From Wikipedia, the free encyclopedia
პაოლო როსი (იტალ. Paolo Rossi; დ. 23 სექტემბერი, 1956, პრატო, ტოსკანის რეგიონი, იტალია — გ. 9 დეკემბერი, 2020, სიენა, ტოსკანის რეგიონი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა „კომოს“, „ვიჩენცას“, „პერუჯას“, „იუვენტუსის“, „მილანის“, „ვერონასა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ორგზის ჩემპიონი (1982, 1984) და ვიცე-ჩემპიონი (1983), იტალიის თასის მფლობელი (1983), თასების მფლობელთა თასის (1984), ევროპის სუპერთასისა (1984) და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1985) „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4][5][6][7]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | პაოლო როსი | ||
დაბადების თარიღი | 23 სექტემბერი, 1956 | ||
დაბადების ადგილი | პრატო, ტოსკანა, იტალია | ||
გარდაცვალების თარიღი | 9 დეკემბერი, 2020 (64 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | სიენა, ტოსკანა, იტალია | ||
სიმაღლე | 177 სმ.[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1975 | იუვენტუსი | 0 | (0) |
1975–1976 | კომო | 6 | (0) |
1976–1979 | ვიჩენცა | 94 | (60) |
1979–1980 | პერუჯა | 28 | (13) |
1981–1985 | იუვენტუსი | 83 | (24) |
1985–1986 | მილანი | 20 | (2) |
1986–1987 | ვერონა | 20 | (4) |
სულ | 251 | (103) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1977–1986 | იტალია | 48 | (20) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ითვლება ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ფეხბურთელად.[8][9]
1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიფა-ს მსოფლიო თასთან ერთად მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. იგი მესამე ფეხბურთელია გარინჩასა (1962) და მარიო კემპესის (1978) შემდეგ, ვინც შეძლო სამივე ტიტულის ერთად მოპოვება. იმავე წელს, როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშეს ოქროს ბურთი გადაეცა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 65-ე ადგილზე დასახელდა.[10]
იტალიური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2016 წელს შეიყვანეს იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში (იტალ. La „Hall of Fame“ del calcio italiano).[11]
იტალიურ ფეხბურთში პაოლო როსის სახელი პირველად 1974 წელს გაისმა — 18 წლის ბიჭი იტალიის უძლიერესი კლუბის ტურინის „იუვენტუსის“ სელექციონერებს მოეწონათ და კლუბში აიყვანეს. იმ დროს გუნდში არაერთი ვარსკვლავი ირიცხებოდა, რომელთანაც კონკურენციის გაწევას ახალგაზრდა პაოლო ვერ ახერხებდა. ამიტომაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უხდებოდა ჯდომა.
1975–1976 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ პაოლო როსი „კომოში“ გაანათხოვრა. სერია A-ში დებიუტი სწორედ „კომოს“ შემადგენლობაში ჰქონდა, მაშინ „პერუჯასთან“ „კომო“ 0–2 დამარცხდა.
იმავე წლის ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სერია B-ს კლუბმა „ვიჩენცამ“ მილიონნახევარი გირვანქა გადაუხადა „იუვენტუსს“ პაოლო როსის სანაცვლოდ. ტურინელებისგან განსხვავებით, მათ ეს თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობისთვის სჭირდებოდათ. პაბლიტომაც გაამართლა მასში გადახდილი თანხა და გულშემატკივრების იმედებიც გაამართლა. „ვიჩენცა“ სერია B-ში პირველ ადგილს იკავებს. პაოლო როსის კი 36 მატჩში 21 გოლი გააქვს.
მომდევნო 1977–1978 წლების სეზონი ტრამპლინად იქცა ამ თავდამსხმელის კარიერაში. უმაღლეს ლიგაში აღზევებული ვიჩენცა საწყის ტურებზე არადამაჯერებლად ასპარეზიბს, სამაგიეროდ შემდეგ იწყება წაუგებელი სერია და დებიუტანტი გუნდი მეორე ადგილზე გადის, პაოლო როსი კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება.
იმ სეზონში როსიმ პირველი გოლი სერია A-ში „მილანის“ წინააღმდეგ გაიტანა. მაშინ „ვიჩენცა“ 1–3 დამარცხდა, პაოლომ კი ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი გოლები „ატალანტას“, „რომას“, „ფიორენტინას“ კარში. თუმცა პირველი ჰეთ-თრიკი 1978 წლის 12 მარტს შეასრულა, როდესაც „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და „ვიჩენცამ“ 3–1 მოიგო. საერთო ჯამში 24 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
როსი მომდევნო სეზონსაც საუკეთესო ფორმაში შეხვდა, თუმცა, კლუბის დაცვა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც შედეგებზეც აისახა. იმ წელს პაოლომ რამდენიმე დაუვიწყარი შეხვედრა ჩაატარა. მაგალითად მე-9 ტურში „ვიჩენცამ“ „რომას“ სწორედ როსის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო, გადამწყვეტი გოლი გააქვს „აველინოს“ კარში, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჩემპიონ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი გოლიც მიითვალა და „ვიჩენცამ“ 2–1 მოიგო ტურინში. წინა სეზონის ბომბარდირი ამჯერად მეორეა სერია A-ს საუკეთესო მეგოლეების რიგებში. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ წელს „ვიჩენცამ“ მხოლოდ 29 გოლის გატანა მოახერხა, აქედან როსის ანგარიშზე ნახევარი — 15 გოლია. „ვიჩენცა“ სერია B-ში გავარდა, პაბლიტო კი ტრანსფერზე დააყენეს. მისი შეძენის სურვილი „ნაპოლიმ“ გამოთქვა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა ნეაპოლიტანურ გუნდში გადასვლა. სამაგიეროდ „პერუჯას“ წინადადებას დათანხმდა.
1979 წელს პაოლო როსიმ პერუჯას რიგებში ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო. ერთნაირი წარმატებით გააქვს გოლები „მილანის“, „ლაციოს“, „ინტერისა“ თუ „იუვენტუსის“ კარში. ამ უკანასკნელის სელექციონერები უკვე თვალს ადევენებდნენ მის ასპარეზობას.
ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ როსი სწორედ ტურინულ კლუბში აღმოჩნდებოდა. მაგრამ იტალიურ ფეხბურთში ყველაზე დიდი სკანდალი აგორდა. პაბლიტოს, ოცამდე სხვა ფეხბურთელს და რამდენიმე კლუბს გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი.
1980 წლის 23 მარტს სერია A-ს მორიგი ტურის შემდეგ რომში, მილანში, აველინოში, პალერმოსა და გენუაში ფეხბურთელებს აპატიმრებენ, რომელთა შორისაა ალბერტოზი, უილსონი, კაჩიატორი, მანფრედონი და როსი.
რამდენიმე კვირაში თითოეული მათგანისთვის სასამართლომ განსხვავებული სასჯელი დაადგინა. პაოლო როსი კი, რომელიც სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ფირმის „ტონი როსი ლანსერ სპორტის“ მეპატრონე იყო, სამი წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს.
რომ არა ეს სკანდალი, სპეციალისტები ვარაუდბენ რომ პაოლო როსი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდებოდა. 1982 წელს პაბლიტოს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და მალე სერია A-შიც ითამაშა. მაშინ უკვე „იუვენტუსის“ საკუთრება იყო. ტურინელთა ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ დისკვალიფიცირებული როსი ერთი წლით ადრე ნახევარ გირვანქად შეიძინეს.
1982 წლის 2 მაისს „იუვენტუსმა“ სტუმრად „უდინეზეს“ 5–1 სძლია. პაოლო როსი შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა. სეზონის დამთავრებამდე თავდამსხმელმა კიდევ ორ მატჩში მოირგო ტურინელთა შავ-თეთრი მაისური.
სამაგიეროდ მომდევნო სეზონი პაბლიტომ ნამდვილი ვარსკვლავის რანგში დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან უადვილებდა თამაშს იუვენტუსის ორ ვარსკვლავს პოლონელ ზბიგნევ ბონეკს და ფრანგ მიშელ პლატინის. ამ უკანასკნელთან ერთად უკვე მომდენო სეზონში პაოლომ 33 გოლი შეაგდო სერია A-ში. საბოლოოდ ტურინელებმა „სკუდეტო“ და ევროპის თასების მფლობელთა თასი არავის დაუთმეს. ეს ტიტული პირველი ევროპული ჯილდო იყო როსის კარიერაში. არანაკლებ წარმატებული იყო მომდევნო სეზონი. 1984–1985 წლებში პაოლო როსიმ ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში ევროპის სუპერ თასი და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.
ტურინის „იუვენტუსი“ როსიმ სწორედ ამ ფინალის შემდეგ დატოვა და „მილანში“ გადაბარგდა. როსონერის შემადგენლობაში პაბლიტოს დიდი არაფერი გაუკეთებია, კლუბი მალევე დატოვა და „ვერონას“ მიაშურა. 1986–1987 წლების სეზონში „ვერონას“ შემადგენლობაში სერია A-ში ოცჯერ ითამაშა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.[12] 12 აპრილს „ნაპოლისთან“ 3–0 მოგებული მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
პაოლო როსიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ენცო ბეარზოტის ყურადღება 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიპყრო. იმ სეზონში პაბლიტო სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მწვრთნელსაც ბევრი არ უფიქრია და არგენტინაში ეს ფორვარდი თან იახლა. არგენტინის მუნდიალზე პირველი გოლი პაოლო როსიმ საფრანგეთის კარში გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე მან კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ამჯერად უნგრელები დაამწუხრა.
იმ ჩემპიონატზე სკუადრა აძურა მეოთხე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება პაოლოს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ არგენტინელმა გულშემატკივრებმა შეარქვეს პაბლიტო. ეს მეტსახელი მთელი კარიერის განმავლობაში გაჰყვა. სამწლიანმა დისკვალიფიკაციამ ეჭვქვეშ დააყენა მისი კარიერა და მით უმეტეს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. თუმცა მწვრთნელმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. როსის გამოძახების გამო მაშინ ბევრი აკრიტიკებდა ენცო ბეარზოტის.
„როსი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩემს ნაკრებს ძალიან სჭირდება. პაოლო სხარტი ფეხბურთელია, შეტევაში სწრაფი და ამასთანავე, შესანიშნავი საგოლე ალღოთი გამოირჩევა“ — ამბობდა მაშინ ბეარზოტი.
მწვრთნელის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ვერავიან წავიდა და პაოლო როსიც პირენეის ნახევარკუნძულზე გუნდთან ერთად გაემგზავრა. მისთვის მწვრთნელის ასეთი ნდობა და მხარდაჭერა უდიდესი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. თუმცა, ალბათ თვითონაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ჩემპიონატი როსის ბენეფისად იქცეოდა.
იტალიამ პირველი მატჩი ესპანეთის მუნდიალზე 14 ივნისს გამართა. მაშინ პოლონელებისთვის გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 1–1 დაასრულეს კიდევ უფრო სუსტ პერუსთან. ვერ მოუგეს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოასპარეზე კამერუნის ნაკრებს (1–1). შეიძლება ითქვას, რომ სკუადრა აძურას ძალიან გაუმართლა და ჯგუფური ეტაპი მხოლოდ მეტი გატანილი გოლების წყალობით გადალახა. ამიტომაც იტალიას ფავორიტად აღარავინ თვლიდა. იმ დროს პლატინის საფრანგეთი, მარადონას არგენტინა და ტელე სანტანას გაწვრთნილი ბრაზილია ბრწყინავდნენ. კენჭის ყრის შედეგად მეორე ეტაპზე აპენინელები ჯგუფში სწორედ ბრაზილიასთან და არგენტინასთან ერთად მოხვდნენ.
მაგრამ იტალიას ჰყავდა პაოლო როსი, ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ წინასწარი პროგნოზები არ გამართლებულიყო. აძურამ ჯერ არგენტინას მოუგო (2–1), შემდეგ კი გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიას დაუპირისპირდა. სწორედ ამ შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო ვინ გავიდოდა ნახევარფინალში.
1982 წლის 5 ივლისს ბარსელონას „ესტადიო დე სარიაზე“ გაიმართა შეხვედრა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ყველა ამბობდა, რომ ეს იყო საფეხბურთო სპექტაკლი, განუმეორებელი — კლასიკური მატჩი.[13][14][15]
თამაშის დაწყებიდან მეხუთე წუთზე პაოლო როსიმ ვალდირ პერესის კარი დალაშქრა. ანგარიში ბრაზილიელმა სოკრატესმა გაათანაბრა.[16] 25-ე წუთზე პაბლიტომ კვლავ წინ გაიყვანა იტალია. შესვენების შემდეგ სამხრეთ ამერიკელებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს — პაულო რობერტო ფალკაომ ერთი მოძრაობით ერთბაშად ოთხი იტალიელი ჩამოიშორა და დინო ძოფს მეორედ გამოატანინა ბურთი საკუთარი კარიდან.[17] პაოლო როსიმ კი მესამე გოლი გაუტანა ბრაზილიელებს. მისმა ჰეთ-თრიკმა იტალიის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. პაბლიტო კი ლამის ეროვნულ გმირად იქცა.[18][19][20]
მატჩის შემდეგ ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტელე სანტანამ განაცხადა — იტალია არაფერ შუაშია, ჩვენ პაოლო როსიმ მოგვიგოო — „ის ძალიან ცბიერი ფეხბურთელია და ეს მისი დღე იყო. ძნელია შეაჩერო ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელსაც ფორტუნაც სწყალობს“ — ამბობდა ბრაზილიელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ფინალამდე იტალიელებს პოლონეთის დამარცხებაც მოუწიათ. გადამწყვეტ მატჩში კი გერმანიას დაუპირისპირდნენ. როსისა და მის თანაგუნდელებს მათი ძლევა არ გასჭირვებიათ. იტალია კი ბრაზილიელების მსგავსად მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.[21][22]
26 წლის პაოლო როსიმ კი ფეხბურთელისთვის საოცნებო ყველა ტიტული მოიგო — მსოფლიო ჩემპიონი, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[23]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.