პირენეს ნახევარკუნძული, იბერიის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 583 ათასი კმ² (სიდიდით მეორეა ევროპაში სკანდინავიის ნახევარკუნძულის შემდეგ).

სწრაფი ფაქტები პირენეს ნახევარკუნძული ...
პირენეს ნახევარკუნძული
Thumb
კოორდინატები: 40°30′ ჩ. გ. 4°00′ დ. გ.
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ანდორის დროშა ანდორა
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი
უმაღლესი წერტილი მულასენი
სიმაღლე 3478 
ფართობი 583 254 კმ²
მოსახლეობა დაახლ. 53 მლნ.
Thumb
პირენეს ნახევარკუნძული
დახურვა

ჩრდილოეთიდან აკრავს ბისკაიის ყურე, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან — ატლანტის ოკეანე, აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ხმელთაშუა ზღვა. სამხრეთით აფრიკისგან გამოყოფილია გიბრალტარის სრუტით, ხოლო კონტინენტური ევროპისგან — პირენეს მთებით. ნახევარკუნძულზე მდებარეობს ქვეყნები: ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა და გიბრალტარი.[1]

ხასიათდება მოხაზულობის სიმარტივითა და სწორხაზოვნებით, სუსტად დანაწევრებული სანაპირო ხაზით (გარდა ჩრდილო-დასავლეთ ნაწილისა, რომელიც ძლიერ არის დანაწევრებული რიასებით). რელიეფში ჭარბობს ვრცელი ზეგნები (მესეტა და გალისიის მასივი) და ხაზურად გადაჭიმული მთათა სისტემები: პირენეები, კანტაბრიის მთები, კატალონიის მთები, იბერიის მთები, ანდალუსიის მთები (სიმაღლე 3478 მ, მთა მულასენი სიერა-ნევადის მასივში — ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი). დაბლობები მცირე ფართობებს იკავებს უკიდურეს ნაწილებში დასავლეთით (პორტუგალიის), სამხრეთ-დასავლეთით (ანდალუსიის დაბლობი) და აღმოსავლეთით (ვალენსიის, მურსიის). ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოიყოფა არაგონის დაბლობი.[1]

ტერიტორიის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ახალგაზრდა ბაქანს, რომელსაც ძირითადად ჰერცინული ნაოჭა ფუნდამენტი აქვს; მეზო-კაინოზოური ასაკის დანალექი საფარი განვითარებულია მესეტის აღმოსავლეთ ნაწილში, შედგება ძირითადად კარბონატული ნალექებისგან. ჩრდილო-აღმოსავლეთში ებროს კიდური მოლასური როფი გამოყოფს ბაქანს პირენეს ალპური ნაოჭა-ზეწრული ნაგებობისგან. სამხრეთში მდებარეობს ანდალუსიის მთების, იგივე ბეტისის კორდილიერების ალპური ნაოჭა სისტემა. პირენეს ნახევარკუნძულის ტერიტორია, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონები, ხასიათდება საკმაოდ ინტენსიური სეისმური აქტივობით.[1]

კლიმატი უპირატესად სუბტროპიკული ხმელთაშუაზღვიურია, უფრო მშრალია კონტინენტურ რაიონებში, ყველაზე გვალვიანია სამხრეთ-აღმოსავლეთში. უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში კლიმატი რბილი და ნოტიოა, წლის განმავლობაში იცის ტემპერატურის მცირე რყევები და ნალექების დიდი რაოდენობა (2000 მმ-მდე). მთიან რაიონებში გამოხატულია სიმაღლებრივი კლიმატური ზონალურობა.[1]

ძირითადი მდინარეებია: ტახო, დუერო, გვადიანა, გვადალკვივირი (ატლანტის ოკეანის აუზი), ებრო (ხმელთაშუა ზღვის აუზი).[1]

ბუნებრივი მცენარეულობა ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე წარმოდგენილია დაბალი ხეებითა და ბუჩქებით (მაკვისი, გარიგა, ტომილიარები), აგრეთვე დაბალი ნახევრად ბუჩქებით (მატორალი). ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში გავრცელებულია ნოტიო ფართოფოთლოვანი ტყეები. ტყის დიდი მასივები შემორჩენილია პირენეების, კანტაბრიის მთების საშუალო მთიან ზონაში, ნაკლებად — იბერიის მთებსა და ცენტრალურ კორდილიერაში. ხანგრძლივი და ინტენსიური სამეურნეო საქმიანობის შედეგად პირენეს ნახევარკუნძული გამოირჩევა ანთროპოგენური და კულტურული ლანდშაფტების მრავალფეროვნებით.[1]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.