საქართველო XVIII საუკუნეში
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო XVIII საუკუნეში შიდაფეოდალური აშლილობით და მეზობელი ქვყენების, სეფიანური ირანის და ოსმალეთის იმპერიის მიერ შევიწროებით, უკიდურესად იყო დასუსტებული. ქართლ-კახეთის სამეფოს ოსმალეთი ახალციხიდან ავიწროვებდა, ხოლო ლეკები კი დაღესტნიდან ძარცვავდნენ ქვეყანას. დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროები ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ოსმალეთის იმპერიასთან, აჭარა და სამცხე-საათაბაგო კი უშუალოდ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული.
XVIII საუკუნის ბოლოს საქართველოს სამეფო-სამთავროების საერთო მოსახლეობა 300 000-ს არ აღემატებოდა. ქართლში 1682, ხოლო კახეთში 324 სოფელი იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობა დაახლოებით 160 000 კაცს ითვლიდა. მოსახლეობის მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. მოქმედებდა მრავალი ბეგარა-გადასახადი, რომელსაც იხდიდნენ გლეხები ბატონები სასარგებლოდ. სამართალი წარმოებდა ზეპირად, ძლიერის პოზიციის მხრიდან. ქვეყნის ეკონომიკას ჰქონდა ნატურალური მეურნეობის ხასიათი, იწარმოებოდა მხოლოდ ოჯახის შინამოხმარებისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტი. ქალაქები არ წარმოადგენდნენ ვაჭრობა-მრეწველობის ცენტრებს. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი განიცდიდა მოსახლეობის კლებას. ამის მიზეზი იყო ხშირი ომიანობა და თავდასხმები, რის გამოც მოსახლეობა სოფლებს ეხიზნებოდა. 1769 წლის აღწერით თბილისში ცხოვრობდა 21 000 კომლი, ჯამში 85 000 სული.[1] სუსტი იყო როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვაჭრობა.
ერეკლე მეფის დროს ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რაც დამტკიცდა გეორგიევსკის ტრაქტატით 1783 წელს. მიუხედავად ტრაქტატისა რუსეთის იმპერია არ ჩქარობდა გაეწია სამხედრო დახმარება საქართველოსთვის. 1795 წელს თბილისს აღა-მაჰმად ხანი შეესია და ააოხრა.