საქართველო IV საუკუნეში
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო IV საუკუნეში ― IV საუკუნე საქართველოში აღინიშნა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებით. ამავე საუკუნეში შეუქცევადი გახდა საქართველოს ტერიტორიაზე ფეოდალლური ურთიერთობების ჩამოყალიბება.
IV საუკუნეში იბერიის სამეფოს საზღვრები შემცირებული იყო. ის ვრცელდებოდა აღმოსავლეთით ბერდუჯის მდინარემდე, სადაც ციხე–ქალაქი ხუნანი მდებარეობდა. იბერიაში არ შედიოდა კამბეჩოვანი და ჰერეთი, ხოლო დასავლეთით ტაო და სპერი. სახელმწიფო იყოფოდა ხევეად, რომლებიც ერთიანდებოდნენ საერისთავოებში. დედაქალაქი იყო მცხეთა.
III საუკუნის ბოლოს, 299 წელს, რომის იმპერიასა და სასანიანთა იმპერიას შორის დაიდო ნიზიბისის ზავი. ირანმა რომს დაუთმო 5 სომხური პროვინცია შუამდინარეთში და ცნო რომის პროტექტორატი დიდ სომხეთსა და იბერიაზე. დიდი სომხეთის ტახტზე იმპერატორ დიოკლეტიანეს ხელდასმით ავიდა თრდატ III. რომის იმპერატორისგან იღებდა სამეფო ნიშნებს ქართლის მეფეც.