Remove ads
სოფელი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
აწყური[2] — სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში,თემის ცენტრი (სოფლები: აწყური, თისელი, ტყემლანა). მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირებზე, აბანოსღელის შესართავთან, ზღვის დონიდან 900 მ, ახალციხიდან 22 კმ. სოფელში მისდევენ მეცხოველეობას, მეხილეობას, არის საჯარო სკოლა, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, აფთიაქი. შუა საუკუნეებში იყო ქალაქი.
სოფელი | |
---|---|
აწყური | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
თემი | აწყური |
კოორდინატები | 41°43′45″ ჩ. გ. 43°09′34″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XI საუკუნე |
ადრეული სახელები | სოსანგეთი, აწყვერი |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1539[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,2 % სომხები 2,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1539 ადამიანი.
ა-წყურ-ი ა- არის პრეფიქსი, ხოლო წყურ — ფუძე დაკავშირებულია წყალთან. ამოსავალია წყ ძირი. ეს ძირი გვხვდება წყალთან დაკავშირებულ ისეთ ქართველურ სიტყვებში, როგორებიცაა: წყალი, წყარო, წყარ-, წყუ-, წყორ-. იგივე წყ ძირი გვაქვს სიტყვებში: ნე-რ-წყ-ვ-ი, რ-წყ-ევ-ა. შესაბამისად, აწყური ნიშნავს წყლიან ადგილს, წყლის ადგილს.[4]
აწყური საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო. ადრინდელი სახელწოდება იყო სოსანგეთი, ქართულ წყაროებში აწყვერის სახელითაც გვხვდება. მატიანეში პირველად XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. ქართულ წყაროების თანახმად, ბიზანტიის კეისარ ჰერაკლეს ლაშქრობის დროს (VII ს.) აქ საყდარი აუგიათ.
ადრინდელი ფეოდალურ ხანაში აწყური სამცხის პოლიტიკური ცენტრი და სამძივართა ფეოდალური საგვარეულოს ადგილსამყოფელი იყო. ასევე მნიშვნელოვან პუნქტად ითვლებოდა იგი სამცხე-საათაბაგოს არსებობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. აწყურში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები, კალიგრაფები, წიგნის მკაზმავნი გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), გაბრიელ კოტაი (XI ს.), იოაკიმე მაწყვერელი (XVI ს.), იერემია მაწყვერელი (XVI ს.) და სხვები.
XVI საუკუნის II ნახევარში აწყური ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. XVIII საუკუნეში აწყური პატარა ქალაქად ითვლებოდა. მასში ოსმალეთის იმპერიის მონაპირენი იდგნე და მოწყობილი იყო საბაჟო.[5] 1829 წელს ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით გადაეცა რუსეთის იმპერიას და შევიდა ახლადშექმნილ ახალციხის მაზრაში.
XIX საუკუნის 30-იან წლებში აწყურის მოსახლეობა დაიცალა ქართველთა დიდი ნაწილისაგან: ზოგი ომში დაიღუპა, ზოგიც საზღვარგარეთ წავიდა. „1830 წელს აწყურში დასახლდა არზრუმელი სომხების 166 ოჯახი“ ... მათ დახვდათ 461 კომლი ქართველი მაჰმადიანი და 31 კომლი ებრაელი. „ახლად დასახლებული კოლონისტები ადგილობრივ მოსახლეობას არ შერევიან. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მტკვრის მარჯვენა მხარეს ცხოვრობდა, ხოლო ახალჩამოსახლებულები - მტკვრის მარცხენა მხარეს“.[6]
აწყურში იყო საეპისკოპოსო ცენტრი. აწყურის საეპისკოპოსო საქართველოს ეპარქიათა შორის ერთ-ერთი უძველესია. აწყურის ეპისკოპოსი იწოდებოდა მაწყვერელად. პირველი ეპისკოპოსი, ვისმა სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის იოსები, რომელიც VI საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ბოლო ეპისკოპოსი, ვისი სახელიც ვიცით, იყო გედეონი, რომელმაც უკვე სულთნისგან მიიღო აწყურის კათედრა.[7]
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ თანახმად, უკვე გრიგოლის დროს, VIII–IX საუკუნეებში არსებობდა აწყურის საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც XII–XVI საუკუნეებში სამცხის საეკლესიო ცენტრი გამხდარა.
მაწყვერელ ეპისკოპოსთა შორის გამორჩეული იყო ეფრემ დიდი მაწყვერელი (კათედრას უძღვებოდა 855–895 წლებში), გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე წერს:
დღეისათვის აწყურის ტერიტორიაზე შემორჩენილია ღვთისმშობლის გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები (გაირჩევა ორი ფენა - X-XI და XIII-XIV სს.). ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში. გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დანგრეულია კედლის ზედა ნაწილებიც. საკურთხეველსა და მის ორსავე მხარეზე მდებარე სათავსებს (ე. წ. სადიკვნესა და სამკვეთლოს) აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. შიგნით გადარჩენილია მორთულობის ფრაგმენტები - კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით, საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა და სხვა, მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელია. აწყურის ტაძარი ბევრჯერ დაზიანებულა მიწისძვრებით და კვლავ აღუდგენიათ. როგორც ჩანს, ძეგლი ოსმალთა ბატონობის ბოლო წლებში საბოლოოდ დანგრეულა. შემორჩენილია აგრეთვე სხვა, X-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.
სოფლის ტერიტორიაზე დგას ციხე-სიმაგრეები: სლესის (მოქცევის) ციხე და აწყურის ციხე, ასევე საკანაფე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.