From Wikipedia, the free encyclopedia
ფართოფოთლოვანი ტყე — ტყე, რომელიც წარმოქმნილია ფართო ფოთლის მქონე ჯიშებით (მუხა, ცაცხვი, წიფელი, იფანი, ნეკერჩხალი, ჭადარი, კაკალი, თელა და სხვ.). გავრცელებული არიან ევროპაში (მ.შ. კავკასიაში), აზიაში (შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ ჩინეთში), ჩრდილოეთ ამერიკაში (ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში). ვაკეებზე წარმოქმნის ზონას, რომელსაც ჩრდილოეთიდან აკრავს წიწვოვანი ტყეები და ველები, სამხრეთიდან — ხმელთაშუაზღვიური ან სუბტროპიკული მცენარეულობა. მთის კალთებზე სიმაღლებრივ სარტყელს ქმნის. ფართოფოთლოვანი ტყე იზრდება ზომიერად ნოტიო კლიმატში, სადაც წლის მანძილზე შედარებით თანაბრადაა გადანაწილებული ნალექების ოდენობა და არ არის ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა; ვერ იტანს კონტინენტურ კლიმატს (ამიტომ, მაგალითად ციმბირში არ იზრდება). ნიადაგები დიდად ნაყოფიერია, მუქი რუხი ან მურა.[1]
მრავალი ფართოფოთლოვანი სახეობა ძლიერი ედიფიკატორია და თავისი ფარდის ქვეშ წარმოქმნის სპეციფიკური ეკოლოგიურ რეჟიმს, რომელიც ქვეტყის მცენარეებისა (თხილი, ჩვეულებრივი და თათრული ნეკერჩხალი, შოთხვი, ჭანჭყატი) და ბალახოვანი საფარისათვის (ნემორალური ბალახები: ცისთვალა, მარიამსხალა, ხარისჩლიქა, ორფერი და სხვ.; ასევე გაზაფხულის ეფემეროიდები: ბუჩქისძირა, ფრინტა, ჩიტისთავა და სხვ.) განსაზღვრავს სეზონური ფაზების ცვლას. უწინ ფართოფოთლოვანი ტყე დომბის საცხოვრისი იყო; დღეს აქ გვხვდება კეთილშობილი ირემი, იზუბრი, უაპიტი, შველი, დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, ყარყუმი, სინდიოფალა, კვერნა. მიწისზედა იარუსზე ცხოვრობენ თაგვისებრი მღრღნელები, ნიადაგში — თხუნელები. მდიდარია ორნითოფაუნა, რომელთა შორის ბევრია მწერიჭამია ფრინველი (მემატლია, შაშვი, წივწივა, ასპუჭაკა და სხვ.). ფართოფოთლოვანი ტყეების სამეურნეო გამოყენების გამო შემცირდა მათი გავრცელება, შეიცვალა სახეობრივი შემადგენლობა და სტრუქტურა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.