From Wikipedia, the free encyclopedia
შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ (შემ: ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა) — ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, დაიწერა გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდგომ. აღწერილი ამბები VIII-IX საუკუნეთა ტაო-კლარჯეთში ხდებოდა. გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწე იყო. თავისი ნაწარმოები „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“ მას დაწერილი უნდა ჰქონდეს X საუკუნის მეორე ნახევარში. მასში აღწერილია VIII-IX საუკუნეების ვითარება ქართველთა სამეფოში[1].ნაწარმოების ავტორისეული პირი შემორჩენილი არ არის. გვიანდელი ტექსტი აღმოაჩინა ნიკოლოზ ჩუბინაშვილმა 1845 წელს იერუსალიმში, ჯვრის ქართული მონასტრის წიგნთსაცავში.
გიორგი მერჩულე, ხსენებული ნაწარმოების მიხედვით, ფრიად განათლებული პიროვნება ჩანს. „მერჩულე“, როგორც ეს პავლე ინგოროყვამ დაამტკიცა, ავტორის პროფესიის აღმნიშვნელი სახელწოდებაა და ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს.[2]
ოპიზართა სიგელის მიხედვით, რთული სასამართლო საქმეების გარჩევის დროს, სასამართლოში იწვევდნენ საერო სამართლის მცოდნეებს, იურისტებს. ეს იურისტები, როგორც ირკვევა, დიდ როლს ასრულებდნენ სამართლის წარმოებაში და თავისი ფუნქციებით რომის იურისტებს ემსგავსებოდნენ.[3] აღსანიშნავია, რომ მერჩულე კანონიკური სამართლის სპეციალისტი, დიდი სწავლული ყოფილა.[4]
ავტორი არათუ გადმოგვცემს რეალურ ვითარებას საეკლესიო და საერო ხელისუფალთა ურთიერთობის შესახებ, არამედ ამჟღავნებს კიდეც სიმპათიას მის მიერ აღწერილი მოვლენებისადმი. ნაწარმოების მიხედვით, სახელმწიფოში წამყვანი უნდა იყოს ეკლესია, რომლის საქმეებში საერო ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს, ეკლესიის მსახურნი კი უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საერო საქმეებში.
ნაწარმოების მიხედვით, ეკლესიის მსახური და საერთოდ ეკლესია არ უნდა ექვემდებარებოდეს საერო ხელისუფლებას:
„დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელისაი, შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტეი ყოველთა დაბადებულთაი, შენ წარმავალსა ამა ჟამსა მეფე ხარ, ხოლო ქრისტეი საუკუნო მეფე... (საბა იშხნელი)“ |
„ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან (გრიგოლ ხანძთელი)“ |
მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით უფროსისადმი ბრმა მოირჩილება სასურველია. ნაწარმოების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების შინაგან მმართველობაში მტკიცედ განსაზღვრული იერარქიული დაქვემდებარება არსებობდა და ამ გარემოებას ავტორი საგანგებოდ უსვამს ხაზს (მამასახლის ეპიფანეს ამბავი).
გრიგოლ ხანძთელის აზრით, მეფე უნდა იყოს ეკლესიის და ქრისტიანობის დამცველი, სამხედრო საქმის მცოდნე, კარგი მეომარი. ეკლესიის მსახურთ კი ევალებათ მხარში ამოუდგნენ ძლიერსა და ქრისტიანობისთვის მებრძოლ მეფეს.[6]
ნაწარმოებში ისეთი იდეაა გატარებული, რომ მეფეები, მთავრები დიდ დახმარებას უწევდნენ ეკლესია-მონასტრებს. სამაგიეროდ, თავის მხრივ, ეკლესია-მონასტრების წარმომადგენლებიც ადიდებენ მათ. გიორგი მერჩულეს გადმოცემით, გრიგოლი ადიდებს აშოტ კურაპალატს, როგორც პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს. გრიგოლის სიტყვებით, მეფის ხელისუფლება ღვთისგანაა გაჩენილი,[7] ამასთან, აშოტ კურაპალატის ხელისუფლების სიმტკიცეს გრიგოლ ხანძთელი აშოტის ბიბლიური წარმოშობითაც ასაბუთებს: აშოტის გვარი დავით წინასწარმეტყველიდან მომდინარეობს, მაშასადამე, ეკლესია მთელი თავისი არსებით მხარს უჭერს საერო ხელისუფლებას.
გიორგი მერჩულეს აზრით ეკლესიას თავისი მმართველობა აქვს, სახელმწიფოს - თავისი. შინაურ საქმეებში ჩაურევლობა უნდა იყოს მათი თანაარსებობის საფუძველი, მაგრამ ამ თანაარსებობაში ზოგიერთ გამონაკლისს მაინც უშვებს ეკლესიის სასარგებლოდ. მაგალითად, გრიგოლ ხანძთელი ჩაერია კურაპალატის საოჯახო საქმეებში, ამხილა ხელმწიფე, რომელსაც „სიძვის დიაცი“ ჰყავდა.
საოჯახო საქმეებში, ქორწინების საკითხებში ეკლესია ფეოდალიზმის დროს გულმოდგინედ ერეოდა. გიორგი მერჩულეს აზრით, საერო ხელისუფლება მარცხდება ეკლესიის წარმომადგენლებთან შეჯახების დროს. ეკლესიის წარმომადგენელთა მოქმედება მუდამ გამართლებულია, მისაბაძი. გიორგი მერჩულეს შეხედულებით, სასტიკად უნდა იქნეს დაცული ქორწინება, თუნდაც ის არ იყოს სიყვარულზე დამყარებული. შეუღლება სოცილურად ერთ საფეხურზე მდგომ პირთა შორის არის დასაშვები, ამასთან შეუღლება უნდა ხდებოდეს მშობლებისა და ახლობლების თანხმობით (ზენონის დის ამბავი).[8]
თხზულებაში საყურადღებოა გიორგი მერჩულეს შეხედულება დანაშაულის შესახებ. მისი აზრით, დანაშაული მძიმდება, როცა საქმე გვაქვს მოსყიდვით მკვლელობასთან, ე.ი. როცა სასყიდლით დაქირავებული მკვლელი ჩადის დანაშაულს, მკვლელი კი „უბრალოა“[9]. ძეგლის მიხედვით, თუ დაზარალებულს, ან მოკლულს რაიმე ბრალი მიუძღვის, ე.ი. რაიმე დანაშაული ჩაუდენია, ეს გარემოება უმსუბუქებს მის მკვლელს დანაშაულს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.