Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლისაბონი (პორტ. Lisboa) — პორტუგალიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, ასევე ლისაბონის რეგიონის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 545 796 ადამიანს (2021), ხოლო მთელ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 2,8 მლნ ადამიანზე მეტი. ლისაბონი აღიარებულია ალფა დონის გლობალურ ქალაქად, ფინანსური, კომერციის, მედიის, გასართობი, ხელოვნების, საერთაშორისო ვაჭრობის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში მისი მნიშვნელობის გამო.[2] ლისაბონი არის პორტუგალიის ორი ქალაქიდან ერთ-ერთი (პორტუსთან ერთად), რომელიც გლობალურ ქალაქად არის აღიარებული.[3][4] არის კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი, მზარდი ფინანსური სექტორით.[5] გარდა ამისა, უმბერტო დელგადოს აეროპორტი 2018 წელს 29 მილიონ მგზავრს მოემსახურა და იყო პორტუგალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი, მე-3 ყველაზე დატვირთული იბერიის ნახევარკუნძულზე, ევროპის მასშტაბით კი მე-20 ყველაზე დატვირთული.[6] საავტომობილო მაგისტრალების ქსელი და სარკინიგზო სისტემა პორტუგალიის მთავარ ქალაქებს ლისაბონისთან აკავშირებს.[7] ლისაბონი სამხრეთ ევროპის მე-9 ყველაზე დატვირთული ქალაქია, ტურისტთა რაოდენობით, რომის, სტამბოლის, ბარსელონას, მილანის, ვენეციის, მადრიდის, ფლორენციისა და ათენის შემდეგ, 2017 წლის მონაცემებით ქალაქში 3 320 300 ტურისტი იმყოფებოდა.[8] ლისაბონის რეგიონს აქვს მშპ-ის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე პორტუგალიის ნებისმიერ სხვა რეგიონს. მისი მშპ შეადგენს 96,3 მილიარდ აშშ დოლარს, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე 32 434 დოლარს.[9][10] ქალაქი მთლიანი შემოსავლის რაოდენობით, მსოფლიოში მე -40 ადგილს იკავებს..[11] ქალაქი ასევე არის ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, როგორც მისი მთავრობის ადგილი, ასევე სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლისაბონი პორტ. Lisboa | |||||
| |||||
ქვეყანა | პორტუგალია | ||||
რეგიონი | ლისაბონი | ||||
შიდა დაყოფა | კამპო-დე-ორიქი, აჟუდა, ესტრელა, ალვალადე, არეირო, ბენფიკა, ბეატუ, ლუმიარი, ავენიდა-ნოვა, ბელემი, სანტა-მარია-დუშ-ოლივაიში, ალკანტარა, კამპოლიდე, სანტა-კლარა, სანტა-მარია-მაიორი, სანტო-ანტონიო, სან-ვიცენტე, კარნიდე, პარქუ-დაშ-ნაჩოესი, აროიოსი, სან-დომინგუშ-დე-ბენფიკა, მისერიკორდია, პენია-დე-ფრანსა და მარვილა | ||||
კოორდინატები | 38°42′28″ ჩ. გ. 9°08′20″ დ. გ. | ||||
მმართველი | Carlos Moedas | ||||
პირველი ხსენება | 205 BCE | ||||
ფართობი | 100.05±0.01 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 100±100 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 545 923 (2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 და UTC+1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1000–1900 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.cm-lisboa.pt/ | ||||
ლისაბონის კოორდინატებია 38°42′49″ ჩ. გ. 9°08′21″ დ. გ. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტახოს შესართავთან, ატლანტის ოკეანიდან 15 კმ.. ლისაბონის დასავლეთ ნაწილში არის „მოსნანტოს ტყის პარკი“, რომელიც გადაჭიმულია 10 კვადრატულ კილომეტრზე და ერთ-ერთი უდიდესი დაცული პარკია ევროპაში, რომელსაც მუნიციპალიტეტის 10% უკავია. ქალაქს 100,05 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.[12]
ქალაქში კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიდედვით ხმელთაშუა ზღვის კლიმატია[13] ზომიერი, წვიმიანი ზამთრითა და ცხელი, მშრალი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა 17,4°C -ია, დღის საშუალო ტემპერატურა 21,3°C, ხოლო ღამის 13,5 °C. ყველაზე ცივ თვეში, იანვარში, დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 10-დან 18 °C- მდეა, ღამით ყველაზე დაბალი ტემპერატურა 3-დან 13 °C- მდეა და ზღვის საშუალო ტემპერატურა 15 °C-ია.[14] ყველაზე თბილ თვეში, აგვისტოში, დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მერყეობს 25-დან 32 °C- მდე, ღამით ყველაზე დაბალი ტემპერატურა 14-დან 20°C- მდეა და ზღვის საშუალო ტემპერატურა 20 °C-ია.[14]
ევროპულ დედაქალაქებს შორის, ლისაბონი მიეკუთვნება ისეთ ქალაქებს, რომელთაც აქვთ ცხელი ზამთრი და ზომიერი ღამის ტემპერატურა, საშუალოდ 8,3 °C-ით. ყვლაზე დაბალი ტემპერატურა, რაც ქალაქში დაფიქსირებულა იყო და 1985 წლის იანვარში და შეადგენდა −1 °C-ს, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა იყო 44 °C, დაფიქსირდა 2018 წლის აგვისტოში.[15] მზიანი საათები რაოდენობა წელიწადში 2 806-ია. საშუალოდ დეკემბრის დღიური მზის ხანგრძლივობა 4,6 საათია, ხოლო ივლისში საშუალოდ 11,4 საათი.[16]ნალექის საშუალო წლიური მაჩვენებელი 774 მმ-ია. ნოემბერი ყველაზე ნალექიანი თვეა.
ლისაბონის ტერიტორიაზე იყო იბერიული ტომის, ლუზიტანიელების მთავარი დასახლება ოლისიპო, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში დაიპყრო რომის რესპუბლიკამ. ძვ.წ. I საუკუნეში განლაგებული იყო იულიუს კეისრის (ძვ.წ 100-44) სამხედრო ბანაკი. ქალაქის ტიპის დასახლებაზე ინფორმაცია ახალი ერის დასაწყისში ჩნდება. მას ეწოდება „Ulisea“, რომლის წარმომავლობაც უცნობია. ლინგვისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „Ulisea“ - ოდისევსს უნდა უკავშირდებოდეს. პლინიუს უმცროსთან გვხვდება სახელი „Olissipo“. სხვა ვერსიით, ქალაქის სახელის მნიშვენლობა უკავშირდება ფინიკიურ სიტყვებს „Alis ubo“, რაც ითარგმნება, როგორც „უსაფრთხო ნავსადგომი“. ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მართლაც დაადასტურა ფინიკიელების ყოფნა თანამედროვე ლისაბონის ტერიტორიაზე.
VI საუკუნეში ტერიტორია დაიპყრეს ვესტგუთებმა, ხოლო VIII საუკუნეში არაბებმა. 1147 წელს ლისაბონი არაბებს წაართვა პორტუგალიის მეფე ალფონსუ I-მა. 1255-1256 წლებში ის დედაქალაქად აქცია ალფონსუ III-მ. XV-XVII საუკუნეებში ლისაბონი გახდა დიდი სავაჭრო ცენტრი. 1640 წელს ლისაბონში მოხდა დიდი აჯანყება, რომლის შედეგადაც პორტუგალია ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლდა. 1703 წელს ინგლისთან დადებული ხელშეკრულებით ლისაბონი ფაქტობრივად დიდი ბრიტანეთის სამხედრო და სავაჭრო ბაზა გახდა. 1755 წელს ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია. 1807-1808 წლებში ოკუპირებული იყო საფრანგეთის მიერ. XIX საუკუნეში ლისაბონი რევოლუციური მოძრაობების ცენტრი გახდა. 1910 წელს ლისაბონში მომხდარი აჯანყების შედეგად პორტუგალია რესპუბლიკად გადაკეთდა.
1300 წელს ქალაქის მოსახლეობა იყო დაახლოებით 35 000. ჩვ.წ. 1400 წელს 60 000, ხოლო ჩვ.წ 1500 წელს მოსახლეობა 70 000 -მდე გაიზარდა. 1528-1590 წლებში შორის 70 000 - დან 120 000 - მდე მერყეობდა.1600 წელს 150 000 ადამიანს შეადგენდა, ხოლო თითქმის 1700 წელს 200 000-ს.[17][18][19] დღესდღეობით ქალაქის მოსახლეობის სიმჭიდროვეა 6 458 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე.
ლისაბონის ადმინისტრაციულ ცენტრში 552 700 ადამიანი ცხოვრობს,[20] მხოლოდ 100,05 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე.[21] ურბანულ არეალში 2 666 000 ადამიანი ცხოვრობს, ეს არის ევროკავშირის მეთერთმეტე უდიდესი ურბანული ტერიტორია პარიზის, ლონდონის, რურის რეგიონის, მადრიდის, მილანის, ბარსელონის, ბერლინის, რომის, ნეაპოლისა და ათენის შემდეგ.[22] ლისაბონის მთელი მეტროპოლიტენის არეალზე დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ლისაბონის მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე 3 121 876 მოსახლე იმყოფება.[23] სხვა წყაროები ასევე აჩვენებენ დაახლოებით მონაცემებს, „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 2 797 612-ია,[24] გაეროს ეკონომიკური და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით - 2 890 000,[25] ევროსტატის ოფისის მონაცემებით - 2 839 908,[26] ხოლო ბრუკინგსის ინსტიტუტის თანახმად 2 968 600.[27]
მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება წლების მიხედვით. | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
43 | 900 | 1552 | 1598 | 1720 | 1755 | 1756 | 1801 | 1849 | 1900 | 1930 | 1960 | 1981 | 1991 | 2001 | 2011 | ||||
30,000 | 100,000 | 100,000 | 150,000 | 185,000 | 180,000 | 165,000 | 203,999 | 174,668 | 350,919 | 591,939 | 801,155 | 807,937 | 663,394 | 564,657 | 545,245 |
ლისაბონი მთელი ქვეყნის ეშპ-ის 45%-ს აწარმოებს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გათვლით მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი ქვეყნისა და ევროკავშირის შესაბამის საერთო მაჩვენებლებს. ლისაბონის რეგიონი პორტუგალიის ყველაზე მდიდარი რეგიონია. ლისაბონი არის საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრი.
ხელსაყრელი მდებარეობის გამო ლისაბონი საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის კვანძად იქცა. ის ქვეყნის მთავარი ნავსადგური და სატრანსპორტო ცენტრია.
ლისაბონის მეტრო აკავშირებს ქალაქის ცენტრს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებთან, ასევე ზოგიერთ გარეუბანთან, რომლებიც ლისაბონის მეტროპოლიტენის არეალში შედიან, მაგალითად, ამადორასა და ლუარს. ქალაქის მეტრო ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. ლისაბონის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლას დაახლოებით 25 წუთი სჭირდება. 2018 წლის მდგომარეობით, მეტრო მოიცავს ოთხ ხაზს, რომლებიც იდენტიფიცირებულია ინდივიდუალური ფერებით (ლურჯი, ყვითელი, მწვანე და წითელი) და 56 სადგურს, რომელთა სიგრძე საერთო ჯამში 44,2 კილომეტრია. შემოთავაზებულია რამდენიმე გაფართოების პროექტი.
ქალაქში ტრამვაი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტრადიციული ფორმაა, რომელიც 1901 წელს დაინერგა. თავდაპირველად შემოიტანეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან.[28] ადრეული ტრამვაის ნახვა დღესაც შესაძლებელია „Museu da Carris“- ში (საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუზეუმი). მე-15 ხაზის გარდა, ლისაბონის ტრამვაის სისტემაში ჯერ კიდევ მცირე, ოთხ ბორბლიანი დიზაინის მქონე მანქანები მოძრაობენ, რომელიც დათარიღებულია XX საუკუნის დასაწყისით. ეს გამორჩეული ყვითელი ტრამვაი თანამედროვე ლისაბონის ერთ-ერთი ტურისტული ნიშანია და მათი ზომა კარგად შეესაბამება ცენტრალური ქალაქის ციცაბო ბორცვებსა და ვიწრო ქუჩებს.[29][30]
ადგილობრივი ავტობუსის მომსახურებას ლისაბონის შიგნით ახორციელებს კომპანია „Carris“-ი. ავტობუსები ქალაქის ცენტრს აკავშირებენ მის გარეუბნებთან, თუმცა ზოგიერთი მათგანი სხვა ქალაქებშიც გადაადგილდება.
უმბერტო დელგადოს აეროპორტი მდებარეობს ქალაქის საზღვრებში. ეს არის TAP პორტუგალიის სათავო ოფისი და ასევე არის „Easyjet“, „Azores Airlines“, „Ryanair, EuroAtlantic Airways“, „White Airways“ და „Hi Fly“- ის ცენტრი. შემოთავაზებულია მეორე აეროპორტის მშენებლობაც, მაგრამ პროექტი არ განხორციელდა პორტუგალიისა და ევროპული ეკონომიკური კრიზისის გამო, ასევე გრძელი მსჯელობის იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ახალი აეროპორტი. ასე რომ, სამომავლოდ ლისაბონს ექნება ორი აეროპორტი, ამჟამინდელი აეროპორტი ჩრდილოეთით, ხოლო ახალი ქალაქის სამხრეთით.
ლისაბონიდან გადის ოთხი კომერციული მატარებლის ხაზი. მთავარი სარკინიგზო სადგურებია „სანტა აპოლონია“, „როსიო“, „Gare do Oriente“, „Entrecampos“ და „Cais do Sodré“.
ლისაბონში, სპეციალურად უცხოელი მაცხოვრებლებისთვის, განკუთვნილია მრავალი საერთაშორისო სკოლა, მათ შორისაა: „კარლუცის ამერიკული საერთაშორისო სკოლა“ (ერთადერთი ამერიკული სკოლა პორტუგალიაში), „წმინდა ჯულიანის სკოლა“ (ბრიტანული), „წმინდა დომინიკის საერთაშორისო სკოლა“ (ბრიტანული), „ლისაბონის გერმანული სკოლა“ (გერმანული), „Instituto Español Giner de los Rosos“ (ესპანური) და „Lycée Français Charles Lepierre “(ფრანგული).
ქალაქში არის სამი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლისაბონის უნივერსიტეტი, რომელიც პორტუგალიის უდიდესი უნივერსიტეტია, შეიქმნა 2013 წელს „ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტისა“ და „ლისაბონის კლასიკური უნივერსიტეტის“ (რომელიც ცნობილი იყო როგორც ლისაბონის უნივერსიტეტი) გაერთიანებით. „ლისაბონის ახალი უნივერსიტეტი“ დაარსდა 1973 წელს. ლისაბონის კიდევ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია „ნოვას ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა“ (Nova SBE), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. მესამე სახელმწიფო უნივერსიტეტი არის „აბერტას უნივერსიტეტი“. გარდა ამისა, არსებობს „ISCTE“ - „ლისაბონის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი“ (დაარსდა 1972 წელს). ძირითადი კერძო უნივერსიტეტებია: „პორტუგალიის კათოლიკური უნივერსიტეტი“, რომელიც ფოკუსირებულია სამართალსა და მენეჯმენტზე, ასევე „ლუსიადას უნივერსიტეტი“, „ლუსოფონას უნივერსტი“ და „ლისაბონის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“.
ჩარიცხულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა ქალაქში, 2007-2008 სასწავლო წლისთვის 125 867 იყო, რომელთაგან 81 507 იყო ლისაბონის საზოგადოებრივ ინსტიტუტებში.[31]
ქალაქში მდებარეობს „პორტუგალიის ეროვნული ბიბლიოთეკა“, სადაც 3 მილიონზე მეტი წიგნი და ხელნაწერი ინახება. ბიბლიოთეკაში არის იშვიათი წიგნები და ხელნაწერები, მაგალითად, გუტენბერგის ორიგინალური ბიბლია და ერაზმუს როტერდამელის ორიგინალი წიგნები, ასევე კრისტოფ პლატინისა და ალდუს მანუტიუსის ნაშრომები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა არის „Torre do Tombo“, ეროვნული არქივი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქივი. სხვა ბიბლიოთეკებია: „Arquivo Histórico Ultramarino“ და „Arquivo Histórico Militar“.
ლისაბონში მრავალი მუზეუმია, მათ შორის არქეოლოგიური, ანტიკური ხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმები.
ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, გორაკზე შემორჩენილია რომაული კედლების ფრაგმენტები, რომლებიც ჩართულია IX საუკუნის არაბულ ციხესიმაგრეში (XIV საუკუნიდან სან-ჟორჟის ციხე-დარბაზი). მნიშვნელოვანი ძეგლებია რომანული ტაძარი (1160-1186), კარმელიტების გოტიური მონასტერი (1389-1423), მეფის ძველი სასახლე (გადაკეთებულია XVI საუკუნეში), ბაროკოს სტილის სასახლეები და ეკლესიები. ჟერონიმუშის მონასტერი(1502-1520) და ბელენის ციხესიმაგრე (1515-1520), რომლებიც მანუელინოს სტილის გრანდიოზული ნაგებობებია, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ლისაბონის ცენტრი რეგულარული გეგმითაა განაშენიანებული 1755 წლის მიწისძვრის შემდეგ. დგას ჟოზე I-ის და აღმოჩენათა ძეგლები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.