სახელმწიფო სამხრეთ აზიაში From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოეთი, ოფიციალურად ინდოეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. ინდოეთი მოსახლეობის რიცხოვნობით პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, ფართობის სიდიდის მხრივ კი — მეშვიდე. ქვეყნის დედაქალაქია ნიუ-დელი.
ინდოეთის რესპუბლიკა भारतीय गणराज्य Bhārat Ganarājya Republic of India ინდოეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: ჭეშმარიტება იმარჯვებს (satyamēva jayatē) | ||||||
ჰიმნი: Jana Gana Mana |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ნიუ-დელი 28°36′ ჩ. გ. 77°12′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | მუმბაი | |||||
ოფიციალური ენა | ჰინდი, ინგლისური | |||||
მთავრობა | ფედერაციული რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | რამ ნათხ კოვინდი | ||||
- | პრ.-მინისტრი | ნარენდრა მოდი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 3 287 590 კმ2 (მე-7) | ||||
- | წყალი (%) | 9.56 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2023 შეფასებით | 1 428 627 663[1] (1-ლი) | ||||
- | 2011 აღწერა | 1 210 854 977[2] | ||||
- | სიმჭიდროვე | 423,1 კაცი კმ2 კაცი/კმ2 (30-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2023 შეფასებით | |||||
- | სულ | 13,119 ტრლნ. $[3] (მე-3) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | 9183 $ (127-ე) | ||||
აგი (2023) | 0,633[4] (საშუალო) (132-ე) | |||||
ვალუტა | რუპია (INR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+05:30 | |||||
ქვეყნის კოდი | IND | |||||
Internet TLD | .in | |||||
სატელეფონო კოდი | 91 |
ორ საუკუნეზე მეტი ინდოეთი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა, ამის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტიც, რომ ინდოეთი ფლობს ბირთვულ იარაღს.
ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობს ინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმა, ბანგლადეში.
ნარმადის ხეობაში, ჰატნორში გამართულად მოსიარულე ადამიანის ჰომო ერექტუსის ნარჩენების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ინდოეთის ტერიტორიაზე დასახლება მოხდა, უკიდურეს შემთხვევაში, შუა პლეისტოცენის ეპოქაში, დაახლოებით 500 000-200 000 წლის წინ. დაახლოებით 30 000 წლის წინ ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო მეზოლითის ხანა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 25 000 წლის განმავლობაში. საზოგადოდ, მიღებულია, რომ თანამედროვე ადამიანები სუბკონტინენტზე დასახლდნენ უკანასკნელი გამყინვერების პერიოდის ბოლოს ან დაახლოებით 12 000 წლის წინ. პირველი ცნობილი მუდმივი დასახლებები წარმოიქმნა 9000 წლის წინ მადჰია-პრადეშის შტატში, ბჰიმბეტკას ტერიტორიაზე. ნეოლითური კულტურის ყველაზე ადრეული კვალი, რადიოკარბონული ანალიზის თანახმად, დაკავშირებულია ძვ. წ. VIII ათასწლეულის შუა ხანებთან და ნაპოვნია გუჯარათის შტატში კამბეის ყურესთან. ნეოლითური კულტურის ნიმუშები, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. VII ათასწლეულით, აღმოჩენილი იყო, აგრეთვე, თანამედროვე პაკისტანის ბალოჩისტანის პროვინციაში მერგარჰის სადგურზე. გვიანი ნეოლითური ხანის კულტურები ყვაოდა მდინარე ინდის ხეობაში ძვ. წ. VI-II ათასწლეულებში და სამხრეთ ინდოეთში ძვ. წ. 2800-1200 წწ. შორის პერიოდში. ისტორიულ რეგიონში მდებარეობს სამხრეთ აზიაში რამდენიმე უძველესი ნამოსახლარი და მძლავრი ცივილიზაცია.
ადრეპალეოლითურ პერიოდთან დაკავშირებული უძველესი ადგილები არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პაკისტანში მდ. სოანის ხეობაში. პირველი სოფლური ტიპის დასახლებები გაჩნდა მერგარჰში ნეოლითის ხანაში, ხოლო პირველი საქალაქო ტიპის დასახლებები — მდ. ინდის ხეობაში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მოჰენჯო-დარო და ჰარაპა.
ბრინჯაოს ხანა ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო ძვ. წ. 3300 წელს მდ. ინდის ხეობაში ცივილიზაციების წარმოქმნით. ამ პერიოდის ძირითად დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს მეტალურგიის მაღალი განვითარება - სპილენძის, ბრინჯაოს, ტყვიისა და კალის დნობა. ინდური ცივილიზაციების აყვავება მოდის ძვ. წ. 2600-1900 წწ. შორის პერიოდში. ამ პერიოდში ინდოეთის სუბკონტინენტზე ჩნდება ქალაქები და იწყება გრანდიოზული მშენებლობა. ეს უძველესი ცივილიზაცია ჩამოყალიბდა მდ. ინდის ხეობაში და გავრცელდა მდ. გჰაგჰრა-ჰაკრას ხეობაში (იგი მრავალი მეცნიერის მიერ გაიგივებულია ვედურ მდინარე სარასვატთან), განგისა და ჯამუნას შუამდინარეთში, გუჯარათსა და ჩრდილოეთ ავღანეთში. ინდური ცივილიზაციის განსხვავებულ თავისებურებებს წარმოადგენს აგურით ნაგები ქალაქები მაღალგანვითარებული საკანალიზაციო სისტემით და მრავალსართულიანი სახლებით. უმძლავრესი საქალაქო ცენტრები იყო ჰარაპა და მოჰენჯო-დარო, დჰოლავირა, ლოტჰალი, კალიბანგა და სხვ. მდ. სარასვატის ამოშრობის და მდ. ინდის კალაპოტის შეცვლის შედეგად მოხდა დიდი გეოლოგიური და კლიმატური ცვლილებები, რამაც გამოიწვია რეგიონში ტყეების გაქრობა და გაუდაბურება. ეს ფაქტორი გახდა ინდური ცივილიზაციების დაკნინების და გაქრობის მიზეზი.
ვედური კულტურა ეს არის ინდურ-არიული კულტურა, რომელიც ასოცირდება ვედებთან — ვედურ სანსკრიტზე შედგენილ ინდუიზმის წმინდა წერილებთან. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისით ვედური ცივილიზაცია არსებობდა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან I ათასწლეულის შუა ხანებამდე. ეს თარიღი საკამათოა ზოგიერთი ინდოელი და დასავლეთელი ისტორიკოსისა და მეცნიერისათვის, რომლებიც ვედური პერიოდის დასაწყისად მიიჩნევენ ძვ. წ. IV ათასწლეულს და ინდურ ცივილიზაციას აიგივებენ ვედურთან. სწორედ ვედურ პერიოდში ჩამოყალიბდა ინდური კულტურა, ენა და რელიგია. ვედური პერიოდის პირველი 500 წელი (ძვ. წ. 1500-1000 წწ.) ემთხვევა ინდოეთის ბრინჯაოს ხანას, ხოლო უკანასკნელი 500 წელი (ძვ. წ. 1000-500 წწ.) რკინის ხანას.
XIX საუკუნეში ევროპელმა კოლონიზატორებმა წამოაყენეს ინდოეთის არიული დაპყრობების თეორია, რომლის თანახმად, ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთის სუბკონტინენტი მოექცა მომთაბარე არიული ტომების ერთდროული მასიური დაპყრობის ქვეშ, რომელთაც თან მოიტანეს საკუთარი ვედური კულტურა. თუმცა, უკანასკნელმა არქეოლოგიურმა მონაცემებმა და ლინგვისტურმა კვლევებმა უარყო ეს ჰიპოთეზა. მის ნაცვლად მეცნიერებმა წამოაყენეს „ინდოარიული მიგრაციის“ სხვადასხვა თეორია. ამ თორიის დამცველთა თანახმად, ინდო-არიული ტომები განსახლდნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში და ასიმილაცია განიცადეს ადგილობრივ მოსახლეობასთან გადასცეს რა მათ საკუთარი ენა და ვედური კულტურა. სხვა მოსაზრებით, ინდოეთიდან წასვლის თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ არიელები თავდაპირველად იყვნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ძირძველი მოსახლეობა და რიგი მიგრაციების შედეგად მოგვიანებით განსახლდნენ მის ფარგლებს გარეთ.
მას შემდეგ, რაც ძვ. წ. II ათასწლეულში ჰარაპას ურბანული ცივილიზაცია წავიდა დაქვეითებისკენ, თანდათანობით უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო მიწათმოქმედებამ, ხოლო ორგანიზაციულ-საზოგადოებრივ სტრუქტურაში — კასტებად დაყოფამ. ძვ. წ. X საუკუნისათვის ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაიწყო რკინის ხანა. ამ პერიოდს მეცნიერები უკავშირებენ „ატჰარვა ვედის“ შექმნას. ეს არის პირველი ძველინდური ტექსტი, რომელშიც ნახსენებია რკინა. ითვლება, რომ ამ გვიან ვედურ პერიოდშო მოხდა მრავალრიცხოვანი მცირე სამთავროების ე. წ. მაჰაჯანაპადების ჩამოყალიბება. ამავე პერიოდით ათარიღებენ მეცნიერები ძველი ინდური ეპიკური პოეზიის ძეგლებს „მაჰაბჰარატასა“ და „რამაიანას“.
ვედური პერიოდის დასასრულს ინდოეთის სუბკონტინენტზე გაჩნდა რიგი მცირე სამეფოებისა და ქალაქ-სახელმწიფოებისა, რომელთაგან მრავალი მოხსენებულია ძვ. წ. X საუკუნის შემდგომ პერიოდით დათარიღებულ ვედურ და ადრეინდურ ლიტერატურაში. ამ დროს ქალაქ-სახელმწიფოთა უმრავლესობა მოიხსენებოდა ჯანაპადებად. ჯანაპადების მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდა სუსტად განვითარებული პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურის მქონე ტომები. ბრაჰმანული თეორიის მიხედვით, როგორც ჩანს, ბუდას პერიოდის საზოგადოებას არ გააჩნდა კასტური სისტემა. ის წარმოადგენდა სუსტად სტრუქტურირებულ საზოგადოებას, სადაც არ არსებობდა სრულფასოვანი მონარქია. უფრო მეტიც, ის ემსგავსებოდა ოლიგარქიას ან ზოგიერთი ფორმით, რესპუბლიკას.
ძვ. წ. V საუკუნისათვის წარმოიქმნა 16 სამეფო ან „რესპუბლიკა“ ცნობილი მაჰაჯანაპადებად — ქაში, ქოსალა, ანგა, მაგადჰა, ვრიჯი, მალა, ჩედი, ვამშა, კურუ, პანჩალა, მატსია, შურასენა, ასსაკა, ავანტი, განდჰარა და კამბოჯა. ისინი გადაიჭიმნენ ინდ-განგის დაბლობზე, თანამედროვე ავღანეთიდან მაჰარაშტრამდე და ბენგალიამდე. ამ პერიოდში დაიწყო ინდური ცივილიზაციის შემდეგ მეორე მძლავრი ურბანიზაციის პერიოდი. სუბკონტინენტის დანარჩენ ნაწილზე, როგორც ჩანს, არსებობდა მრავალი სხვა მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელთა შესახებ ცნობები გვხვდება ლიტერატურაში. ზოგიერთ მათგანში სამეფო ხელისუფლება გადადიოდა მემკვიდრეობით, ზოგიერთში კი თავად ირჩევდნენ საკუთარ მმართველებს. ძირითადი სალაპარაკო ენა მოსახლეობის ზედა ფენებში იყო სანსკრიტი, ხოლო დაბალი სოციალური ფენები ჩრდ. ინდოეთში ურთიერთობდნენ განსხვავებულ ადგილობრივ დიალექტებზე ე. წ. პრაკრიტზე. ძვ. წ. V საუკუნეში ე. ი. ბუდას დაბადების მომენტისათვის 16 სამეფოთაგან მრავალი გაერთიანდა და წარმოიქმნა ოთხი შედარებით მსხვილი გაერთიანება - ვატსა, ავანტი, ქოშალა და მაგადჰა. იმ პერიოდის რელიგიურ პრაქტიკაში ძირითადი იყო ბრაჰმანების მიერ შესრულებული რთული ვედური რიტუალები. ითვლება, რომ ზუსტად ამ პერიოდში, ძვ. წ. VII-V საუკუნეებში ჩაიწერა უპანიშადები — გვიანი ვედური პერიოდის რელიგიურ-ფილოსოფიური ტექსტები. უპანიშადებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდური ფილოსოფიის ფორმირებაზე და თითქმის ერთდროულად წარმოქმნილმა ბუდიზმმა და ჯაინიზმმა საკუთარ თავში განასახიერეს ამ პერიოდის აზროვნების ოქროს ხანა. ძვ. წ. 537 წ. სიდჰართა გაუტამამ მიაღწია „გასხივოსნებას“ და გახდა ბუდა — „ზიარებული“. ბუდიზმისა და ჯაინიზმის დოქტრინებში აქცენტირებული იყო ასკეტიზმი და ვრცელდებოდა პრაკრიტის ენებზე, რაც ფართო მასებზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა. მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს ინდურ ტრადიციულ რელიგიურ პრაქტიკაზე. კერძოდ, ვეგეტარიანელობაზე, ცხოველთა მოკვლის შეზღუდვაზე და ა. შ.
ამავე დროს, ჯაინიზმის გეოგრაფიული გავლენა შემოიფარგლა მხოლოდ ინდოეთით, ხოლო ბუდისტმა ბერებმა ბუდას სწავლება გაავრცელეს ტიბეტში, შრი-ლანკაზე, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე.
ძვ. წ. 520 წ. სპარსეთის მეფე დარიოს Iის მმართველობის დროს ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი (თანამედროვე აღმოსავლეთ ავღანეთი და პაკისტანი) იქნა დაპყრობილი სპარსეთის აქემენიდური იმპერიის მიერ. სპარსელთა ბატონობა აქ მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. ძვ. წ. 334 წ. ალექსანდრე მაკედონელმა, დაიპყრო რა მცირე აზია და აქემენიდების იმპერია, მიაღწია ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებს. მან გაიმარჯვა ადგილობრივ რაჯაზე, მეფე პორზე და დაიპყრო პენჯაბის დიდი ნაწილი, მაგრამ ალექსანდრეს მეომრებმა მოულოდნელად უარი განახცადეს წინსვლაზე და მდ. ბიასის გადაკვეთაზე, იქ სადაც თანამედროვე ქალაქი ჯალანდჰარია გაშენებული. ალექსანდრე მაკედონელი იძულებული გახდა ლაშქრობა შეეწყვიტა და უკან დაბრუნებულიყო სამხრეთ-დასავლეთის გზით.
სპარსულმა და ბერძნულმა დაპყრობებმა დიდი ისტორიული გავლენა მოახდინეს ინდური ცივილიზაციის განვითარებაზე. სპარსულმა პოლიტიკურმა სისტემამ გავლენა იქონია სუბკონტინენტის მმართველობის გვიანდელ ფორმებზე. განსაკუთრებით, მაურიების იმპერიის ადმინისტრაციულ სტრუქტურაზე. დამატებით ამასთან, განდჰარას რეგიონში (ეს არის აღმოსავლეთ ავღანეთი და ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანი) ინდური, სპარსული, ცენტრალურ-აზიური და ბერძნული კულტურების შერევის შედეგად წარმოიშვა ბერძნულ-ბუდისტური კულტურა, რომელმაც იარსება ახ. წ. V საუკუნემდე და გავლენა იქონია ბუდიზმის გვიანდელი ფორმის — მაჰაიანას ფორმირებაზე.
თექვსმეტ მაჰაჯანაპადს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაგადჰა, რომელსაც ისტორიის მთელ მანძილზე მართავდნენ სხვადასხვა საგვარეულო დინასტიები. მაგადჰას დამაარსებელი იყო ძვ. წ. 684 წ. ჰარტიანკების დინასტია. მისი დედაქალაქი იყო რაჯაგრიჰა, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა პატალიპუტრა (თანამედროვე პატნა). მოგვიანებით მმართველობაში მოვიდა შიშუნაგის დინასტია, რომელიც ძვ. წ. 424 წ. ნანდას დინასტიამ შეცვალა. მაგადჰას სამეფომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ტერიტორიულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია მაურიების დინასტიის პერიოდში. მაურიების სამეფო გადაიჭიმა თითქმის მთელ სუბკონტინენტზე კუნძულ შრი-ლანკისა და ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე მცირე ნაწილის გარდა. თუმცა ისინი მაურიების მოკავშირე სამეფოებად ითვლებოდნენ.
ძვ. წ. 321 წ. ჩანდრაგუპტა მაურიამ დაამარცხა რა ნანდას დინასტიის უკანასკნელი მეფე დჰანა ნანდა, ჩანაკიასთან შეთანხმებით დააარსა მაურიების სახელმწიფო. ჩანდრაგუპტას მმართველობიდან დაწყებული მაურიებმა არა მხოლოდ დაიპყრეს და გააერთიანეს პრაქტიკულად მთელი ინდოსტანის ნახევარკუნძული, არამედ გააფართოვეს მისი საზღვრები ირანისა და შუა აზიის ხარჯზე. ჩანდრაგუპტამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა სამხრეთ ინდოეთში ჯაინიზმის გავრცელების საქმეში.
ჩანდრაგუპტა მაურია შეცვალა მისმა შვილმა ბინდუსარამ, რომლის დროსაც გაგრძელდა საზღვრების გაფართოება კალინგას სამეფოს და სხვა სამეფოების დაპყრობის ხარჯზე ინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთში.
ბინდუსარა ტახტზე საკუთარმა შვილმა აშოკმა შეცვალა, რომელიც მმართველობის პირველ წლებში ცდილობდა იმპერიის საზღვრების შემდგომ გაფართოებას, მაგრამ კალინგას სისხლისმღვრელი დაპყრობის შემდეგ, მან უარი თქვა ძალადობაზე, მიუბრუნდა ბუდიზმს და აჰიმსას პრინციპის ერთგული გახდა. აშოკას ედიქტები წარმოადგენს თავისთავად შემონახულ უძველეს ინდურ დოკუმენტებს, რომელთა წყალობით შესაძლებელი გახდა მომდევნო დინასტიებისა და მმართველების მეტ-ნაკლებად ზუსტი დათარიღება. აშოკას მმართველობის დროს ბუდიზმი ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ხოლო აშოკას შვილიშვილი სამპრატი მიუბრუნდა ჯაინიზმს და დიდი როლი ითამაშა ამ სარწმუნოების გავრცელებაში.
ძვ. წ. 185 წ. დაარსებულ იქნა შუნგას დინასტია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაურიების უკანასკნელი მეფე ბრიჰადრათჰა მოკლულ იქნა მაურიების არმიის მთავარსარდლის პუშიამიტრა შუნგას მიერ შუნგების დინასტია შეცვალა კანვას დინასტიამ, რომელიც მართავდა აღმოსავლეთ ინდოეთს ძვ. წ. 71-26 წწ. იგი შეცვალა სატავაჰანას დინასტიამ და მაგადჰას იმპერიის ადგილას შეიქმნა ანდჰრას სამეფო.
შუა პერიოდი აღინიშნა კულტურის შესამჩნევი აღმავლობით. ჩვ.წ.აღ.მდე 230 წ. სამხრეთ ინდოეთს მართავდა სატავაჰანების დინასტია, რომელიც ცნობილია აგრეთვე, როგორც ანდჰრები. დინასტიის მეექვსე მეფემ სახელად შატაკარნმა მოიპოვა გამარჯვება ჩრდილოინდურ დინასტია შუნგაზე. დინასტიის სხვა ცნობილი მეფეთაგანია გაუტამიპუტრა შატაკარნი.
ჰიმალაებში ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. III საუკუნემდე არსებობდა კუნინდას სამეფო. ახ. წ. I ს. შუა ხანებში ჩრდილო დასავლეთ ინდოეთში შეიჭრა ქუშანის დინასტია - შექმნა ქუშანის სამეფო, რომელიც საბოლოოდ გადაიჭიმა პეშავარიდან ბენგალიის ყურემდე. მის შემადგენლობაში შედიოდა, ასევე, ძველი ბაქტრია (თანამედროვე ავღანეთის ჩრდილოეთი) და სამხრეთ ტაჯიკეთი. დასავლეთ ქშატრაპების სამეფო (35-405 წწ.), რომელიც განფენილი იყო ინდოეთის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, იმართებოდა საკების მიერ, რომლებმაც შეცვალეს ინდო-სკვითები. საკები იყვნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილის მმართველების ქუშანის სამეფო დინასტიის და ცენტრალური ინდოეთის მფლობელების სატავაჰანების (ანდჰრების) თანამედროვეები. სხვადასხვა დროს ინდოეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს ფლობდნენ ისეთი სამეფოები და იმპერიები, როგორიცაა, პანდია, ადრეული ჩოლა, ჩერა, კადამბა, დასავლეთ განგა, პალავა და ჩალუკია. ზოგიერთმა სამხრეთ სამეფომ შექმნა ზღვისპირეთის იმპერია, რომელიც განიფინა მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე. ინდოეთის სუბკონტინენტის სამხრეთზე პირველობისათვის ბრძოლაში აღნიშნული სამეფოები პერიოდულად ებრძოდნენ ერთმანეთს ისევე, როგორც დეკანის სახელმწიფოს.
გარკვეულ პერიოდში კალაბჰარების ბუდისტურმა სამეფომ დაარღვია ჩოლას, ჩერაას და პანდიას იმპერიების დომინანტური მდგომარეობა ინდოეთის სუბკონტინენტის სამხრეთ ნაწილში.
ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთის შერეული კულტურები მოიცავს ინდურ-ბერძნულ, ინდურ-სკვითურ, ინდურ-პართიულ და ინდურ-სასანიდურ კულტურებს.
დემეტრიოს I ბაქტრიელი (ძვ. წ. 205-171 წწ.) იყო ინდო-ბერძნული სამეფოს დამაარსებელი. დემეტრიოს I-ის მიერ სამეფო დაარსებულ იქნა ძვ. წ. 180 წ. და მდებარეობდა თანამედროვე ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე. მან იარსება თითქმის 200 წელი, რომლის განმავლობაში სამეფოს მართავდა ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ კონფლიქტში მყოფი 30-ზე მეტი ბერძენი მეფე.
ინდო-სკვითები იყვნენ ინდოევროპელი საკების (ე. წ. სკვითების) ერთ-ერთი განშტოება, რომლებიც თავდაპირველად სამხრეთ ციმბირიდან გადასახლდნენ ბაქტრიაში, შემდეგ სოგდიანაში, ქაშმირში, არახოზიაში, განდჰარასა და საბოლოოდ მთელ ინდოეთში. მათი სამეფო არსებობდა ძვ. წ. II-I სს.
მოგვიანებით, ინდო-პართიულმა სამეფომ, გაიმარჯვა რა მრავალ კუშან მმართველზე, როგორიცაა მაგ: კუჯულა კადფიზი, დაიპყრო თანამედროვე ავღანეთის დიდი ნაწილი და პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილი.
ირანის სასანიდური იმპერია არსებობდა გუპტას იმპერიასთან ერთდროულად. ის გადაიჭიმა თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიებამდე, სადაც შედეგად წარმოიქმნა შერეული ინდურ და სპარსული კულტურა, რომელიც ცნობილია ინდურ-სასანური კულტურის სახელით.
რომის ვაჭრობა ინდოეთთან დაიწყო დაახლოებით ახ. წ. I ს. იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის დროს, მის მიერ პტოლემაიოსების ეგვიპტის დამარცხების შემდეგ. ამ ეპოქიდან დაწყებული ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი დასავლეთში იყო რომის იმპერია.
ძვ. წ. 130 წ. ევდოქსია კიზიკის მიერ დაწყებული ვაჭრობა სწრაფად განვითარდა და სტრაბონის თანახმად, ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში ყოველდღიურად 120 ხომალდი ასრულებდა სავაჭრო რეისს ეგვიპტის საპორტო ქალაქ მიოს ქორმოსიდან ინდოეთში. ამ ვაჭრობაში რომაელები ხარჯავდნენ უზარმაზარი რაოდენობით ოქროს, რომელიც გამოიყენებოდა ქუშანების იმპერიაში მონეტების შესაქმნელად. ოქროს მონეტების გადინებაზე ინდოეთში მოწმობს პლინიუს უფროსი თავის ნაშრომში „ბუნების ისტორია” ყველაზე უფრო მოკრძალებული გამოთვლებით, ინდოეთში, ჩინეთსა და არაბეთის ნახ/კ-ზე ყოველდღიურად მიედინებოდა დაახლოებით ასი მილიონი სესტერცი. სწორედ ეს თანხა ღირს ჩვენი ფუფუნება და ჩვენი ქალები. მთელი ამ იმპორტის მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტია განკუთვნილი ღმერთებისა და გარდაცვლილთა სულების მსხვერპლშესაწირად.
ინდურ-რომაული ვაჭრობის სავაჭრო მარშრუტები და პორტები დეტალურად აღწერილია I ს.-ის ბერძნულ სანაოსნო დოკუმენტებში „ერითრეის ზღვის გადაცურვა“.
ახ. წ. IV-V სს. გუპტების დინასტიამ შეძლო ჩრდ. ინდოეთის დიდი ნაწილის ერთ დიდ იმპერიდ გაერთიანება. ეს პერიოდი ცნობილია ინდოეთის ოქროს ხანად. ინდუსურმა კულტურამ, მეცნიერებამ და პოლიტიკურმა სისტემამ მიაღწია თავისი განვითარების ახალ საფეხურებს. დინასტიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ჩანდრაგუპტა I, სამუდრაგუპტა, ჩანდრაგუპტა II. დასავლეთევროპელი მეცნიერების აზრით, სწორედ ამ დროს ჩაიწერა ინდუიზმის წმინდა ტექსტები — პურანები. იმპერიამ არსებობა შეწყვიტა ცენტრალური აზიიდან ჰუნების შემოჭრის შედეგად. გუპტების იმპერიის განადგურების შემდეგ V ს-ში ინდოეთის ტერიტორიაზე კვლავ წარმოიქმნა მთელი რიგი მცირე სამეფოებისა. VII ს.-ის I ნახევრამდე გუპტების დინასტიის ერთი შტო აგრძელებდა მაგადჰას მართვას. სანამ მეფე ჰარშა ბარდჰანამ, საბოლოოდ, ბოლო არ მოუღო გუპტებს და საკუთარი იმპერია არ დააარსა.
თეთრი ჰუნები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ეფთალიტების ტომების ნაწილი, დასახლდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე V ს. დასაწყისში დედაქალაქ ბამიანის მიდამოებში. სწორედ ისინი აღმოჩნდნენ გუპტების დინასტიის დაცემის მიზეზი, რომლის შემდეგ დასრულდა ჩრდ. ინდოეთში ოქროს ხანა. თუმცა ეს ისტორიული ცვლილებები არ შეხებია დეკანისა და სამხრეთ ინდოეთის დიდ ნაწილს...
ინდოეთის ისტორიის კლასიკური პერიოდი დაიწყო VII ს-ში ჩრდ. ინდოეთის აღორძინებით მეფე ხარშის დროს და დასრულდა XIV ს-ში მუსულმანთა შემოჭრების შედეგად ვიჯაიანაგართა იმპერიის დაცემით სამხრეთში. ამ პერიოდში მოხდა ინდური ხელოვნების აყვავება და ძირითადი რელიგიური და ფილოსოფიური სისტემების განვითარება, რომელიც გახდა სხვადასხვა სფეროში თანამედროვე ინდუიზმის, ბუდიზმის და ჯაინიზმის გამოვლინების საფუძველი.
VII ს-ში მეფე ჰარშამ წარმატებით გააერთიანა ჩრდილოეთ ინდოეთი ერთ სახელმწიფოში, რომელიც დაიშალა მისი გარდაცვალებისთანავე. VII-IX სს. ჩრდ. ინდოეთზე კონტროლის განხორციელებაში სამი დინასტია ეცილებოდა ერთმანეთს: პრატიხარები, ბენგალიური პალას დინასტია და დეკანელი რაშტრაკუტები. მოგვიანებით სენას დინასტიამ დაიპყრო პალას სამეფო, ხოლო პრატიხარების იმპერია დაიშალა მცირე სამეფოებად. ეს იყო პირველი ე. წ. რაჯპუტები — სათავადოები, რომლებმაც ამა თუ იმ ფორმით იარსებეს თითქმის ათასი წელიწადი — 1947 წ. დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთის საბოლოო გამოყოფამდე. პირველი ცნობილი სათავადოები — რაჯპუტები წარმოიშვა VI ს-ში რაჯასტჰანში, რომლის შემდეგ რაჯპუტების მცირე დინასტიები მართავდნენ ჩრდ. ინდოეთის დიდ ნაწილს. პრიტჰვირაჯ ჩაუჰანი არის ჩაუჰანთა დინასტიის ერთ — ერთი წარმომადგენელი, რომელმაც სახელი გაითქვა მომავალ ისლამურ სასულთნოებთან სისხლიანი კონფლიქტებით. VII ს-დან XI ს-ის დასაწყისამდე თანამედროვე ავღანეთის, ჩრდ. პაკისტანისა და ქაშმირის ტერიტორიას მართავდა დინასტია შაჰი. მეფე ხარშის სიკვდილის შემდეგ ერთიანმა სრულიადინდურმა სახელმწიფომ ჩრდილოეთში არსებობა შეწყვიტა მისი შექმნის ცდები ამიერიდან უკვე სამხრეთში მიმდინარეობდა.
ჩალუკიას იმპერია მართავდა ინდოეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილს 550-750 წწ. დედაქალაქით ბადამი და მოგვიანებით 970-1190 წწ. კალიანი (თანამედროვე კარნატაკას შტატი).
დაახლოებით იმავე პერიოდში სამხრეთ ნაწილს მართავდა ასევე პალავას დინასტია კანჩიდან. XII ს. ჩალუკიას იმპერიის დაცემის შემდეგ მისმა ვასალებმა - ჰოისალებმა ჰალებიდან, კაკატიებმა ვარანგალიდან, იადავებმა დევაგირიდან და კალაჩურების სამხრეთ განშტოებამ ჩალუკიას უზარმაზარი იმპერია გაიყვეს ერთმანეთში. მოგვიანებით ჩრდილოეთ თამილ-ნადში წარმოიქმნა ჩოლას სამეფო, ხოლო ქერალაში — ჩერას სამეფო. 1343 წლისათვის ამ სამეფოებმა შეწყვიტეს არსებობა და მათ ადგილას წარმოიქმნა ვიჯაიანაგარის იმპერია.
სამხრეთ ინდოეთის სამეფოებმა, დაამყარეს რა თავიანთი კონტროლი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზღვისპირეთის ტერიტორიებზე თავისი გავლენა გაავრცელეს ინდონეზიამდე. სამხრეთ ინდოეთის საპორტო ქალაქები ფართოდ იყო ჩაბმული დასავლეთში ევროპასთან და აღმოსავლეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. კლასიკურ პერიოდში დიდი აღმავლობა განიცადა ლიტერატურამ ადგილობრივ ენებზე და არქიტექტურამ. ეს გრძელდებოდა XIV ს. დასაწყისამდე მანამ, სანამ სამხრეთ ინდოეთის სამეფოები არ შეეჯახნენ დელის სასულთნოს თავდასხმებს, რომელიც ამ დროისთვის უკვე მყარად იყო დამკვიდრებული ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში დედაქალაქით დელიში. ვიჯაიანაგარის იმპერიამ მისი თავდასხმების შედეგად, ბოლოსდაბოლოს, შეწყვიტა არსებობა.
მას შემდეგ, რაც მუსლიმებმა დაიპყრეს ინდოეთის ძველი დასავლელი მეზობელი — ირანი, მათი ყურადღების განსაკუთრებული ობიექტი გახდა ინდოეთი, რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა რეგიონს - უმდიდრესი კლასიკური ცივილიზაციით, გაცხოველებული საერთაშორისო ვაჭრობით და მაშინდელ მსოფლიოში ალმასის მოპოვებით ცნობილ ერთადერთ რეგიონს. სხვადასხვა ჩრდილოინდური სამეფოების მხრიდან რამდენიმესაუკუნოვანი წინააღმდეგობის შემდეგ ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიქმნა რიგი ისლამური იმპერიები (სასულთნოები), რომლებმაც რამდენიმე ასწლეული იარსებეს.
ჯერ კიდევ ილამურ დაპყრობებამდე სამხრეთ ინდოეთის სანაპიროებზე, ძირითადად ქერალაში მრავალრიცხოვანი მუსლიმური სავაჭრო თემები, სადაც მუსლიმანთა მცირერიცხოვანი ჯგუფები ჩამოდიოდნენ, ძირითადად, არაბეთის ნახევარკუნძულიდან ინდოეთის ოკეანის სავაჭრო გზის გავლით. მათ თან ჩამოიტანეს ისლამი — აბრაამის რელიგია, რომელიც შეერწყა ადგილობრივ ინდუისტურ კულტურას. მოგვიანებით დასავლეთში აყვავდა დეკანის სასულთნოები და ბაჰმანის სასულთნო.
XII-XII სს. არაბები, თურქები და ავღანელები შეიჭრნენ ჩრდ. ინდოეთში და XIII ს. დასაწყისში დააარსეს დელის სასულთნო. დელის გულიამთა დინასტიამ ჩრდ. ინდოეთის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. იგი შეცვალა ხალჯთა დინასტიამ. სასულთნოების არსებობის დროს მოხდა ინდოეთის კულტურული აყვავება. ინდო-მუსულმანურმა კულტურამ დაგვიტოვა შედეგად სინკრეტული ძეგლები არქიტექტურაში, მუსიკაში, ლიტერატურაში, რელიგიასა და ტანსაცმელში.
დელის სასულთნოს პერიოდში წარმოიქმნა, აგრეთვე, ურდუს წინაპარი ენა – ჰინდავი. აღნიშნული ენა ჩამოყალიბდა ადგილობრივ ენებზე მოლაპარაკე ხალხების ურთიერთობით ირანელ, თურქ, არაბ ემიგრანტებთან.
დელის სასულთნო წარმოადგენდა ერთადერთ ისლამურ იმპერიას, რომელმაც ტახტზე აიყვანა ინდოეთის ისტორიაში მრავალთაგან ერთ-ერთი ქალი- რაზია სულთანი (1236-1240 წწ.).
გაიგო რა ინდოეთის სამოქალაქო ომზე თურქ-მონღპოლთა წინამძღოლმა თემურ ლენგმა 1398 წ. დაიწყო საომარი კამპანია მმართველი სულთნის ნასირუდდინ მაჰმუდის წინააღმდეგ, რომელიც ეკუთვნოდა თუგლაკიდების დინასტიას. 1398 წ. 17 დეკემბერს სულთნის არმიამ განიცადა განადგურება. თემურ ლენგი შევიდა სრულიად განადგურებულ და დანგრეულ ქალაქ დელიში.
1526 წელს ჩინგიზ ხანისა და თემურ ლენგის შთამომავალმა, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელმა ბაბურმა გადალახა ჰაიბერის გადასასვლელი და დააარსა დიდ მოგოლთა იმპერია, რომელმაც იარსება 200 წელზე მეტი. XVII ს. დასაწყისისთვის მოგოლთა დინასტიის კონტროლქვეშ აღმოჩნდა ინდოეთის სუბკონტინენტის დიდი ნაწილი. XVIII ს. დასაწყისიდან იმპერიამ თანდათან დაიწყო დაცემა და 1857 წელს სიპაების აჯანყების (ცნობილი, აგრეთვე, როგორც 1857 წლის ინდოეთის სახალხო აჯანყება) შემდეგ შეწყვიტა არსებობა. მოგოლთა მმართველობის პერიოდში მოხდა დიდი სოციალური ცვლილებები სუბკონტინენტზე. კერძოდ, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა — ინდუსები — აღმოჩნდნენ მუსლიმი მოგოლი იმპერატორების მმართველობის ქვეშ, რომელთაგან ზოგიერთი გამოირჩეოდა ლიბერალური შეხედულებებით და მფარველობას უწევდა ინდუსურ კულტურას, მაშინ, როდესაც სხვები პირიქით, იჩენდნენ უკიდურეს შეუწყნარებლობას ტაძრების დანგრევით და არამუსლიმებისათვის უზარმაზარი გადასახადების დაკისრებით. თავისი განვითარების პიკზე დიდი მოგოლთა იმპერიის ტერიტორიამ გადააჭარბა მაურიების ძველ იმპერიას. დიდი მოგოლთა იმპერიის დაშლის შემდეგ, მის ადგილას აღმოცენდა რამდენიმე მცირე სამეფო. ითვლება, რომ მოგოლთა დინასტია უმდიდრესი იყო აქამდე ცნობილ ყველა დინასტიას შორის.
1739 წელს მოგოლთა არმიაზე გაიმარჯვა ნადირ შაჰმა კარნალასთან ბრძოლაში. ამის შემდეგ ნადირმა აიღო და დაანგრია ქალაქი დელი, წამოიღო იქიდან უთვალავი განძი ცნობილი ფარშევანგის ტახტის ჩათვლით.
დიდი მოგოლთა იმპერიის ეპოქაში დომინანტური პოლიტიკური ძალა იყო მოგოლი იმპერატორი და მისი მოკავშირეები, ხოლო მოგვიანებით მემკვიდრე-სახელმწიფოები კონფედერაცია მარატჰას ჩათვლით, რომლებიც ებრძოდნენ დასუსტებულ მოგოლთა დინასტიას. თუმცა მოგოლები ხშირად მიმართავდნენ მკაცრ ზომებს საკუთარი იმპერიაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ ასევე, ატარებდნენ ინდუსურ კულტურასთან ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც მათ მმართველობას უფრო წარმატებულს ხდიდა ხანმოკლე დელის სასულთნოს მმართველებთან შედარებით. აქბარ დიდი იყო მოგოლი მმართველების ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენელი — გამორჩეულიად შემწყნარებელი განსხვავებული რელიგიებისა და კულტურებისა. კერძოდ, მან შემოიღო აკრძალვა ჯაინიზმის წმინდა დღეებში ცხოველების მკვლელობაზე და გააუქმა არამუსულმანთა მიმართ დისკრიმინაციული საგადასახადო სისტემა. მოგოლი იმპერატორები ქორწინდებოდნენ ადგილობრივ დიდგვაროვნებზე, ხდებოდნენ ადგილობრივი მაჰარაჯების მოკავშირეები, და ცდილობდნენ თავიანთი თურქულ-ირანული კულტურის ძველ ადგილობრივ ინდურ კულტურასთან შერწყმას. აქბარის შემდეგ ტახტზე ასული აურანგზები სხვა იმპერატორებისაგან განსხვავებით ატარებდა არამუსლიმი მოსახლეობის მიმართ არაპოპულარულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რამაც ინდუსების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
დიდი მოგოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ ცენტრალურ და ჩრდილო ინდუსურ ინდოეთში წამყვანი ადგილი დაიკავა მარატჰების სახელმწიფომ. ამ დროის ინდოეთისთვის დამახასიათებელია რიგი მცირე რეგიონული სახელმწიფოების წარმოქმნა. მარატჰას სამეფო დააარსა შივაჯიმ — ინდოეთის ეროვნულმა გმირმა. XVIII ს.-ში მარატჰა გახდა უზარმაზარი იმპერია პეშვთა მმართველობით სათავეში. 1760 წლისათვის იმპერია იკავებდა ინდოეთის სუბკონტინენტის დიდ ნაწილს. გეოგრაფიული ექსპანსია შეწყდა მხოლოდ აჰმად შაჰ აბდალის ხელმძღვანელობით ავღანელთა არმიის მიერ მარატჰების განადგურებით 1761 წ. პანიპატის მესამე ბრძოლაში. უკანასკნელმა პეშვამ ბაჯი რაო II−მ განადგურება განიცადა ანგლო-მარატჰების მესამე ომში ბრიტანული ჯარებისაგან.
სამხრეთ ინდოეთში ჯერ კიდევ ინდუსურ ვიჯაიანაგართა იმპერიის დაცემამდე 1400 წ. ვოდეიარების დინასტიამ დააარსა მაისურის სამეფო, რომელმაც მოგვიანებით შეცვალა ვიჯაიანაგარი. ვოდეიართა სამფლობელო განადგურებულ იქნა ჰაიდარ ალისა და მისი ვაჟის ტიპუ სულთანის მიერ. მათი მმართველობით მაისურის სამეფომ რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა ინგლისელების და ინგლის-მარატჰების გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ.
1591 წ. სამხრეთ ინდოეთში ჰოლკონდის დინასტიიდან კუტბ შაჰმა დააარსა ქალაქი ჰაიდარაბადი. მოგოლთა მცირეხნიანი მმართველობის შემდეგ მოგოლთა გუბერნატორმა ასაფ ჯაჰმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება ჰაიდარაბადში 1724 წ. 1948 წ. ჰაიდარაბადს მართავდა ნიზამების მემკვიდრეობითი დინასტია. როგორც მაისური, ასევე ჰაიდარაბადი გახდნენ ბრიტანული ინდოეთის ვასალი სამეფოები.
თანამედროვე პენჯაბის ტერიტორიაზე შეიქმნა სიქების სახელმწიფო. ეს იყო ბრიტანეთის კოლონიურ სახელმწიფოს დაქვემდებარებული ინდოეთის სუბკონტინენტის უკანასკნელი რეგიონი. სიქების იმპერია დაეცა ანგლო-სიქების რიგი ომების შედეგად. XVIII ს.-ში გორქჰას (გურქჰა) მმართველების მიერ დაარსდა სახელმწიფო ნეპალი, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა თავისი ეროვნული იდენტობა და ტერიტორიული მთლიანობა დღემდე.
პორტუგალიელი ზღვაოსნის ვასკო და გამას მიერ ახალი საზღვაო გზის აღმოჩენამ ევროპიდან ინდოეთში სათავე დაუდო ამ რეგიონებს შორის პირდაპირ ვაჭრობას. პორტუგალიელებმა დააარსეს სავაჭრო კოლონიები გოაში, დამანში, დიუში, ბომბეიში. მათ მოჰყვნენ ნიდერლანდელები, დანიელები და ინგლისელები, რომლებმაც 1619 წ. შექმნეს სავაჭრო პოსტი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე საპორტო ქალაქ სურატში. ამის შემდეგ მოვიდნენ ფრანგები. შიდაკონფლიქტი ინდურ სამეფოებს შორის საშუალებას აძლევდა ევროპელ ვაჭრებს თანდათანობით შეეძინათ მიწები და გაევრცელებინათ გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. XVIII ს. მანძილზე ევროპულმა იმპერიებმა მოახერხეს თავიანთი კონტროლის ქვეშ შეენარჩუნებინათ ინდური ტერიტორიები, მოგვიანებით იძულებული გახდნენ დაეთმოთ ყველა ეს ტერიტორია ინგლისელებისათვის, გარდა საფრანგეთის ფორპოსტების — პონდიშერის და ჩანდერნაგორის, ნიდერლანდური საპორტო ქალაქის - კორომანდელის (1825 წ.-მდე) და პორტუგალიური კოლონიების — გოა, დამანი და დიუ.
1617 წელს ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ იმპერატორ ჯაჰანგირისგან მიიღო ინდოეთთან ვაჭრობის უფლება. ასი წლის შემდეგ 1717 წ. კომპანიამ ადგილობრივ ხელისუფლებაზე თანდათანობითი გავლენის ზრდასთან ერთად საჩუქრად მიიღო საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავისუფალი ვაჭრობის უფლება ბენგალიაში. ბენგალიის ნავაბი სირაჯ უდ-დაულა შეეწინააღმდეგა ინგლისელთა პრივილეგიას ვაჭრობაში, რამაც გამოიწვია პლესის ბრძოლა 1757 წ. ოსტ-ინდოეთის კომპანიის არმიამ რობერტ კლაივის წინამძღოლობით დაამარცხა ნავაბის ჯარები. იმავე წელს კლაივი კომპანიის მიერ დაინიშნა ბენგალიის გუბერნატორად. 1764 წ. ბუკსარის ბრძოლის შემდეგ კომპანიამ შაჰ ალამ II-სგან შეიძინა ბენგალიის მართვის სამოქალაქო უფლება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ინგლისელთა ბატონობას სუბკონტინენტზე მთელი შემდგომი ასწლეულების მანძილზე. ინგლისელთა ბატონობამ ბოლო მოუღო სუბკონტინენტზე მოგოლთა ბატონობის ხანას. ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ მოახდინა ბენგალიაში ვაჭრობის მონოპოლიზება. ინგლისელებმა შემოიღეს განსაკუთრებული საგადასახადო სისტემა მიწაზე ე. წ. „მუდმივი დასახლება“, რომელმაც დაამყარა ახალფეოდალური საზოგადოებრივი წყობა. 1850-იანი წლების დასაწყისისთვის ოსტ-ინდოეთის კომპანია აკონტროლებდა ინდოეთის სუბკონტინენტის დიდ ნაწილს. მათ შორის თანამედროვე პაკისტანსა და ბანგლადეშს. სარგებლობდნენ რა ინდოეთის დაძაბუნებით, კონფლიქტებით სათავადოებსა და სხვადასხვა სოციალურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის, ინგლისელები მისდევდნენ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპს კოლონიურ პოლიტიკაში.
1857წ. ოსტ-ინდოეთის მმართველობით უკმაყოფილება გახდა დამოუკიდებლობისათვის პირველი ომის (ცნობილი როგორც სიფაების აჯანყება) მიზეზი. ერთწლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ აჯანყება იქნა ჩახშობილი. აჯანყების ფაქტობრივი ლიდერი, უკანასკნელი მოგოლი იმპერატორი ბაჰადურ შაჰ ზაფარი განდევნილ იქნა ბირმაში. მის შვილებს თავები დასჭრეს, დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. შედეგად ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანია გაუქმდა და ინგლისი გადავიდა ინდოეთის, როგორც ბრიტანეთის იმპერიის კოლონიის პირდაპირ მართვაზე. ინდური ტერიტორიები დიდი ნაწილი ემორჩილებოდა პირდაპირ მმართველობას, ხოლო ნაწილი წარმოადგენდა ვასალურ სათავადოებს. ინგლისის კაპიტალის დაგროვების და ინგლისში სამრეწველო რევოლუციის უმნიშვნელოვანესი წყარო გახდა ინდოეთის კოლონიის ექსპლუატაცია.
ინდოეთის დამოუკიდებლობისა და დასავლური ტიპის დემოკრატიის დამკვიდრებისათვის პირველი ნაბიჯი გახდა ინგლისის ვიცე მეფის ადმინისტრაციაში ინდოელი მრჩევლების დანიშვნა. 1920 წლიდან ისეთმა ლიდერებმა, როგორიც იყო მაჰათმა განდი, დაიწყეს ინდოეთის კოლონიალოიზმის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები. ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გახლეჩვის მიზნით, ინგლისის პარლამენტმა 1929 წ. ინდოეთს მიანიჭა ინგლისის იმპერიის დომინიონის სტატუსი. მთელი ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ რევოლუციური გამოსვლები, რამაც 1947 წ. ინდოეთი მიიყვანა ინგლისის კოლონიიდან საბოლოო თავისდაღწევამდე.
დამოუკიდებლობის სურვილთან ერთად წლების მანძილზე იზრდებოდა დაძაბულობა ინდოეთის მუსლიმან და ინდუს მოსახლეობას შორის. ყოველთვის უმცირესობაში მყოფ მუსულმან მოსახლეობას ეშინოდა ინდუსი ხელმძღვანელების გავლენის ქვეშ მოქცევა და ფრთხილად ეკიდებოდა დამოუკიდებლობის იდეას. ისინი თანაბარ უნდობლობას უცხადებდნენ როგორც ინდუსურ ასევევ ბრიტანეთის კოლონიურ ხელისუფლებას. 1915 წელს მაჰათმა განდი ჩაუდგა სათავეში ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ორივე მხარეს მოუწოდა შერიგებისკენ. მისი ხელმძღვანელობით ბოლოს და ბოლოს, ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობისათვის არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებით ინდოელთა მასობრივმა სახალხო მოძრაობამ მაჰათმა განდის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ლიდერის სახელი დაუმკვიდრა. თავად ინდოელებმა მას უწოდეს „მაჰათმა“, რაც სანსკრიტზე „დიად სულს“ ნიშნავს.
ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიებმა დამოუკიდებლობის 1947 წ. მიიღეს დამოუჯიდებლობა, რომლის შემდეგ ინდოეთი გაიყო ორ ნაწილად: ინდოეთად და პაკისტანად. პენჯაბისა და ბენგალიის გაყოფის მიზეზით დაიწყო სისხლიანი შეტაკებები ინდუსებს, სიქჰებს და მუსლიმებს შორის, რომელსაც 500 000 მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინდოეთის გაყოფამ თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში გამოიწვია ერთ — ერთი ყველაზე უფრო დიდი მიგრაციული პროცესი. დაახლოებით 12 მლნ. ინდუსი, სიქი და მუსლიმანი გადასახლდა ახლადშექმნილი ინდოეთისა და პაკისტანის სახელმწიფოების ტერიტორიაზე.
მრავალეროვნულ და მრავალრელიგიურ ინდოეთს გააჩნია მრავალი სოციალური, რელიგიური და ეროვნული პრობლემა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. თუმცა მან შეძლო შეენარჩუნებინა თვალსაჩინო ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი მცირე პერიოდის (1975-1977) გამოკლებით, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით.
ინდოეთის ნაციონალური უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ტერორიზმი, განსაკუთრებით ჩრდილო აღმოსავლეთში ჯამუ და ქაშმირის რეგიონში, ხოლო XXI ს. დასაწყისიდან ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა დელი და მუმბაი. ამის ნათელი მაგალითია ტერორისტული აქტი ნიუ დელში, რომელიც განხორციელდა 2001 წ., ასევე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ მუმბაიში 2008 წ. შემოდგომაზე განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომელსაც 100 000 კაცის სიცოცხლე შეეწირა.
XX ს.-ის მეორე ნახევარში ინდოეთს ჰქონდა საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებთან. დავა ჩინეთთან ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, რომელიც 1962 წ. ჩინეთ-ინდოეთის ხანმოკლე სასაზღვრო ომში გადაიზარდა. ინდოეთმა პაკისტანთან გადაიხადა სამი ომი: 1947, 1965 და 1971 წლებში. უკანასკნელი კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიმდინარეობდა 1999 წ. ქაშმირის შტატში.
1974 წელს ინდოეთმა ჩაატარა მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდა. ამგვარად, ის გახდა ბირთვული კლუბის ახალი წევრი. 1998 წ. ინდოეთმა გამოსცადა ხუთი ახალი მიწისქვეშა ბირთვული იარაღი. 1991 წ. ინდოეთში დაწყებულმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკური სისტემა გახადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი. 1996 წ. ქვეყნის სათავეში მოვიდა რეფორმების გამგრძელებელი ატალა ბიჰარი ვაჯპაის ხელისუფლება. 2004 წ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პარტია ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა სონია განდის მეთაურობით. 2004 წელს 22 მაისს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა მანმოჰან სინგჰმა. 2012 წ. ივლისში ინდოეთში მოხდა ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვა, რომლის შედეგად უშუქოდ დარჩა 600 000 მილიონი ადამიანი.
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 შტატი (state) და 7 მოკავშირე ტერიტორია (union territory).
1990-იანი წლებიდან ინდოეთის ეკონომიკა აქ დაწყებული რეფორმების გამო უფრო მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის, ქვეყანამ სერიოზული ნახტომი გააკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. აღსანიშნავია ტრადიციული კინოინდუსტრია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.