Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბორჯომის ხეობა — მდინარე მტკვრის ხეობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სოფელ აწყურიდან (სამხრეთ-დასავლეთი) სოფელ ტაშისკარამდე (ჩრდილო-აღმოსავლეთი). მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. ხეობის ფერდობებს ქმნის მესხეთისა და თრიალეთის ქედები. ბორჯომის ხეობა ახალციხის ქვაბულს შიდა ქართლის ბართან აკავშირებს. გენეტურად ტექტონიკური-ეროზიული ღრმა (1300-1500 მ) გამკვეთი ხეობაა, მდებარეობს ზღვის დონიდან 710-900 მ. აგებულია ძლიერი დანაოჭებული პალეოგენური, უმთავრესად ანდეზიტური ტუფბრექჩიებით და ფლიშური წყებებით. ბაკურიანის ლავური ნაკადის ბოლო ქალაქ ბორჯომთან მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე აღწევს.
ბორჯომის ხეობის გაგანივრებულ ტერასულ უბნებს ციცაბოფერდობებიანი ვიწრობები ენაცვლება. ხეობის ფერდობები დასერილია ხევებით. ბევრგანაა მეწყრები და გაშიშვლებული კლდეები. ბორჯომის ხეობა მდიდარია გრუნტის წყლებითა და წყაროებით, რომელთა შორის ბევრი მინერალური წყაროა. ხეობის მარცხენა მხარის დიდი ნაწილი ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს უჭირავს.
ბორჯომის ხეობაში გადის ელექტროფიცირებული რკინიგზა და საავტომობილო გზატკეცილი. მთის ზომიერი ჰავა და უნიკალური სამკურნალო წყაროები საკურორტო მეურნეობისათვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს ქმნიან. ხეობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი კლიმატური-ბალნეოლოგიური კურორტებია: ბორჯომი, ბაკურიანი, ახალდაბა, წაღვერი, ციხისჯვარი, ცემი, ტბა და სხვა.
ისტორიულ-გეოგრაფიული ბორჯომის ხეობა უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. სახელწოდება „ბორჯომის ხეობა“ პირველად 1819 წლის საბუთში გვხვდება. მანამდე მას სადგერი ხეობა ეწოდებოდა (XV საუკუნიდან) და მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (მოიცავდა სოფელ სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისგან შედგებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია. II-IV საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც XV საუკუნემდე თორის მხარე ეწოდებოდა. XV საუკუნეში აქ ავალიშვილთა სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. XV საუკუნის ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობა ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხიზნა.
XVIII საუკუნის ბოლოსათვის ბორჯომის ხეობა მთლიანად გაუკაცრიელდა. აქ არსებული მატერიალური კულტურული ძეგლები დაინგრა, ბევრი მთლიანად განადგურდა. ახალციხის საფაშოს მოშლისა და სამცხე-საათაბაგოდან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (1829) დაიწყო ბორჯომის ხეობის ხელახალი დასახლება. XIX საუკუნის 50-60 წლებში ზემო იმერეთიდან და ზემო ქართლიდან ბორჯომის ხეობაში 205 კომლი გადმოსახლდა. შემდგომში აქ უკრაინელი და ბერძენი მოახალშენენიც დასახლდნენ. 1871 წელს ბორჯომის ხეობა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა. ამ დროიდან აქაური გლეხობის მდგომარეობა გაუარესდა, რასაც 1899 წაღვერისა და კიმოთესუბნის გლეხთა აჯანყება მოჰყვა. 1918 წლის 7 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ბორჯომის ხეობა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით ბორჯომის ხეობა სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.