ტაო
ისტორიული რეგიონი / From Wikipedia, the free encyclopedia
ტაო, ტაონი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.
ეს სტატია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს ეხება. დიდი სომხეთის პროვინციის შესახებ იხილეთ ტაიქი. |
აღმოსავლურ-ქართველური სახელმწიფოს — ქართლის სამეფოს წარმოქმნის (ძვ. წ. IV-III საუკუნეები) ხანაში ტაო მისი ორგანული ნაწილი იყო. ძვ. წ. II საუკუნიდან ის სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში გადადის. IV—VII საუკუნეებში ტაო მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. სომხეთის სახელმწიფოს ორბიტაში ყოფნა იწვევდა სომხური კულტურის დანერგვასა და გაძლიერებას, მიგრირებული სომხური ეთნიკური ელემენტის მომძლავრებას. ქართული მოსახლეობა თანდათან კარგავდა თავის ეთნიკურ-კულტურულ სახეს. რელიგიის დაპირისპირების ვითარებაში, როდესაც სომხურმა ეკლესიამ ქალკედონის საეკლესიო კრება დაგმო და მონოფიზიტობა აღიარა, ქართულმა ეკლესიამ კი დიოფიზიტობა. ტაო დიოფიზიტობის (ქალკედონიზმის) ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა; VII საუკუნეში ქართული მოსახლეობა უბრუნდებოდა თავის ეთნიკურ-კულტურულ წრეს; VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. ტაო გარდაიქცა ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთ უდიდეს კერად. XVI საუკუნეში ტაო სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში მისი ნაწილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია.