Remove ads
მესოამერიკული ყოფილი ცივილიზაცია From Wikipedia, the free encyclopedia
მაია — მესოამერიკული ცივილიზაცია, რომელიც ცნობილია ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნახევარკუნძულის დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.
მაიას ცივილიზაცია |
ენები | თანამედროვე მაია |
მაიას ისტორია |
მაიას დაცემა |
მაიას საზოგადოებასა და მესოამერიკის სხვა ცივილიზაციათა შორის არსებობდა გარკვეული კულტურული და რელიგიური მსგავსება. დამწერლობის, ეპიგრაფიის, კალენდრის შედგენა არ შეიძლება სრულად მაიას მივაწეროთ, მათ მაღალ დონეზე დაამუშავეს და საოცრად დახვეწეს ისინი. მაიას რეგიონი ფართობით ყველაზე დიდია მესოამერიკაში, სიერა-მადრეს მთიანი მხარიდან მოყოლებული — ჩრდილო იუკატანის დაბლობებამდე, თუმცა ამ ცივილიზაციის გავლენის სფერო აღწევდა ცენტრალურ მექსიკამდე, ახლომდებარე არეალებში იგრძნობა მაიას ხელოვნებისა და არქიტექტურის გავლენა რაც გამოწვეული უნდა იყოს როგორც ვაჭრობით, ისევე გარე დაპყრობებით. მაიას ხალხი არასდროს არ „გამქრალა“ - არც კლასიკური პერიოდის ბოლოს, არც ესპანელთა მიერ იუკატანის დაპყრობისა და კოლონიზაციის პერიოდში. მექსიკისა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ენა განეკუთვნება მაია-კიჩეს ენათა ოჯახს. ნაწილმა იცის ესპანურიც. რელიგიით ფორმალურად კათოლიკეები არიან, ფაქტობრივად ინარჩუნებენ წინაქრისტიანულ რწმენათა გადმონაშთებს. თანამედროვე მაიას ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება.
მაიას ცივილიზაციის გეოგრაფიული არეალი, ცნობილი „მაიას რეგიონის“ (არეალის) სახელწოდებით, მოიცავს მექსიკის სამხრეთ შტატებს: ჩიაპასი, ტაბასკო და იუკატანის ნახევარკუნძულის შტატებს: კინტანა-როო, კამპეჩე და იუკატანი. მაიას არეალი აღწევს ცენტრალური ამერიკის ჩრდილო რეგიონამდე, გვატემალა, ბელიზი, სალვადორი და დასავლეთ ჰონდურასი.
როგორც ფართობით ყველაზე დიდს მესოამერიკაში, მაიას რეგიონს უკავია ფართო არეალი მოყოლებული სიერა-მადრეს მთიანეთიდან ჩრდილო იუკატანის ნახევრადმშრალ დაბლობებამდე. კლიმატი მაიას რეგიონში საოცრად მერყევია. სამხრეთ არეალებში ხშირია ურაგანი, ტროპიკული შტორმი, რაც კარიბის ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელია.
მაიას რეგიონი პირობითად 3 ზონად იყოფა - სამხრეთი მაღლობები, სამხრეთი (ან ცენტრალური) დაბლობები და ჩრდილო დაბლობები. სამხრეთი მაღლობები მოიცავს გვატემალისა და ჩიაპასის ამაღლებულ ტერიტორიებს, სამხრეთი დაბლობები კი ამ მაღლობების ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს: კამპეჩეს, კინტანა-როოს, ჩრდილოეთ გვატემალის ტერიტორიებს, ასევე ბელიზს, სალვადორს. მაიას არეალის ჩრდილო დაბლობები მოიცავს იუკატანის ნახევარკუნძული დანარჩენ ტერიტორიას პუკის გორაკების ჩათვლით.
მეცნიერებმა ისტორიული განვითარების ასეთი ჯაჭვი „შექმნეს“: დაახლოებით 10 000 წლის წინ, როდესაც დასრულდა უკანასკნელი გამყინვარების პერიოდი, ადამიანები ამერიკის კონტინენტზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დაიძრნენ. მომდევნო 6000 წლის განმავლობაში მათ ისწავლეს მიწათმოქმედება, ბინადარი ცხოვრება.
მაიას ცივილიზაციის ქვედა ქრონოლოგიურ საზღვრად მიიჩნევენ ჩვენს ერამდე II ათასწლეულს, ზოგჯერ III ათასწლეულსაც კი, ხოლო ზედა საზღვრად ახ. წ. X საუკუნეს. ამ ცივილიზაციის აყვავების ხანა მოდის ახ. წ. VII-VIII საუკუნეებზე. ახ. წ. დაახლოებით 900 წელს დაიწყო მაიას ცივილიზაციის მზის ჩასვენება: გამოიფიტა თუ არა ბუნებრივი რესურსები, შემოიჭრნენ თუ არა უცხო ტომები, არავინ იცის, მაგრამ ქალაქები დაცარიელდა და მაიას ცივილიზაციამ იუკატანის ნახევარკუნძულზე გადაინაცვლა. მაგრამ სახელმწიფო წყობა, რომელიც მაიას ცივილიზაციიათვის იყო დამახასიათებელი, ბოლოს და ბოლოს აქაც დაემხო.
ჩვ. წელთაღრიცხვამდე 1500 წელს, პრეკლასიკური პერიოდის დასაწყისში ისახება მაიას ცივილიზაცია. აღმოცენდნენ მსხვილი ცენტრები – ნაკბე, ელ-მირადორი, ტიკალი. გამოიყენება რიტუალური, მზის და მთვარის კალენდრები, ვითარდება იეროგლიფიური დამწერლობა, იგება ტაძრები. საზოგადოება იყოფა მმართველ ელიტად და მასად (მიწათმოქმედები, ხელოსნები, ვაჭრები)
ადერული კლასიკური პერიოდიდან (ახ. წ. 250-600 წ.წ.) დიდი რაოდენობით შემორჩა პირამიდა ტაძრები წარწერებითა და მმართველთა სურათებით. ყველაზე ადრინდელი (292 წ) ნაპოვნია ტიკალში და მასზე აღბეჭდილია დინასტიის დამაარსებლის, მმართველ იაშ-მოშ-შოკას მემკვიდრის პორტრეტი. გვიანდელი კალსიკური პერიოდი (ახ. წ. 600-900 წ.წ.) არის დიდი აღმშენებლობის ეპოქა, როდესაც გამოჩნდა კულტურის ახალი კერპები პალენკე და კოპანი, ხოლო ხელოვნებამ უდიდეს აღმავლობას მიაღწია. მაგრამ, როგორც ჩანს, ბუნებრივი რესურსები გამოიფიტა, რამაც გაომიწვია სოფლის მეურნეობის დაცემა, და უკვე პოსტკლასიკურ პერიოდში განუწყვეტელმა შიმშილობებმა, ეპიდემიებმა, უცხოელმა დამპყრობლებმა, განუწყვეტელმა ომებმა, - ყოველივე ამან ბოლო მოუღო მაიას ცივილიზაციას. თუმცა ცივილიზაცია მაინც განაგრძობდა არსებობას იუკატანის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ უმშვენიერესი ქალაქები – უშმალი, კაბახი, საიილი, ლაბნა – განაგრძობდნენ ცხოვრებას 1000 წლამდე, ხოლო ქალაქ ჩიჩენ-იცასათვის აყვავების პერიოდიც კი დადგა. მაგრამ ჩიჩენ-იცას მოულოდნელად დაღუპვის შემდეგ, იუკატანის მთავარ ქალაქად იქცა მაიაპანი. კოკომების დინასტიის 250 წლიანი ბატონობის შემდეგ, მაიაპანი დაანგრიეს აჯანყებული მეზობელი ქალაქების ბელადებმა, რის შემდეგაც, ყოფილი სახით მაიას ცივილიზაცია ვეღარ აღსდგა, ხოლო საბოლოოდ იგი ესპანელმა კონკისტადორებმა დაასამარეს.
ორი ცივილიზაციის, ევროპული და ამერიკული (ამ შემთხვევაში მაიას ცივილიზაცია) პირველი შეხვედრა გაიმართა თვით ქრისტეფორე კოლუმბის მონაწილეობით, როდესაც იგი თავისი მეოთხე ცურვის დროს ინდოეთში (კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწა ინდოეთი იყო), მისმა ხომალდებმა ჩაუარეს თანამედროვე ჰონდურასის ჩრდილოეთ ნაწილს და კუნძულ გუანაიასთან შემოხვდათ ცალფა ხეში ამოღებული კანოე, სიგანით 1,5 მ. ეს იყო სავაჭრო ნავი, რომლის მგზავრებმაც ევროპელებს შესთავაზეს სპილენძის ფირფიტები, ქვის ხელცულები, კერამიკული ნაკეთობები, კაკაოს მარცვლები და ბამბის ქსოვილები.
როდესაც ერნან კორტესმა აცტეკების დიდი იმპერია დაიპყრო, მან ერთ-ერთი თავისი რაზმის მეთაური გაგზავნა სამხრეთში, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. 1547 წლისთვის, ესპანელებმა დაასრულეს მაიას ხალხების დაპყრობა, თუმცა ზოგიერთმა ტომმა თავი შეაფარა იუკატანის ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის ტყებს და კიდევ 150 წლის განმავლობაში განაგრძობდა ბრძოლას. ესპანელების მიერ შემოტანილი ყვავილის, წითელას და გრიპის ეპიდემიები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა არ იცნობდა, მილიონობით ინდიელს ცელავდა სიკვდილის ცელით. ესპანელები ამავე დროს სასტიკად დევნიდნენ მათ რელიგიას: ანგრევდნენ ტაძრებს, წმინდა ადგილებს ძარცვავდნენ, ხოლო მათ, ვინც კერპთაყვანისმცემლობაში იყო შემჩნეული, კათოლიკე მისიონერი ბერები სვამდნენ ძელზე, დუღრავდნენ ცხელი წყლით, სცემდნენ მათრახით.
ამ მისიონერებს ხელმძღვანელობდა ფრანცისკანელი ბერი დიეგო დე ლანდა, არაორდინარული და რთული პიროვნება. იგი სწავლობდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფას, ცდილობდა მოეძებნა მაიას დამწერლობის საიდუმლოების გასაღები და აღმოაჩინა საიდუმლო სამალავი, რომელშიც 30 იეროგლიფიური წიგნი ინახებოდა. ეს წიგნები ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენდა: შავი და წითელი ნიშნები კალიგრაფის ხელით იყო გამოყვანილი ღია ფერის ქაღალდზე, რომელსაც ამზადებდნენ ლეღვის ან თუთის ხის ქვედა ნაწილისგან. თვით წიგნები დაკეცილი იყო „გარმონივით“, ხოლო გარეკანი იაგუარის ტყავისგან იყო დამზადებული.
ამ ბერმა გადაწყვიტა, რომ მაიას წიგნებში ეზოთერული ცოდნის მქონე, ეშმაკისეული მაცდუნებელი მასალა იქნებოდა და ბრძანა მათი დაწვა, რამაც „მაიას ხალხს თავზარი დასცა და უზომოდ დაამწუხრა“. 1562 წელს, დიეგო დე ლანდას სამთვიანი ინკვიზიციის დროს, მისი ხელმძღვანელობით აწამეს 5000 ინდიელი, რომელთაგან 158 დაიღუპა. ამ სისასტიკის გამო, დე ლანდა უკან, ესპანეთში გაიწვიეს, მაგრამ იქ გაამართლეს და სულ მალე უკვე ეპისკოპოსის რანგში დააბრუნეს.
კონკისტადორები ყველა შესაძლებელი ხერხებითა და მეთოდებით ანადგურებდნენ ინდილეთა კულტურას. ესპანელთა მოსვლიდან უკვე ასი წლის შემდეგ, მაიას დიდებული წარსულის შესახებ მოგონებაც კი აღარ დარჩა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანისთვის თითქმის აუტანელ, ამ ტროპიკულ კლიმატში უმაღლესი ცივილიზაცია არსებობდა.
მაიას ცივილიზაციის განვითარება მიმდინარეობდა მკაცრად რეგლამენტირებული, კლასობრივი საზოგადოების ევოლუციის კვალდაკვალ. მმართველები, რომელთა ჩამომავალობაც, როგორც მაიას ხალხს მიაჩნდა, ღმერთებისგან მომდინარეობდა, ხელმძღვანელობდნენ ადამიანებს, დაწყებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითა და დამთავრებული სამხედრო ლაშქრობებით. საზოგადოებრივი პირამიდის უმაღლეს მწვერვალზე იდგა უზენაესი მმართველი, სხვა სამყაროებთან დაკავშირებული, რასაც ხაზი ტანისამოსითაც ესმებოდა მკერდზე მიმაგრებული აუცილებელი სარკით. უზენაეს მმართველს მაიას ხალხები „ხალხის სარკეს“ უწოდებდნენ.
მაიას ხალხების ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდა მუსიკა და ცეკვები, რომელთა საშუალებითაც ისინი ღმერთებს მადლობას სწირავდნენ. მუსიკის ჰანგები და ქორეოგრაფიული სუართები თან ახლდა მაიას ყველა მასობრივ ღონისძიებას: მშვიდობიან თუ სამხედრო ლაშქრობებს, ნადირობასა თუ მინდვრის სამუშაოებს, საკულტო ცერემონიებს. მოცეკვავეები და მუსიკოსები გამოსახულნი არიან სასახლეების კედლებზე, მოხატულ ვაზებზე, სკულპტურებში. დღესდღეობით შეუძლებელია იმდროინდელი მუსიკის მოსმენა, ან კიდევ, მოცეკვავეთა მოძრაობების წარმოდგენა.
დასარტყამ მუსიკალურ ინსტრუმენტებსა ამზადებდნენ ხისგან, თიხის ან ოკეანის კუს ბაკანისგან. ხოლო ჩასაბერ ინსტრუმენტებს ამზადებდნენ გრძელი, გამომშრალი გოგრებისგან, რომლებიც ხის მილებზე იყო წამოცმული. სალამურებსსა და საყვირებს აკეთებდნენ ირმის ძვლების ან ხისგან.
არქეოლოგებმა, ჩატარებული გათხრების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მაიას პირამიდები, ისევე როგორც ეგვიპტური, წარმოადგენდნენ დიდებულთა და წარჩინებულთა აკლდამებს. მხატვრების, ქვის მთლელების, მუშების უზარმაზარი არმია ხელს კიდებდა გასაოცრად რთულ საქმეს, რომ უკანასკნელი პატივი ეცათერთადერთი ადამიანისთვის. მაგალითად, პაკამას (მართავდა 615-683 წ.წ.) – პალენკეს უზენაესი მმართველის აკლდამა გაოცებას იწვევდა თავისი მდიდრული სამარხით. პაკამამ ააგო სასახლეები, ტაძრები, აღმართა წარწერებიანი სტელები, რომლებიც მეტად საჭირო ინფორმაციას იძლევიან მაიას შესახებ.
მაიას ცივილიზაციის არსებობისათვის საჭირო იყო რაღაც ეკონომიკური საფუძველი, მაგრამ მაიას ხალხებმა არ იცოდნენ ლითონი, სახნისი, ბორბლებიანი საზიდრები, შინაური ცხოველები, სამეთუნეო ბორბალი. ფაქტობრივად, თუ მათი სამუშაო იარაღების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი იყვნენ ქვის ხანის ადამიანები. XX საუკუნის 60-იან წლებამდე თვლიდნენ, რომ მაიას ტომები, ისევე როგორც მათი თანამედროვე შთამომავლები, საახოო მიწათმოქმედებას მისდევდნენ: მოცემულ ნაკვეთზე ტყეს გაჩეხავდნენ, შემდეგ მოჭრილ ხეებსა და ბუჩქნარს წვავდნენ, რათა ნაცრით გაენოყიერებინათ ნიადაგი. ტროპიკული ტყეების ნიადაგი ღარიბია, ფენა არაა ღრმა, ამიტომაც იგი მალე, ორ-სამ წელიწადში იფიტება. ამის შემდეგ ნაკვეთს ტოვებდნენ იქამდე, ვიდრე იგი ხელახლა არ დაიფარებოდა ხეებით და შემდეგ ყველაფერრი თავიდან იწყებოდა.
დროთა განმავლობაში მაიას მოსახლეობა მატულობდა. გაითვალისწინა რამ მიწის ეროზია, რომელიც საახოო მიწათმოქმედების დროს იქმნებოდა, მაიამ იწყო მთის ფერდობებზე ტერასული მიწათმოქმედების გამოყენება. ძველი მაიას ხალხები აწეული მინდვრის პრინციპსაც იყენებდნენ. როდესაც ჭაობიან ადგილებში შეჰქონდათ მიწა და ქმნიდნენ შემაღლებულ ადგილებს. მაიას ტომებს საკმაოდ რთული საირიგაციო სისტემებიც ჰქონდათ. მაგალითად, აღმოჩენილ იქნა 90 მეტრი სიგანისა და 11 კმ სიგრძის არხი, რომელიც ქალაქს მდინარესთან აკავშირებდა. ქალაქ ეცნას ცენტრიდან, ჩრდილოეთით, გათხრილი იყო უფრო მცირე ზომის შვიდი არხი, რომლებითაც წყალი სხვადასხვა ზომის რეზერვუარებს ავსებდა.ყველაზე დიდი ამ რეზერვუარებიდან 120 მლნ კუბურ მეტრ წყალს იტევდა. არქეოლოგების გამოთვლით, ამ სისტემის მშენებლობაზე ქალაქის მაცხოვრებლებმა 1,68 მლნ კაც-დღე დახარჯეს. ყოველივე ეს აგებულ იქნა ხელით, პრიმიტიული იარაღებით.
მდინარეებსა და არხებზე გადაადგილების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა კანოე, რომელიც ცალფა ხისგან იყო გათლილი, სიგრძეში იყო 12 მ. და 50 კაცს იტევდა.
ქვეყნის სიღრმეში სანაპიროდან შეჰქონდათ სხვადასხვა საქონელი: თევზი, ზღვის ძუძუმწოვრები, ნიჟარები, ზვიგენის კბილები, მარილი – რომელიც ერთგვარ ფულის როლს თამაშობდა. იუკატანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ სოროსში ჩამოყალიბდა სავაჭრო ცენტრი. ყველაზე ძვირფასი საქონელი, რომელიც სოროსზე გავლით მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა, იყო ნეფრიტი და ობსიდიანი, რომლებიც მექსიკის შუა ნაწილიდან და გვატემალიდან ჩამოჰქონდათ. ობსიდიანი, შავი ვულკანური წარმოშობის შუშა, მუშავდებოდა ისე, რომ მისი პირი ბასრ დანასავით მჭრელი ხდებოდა. მისგან ამზადებდნე იარაღს და საჭრელ ინსტრუმენტებს. ნეფრიტი, ღირებული იყო როგორც რიტუალური ქვა და მასზე დიდი მოთხოვნილება იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამ და სხვა ფასეული საქონლის ნაცვლად, დაბლობ ადგილებში მცხოვრები ადამიანები იძლეოდნენ კვების პროდუქტებს, ბამბას, აგრეთვე იაგუარის ტყავსა და კეტცალის ბუმბულს.
როდესაც ესპანელები იუკატანზე მოვიდნენ, მაიას ხალხებს ათასობით ხელნაწერი წიგნი გააჩნდათ, რომელთა დიდი ნაწილიც დაიწვა. XIX საუკუნეში მეცნიერები იცნობდნენ მხოლოდ სამი წიგნს – კოდექსების შესახებ, რომლებსაც იმ ქალაქების სახელები მიეცათ, სადაც ისინი აღმოაჩინეს. 14 წლის განმავლობაში სწავლობდა დრეზდენში, სამეფო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი ერნესტ ფორსტემანი კოდექსს და მაიას კალენდრის მოქმედების პრინციპს, ხოლო იური კნოროზოვისა და ჰენრიხ ბერლინის გამოკვლევებმა ახალი ფურცელი გადაშალეს თანამედროვე მაიანისტიკაში. თვლიან, რომ სადღეისოდ ამოცნობილია მაიას იეროგლიფების 80%-ზე მეტი, ხოლო არქეოლოგებმა მაიას მატერიალური კულტურის უამრავი, შესანიშნავი ძეგლი აღმოაჩინეს.
მაიას ქურუმები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს ციურ სხეულებს. საიდუმლო ცოდნას ვარსკვლავებისა და პლანეტების შესახებ ქურუმები იწერდნენ კოდექსებში, რომლებმაც შემოგვინახეს მაიას კალენდრების რთული სისტემა, რომელიც დაკავშირებული იყო მზის, მთვარისა და პლანეტა ვენერას მოძრაობასთან. მაიამ შექმნა არა მარტო მზის კალენდარი 365 დღით, არამედ უდიდესი სიზუსტით განსაზღვრეს მთვარის თვეც (თანამედროვე გამოთვლებით სულ 23 წამის ცდომილებით). მაგრამ ცხოვრებისეულად ყველაზე მნიშვნელოვანი კალენდარი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე განსაზღვრავდა ადამიანის ბედსა და მის თითოეულ ნაბიჯს, მაიას ხალხისათვის იყო ასტროლოგიური, ანუ რიტუალური კალენდარი, რომელიც 260 დღიანი ციკლებისაგან შედგებოდა.
თანამედროვე მონაცემებით ძნელია ამ კალენდრის წარმოშობის ზუსტი განსაზღვრა. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ მას საფუძვლად უდევს საშვილოსნოში ნაყოფის განვითარების პერიოდი – ჩასახვიდან დაბადებამდე. ძველი მაიას წარმომადგენლები, ისევე როგორც თანამედროვე ადამიანები, სარგებლობდნენ ჰოროსკოპებით, რიტუალური კალნდრით განსაზღვრავდნენ ხელსაყრელ დღეებს რაღაც გარკვეული საქმეების წამოსაწყებად.
გარდა ამისა, მაიას ქურუმმა ასტრონომებმა შექმნეს რთული კალენდარი, რომელშიც ერთდროულად გამოიყენებოდა მზის, რიტუალური და პლანეტა ვენერას ციკლები. მის მიხედვით, ქურუმები განსაზღვრავდნენ ომების და მსხვერპლშეწირვების დროს. ეს დიდი კალენდარი შედგებოდა 104 წლისგან, ვენერას მოძრაობის 65 პერიოდისა და ადამიანის ნაყოფის მომწიფების 146 პერიოდისაგან. მის მიხედვით, ყოველი 173,3 დღის შემდეგ, შეიძლებოდა მოსალოდნელი მზისა თუ მთვარის დაბნელების წინასწარმეტყველება, რაც უბრალო ხალხზე მაგიურ შთაბეჭდილებას ახდენდა.
ძველი მაიას ქურუმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ იცოდნენ სამყაროს გაჩენის ზუსტი თარიღი (იულიანური კალენდრის მიხედვით ძვ.წ. 3114 წლის 11 აგვისტო), ხოლო მათი კოსმოსური ციკლების თეორიის მიხედვით, 2012 წლის 21 დეკემბერს, ეს სამყარო უნდა დაღუპულიყო. თუმცა მაიას ხალხებისთვის რეალური დაღუპვა გაცილებით ადრე – XVI საუკუნეში მოხდა, როდესაც მათ სანაპიროს ესპანელი კონკისტადორები, მღვდლები და კოლონისტები მოადგნენ.
საგარეო სამხედრო კონფლიქტების კვალი და თავდაცვითი ნაგებობების არარსებიბამ, არქეოლოგებს აფიქრებინა, რომ მაიას ხალხი, აცტეკებისგან განსხვავებით, ეწეოდნენ მშვიდობიან, თითქმის იდილიურ ცხოვრებას, მაგრამ მაიას ხელოვნებასთან უფრო ახლოს ნაცნობობამ სულ სხვაგვარად წარმოაჩინა ამ ცივილიზაციაში მცხოვრები საზოგადოება.
მაიას სამხედრო ლაშქრობები ატარებდა რიტუალურ ხასიათს. ეს იყო არაჩვეულებრივი ომები: მზადება საოცრად პომპეზური იყო, საბრძოლო შეტაკებები უაღრესად ხანმოკლე და დიდი რაოდენობის ტყვე, რომლებსაც ღმერთებს სწირავდნენ.
ადამიანებისთვის ტაძრები წარმოადგენდნენ იმ ადგილს, სადაც სრულდებოდა მაიას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი — ღმერთთან და წინაპრებთან შერწყმა, რასაც „მიწისქვეშეთში მოგზაურობა“ ეწოდებოდა. ამგვარი მოგზაურობის შესასრულებლად მმართველი უნდა შესულიყო ეგზალტაციის უმაღლეს სტადიაში, რომლის დროსაც ჰალუცინაციები იწყება. ამის მიღწევა კი შიმშილობითა და სისხლის გამოშვებით შეიძლებოდა. მმართველი თავის სისხლიან წეს-ჩვეულებას ასრულებდა განმარტოებული, პატარა ოთახში, შემდეგ კი სისხლით მოთხვრილი, თეთრი ტანისამოსით გამოჩნდებოდა ტაძრის კიბეების ზედა მოედანზე და იქიდან იწყებდა „ღმერთებთან ასვლას“.
თანამედროვე ადამიანისთვის სისხლის გამოშვების პრაქტიკა საშინელება და ველურობაა, მაგრამ მაიას ხალხებისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენდა. მათ სწამდათ, რომ სამყაროში მიმოფანტულია საშინელი და ბოროტი ძალები, რომელთა შეკავებაც მხოლოდ გარკვეული რიტუალების შესრულებით შეიძლება. ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობას ისინი ღმერთების ნებას მიაწერდნენ. მზის დაბნელება, მაგალითად, მათ მიერ აღიქმებოდა როგორც ღვთაების გარდაცვალების რაღაც ფორმა, რის შედეგადაც მზე სამუდამოდ შეიძლებოდა გამქრალიყო. დილის ვარსკვლავის (ასეთად მათ ვენერა მიაჩნდათ) პირველი გამოჩენა ცაზე ხანგრძლივი დროის შემდეგ, მათთვის მოახლობული ომის ნიშანი იყო. მიუსადაგებდნენ რა სისხლის გამოშვების ცერემონიას რომელიმე ციურ მოვლენას, მაიას მმართველები ცდილობდნენ როგორმე ზეგავლენა მოეხდინათ მოსალოდნელ მოვლენებზე და სწამდათ, რომ ამაზე იყო დამოკიდებული სამყაროს ბედი.
მაიას ხალხების აზრით, საიდუმლო კავშირი ცოცხალ ადამიანებსა და ღმერთებსა და წინაპრებს შორის მყარდებოდა რიტუალური აქტების დროს, რომლებსაც ადამიანებიათვის უნდა მიეცათ ცოცხალი სამყაროდან სულების სამყაროში გასვლის საშუალება. ამ ხალხების წარმომადგენლებს სპეციალურად მიჰყავდათ თავისი თავი იმ მდგომარეობამდე, როდესაც დაბინდულ გონებაში ჩნდებოდა რაღაც მოჩვენებები, რაც ნიშნავდა სხვა სამყაროში გადასვლას. ამგვარი რიტუალების ჩატარების მიზეზები კი ბლომად იყო: დაბადება თუ გარდაცვალება, სიმინდის თესვა თუ მმართველის ტახტზე ასვლა – ყველაფერი ითხოვდა სისხლის გამოშვებას, ე.ი. ღმერთებისათვის იმ ყველაზე ძვირფასის მხვერპლად შეწირვას, რაც კი მათ გააჩნდათ.
აღმოჩენილია ქვისგან გამოთლილი ადამიანის პატარა ფიგურა, რომელიც სისხლის გამოშვების წესს ასრულებს. თავსაბურავი, სამკაულები, ტეძოებზე შემოხვეული ნაჭერი, ყოველივე ეს მიუთითებდა, რომ ის დანაშაულიათვის ცოდვებს ინანიებდა. იხვრეტდა რა გენიტალიებს (ზოგჯერ იხვრეტდნენ ენას ან ყურებს), იგი ელოდებოდა, ვიდრე სისხლით არ შეიღებებოდა ხისგან დამზადებული ქაღალდი. როდესაც ქაღალდი სისხლით შეიღებებოდა, მას წვავდნენ და იქიდან გამოსული კვამლი, რომელიც მაღლა, ცისკენ მიემართებოდა, წარმოადგენდა ღმერთების სარჩოს.
მაიას ხალხები სამყარო უყურებდნენ ერთდროულად აღტაცებიტაც და შიშითაც. მათი წარმოდგენებით, კოსმოსი სამი დონისგან შედგებოდა: ზედა, ციური დონის, შუათანა, მიწიერი სამყაროსა და ქვესკნელისგან, სადაც მიცვალებულები ცხოვრობდნენ. სამყაროს წესრიგი შენარჩუნებული იყო იმ კეთილი ურთიერთობებით, რომლებიც ღმერტებსა და ადამიანებს შორის არსებობდა. ღმერტები მაიას ხალხებს აძლევდნენ საკვებს, შთამომავლობას, მზის ინათლეს, წვიმა და სხვა ცხოვრებისეულ სიკეთეებს აღიარების, პატივისცემისა და თაყვანისცემის სანაცვლოდ.
ჩვენამდე მოაღწია მაიას ერთ-ერთმა გასართობმა – ბურთით თამაშმა. სპეციალურ ქვის მოედნებზე შეჯიბრის მონაწილენი წარმოადგენდნენ მითოლოგიურ სიუჟეტს გმირი ტყუპი ძმების შესახებ, რომლებიც მიწისქვეშ, ღმერთებს ბურთს ეთამაშებოდნენ. და ზუსტად ისევე, როგორც მითოლოგიურ თქმულებაში, სადაც საუბარი იყო სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის შესახებ, რეალურ შეჯიბრებაში დამარცხებულ მსხვრეპლად სწირავდნენ ან სასიკვდილოდ სცემდნენ მძიმე ბურთით, ან თავს კვეთდნენ. ზოგჯერ დამარცხებულს უბრალოდ შეკოჭავდნენ და აკეთებდნენ რა მისგან ერთგვარ ცოცხალ ბურთს, დააგორებდნენ ტაძრის კიბეებზე ან სიკვდილამდე არბენინებდნენ მოედანზე.
XVIII საუკუნის მიწურულიდან კვლავ იწყება მაიას ცივილიზაციით დაინტერესება და ბევრ რამეს ნათელი ეფინება. მაიას წარსულის პირველი მკვლევარი იყო ესპანეთის არმიის კაპიტანი ანტონიე დელ რიო, რომელმაც აღმოაჩინა მაიას ქალაქი პალენკე დიდებული პირამიდებითა და სასახლეებით. 20 წლის შემდეგ, მას მიყვა ესპანელთა სამსახურში მყოფი ჰოლანდიელი გილერმო დიუპე, რომელმაც ესპანეთის მეფე კარლოს IV-გან მიიღო დავალება შეესწავლა მექსიკის სიძველეები. შემდეგ დიუპეს საქმე გააგრძელა გვატემალის გუბერნატორმა ხუან გალინდომ დაა ბოლოს სტეფენსმა და კაზერვუდმა. მათი ექსპედიციების შემდეგ, მაიას ცივილიზაციის შესახებ ყველა ალაპარაკდა. 1885 წელს, ამერიკის ანტიკვარულმა საზოგადოებამ და ჰარვარდში პიბოდის მუზეუმმა იუკატანზე გააგზავნეს სპეციალური ექსპედიცია ახალგაზრდა მეცნიერის – ედვარდ გ. ტომსონის ხელმძღვანელობით, რომელიც 40 წლის მანძილზე იკვლევდა მაიას ცივილიზაციას. მაგრამ მაიას ისტორიის გასაღები ნაპოვნ იქნა მას შემდეგ, რაც კიჩეს ტომის ინდილემა, რომელმაც იცოდა ძველი დამწერლობა, ლათინური შრიფტით ჩაიწერა კიჩეს ხალხის წმინდა წიგნი „პოპოლ-ვუხი“ („ხალხის წიგნი“ – მითებისა და ლეგენდების კრებული). ორიგინალი დაიკარგა და ემორჩა მხოლოდ ამ წიგნის ლათინური ტრანსკრიფცია.
არსებობს ასობით მაიას ქალაქი და ათასობით მცირე დასახლება, მათ შრის ყველაზე მნიშვნელოვნებია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.