Yaravi, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში პარაგვაული გუარანია (Guarania). XX საუკუნის ბოლოს ბრიტანული და ამერიკული პოპ-როკის გავლენით გაჩნდა ესპანური როკი. ბრაზილიისთვის დამახასიათებელი იყო პორტუგალიური პოპ-როკი.
სამხრეთ ამერიკის ლიტერატურა პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით 1960-იანი და 1970-იანი წლების ლათინოამერიკული ბუმის დროს, და ისეთი ავტორების გამოჩენის შემდეგ, როგორებიცაა: მარიო ვარგას ლიოსა, გაბრიელ გარსია მარკესი, პაბლო ნერუდა, ხორხე ლუის ბორხესი.
ფართე ეთნიკური კავშირების გამო, სამხრეთამერიკულმა სამზარეულომ ბევრი გადაიღო აფრიკელი, ამერიკელი ინდიელების, აზიელი და ევროპელი ხალხებისაგან. მაგალითად, ბაიას შტატის სამზარეულო ბრაზილიაში, კარგადაა ცნობილი თავისი დასავლეთ-აფრიკული ფესვებით. არგენტინელები, ჩილელები, ურუგვაელები, ბრაზილიელები და ვენესუელელები რეგულარულად ხმარობენ ღვინოს, ამავე დროს არგენტინელები პარაგვაელებთან, ურუგვაელებთან ერთად, და ჩილეს და ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი უპირატესობას ანიჭებენ მატეს ან ამ სასმისის პარაგვაულ ვერსიას — ტერერეს, რომელიც სხვებისაგან იმით განსხვავდება, რომ მას სვავენ ცივს. პისკო — პერუში და ჩილეში დამზადებული ყურძნის დისტილირებული კონიაკია, მაგრამ, არსებობს მუდმივი კამათი ამ ორ ქვეყანას შორის მისი წარმომავლობის თაობაზე. პერუს სამზარეულო ჩინური, იაპონური, ესპანური, აფრიკული და ანდების ხალხის სამზარეულოს ელემენტების ნარევია.
სპორტი მთავარ როლს ასრულებს სამხრეთ ამერიკაში. ყველაზე უფრო პოპულარული სპორტის სახეობაა — ფეხბურთი, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე წარმოადგენს ფიფას წევრი სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CONMEBOL) და ატარებს ისეთ მთავარ ტურნირებს, როგორიცაა კოპა ამერიკა (საერთაშორისო ტურნირი) და ლიბერტადორესის თასი (კლუბებს შორის შეჯიბრება). ურუგვაიში, სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში 1930 წელს ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, და მთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა ცხრაჯერ გაიმარჯვეს 19 შემთხვევიდან (ბრაზილიამ 5-ჯერ, არგენტინამ და ურუგვაიმ 2-2-ჯერ).
სხვა პოპულარული სპორტის სახეობებია: კალათბურთი, ცურვა და ფრენბურთი. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობენ სპორტის ეროვნული სახეობები, როგორებიცაა პატო არგენტინაში, ტეხო კოლუმბიაში და როდეო ჩილეში.
რაც შეეხება სპორტის სხვა მიმართულებებს, შეიძლება გამოიყოს, მაგალითად, რაგბის, პოლოს და ბალახის ჰოკეის პოპულარობა არგენტინაში, ავტოსპორტის ბრაზილიაში და ველოსპორტის კოლუმბიაში. არგენტინა, ჩილე და ბრაზილია დიდი სლემი საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.