Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ქართლის ცხოვრება — ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო. შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. „ქართლის ცხოვრებაში“ საყურადღებო ცნობები მოიპოვება სომხეთის, კავკასიის, ალბანეთის, ჩრდილო კავკასიის, აგრეთვე ირანის, თურქეთის, ბიზანტიისა და სხვა ქვეყნებისა თუ ხალხთა შესახებ.
XIX საუკუნეში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, ქ. პატკანოვი) უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“ სიძველეს და ვახტანგ VI-ს მიაწერდა მის შედგენას. მარი ბროსემ, დიმიტრი ბაქრაძემ, ილია ჭავჭავაძემ არაობიექტურობაში ამხილეს „ქართლის ცხოვრების“ კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა. საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული „ქართლის ცხოვრების“ შესახებ თედო ჟორდანიას, მოსე ჯანაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს, სარგის კაკაბაძეს. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ შესწავლაში ივანე ჯავახიშვილმა. საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის ძირითადი დამუშავებასთან ერთად მან თავისი მოსაზრებები გამოთქვა კრებულის შედგენის დროის, შედგენილობის, თანდათან შევსების თაობაზე; დაადგინა (მეტწილად პირობითად) ცალკეულ თხზულებათა მოცულობა, სათაურები. დაწერის დრო და ავტორთა ვინაობა; შეისწავლა მათი მედახეობა და იდეური მიმართულება. ივანე ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული პირობითი სქემის მიხედვით „ქართლის ცხოვრების“ ძველ ნაწილში შემდეგი ნაწარმოებები შედის: ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (უძველესი ხანიდან V საუკუნემდე), ჯუანშერის „ცხოვრება და მოქალაქობა ვახტანგ გორგასლისა“ (V—VIII საუკუნეები), ლეონტი მროველის „წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი“, XI საუკუნის ანონიმი ავტორის „მატიანე ქართლისა“ (VIII—XI საუკუნეები), XII საუკუნის ანონიმი ავტორის „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, სუმბატ დავითის ძის“ „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (უძველესი ხანიდან XI საუკუნემდე), ე. წ. ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე (XII ს.— XIII საუკუნის პირველი მეოთხედი), თამარის 2 უსახელო ისტორიკოსის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ და „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“, XIV საუკუნის ანონიმი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის თხზულება (პირობითად „ასწლოვანი მატიანე“). უნდა ითქვას, რომ ყველა მკვლევარი არ ეთანხმება „ქართლის ცხოვრების“ ასეთ შედგენილობას. კორნელი კეკელიძემ. პავლე ინგოროყვამ, ნიკოლოზ ბერძენიშვილმა, გიორგი მელიქიშვილმა, კონსტანტინე გრიგოლიამ არსებითი ხასიათის შესწორებები წამოაყენეს ამ პირობითი სქემის მიმართ.
კრებულის დანიშნულების, მისი იდეური და პოლიტიკური მიმართულების, აგებულებისა და შედგენილობის შესწავლა, აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი მოწმობს, რომ „ქართლის ცხოვრება“ შედგენული უნდა იყოს XII საუკუნის I მეოთხედში, ქვეყანაში ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არსებობის დროს (სხვა მოსაზრებით „ქართლის ცხოვრება“ შედგენილია VII—VIII, VIII—IX, X, XI საუკუნის მიწურულს, XI—XII მიჯნაზე, XII საუკუნის II ნახევარში). „ქართლის ცხოვრება“ ქართული ისტორიოგრაფიის ოფიციალური ძეგლია. კრებულში შეტანილი ყველა ნაწარმოების ავტორები სამეფო ხელისუფლების აქტიური მომხრენი არიან.
„ქართლის ცხოვრების“ შედგენა და თანდათან შევსება შემდეგნაირად ხდებოდა: თავდაპირველად კრებულში შეტანილ იქნა ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ნაწარმოებები და „მატიანე ქართლისა“, ე.ი. თხზულებები, რომლებშიც გადმოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი ხანიდან XI საუკუნის 70-იან წლებამდე. XII საუკუნის II მეოთხედში კრებულში შეიტანეს „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“, რომელიც საგანგებოდ უნდა იყოს დაწერილი „ქართლის ცხოვრებისთვის“. ასე დასრულდა „ქართლის ცხოვრების“ უძველესი, ყველა ნუსხისათვის საერთო ნაწილის შედგენა. ამ შედგენილობით „ქართლის ცხოვრება“ XII საუკუნის შუა წლებში სომხურად ითარგმნა. XII საუკუნის II ნახევარსა და XIII—XIV საუკუნეებში კრებული სხვადასხვა ნაწარმოებებით შეივსო, რის გამოც გაჩნდა განსხვავებული შედგენილობის ნუსხები.
„ქართლის ცხოვრების“ ადრინდელი ხელნაწერები არ არის შემონახული. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებს შორის ყველაზე ადრინდელად არის მიჩნეული ე. წ. ანასეული „ქართლის ცხოვრება“, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი 1479–1495 წლებით ათარიღებდა (ს. კაკაბაძე, ნ. შოშიაშვილი, რ. პატარიძე პალეოგრაფიულად და ჭვირნიშნების მიხედვით XVI საუკუნის მიწურულითა და XVII საუკუნის დამდეგით ათარიღებენ). XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება ე. წ. ჯანაშვილისეული ნუსხის ძველი ნაწილი (ახალი ნაწილი 1731 წელს არის გადაწერილი), ხოლო ე. წ. მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“ დაახლოებით 1634—1645 წლებშია გადაწერილი, მცხეთური ნუსხის პირი, 1697 წელს არის შესრულებული (ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტს შეიცავს აგრეთვე ე. წ. მაქჩაბლისეული ნუსხა, რომელიც 1736 წელს გადაუწერიათ არჩილ მეფის ნაქონი ხელნაწერიდან და XVIII საუკუნის დამდეგს შესრულებული ე. წ. თეიმურაზისეული ნუსხის II ნაწილი). მცხეთური „ქართლის ცხოვრებიდან“ მომდინარე ნუსხებს (მარიამისეული, მაჩაბლისეული) შეტანილია სუმბატ დავითის ძის, თამარის ე. წ. პირველი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის თხზულებები; ანასეულ-ნუსხაში — ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის, ხოლო ჭალასეულში — თამარის ე. წ. მეორე ისტორიკოსის თხზულებები. XV—XVII საუკუნეებში „ქართლის ცხოვრება“ აღარ შეუვსიათ.
არსებობს მოსაზრება, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ შეტანის დროს თხზულებებს დასაწყისსა და ბოლოს აცილებდნენ, რის გამოც დაიკარგა ამ ნაწარმოებთა ავტორების ვინაობა, შედგების თარიღი და ზოგჯერ სათაურიც. მაგრამ ზოგიერთი თხზულება ალბათ იმთავითვე „ქართლის ცხოვრებისთვის“ იყო გამიზნული, როგორც წინა თხზულებების გაგრძელება (მაგ., დავითის ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის თხზულებები). ცალკეული ავტორების სახელები კი შემთხვევით არ იქნა ამოღებული.
„ქართლის ცხოვრება“ გაბატონებული კლასის,, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი იყო და მათ ინტერესებს იცავდა. მის ძირითად შინაარს, მცირე გამონაკლისის გარდა, მეფეთა, დიდებულთა, მხედართმთავართა მოღვაწეობის, მათი ბრძოლების აღწერა შეადგენს. „ქართლის ცხოვრების“ ავტორთა მსოფლმხედველობას საფუძვლად უდევს ქრისტიანობის კონცეფცია ისტორიული პროცესისა. მისთვის დამახასიათებელია პროვიდენციალიზმი, ისტორიული მოვლენების განგების ძალით ახსნა, სასწაულების რწმენა და ა. შ. ზოგჯერ „ქართლის ცხოვრების“ ავტორები ცდილობენ თავი დააღწიონ პროვიდენციალიზმს და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეძებენ მოვლენებს შორის.
„ქართლის ცხოვრების“ ავროტები ხშირად იყენებენ ზეპირსა და წერილობით წყაროებს, თუმცა შედარებით იშვიათად იმოწმებენ მათ. წყაროთმცოდნეობითი ბაზა მათთვის იყო თქმულებანი და ზეპირგადმოცემები, წინარე ხაბის ქართული თხზულებები და საბუთები, ბერძნული, სომხური, აღმოსავლური წყაროები. „ქართლის ცხოვრების“ ავტორთა დამოკიდებულება გამოყენებული წყაროების მიმართ არ არის კრიტიკული, თუმცა გვხვდება ისტორიის კრიტიკის ელემენტებიც. „ქართლის ცხოვრების“ ბევრი ცნობა დასტურდება არქეოლოგიური მასალით, ქართული ეპიგრაფიკული და დოკუმენტური წყაროების, ბერძნული, ლათინური, სომხური, აღმოსავლური თხზულებების მონაცემებით.
„ქართლის ცხოვრების“ უძველესი ხელნაწერებიდან გამოცემულია მარიამისეული (1906, ექვთიმე თაყაიშვილი) და ანასეული ნუსხები (1942, სიმონ ყაუხჩიშვილი). 1955—1959 ს. ყაუხჩიშვილმა ძველი და ვახტანგისეული რედაქციის ხელნაწერთს მიხედვით 2 ტომად გამოსცა „ქართლის ცხოვრება“ (მეორე ტომში შევიდა „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებებიც). არსებობს აგრეთვე კრებულში შეტანილ თხზულებათა ცალკე გამოცემებიც. „ქართლის ცხოვრების“ ბევრი თხზულება მთლიანად ან ვრცელი ნაწყვეტების სახით თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. გამოცემულია „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანიც (1953, ი. აბულაძე).
XIX საუკუნის ისტორიკოსები ენდობოდნენ „ქართლის ცხოვრების“ ყოველ ცნობას. ივანე ჯავახიშვილმა ქართული ისტორიოგრაფიაში დანერგა მომეტებულად კრიტიკული მიდგომა წყაროების მიმართ, რის შედეგად მთლიანად იქნა უარყოფილი ზოგიერთი თხზულების, როგორც საისტორიო წყაროსმი მნიშვნელობა. ამჟამად ასეთი დამოკიდებულება „ქართლის ცხოვრების“ მიმართ დაძლეულია. ქართველი ისტორიკოსები ახლებურად კითხულობენ „ქართლის ცხოვრებას“ , სწავლობენ უმნიშვნელოვანეს ნუსხებს. გამოსაცემად ამზადებენ ცალკეულ თხზულებებს.
"ქართლის ცხოვრების" ხელნაწერებს სპეციალისტები ყოფენ ორ ძირითად ჯგუფად – ვახტანგამდელი და ვახტანგისეული. ვახტანგამდელი ხელნაწერების რედაქციები უძველესია და გადაწერილი არიან ვახტანგ VI-ს მიერ ჩატარებულ სარედაქციო საქმიანობამდე.
ამ ჯგუფის რედაქციები შემორჩენილია 4 ხელნაწერით, რომელთაგან უძველესია ანასეული:
ამ ჯგუფის რედაქციები შემორჩენილია 16 მთავარი ხელნაწერით:
არსებობს "ქართლის ცხოვრების" ძვ. სომხური თარგმანი, შემორჩენილი ოთხი რედაქციით. შესაძლოა ის განხილულ იქნას არა როგორც თარგმანი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), არამედ როგორც ქართული ორიგინალის ადაპტაცია:
სახელი | თარიღი | ავტორი | პერიოდი რომელსაც მოიცავს |
---|---|---|---|
ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა | IX ან XI საუკუნე | ლეონტი მროველი (?) | ძვ.წ. IV საუკუნე - ახ.წ. V საუკუნე |
ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა | მიახ. 800 წელი ან XI საუკუნე | ჯუანშერ ჯუანშერიანი | V-VIII საუკუნეები |
წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი | IX ან XI საუკუნე | ლეონტი მროველი ან ჯუანშერ ჯუანშერიანი | 736–786 |
მატიანე ქართლისა | XI საუკინე | ანონიმი | 786–1072 |
ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი | XII საუკუნე | ანონიმი (დავითის ისტორიკოსი) | 1072–1125 |
ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა | XI საუკინე | სუმბატ დავითისძე | VI საუკუნე–1031 |
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი | XIII საუკუნე | ანონიმი | 1156-1212 |
ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე | 1223 | გიორგი IV-ს ანონიმი ისტორიკოსი | 1125-1223 |
ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი | 1210-1213 | ბასილი ეზოსმოძღვარი | 1184–1210/1213 |
ასწლოვანი მატიანე | XIV საუკუნე | ანონიმი | 1212-1318 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.