From Wikipedia, the free encyclopedia
აღდგომის კუნძული, იგივე რაპანუი (ესპ. Isla de Pascua, ადგილ. Rapa Nui) — ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. 1888 წლიდან ეკუთვნის ჩილეს. ფართობი 165,5 კმ². უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 539 მეტრი. ბევრია ჩამქრალი ვულკანი. ჰავა ნოტიო-ტროპიკული, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 1300 მმ-ია. ბუნებრივი მცენარეულობა — ბუჩქნარი და ბალახი.
აღდგომის კუნძული Rapa Nui Isla de Pascua აღდგომის კუნძული |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ჰანგა-როა 27°09′ ს. გ. 109°25′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური, რაპანუი[1] | |||||
მთავრობა | ჩილეს სპეციალური ტერიტორია[2] | |||||
- | პროვინციული გუბერნატორი | კარმენ კარდინალი | ||||
- | მერი | ლუს ზასო პაოა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 163,6 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2017 აღწერა | 7750 | ||||
- | სიმჭიდროვე | 47,37 კაცი/კმ2 | ||||
ვალუტა | პესო (CLP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-06:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC-05:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | CHL | |||||
Internet TLD | .cl | |||||
სატელეფონო კოდი | +56 32 |
აღდგომის კუნძული ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებითა და იეროგლიფური დამწერლობით. ამ კულტურის ნაშთებს სწავლობდნენ ინგლისური (1914-1915), ფრანგული, ბელგიური (1934-1935) ექსპედიციები. 1955-1956 წლებში გათხრებს აწარმოებდა ნორვეგიულ-ამერიკული ექსპედიცია თურ ჰეიერდალის ხელმძღვანელობით. აღდგომის კუნძულის დასახლების ისტორია სავსებით ნათელი არაა.
აღდგომის კუნძული მსოფლიოში ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად მიიჩნევა.[3]
კუნძულზე შექმნილი რაპა-ნუის ეროვნული პარკი 1983 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სახელი „აღდგომის კუნძული“ კუნძულს ოფიციალურად პირველმა ევროპელმა მნახველმა, ნიდერლანდელმა მკვლევარმა იაკობ როგევენმა უწოდა, რომელიც მას შემთხვევით წააწყდა 1722 წლის აღდგომა დღეს, როდესაც ის დეივისის კუნძულებს ეძებდა. როგევენმა მას პააშ-ეილანდი უწოდა (XVIII საუკუნის ნიდერლანდურ ენაზე „აღდგომის კუნძული“).[4] იგივეს ნიშნავს კუნძულის ოფიციალური ესპანური სახელწოდება ისლა-დე-პასკუა (Isla de Pascua).
ამჟამინდელი პოლინეზიური სახელი რაპანუი კუნძულს 1860-იან წლებში ეწოდა და მომდინარეობს მისი ტოპოგრაფიული მსგავსებიდან ტუბუაის კუნძულთა ჯგუფის ბასის კუნძულებში მდებარე კუნძულ რაპა-იტისთან.[5] მიუხედავად ამისა, თურ ჰეიერდალი ამტკიცებდა, რომ რაპა კუნძულის თავდაპირველი სახელია, ხოლო რაპა-იტის ეს სახელი სწორედ ამ კუნძულიდან გაქცეულებმა უწოდეს.
მრავლადაა ვერსიები კუნძულის „თავდაპირველი“ პოლინეზიური სახელის შესახებ. მათ შორისაა სახელი ტე-პიტი-ო-ტე-ჰენუა, რაც „ხმელეთის ჭიპს“ ან „ხმელეთის დასასრულს“ ნიშნავს. პიტო ნიშნავს როგორც ჭიპს, ისე ჭიპლარს, რაც მიიჩნეოდა არსებული სამყაროსა და სულების სამყარო პოს დამაკავშირებლად, რომელიც გადაჭიმული იყო ოკეანის სიღრმეში, შორეულ აღმოსავლეთით. ვინაიდან აღდგომის კუნძული პოლინეზიის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია, შესაძლოა ეს სახელი ამასაც უკავშირდებოდეს, რადგან ის მდებარეობს დანარჩენი მსოფლიოს „დასასრულს“. როდესაც კუნძულის სახელი ალფონს პინარმა თავის 1877 წელს გამოქვეყნებულ წიგნში მოგზაურობა აღდგომის კუნძულზე (ფრანგ. Voyage à l'Île de Pâques) თარგმნა როგორც „ხმელეთის ჭიპი“, მისი მეორე მნიშვნელობა მთლად დაიკარგა. ზოგიერთი ზეპირი გადმოცემის თანახმად, კუნძულს პირველად ტე-პიტო-ო-ტე-კაინგა-ა-ჰაუ-მაკა ანუ „ჰაუ მაკას მიწის პატარა ნაგლეჯი“ ერქვა.[6] სხვა სახელი მატა-კი-ტე-რანგი კი „ცისკენ მომზირალ თვალებს“ ნიშნავს.
აღდგომის კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული დასახლებული კუნძულია. მისი უახლოესი დასახლებული მეზობელია პიტკერნის კუნძულები, რომლებიც მისგან 2075 კმ დასავლეთით მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი მხოლოდ 100 ადამიანია. აღდგომის კუნძული ჩილეს ქალაქ კალდერას განედზე მდებარეობს და კონტინენტური ჩილეს უახლოეს წერტილიდან დაშორებულია 3510 კმ-ით. მისგან ყველაზე ახლოს, 415 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს კუნძული სალა-ი-გომესი, რომელიც დაუსახლებელია.
კუნძულის მაქსიმალური სიგრძე 24,6 კმ-ია, სიგანე 12,3 კმ. გააჩნია სამკუთხედის ფორმა. საერთო ფართობი 163,6 კმ²-ია, უმაღლესი წერტილი კი ზღვის დონიდან 507 მეტრზე მდებარეობს. კუნძულზე არსებობს სამი რანო (კრატერის მტკნარი ტბები) — რანო-კაუ, რანო-რარაკუ და რანო-აროი, მაგრამ არაა არც ერთი მუდმივი ნაკადული ან მდინარე.
აღდგომის კუნძულის კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ივლისსა და აგვისტოში (18 °C - 64 °F) და ყველაზე მაღალი თებერვალში[7] (მაქსიმალური 28 °C - 82 °F), სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხულში. ზამთარი შედარებით რბილია.[8] ნალექების წლიური ჩამონადენის თვალსაზრისით, ყველაზე წვიმიანი თვეა აპრილი. კუნძულის იზოლირებული მდებარეობა განაპირობებს ქარებს, რომლებიც თავის მხრივ, დაბალ ტემპერატურას განაპირობებენ. ხანდახან, კუნძულს უტევენ კოკისპირული წვიმები და წვიმის შტორმები. ეს ძირითადად ზამთრის თვეებში ხდება (ივნისი-აგვისტო). იმის გამო, რომ იგი მდებარეობს სამხრეთ წყნარი ოკეანის სუბტროპიკული ანტიციკლონის კიდეზე და ეკვატორული კონვერგენციული ზონის მიღმა, კუნძულის გარშემო არ შეიმჩნევა ციკლონები და ტროპიკული ციკლონები.[9]
აღდგომის კუნძული ვულკანური წარმოშობის მაღალი კუნძულია. ძირითადად შედგება სამი ჩამქრალი შეერთებული ვულკანისგან, მათ შორის ძირითადია ტერევაკა (სიმაღლე 507 მ). დანარჩენი ორი ვულკანია პოიკე და რანო-კაუ აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, რომლებიც კუნძულს სამკუთხედის ფორმას აძლევენ. შედარებით პატარა კონუსები და ვულკანური წარმონაქმნები მოიცავს რანო-რარაკუს კრატერს, წიდის კონუს პუნა-პუნას და სხვა მრავალ ვულკანურ მღვიმეს, რომლებიც მოიცავენ ლავის მილებს.[11] წარსულში პოიკე არსებობდა როგორც ცალკე კუნძული, სანამ ტერევაკას ვულკანური მასა მას უფრო დიდ კუნძულთან გააერთიანებდა. კუნძულზე დომინირებს ჰავაიიტეს და ბაზალტური ნაკადები, რომლებიც მდიდარია რკინით და ამჟღავნებენ მსგავსებას გალაპაგოსის კუნძულებზე არსებულ მაგმურ კლდეებთან.[12]
აღდგომის კუნძული გარშემორტყმულია ისეთი პატარა კუნძულებით, როგორებიცაა მოტუ-ნუი და მოტუ-იტი, რომლებიც ოკეანის ფსკერიდან 2000 მ სიმაღლეზე არიან აზიდულები და დიდ ვულკანურ მთის მწვერვალებს წარმოადგენენ. მთა სალა-ი-გომესის მთაგრეხილის (ძირითადად წყალქვეშა) ნაწილია, მთის მასივის, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს წყალქვეშა მთებს. მასივი გადაჭიმულია 2700 კმ-ზე აღმოსავლეთის მიმართულებით, ნასკას მთაგრეხილამდე და მას მიეკუთვნება კუნძულის დასავლეთით მდებარე წყალქვეშა მწვერვალები პუკაო და მოაი.[13] მთაგრეხილი ჩამოყალიბდა ნასკას ფილის აღმოსავლეთ ცხელ წერტილთან მოწყვეტის შედეგად.[13] ნასკას გადაადგილებამ და ფარალონის ფილის ჩამოყალიბებამ გრძელი წყალქვეშა მთაგრეხილი შექმნა. პუკაო, მოაი და აღდგომის კუნძული 750 000 წლის წინ შეიქმნენ და მთაგრეხილის ყველაზე ახალგაზრდა კუნძულებს წარმოადგენენ. ბოლო ამოფრქვევა დაფიქსირებულია 100 000 წლის წინ.
XX საუკუნის პირველ ნახევარში, რანო-კაუს კრატერის კედლებიდან შეიმჩნეოდა ორთქლის გამოდინება, რაც კუნძულის მმართველმა ფოტოკამერაზე დააფიქსირა.[14] გეოლოგების თანახმად, ბოლო ვულკანური აქტივობა აღდგომის კუნძულზე 10 000 წლის წინ შეიმჩნეოდა.
რაპა-ნუის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩილე |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, v |
სია | 274 |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა და კარიბები |
კოორდინატები | 27°07′00″ ს. გ. 109°22′00″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 715 (უცნობია სესია) |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 715 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აღდგომის კუნძულის ისტორია ძალზე მდიდარი, მაგრამ საკამათოა. მისმა მოსახლეობამ გაუძლო შიმშილობებს, ეპიდემიებს, სამოქალაქო ომს, მონათვაჭრობას, კოლონიალიზმს და დეფორესტაციას. მიუხედავად ამისა, ერთ დღესაც, იგი დაკნინდა. კუნძულელებს მათმა კულტურულმა მემკვიდრეობამ სახელი ქვეყნად გაუთქვა, მიუხედავად ამ მემკვიდრეობის რაოდენობისა და ხარისხის არაპროპორციულობისა ამ ხალხის რაოდენობასთან.
კუნძულის თავდაპირველი დასახლებები სავარაუდოდ ახ. წ. 300-1200 წლებით თარიღდება, რაც დაახლოებით ემთხვევა პირველი მოსახლეების გამოჩენას ჰავაიზე. რადიუმ-ნახშირბადის მეთოდით დათარიღებამ შეცვალა პოლინეზიის ადრეული დასახლებების თარიღების მანამდე არსებული თითქმის ყველა პოსტულატი. ამჟამად მიჩნეულია, რომ აღდგომის კუნძული დასახლდა ახ. წ. დაახლოებით 700-1100 წლებში. მიუხედავად ამისა, არქეოლოგების — ტერი ჰანტისა და კარლ ლიპოს მიმდინარე გამოკვლევები გვთავაზობენ ოდნავ გვიან თარიღს: „ანაკენას ადრეული სტრატიგრაფიული შრეების რადიუმ-ნახშირბადის მეთოდით დათარიღებისას მიღებული მონაცემები და უფრო ადრეული რადიუმ-ნახშირბადის თარიღები მიუთითებს, რომ კუნძულის კოლონზაცია მოხდა მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. 1200 წელს. მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ბიძგები და მთავარი კულტურული ღონისძიებები რაც მონუმენტურ არქიტექტურასა და სტატუეტებში აისახა, დაიწყო პირველი დასახლებიდან სულ მოკლე ხანში.“[15][16]
ზეპირი გადმოცემის თანახმად, პირველი დასახლება იყო ანაკენა. როგორც ჯარედ დაიმონდი შენიშნავს, კალეტა-ანაკენას ტერიტორია წარმოადგენდა საუკეთესო თავშესაფარს გაბატონებული მაღლობებისგან, ისევე როგორც მისი ქვიშიანი სანაპიროები კანოეების გადასხმისა და ზღვაში გაშვებისთვის, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ადგილზე მოხდა პირველი დასახლების დაარსება.[17] მიუხედავად ამისა, ეს ჰიპოთეზა წინააღმდერგობაში მოდის რადიოკარბონულ დათარიღებასთან, რომლის მიხედვითაც, ბევრი წლებით ადრე დასახლებები არსებობდა სხვა ადგილებში, განსაკუთრებით ტაჰაიში, რომლის რადიოკარბონული თარიღებიც ანაკენას რამდენიმე საუკუნით უსწრებს.
ყველაზე უფრო შესაძლო ვერსიით, კუნძული პოლინეზიელებით იქნა დასახლებული, რომლებიც კანოეებით ან კატამარნებით მოვიდნენ 3200 კმ-ით დაშორებული მარკიზის კუნძულებიდან ან 2600 კმ-ით დაშორებული გამბიეს კუნძულებიდან (კუნძული მანგარევა). როდესაც კუნძულს ჯეიმზ კუკი ესტუმრა, მისი ეკიპაჟის ერთ-ერთმა პოლინეზიელმა წევრმა კუნძულ ბორა-ბორადან, ადგილობრივებთან კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რადგან მათი ენა მისთვის გასაგები აღმოჩნდა. რაპანუის ენა საოცრად ახლოს იყო მანგარევანულ ენასთან, მისი ლექსიკის 80 % ამ ენის მსგავსია. 1999 წელს, პოლინეზიელთა ნავების რეკონსტრუქციებით განახორციელეს მოგზაურობა, რის შედეგადაც აღდგომის კუნძულამდე 19 დღეში მიაღწიეს.[18]
ზეპირი გადმოცემების თანახმად, რომლებიც 1860-იან წლებში მისიონერებმა ჩაიწერეს, კუნძულს თავდაპირველად ძლიერი კლასობრივი სისტემა ჰქონდა. უმაღლესი მმართველი არიკი ფლობდა უზარმაზარ ძალაუფლებას დანარჩენ ცხრა კლანსა და მათ მმართველებზე. უმაღლესი მმართველი კუნძულის ლეგენდარული დამფუძნებლის — ჰოტუ მატუას პირდაპირი შთამომავალი იყო. კულტურის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი იყო სტატუეტების მასივების — მოაის წარმოება, რომლებიც გაღმერთებულ წინაპრებს წარმოადგენდნენ. სჯეროდათ, რომ ცოცხლებს ჰქონდათ სიმბიოზური ურთიერთობა მკვდრებთან, სადაც მკვდრები უზრუნველყოფდნენ ყველაფერს, რაც კი ცოცხლებს სჭირდებოდათ (ჯანმრთელობა, მიწისა და ცხოველთა ნაყოფიერება, იღბალი და ა. შ.). ამიტომ, ცოცხლები ქვაში უკვდავყოფდნენ გარდაცვლილებს, რაც სულთა სამყაროში მათ უკეთეს ადგილას დამკვიდრებას უზრუნველყოფდა. ვინაიდან დასახლებები სანაპიროზე იყო განლაგებული, მოაის ქანდაკებები სანაპირო ხაზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული ისე, რომ დასახლებასა და თავიანთ შთამომავლობას გაჰყურებდნენ, ზურგი კი ზღვისკენ, სულთა სამყაროსკენ ჰქონდათ მიქცეული.
ჯარედ დაიმონდის მოსაზრებით, მოაის მშენებლობების შემდეგ აღდგომის კუნძულზე ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს, რაც გამოწვეული იყო ბუნებრივი გარემოს დეგრადაციითა და უკიდურესი დეფორესტაციით, რამაც არსებული ეკოსისტემის სრული დესტაბილიზაცია მოახდინა.[19] ბარბარა ვესტი წერს: „აღდგომის კუნძულზე ევროპელთა მოსვლამდე გარკვეული ხნით ადრე, რაპანუიმ განიცადა სოციალური სისტემის საშინელი ძვრა, რაც გამოწვეული იყო კუნძულის ეკოლოგიის შეცვლით... 1722 წელს ევროპელთა მოსვლისას, კუნძულის მოსახლეობა შემცირებული იყო 2000-3000-მდე, მაშინ როცა წინა საუკუნეში მოსახლეობის რიცხვი 15 000-ს აღწევდა.“[20]
როგორც კი კუნძული ჭარბად დასახლებული აღმოჩნდა და რესურსები შემცირდა, მეომრებმა, რომლებიც მატატოას სახელით არაინ ცნობილნი, ხელში ჩაიგდეს კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება და ამ დროს დასრულდა წინაპართა კულტი, რომელიც ადამიანი-ფრინველის კულტმა ჩაანაცვლა. ბევრელი ჰუანი წერს: „მანას (ძალაუფლების) ცნება, რომელიც დამყარებული იყო მემკვიდრეობით ლიდერებზე, გადავიდა ადამიანი-ფრინველის პერსონის ხელში, რაც დაახლოებით 1540 წელს მოხდა და გრძელდებოდა მოაის პერიოდის ფინალურ ეტაპამდე.“[21] როგორც ეს კულტი აწესებდა, მიცვალებულ წინაპრებთან კავშირის დასამყარებლად საჭირო არ იყო გრძელი სტატუეტები. ამის შემდეგ, ადამიანებმა შეჯიბრი დაიწყეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღმერთმა მაკემაკემ, რომელსაც ადამიანთა შექმნა მიეწერებოდა. კეტრინ რუტლედჯი, რომელიც 1919 წლის თავისი ექსპედიციის[22] განმავლობაში სისტემატიურად აგროვებდა კუნძულის ტრადიციებს, აღნიშნავს, რომ ადამიანი-ფრინველისადმი (რაპანუის ენაზე tangata manu) მიძღვნილი შეჯიბრებები დაიწყო დაახლოებით 1760 წლისთვის, ევროპელთა გამოჩენის შემდეგ და შეწყდა 1878 წელს, როდესაც კათოლიკე მისიონერებმა, რომლებიც კუნძულზე 1864 წელს გამოჩნდნენ, პირველი ეკლესია ააშენეს. პეტროგლიფები, რომლებიც აღდგომის კუნძულზე ადამიან-ფრინველს განასახიერებენ, აბსოლუტურად მსგავსია ჰავაიზე არსებული ზოგიერთი პეტროგლიფისა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი ცნება კუნძულის თავდაპირველმა მოსახლეებმა მოიტანეს.
ჰანტისა და ლიპოს დოკუმენტაცია, რომელიც გამოცემა Science-ში დაიბეჭდა,[15] გვთავაზობს, რომ დაიმონდის თეზისს არ ადასტურებს არქეოლოგიური მტკიცებულებები. ჰანტმა და ლიპომ კუნძულზე ვერ აღმოაჩინეს 1200 წლამდელი დეფორესტაციის ან ადამიანთა ცხოვრების ვერანაირი კვალი. სანაცვლოდ, ისინი გვთავაზობენ მოსაზრებას, რომ კუნძულის საზოგადოების კოლაფსის მთავარი მიზეზი გახდა პოლინეზიური ვირთხა, რომელიც ადრეულ მოსახლეებს ნავებს მოჰყვა. მათი ჰიპოთეზით, ვირთხები იმდენად გამრავლდნენ, რომ 20 მილიონ ერთეულს მიაღწიეს, შემდეგ მათ სწრაფად, მთლიანად გაანადგურეს ადგილობრივი პალმის თესლი, რამაც კუნძულის საკვებით მომარაგების კოლაფსი გამოიწვია.
თავიანთ 1722 - 1770 წლების ანგარიშებში, ევროპელები ახსენებენ ფეხზე მდგომ ქანდაკებებს, მაგრამ კუკის 1774 წლის ექსპედიცია შენიშნავს, რომ მოაის გარკვეული ნაწილი დაწვენილი იყო სახით დაბლა, რისი მიზეზიც ომი იყო.
კუნძულის ისტორიის შესახებ დაიმონდისა და ჰეიერდალის ვერსიების თანახმად, ჰური მოაი — ანუ ქანდაკებების წაქცევა მიმდინარეობდა 1830-იან წლებში, რაც მძვინვარე შიდა ომით იყო გამოწვეული. 1838 წლისთვის შემორჩენილი იყო ერთადერთი ფეხზე მდგარი მოაი, რომელიც რანო-რარაკუს ფერდობებზე მდებარეობდა. არსებობს კუნძულის ევროპელებამდელი საზოგადოებრივი კოლაფსის მცირე არქეოლოგიური მტკიცებულება. ამ პერიოდის კუნძულელების ძვლების პათოლოგიისა და ოსტეომეტრული მონაცემები ნათლად აჩვენებენ, რომ ეს უბედურებები შესაძლებელია პირდაპირ დაკავშირებული ყოფილიყო ძალადობასთან.
კუნძულის მოსახლეობის პირველი დაფიქსირებული კონტაქტი ევროპელებთან 1722 წლის 5 აპრილს (აღდგომა დღეს) შედგა, როდესაც კუნძულს ნიდერლანდელი მოგზაური იაკობ როგევენი ესტუმრა. ამ დროისათვის მოსახლეობა დაახლოებით 2000-3000 ადამიანს შეადგენდა. ეს რიცხვი შესაძლოა მეტიც იყო, რადგან სრულიად შესაძლებელია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი როგევენის ჯგუფის გამოჩენისას ამტყდარი გაუგებრობით შეშინებული დამალულიყო. შემდეგი უცხოელი მნახველები 1770 წლის 15 ნოემბერს კუნძულს ორი ესპანური გემით — სან-ლორენცოთი და სანტა-როსალიათი მიადგნენ. ესპანელებმა კუნძული აღწერეს როგორც მასიურად დაუმუშავებელი, რომლის სანაპირო ზოლშიც ქვის ქანდაკებები იყო ჩამწკრივებული.
ოთხი წლის შემდეგ, 1774 წელს, კუნძულს ამჯერად ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმზ კუკი ეწვია, რომელიც იუწყებოდა, რომ ზოგიერთი ქანდაკება განადგურებული იყო. 1825 წელს კუნძულს მოადგა ბრიტანული ხომალდი HMS Blossom, რომლის წევრების აღწერითაც, მათ კუნძულზე ფეხზე მდგომი ქანდაკებები ვერ ნახეს. აღდგომის კუნძული XIX საუკუნის განმავლობაში კვლავ მრავალჯერ იქნა მონახულებული, მაგრამ ამ დროისათვის კუნძულელები ფრიად არამეგობრულობას იჩენდნენ მოსულთა მომართ, რის გამოც 1860-იან წლებამდე კუნძულის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ცნობილი.
1860-იან წლებში მიმდინარე გამანადგურებელი მოვლენების სერიამ კუნძულის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაანადგურა ან კუნძული დაატოვებინა. 1862 წელს მოხდა პერუელი მონათვაჭრების თავდასხმა. ძალადობრივი დაჭერები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც დაჭერილ იქნა მოსახლეობის ნახევარი — 1500 ქალი თუ კაცი.[23] დატყვევებულთა შორის იყო კუნძულის უმაღლესი მმართველი, მისი მეუღლე და ის ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რონგორონგოს დამწერლობაზე წერა და კითხვა. როდესაც მონათვაჭრებმა მათ მიერ გატაცებული ხალხის უკან დაბრუნება განიზრახეს, კუნძულზე მათ ყვავილის ეპიდემია ჩაიტანეს, რაც დარჩენილ მცირე მოსახლეობასაც მოედო. გამანადგურებელი ეპიდემია აღდგომის კუნძულიდან მარკიზის კუნძულებზეც გავრცელდა. აღდგომის კუნძულის მოსახლეობა იმ დონემდე შემცირდა, რომ ხშირად გარდაცვლილთა დამმარხავიც აღარავინ იყო. XIX საუკუნის შუა წლებში ვეშაპისმჭერმა გემებმა კუნძულზე ტუბერკულოზი შეიტანეს, რამაც ასევე მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის იყო კუნძულის პირველი ქრისტიანი მისიონერი ეჟენ ეირო, რომელიც დაავადებით 1867 წელს გარდაიცვალა. მას მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი მიჰყვა. მომდევნო წლებში, მეცხვარეობის ფერმების მმართველებმა და მისიონერებმა გარდაცვლილების მიწის ნაკვეთების შესყიდვა დაიწყეს, რამაც ახალმოსახლეებსა და ადგილობრივებს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია.
ჟან-ბაპტისტ დიუტრუ-ბორნიემ მისიონერთაგან შეიძინა ჰანგა-როას გარშემო არსებული მათი კუთვნილი ტერიტორიები და შემდეგ ასი წყვილი ადგილობრივი კუნძულ ტაიტიზე, თავის მფარველებთან წაიყვანა სამუშაოდ. 1871 წელს დიუტრუ-ბორნიეს მისიონერებმაც მიბაძეს და 171 ადგილობრივი გამბიეს კუნძულებზე წაიყვანეს.[24] დარჩენილებს შორის მხოლოდ ძირითადად მოხუცი კაცებიღა იყვნენ. ექვსი წლის შემდეგ, აღდგომის კუნძულზე მხოლოდ 111 ადამიანიღა ცხოვრობდა, რომელთაგან 36-ს შეეძლო შთამომავლობის გაგრძელება.[25] მომდევნო დეკადაზე ნაკლებ პერიოდში, მოსახლეობის 97 % დაიღუპა ან წავიდა, შესაბამისად, კუნძულის კულტურული ცოდნის უდიდესი ნაწილიც მათთან ერთად დაიკარგა.
ალექსანდრე სალმონი, ინგლისელი ებრაელი ვაჭრისა და ტაიტის პომარეს დინასტიის პრინცესას ვაჟი, გამუდმებით ცდილობდა მემკვიდრეობით მიღებული კოპრის პლანტაციებიდან საბოლოოდ დაებრუნებინა მუშები სამშობლოში. მან გამოისყიდა კუნძულის მიწების უდიდესი ნაწილი და ერთადერთი სამუშაოდ დამქირავებელი გახდა. ის ბევრს მუშაობდა აღდგომის კუნძულზე ტურიზმის განვითარებისთვის, ამავე დროს ის მთავარი ინფორმატორი იყო კუნძულზე მომუშავე ბრიტანული და გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის. 1888 წლის 2 იანვარს, სალმონმა კუნძულის მიწების კუთვნილი ნაწილი ჩილეს მთავრობას მიჰყიდა და დოკუმენტს თვითონ ხელი მოაწერა როგორც მოწმემ, კუნძულზე უფლებების გადაცემისას. იმავე წლის დეკემბერში, იგი ტაიტიზე დაბრუნდა. აღდგომის კუნძულს რეალურად ის 1878 წლიდან 1888 წლამდე მართავდა, სანამ მასზე უფლებებს ჩილეს გადასცემდა.
კუნძულის სრული ანექსია ჩილემ 1888 წლის 9 სექტემბერს მოახდინა, საზღვაო ოფიცერ ოფიცერ პოლიკარპო ტოროს ხელმძღვანელობითა და „კუნძულის შემოერთების ხელშეკრულებით (ესპ. Tratado de Anexión de la isla). წარმოადგენდა რა ჩილეს მთავრობას ატამუ ტეკენასთან ხელის მოწერისას, უმაღლესი მმართველისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ტორო ჩილეს მთავრობის მიერ „მეფედ“ იწოდა. ამ ხელშეკრულების კანონიერებას ზოგიერთი ადგილობრივი დღემდე ეჭვქვეშ აყენებს. ოფიციალურად, ჩილემ იყიდა მხოლოდ მეზონ-ბრანდერის ცხვრების რანჩო მიმდებარე ტერიტორიებით, რომლებიც თავის მხრივ შეძენილი იყო კუნძულის ეპიდემიით გარდაცვლილი მოსახლეების შთამომავლებისგან, ხოლო შემდეგ სუვერენიტეტი მთელს კუნძულზე გაავრცელა.
1960-იან წლებამდე, რაპანუის გადარჩენილი წარმომადგენლები მხოლოდ ჰანგა-როაში ცხოვრობდნენ. კუნძულის დარჩენილი ნაწილი 1953 წლამდე იჯარით იყო გადაცემული უილიამსონ-ბალფურის კომპანიაზე, როგორც ცხვრების ფერმა.[26] 1966 წლამდე კუნძულს მართავდა ჩილეს საზღვაო-სამხედრო ძალები, ამ წლიდან კი იგი მთლიანად ღია გახდა და საკუთრებაში ჩილეს მოქალაქეებს გადაეცათ.[27]
2007 წლის 30 ივლისს, კონსტიტუციური რეფორმის შედეგად აღდგომის კუნძულსა და ხუან-ფერნანდესის კუნძულებს (აგრეთვე ცნობილი როგორც რობინზონ კრუზოს კუნძული) ჩილეს „სპეციალური ტერიტორიების“ სტატუსი მიენიჭათ. სპეციალური კანონის მიღების მოლოდინში, კუნძული კვლავ იმართება როგორც ვალპარაისოს რეგიონის ერთ-ერთი პროვინცია.[28]
2010 წლის 11 ივლისს, ადგილობრივი დროით 18:15:15-ზე კუნძულზე 1300 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა მზის სრული დაბნელება.[29]
BBC-ს თანახმად, 2010 წლის 3 დეკემბერს 25 ადამიანი დაშავდა ჩილეს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებისას, როდესაც ისინი ადგილობრივთა გარკვეული ჯგუფის იმ შენობებიდან გასახლებას ცდილობდნენ, რომლებიც მათ სამი თვის განმავლობაში ეკავათ და აცხადებდნენ, რომ ისინი იმ მიწაზე იყო აშენებული, რომელიც მათ წინაპრებს არაკანონიერად წაგლიჯეს.[30]
აღდგომის კუნძული, მის უახლოეს მეზობელ, 415 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე მომცრო კუნძულ სალა-ი-გომესთან ერთად, ეკოლოგების მიერ განსხვავებულ, რაპანუის სუბტროპიკული ფართოფოთლოვანი ტყეების ეკორეგიონად მიიჩნევა. თავდაპირველი, სუბტროპიკული ნოტიო ფართოფოთლოვანი ტყეები დღეისათვის აღარ გვხვდება, თუმცა ლავის ნაკადებში აღმოჩენილი ნამარხები, ყვავილის მტვრისა და ხის პალეობოტანიკური კვლევები მიუთითებენ, რომ კუნძული წარსულში ტყიანი ყოფილა, ხეების მასივით, ბუჩქებითა და ბალახეულობით დაფარული. როგორც ნამარხები მეტყველებს, ერთ-ერთი დომინანტი ხის ჯიშები ყოფილა ამჟამად გადაშენებული პალმა Paschalococos disperta, და ჩილეური ღვინის პალმა (Jubaea chilensis). ამ ხეებს საშუალო სიმაღლის მისაღწევად დაახლოებით 100 წელი სჭირდებოდათ. პოლინეზიურმა ვირთხამ, რომელიც თავდაპირველ მოსახლეებს მოყვათ თან, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რაპანუის პალმის გაქრობაში. ვირთხის კბილები, რომლებიც მღვიმეებსა და სხვადასხვა ადგილებშია აღმოჩენილი, მიუთითებს, რომ პოლინეზიური ვირთხა სერიოზულად უშლიდა ხელს პალმების გამრავლებას. ამ ფაქტმა და ასევე მოსახლეობის მხირდან პალმების გაჩეხვამ, დაახლოებით 350 წლის წინ კუნძულზე ამ მცენარის გადაშენება გამოიწვია.[31] პრეისტორიული ხანიდან, კუნძულზე იზრდებოდა ტორომიროს ხე (Sophora toromiro), მაგრამ ამჟამად ის ველურად მზარდი აღარ გვხვდება. მიუხედავად ამისა, კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები და გოტენბურგის ბოტანიკური ბაღი აღდგომის კუნძულზე ამ მცენარის კვლავ გაშენების მიზნით სამეცნიერო პროგრამას ახორციელებენ. პალმისა და ტორომიროს ფაქტობრივად გაქრობის შემდეგ, კუნძულზე მნიშვნელოვნად ნაკლები ნალექია, რაც ნაკლები კონდენსაციითაა გამოწვეული. მას შემდეგ, რაც თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში კუნძული გამოიყენებოდა ათასობით ცხვრის საძოვრად, 1900-იანი წლების შუაში, კუნძული ბალახითა და ტოტორათი (Schoenoplectus californicus tatora) ძირითადად რანო-რარაკუსა და რანო-კაუს კრატერული ტბების სიახლოვესღა იყო დაფარული. ის ფაქტი, რომ კუნძულზე ეს ლერწმები იზრდება, რომლებსაც ანდებში ტოტორას ეძახიან, მოყავდათ იმის მთავარ არგუმენტად, რომ ქანდაკებების მშენებლები სამხრეთამერიკული წარმოშობის იყვნენ, მაგრამ როგორც ტბის სედიმენტებისა და ყვავილის მტვრის ანალიზებმა აჩვენა, ეს ლერწმები კუნძულზე უკვე 30 000 წელია რაც იზრდება. ადამიანთა მოსვლამდე, აღდგომის კუნძულზე თავს იყრიდა ზღვის ფრინველთა დიდი კოლონიები, რომელთა შორის 30 ადგილობრივი სახეობის იყო. ნამარხი მტკიცებულებები მიუთითებს ხუთი სახეობის ხმელეთის ფრინველზე (ორი ლაინასებრნთა, ორი თუთიყუშის და ერთი ყანჩა), რომელთაგან დღიესათვის აქ ყველა ამომწყდარია.[32]
იმუნოსუპრეზანტული ნარკოტიკი სიროლიმუსი პირველად სწორედ აღდგომის კუნძულის ნიადაგის სინჯებში, სტრეპტომიცეტის (Streptomyces hygroscopicus) ბაქტერიებში აღმოაჩინეს. ამის გამო, ეს ნარკოტიკი ასევე ცნობილია როგორც რაპამიცინი.[33] ამჟამად მას სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით თაგვებზე სცდიან.[34]
კუნძულზე ხეები საკმაოდ მეჩხრადაა, იშვიათია ბუნებრივი ჭალები. ყოველივე ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადგილობრივებმა ქანდაკებების მშენებლობის პროცესში კუნძული დაუნდობლად გაჩეხეს. ექსპერიმენტულმა არქეოლოგიამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ქანდაკებას შესაძლოა ათავსებდნენ Y-ის ფორმის ხის ჩარჩოზე, რომელსაც მირო მანგა ერუას უწოდებდნენ და შემდეგ მისი დახმარებით დგამდნენ საბოლოო დანიშნულების საცერემონიო ადგილებზე.[35] სხვა თეორიის მიხედვით კი იყენებდნენ ხის ორ პარალელურ რელსს, რომლითაც ქანდაკებებს გადააადგილებდნენ.[36] რაპანუის ტრადიციები მეტაფორიულად ხსნის სულიერ ძალაუფლებას (მანა) როგორც საშუალებას, რომლითაც მოაი „გადაადგილდებოდა“ სამტეხლოდან.
სამხრეთულ განედში მდებარეობის გამო, მცირე გამყინვარების პერიოდის (დაახლოებით 1650-1850 წ.წ.) კლიმატურმა ეფექტებმა დეფორესტაციის პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის კვალი კუნძულზე დიდად არ იგრძნობა.[35] ბევრი მკვლვარი[37] მცირე გამყინვარებით გამოწვეულ ტემპერატურის ვარდნას რესურსების გამოლევისა და პალმის ხეების გაქრობის პროცესში დამხმარე ფაქტორად მიიჩნევს. თუმცა ამ მოსაზრებას ექსპერტები არ ეთანხმებიან, როცა საქმე პალმების გაქრობას ეხება.
ჯარედ დაიმონდი თავის წიგნში კოლაფსი, რომელშიც აფასებს ძველი აღდგომის კუნძულის წარსულ კოლაფსს, კუნძულზე მომხდარ დეფორესტაციის უმთავრეს მიზეზად კლიმატურ ცვლილებას მიიჩნევს. აღდგომის კუნძულის ისტორიის ჰეიერდალისეული რომანტიკული ინტერპრეტაციით შთაგონებული დაიმონდი (როგორც ის კოლაფსის მე-2 თავში აღიარებს) დაჟინებით საუბრობს, რომ ხეების გაქრობა შეესატყვისება მისი ცივილიზაციის დაკნინებას XVII-XVIII საუკუნეებში. ის შენიშნავს, რომ ამ პერიოდში მათ შეწყვიტეს ქანდაკებების მშენებლობა და დაიწყეს აჰუების (პლატფორმა, რომელზეც იდგა ქანდაკებები) დანგრევა. მაგრამ ეს მოსაზრება სუსტია, რადგან ამ პერიოდში აღმავლობას განიცდიდა ადამიანი-ფრინველის კულტი, ასევე დიდი ზემოქმედება მოახდინა მკვლევრების, ვეშაპსაჭერი გემებისა სანდლის ხეებითა და მონებით მოვაჭრეთა გამოჩენამ.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების შემცველობა აჩვენებს თევზისა და ფრინველთა ძვლების უცაბედ კლებას, რადგან კუნძულელებმა დაკარგეს სათევზაო ხომალდების მშენებლობის საშუალება, ხოლო ფრინველებმა დასაბუდებელი ადგილები. ზოგიერთ ადგილებში შეიმჩნევა ნიადაგის ეროზიის კვალი, რაც ხეების ნაკლებობითაა გამოწვეული. დანალექთა ნიმუშები ადასტურებს, რომ ადგილობრივ მცენარეთა სახეობების ნახევარზე მეტი გაქრა და კუნძულის მცენარეული საფარი რადიკალურად შეიცვალა. პოლინეზიელები უპირველესად ფერმერები იყვნენ და არა მეთევზეები, მათი საკვები შედგებოდა ისეთი კულტურული მცენარეების პროდუქტებისაგან, როგორებიცაა ტაროს ფესვები, ტკბილი კარტოფილი, მანიოკი, იამსი და ბანანი. პროტეინის ძირითადი წყარო იყო ქათამი და არა თევზი. პოლინეზიის ყველა კუნძულზე და მათ შორის აღდგომის კუნძულზეც ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს, განურჩევლად უხვმოსავლიანობისა თუ შიმშილობის პერიოდისა.
ანთროპოლოგი ბონი პეისერი შენიშნავს კუნძულზე რესურსების საკმარისობას იმ დროისათვის, როდესაც აქ ევროპელები პირველად მოვიდნენ. კუნძულზე ჯერ კიდევ იყო პატარა ხეები, ძირითადად ტორმირო, რომელიც XX საუკუნეში გაქრა სავარაუდოდ ნელი ზრდისა და კუნძულის ეკოსისტემის ცვლილებების გამო. იაკობ როგევენის კაპიტანი კორნელიუს ბუმენი თავის უბის წიგნაკში აღნიშნავს: „ჩვენ ვნახეთ იამსი, ბანანები და ცოტა ქოქოსის პალმები და არანაირი სხვა ხე ან კულტურა“. როგევენის ოფიცერ კარლ ფრიდრიხ ბეჰრენსის კი აღნიშნავს: „ადგილობრივები გვთავაზობდნენ პალმის ტოტებს მშვიდობის ნიშნად“. ეთნოგრაფ ალფრედ მეტროს თანახმად, საცხოვრებელი სახლების ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპს უწოდებდნენ „ჰარე პაენგას“ (დღეისათვის ცნობილი როგორც „ნავი სახლი), რადგან მისი სახურავი გადაბრუნებულ ნავს წააგავდა. სახლების საძირკვლად გამოყენებული იყო ბაზალტის ფილები, რომელსაც ხის კოჭებისთვის დარჩენილი ჰქონდა ხვრელები, რომლებიც მთავარი საყრდენის ფუქნციას ასრულებდნენ. ამ ყველაფერს შემდეგ ხურავდნენ ტოტორას ჩალის ფენით, რასაც შემდეგ დაწნული შაქრის ლერწმის ფოთლების ფენა მოსდევდა, სულ ბოლოს კი დაწნული ბალახის ფენა. იმ დროის ევროპელი მნახველები იუწყებიან, რომ მათ იხილეს „პალმის ხეების დიდი კუნძები“. პეისერის მტკიცებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროისათვის დიდი ხეები კიდევ არსებობდა რაც წინააღმდეგობაში მოდის ბოუმანის ზემოთქმულ ციტატასთან. პლანტაციები უფრო ხშირად კუნძულის შიდა ნაწილებში მდებარეობდა, მაღლობებს მიღმა, თავღია ლავის მილებსა და სხვა — მარილიანი ძლიერი ქარებისა და სანაპიროდან მომდინარე მლაშე შხეფებისგან დაცულ ადგილებში. შესაძლებელია, რომ ბევრი ევროპელი კუნძულის შიდა ნაწილებში შესვლას ვერ რისკავდა. ევროპელთათვის XIX საუკუნემდე გამოუკვლეველი რჩებოდა ქანდაკებების სამტეხლო, რომელიც სანაპიროდან ერთი კილომეტრის დაშორებით, შთამბეჭდავ, 100 მ სიმაღლის კლდეზე მდებარეობდა.
ბოლო საუკუნეებში აღდგომის კუნძულზე ადგილი ჰქონდა ნიადაგის მასშტაბურ ეროზიას, რაც სავარაუდოდ მიწათმოქმედებითა და მასიური დეფორესტაციითაა გამოწვეული. როგორც ჩანს, ეს პროცესი თანდათანობითია და შესაძლოა ის კიდევ უფრო გააუარესა XX საუკუნეში ცხვრების მოშენებამ. როგორც იაკობ როგევენი იუწყებოდა, აღდგომის კუნძული განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო: „ცხოველთა სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ისინი ზრდიან არის ქათამი. მათ მოყავთ ბანანი, შაქრის ლერწამი და ყველაზე მეტად ტკბილი კარტოფილი.“ 1786 წელს კუნძულს ესტუმრა ფრანგი საზღვაო ოფიცერი და მკვლევარი ჟან-ფრანსუა დე ლაპერუზი. როგორც მისი მებაღე აღნიშნავს, წელიწადში სამი დღე მუშაობა საკმარისი იყო მოსახლეობის რჩენისთვის.
ლაპერუზის ექსპედიციის მაიორი როლენი წერს: „შიმშილისგან დაუძლურებული ადამიანების ნაცვლად, ჩემს თვალწინ სრულიად საპირისპირო სურათი გადაიშალა — მნიშვნელოვანი რაოდენობის მოსახლეობა, რომელიც გამოირჩეოდა უფრო მეტი სილამაზითა და მიმზიდველობით, ვიდრე სხვა ნებიემიერ კუნძულზე. ნიადაგი, სულ მცირე მუშაობის შედეგადაც კი უზრუნველყოფდა მოსახლეობის გამოკვებას, დოვლათი იმაზე მეტი მოდიოდა, ვიდრე ის მაცხოვრებლებს სჭირდებოდათ.“[38]
დაიმონდის მიხედვით, კუნძულის თანამედროვე მოსახლეთა ზეპირ ტრადიციებში კანიბალიზმის ნიშნები ჩანს, რასაც ის კოლაფსის დამაჩქარებელ მტკიცებულებად მიიჩნევს. მაგალითისათვის, იგი აღნიშნავს როგორ უთხრა ერთმა სასტიკად შეურაცხყოფილმა მაცხოვრებელმა თავის მტერს: „დედაშენის ხორცი ჩემს კბილებს შორის გაიჭედება“. დაიმონდის მტკიცებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საკვების მარაგი საბოლოოდ გაქრა.[39] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლინეზიურ კულტურებში კანიბალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული.[40] ადამიანთა ძვლები აღმოჩენილია რელიგიური პლატფორმების უკან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღდგომის კუნძულზე კანიბალიზმი რიტუალური ადათის ხასიათს ატარებდა. თანამედროვე ეთნოგრაფიული კვლევები რომელიმე პერიოდში ფართო კანიბალიზმის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. კუნძულის პირველი მეცნიერული გამოკვლევა (1914) აჩვენებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასტიკად უარყოფდა მათი ან მათი წინაპრების კანიბალიზმის მიმდევრობას.[22]
2002 წლის აღწერის მიხედვით, კუნძულის მოსახლეობა 3791 ადამიანს შეადგენდა, მათგან ადგილობრივი იყო 60 %; ჩილეური, ევროპული ან კასტისური (ევროპელისა და მეტისის ნარევი) წარმოშობის 39 %; ხოლო დარჩენილი 1 % ამერიკის ადგილობრივები კონტინენტური ჩილედან.[41] ასევე აღინიშნება რაპანუის ხალხის მიგრაცია კუნძულის ფარგლებს გარეთ. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 23 ადამიანს კმ²-ზე. 2017 წლის აღწერის მონაცემებით კი კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 7750 ადამიანს[42], მათგან ადგილობრივები შეადგენენ მთლიანი მოსახლეობის 40 %-ს, ხოლო ლათინოამერიკელები 60 %-ს. დღეისათვის, ადგილობრივები ცდილობენ შეზღუდონ იმიგრაცია კონტინენტური ჩილედან, რასაც ჩილეს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება ითხოვს.
ეთნიკური შემადგენლობა, % | 1992 წ., აღწერა | 2002 წ., აღწერა | 2012 წ., აღწერა | 2017 წ., აღწერა |
ადგილობრივები | 70,0 | 60,7 | 48,3 | 40,0 |
ლათინოამერიკელები | 30,0 | 39,3 | 51,7 | 60,0 |
ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის დროს ადგილობრივების რიცხვში შეყვანილია რაპანუი-კონტინენტური ჩილეს შერეული მოსახლეობა, ამიტომ სუფთა რაპანუიელების ხვედრითი წილი ნაკლებია.
1982 წელს კუნძულის მოსახლეობა 1936 ადამიანს შეადგენდა. შემდგომ აღწერაზე მოსახლეობის ზრდა ძირითადად განპირობებულია კონტინენტური ჩილედან ევროპული და კასტისური წარმოშობის ხალხის ჩამოსახლებით. აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესმა ნაწილმა ადგილობრივზე იქორწინა. ამ დროისათვის, მოსახლეობის დაახლოებით 70 % ადგილობრივი იყო. ევროპელთა მოსვლამდე, კუნძულის მოსახლეობა სავარაუდოდ 7-17 000 ადამიანს შეადგენდა. კუნძულის ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1877 წელს დაფიქსირდა — 111 ადამიანი, რომელთაგან შთამომავლები მხოლოდ 36-ს ჰყავდა. დღეისათვის, რაპანუის ყოველი ადგილობრივი თავს სწორედ იმ 36 ადამიანის შთამომავლად მიიჩნევს.
კუნძულის ოფიციალური ენაა ესპანური, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახლეობა ძირითადად იყენებს რაპანუის — აღმოსავლეთ პოლინეზიური ენის ერთ-ერთ დიალექტს.
ხუან-ფერნანდესის კუნძულებთან ერთად, აღდგომის კუნძულს გააჩნია სუი გენერისი (ლათ. sui generis) საკონსტიტუციო სტატუსი — „ჩილეს სპეციალური ტეროტორია“, რაც მათ 2007 წელს ებოძათ. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო ცვლილების ამ საკითხისადმი მიძღვნილი თავი დღემდე განსჯის საგანია, რის გამოც კუნძული კვლავ რჩება როგორც ვალპარაისოს რეგიონის ერთ-ერთი პროვინცია; გააჩნია მხოლოდ ერთი კომუნა. ამ მხრივ ის ერთადერთი პროვინციაა ჩილეში, რადგან ყველა დანარჩენი როგორც წესი ერთზე მეტ კომუნას მოიცავს. პროვინციასაც და კომუნასაც ჩილეში Isla de Pascua-ს უწოდებენ და ის მოიცავს როგორც მთლიან კუნძულს, ისე მიმდებარე პატარა კუნძულებსა და კლდეებს, ასევე 380 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ სალა-ი-გომესს.[46]
ჩილეს საარჩევნო დაყოფის მიხედვით, აღდგომის კუნძული წარმოადგენს მე-13 საარჩევნო რაიონსა და მე-6 საარჩევნო ოლქს. ხუან ფერნანდესის კომუნასთან ერთად, მოსახლეობას ჰყავს ორი წარმოამდგენელი დეპუტატთა პალატაში, ასევე ორი წარმომადგენელი სენატორი ჩილეს სენატში.
აღდგომის კუნძულის კათოლიკური სამწყსო ამჟამად ჩილეს ვალპარაისოს ეპარქიას მიეკუთვნება, მაგრამ 1911 წლამდე ის კუნძულ ტაიტის ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო. 1934 წლის 24 ოქტომბრიდან შევიდა ჩილეს არაუკანიის ეპარქიის შემადგენლობაში, 2002 წლიდან კი ვალპარაისოს ეპარქიაში გადაინაცვლა.
1970-იანი წლებში ნასამ კუნძულზე მდებარე მატავერის აეროდრომი გააფართოვა და შექმნა კოსმოსური შატლისთვის აუცილებელი ასაფრენი ბილიკი, რის შედეგადაც, ამჟამად კუნძულზე დიდ თვითმფრინავებსაც კი შეუძლიათ დაჯდომა. ამის შემდეგ, საკმაოდ სწრაფი ზრდა იწყო ტურიზმმა, რაც დღემდე რჩება კუნძულის შემოსავლების ძირითად წყაროდ. სხვა დასასვენებელი კუნძულებისგან განსხვავებით, აღდგომის კუნძულზე ტურისტების რაოდენობა საკმაოდ ლიმიტირებულია. ბოლო პერიოდში, შეიქმნა წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა. ჰანგა-როასა და მატავერის აეროდრომის სიახლოვეს მდებარე გზები მოასფალტებულია. ასევე მოასფალტებულია ჰანგა-როადან ანაკენას პლაჟისკენ მიმავალი და სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთით, პოიკეს ნახევარკუნძულამდე მიმავალი გზები.
ჰანგა-როას სკოლაში განათლების მიღება შესაძლებელია პრუებლას დონემდე, რაც ფრანგული ბაკალავრიატის ექვივალენტურია. პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების ერთადერთი გზაა სასწავლებლად კონტინენტზე წასვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ იუნესკო მხარს უჭერს ორენოვან სწავლებას, როგორც ესპანურად, ისე რაპანუიზე. სამედიცინო სერვისი იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩილეს სხვა მოშორებულ ტერიტორიებში. პატარა საავადმყოფოს ჰყავს ექიმი, სტომატოლოგი და მედდა. ასევე მოქმედებს სასწრაფო დახმარების სერვისი.
1970-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სხვა ინფრასტრუქტურაც, ისეთები, როგორებიცაა ეკლესია, ფოსტა, საბანკო მომსახურება, აფთიაქები, პატარა მაღაზიები, სუპერმარკეტი, სასაუზმე ბარები და რესტორნები, რაც ძირითადად ტურისტთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მოხდა. ასევე შესაძლებელია სხვა მომსახურებები, მაგალითად თანამგზავრული ტელეფონი და ინტერნეტი. ახალგაზრდებისთვის აშენდა ღამის კლუბი.
1967 წელს სანტიაგოდან განხორციელებული პირველი კომერციული ფრენის შემდეგ, კუნძულზე ტურიზმმა სწრაფი ზრდა იწყო. მას წელიწადში დაახლოებით 40 000 მნახველი სტუმრობს და სწორედ ტურიზმი წარმოადგენს კუნძულის ძირითად რესურსს. 2008 წლიდან ფრენებს ახორციელებს ერთადერთი ავიაკომპანია ჩილეური LAN ავიახაზები. სანტიაგო-პაპეეტეს რეისი აღდგომის კუნძულის გავლით კვირაში ორჯერ სრულდება, რის დროსაც მგზავრებს საშუალება ეძლევათ კუნძულზე დარჩნენ სამდღიანი გაჩერების განმავლობაში, სანამ თვითმფრინავი გზას გააგრძელებს.
მატავერის საერთაშორისო აეროპორტის ბილიკი ორონგოში, ადამიანი-ფრინველის სოფელში მდებარეობს.
კუნძულს ერთადერთი ნავსადგური გააჩნია პატარა გემებისთვის. საკრუიზო გემების მიღება ჰანგა-როას ნავსადგურში ხდება. მგზავრების გადმოსხმა, რაც ხშირად პირდაპირ ღია ზღვაში ხდება, არც ისე სასიამოვნო პროცესია.
ტურისტებს ემსახურებიან როგორც კერძო სახლები, ისე სასტუმროები, რომლებიც სამვარსკვლავიან კატეგორიას შეესაბამებიან. კუნძულზე არსებული მაღალი ფასები პროდუქტებზე იმითაა განპირობებული, რომ ისინი ძირითადად იმპორტირებულია კონტინენტიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი მოსახლეობის ძირითად საარსებო საშუალებას წარმოადგენს, არსებობენ კარგად გათვითცნობიერებული, ყველა ძირითად ენაზე მოლაპარაკე ადგილობრივი გიდები. ღირსშესანიშნაობებამდე მისვლის ძირითადი საშუალებაა ცხენი, თუმცა გამოცდილ მოგზაურებს ფეხით გადაადგილებაც შეუძლიათ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მითოლოგიური პერსონაჟები არიან:
რაპანუის ხალხი ფაქტობრივად ქვის ხანის ცივილიზაცია იყო და ისინი ფართოდ იყენებდნენ ადგილობრივ სხვადასხვა სახის ქვას:
ქვის დიდი ქანდაკებები, იგივე მოაი, რომლებითაც აღდგომის კუნძული მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ახ. წ. 1100-1680 წლებში ააგეს. სულ არსებული 887 მონოლითური ქვის ქანდაკება ამჟამად განლაგებულია როგორც კუნძულზე, ისე მისგან საკმაოდ დაშორებულ მუზეუმებში.[48] მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „აღდგომის კუნძულის თავები“, ისინი მთლიან სხეულებს წარმოადგენენ, უმრავლესი მათგანი გამოქანდაკებულია თეძოებიდან თავის ჩათვლით. ზოგიერთი ქანდაკება მუხლებითა მინდორზეა დაჩოქილი, ხელები კი მუცელზე უწყვია.[49][50] მცოცავი ნიადაგების გამო, ზოგიერთი ქანდაკება კისრამდე მიწაშია ჩარჭმული.
თითქმის ყველა მოაი (95 %) გამოკვეთილია ერთმანეთისგან განსხვავებულად, დაპრესილი, ადვილად დამუშავებადი გამკვრივებული ვულკანური ფერფლის ან ტუფისგან, რომლებსაც ერთადერთ ადგილას, ჩამქრალ ვულკან რანო-რარაკუში მოიპოვებდნენ. ადგილობრივები, რომლებიც მათ აქანდაკებდნენ, იყენებდნენ მხოლოდ ქვის იარაღებს, ძირითადად ბაზალტისას, რომელიც კუნძულზე მრავლადაა. როდესაც ქვის იარაღები დაბლაგვდებოდა, მათ ახალ პირს ულესავდნენ. გამოკვეთის დაწყების წინ, ვულკანურ ქვას წყალში ალბობდნენ, რასაც სამუშაოს პროცესში პერიოდულად კვლავ იმეორებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე დროს განსხვავებულ ქანდაკებებზე ბევრი ჯგუფი მუშაობდა, 5-6 კაციან ჯგუფს ერთი მოაის დასამზადებლად დაახლოებით ერთი წელი სჭირდებოდა. თითოეული ქანდაკება საგვარეულოს მიცვალებულ მმართველს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ქანდაკებების მხოლოდ მეოთხედი იქნა აღმართული, მაშინ როდესაც დაახლოებით ნახევარი დარჩა რანო-რარაკუს სამტეხლოსა და სხვადასხვა ადგილებში, სავარაუდოდ მათი საბოლოო ადგილისკენ მიმავალ გზაზე. უდიდესი ქანდაკება დადგმულია პლატფორმაზე, რომელსაც „პაროს“ უწოდებდნენ. იგი 82 ტონას იწონის და სიგრძეში 9,8 მეტრია.[51] იგივე წონის სხვა რამდენიმე ქანდაკება დადგმულია ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროზე. დღემდე უცნობია თუ რა მეთოდით გადაჰქონდათ ქანდაკებები. შესაძლებელ ვარიანტებს შორის ერთ-ერთად მიიჩნევენ ე. წ. მირო მანგა ერუას, Y-ს ფორმის მარხილს გადაჯვარედინებული ნაწილებით, რომელზეც ქანდაკებებს ჰაუ-ჰაუს ხის დრეკადი და მტკიცე ქერქის თოკების კისერზე შემოხვევით აბამდნენ.[52] მოაის ზომებიდან გამომდინარე, მის გაწევაში მონაწილეობა უნდა მიეღო 180-250 ადამიანს. დაახლოებით 50 ქანდაკება ჩვენს დროში ხელახლა იქნა აღმართული თავიანთ თავდაპირველ ადგილებზე. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო აჰუ ატურე ჰუკე ანაკენას პლაჟზე 1958 წელს. მისი აღმართვა ჰეიერდალის ექსპედიციის დროს მოხდა და გამოყენებულ იქნა ტრადიციული მეთოდები.
აღდგომის კუნძულზე აჰუს უწოდებენ ქვის პლატფორმებს. ქანდაკებების მშენებლობის პერიოდსა და მას შემდეგაც, ბევრი სხვადასხვაგვარი აჰუ ააგეს. ბევრ მათგანს ასევე იყენებდნენ ადამიანის ჩონჩხების შესანახად. ერთი მათგანი შემდეგში დინამიტით ააფეთქეს; აჰუ ტონგარიკი კი ცუნამიმ კუნძულის შიდა ნაწილში გადააადგილა. 313 ცნობილი აჰუდან 125-ზე აღმართული იყო მოაი — ძირითადად მხოლოდ ერთი, რისი მიზეზიც სავარადუოდ მოაის მშენებლობების ხანის სიმოკლე და მათ გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეებია. რანო-რარაკუდან ერთ კილომეტრში მდებარე აჰუ ტონგარიკზე აღმართული იყო ყველაზე მეტი და ყველაზე მაღალი ქანდაკებები, სულ 15 ცალი. მოაის სხვა გამორჩეული აჰუებია აჰუ აკივი, რომელიც 1960 წელს უილიამ მულოიმ აღადგინა, ნაუ-ნაუ ანაკენას სანაპიროზე და ტაჰაი. ზოგიერთი ქანდაკება, რომელიც შესაძლოა ხისგან ყოფილიყო დამზადებული, დაკარგულია.
აჰუს მონახაზის კლასიკური ელემენტებია:
ბევრი აჰუს წვერში განლაგებული იყო:
აჰუმ განვითარება ჰპოვა პოლინეზიური ტრადიციული მარაედან. ამ კონტექსტში, აჰუ აღნიშნავდა პატარა სტრუქტურას, ზოგჯერ ჩალით გადახურულს, სადაც წმინდა საგნები, მათ შორის სტატუეტები იყო განლაგებული. როგორც წესი, აჰუ, მარაეს ან მთავარი მოედნის გვერდით მდებარეობდა, სადაც ცერემონიები იმართებოდა. მიუხედავად ამისა, აღდგომის კუნძულზე აჰუმ და მოაიმ ბევრად ფართო ზომები შეიძინეს. აქ მარაე აჰუს წინ მდებარე მოუპირკეთებელ მოედანს წარმოადგენს. უდიდესი აჰუს სიგრძე 220 მეტრია და 15 ქანდაკებას იტევს, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 9 მეტრია. აჰუს მშენებლობისას გამოყენებული ქვები როგორც წესი ბევრად პატარაა ვიდრე მოაი, ამიტომ მასალების მოზიდვა ნაკლებ შრომას მოითხოვდა, მაგრამ ძალზე შრომატევადი იყო მის წინ მდებარე ხელოვნური მოედნის მშენებლობა.
აჰუები ძირითადად სანაპიროზეა განლაგებული, სადაც ისინი რიგში არიან ჩამწკრივებული, გარდა რამდენიმე აჰუსი ტერევაკას მთის დასავლეთ კალთებსა და რანო-კაუს და პოიკეს მაღლობების აჰუებისა. ერთი აჰუ ქანდაკებებთნ ერთად 1880-იან წლებში აღწერილი იყო რანო-კაუსთან მდებარე კლდეებზე, მაგრამ კატერინ რუტლეჯის ექსპედიციამდე იგი სანაპიროზე ჩამოიქცა.
ანაკენას პლაჟის სიახლოვეს, აჰუ ტე პიტო კურას გვერდით მდებარეობს უჩვეულო ქვის ძეგლი, რომელიც წარმოადგენს წყლისგან გაცვეთილ პლაჟის ქვას, მისი მსგავის ასევე აღმოჩენილია ახალ ზელანდიაში. როგორც დღეს ადგილობრივები ამბობენ, ცენტრალური მრგავლი ქვა ჰოტუ მატუამ მოიტანა თავის სამშობლოდან. გეოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა, რაც ასევე ემთხვევა ადრეულ ზეპირ გადმოცემებს. ამ გადმოცემების თანახმად, ეს კლდე დააფუძნა კლანმა, რომელიც მას საზღვრის აღმნივშნელად იყენებდა. შემდგომში ის მათ ჩრდილოეთის კლანების გაერთიანება მირუმ წაართვა, რომლებმაც იგი ტე პიტო კურაში წაიღეს როგორც ომის ნადავლი. ის ფაქტი, რომ ქვა დიდია და ბუნებრივად მრგვალი, მიუთითებს რომ ის „მანას“ ფუნქციებით იყო დატვირთული და გამოიყენებოდა როგორც თილისმა. „ჭიპი“ ქვა შეიცავს რკინას და გააჩნია მაგნიტური მიზიდულობა.
აღდგომის კუნძულის ქვით მშენებლობის ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის მაგალითია ვინაპუს აჰუს კედელი. იგი აგებულია კირხსნარის გარეშე, დამუშავებული ბაზალტის ნატეხებისგან, რომლებიც ზომით ზუსტად ერთმანეთის ტოლია და დაახლოებით 7 ტონას იწონიან. მას გარკვეული გარეგნული მსგავსება გააჩნია სამხრეთ ამერიკაში არსებულ ინკების მიერ აგებულ ზოგიერთ ქვის კედელთან.
აღდგომის კუნძულზე წარსულში სახლების ორი ტიპი იყო გავრცელებული: ჰარე პაენგა — სახლი ოვალური საძირკვლით, აშენებული ბაზალტის ფილებით და გადახურული ჩალით, რის შედეგადაც სახურავი ამოტრიალებულ ნავს ემსგავსებოდა და ჰარე ოკა — ქვის მრგვალი სტრუქტურა. კიდევ ერთი სახეობის ქვის სტრუქტურებს ტუპას უწოდებდნენ, რაც ძალიან წააგავდა ჰარე ოკას, გარდა იმისა რომ ტუპაში ასტრონომი-ქურუმები ცხოვრობდნენ და ისინი სანაპიროსთან იყო განლაგებული, სადაც ვარსკვლავების მოძრაობაზე დაკვირვება ადვილი იყო. დასახლებები ასევე მოიცავდა ჰარე მოას, ქვის წაგრძელებულ სტრუქტურებს, რომლებსაც საქათმეებად იყენებდნენ. უნიკალურია საცერემონიო სოფელ ორონგოს სახლები, რადგან ისინი მიემსგავსებია ჰარე პაენგას, მაგრამ ნაგებია ბაზალტის ბრტყელი ფილებით, რომელსაც რანო-კაუს კრატერში მოიპოვებდნენ. ყველა ტიპის სახლის შესასვლელი ძალიან დაბალია და შიგ შესვლა მხოლოდ გახოხებითაა შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, რაპანუის ადრეული ხანის მოსახლეობა გარდაცვლილებს პატარა სამგლოვიარო კანოეთი ზღვაში უშვებდა, ისევე როგორც პოლინეზიის სხვა კუნძულებზე მცხოვრები მათი თანამოძმეები. მოგვიანებით მათ მიცვალებულთა საიდუმლო გამოქვაბულებში დაწვა დაიწყეს, ისე რომ ძვლები მტრის მიერ შებღალვისგან დაეცვათ. XVIII საუკუნის გვიანი პერიოდის არეულობის დროს, კუნძულელებმა მიცვალებულთა დაწვა წაქცეულ მოაისა და სტრუქტურის წინა კედელს შორის სივრცეში დაიწყეს. ეპიდემიის მძვინვარების დროს კი აშენებდნენ მასიურ საფლავს, რომელიც ნახევრად პირამიდის ფორმის ქვის სტრუქტურას წამროადგენდა.
პეტროგლიფები ქვაზე ამოკვეთილ სურათებს ეწოდება. აღდგომის კუნძულს მათი ერთ-ერთი უმდიდრეის კოლექცია გააჩნია მთელი პოლინეზიის მასშტაბით. კატალოგში შეტანილია დაახლოებით 1000 ადგილის 4000-ზე მეტი პეტროგლიფი. ნახაზებსა და სურათებს ქვაზე მრავალი მიზეზით კვეთდნენ, მათ შორისაა: შეექმნათ ტოტემები, მოენიშნათ ტერიტორია ან უკვდავეყოთ პიროვნება ან რაიმე მოვლენა. კუნძულზე პეტროგლიფების განსაკუთრებული თემების სიხშირის განსხვავებული ვარიაციებია, რომლებიც ძირითადად ადამიანი-ფრინველის თემატიკაზეა შესრულებული და თავმოყრილია ორონგოში. სხვა თემატიკებს შორისაა ზღვის კუები, კომარი (ქალის გარეგანი სასქესო ორგანოები) და მაკემაკე — ადამიანი-ფრინველის კულტის უზენაესი ღმერთი.[53]
პეტროგლიფები ასევე დამახასიათებელია მარკიზის კუნძულებისათვის.
აღდგომის კუნძულსა და მის მეზობელ პატარა კუნძულ მოტუ-ნუიზე განსაკუთრებით მრავლადაა გამოქვაბულები. ბევრ მათგანში შეიმჩნევა წარსულში ადამიანთა მიერ მათი გამოყენების კვალი, როგორც მცენარეთა მოსაყვანად, ისე საფორტიფიკაციოდ. ისინი მოიცავენ ვიწრო შესასვლელებსა და შესაფარებელ ადგილებს. ბევრი გამოქვაბული მოხსენიებულია რაპანუის მითებსა და ლეგენდებში.
უცნობია აღდგომის კუნძულის დღემდე გაუშიფრავი დამწერლობის — რონგორონგოს შექმნის ისტორია — შეიქმნა ის გარე გავლენით თუ ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ. დასავლური დამწერლობის გაცნობამ 1770 წლის ესპანელთა ვიზიტის დროს, შესაძლოა კუნძულის მმართველ კლასს შთააგონა რონგორონგოს, როგორც რელიგიური იარაღის შექმნა.[54] რონგორონგოს გარკვეული მსგავსება გააჩნია პეტროგლიფების მოყვანილობასთან,[55] მაგრამ ათასობით პეტროგლიფისგან განსხვავებით, მისი არც ერთი ნიმუში არაა ქვაზე ამოკვეთილი.
რონგორონგოს შესახებ პირველად 1864 წელს ფრანგი მისიონერი ეჟენ ეირო იუწყება. ამ დროისათვის, რამდენიმე კუნძულელი აცხადებდა, რომ მათ შეეძლოთ ნაწერის გაგება, მაგრამ მისი გაშიფვრის ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ტრადიციის თანახმად, წერა-კითხვა მხოლოდ მმართველმა ოჯახებმა და მღვდლებმა იცოდნენ. სწორედ ეს გახდა რონგორონგოზე კითხვის მთელი ცოდნის დაკარგვის მიზეზი, რადგან 1860-იან წლებში კუნძულის ელიტა მოსპეს.
რონგორონგოს ასობით აღმოჩენილი ნიმუშიდან (ძირითადად ხის დაფები, კვერთხები და სკულპტურები) მხოლოდ 28 გადარჩა, რადგან მათი უდიდესი ნაწილი მისიონერებმა გაანადგურეს. ისინი დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმებშია მიმოფანტული, მხოლოდ რამდენიმე მათგანი რჩება აღდგომის კუნძულზე. ენა დღემდე გაუშიფრავი რჩება. ერთადერთი, რაზეც სწავლულები თანხმდებიან ისაა, რომ რონგორონგო პიქტოგრაფიული დამწერლობაა და ბუსტროფედონის სტილში იკითხება, ანუ წერის მიმართულება ცვალებადია ხაზების მიხედვით.
XVIII-XIX საუკუნეებში აღდგომის კუნძულზე ხე-მასალა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, მაგრამ ხეზე შესრულებულმა განსხვავებულმა და მაღალი დონის ორნამენტებმა კუნძულიდან მაინც მიაშურეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს. მათ შორის განსაკუთრებულებია:[56]
რაპანუის ხალხი ყოველწლიურად მართავს ფესტივალ ტაპატის, რომელიც 1975 წლიდან იმართება თებერვალში და წარმოადგენს რაპანუის კულტურის დღესასწაულს. კუნძულელებს ასევე შექმნილი აქვთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. ქალაქ ჰანგა-როაში მოქმედებს სამი დისკო-კლუბი. სხვა კულტურული საქმიანობები მოიცავს მუსიკალურ ტრადიციებს, რომელიც სამხრეთამერიკულ და პოლინეზიურ გავლენას განიცდის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.