შვედური პოპ-ჯგუფი From Wikipedia, the free encyclopedia
ABBA (შვედურად წარმოითქმის [²abːa]) — შვედური პოპ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული სტოკჰოლმში 1972 წელს. მასში შედიოდნენ აგნეტა ფელტსკუგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი. ისინი იქცნენ ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად პოპ-მუსიკის ისტორიაში, რომელიც 1972-1982 წლებში ჩარტების სათავეებში ხვდებოდა. ისინი ასევე ცნობილები არიან ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 1974 წელს გამარჯვებით, რამაც შვედეთს ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა. ABBA ასევე ითვლება კონკურსში მონაწილე ყველაზე წარმატებულ პროექტად.
ჯგუფის წევრები 1979 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ - ბიორნ ულვეუსი, ანი-ფრიდ ლიუნგსტადი, აგნეტა ფელტსკუგი და ბენი ანდერსონი. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | სტოკჰოლმი, შვედეთი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური |
1972–1982 (მცირე გაერთიანებები: 1986, 2008, 2016) |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ყოფილი წევრები |
ანი-ფრიდ ლიუნგსტადი (ფრიდა) აგნეტა ფელტსკუგი (ანა) ბენი ანდერსონი ბიორნ ულვეუსი |
საიტი | abbasite.com |
ABBA ვიკისაწყობში |
ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი და ცნობილია, რომ წელიწადში დამატებით დაახლოებით მილიონი დისკი იყიდება.[2][3] ამრიგად ABBA არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური კოლექტივი მუსიკის ისტორიაში. ABBA იყო პირველი პოპ ჯგუფი, რომელიც წარმოშობით არაინგლისურენოვანი ქვეყნიდან იყო და მნიშვნელოვანი წარმატება იქონია ინგლისურენოვან ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ფილიპინებზე. ჯგუფს ასევე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ABBA-მ ამ ქვეყნებისათვის სპეციალურად ჩაწერა კრებული ჰიტ-სიმღერების ესპანურენოვანი ვერსიებით.
ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინებულები იყვნენ, ისევე როგორც ლიუნგსტადი და ანდერსონი. ABBA-ს პოპულარობის პიკის პერიოდში ორივე წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. 1979 წელს ერთმანეთს გაეყარნენ ულვეუსი და ფელტსკუგი, ხოლო მოგვიანებით, 1981 წელს - ანდერსონი და ლიუნგსტადი. შედეგად ამან გავლენა იქონია ჯგუფის მუსიკაზეც და კოლექტივის უფრო გვიანდელი სიმღერები გამოირჩევა უფრო მეტი თვითანალიზით სავსე ტექსტებით.
1983 წლის დასაწყისში დაშლის შემდეგ ანდერსონი და ულვეუსი განაგრძობდნენ სცენისათვის მუსიკის შექმნას, ხოლო ლიუნგსტადი და ფელტსკუგი სოლო კარიერებით დაკავდნენ, რომლებსაც შერეული წარმატება ხვდა წილად. ABBA-ს მუსიკის პოპულარობამ ოდნავ იკლო, მაგრამ ფილმებში „პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავლები“ და „მიურიელის ქორწილი“ მათი სიმღერების შეტანის შემდეგ ინტერესმა კოლექტივის მიმართ კვლავ იმატა. ამას მოჰყვა არაერთი ჯგუფის შექმნა, რომლებიც ABBA-ს მუსიკას უკრავდნენ. 1999 წელს ABBA-ს მუსიკა ადაპტირებული იქნა წარმატებული მიუზიკლისათვის Mamma Mia!, რომელმაც მსოფლიო მოიარა. მის მიხედვით გადაღებული იქნა ფილმი, რომელიც 2008 წელს გამოვიდა ბრიტანეთში წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. 2010 წლის 15 მარტს ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[4]
18 წლის ბენი ანდერსონი მოხვდა პოპულარულ შვედურ პოპ-როკ ჯგუფში The Hep Stars, რომელიც ასრულებდა ცნობილი სიმღერების ქავერ-ვერსიებს. ამ კოლექტივს ასევე „შვედურ ბითლზს“ უწოდებდნენ. მათ ასევე საკუთარი ლეიბლი, „Hep House“ ჩამოაყალიბეს. ანდერსონი ჯგუფში კლავიშებიან საკრავებზე უკრავდა და დაიწყო ორიგინალური სიმღერების შექმნაც, რომელთა ნაწილი - მათ შორის „No Response“, „Sunny Girl“, „Wedding“ და „Consolation“ პოპულარულად იქცა და შვედეთის ჰიტ-აღლუმებში 1966 წელს #1 ადგილი ეკავა.[5] ანდერსონს ასევე ჰქონდა წარმატებული თანამშრომლობა ლასე ბერგჰაგენთან - ერთად მათ 1968 წელს შექმნეს პოპულარული სიმღერა „Sagan om lilla Sofi“ (პატარა სოფის ამბავი).
ბიორნ ულვეუსი საკუთარ კარიერას ასევე 18 წლის ასაკში იწყებდა, ჯგუფით The Hootenanny Singers, რომელიც ინგლისურენოვანი სიმღერების სახით ფოლკ-სკიფლს ასრულებდა. ულვეუსი პარალელურად სოლო-ჩანაწერებზეც მუშაობდა. ანდერსონისა და ულვეუსის კოლექტივების გზები ტურნეების პერიოდში ხშირად იკვეთებოდა. 1966 წელს ბიორნმა და ბენიმ გადაწყვიტეს ერთობლივი სიმღერის ჩაწერა. ეს იყო „Isn't It Easy to Say“, რომელიც მოგვიანებით The Hep Stars-მა ჩაწერა. სტიგ ანდერსონი, The Hootenanny Singers-ის მენეჯერი და ლეიბლის Polar Music დამაარსებელი, ამ თანამშრომლობაში დიდ პოტენციალს ხედავდა და დუეტს მეტი სიმღერის დაწერა შესთავაზა. ასეც მოხდა, თუმცა მხოლოდ 1969 წელს დაიწერა მათი ნამდვილად წარმატებული სიმღერები - „Ljuva sextital“ და „Spelean“.
1969 წელს ევროვიზიის კონკურსისასთვის ანდერსონმა დაწერა „Hej, Clown“. სიმღერა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მოხვდა პირველ ადგილზე, მაგრამ შემდგომში მეორეზე გადაინაცვლა.[6] მაშინ ანდერსონი პირველად შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, მომღერალ ანი-ფრიდ ლიუნგსტადს, რომელიც იმავე კონკურსში მონაწილეობდა. ორი თვის შემდეგ მათ იქორწინეს. ანდერსონი და ულვეუსი 1969 წელს, როდესაც მათი ჯგუფები დაიშალა, გაერთიანდნენ სტუდიაში და 1970 წელს გამოსცეს პირველი ერთობლივი ალბომი Lycka. მასში შეტანილ სიმღერებში ვოკალებს თავად ასრულებდნენ, მაგრამ ანი-ფრიდი და აგნეტა ფელტსკუგი (ულვეუსის მეუღლე) დრო და დრო საკუთარ ხმებსაც ამატებდნენ. 1974 წლამდე ულვეუსი კვლავ გამოდიოდა და წერდა სიმღერებს ჯგუფთან The Hootenanny Singers, ხოლო ანდერსონი მუშაობდა მათი ჩანაწერების პროდიუსერად.
აგნეტა ფელტსკუგი 17 წლის ასაკში უკვე ცნობილი იყო, შვედეთის ჩარტში მოხვედრილი #1 სინგლით და შემჩნეული იქნა კრიტიკოსებისა და სიმღერების ავტორების მიერ, როგორც შლაგერის სტილის სიმღერების შემსრულებელი. იგი ასევე იწერდა უცხოური ჰიტების ქავერ-ვერსიებს. ანი-ფრიდი მან 1968 წელს გაიცნო, ხოლო ულვეუსი - რამდენიმე თვის შემდეგ.
1969 წელს შვედეთის ტელევიზიისათვის სიუჟეტის გადაღებაში მონაწილეობისას ფელტსკუგი კვლავ შეხვდა ულვეუსს. ისინი 1971 წელს დაქორწინდნენ. მოგვიანებით მათ მონაწილეობა მიიღეს ერთმანეთის სტუდიურ სესიებში [7]. ანდერსონმა და ლიუნგსტადმა ასევე ჩაწერეს ბეკ-ვოკალები ფელტსკუგის მესამე ალბომისთვის Som jag är (1970). 1972 წელს ფელტსკუგმა როკ-ოპერის „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ დადგმაში მარია მაგდალინელის როლი შეასრულა და დადებითი შეფასებები მიიღო. 1967-1975 წლებში მან ხუთი სტუდიური ალბომი გამოსცა.[8]
ანი-ფრიდ ლიუნგსტადი 13 წლის ასაკიდან მღეროდა და გამოდიოდა სხვადასხვა საცეკვაო ჯგუფთან, თუმცა ძირითადად ჯაზზე ორიენტირებულ კაბარეს სტილს მიჰყვებოდა. მან საკუთარი ჯგუფიც, „Anni-Frid Four“ ჩამოაყალიბა. 1967 წლის ზაფხულში მან გაიმარჯვა ეროვნული ტალანტების კონკურსში სიმღერით „En ledig dag“, რომელიც ალბომში Frida 1967-1972 არის შეტანილი. პირველი ჯილდო ითვალისწინებდა EMI-ს შვედურ განყოფილებასთან კონტრაქტს და ტელეშოუებში გამოსვლას. ლეიბლზე მან რამდენიმე სინგლი გამოსცა, რომელთა უმეტესობა შვედურ ჩარტებში ჰიტებად იქცა. ბენი ანდერსონთან თანამშრომლობის დაწყების ეტაპზე (1971) მას უკვე ჰქონდა #1 სინგლი, „Min egen stad“ , რომელშიც ABBA-ს ყველა მომავალი წევრის ვოკალებიც ჟღერდა. ლიუნგსტადმა დაიწყო საკონცერტო გამოსვლები და ხშირად ჩნდებოდა რადიო და ტელეეთერში. ულვეუსი მან 1963, ხოლო ფელტსკუგი — 1968 წელს გაიცნო.
ჯგუფის მომავალ წევრებს ლიუნგსტადის ცხოვრება 1969 წელს დაუკავშირდა. 1969 წლის მარტში მან ფესტივალზე „Melodifestivalen“ ანდერსონი გაიცნო. რამდენიმე კვირის შემდეგ, სამხრეთ შვედეთში სტუმრობისას ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი წყვილად იქცნენ. 1969 წლის სექტემბერში ანდერსონმა იმუშავა პროდიუსერად მის სინგლზე „Peter Pan“, რომელიც იყო ლიუნგსტადის პირველი თანამშრომლობა ბენისთან და ბიორნთან. ანდერსონმა მოგვიანებით იმუშავა მის სადებიუტო სოლო-ალბომზეც, Frida (1971), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს. ანი-ფრიდი შვედეთში, 1969-1973 წლებში რამდენიმე კაბარე-შოუშიც მონაწილეობდა. ABBA-ს ჩამოყალიბების შემდეგ 1975 წელს მან კიდევ ერთი წარმატებული ალბომი, Frida ensam გამოსცა. მასში შეტანილი იყო ABBA-ს მომავალი სიმღერის „Fernando“ ორიგინალური ვერსია, შვედურ ენაზე. სკანდინავიაში იგი ინგლისური ვერსიის გამოცემამდეც ჰიტად იქცა.[9]
ოთხივე შემსრულებლის ნიჭის ერთად გამოვლენის მცდელობას ადგილი ჰქონდა 1970 წლის აპრილში, როდესაც ორივე წყვილი კვიპროსზე ისვენებდა. თავდაპირველად ისინი სანაპიროსთან გართობის სახით მღეროდნენ, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაიქცა სრულყოფილ გამოსვლად, რომელიც იქვე მყოფ გაერთიანებული ერების ჯარებს ეძღვნებოდა. ანდერსონი და ულვეუსი ამ პერიოდში უკვე იწერდნენ ალბომს Lycka, რომელიც 1970 წლის სექტემბერში გამოვიდოდა. ფელტსკუგი და ლიუნგსტადი ივნისში ამ სიმღერებისათის საკუთარ ვოკალებს ამატებდნენ, რაც გადაიზარდა ერთიანი ჯგუფის, „Festfolk“ ჩამოყალიბების იდეად. 1970 წლის 1 ნოემბერს გეტებორგში გაიმართა მათი შოუ, რომელსაც წილად ძირითადად უარყოფითი შეფასებები ხვდა. თუმცა, ულვეუსის და ანდერსონის მიერ შესრულებული „Hej, gamle man“ მოწონებული იქნა (ამ სიმღერაში ჟღერდა ოთხივე მუსიკოსის შესრულება). ისინი ასევე ასრულებდნენ სოლო კომპოზიციებს საკუთარი ალბომებიდან, მაგრამ ცივი შეფასებების გამო, დროებით გადადეს პროექტზე მუშაობის ამბიციები და ყურადღება საკუთარ ალბომებზე გადაიტანეს.
„Hej, gamle man“, სიმღერა გადარჩენის არმიის მოხუც ჯარისკაცზე, იქცა კვარტეტის პირველ ჰიტად. ჩანაწერის ავტორებად მითითებულები იყვნენ „ბიორნი და ბენი“. გაყიდვების მხრივ ჩარტში იგი #5, ხოლო სიმღერების პოპულარობით - შვედეთის ჩარტის #1 ადგილზე მოხვდა და იქ 15 კვირა იმყოფებოდა.
1971 წელს ოთხმა მუსიკოსმა განაგრძო თანამშრომლობა, დაამატა რა ვოკალები ერთმანეთის ჩანაწერებს. ფელტსკუგმა, ანდერსონმა და ულვეუსმა მაისში ერთობლივი საკონცერტო ტურნე ჩაატარეს, ხოლო ლიუნგსტადი ცალკე მოგზაურობდა. ხშირი ხმისჩამწერი სესიებით ოთხივე სტუდიაში ზაფხულში დაბრუნდა.[10]
Lycka-ს 1970 წელს გამოცემის შემდეგ დუეტის 'Björn & Benny' სახელით შვედეთში გამოვიდა ორი სინგლი - "Det kan ingen doktor hjälpa" და "Tänk om jorden vore ung", სადაც ფელტსკუგისა და ლიუნგსტადის უფრო გამოკვეთილი ვოკალი ჟღერდა. სიმღერებს შვედურ ჩარტში მცირე წარმატება ჰქონდა.
1971 წლის 6 ივლისს ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინდნენ. მათ და ანდერსონმა იმავე წლის ზაფხულში დაიწყეს გამოსვლა პარკებში.
სტიგ ანდერსონი, ლეიბლის Polar Music დამაარსებელი, მეინსტრიმული წარმატების მიღწევას ანდერსონისა და ულვეუსის მუსიკით აპირებდა. „ერთხელ ისედაც სიმღერას დაწერთ, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცევა“ - ასეთი იყო მისი ერთგვარი წინასწარმეტყველება.[11] ანდერსონს და ულვეუსს მან შესთავაზე ფესტივალისათვის Melodifestivalen სიმღერის დაწერა. 1971 წლის ორი წარუმატებელი სიმღერის შემდეგ [12] ანდერსონმა და ულვეუსმა წარადგინეს ახალი სიმღერა "Säg det med en sång", რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო 1972 წლის კონკურსში, ვოკალისტ ლენა ანდერსონის მონაწილეობით. სიმღერა მოხვდა კონკურსის მესამე ადგილზე, რამაც სტიგ ანდერსონი ფრიად გაახარა. შვედეთში იგი ჰიტად იქცა.[13]
საერთაშორისო წარმატების პირველი ნიშნები მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც ანდერსონისა და ულვეუსის სინგლი "She's My Kind of Girl" ლეიბლმა Epic Records 1972 წლის მარტში, იაპონიაში გამოსცა. დუეტის ამ ჩანაწერმა იქ საუკეთესო ათეულში მოხვედრა შესძლო. იაპონიაში გამოიცა კიდევ ორი სინგლი - "En Carousel"[14] (სკანდინავიაში ცნობილი "En Karusell"-ის, სიმღერის "Merry-Go-Round" ადრეული ვერსიის სახით) და "Love Has Its Ways" (დაწერილი კოიჩი მორიტასთან ერთად.[15]
ულვეუსი და ანდერსონი განაგრძობდნენ სიმღერების წერას და ცდებს ატარებდნენ ახალ ჟღერადობასთან და ვოკალურ არანჟირებებთან. "People Need Love" გამოიცა 1972 წლის ივნისში და მასში ჟღერდა აგნეტას და ანი-ფრიდის ვოკალები, რომლებსაც ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ. სტიგ ანდერსონის დახმარებით იგი გამოვიდა როგორც სინგლი, რომლის შემსრულებლად მითითებული იყო ჯგუფი Björn & Benny, Agnetha & Anni-Frid. ის მოხვდა 17-ე ადგილზე შვედეთის გაერთიანებულ ჩარტში, რომელშიც როგორც სინგლები, ასევე ალბომები მონაწილეობდნენ. ეს საკმარისი იყო, რათა მუსიკოსები დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ გარკვეულ გზას მიუყვებოდნენ.[16] სინგლი ასევე კვარტეტის ისტორიაში იქცა პირველ ჩანაწერად, რომელიც აშშ-ს ჩარტში მოხვდა, სადაც ჟურნალის Cashbox ჩარტში 114-ე ადგილი დაიკავა. იმავე ტერიტორიაზე, ჟურნალის Record World ჩარტში ის 117-ე ადგილზე მოხვდა. იგი გამოცემული იქნა Björn & Benny (with Svenska Flicka)-ს სახელით, ლეიბლზე Playboy Records. თუმცა, სტიგის თქმით, "People Need Love" იქცეოდა უფრო დიდ ჰიტად, რომ არა Playboy Records-ის მცირე ლეიბლის სტატუსი, რომელიც არ აძლევდა საშუალებას, სიმღერის დისტრიბუციით უფრო ფართო მასშტაბებში დაკავებულიყო - თუნდაც ფართო გაყიდვაში ჩაეშვა ან რადიოსადგურებისათვის დაერიგებინა.[17]
1972 წლის შემოდგომაზე ოთხეულმა გადაწყვიტა პირველი ერთობლივი ალბომის ჩაწერა და ხმისჩამწერი სესიები დაიწყო 1972 წლის 26 სექტემბერს. იმ დღეს აგნეტამ და ანი-ფრიდმა ჩაწერეს სიმღერის "Nina, Pretty Ballerina" ვოკალური ნაწილი და შეხამებული ხმებით მიღებული შედეგით დარწმუნდნენ მათი გაერთიანებული შემოქმედებითი ძალების ეფექტიანობაში.
1973 წელს ჯგუფმა, მენეჯერთან ერთად, გადაწყვიტა ფესტივალზე Melodifestivalen კვლავ გამოჩენა, ამჯერად ახალი სიმღერით Ring Ring. ჩაწერისას სტუდიაში მათთან მუშაობდა პროდიუსერი მაიკლ ბ. ტრეტოუ, რომელიც იყენებდა ე.წ. „ხმის კედელს“ (მოგვიანებით პროდიუსერის მიერ გამოყენებული ეს ტექნოლოგია ჯგუფის ჟღერადობის დამახასიათებელ ნიშნად იქცა). სტიგ ანდერსონის დაკვეთით, ნილ სედაკამ და ფილ კოუდიმ დაწერის სიმღერის ინგლისურენოვანი ტექსტი. თუმცა, 1973 წლის 10 თებერვალს, ფესტივალზე სიმღერა მხოლოდ მესამე ადგილზე მოხვდა და ევროვიზიის კონკურსამდე ვერ მიაღწია. ჯგუფმა მაინც გამოსცა სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელსაც ასევე Ring Ring ეწოდა. ალბომის გაყიდვები შთამბეჭდავი იყო და სინგლი Ring Ring მოხვდა რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და აფრიკის ჩარტებში. სტიგ ანდერსონი, მიუხედავად ამისა, თვლიდა, რომ ნამდვილი წარმატება მოპოვებული იქნებოდა ბრიტანეთის ან აშშ-ს ჩარტში ჰიტის შემთხვევაში.[18]
1973 წელს სტიგ ანდერსონმა, რომელიც დაიღალა ჯგუფისათვის ულაზათო სახელწოდებების შერჩევით, გადაწყვიტა, რომ როგორც საჯაროდ, ასევე შიდა წრეებში მათთვის ABBA ეწოდებინა. ერთი შეხედვით, ეს იყო სიტყვების თამაში, ვინაიდან შვედეთში არსებობდა კომპანია „Abba“, რომელიც ზღვის პროდუქტებს აწარმოებდა. თუმცა, ამ კომპანიის პროდუქცია შვედეთის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო და ანდერსონს სჯეროდა, რომ სახელი საერთაშორისო მასშტაბით ეფექტიანი იქნებოდა. გოტენბურგის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება ჯგუფის საუკეთესო სახელზე. ჯგუფის წევრებს მოსწონდათ „Alibaba“, „FABB“ და „Baba“, მაგრამ საბოლოოდ ყველა ვერსია იგნორირებული იქნა და ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ მათი სახელწოდება ABBA იქნებოდა. კომპანიასთან Abba გაფორმდა შეთანხმება სახელის გამოყენებაზე.[19] ABBA არის აკრონიმი, შედგენილი ჯგუფის წევრთა სახელებისგან - აგნეტა, ბიორნი, ბენი და ანი-ფრიდი.[20] პრომო ფოტოსესიის დროს ბენიმ თავისი ინიციალი „ბ“ ხუმრობით შეაბრუნა და 1976 წლიდან დღემდე ჯგუფის ლოგოში იგი სწორედ ასე გამოიყენება. ეს ლოგოს მახასიათებელ ნიშნად იქცა და იგი რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნად აქცია.
სახელი ABBA პირველად მითითებულია სტუდიის Metronome (სტოკჰოლმი) ხმისჩამწერი სესიების აღმნიშვნელ ქაღალდზე, რომელიც 1973 წლის 16 ოქტომბრით თარიღდება. თავდაპირველად ეს სესია გაიმართა ჯგუფის „Björn, Benny, Agnetha & Frida“ სახელით, მაგრამ მოგვიანებით სახელს ხაზი გადაესვა და დიდი ასოებით იქნა დასმული ABBA.
ჯგუფის ოფიციალური ლოგო, რომელშიც გამოიყენება „News Gothic“-ის ტიპის შრიფტი, შექმნილი იქნა რუნე სოდერკვისტის მიერ და პირველად გამოჩნდა სინგლზე „Dancing Queen“, 1976 წლის აგვისტოში, მოგვიანებით კი გამოყენებული იქნა ყველა შემდგომ ალბომსა და სინგლზე. მაგრამ ოფიციალური ლოგოს იდეა დაებადა გერმანელ ფოტოგრაფ ვოლფგანგ ჰაილემანს, სინგლთან დაკავშირებული ფოტოსესიის დროს, რომელიც მოზარდთა ჟურნალისათვის „Bravo“ მზადდებოდა. ფოტოსურათზე ჯგუფის ყოველი წევრი დგას საკუთარი სახელის ინიციალით. ფოტოსესიის შემდეგ ჰაილემანმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთს ინიციალი უკუღმა ეკავა. თუმცა, ჯგუფის წევრებს ეს იდეა მოეწონათ. მას შემდეგ, რაც ჯგუფთან კონტრაქტი გააფორმა, ლეიბლმა Polygram განაგრძო ასეთი პრინციპით შედგენილი სახელის გამოყენება, მაგრამ განსხვავებულ შრიფტებსაც იყენებდა. გარდა ამისა 1992 წელს მან ლოგოს სამეფო გვირგვინიც დაამატა - ეს მოხდა კრებულის Gold: Greatest Hits გამოცემისას. მოგვიანებით ლეიბლმა Universal Music შეიძინა Polygram და შესაბამისად, ABBA-ს ლეიბლი Polar Music International და ჯგუფის მუსიკალური კატალოგის მფლობელობა სტოკჰოლმში დაბრუნდა. ამის შემდეგ ორიგინალური ლოგო აღდგენილი იქნა ყველა ოფიციალურ ნაწარმზე.
ჯგუფი 1973 წელს ევროვიზიის კონკურსში სიმღერით „Ring Ring“ მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმატება არ ჰქონიათ, სტიგ ანდერსონი უკვე 1974 წლის კონკურსზე ფიქრობდა.
ბენი, ბიორნი და სტიგ ანდერსონი დარწმუნებულები იყვნენ „Melodifestivalen“-ისა და ევროპული ტელევიზიების კონკურსებში, როგორც მუსიკალური ბიზნესის შექმნის საშუალებაში. 1973 წელს შვედურმა ტელევიზიამ ისინი მოიწვია 1974 წლის ევროვიზიის კონკურსისათვის შესარჩევი სიმღერის წარსადგენად და რამდენიმე ახალი ნომრიდან არჩეული იქნა „Waterloo“. ამჯერად ჯგუფი მოექცა ინგლისში პოპულარული გლემ როკის გავლენის ქვეშ. „Waterloo“ იყო აშკარა გლემ-სტილის პოპ სიმღერა, ჩაწერილი პროდიუსერ მაიკლ ბ. ტრეტოუს დახმარებით და „ხმის კედლის“ მეთოდით.
ახალი ეროვნული აღიარება ჯგუფს 1974 წლის 9 თებერვალს ეწვია და ამჯერად ისინი საერთაშორისო კონკურსისათვის უფრო გამოცდილები და მომზადებულები იყვნენ. 1974 წლის 6 აპრილს მათ ევროვიზიის კონკურსზე მთავარი ჯილდო მიიღეს, რაც ჯგუფს შანსს აძლევდა, ევროპაში ჩასულიყო და მონაწილეობა სატელევიზიო შოუებში მიეღო. „Waterloo“ მოხვდა ევროპული ქვეყნების სინგლების ჩარტებში. იგი იყო მათი რიგით პირველი #1 სინგლი ბრიტანეთსა და გერმანიაში. აშშ-ში მან ბილბორდის 100-ეულის #6 პოზიციამდე მიაღწია და კოლექტივს ამ ქვეყანაში გზა გაუხსნა. გარდა პრომოკამპანიის ფარგლებში მოკლე ვიზიტისა, ისინი ეწვივნენ მაიკ დუგლასის შოუს. ალბომი Waterloo ბილბორდის ჩარტში მხოლოდ 145-ე ადგილზე ავიდა, მაგრამ აშშ კრიტიკოსების მიერ ერთსულოვნად მაღალი შეფასებებით იქნა შემკული.
შემდეგი სინგლი, „Honey, Honey“ აშშ-ს ბილბორდის 100-ეულში 27-ე ადგილამდე ავიდა და გერმანიაში #2 პოზიცია დაიკავა. ბრიტანეთში ლეიბლმა Epic გადაწყვიტა ამ სიმღერის მაგივრად „Ring Ring“-ის რემიქს-ვერსიის გამოცემა. „Honey, Honey“ ჩაწერა ჯგუფმა Sweet Dreams. მათი ვერსია მოხვდა ჩარტის #10 პოზიციაზე. ორივე ჩანაწერის დიდი ბრიტანეთის ჩარტში გამოჩენა მოხდა ერთი კვირის ინტერვალით. „Ring Ring“ ბრიტანეთში საუკეთესო 30-ეულშიც არ შესულა და წარმოიშვა ვარაუდი, რომ ჯგუფი ევროვიზიის ერთჰიტიან საოცრებად დარჩებოდა.
1974 წლის ნოემბერში ჯგუფმა დაიწყო პირველი ევროპული ტურნე - დანიაში, დასავლეთ გერმანიასა და ავსტრიაში. მოლოდინის მიუხედავად, იგი წარმატებული არ ყოფილა, დარბაზების უმეტესობა არ შევსებულა. ამის გამო რამდენიმე კონცერტი გაუქმდა, მათ შორის - შვეიცარიაში დაგეგმილიც. ტურნეს მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა სკანდინავიაში 1975 წლის იანვარში მოგზაურობას, განსხვავდებოდა. ყველა საკონცერტო დარბაზი შევსებული იყო და ჯგუფმა საბოლოოდ მიიღო ნანატრი გამოხმაურებაც. კონცერტებით 1975 წლის ზაფხულში დაიწყო 16 თარიღიანი გამოსვლები შვედეთისა და ფინეთის ღია მოედნებზე. სტოკჰოლმის შოუს, გამართულს გრონა ლუნდის პარკში, დაესწრო დაახლოებით 19 200 მსმენელი.[21]
1974 წლის ბოლოს ბრიტანეთში სინგლის სახით გამოიცა „So Long“, რომელიც Radio 1-ის მიერ როტაციაში ჩაშვებული არ იქნა, ამიტომ ჩარტშიც არ მოხვედრილა. 1975 წლის ზაფხულში გამოვიდა სინგლი „I Do, I Do, I Do, I Do, I Do“, რომელსაც იგივე რადიოსადგური ნაკლებ პროპაგანას უწევდა, მაგრამ სიმღერა ჩარტის #38 ადგილზე მოხვდა. 1975 წლის ბოლოს გამოვიდა სასათაურო ალბომი ABBA და სინგლი „SOS“, რამაც ჯგუფი ბრიტანეთის ჩარტებში მოახვედრა. სინგლი 6-ე, ხოლო ალბომი 13-ე ადგილამდე მივიდა. „SOS“ ასევე იქცა ABBA-ს რიგით მეორე #1 სინგლად გერმანიასა და ავსტრალიაში. წარმატება გაამყარა სინგლმა „Mamma Mia“, რომელიც ბრიტანეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში #1 ადგილზე მოხვდა. აშშ-ში „SOS“ Record World-ის სინგლების 100-ეულის #10, ხოლო ბილბორდის ცხეულ ასეულის - #15 ადგილზე შეაღწია და 1975 წელს მიიღო ჯილდო BMI-სგან, როგორც აშშ-ს ეთერში წლის ყველაზე აქტიურმა სიმღერამ.
ჯგუფის წარმატება აშშ-ში იმ დრომდე უმნიშვნელო იყო და სინგლებიც ამ ტერიტორიაზე არ გამოცემულა. 1976 წლამდე ჯგუფს უკვე ჰქონდა ბრიტანეთის ჩარტების საუკეთესო 30-ეულში მოხვედრილი 4 სინგლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუსიკალურ ბაზარზე გასვლა რთული იყო. ალბომიდან ABBA ამერიკაში სამი სიმღერა ჰიტად იქცა, მაგრამ ალბომი ჩარტში Cashbox მხოლოდ 165-ე, ხოლო ბილბორდის სიაში - 200-ე ადგილს დასჯერდა. Creem-ის აზრით, აშშ-ში ABBA დაუდევარ სარეკლამო კამპანიას ეწეოდა. თუმცა, ამერიკული პრესის ერთი ნაწილი ჯგუფს დადებით შეფასებას აძლევდა. Cashbox-ის აზრით, „ABBA-ს მარკეტინგში იყო გემოვნებისა და არტისტული მახასიათებლების, კრეატიულობისა და საკუთარი თავის წარდგენის განმეორებადი თემა, რაც მათი მცდელობების კრიტიკას თითქმის შემაცბუნებლად აქცევს“. Creem წერდა: „SOS-ის ირგვლივ ამ ალბომზე იმდენი კარგი მელოდიაა, რომელიც დაგაფრთხობს“.
ავსტრალიაში მუსიკალური ვიდეოკლიპების „I Do, I Do, I Do, I Do, I Do“ და „Mamma Mia“ 1975 წლის აგვისტოში ეროვნულ ტელეარხებზე ჩვენებას მოჰყვა ჯგუფის მიმართ დიდი ინტერესი, რამაც სინგლებისა და ალბომების ჩარტებში ჯგუფის ნამუშევრებს მრავალთვიანი #1 ადგილი მოუტანა.
1976 წლის მარტში ჯგუფმა გამოსცა ჰიტების კრებული Greatest Hits, თუმცა იმ დროისათვის ბრიტანეთსა და აშშ-ში მხოლოდ ექვსი სინგლი ჰქონდა, რომელიც ჰიტად იქცა და საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, კრებული იქცა ჯგუფის პირველ ბრიტანულ #1 ალბომად და ოთხეული აშშ-ს საუკეთესო ალბომების 50-ეულის ჩარტშიც პირველად მოახვედრა, გაიყიდა რა ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. ამ პერიოდში გერმანიაში გამოვიდა კრებული The Very Best of ABBA, რომელიც ასევე #1 ალბომად იქცა, მას კი Greatest Hits მოჰყვა, რომელიც გერმანიის ჩარტში 2-ე ადგილზე მოხვდა (მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების სიის მიხედვით, The Very Best-ს ჰგავდა. Greatest Hits-ში ასევე შეტანილი იქნა ახალი სიმღერა, „Fernando“, რომელიც დაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის მიერ შვედურ ენაზე, ლიუნგსტადის 1975 წლის სოლო ალბომისთვის Frida ensam (რომელიც თავის მხრივ, შვედეთის ჩარტების #1 ადგილზე მოხვდა). შვედეთში ლიუნგსტადის წარმატების შემდეგ ჩაიწერა სიმღერის ინგლისურენოვანი ვერსია, რომელმაც არანაკლებ 13 ქვეყანაში (ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში და ავსტრალიაში) #1 ადგილი მოიპოვა. სინგლი შემდგომში მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[22] ავსტრალიაში იგი უმაღლეს პოზიციებს 14 კვირის განმავლობაში იკავებდა, საერთო ჯამში კი ჩარტში 40 კვირის განმავლობაში დარჩა. ისევე როგორც The Beatles-ის Hey Jude იმ დროისათვის ის იყო ავსტრალიის ჩარტის რეკორდსმენი და იქცა ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ბესტსელერ სინგლად. იმავე წელს მან ჯგუფს მოუტანა პირველი საერთაშორისო ჯილდო, არჩეული იქნა რა 1975 წლის საუკეთესო სტუდიურ ჩანაწერად. აშშ-ში ის მოხვდა Cashbox-ის 100-ეულის 10-ეულში და ბილბორდის ცხელი 100-ეულის 13-ე ადგილზე. ბილბორდის ახალგაზრდული თანამედროვე სიმღერების ჩარტის სათავეში მოქცევის შემდეგ, მან ჯგუფს მოუტანა პირველი ამერიკული #1 სინგლი.
ABBA-ს მეოთხე სტუდიური ალბომი, Arrival ევროპასა და ავსტრალიაში უკვე #1 ბესტსელერად იქცა და როგორც სტუდიური მუშაობის, ასევე სიმღერების შექმნის ახალ მიდგომას წარმოადგენდა. როკ მუსიკაზე უფრო მეტად ორიენტირებული Melody Maker და New Musical Express მას აღტაცებულები მიმოიხილავდნენ, ხოლო ამერიკელ კრიტიკოსთა უმეტესობა დადებითად აღწერდა. Arrival-იდან სინგლების სახით გამოცემულ სიმღერათა მთელი რიგი ჰიტებად იქცა. თავდაპირველად ესენი იყო „Money, Money, Money“, #1 ჰიტი გერმანიასა და ავსტრალიაში და „Knowing Me, Knowing You“, რიგით მეექვსე გერმანული #1 ჰიტი და მორიგი ბრიტანული #1. ნამდვილ სენსაციად იქცა „Dancing Queen“, რომელიც არა მხოლოდ ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის ბაზარს იმორჩილებდა, არამედ აშშ-შიც პირველ ადგილზე მოხვდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჯგუფს ჰქონდა გამაოგნებელი წარმატება სიმღერებით „Fernando“, „Dancing Queen“ და „Knowing Me, Knowing You“, რომელიც 1976-1977 წლებში ყველაზე გაყიდვადი სინგლების 20-ეულში მოხვდნენ. 1977 წელს ალბომი Arrival ნომინირებული იქნა ყოველწლიურ BRIT Awards-ზე, კატეგორიაში „წლის საუკეთესო საერთაშორისო ალბომი“. ამ დროისათვის ABBA ბრიტანეთში, დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკვე პოპულარული იყო. DVD ფილმში Frida – The DVD ლიუნგსტადი ამბობს, რომ ამ დროისათვის, როდესაც ABBA-ს ჩანაწერები სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ის და ფელტსკუგი უკვე ჩამოყალიბდნენ, როგორც მომღერლები.
ჯგუფის პოპულარობა აშშ-ში კვლავაც, ევროპასთან შედარებით მცირე მასშტაბებით აღინიშნებოდა და „Dancing Queen“ იქცა „ბილბორდის“ 100-ეულის პირველ პოზიციაზე მოხვედრილ ერთადერთ სინგლად (თუმცა „ბილბორდის“ სხვა ჩარტების პირველ ადგილებზე მოხვდა ჯგუფის სხვა სინგლები). მიუხედავად ამისა, Arrival ფინანსურად აშშ-ში იქცა კოლექტივის ნამდვილ გარღვევად, მოხვდა „ბილბორდის“ 200-ეულის 20-ე ადგილზე და RIAA-ს მიერ ოქროს სტატუსით იქნა შეფასებული.
1977 წლის იანვარში დაიწყო ჯგუფის პირველი დიდი საკონცერტო ტურნე. ABBA-ს სტატუსი დრამატულად შეიცვალა და ამჯერად მათ უკვე სუპერვარსკვლავებად თვლიდნენ. ტურნე დაიწყე ოსლოში (ნორვეგია), 28 იანვარს. კონცერტებზე წარმოდგენილი იყო მასიური სასცენო გაფორმება და თავად ჯგუფის მიერ დაწერილი ოპერეტა „ოქროსთმიანი გოგონა“. ევროპასა და ავსტრალიაში კონცერტებს დიდი ინტერესით შეხვდნენ. შოუები გაგრძელდა დასავლეთ ევროპაში და დასრულდა ბრიტანეთში, მთლიანად გაყიდული ორი კონცერტით ლონდონში. ბილეთები ამ შოუებზე მხოლოდ საფოსტო შეკვეთით ვრცელდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბილეთების მოთხოვნათა რაოდენობა შეადგენდა 3,5 მილიონს. Creem-ის დადებითი შეფასებების გარდა, რომლებშიც აღნიშნული იყო ჯგუფის მიერ სცენაზე სტუდიური მასალის შესრულების უნარი, აღსანიშნავია Melody Maker-ის უკმაყოფილება იმით, რომ საკონცერტო შემადგენლობის 16 მონაწილისგან ინდივიდუალურობა არ იგრძნობოდა. ალბერტ ჰოლში გადაღებული კონცერტების ნაწილი შეტანილი იქნა ფილმში ABBA: The Movie.
ტურნეს ევროპული ნაწილის შემდეგ, 1977 წლის მარტში ავსტრალიაში გაიმართა 11 კონცერტი, რომელსაც საერთო ჯამში, 160 000 მსმენელი დაესწრო. 3 მარტს სიდნეის საკონცერტო მოედანზე გამართულ კონცერტს 20 000 მსმენელი ესწრებოდა, მაგრამ შოუ ჩაშალა კოკისპირულმა წვიმამ (გარდა ამისა, აგნეტა კონცერტის დროს სველ სცენაზე დაეცა). მიუხედავად ამისა, ჯგუფის წევრები მოგვიანებით თვლიდნენ, რომ ეს მათი კარიერის ყველაზე დაუვიწყარი გამოსვლა იყო. მელბურნში ჯგუფის ჩასვლას თან ახლდა ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრა. ჯგუფი გამოჩნდა 6000 შეკრებილის წინაშე. მელბურნში ისინი სამი კონცერტით გამოვიდნენ. ყოველ მათგანს ესწრებოდა 14 500 მსმენელი, მათ შორის - ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ფრეიზერი, ოჯახთან ერთად. მელბურნში გამართულ პირველი კონცერტის დროს ღობის მიღმა შეიკრიბა დამატებითი 16 000 მსმენელი, რომელიც შოუს უსმენდა. ადელაიდაში, ვესტ ლეიკსის საფეხბურთო სტადიონზე ჯგუფი 20 000 მსმენელის წინაშე წარდგა (სტადიონის მიღმა დამატებითი 10 000 მსმენელით). პერთში პირველი ხუთი კონცერტის პერიოდში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს გასართობ ცენტრში, სადაც კოლექტივს გამოსვლები უნდა ჰქონოდა, ბომბი იყო დამონტაჟებული. მათ ავსტრალიურ ტურნეს მოჰყვა ნამდვილი ისტერია და უპრეცედენტო ყურადღება მედია-საშუალებების მხრიდან. კადრები ამ ტურნედან მოხვდა ფილმში „ABBA: The Movie“, რომლის რეჟისორი ლასე ჰალსტრომია.
ავსტრალიური ტურნე და მის შემდგომ გამოსული ABBA: The Movie ჯგუფისათვის მეტი აღიარების მომტანი იყო. ფელტსკუგის ქერა თმამ მომღერალი აქცია ჯგუფის „გოგონად ჟურნალიდან“, რასაც იგი ყურადღებას არ აქცევდა. ავსტრალიური ტურნეს დროს მას ეცვა მჭიდრო თეთრი სპორტული სამოსი. ერთ-ერთ ავსტრალიურ გაზეთში ამის საპასუხოდ დაიწერა სტატია სათაურით „აგნეტას უკანალი სულელური შოუს ლიდერია“. ამის შესახებ მას პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს და აგნეტამ ასეთი პასუხი გასცა: „რა, ავსტრალიაში უკანალები არ აქვთ?“[23]
1977 წლის დეკემბერში ალბომს Arrival უფრო ამბიციური, ABBA: The Album მოჰყვა, რომელიც დაემთხვა ფილმის „ABBA: The Movie“ გამოსვლას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ალბომი ბრიტანელმა მიმოხილველებმა არც თუ დადებითად მიიღეს, მასში შეტანილი იყო შემდგომში მსოფლიო ჰიტებად ქცეული „The Name of the Game“ და „Take a Chance on Me“. ორივე ბრიტანეთის ჩარტებში მოხვდა და „ბილბორდის“ 100-ულის 12-ე და 3-ე ადგილზეც განლაგდა. მიუხედავად იმისა, რომ Take a Chance on Me ამერიკულ ჩარტებს არ ლიდერობდა, მან თავი განიმტკიცა, როგორც აშშ-ში იმ დროისათვის ABBA-ს ყველაზე დიდმა ჰიტ-სინგლმა და გაიყიდა უფრო მეტი ასლის ოდენობით, ვიდრე „Dancing Queen“.[24] The Album-ში ასევე შეტანილი იქნა Thank You for the Music, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში შემდგომში გამოვიდა სინგლის Eagle b-მხარეზე, ხოლო ბრიტანეთსა და ირლანდიაში, 1983 წელს - A-მხარიანი სინგლის სახით.
1978 წლისათვის ABBA იქცა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფად. სტოკჰოლმში მდებარე ცარიელი კინოთეატრი კოლექტივმა აქცია სტუდიად Polar Music, რომელიც უკანასკნელი თაობის ტექნიკით იქნა აღჭურვილი. შემდგომში მას ცნობილი მუსიკოსები და ჯგუფები იყენებდნენ. აქ ჩაიწერა ჯენესისის Duke და ლედ ზეპელინის In Through the Out Door. მაისში ჯგუფი აშშ-ში პრომოკამპანიისათვის გაემგზავრა და ენდი გიბთან ერთად ოლივია ნიუტონ-ჯონის შოუზე გამოვიდა. სიმღერის „Summer Night City“ ჩაწერა სირთულეების მიუხედავად მაინც მოხდა და სინგლად გამოცემის შემდეგ ეს სიმღერა იქცა ჯგუფის მორიგ ჰიტად. ABBA-მ ამ ნომრით გაიკვლია გზა დისკო მუსიკაში, რაშიც შემდეგი ალბომიც დაეხმარა.[25]
1979 წლის 9 იანვარს ჯგუფმა კონცერტზე „Music for UNICEF“ შეასრულა სიმღერა „Chiquitita“. ეს ღონისძიება ეძღვნებოდა ორგანიზაცია „UNICEF“-ის მიერ დაარსებულ „ბავშვის წელიწადს“. ABBA-ს გადაწყვეტილებით, ექსკლუზიური უფლებები ამ სიმღერაზე გადაეცა UNICEF-ს.[26] სინგლი ამ სიმღერით მომდევნო კვირაში გამოვიდა და 10 ქვეყნის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა.
1979 წლის იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ულვეუსი და ფელტსკუგი ერთმანეთს ეყრებოდნენ. მედია საშუალებებმა ამ ამბის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. გარდა ამისა, ეჭვქვეშ დადგა ჯგუფის მომავალიც. ABBA-მ დაარწმუნა მსმენელები და პრესა, რომ ჯგუფის სახით მუშაობად განაგრძობდნენ და ეს გაყრა მათ მომავალს არ შეეხებოდა.[27] მიუხედავად ამისა, მედია განაგრძობდა მათთან ამის ინტერვიუებში მიმოხილვას. პასუხად, ანდერსონი და ულვეუსი საიდუმლოდ გადაფრინდნენ ბაჰამებზე, სადაც სტუდიაში „Compass Point“ ახალ ალბომს ამზადებდნენ.
ჯგუფის მეექვსე ალბომი, Voulez-Vous, გამოვიდა 1979 წლის აპრილში. მისი სასათაურო სიმღერა ჩაიწერა სტუდიაში „Criteria“ (მაიამი), ხმის ინჟინერ ტომ რაუდის მხარდაჭერით. ალბომი მოხვდა ევროპის, იაპონიისა და მექსიკის ჩარტების სათავეებში, კანადისა და ავსტრალიის ათეულებში და აშშ-ს 20-ეულში. ალბომის სინგლებიდან არც ერთი არ მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ ადგილზე, მაგრამ „Chiquitita“, „Does Your Mother Know“, „Angeleyes“ და „Voulez-Vous“ (გამოცემული ორმაგი A-მხარის სახით) და „I Have a Dream“ მოხვდნენ ბრიტანეთის საუკეთესო ხუთეულებში. კანადაში „I Have a Dream“ იქცა ჯგუფის მეორე #1 სიმღერად RPM-ის ახალგაზრდულ თანამედროვე ჩარტში (წინა იყო „Fernando“). 1979 წელს ჯგუფმა ასევე გამოსცა მეორე კრებული Greatest Hits Vol. 2, რომელშიც მოხვდა ახალი სიმღერაც, „Gimme! Gimme! Gimme! (A Man After Midnight)“. ბრიტანეთსა და გერმანიაში ეს უკანასკნელი ჩარტების 3-ე ადგილზე აღმოჩნდა. რუსეთში 1970-იანი წლების ბოლოს ჯგუფს უხდიდნენ ნავთობით, ვინაიდან საბჭოთა რუბლზე ემბარგო იყო დაწესებული.[28]
1979 წლის 13 სექტემბერს ედმონტონში (კანადა) დაიწყო ტურნე „ABBA: The Tour“. პირველივე კონცერტს 14 000 მსმენელი დაესწრო. შემდეგი ოთხი კვირის მანძილზე ისინი 17 კონცერტით გამოვიდნენ, აქედან 13 გაიმართა აშშ-ში, ხოლო 4 - კანადაში. აშშ-ში უკანასკნელი დაგეგმილი კონცერტი გადაიდო ფელტსკუგის გამო - ნიუ-იორკიდან ბოსტონში გადაფრენისას მან ემოციური სტრესი მიიღო, ვინაიდან თვითმფრინავი ცუდ ამინდში მოხვდა და გარკვეული დროის მანძილზე საფრენ ბილიკზე ვერ ჯდებოდა. ბოსტონის მუსიკალურ დარბაზში კოლექტივის მოგვიანებით გამოჩენა მხოლოდ 90 წუთის შემდეგ მოხდა. ტურნე დასრულდა ტორონტოში (კანადა) მეპლ ლივ გარდენზში გამოსვლით, 18 000 მსმენელის წინაშე.
1979 წლის 19 ოქტომბერს დასავლეთ ევროპაში დაიწყო ტურნეს ახალი ეტაპი, რომელმაც 23 გაყიდული შოუ მოიცვა, მათ შორის, ექვსი [ლონდონი]ს უემბლიზე.
1980 წლის მარტში ABBA გაემგზავრა იაპონიაში, სადაც ნარიტას საერთაშორისო აეროპორტში გამოჩენისას მათ დაატყდა ათასობით თაყვანისმცემელი. სავსე დარბაზებში გაიმართა 11 კონცერტი, აქედან 6 - ტოკიოს „ნიპონ ბუდოკანში“. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი დიდი მოგზაურობა. იმავე წელს გამოიცა ახალი, მეშვიდე სტუდიური ალბომი Super Trouper, რომელშიც ჯგუფის სტილისტიკაში ცვლილებების მანიშნებელი იყო, შეიმჩნეოდა უფრო მეტი სინთეზატორის გამოყენება და სიმღერების პირადული ტექსტები. მან დაამყარა რეკორდი ბრიტანეთში, როდესაც ნათელი გახდა, რომ გამოცემამდე მასზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. მოლოდინი გაიზარდა სინგლის „The Winner Takes It All“ გამოცემით, რომელიც ბრიტანეთში ჯგუფისათვის მერვე #1 (და 1978 წლის პირველი) იყო. აშშ-ში იგი ბილბორდის 100-ეულის 8-ე ადგილზე აღმოჩნდა და იქცა ჯგუფის რიგით მეორე ბილბორდულ ჰიტ-სინგლად, რომელიც ახალგაზრდული თანამედროვე ჩარტის ნაწილი გახდა. სიმღერაში აისახა ულვეუსისა და ფელტსკუგის ურთიერთობები. ანდერსონმა და ულვეუსმა 1980 წლის ბოლოს ფრანგ მომღერალ მირეი მატიესთან ერთად მისი განსხვავებული ვერსია ჩაწერეს, სათაურით „Bravo Tu As Gagne“ და ფრანგულენოვანი ტექსტით, რომელიც ალენ ბუბლელს ეკუთვნოდა.
ალბომის შემდეგი სინგლი, „Super Trouper“ ასევე მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 ადგილზე და იქცა ჯგუფის 9-ე და უკანასკნელ ბრიტანულ სინგლად, რომელიც ჩარტის სათავეებში მოექცა. კიდევ ერთი სიმღერა, „Lay All Your Love on Me“ 1981 წელს რამდენიმე ქვეყანაში 12 დიუმიანი სინგლის სახით გამოვიდა და მოხვდა ბილბორდის ცხელ საცეკვაო კლუბურ სიმღერათა ჩარტის სათავეში, ისევე როგორც ბრიტანეთის სინგლების ჩარტის #7 პოზიციაზე. იმ დროისათვის ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ეს იყო 12 დიუმიანი სინგლის ყველაზე დიდი წარმატება.
1980 წელს ჯგუფმა ასევე ჩაწერა საკუთარი ჰიტ-სიმღერების ესპანურენოვანი კრებული Gracias Por La Música. ესპანურენოვანი ქვეყნების გარდა იგი იაპონიასა და ავსტრალიაში გამოიცა. ალბომი მნიშვნელოვანი წარმატებით სარგებლობდა სიმღერის „Chiquitita“ ესპანურენოვან ვერსიასთან ერთად, რომელმაც ჯგუფს დიდი წარმატება ლათინურ ამერიკაში მოუტანა. ABBA Oro: Grandes Éxitos, კრებულის Gold: Greatest Hits ესპანურენოვანი ანალოგი 1999 წელს გამოიცა.
1981 წლის იანვარში ულვეუსმა იქორწინა ლენა კალერსიოსთან, ხოლო სტიგ ანდერსონმა 50-ე დაბადების დღე დიდი წვეულებით აღნიშნა. ამ შემთხვევისათის ჯგუფმა დაწერა სიმღერა „Hovas Vittne“, რომლის სათაური არის ერთგვარი პაროდია „Jehovah's Witness“-ზე (იეჰოვას მოწმეები) და ანდერსონის მშობლიურ ადგილზე, ჰოვაზე. სიმღერა მხოლოდ 200 წითელი ფერის გრამფირფიტაზე გამოიცა და გავრცელდა წვეულების სტუმრებისათვის. შემდგომ იგი იშვიათ ჩანაწერად იქცა. 1981 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ანდერსონმა და ლიუნგსტადმა ასევე განაცხადეს, რომ ერთმანეთს შორდებოდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ქორწინება წლების მანძილზე საფრთხის ქვეშ იყო და ბენიმ უკვე გაიცნო სხვა ქალბატონი, მონა ნორკლიტი, რომელთანაც 1981 წლის ნოემბერში იქორწინა.
ანდერსონი და ულვეუსი 1981 წლის გაზაფხულზე კვლავ მუშაობდნენ ახალ სიმღერებზე და მათი ჩაწერა მარტში დაიწყეს. აპრილის ბოლოს ჯგუფი გამოვიდა გადაცემაში „Dick Cavett Meets ABBA“, რომელიც დიკ კევეტს, ამერიკელ ტელეწამყვანს მიჰყავდა. The Visitors, ჯგუფის მერვე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი მოგვიანებით გამოვიდა. მასში კვლავ შეიმჩნეოდა პოპ მუსიკასთან თამამი ექსპერიმენტები, მაგრამ გარდა ამისა, ის უფრო ემოციური და სიმწიფის მანიშნებელიც იყო. წლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სასათაურო სიმღერაში საუბარია საბჭოთა ქვეყნებში ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საიდუმლო შეკრებებზე. სხვა სიმღერებში მიმოიხილება გაფუჭებული ურთიერთობები, ომის საშიშროება, დაბერება და უმწიკვლობის დაკარგვა. ალბომიდან გამოვიდა მხოლოდ ერთი მთავარი სინგლი, „One of Us“, რომელიც გერმანიაში 1981 წელს ჯგუფის მეცხრე და უკანასკნელი #1 სინგლი გახდა, ისევე როგორც გედის სიმღერა სამხრეთ აფრიკულ ჩარტში - რიგით 16-ე სინგლის სახით, რომელიც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. „One of Us“ ასევე იყო ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, მოხვედრილა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ევროპის ქვეყნების ჩარტების სათავეებში მოექცა, ბრიტანეთსა და გერმანიასთან ერთად, The Visitors წინამორბედების მსგავსად კომერციულად წარმატებული არ ყოფილა. საფრანგეთში, ავსტრალიასა და იაპონიაში ეს განსაკუთრებით შეინიშნებოდა. სიმღერა „When All Is Said and Done“, რომელიც მასშია შეტანილი, სინგლის სახით ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამოვიდა და აშშ-ში ჯგუფის უკანასკნელ სინგლად იქცა, რომელიც საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილა (იგი აშშ ჩარტში 1981 წლის 31 დეკემბერს მოხვდა). გარდა ამისა, მან მიაღწია ახალგაზრდულ თანამედროვე საუკეთესო 10-ეულში და კანადის RPM-ის ახალგაზრდული თანამედროვე ჩარტის #4 პოზიციამდე. სიმღერის ტექსტი, ისევე როგორც The Winner Takes It All და „One of Us“, ეხება დიდი ხნის მეგობართან განშორების ტკივილს, მიუხედავად იმისა, რომ მასში ამ ტრავმის შესახებ უფრო ოპტიმისტური მზერა შეიმჩნევა. ანდერსონისა და ლიუნგსტადის გაყრის ამბავი საჯარო იყო და ვრცელდებოდა ჭორები, რომ დაძაბულობა ჯგუფშიც მატულობდა. ამავე დროს აშშ-ში სინგლის სახით გამოვიდა The Visitors, რომელიც ბილბორდის ცხელი საცეკვაო კლუბური სიმღერების 10-ეულში მოხვდა.
1982 წლის გაზაფხულზე განახლდა ხმისჩამწერი სესიები. გეგმები ბუნდოვანი იყო, მაგრამ საუბარი იყო ახალ ალბომზე და მცირე ტურნეზე. სესიები დაიწყო 1982 წლის მაისში და გაგრძელდა ივნისში, მაგრამ მათ თან ახლდა მუდმივი დაძაბულობა და დასრულებული იქნა მხოლოდ სამი მათგანი - „You Owe Me One“, „I Am the City“ და „Just Like That“. ანდერსონსა და ულვეუსს შედეგი არ მოეწონათ და ფირები არქივში შეინახეს. ჯგუფმა საზაფხულო პერიოდში შეისვენა.[29]
აგვისტოს დასაწყისში სტუდიაში დაბრუნებისთანავე მთელი წლის გეგმები შეიცვალა: საშობაოდ გადაწყდა ყველა ცნობილი სინგლის კრებულის, The Singles: The First Ten Years გამოცემა. დაიწყო ახალი სიმღერების ჩაწერაც [30] და ოქტომბერსა და ნოემბერში გამოვიდა სინგლები „The Day Before You Came“/„Cassandra“ და „Under Attack“/„You Owe Me One“. მათი A-მხარეები შეტანილი იქნა აღნიშნულ კრებულში. არც ერთი სინგლი ბრიტანეთის 20-ეულში არ მოხვედრილა, თუმცა „The Day Before You Came“ მოხვდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ხუთეულებში (მაგალითად, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში). ალბომი ბრიტანეთისა და ბელგიის ჩარტების #1, ნიდერლანდებისა და გერმანიის ჩარტების #5 პოზიციებსა და სხვა ქვეყნების ჩარტების 20-ეულებში მოხვდა. „Under Attack“, დაშლამდე ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, ნიდერლანდებსა და ბელგიაში საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
„I Am the City“ და „Just Like That“ კრებულში The Singles: The First Ten Years არ შეტანილა, ვინაიდან ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ისინი მომავალ სტუდიურ ალბომში მოხვდებოდნენ, თუმცა ეს არ მომხდარა. „I Am the City“ პირველად გამოვიდა 1993 წლის კრებულზე More ABBA Gold, ხოლო „Just Like That“ გამოყენებული იქნა ულვეუსისა და ანდერსონის მიერ, სხვა შემსრულებლებთან თანამშრომლობისას. შეცვლილი ვერსია მოხვდა მათ მიუზიკლში „ჭადრაკი“.[31] სიმღერის მისამღერი მოხვდა 1994 წლის, ჯგუფის კარიერის მიმომხილველ კრებულში. მიუხედავად მსმენელთა თხოვნისა, ანდერსონი და ულვეუსი კვლავ უარს ამბობენ ABBA-ს ვერსიის სრულად გამოცემაზე, თუმცა სრული ვერსია ბუტლეგურ ჩანაწერებზე მოხვდა.
1982 წლის ნოემბერში ლონდონში მოგზაურობით კოლექტივმა The Singles: The First Ten Years-ის პრომოკამპანია ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო შოუებში Saturday Superstore და The Late, Late Breakfast Show. შემდეგ კვირაში ისინი დასავლეთ გერმანიაშიც გამოვიდნენ, გადაცემაში „Show Express“. 1982 წლის 19 ნოემბერს ჯგუფი უკანასკნელად გამოჩნდა შვედურ ტელეგადაცემაში „Nöjesmaskinen“, ხოლო 1982 წლის 11 დეკემბერს ადგილი ჰქონდა მათ მიერ სიმღერების უკანასკნელ ერთობლივ შესრულებას. ეს იყო სტოკჰოლმის ტელესტუდიიდან ბრიტანეთში, ნოელ ედმონდსის შოუში „The Late, Late Breakfast Show“ პირდაპირ ეთერში გადაცემული გამოსვლა.
ანდერსონი და ულვეუსი ტიმ რაისთან თანამშრომლობით 1983 წელს დაკავდნენ. შემდგომში მათ დაასრულეს ერთობლივი მუშაობა მიუზიკლზე „ჭადრაკი“. ფელტსკუგი და ლიუნგსტადი საერთაშორისო მასშტაბით სოლო კარიერებზე ზრუნავდნენ. ამავე პერიოდში საფრანგეთის ტელეარხისათვის მომზადდა მუსიკალური ფილმი Abbacadabra - საბავშვო მიუზიკლი ABBA-ს 14 სიმღერით. ალენ და დანიელ ბუბლელები, რომლებმაც დაწერეს მიუზიკლი „საბრალონი“, სტიგ ანდერსონს დაუკავშირდნენ და მუსიკალური ფილმი საფრანგეთის ეთერში საშობაოდ გამოვიდა, მოგვიანებით კი მისი ნიდერლანდური ვერსიაც გამოჩნდა. ლიუნგსტადი, რომელიც საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, მონაწილეობდა ფრანგულ ვერსიაში და ჩაწერა საკუთარი სინგლი, „Belle“, დუეტი ფრანგ მომღერალ დანიელ ვალავუანთან. ეს იყო ABBA-ს 1976 წლის ინსტრუმენტული კომპოზიციის „Arrival“ ქავერ ვერსია. სოლო სინგლი კარგად იყიდებოდა საფრანგეთში და კამერონ მაკინტოში გეგმავდა შოუს ინგლისურენოვანი ვერსიის ლონდონში დადგმას. ანდერსონი და ულვეუსი მონაწილეობდნენ პროექტში და მათი წვლილი აღინიშნა ახალი სიმღერის „The Seeker“ დამატებით. Abbacadabra ლონდონში წარდგენილი იქნა 1983 წლის 8 დეკემბერს. რვა კვირის მანძილზე დარბაზები ამ შოუებზე ბოლომდე ივსებოდა, თუმცა მიმოხილვები, გამოქვეყნებული პრესაში, არაერთგვაროვანი იყო. წარმოდგენები 1984 წლის 21 იანვარს დასრულდა. პროექტში ასევე მონაწილეობდა ლიუნგსტადი. „Belle“ ჩაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის ზედამხედველობითა და ახალი სათაურით, „Time“, მომღერალ ბ. ა. რობერტსონის მონაწილეობით.
ჯგუფის ოთხივე წევრი მსმენელების წინაშე გამოვიდა 1986 წლის იანვარში. შვედური სატელევიზიო შოუსათვის, რომელიც სტიგ ანდერსონის 55-ე დაბადების დღეს ეძღვნებოდა, მათ ჩაწერეს სიმღერის „Tivedshambo“ აკუსტიკური ვერსია. იმავე წელს ისინი გამოჩნდნენ ერთ-ერთი სხვა მეგობრის, ყოფილ ტურ-მენეჯერ კლაეს აფ გეიერსტამის 40-ე იუბილეზე. მათ იმღერეს სიმღერა „Der Kleine Franz“, რომელიც ასევე გამოჩნდა მიუზიკლში „ჭადრაკი“. 1986 წელს გამოვიდა ალბომი ABBA Live, რომელშიც შეტანილი იქნა ჯგუფის 1977 და 1979 წლების ტურნეების ნაწყვეტები. ოთხივე წევრი 1999 წელს გორელ ჰანსერის იუბილეზე გამოჩნდა. ჰანსერი ოთხივეს დიდი ხნის მეგობარი იყო, ისევე როგორც სტიგ ანდერსონის ყოფილი მდივანი. გორელის პატივსაცემად ოთხეულმა შეასრულა შვედური დაბადების დღის აღსანიშნავი სიმღერის „Med En Enkel Tulipan“ ა-კაპელა ვერსია.[32]
ბენი ანდერსონი სხვადასხვა წლებში ასრულებდა ჯგუფის სიმღერებს. 1992 წლის ივნისში ის და ულვეუსი გამოჩნდნენ ჯგუფ U2-ს სტოკჰოლმის კონცერტზე და შეასრულეს სიმღერის „Dancing Queen“ მისამღერი. რამდენიმე წლის შემდეგ კონცერტზე „B & B in Concert“ ანდერსონი გამოჩნდა სხვა მუსიკოსებთან ერთად და უკრავდა ფორტეპიანოზე. პროექტის BAO კონცერტებზე ანდერსონი ABBA-ს სიმღერებს ხშირად ასრულებს. მან ასევე დაუკრა ფორტეპიანოზე ან სოფი ფონ ოტერის „Like an Angel Passing Through My Room“-ში და ვიქტორია ტოლსტოის მიერ ჩაწერილ „When All Is Said and Done“-ში. 2002 წელს ლონდონში აივორ ნოველოს ჯილდოს მიღებისას ანდერსონმა და ულვეუსმა შეასრულეს „Fernando“-ს ა კაპელა ვერსია. ლიუნგსტადმა 1993 წელს ჯგუფთან The Real Group ჩაწერა „Dancing Queen“-ის ა=კაპელა ვერსია. მოგვიანებით, 1993 წელს შვეიცარიელ მომღერალ დან დანიელთან ერთად მან „I Have a Dream“-ის ახალი ვერსია ჩაწერა.
ჯგუფს დაშლის შესახებ არ განუცხადებია, მაგრამ თვლიდნენ, რომ იგი დაშლილი იყო. მათი უკანასკნელი გამოსვლა გაიმართა 1982 წლის 11 დეკემბერს, გადაცემაში The Late, Late Breakfast Show. 1983 წლის იანვარში ფელტსკუგმა დაიწყო მუშაობა სოლო ალბომი, ხოლო ლიუნგსტადმა მანამდე უკვე გამოსცა საკუთარი, Something's Going On. ულვეუსი და ანდერსონი მუშაობდნენ „ჭადრაკის“ მუსიკაზე. მათ უარყვეს ჯგუფის დაშლა („ქალბატონების გარეშე ვინ ვართ? ბრიჯიტ ბარდოს ინიციალები?“). ლიუნგსტადი და ფელტსკუგიც ინტერვიუებში განაგრძობდნენ იმის მტკიცებას, რომ ჯგუფი 1983 და 1984 წელს დაბრუნდებოდა ალბომით. შიდა დაძაბულობა, რომელსაც ემატებოდა მენეჯერთან ურთიერთობის გართულება, მატულობდა. 1983 წელს ჯგუფის წევრებმა გაყიდეს Polar Music-ში საკუთარი წვლილი. 1986 წლის სატელევიზიო გამოჩენა იყო უკანასკნელი - სანამ ოთხივე წევრი არ გამოჩნდა 2008 წლის 4 ივლისს, ფილმის Mamma Mia! პრემიერაზე.
გამოცემასთან Sunday Telegraph ფილმის პრემიერისას საუბრისას ულვეუსმა და ანდერსონმა დაადასტურეს, რომ მათი სცენაზე დაბრუნების არავითარი საბაბი არ არსებობდა. ულვეუსი: „ერთად სცენაზე არასოდეს დავბრუნდებით...[...]ჯგუფის კვლავ შეკრების მოტივაცია უბრალოდ არ არსებობს. ფული არ არის მთავარი და გვსურს, ხალხი დაგვიმახსოვროს, როგორებიც ვიყავით. ახალგაზრდები, დიდებულები, სავსე ენერგიითა და ამბიციით. მახსოვს, როგორ ამბობდა რობერტ პლანტი, რომ ლედ ზეპელინი ქავერ ვერსიების შემსრულებელ ჯგუფად იქცა, ვინაიდან საკუთარ სიმღერებს უკრავდნენ. ვფიქრობ, ამან დაასრულა ყველაფერი.“ [33] თუმცა, 2011 წლის 3 იანვარს ფელტსკუგმა, რომელიც ითვლებოდა ჯგუფის ყველაზე კარჩაკეტილ წევრად, რომელიც ნებისმიერ გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდა, გამოთქვა აზრი, რომ ერთი შემთხვევისათვის ჯგუფის გაერთიანება შესაძლებელი იქნებოდა. მან ახსენა, რომ დანარჩენი სამისათვის ეს იდეა ჯერ არ გაუზიარებია.
1984 წლის ოქტომბერში ულვეუსმა და ანდერსონმა, ტექსტების ავტორ ტიმ რაისის მონაწილეობით გამოსცეს ორმაგი კონცეპტუალური ალბომი „ჭადრაკი“. წარმატება იქონიეს ამ ალბომის სინგლებმა „One Night in Bangkok“ (ვოკალი - მიურეი ჰედი) და „I Know Him So Well“ (დუეტი ბარბარა დიქსონთან და ელენ პეიჯთან), რომლებიც მოგვიანებით ჩაიწერა ბარბრა სტრეიზანდისა და უიტნი ჰიუსტონის მიერ და წარმატება იქონია. 1986 წლის მაისში ლონდონის უესტ ენდში გაიმართა მიუზიკლის პრემიერა. ჩვენებები სამ წელიწადს გაგრძელდა. „ჭადრაკი“ ასევე ბროდვეის თეატრის სცენაზე, 1988 წლის აპრილში გამოჩნდა, მაგრამ ცუდი მიმოხილვების გამო ორი თვის შემდეგ ჩვენებები დასრულდა. სტოკჰოლმში 2003 წელს დაიდგა მისი შვედური ვერსია, „Chess på svenska“, რომელშიც შეტანილი იქნა ახალი სიმღერებიც, მაგალითად, „Han är en man, han är ett barn“ და „Glöm mig om du kan“. 2008 წელს ლონდონის ალბერტ ჰოლში განახლდა მიუზიკლის ჩვენება. ამან დიდი წარმატება იქონია და ერთ-ერთი შოუ DVD-ზეც გამოიცა. მოგვიანებით, 2010 წელს ბრიტანეთსა და აშშ-ში გაიმართა ტურნეები ამ მიუზიკლის დადგმით.
ორეულის შემდეგ პროექტი, „Kristina från Duvemåla“ იყო შვედური ეპიკური მიუზიკლი, რომლის პრემიერა მალმეში, სამხრეთ შვედეთში, 1995 წლის ოქტომბერში გაიმართა. იგი სტოკჰოლმში ხუთი წლის მანძილზე გადიოდა და განიხილებოდა ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადებაც. ცნობილია, რომ მასზე მუშაობა დაწყებულია.[34] ამავე დროს, 2009 წელს ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში გაიმართა მიუზიკლის საკონცერტო, ინგლისურენოვანი ვერსიის წარდგენა. 2010 წლის აპრილში მან ლონდონშიც გადმოინაცვლა, რასაც მოჰყვა ნიუ-იორკის კონცერტის კომპაქტ დისკზე გამოცემა.
1983 წლიდან, გარდ აღნიშნული მიუზიკლებისა, ანდერსონი განაგრძობდა ულვეუსთან სიმღერების შექმნას. მათ გამოსცეს ორი ალბომი შვედურ დუეტ Gemini-სთან, 1985 და 1987 წლებში. 1987 წელს ანდერსონმა საკუთარ ლეიბლზე „Mono Music“ სოლო ალბომი, Klinga mina klockor გამოსცა, რომლის მუსიკაზეც დიდი გავლენა იქონია შვედურმა ხალხურმა მოტივებმა. მეორე ალბომი, November 1989, 1989 წელს გამოვიდა.
1990-იან წლებში ანდერსონი ქმნიდა მუსიკას შვედური კაბარე კვარტეტისათვის Ainbusk Singers. მათი სიმღერებიდან ორი, „Lassie“ და „Älska mig“ ჰიტ-სინგლებად იქცა. მოგვიანებით ანდერსონი პროდიუსერის სახით ალბომზე Shapes მუშაობდა. ეს იყო ჯგუფის წევრ იოზეფინ ნილსონის ინგლისურენოვანი ალბომი ანდერსონისა და ულვეუსის მიერ დაწერილი სრულიად ახალი სიმღერებით. ანდერსონი ასევე წერდა კინოფილმების მუსიკას (აღსანიშნავია რეჟისორ როი ანდერსონის „სიმღერები მეორე სართულიდან“). 2001 წელს ანდერსონმა საკუთარი ჯგუფი, Benny Anderssons Orkester (BAO) ჩამოაყალიბა, რომელმაც 2001, 2004 და 2007 წელს სამი წარმატებული ალბომი გამოსცა. ანდერსონი კვლავ წარმოადგენს შემსრულებელს, რომელიც შვედეთის ჩარტის რეკორდსმენია - სიმღერა „Du är min man“, რომელსაც ჰელენ სიოჰოლმი ასრულებს, 2004-2009 წლებში ჩარტში 278 კვირის მანძილზე იმყოფებოდა.[35] საკუთარი მესამე ალბომი, BAO 3 ანდერსონმა 2007 წლის ოქტომბერში გამოსცა. მასში შეტანილი იქნა სიოჰოლმთან, ტომი კორბერგთან და BAO-სთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციები. გარდა ამისა, ანდერსონი და მისი ბენდი 2007 წლის ოქტომბერში და ნოემბერში წარდგნენ დაახლოებით 14.000 მაყურებლის წინაშე
ულვეუსი ABBA-ს დაშლის შემდეგ სცენაზე არ გამოდიოდა, მაგრამ 2005 წლის 16 ივლისს ჯგუფთან The Hootenanny Singers ერთად მშობლეურ ვესტერვიკში გამოვიდა და შეასრულა 1966 წლის ჰიტი „Marianne“.
ანდერსონიც და ულვეუსიც მიუზიკლის Mamma Mia! მსოფლიო მასშტაბებით დადგმაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ლიუნგსტადი ხშირად ესწრება მის პრემიერებს. როგორც ანდერსონი, ასევე ულვეუსი მონაწილეობდნენ მიუზიკლის ეკრანიზაციის მომზადებაში, რომლის პრემიერა 2008 წლის ივლისში გაიმართა. ანდერსონი მუშაობდა ფილმის საუნდტრეკზე, ABBA-სთან დაკავშირებულ სესიურ მუსიკოსებთან ერთად. ფილმში თავად ანდერსონი გამოჩნდა - სიმღერის „Dancing Queen“ შესრულების სცენაში, მეთევზე მუსიკოსის როლში. ულვეუსი ამ ფილმში ასრულებს ბერძნული ღვთაების როლს, რომელიც ლირაზე უკრავს - ეს სცენა შეტანილია ტიტრებში.
ანდერსონი და ულვეუსი კვლავ წერენ სხვადასხვა ახალ კომპოზიციას. მათი ერთ-ერთი უკანასკნელი ნაშრომია ანდერსონის პირველი საერთაშორისო გამოცემა - „The Benny Andersson Band – The Story of a Heart“ (2009). ეს არის ალბომი, რომელშიც შეტანილია ანდერსონის ხუთი შვედურენოვანი ალბომის შეჯამება. შვედურენოვან სიმღერებთან ერთად აქ წარმოდგენილია ხუთი ინგლისურენოვანი და ახალი, სასათაურო „The Story of a Heart“, რომლის პრემიერა BBC2-ის „კენ ბრიუსის შოუში“ გაიმართა. შვედურენოვანი ვერსია, „Sommaren Du Fick“ შვედეთში ინგლისურ ვერსიამდე გამოიცა. ვოკალს ამ ვერსიაში ასრულებს ჰელენ სიოჰოლმი. 2009 წლის გაზაფხულზე ანდერსონმა ასევე გამოსცა სინგლი „2nd Best to None“, რომელიც წარადგინა საკუთარი სასტუმროს „Hotel Rival“ სახელით და თან დაურთო პრომო კლიპი, რომელშიც სასტუმროს კოლექტივის მუშაობის პროცესია ნაჩვენები. 2008 წელს სისელა კაილისათვის, შვედი მომღერლისათვის, ანდერსონმა და ულვეუსმა დაწერეს სიმღერა „Jag vill bli gammal“, რომელიც მომღერლის სასცენო შოუს „Your Days Are Numbered“ ფარგლებში შესრულდა. მოგვიანებით ABBA-ს 1976 წლის ინსტრუმენტული კომპოზიცია „Arrival“ ულვეუსმა გამოიყენა მისთვის ტექსტის შესაქმნელად და საბოლოო ვერსია შეტანილი იქნა სარა ბრაიტმენის 2008 წლის ალბომში Winter Symphony. ინგლისურენოვანი ტექსტი ასევე შეიქმნა ანდერსონის 1999 წლის სიმღერისათვის „Innan Gryningen“, ახალი სათაურით „The Silence of the Dawn“ - ეს ვერსია ბარბარა დიქსონმა ჩაწერა. 2007 წელს მსახიობმა და მომღერალმა ანდერს ეკბორგმა ითანამშრომლა შემოქმედებით დუეტთან და ჩაწერა მათ მიერ დაწერილი სიმღერა „Innan Gryningen“. კიდევ ორი სიმღერა, „I Walk with You Mama“ და „After the Rain“ ჩაწერა ან სოფი ფონ ოტერმა, თავისი ალბომისთვის „I Let the Music Speak“, რომელიც ანდერსონს მიუძღვნა.
ABBA-ს მდედრობითი სქესის ნახევარს მონაწილეები ასევე დაკავდნენ სოლო კარიერით. 1982 წელს ლიუნგსტადმა ფილ კოლინზის პროდიუსერობით ჩაწერა სადებიუტო ალბომი Something's Going On, რასაც ახლა წარმატებული სინგლი და მუსიკალური ვიდეო „I Know There's Something Going On“. იგი იქცა საფრანგეთის #1 ჰიტად და ჩარტების სათავეში ხუთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა. იგივე წარმატება მას წილად ხვდა ბელგიაში, შვეიცარიასა და კოსტა-რიკაზე. ავსტრიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთსა და პოლონეთში სინგლმა 3-ე ადგილამდე მიაღწია და გერმანიაში, იტალიაში, ფინეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ავსტრალიაში საუკეთესო 10-ეულში იმყოფებოდა. აშშ-ში იგი ბილბორდის 100-ეულის 13-ე ადგილამდე ავიდა. საერთო ჯამში მსოფლიოში „I Know There's Something Going On“ გაიყიდა 1.5 მილიოი ასლის ოდენობით.[36] შვედეთის ტელევიზიამ მისი ჩაწერის შესახებ ვრცელი ფილმიც გადაიღო, რომელიც ერთსაათიან ინტერვიუს წარმოადგენს. მასში შეტანილი იქნა ინტერვიუები ლიუნგსტადთან, კოლინზთან, ულვეუსთან და ანდერსონთან, ისევე როგორც სხვა მუსიკოსებთან. დოკუმენტური ფილმი და პრომო ვიდეოები შეტანილია გამოცემაში Frida - The DVD.
ლიუნგსტადის მეორე სოლო ალბომი, Shine უფრო ექსპერიმენტული იყო და ჩაწერილი იქნა პროდიუსერ სტივ ლილიუაიტის თანაშემწეობით, პარიზში. იგი 1984 წელს გამოიცა და 10-ეულებში მოხვდა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვედეთი, ნორვეგია, ბელგია და ნიდერლანდები. სასათაურო კომპოზიცია ასევე გამოიცა ალბომის პირველ სინგლად. Shine შემდგომი 12 წლის მანძილზე რჩებოდა ლიუნგსტადის უკანასკნელ სტუდიურ ალბომად. მასში ასევე შეტანილია Slowly - სიმღერა, რომელიც ABBA-ს პერიოდში დაიწერა და ამრიგად არის უკანასკნელი ცნობილი სიმღერა, რომელიც ABBA-ს მდედრობითი სქესის ყოფილი წევრის მიერ იქნა ჩაწერილი. „Shine“-ის პრომო ვიდეო და კლიპები ასევე შეტანილია Frida - The DVD-ში.
ფელტსკუგის სოლო კარიერა ABBA-ს შემდგომ პირველად აღინიშნა ალბომის Wrap Your Arms Around Me გამოცემით. მასში შეტანილია „The Heat Is On“, რომელიც ევროპაში და სკანდინავიის ქვეყნებში ჰიტად იქცა. აშშ-ში ფელტსკუგმა მოიპოვა ბილბორდის 30-ეულში მოხვედრილი ჰიტი „Can't Shake Loose“. ევროპაში სინგლი „Wrap Your Arms Around Me“ მორიგი წარმატებული ჰიტი იყო, რომელიც ასევე ბელგიისა და დანიის ჩარტების სათავეებში მოექცა, მოხვდა შვედეთის, ნიდერლანდებისა და სამხრეთ აფრიკის ხუთეულებსა და გერმანიისა და საფრანგეთის 20-ეულებში. მსოფლიოში ალბომი 1.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[37]
ფელტსკუგის მეორე ინგლისურენოვანი ალბომი, Eyes of a Woman გამოვიდა 1985 წლის მარტში და შვედეთის ჩარტში 2-ე ადგილამდე მიაღწია. ევროპაში მას საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად. პირველი სინგლი ამ ალბომიდდან აგნეტას მიერ დაწერილი „I Won't Let You Go“ იყო. 1987 წლის ნოემბერში მომღერალმა გამოსცა რიგით მესამე სოლო ალბომი, I Stand Alone, ჩაწერილი პიტერ სეტერას პროდიუსერობით. ბილბორდის ახალგაზრდულ ჩარტში მოხვდა „I Wasn't the One (Who Said Goodbye)“, ამ ალბომის სინგლი. ევროპაში წარმატება იქონიეს სინგლებმა „The Last Time“ და „Let It Shine“. ალბომს შვედეთში ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად - ჩარტების პირველ პოზიციაზე რვა კვირის სახით. 1988 წლის დასაწყისში ევროპაში უმნიშვნელო პრომოკამპანიის შემდეგ ფელტსკუგმა დროებით შეწყვიტა მუსიკალური კარიერა და საჯაროდ გამოჩენა. 1996 წელს მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „As I Am“ და კრებული - როგორც სოლო, ასევე ABBA-ს პერიოდის კომპოზიციებით. 2004 წელს გამოიდა მისი ახალი და შემდგომში კრიტიკოსების მიერ აღიარებული ალბომი My Colouring Book. შვედეთის ჩარტში იგი პირველ ადგილზე მოხვდა და სამმაგი პლატინის სტატუსიც მიიღო. გერმანიაში იგი #6 იყო, ბრიტანეთში - #12 (და მიიღო ვერცხლის დისკი), ხოლო ფინეთში ოქროს სტატუსით აღიიშნა. სინგლი „If I Thought You'd Ever Change Your Mind“ (სილა ბლექის 1960-იანი წლების სიმღერის ქავერ ვერსია) იქცა ბრიტანეთში აგნეტას ყველაზე წარმატებულ სოლო ჰიტად და მოხვდა ჩარტის #11 პოზიციაზე. შვედეთში მისი უმაღლესი პოზიცია #2 იყო. იგი ასევე წარმატებული იყო სკანდინავიის სხვა ქვეყნებსა და ევროპაში. შემდეგი სინგლი, „When You Walk in the Room“ ნაკლები წარმატებით აღინიშნა - ბრიტანეთში მხოლოდ 34-ე პოზიციის სახით. 2007 წლის იანვარში მან მიუზკლის Mamma Mia! სტოკჰოლმში უკანასკნელი წარმოდგენის შემდეგ გამართულ წვეულებაზე იმღერა შვედ მომღერალ ტომი კორბერგთან. საღამოს ბენი ანდერსონი და ბიორნ ულვეუსიც ესწრებოდნენ.
1992 წელს ლიუნგსტადს შესთავაზეს გარემოს დაცვის ორგანიზაციის „Artister för miljön“ წარმომადგენლის პოზიცია. 1992-1995 წლებში იგი ამ პოზიციას იკავებდა. გარემოს დაცვის საკითხებისადმი ინტერესი აღინიშნა ჯულიან ლენონის სიმღერის „Saltwater“ ჩაწერით და სტოლჰოლმში ერთ-ერთ კონცერტზე შესრულებით. შვედეთის ღარიბ ბავშვთა დასახმარებლად მან დაგეგმა და დააფინანსა საზაფხულო ბანაკების გახსნა, რომლებშიც ბავშვები ასევე ეკოლოგიისა და გარემოს საკითხებს შეისწავლიდნენ. ეკოლოგიის საკითხებთან შეხებას მოჰყვა ალბომის Djupa andetag 1996 წლის ბოლოს გამოცემა. მას დიდი წარმატება ხვდა წილად, შვედეთის ჩარტში #1 ადგილის სახით. ალბომიდან გამოიცა სინგლი „Även en blomma“, რომლის ტექსტი ასევე გარემოს დაცვის საკითხებზეა. 2004 წელს ლიუნგსტადმა ჯონ ლორდის მონაწილეობით ჩაწერა სიმღერა „The Sun Will Shine Again“. დუეტი გერმანიის რამდენიმე სატელევიზიო ეთერში გამოჩნდა ამ სიმღერის შესრულებით. ლიუნგსტადი ამჟამად მხოლოდ დრო და დრო ჩნდება საჯაროდ, ამა თუ იმ წვეულებასა თუ საქველმოქმედო საღამოზე. 1992 წლის 26 აგვისტოს მან იქორწინა გერმანული როისების ოჯახების წარმომადგენელ პრინც ჰაინრიხ რუცო როის ფონ პლაუენთან. 1999 წელს, ფონ პლაუენის ლიმფომისგან გარდაცვალების გარდა, ერთი წლით ადრე ავტოკატასტროფაში დაიღუპა ლიუნგსტადის შვილი, ლიზ-ლოტა.
ჯგუფის დაშლის წელს საფრანგეთში დაიდგა შოუ Abbacadabra, რომელშიც ბავშვები ABBA-ს სიმღერებს ასრულებდნენ. ინტერესმა ჯგუფის მუსიკის მიმართ კვლავ იმატა.
1980-იან წლებში ჯგუფის მუსიკისადმი ინტერესი შედარებით უმნიშვნელო იყო, მაგრამ 1990-იან წლებში, როდესაც ბრიტანულმა სინთპოპ დუეტმა Erasure საკუთარ EP-ზე ჯგუფის სიმღერების ქავერ ვერსიები გამოსცა და ამით ჩარტების სათავეში მოხვდა, მსმენელთა ახალი თაობები ABBA-ს შემოქმედებით დაინტერესდნენ. 1992 წლის ივნისში ჯგუფი U2 სტოკჰოლმში კონცერტის გასამართად ჩავიდა. ABBA-სადმი პატივისცემის ნიშნად მათ კონცერტზე ბენი ანდერსონთან (სინთეზატორი) და ბიორნ ულვეუსთან (გიტარა) ერთად შეასრულეს „Dancing Queen“. 1992 წლის სექტემბერში გამოვიდა ახალი კრებული Gold: Greatest Hits. სინგლი „Dancing Queen“ 1992 წლის ზაფხულში დაბრუნდა ბრიტანეთის რადიოეთერში, რამაც ალბომის წარმატებაზე გავლენა იქონია. იმავე წლის აგვისტოში იგი ბრიტანეთის 20-ეულში დაბრუნდა და 16-ე პოზიციაზე მოხვდა.
ინტერესმა კოლექტივის მუსიკის მიმართ, რომელიც გამოიწვია Gold: Greatest Hits-ის გამოცემამ, იმატა More ABBA Gold: More ABBA Hits-ის (1993) შემდეგ.
1994 წელს ინტერესი გამოიწვია ორმა ავსტრალიურმა, შემდგომში საკულტო ფილმმა. ორივე მათგანი ABBA-თი გატაცებაზე იყო - „პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავლები“ და „მიურიელის ქორწილი“. იმავე წელს გამოვიდა Thank You for the Music, ოთხდისკიანი კრებული, რომელშიც შეტანილი იყო როგორც ჯგუფის ჰიტები, ასევე ალბომების სხვა რჩეული სიმღერები. კრებულის შედგენაში ჯგუფის ოთხივე წევრები მონაწილეობდა. „XX საუკუნის მიწურულს, ABBA-სადმი სიყვარულზე უფრო მეტად უცნაური იყო, თუკი ვინმეს იგი ეზიზღებოდა“ - წერდა 10 წლის შემდეგ ამერიკელი კრიტიკოსი ჩაკ კლოსტერმანი.[38]
ABBA-ს აღიარების ტალღამ იმატა სხვა შემსრულებლებს შორის: ჯგუფის The Lemonheads მონაწილე ევან დანდომ ჩაწერა „Knowing Me, Knowing You“-ს ქავერ ვერსია,[39] შინეიდ ო'კონორმა და ჯგუფ ბოიზონის ვოკალისტმა სტივენ გეიტლიმ ჩაწერეს „Chiquitita“-ს ვერსიები, ტანიტა ტიკარამმა, ჯგუფმა Blancmange და სტივენ უილსონმა - „The Day Before You Came“. კლიფ რიჩარდმა წარადგინა „Lay All Your Love On Me“ საკუთარი ვარიანტი. დაიენ უორვიკის, პიტერ სეტერასა და Celebrity Skin-ის მიერ ჩაწერილი იქნა „SOS“-ის ვერსიები. აშშ ალტერნატიული როკ-მუსიკოსი მარშალ კრენშოუ საკუთარ კონცერტებზე „Knowing Me, Knowing You“-ს ასრულებდა, ხოლო ინგლისელი ლათინური პოპის შემსრულებელი რიჩარდ დენიელ რომენი ABBA-ს აღიარებდა, როგორც საკუთარ შემოქმედებაზე გავლენის ერთ-ერთ წყაროს. შვედმა მეტალ-გიტარისტმა ინგვი მალმსტინმა განსხვავებული ტექსტით ჩაწერა „Gimme! Gimme! Gimme! (A Man After Midnight)“.
შემდგომში გამოიცა სიმღერების ორი განსხვავებული კრებული. ABBA: A Tribute დაემთხვა ABBA-ს დაარსებიდან 25-ე წლისთავს. მასში შეტანილი იქნა 17 სიმღერა, რომელთა ნაწილი ჩაიწერა სპეციალურად ამ გამოცემისათვის. აღსანიშნავია „One of Us“ (Go West), „Hasta Mañana“ (Army of Lovers), „Lay All Your Love on Me“ (Information Society), „Take a Chance on Me“ (Erasure) და ლიუნგსტადის ა-კაპელა დუეტი კოლექტივთან The Real Group - „Dancing Queen“. მეორე, 12 სიმღერისგან შემდგარი კრებული 1999 წელს გამოვიდა სათაურით ABBAMANIA. ამ ალბომის გაყიდვებიდან შემოსული თანხები გადაირიცხა ინგლისის ერთ-ერთ ახალგაზრდულ საქველმოქმედო ფონდში. მასში შეტანილია სხვა ქავერ-ვერსიები - „Money, Money, Money“ (Madness), „Voulez-Vous“ (Culture Club), „The Winner Takes It All“ (The Corrs), „Lay All Your Love on Me“ და „I Know Him So Well“ (Steps) და პოპური „Thank ABBA for the Music“, რომელიც რამდენიმე შემსრულებელმა ერთად წარმოადგინა და შეასრულა ამავე წლის ბრიტანული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზეც.
შვედეთში ანდერსონისა და ულვეუსის გავლენის მზარდი აღიარება აღინიშნა 1998 წლის შოუს „B & B“-ს სახელით. ამ შოუზე შესრულდა ABBA-ს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სიმღერები, რომლებიც შეიქმნა ჯგუფის ყველაზე წარმატებულ წლებამდე და მათ შემდგომ. კონცერტი გამოიცა აუდიო დისკზეც. მოგვიანებით შოუს წარდგენა სკანდინავიაში ტურნეს სახით მოხდა. აღსანიშნავია ამ შოუთი პეკინში გამართული ორი კონცერტიც.
2000 წელს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის ყველა წევრმა უარი თქვა დაახლოებით 1 000 000 000 შემოთავაზებულ დოლარზე, რომელიც გაერთიანების ფარგლებში გამართული 100 კონცერტისათვის შესთავაზეს.[40]
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2004 წლის ნახევარფინალში, რომელიც სტამბოლში გაიმართა (ჯგუფის ევროვიზიაზე გამარჯვებიდან 30 წლის შემდეგ) ოთხივე წევრი გამოჩნდა სპეციალურ სახუმარო ვიდეოში „Our Last Video Ever“, რომელიც ნაჩვენები იქნა ანტრაქტის დროს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პიროვნებებმა, რომელთა შორის არიან რიკ მეიელი, შერი და აირონ მეიდენის სიმბოლო ედი. ეს ვიდეო არ იქნა შეტანილი ევროვიზიის კონკურსის ოფიციალურ DVD-ზე, მაგრამ ABBA-ს ოთხივე წევრის ინიციატივით და თხოვნით გამოვიდა ცალკე DVD-ს „The Last Video“ სახით.
2005 წელს ABBA-ს ოთხივე წევრი გამოჩნდა მიუზიკლის Mamma Mia! სტოკჰოლმურ პრემიერაზე.[41]
2008 წლის 4 ივლისს ოთხეული კვლავ დაბრუნდა - ამჯერად ფილმის Mamma Mia! შვედური პრემიერისათვის - მეორედ 1986 წელს ერთად საჯაროდ გამოჩენის შემდეგ.[42] ამ შეკრებისას მათ კვლავ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ოფიციალურად არასოდეს გაერთიანდებოდნენ. ციტირების სახით ნახსენები იქნა რობერტ პლანტის აზრი, რომ რეფორმირებული ლედ ზეპელინი იყო უფრო მეტად ქავერ ვერსიების შემსრულებელი ჯგუფი, ვიდრე ორიგინალური კოლექტივი. ულვეუსმა განაცხადა, რომ მას სურდა, ჯგუფი ყველას მოგონებებში დარჩენილიყო ისეთი, როგორიც იგი წარმატების პიკზე იყო.[43]
კრებული Gold: Greatest Hits, რომელიც 1992 წელს გამოიცა, 2008 წლის 3 აგვისტოს მეხუთედ დაბრუნდა ბრიტანეთის ჩარტში და პირველ ადგილზე მოხვდა.[44] 2008 წლის 14 აგვისტოს ფილმის Mamma Mia! საუნდტრეკი აშშ „ბილბორდის“ ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა და იქცა ჯგუფთან დაკავშირებულ პირველ ალბომად, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. არსებობის წლებში მათი უმაღლესი მიღწევა ამერიკის ქვეყნების ჩარტებში 14-ე ადგილი იყო.
2008 წლის ნოემბერში ჯგუფის რვა სტუდიური ალბომი და მეცხრე დისკი, დამატებითი, იშვიათი სიმღერებით, გამოიცა კრებულის The Albums სახით.[45] იგი მოხვდა რამდენიმე ჩარტში, შვედეთში 4-ე ადგილი დაიკავა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საუკეთესო 10-ეულებში შევიდა.
2008 წელს კომპანიებმა Sony Computer Entertainment (ევროპა) და Universal Music Group (შვედეთი) გამოსცეს SingStar ABBA. ეს არის PlayStation 2 და PlayStation 3-თან თავსებადი სათამაშო კონსოლები სერიიდან SingStar. PlayStation 2-ის ვერსიაში შეტანილია ABBA-ს 20 სიმღერა, ხოლო PlayStation 3-ის ვარიანტში - 25.
2009 წლის 22 იანვარს ფელტსკუგი და ლიუნგსტადი გამოჩნდნენ ერთ სცენაზე - ცხოვრებისეული მიღწევებისათვის შვედური მუსიკის ჯილდოს „Rockbjörnen“ მისაღებად. ინტერვიუში ორივე შემსრულებელმა გამოხატეს მადლიერება საპატიო ჯილდოსათვის და მსმენელებს მადლობა გადაუხადეს.
2009 წლის 25 ნოემბერს გაერთიანებამ PRS for Music გამოაცხადა, რომ ყველაზე მეტი ხმა გამოკითხვაში, რომელიც ეხებოდა ჯგუფებს, რომელთა გაერთიანებას მსმენელი ისურვებდა, ერგო ABBA-ს.[46]
2010 წლის 27 იანვარს ერლს კორტის საგამოფენო ცენტრში გაიმართა 25 დარბაზისგან შემდგარი გამოფენის ABBAWORLD წარდგენა. ამ გამოფენის ფარგლებში, რომელიც ჯგუფის ოთხივე წევრის მონიტორინგით იქნა ორგანიზებული, მოხდა ინტერაქტიული და აუდიოვიზუალური მასალების წარდგენა.[47][48]
2011 წლის 15 ნოემბერს კომპანიამ Ubisoft Wii პლატფორმისათვის გამოსცა საცეკვაო თამაში ABBA: You Can Dance.
2012 წლის იანვარში ლეიბლმა Universal Music გამოაცხადა, რომ ჯგუფის უკანასკნელი ალბომი The Visitors გამოიცემოდა მანამდე უცნობი სიმღერით „From a Twinkling Star to a Passing Angel“ [49]
2010 წლის 15 მარტს ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ისინი წარადგინეს ჯგუფ ბი ჯიზის წევრებმა ბარი და რობინ გიბმა. ჯგუფის ოთხივე წევრიდან ცერემონიას ესწრებოდნენ მხოლოდ ანი-ფრიდ ლიუნგსტადი და ბენი ანდერსონი.[50][51]
აქტიური კარიერის მანძილზე, 1972-1982 წლებში ჯგუფმა ბილბორდის ცხელი 100-ეულის ჩარტში 14 საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი სინგლი დააგროვა. აქედან 13 ასევე მოხვდა ჩარტში Cashbox Top 100, 10 - ორივე ჩარტის 20-ეულებში, ოთხი - 10-ეულებში („Dancing Queen“ პირველ პოზიციაზე მოხვდა). „Fernando“ და „SOS“ ბილბორდის ცხელ 100-ეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ Cashbox-ის („Fernando“) და Record World-ის („SOS“) ჩარტში წარმატება იქონიეს. სინგლებმა „Dancing Queen“ და „Take a Chance on Me“ RIAA-სგან მიიღეს ოქროს სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლების საფუძველზე).
ჯგუფის ცხრა ალბომი აშშ-ს ბილბორდის 200-ეულის პირველ 100-ეულში მოხვდა. აქედან შვიდი მოხვდა საუკეთესო 50-ეულში. ოთხი ამ ალბომიდა მოხვდა 20-ეულში - აღსანიშნავია ABBA: The Album-ის 14-ე, უმაღლეს პოზიციაზე მოხვედრა. ხუთმა ალბომმა RIAA-სგან მიიღო ოქროს სერტიფიკატი (500 000-ზე მეტი გაყიდული ასლის ოდენობის საფუძველზე), ხოლო სამმა - პლატინის სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლის საფუძველზე). 1993 წელს Gold: Greatest Hits გამოიცა აშშ-ში და ქვეყნის ტერიტორიაზე შემდგომში შვიდმაგი პლატინის მფლობელი გახდა. იგი ასევე მოხვდა „ბილბორდის“ პოპულარული პოპ კატალოგის ალბომების ჩარტის სათავეში და 11-ე ადგილზე ჩარტში Billboard Comprehensive Albums.
ჯგუფს სხვადასხვა წლებში გადაღებული აქვს არაერთი პრომო ვიდეო თუ კლიპი, ვინაიდან მათი ვიზიტი ამა თუ იმ ქვეყანაში შეუძლებელი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ კოლექტივი მუდმივად მოგზაურობდა და ფელტსკუგსა და ულვეუსს შვილების დატოვება არ შეეძლოთ. ABBA-ს მენეჯერმა სტიგ ანდერსონმა იცოდა, რაოდენ დიდი პოტენციალი ჰქონდა ჯგუფის მუსიკალური ვიდეოს ტელეეთერით ჩვენებას, სინგლისა თუ ალბომის რეკლამის სახით. ჯგუფის ზოგიერთი პრომო-ფილმი კოსტუმებითა თუ ვიდეო ეფექტებით იქცა 1970-იანი წლების პერიოდის კლასიკურ ნიმუშად. აღსანიშნავია ამ ვიდეოებში განმეორებადი, ჯგუფის წევრთა წყვილებად დაჯგუფება, ერთი მონაწილის პროფილის სხვა მონაწილის სრული სახით ჩანაცვლება და წევრთა ერთმანეთთან კონტრასტი.
1976 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო კომპანიის Matsushita Electric Industrial (რომელიც დღეს ცნობილია, როგორც Panasonic Corporation) სარეკლამო კამპანიაში, რომელშიც მიზნად ბრენდის National რეკლამას ისახავდა. ეს კამპანია გათვლილი იყო ავსტრალიაზე, სადაც „National“ იყო Matsushita-ს მიერ გამოყენებად მთავარი ბრენდი. ბრენდი Panasonic ავსტრალიაში არ გამოიყენებოდა, ვინაიდან მას უფრო სხვა ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში იყენებდნენ. თუმცა, კამპანიას ადგილი ჰქონდა იაპონიაშიც. გადაღებული იქნა დაახლოებით ერთწუთიანი ხუთი სარეკლამო რგოლი. ყოველ მათგანში ჟღერდა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სიმღერის „Fernando“ ინსტრუმენტული ვერსია, რომელიც National-ის ჰიმნად იქცა. ამას დაემატა ახალი ტექსტი, რომელიც „National“-ის რეკლამას შეიცავდა და სხვადასხვა სლოგანი, რომელსაც „National“ რეკლამებში იყენებდა.[52]
2010 წლის სექტემბერში ჯგუფის წევრებმა ანდერსონმა და ულვეუსმა გააკრიტიკეს მემარჯვენე, დანიის სახალხო პარტია, ABBA-ს სიმღერის „Mamma Mia“ (შეცვლილი ტექსტით) საკუთარ კამპანიებში გამოყენებისათვის. ჯგუფის წევრები პარტიას ასევე სასამართლოში საჩივრის შეტანით დაემუქრნენ, აღნიშნეს რა, რომ მათ არ სურდათ, რომ ვინმეს ჯგუფის მუსიკა პოლიტიკური მიზნებით გამოიყებინა და არც პარტიის მხარდაჭერა სურდათ. ლეიბლმა Universal Music მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ საჩივარი შეტანილი არ იქნებოდა, ვინაიდან მხარეებს შორის შეთახმება გაიმართა.[53]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.