საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში — საქართველოს ისტორიის ნაწილი, რომელიც მოიცავს XIX საუკუნეს მთლიანად და XX საუკუნის დასაწყისს. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველო იყო 1801-დან 1917 წლამდე[1]: 1801 წელს საქართველომ მიიღო გუბერნიის სტატუსი და შემდგომ რჩებოდა იმპერიის შემადგენლობაში მისი არსებობის ბოლომდე 1917 წელს.[2]საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ეტაპობრივად, ჯერ იმპერიამ მიიერთა ქართლ-კახეთის სამეფო ალექსანდრე I-ის მანიფესტით, ხოლო პროცესი დაასრულა 1877-1878 წლების ომში ოსმალეთისთვის სამხრეთ საქართველოს ისტორიული მხარეების წართმევით.
რუსეთის იმპერიაში ყოფნის დროს ფეოდალიზმი საქართველოში კაპიტალიზმით შეიცვალა[3], გაიზარდა მოსახლეობა, ვითარდებოდა საქალაქო ცხოვრება, ვითარდებოდა სკოლების ქსელი, შენდებოდა რკინიგზა.[4] 1783 წელს დაიწყო საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობა, რომლის გასწვრივ აშენდა რამდენიმე სიმაგრე, მათ შორის ვლადიკავკაზის.[5] 1817 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია.[6] რუსეთის ხელისუფლების წინაშე იდგა სახელმწიფოს გაერთიანების ამოცანა, რასთან დაკავშირებითაც 1811 წელს გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რის შემდეგაც საქართველო გახდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსო.[7] 1861 წელს ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ალექსანდრე II აპირებდა მის საქართველოშიც გაუქმებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო ქართველი თავადაზნაურობის ახლად შეძენილი ლოიალობის დაკარგვის გარეშე, რომელთა კეთილდღეობა ყმების შრომაზე იყო დამოკიდებული. ბატონყმობა საქართველოში სრულიად მხოლოდ 1870-იან წლებში გაქრა.[8] საქართველო და მთლიანად, ამიერკავკასია რუსეთის მმართველობას ჩამოსცილდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.