Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 (26) აპრილი, 1811/1814[შენიშვნა 1][1] მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი (5 ნოემბერი), 1887, სტავროპოლი, რუსეთის იმპერია) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1864-1870 წლებში, სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, ტფილისის ქალაქის თავი 1875-1879 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე 1879-1882 წლებში, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1885-1886 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად (2007).
დიმიტრი ყიფიანი | |
ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მაისი, 1885 – 1886 | |
მონარქი | ალექსანდრე III |
წინამორბედი | ნესტორ წერეთელი |
მემკვიდრე | ალმასხან ნიჟარაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მაისი, 1879 – 1882 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1875 – 1879 | |
მონარქი | ალექსანდრე II |
წინამორბედი | იასონ თუმანოვი |
მემკვიდრე | ალექსანდრე მატინოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1864 – 1870 | |
მონარქი | ალექსანდრე II |
წინამორბედი | ალექსანდრე ორბელიანი |
მემკვიდრე | რევაზ ანდრონიკაშვილი |
დაბადებული | 26 აპრილი, 1811 მერეთი |
გარდაცვლილი | 5 ნოემბერი, 1887 (73 წლის) სტავროპოლი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ეროვნება | ქართველი |
მამა | ქოჩო (ივანე) ყიფიანი |
დედა | ბარბარე ფურცელაძე |
მეუღლე | ნინო ჭილაშვილი |
შვილები | ნიკოლოზ ყიფიანი კონსტანტინე ყიფიანი ელენე ყიფიანი |
პროფესია | სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი, მთარგმნელი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ხელმოწერა |
დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მოსწავლე (1830) და შემდგომ გიმნაზიად გადაკეთებული სასწავლებლის გეოგრაფიის, არითმეტიკის, ქართულისა და რუსული ენის, სუფთად წერის მასწავლებელი. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გადასახლებული იყო ვოლოგდაში, სადაც გუბერნატორის კანცელარიაში მუშაობდა. აქედან დაიწყო მისი სახელმწიფო მოხელეობის კარიერაც. იგი 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანოაბში აქტიურად ჩაერთო.
1837-1864 წლებში იყო მთავარმართლებლის კანცელარიის თანამშრომელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. იგი, აგრეთვე, იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. 1886 წელს ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. წყევლის საპასუხოდ ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც იმპერატორის აგენტებმა მოკლეს.
დიმიტრი ყიფიანი ლიტერატურილი მიმართულებითაც აქტიურად მუშაობდა. 1841 წელს თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, რუსულ ენაზე თარგმნა გიორგი ერისთავის „გაყრა“. 1857-იდან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, პიერ ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“. დიმიტრი ყიფიანი წერდა საისტორიო ჟანრის თხზულებებსაც. ის იყო XIX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის წამოწყებულ საქმეებს, რაც შემდგომში ცალკეულ ინსტიტუციებად ჩამოყალიბდა.
დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1811 წლის (ზოგიერთ ჩანაწერში 1814 წელს) 26 აპრილს[1] გორის მაზრის სოფელ მერეთში, ქოჩო (ივანე) ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრის მამა ქოჩო ყიფიანი სააბაშიოდან წამოსული აზნაური იყო. ოჯახს, დიმიტრის გარდა, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი ძმა ქაიხოსრო ყიფიანი დიმიტრიზე 20 წლით უფროსი იყო. გარდაიცვალა 1867 წელს, სოფელ ქვიშხეთში. მისი მეორე ძმა გიორგი ყიფიანი (1800-1874) სიკვდილამდე სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანთან ცხოვრობდა, მესამე ძმა იოსებ ყიფიანი (1805-1841/1851) იყო. დიმიტრი ყიფიანის დები იყვნენ თინათინ ყიფიანი-მუსხელიშვილისა და ანასტასია ყიფიანი-კვალიაშვილისა.[2]
ნიკოლოზ ყიფიანის ჩანაწერების მიხედვით დიმიტრის მამა ადრეულ ასაკში გარდაცვლილა, ხოლო დედაც რამდენიმე წელში, როცა დიმიტრი 7-8 წლის იქნებოდა.[3] მაგრამ მკვლევარი გურამ ყორანაშვილი შენიშნავს, რომ 1833 წლის დაკითხვისას ჩანს, რომ იმ დროს ბარბარე ფურცელაძე ცოცხალი უნდა ყოფილიყო.[4] ამიტომ დიმიტრი ყიფიანის დედის გარდაცვალების პერიოდი სამეცნიერო ლიტერატურაში სადავოა.
დიმიტრი ყიფიანმა წერა-კითხვა, ანგარიში და საღვთო სჯული ჯერ კიდევ მერეთში, ბავშვობის ასაკში შეისწავლა. ობოლ ძმებზე უფროსი ძმა — ქაიხოსრო ყიფიანი ზრუნავდა. ქაიხოსროს დიმიტრი სამსახურში, სურამში დაჰყავდა და აქვე გაიცნო მან თბილისში მცხოვრები პრაპორშჩიკი ნიკიფორე ფედოროვი. ნიკიფორე ფედოროვის მეუღლეც ყიფიანი იყო და ის ერთხანს ქაიხოსროსთან ცხოვრობდა, სადაც დიმიტრის ნიჭიერება, რუსული ენის სწრაფი ათვისების უნარი აღმოაჩინა. მან გადაწყვიტა დიმიტრი ეშვილა და ამგვარად იგი ერთხანს რუსულ-ქართულ ოჯახშიც იზრდებოდა.[4]
ერთი წლის განმავლობაში დიმიტრი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, შემდგომ ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელში.[3]
„როგორც სასულიერო სემინარიაში, აგრეთვე კეთილშობილთა სასწავლებელშიაც ერთს ადგენენ: ანიდან ჰოემდე უაზროთ გაზეპირებას და რაიმე დანაშაულისათვის კი ხელის გულზე სახაზავით ცემას. ეს იყო და ეს მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე. მე ჯერ სემინარიაში მიმაბარეს. შემდეგ კი საჭირო დოკუმენტები შემიკრიბეს და კეთილშობილთა სასწავლებელში გადამიყვანეს.[5]“ |
- აღნიშნავს დიმიტრი ყიფიანი მემუარებში.
17 წლის დიმიტრიმ 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი. 1830 წლის 1 ნოემბერს, უკვე გიმნაზიად გადაკეთებულ სასწავლებელში პედაგოგიურმა საბჭომ, შესაბამისი გამოცდების შემდეგ უმცროსი მასწავლებლის თანამდებობაზე მიიღო. იგი პირველ კლასში ასწავლიდა გეოგრაფიას, არითმეტიკას, ქართულ და რუსულ ენებს, ხოლო მეორე კლასში სუფთად წერას.[6]
ქართლ-კახეთის სამეფოსა და დანარჩენი სამეფო-სამთავროების რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ არ წყდებოდა წინააღმდეგობის მოძრაობა გუბერნიებად დაყოფილ საქართველოში. ამის ერთ-ერთი მაგალითია 1832 წლის შეთქმულება, რომელიც საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლების იდეისკენ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული წინააღმდეგობრივი მოძრაობა იყო. შეთქმულების ორგანიზატორთა შორის იყვნენ დიმიტრი ბატონიშვილი, ოქროპირ ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, გიორგი ერისთავი. ორგანიზაციას მალე შეუერთდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი და სხვები. შეთქმულების მარცხი იასე ფალავანდიშვილის მიერ ხელისუფლებასთან დასმენამ განაპირობა. 1832 წლის 11 დეკემბრიდან შეთქმულთა დაპატიმრებები დაიწყო.[7]
ნიკოლოზ ყიფიანის ჩანაწერებში ვკითხულობთ:
„სანამ გამოძიება გათავდა გავიდა თითქმის ერთი წელიწადი, როცა მეტეხის ციხეში დაამწყვდიეს, მოითხოვა ფრანგული წიგნები და შეუდგა გულ-მხურვალედ ფრანგული ენის სწავლასა. მანამ მეტეხის ციხეში იჯდა, ისწავლა ფრანგული საფუძვლიანად, ასე რომ თავისუფლად კითხულობდა ფრანგულ წიგნებსა.[8]“ |
შეთქმულების მონაწილეებს სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თუმცა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა შეიწყალა. სიკვდილით დასჯა გადასახლებით შეცვალეს. დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს.[9]
1834 წელს დიმიტრი ყიფიანის ვოლოგდაში გადასახლების შემდეგ მას ნება დართეს ვოლოგდის გუბერნატორის კანცელარიაში დაეწყო მუშაობა. თავდაპირველად რიგითი მწერლის ფუნქცია ჰქონდა, ექვსი თვის შემდეგ მდივნად დააწინაურეს, ხოლო 1835 წლისათვის ვოლოგდის გუბერნატორის კანცელარიის მმართველი გახდა. დიმიტრი ყიფიანის თავდაუზოგავმა მუშაობამ, სხარტმა აზროვნებამ და პროგრესულმა შეხედულებებმა იქაური ინტელიგენციის ყურადღება მიიქცია. განათლებულ საზოგადოებაში მალე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ვოლოგდის გუბერნატორის სიმპათია იქამდე მივიდა, რომ დიმიტრისთვის მისი ქალიშვილის ცოლად შერთვა მოისურვა. შემოთავაზება მან არ მიიღო და გუბერნატორს უმაღლეს ხელისუფლებასთან საქართველოში დაბრუნებაში შუამდგომლობა სთხოვა.[10]
დიმიტრი ყიფიანი 1837 წლისათვის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ თბილისში ცხოვრების ნება არ მისცეს და ქუთაისში ჩავიდა, სადაც „იმერეთისა და გურიის გუბერნატორის“ კანცელარიაში გაამწესეს. იგი იმერეთის მმართველის, გენერალ-მაიორ იაკიმ (მიხეილ) მიხეილის ძე ესპეხოს მდივნად დანიშნეს და ამ თანამდებობაზე 1839 წლის 16 იანვრამდე იმსახურა.[11] 1839 წლის იანვარში დიმიტრი ყიფიანი გადაიყვანეს თბილისში, მთავარმართებლის კანცელარიაში, 8 თებერვალს დანიშნეს კანცელარიის სამეურნეო განყოფილებაში მაგიდის უფროსად. 1840 წლის 16 ოქტომრიდან პარალელურად იყო ამიერკავკასიის სასტატისტიკო კომიტეტის საქმისმწარმოებელი. 1840 წლის 15 დეკემბრიდან 1845 წლის 28 აგვისტომდე მსახურობდა მთავარმართებლის კანცელარიის განყოფილების გამგედ, 1845 წლის 28 აგვისტოს დანიშნეს კანცელარიის საქმისმწარმოებლად, იმავე წლის 28 სექტემბერს კანცელარიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად; 1846 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული კანცელარია გაუქმდა, ხოლო მის ნაცვლად მთავარმმართველობის საბჭო შეიქმნა და დიმიტრი ყიფიანი საბჭოს საქმეთა მმართველად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი 1857 წლის 9 აპრილამდე მსახურობდა. აქ მსახურების პერიოდში მეფისნაცვალმა ნიკოლოზ მურავიოვმა დიმიტრი ყიფიანი დააწინაურა და მეფისნაცვლის კანცელარიის დირექტორად დანიშნა, მაგრამ ეს თანამდებობა მას პეტერბურგში არ დაუმტკიცეს და მთავარმმართველობის საბჭოს საქმეთა მმართველად დაბრუნდა. მეფისნაცვალმა ალექსანდრ ბარიატინსკიმ დიმიტრი ყიფიანი ამიერკავკასიის მხარის მთავარმმართველობის საბჭოში წევრად შეიყვანა, ამ თანამდებობაზე იმპერატორმა ალექსანდრე II-მ იგი 1857 წლის 8 მაისს დაამტკიცა.[12][13]
დიმიტრი ყიფიანი 1862 წლამდე იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქისთავი.
1845 წელს, თბილისში ცოლად შეირთო დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ასული ნინო.[13]
1886 წლის 24 მაისს ტფილისის სასულიერო სემინარიის ერთ-ერთმა სტუდენტმა, იოსებ ლაღიაშვილმა მოულოდნელად ხანჯლით მოკლა სემინარიის რექტორი დეკანოზი პავლე ჩუდეცკი.[14] ეს კრიმინალური შემთხვევა მოგვიანებით საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მღელვარების დასაწყისად იქცა. ჩუდეცკის დაკრძალვისას, იმდროინდელმა ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, სიონის საკათედრო ტაძარში შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:
„დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა ის, ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა მკვლელი.[15]“ |
- ამ წყევლის (შეჩვენების) ადრესატები იყვნენ სასულიერო სემინარიის რექტორის, პავლე ჩუდეცკის, მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი და მთელი საქართველო. სწორედ ამ სიტყვების გამო, სადგურ მიხაილოვოდან (ახლანდელი ხაშური) გაუგზავნა წერილი დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოს პავლეს. დიმიტრი ყიფიანი იმჟამად ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად მსახურობდა:
„თქვენო უსამღვდელოესობავ! მოიღეთ ჩემზე მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, გატაცებული ხმებით, ვცოდავ, შემინდეთ შეცოდება, მაგრამ ეს ხმები ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც ამიტომ მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან. იგივე ხმები, არ კმაყოფილდებიან რა თქვენი ღირსების ამგვარი შეურაცხყოფით, იმასაც ამბობენ, ვითომ თქვენ განზრახვა გქონდეთ ბოდიში მოიხადოთ სამწყსოს წინაშე იმ უუცოდვილეს სიტყვების გამო, რომელნიც თქვენ წარმოგითქვამთ. თუ ყოველივე ეს, მეუფეო, მართალია, თქვენი ხარისხის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ გავიდეს შეურაცხყოფილ ქვეყნიდან. ამას მოგახსენებთ თქვენ წმინდა გულით და წრფელის სურვილით, თავიდან ააცილოს ქვეყანას ახალი დიდი შეცოდება, თქვენი სამწყსოს ერთი წევრი. ხოლო, თუ ყოველივე ეს მართალი არ არის, შემინდეთ მე და მიიღეთ ჩემზე თქვენი მწემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი მეუფების მორჩილი მსახური დ. ი. ყიფიანი.[15]“ |
ესტატე მირიანაშვილის (1866-1954 წწ.) მოგონებების მიხედვით, ეგზარქოსმა პავლე (ლებედევმა) დიმიტრი ყიფიანს 1886 წლის 9 ივლისს ასევე წერილობით უპასუხა და უარყო ქართველი ხალხის დაწყევლის ამბავი, თუმცა საკითხი ამით არ ამოწურულა.[15]
რუსეთის იმპერატორმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენების გამო, 4 აგვისტოს გამოსცა ბრძანება:
„ნამდვილი სტატსკი სოვეტნიკი“ ყიფიანი დათხოვნილ იქნეს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის თანამდებობიდან და საცხოვრებელ ადგილად მას დაენიშნოს ქ. კავკასიის სტავროპოლი.“ |
„პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვათავებო! უკეთეს ჯილდოს ვერც კი მოვიფიქრებდი! ერთი საუკუნეა, რაც ქართველები ცუდ კაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალი მე ვიყო!“ -უთქვამს დიმიტრი ყიფიანს გადასახლების წინ.[15]
1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით სტავროპოლში მოკლეს დიმიტრი ყიფიანი. ქართულმა საზოგადოებამ ეს ამბავი პრესის ფურცლებიდან 29 ოქტომბრიდან შეიტყო. 30 ოქტომბერს გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს დეპეშას, სადაც დიმიტრი ყიფიანის მკვლელობაზეა საუბარი. პირველადი ვერსიით წერენ, რომ იგი მძინარეა მოკლული, გვამს თავში მძიმე ნივთი, კერძოდ სასწორის ქვა ჰქონდა ჩარტყმული და ხელ-ფეხი შეკრული. მისი საქართველოში ჩამოსვენების ნებართვა 29 ოქტომბრის საღამოს გასცეს.[16] განსვენებულის ნეშტი სტავროპოლიდან 31 ოქტომბრის დილას, 08:00 საათზე გამოასვენეს, რომელსაც თან მოჰყვებოდნენ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი და კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი.[17] გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე ამავე დღეებში დაანონსდა პანაშვიდები თბილისის ქაშუეთის, თბილისის ანჩისხატის, მცხეთის, დუშეთის, გორის, სტავროპოლის ეკლესიებში.[18]
მას შემდეგ რაც დიმიტრი ყიფიანის ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენების ამბავი გადაწყდა, შეიქმნა მისი დამკრძალავი კომისია, რომელშიც მონაწილეობასაც იღებდნენ ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა იმდროინდელი ქართველი საზოგადო მოღვაწეები.[19] ექვთიმე თაყაიშვილი წერს:
„კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მაშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა. შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა – ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა.[19]“ |
თედო სახოკიას მოგონებით, დაკრძალვის ხელმძღვანელად არჩეული იყო ვალერიან გუნია.[20] დაკრძალვის პროცესიას უამრავი მოქალაქე დაესწრო. სამგლოვიარო ლენტებით იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაწესებულებებიდან. ცხედარს თბილისში, ვერაზე აღმართულ ჯვართან დახვდნენ. პროცესიაც აქედან უნდა დაწყებულიყო. ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებით ვიგებთ, რომ კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გაეტარებინათ მაშინდელ გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის გამზირით) პროსპექტით ერევნის მოედნამდე (ახლანდელ თავისუფლების მოედნამდე). შემდგომ უნდა აეხვიათ სოლოლაკის ქუჩაზე და პეტრე დიდის ქუჩით უნდა ასულიყვნენ მთაწმინდაზე, სადაც დიმიტრი ყიფიანი უნდა დაეკრძალათ. პროცესიას წინ მიუძღოდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). პროცესიას განსაკუთრებულად მეთვალყურეობდა პოლიცია.[19] იმდროინდელ ხელისუფლებას არ სურდა ცხედრის ცენტრალურ ქუჩაზე გატარება, ამიტომაც გაიცა ბრძანება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩით წაეყვანათ მთაწმინდისაკენ, თუმცა ამან საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. პოლიციას შეეწინააღმდეგნენ თავადი ნიკო დიასამიძე, დავით ყიფიანი და ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). პოლიციის წინააღმდეგობა გაარღვიეს და მეფისნაცვლის სასახლის წინ დემონსტრაციულად მიცვალებულის სახელზე ლოცვა გადაიხადეს.[19] ცხედარს განსვენებულის ოჯახთან ერთად მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დავით ყიფიანი და სხვა მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. პროცესია სოლოლაკის ქუჩით ავიდა მთაწმინდისაკენ, სადაც პირველი სიტყვა აკაკი წერეთელმა წარმოსთქვა. ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებით ილია ჭავჭავაძეს საჯარო სიტყვა არ უთქვამს, თუმცა როგორც იგი აღნიშნავს რამდენიმე კაცისთვის უთქვამს:
„რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო![19]“ |
1899 წლის 24 ოქტომბერს, დიდი მონდომებისა და მოლოდინის შემდეგ, მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიის გალავანთან დიმიტრი ყიფიანის საფლავზე განსვენებულის ძეგლი აკურთხეს. როგორც გაზეთი „ივერია“ გვამცნობს ბიუსტი თეთრი მარმარილოსაგან დაამზადეს იტალიაში, მხატვარ ფიოდორ ხოდოროვიჩის მოდელით. ამავე დღეს საღმრთო ლიტურღია და პანაშვიდი გადაიხადა გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ და ალავერდის ეპოსკოპოსმა კირიონმა (შემდეგში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები). პანაშვიდს დაესწრო დიმიტრი ყიფიანის ქვრივი ნინო ჭილაშვილი და ოჯახის სხვა წევრები, აგრეთვე იმდროინდელი ქართული ინტელიგენცია. ძეგლის გახსნის შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა მამა დავითის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნესტორ მაჭარაშვილმა. გაიხსენეს დიმიტრი ყიფიანის წვლილი ქართველი ერის წინაშე.
დიმიტრი ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ქართული დრამატული საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.
ყიფიანის ნააზრევში ქვეყნის საზოგადოების განვითარების თაობაზე პროგრესული იდეები ჭარბობს. ყიფიანი ემხრობოდა სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულების დანაწილების დაჩქარებას და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში მათ გადაცემას. ყიფიანი საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე რადიკალური გარდაქმნის მომხრე იყო.
ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ისტორიულ უფლებას, რომელსაც ქართველ ხალხს ანიჭებდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი. დიდი იყო ყიფიანის მოღვაწეობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მის ეროვნულ კონსოლიდაციაში. მისი სწრაფვა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად და საზოგადო-პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის ფართო გზაზე გასაყვანად სრული გაგებით და მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხის ფართო ფენებში.
ლიტერატურული მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმანებით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (გამოქვეყნდა „ცისკარში“ 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის „გაყრა“. 1857-დან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.
ყიფიანს ეკუთვნის ლექსი — პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე — „ძველი მეგობრობის პასუხი“ (გაზეთი „დროება“, 1883, ფსევდონიმით „ბაქარ ქართლელი“), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).
ყიფიანის დაკრძალვისას ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მეთაურობით მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა მთავრობის საწინააღმდეგო მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მის ხსოვნას უძღვნა აკაკი წერეთელმა ლექსი „განთიადი“.
1840-იან წლებში დიმიტრი ყიფიანი სამოღვაწეო ასპარეზზე აქტიურად გამოვიდა. არჩილ ჯორჯაძე ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც „დეზორგანიზებულ ეროვნულ ცხოვრებას“. შესაბამისად, დიმიტრი ყიფიანის საქმიანობა, მსგავსი ეპოქის ფონზე აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი იყო. დიმიტრი ყიფიანი აყალიბებს „ეროვნული ხსნის პროგრამას“, რომელსაც საფუძვლად უდებს თავადაზნაურულ-ლიბერალური განმანათლებლობის იდეოლოგიას.[21] დიმიტრი ყოფიანის ბიოგრაფი პროფესორი თამაზ ჯოლოგუა აღნიშნავს:
„დიმიტრი ყიფიანის შეხედულებით, შექმნილ ვითარებაში საჭირო, - და სასიცოცხლოდ აუცილებელიც, - იყო არსებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებშივე ეროვნული მიზანდასახულობის ინტენსიური კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლა და ამ გზით, ერთი მხრივ, საერთო-ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება, ხოლო მეორე მხრივ, ქართველთა კულტურულ-ინტელექტუალური დაწინაურება. "განათლებაღა არის ჩვენი ფეხზედ დამაყენებელი იმედი" - ამ სიტყვებით "გაფორმდა" მოგვიანებით (1860-იან წლებში) ის უნივერსალური მოდელი, რომელსაც ეყრდნობა დიმიტრი ყიფიანისეული პროგრამა და რომელშიც ზედმიწევნით იყო გათვალისწინებული იმდროინდელი პოლიტიკური რეალობები და კულტურულ-იდეოლოგიური საჭიროებანი.[21]“ |
1842 წელს დიმიტრი ყიფიანმა „ტფილისის კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკა“ დააარსა. ეს ეროვნული ხსნის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს ორგანიზაცია იყო იმ დროისათვის მნიშვნელოვანი მწიგნობრულ-სალიტერატურო კერა. ამ ორგანიზაციაში თავი მოიყარეს ისეთმა შემოქმედებმა, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, მიხეილ თუმანიშვილი, ზაქარია ფალავანდიშვილი და სხვები.[22]
„ბიბლიოთეკას“ გამიზნული ჰქონდა ძველი ქართული ხელნაწერების მოძიება, დაცვა, შესწავლა, გამოქვეყნება, მთარგმნელობითი და საკვლევაძიებო საქმიანობანი. თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად იმხანად „ბიბლიოთეკამ“ დიდხანს ვერ შეძლო არსებობა და 1842 წლისათვის მისი მუშაობა შეწყდა.[22]
„ეროვნული ხსნის პროგრამის“ განხორციელება მას შემდეგ უფრო აქტიურად გახდა შესაძლებელი, რაც 1844 წლის დეკემბერში კავკასიის მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა. მან თავის უახლოეს თანამშრომლად დიმიტრი ყიფიანი შეარჩია.[23] აკაკი წერეთელი მიხეილ ვორონცოვის პოლიტიკას შემდეგნაირად აფასებდა — ვორონცოვი მომავლის საქართველოს განიხილავდა როგორც „პოლიტიკურად გარუსებულს, მაგრამ თავის სარწმუნოებით, ენით და ეროვნული ელფერით“.[24] ამრიგად ვორონცოვის პერიოდში საქართველოში კულტურული წინსვლა ამით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული.
1852-1953 წლებში გამომავალი ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი „ცისკარი“ ქართველ მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. მისი რედაქტორ-გამომცემელი გიორგი ერისთავი იყო. ზეპირგადმოცემებზე დაფუძნებული ტრადიცია ჟურნალის დაარსებაში მნიშვნელივან როლს დიმიტრი ყიფიანს აკისრებს. ამაზე წერენ აკაკი წერეთელი, ნიკოლოზ ყიფიანი, ნ. მაჭარაშვილი, თედო სახოკია და სხვები.[25]
მკვლევარი თამაზ ჯოლოგუა ამ გადმოცემათა მართებულობას შემდეგი არგუმენტებით ამყარებს: დიმიტრი ყიფიანი 1840-იან წლებში თავადაც ცდილობდა პერიოდული გამოცემის დაარსებას; ის მეფისნაცვალ ვორონცოვთან დაახლოებული პირი იყო და შეეძლო ჟურნალის დაარსების საქმეში შუამდგომლობა გაეწია; დიმიტრი ყიფიანი იყო მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონის ერთ-ერთი წევრი. მას გიორგი ერისთავთან ძველი მეგობრობა აკავშირებდა.[26]
დიმიტრი ყიფიანი ლიტერატურული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მას ეკუთვნის უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ პირველი ქართული თარგმანი. მთარგმნელმა იგი მანანა ორბელიანს, ლიტერატურული სალონის დამაარსებელს უძღვნა, რომლის წევრი თავადაც იყო. დიმიტრი ყიფიანმა თარგმნა უილიამ შექსპირის „ორი ვერონელი აზნაურიც“.[27]
XIX საუკუნის საქართველოში არსებობდა დრამატული წრეები, რომლების საქართველოს ქალაქებში წარმოდგენებს დგამდნენ. იმდროინდელი ინტელიგენციის ინიციატივით გაჩნდა პროფესიული თეატრის დაარსების იდეა და მის ერთ-ერთ განმახორცილებელად ბიოგრაფები სწორედ დიმიტრი ყიფიანს მიიჩნევენ. როგორც თედო სახოკიაც აღნიშნავს დიმიტრი ყიფიანის უშუალო ძალისხმევით საძირკველი ჩაეყარა ქართულ თეატრს.[28]
1878 წლისათვის დიმიტრი ყიფიანის გარდა „დრამატულ კომიტეტში“, შედიოდნენ ცნობილი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ. 1879 წლის მაისში კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი.[29]
1850 წელს მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება“ დაარსდა. დაარსების დღიდან ამ საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი იყო დიმიტრი ყიფიანი, 1866 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1868-1869 წლებში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.[30]
1857 წლის 9 აპრილს ალექსანდრე ბარიატინსკის მეფისნაცვლობის დროს დიმიტრი ყიფიანი დაინიშნა ამიერკავკასიის მხარის მთავარმართებლობის საბჭოს წევრად. ამ თანამდებობაზე იგი იმპერატორმა ალექსანდრე II-მ იმავე წლის 8 მაისს დაამტკიცა. 1859 წლიდან, როცა მთავარმართებლის საბჭო მეფისნაცვლის საბჭოდ გადაკეთდა იგი მეფისნაცვლის საბჭოს წევრია. ამ თანამდებობაზე იგი 1862 წლის 21 ივნისამდე მუშაობდა, ვიდრე სამეგრელოს სამთავროს მამულების დაცვისთვის არ დაითხოვეს სამსახურიდან.[31][28][32]
1859-1867 წლებში დიმიტრი ყიფიანი იყო სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულების მეურვე.[32] ამ დროს სამეგრელოს მთავარი ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი არასრულწლოვანი იყო და ოფიციალურად სამეგრელოს სამთავროს მისი დედა სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე განაგებდა. მალე მას რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა სამეგრელოდან გასულიყო და სამთავროს საქმეები ნიკო დადიანის ბიძებს ჩააბარა. მათ დროს სამეგრელოში საზოგადოებრივი მღელვარება დაიწყო და ხელისუფლებამ სამთავროში დროებითი მმართველობა შემოიღო.[33] 1859 წლიდან, როგორც ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავს ეკატერინე ჭავჭავაძის „დაბეჯითებითი თხოვნით“[34] მეურვეობის საკითხები დიმიტრი ყიფიანმა გადაიბარა და იგი ზრუნავდა დადიანებს სრულად შეენარჩუნებინათ მამულები და ისინი არ შესულიყვნენ საკოლონიზაციო ფონდში. ამის გამო მას კონფლიქტი ჰქონდა მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკისთან, რის შემდეგაც იგი სამსახურიდან დაითხოვეს.[35]
დიმიტრი ყიფიანი პუბლიცისტურ, თუ სხვა კრიტიკულ-ლიტერატურულ ნაწერებში ფსევდონიმად „ბაქარ ქართლელს“ იყენებდა. ამასთანავე ზოგჯერ იყენებდა სხვა ფსევდონიმებსაც: „თეიმურაზი“, „თეიმურაზ ვაკელი“. თითო-თითო თხზულება გამოქვეყნებული აქვს სხვა ფსევდონიმებითაც: „მყვირალა (ქართლელი)“, „ბ. ქ.“, „ერთი 126 შემდგენთაგანი“, „დიმიტრი“.[36]
1864 წლის 16 თებერვალს დიმიტრი ყიფიანი ტფილისის გუბერნიის (ქართლ-კახეთის) თავადაზნაურობამ წინამძღოლად (მარშლად) აირჩია. იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ამ თანამდებობაზე იმავე წლის 15 მარტს დაამტკიცა.[37] ნიკო ნიკოლაძე წერს:
„თავადაზნაურობის მასამ, მიკროსკოპული ნაწილის გამოკლებით, ხელი აიღო თავის ცრურწმენაზე აუცილებლად მყვირალა გვარის მქონე ადამიანის მეთაურად დაყენების შესახებ, და ზეიმით აირჩია დ. ი. ყიფიანი.[38]“ |
დიმიტრი ყიფიანს სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსების იდეა ჯერ კიდევ საგლეხო რეფორმის პერიოდში დაებადა. ჟურნალ „ცისკრის“ 1864 წლის ნომერში დაიბეჭდა ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის მარშლის, დიმიტრი ყიფიანის აზრი თავად-აზნაურობის ბანკის შესახებ.
„მე ამას არასოდეს არ გეტყვით, რომ რასაც ფულს მოელით სულ თქუენს შთამომავლობას შაუნახოთ - არა! თქვენ თვითან დიდად დაგჭირდებათ ფული; მიიღეთ და ღვთის შეწევნით მოიხმარეთ თქვენთვის, საკუთრად თქუენის დღევანდელის საჭიროებისათვოს, უმეტესი ნაწილი, - მე მხოლოდ ამას გირჩევთ, გთხოვთ და გევედრებით, რომ ერთი მეხუთედი მაინც გადასდუათ საკუთრად თქუენთვისვე სახუალიოდ, და თქვენის შვილებისა, შვილიშვილებისა და უშორესის შთამომავლებისათვის. აქედამ აი რა შესდგება: თავნი დადგება ოცდა ათი ან ორმოცი ათასი თუმანი, - ან ასე ითქუას 300 ათასი ან 400 ათასი რუბლი. ამ ფულით შეიძლება და კანონივ გვაძლევს ნებასა, რომ საკუთრად ჩუენის საერთო, სათავად-აზნაურო ბანკი გაიხსნას.[39]“ |
დიმიტრი ყიფიანმა ამ იდეის განსახორციელებლად ბევრი იშრომა, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგობა ვერ დასძლია. 1870-იანი წლებიდან ბანკის დაარსების საქმეს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა და დაბრკოლებების მიუხედავად 1874 წლისათვის ბანკის ამოქმედება შეძლო.[40]
1861 წლის 19 თებერვალს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა „ბატონყმური დამოკიდებულებიდან გამოსული გლეხების შესახებ დებულებას“. დებულება ერთბაშად არ ამოქმედებულა.[41] 1861 წლის 29 მარტისათვის იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომ კავკასიაში სასწრაფოდ შესდგომოდნენ გლეხთა გათავისუფლებას. ბატონყმობის გაუქმების მოსამზადებლად შეიქმნა ამიერკავკასიის ცენტრალური საგლეხო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ ბარონი ნიკოლაი, ხოლო ერთ-ერთ წევრად დიმიტრი ყიფიანი დაინიშნა. ქართველი თავადაზნაურობა არ ეთანხმებოდა მთავრობის გადაწყვეტილებას გლეხთა განთავისუფლების შესახებ და მოითხოვა აღნიშნული საკითხები განხილულიყო არა კომიტეტში, არამედ გუბერნიის თავად-აზნაურთა ყრილობაზე. ყრილობა 1862 წლის 25 აპრილს გაიხსნა. აქ თავადაზნაურობამ შეიმუშავა საგლეხო რეფორმის მათთვის მისაღები პროექტი. პროექტის შემდგენელად და ყრილობაზე მომხსენებლად დაასახელეს დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურა. ამან თავადაზნაურობის ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის იყვნენ მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი. ისინი თავიანთი ღირსების შელახვად მიიჩნევდნენ იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი აზნაურ დიმიტრი ყიფიანს შეესრულებინა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ხმათა უმრავლესობით ყრილობამ დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურას მაინც დაუჭირა მხარი.[42]
დიმიტრი ყიფიანმა ქართლ-კახეთის 240 მემამულეს დაუგზავნა ინსტრუქციის სახით შემუშავებული შეკითხვა, რათა გამოეთქვათ თავიანთი შეხედულება, თუ როგორ უყურებდნენ ბატონყმობის გაუქმებას. 240 მემამულის მიერ გამოთქმული შეხედულებიდან მან ჩამოაყალიბა ე.წ. „შეკრება ოცდა ერთი ჰაზრისა". ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად დიმიტრი ყიფიანის მიერ მომზადებულ მოხსენებას, რომელიც აქტიურად იხილებოდა თავადაზნაურთა საგუბერნიო ყრილობაზე.[43]
„ამდენის ხნის განმავლობაში არ შეიძლებოდა დამოკიდებულება ამ ორთა, ახლა მოსაცილებელთა, მხარეთა შორის ისე არ შედუღებულიყო, ისე არ განმტკიცებულიყო, რომ მტკივნეულება არ ეგრძნობინება ერთი ეღთმანეთის მოცილებასა. მრავალია მაგალითი, რომ ყმას ბატონის მაგიერ სიხარულით გაუწირავს თავი და აგრეთვე მრავალია მაგალითი, რომ ბატონსაც შეეწიროს სიცოცხლე ყმების დასაცველად. ბატონის ერთგულება ყმისაგან ჩვენში მარადის სამაგალითო ყოფილა... წრფელია, ესოდენ მხურვალეა ეს ჩვენი სურვილი, სამჯობინარი ყოფაცხოვრების მითვისება ყმათა ჩვენთათვის, რომ ჩვენის მხრით გვაბედვინებს ისეთს მსხვერპლსა, რომლისასაც, უეჭველია ვერავინ იტყვის, რომ მცირე იყოს, როგორცა ვნახავთ.[44]“ |
-აღნიშნავდა დიმიტრი ყიფიანი.
მემამულეთა ყრილობას დაესწრო 552 მემამულე და აქედან 536-მა მოიწონა და მხარი დაუჭირა ე.წ. „უმრავლესობის პროექტს“. უმრავლესობის პროექტის მიხედვით გლეხი უმიწოდ თავისუფლდებოდა, იგი ხიზნის მდგომარეობაში გადადიოდა. გლეხს მემამულის მიწით უნდა ესარგებლა და ამისათვის ფულადი და ნატურის გადასახადის გადახდასთან ერთად შრომითი ბეგარაც უნდა შეესრულებინა.[43]
1875 წლის 14 დეკემბერს გაიმართა ტფილისის ქალაქის თავის არჩევნები, რომელშიც დიმიტრი ყიფიანმა გაიმარჯვა. ყიფიანის კანდიდატურა ქალაქის თავის თანამდებობაზე ხმოსანმა, ექიმმა ამიროვმა წამოაყენა. ამ თანამდებობის 9 მსურველიდან 7-მა კანდიდატურა მოხსნა, საბოლოო კენჭისყრა კი დიმიტრი ყიფიანსა და ერემია არწრუნს შორის გაიმართა. კენჭისყრის დროს დიმიტრი ყიფიანმა 36 ხმა მიიღო, 28 წინააღმდეგ წავიდა. „არასოდეს არ ღირსებია ქალაქის გამგეობის ზალას იმდენი ხალხის ერთად ხილვა, რამდენსაც წასულს კვირას ეღირსა, როცა ქალაქის თავის არჩევანი იყო დანიშნული“ - წერდა გაზეთი „დროება“. არჩევნებს 72 დეპუტატიდან 64 დაესწრო, ესწრებოდნენ გარეშე პირებიც.[45][46]
„სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ დიდის თანაგრძნობით, აღტაცებითა და ტაშის კვრით მიიღო ეს ამორჩევა. ამ აღტაცებაში გამოიხატა მთელი ქალაქის სიამოვნება და იმედი, რომ ახლად ამორჩეული თავი, თავის ენერგიით, ჭკუით, კანონიერს და მტკიცე გზაზე დადგომით დაამტკიცებს, რომ იმის ამორჩევაში ჩვენი ქალაქის გამგეობა არ შემცდარა, რომ ის ღირსეულად, პატიოსნად შეასრულებს თავის მძიმე მოვალეობას. – წერდა „დროება”.[46]“ |
დიმიტრი ყიფიანმა ქალაქის თავად არჩევისთანავე ქალაქს უფლებამოსილება გაუზარდა – მანამდე მშენებლობის განყოფილება გუბერნიის მმართველობის სფეროში შედიოდა, ის ქალაქის გამგეობას დაუქვემდებარა. ამის გამო თბილისში მშენებლობის ტემპები, ბიუჯეტის სიმცირის მიუხედავად გაიზარდა. მან გააუქმა საქალაქო მმართველობისთვის დამახასიათებელი, მოძველებული ნორმები და თვითმმართველობისთვის შესაფერისი ნორმების დამკვიდრება დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით თბილისში მოსახლეობის ხელახალი აღწერა ჩატარდა. გამოირკვა, რომ იმ დროისთვის დედაქალაქში 91668 ადამიანი ცხოვრობდა. იმ პერიოდში ქალაქს ერთ-ერთ მძიმე ტვირთად სამხედრო პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა აწვა. ეს სწორედ ის დროა, როცა რუსეთ-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა და ეკონომიკურად ისედაც ხელმოკლე თბილისს სამხედროთათვის საცხოვრისის გამონახვა დიდ თანხებს ართმევდა. ცხადია, ამ საკითხის შეცვლა მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეეძლო, თუმცა, დიმიტრი ყიფიანმა მოახერხა და ნაწილობრივ გადაწყდა საკითხი, რომ ქალაქს შემსუბუქებოდა დაკისრებული ვალდებულება სამხედრო პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.[47]
დიმიტრი ყიფიანი თბილისს 1879 წლამდე ხელმძღვანელობდა.
1879 წლიდან დიმიტრი ყიფიანი იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, დამაარსებელი, მისი წესდების ერთ–ერთი შემდგენელი და 1879–1882 წლებში გამგეობის პირველი თავმჯდომარე.[48] მიჩნეულია, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ იყო. მისი პირველი სხდომა 1879 წლის 15 მაისს გაიმართა, სადაც ორგანიზაციის გამგეობის წევრებად აირჩიეს: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი. საზოგადოების თავმჯდომარე კი დიმიტრი ყიფიანი გახდა. მათ გარდა ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები: ეკატერინე გაბაშვილი, ოლღა გურამიშვილი, ბარბარე ჯორჯაძე და სხვები.[49]
საზოგადოების დაარსებამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გლეხების სწავლა-განათლების საკითხს. საზოგადოებამ შექმნა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა, ქართულენოვანი სკოლები, ახალი მიდგომა პედაგოგიკაში და რაც მთავარია, გაატარა ენის რეფორმა სალიტერატურო ენის დახვეწის მიზნით და ანბანიდან 5 მოძველებული, არქაული ასო-ნიშანი ამოიღო. ამასთან, საზოგადოება აგროვებდა წიგნებს, სამუზეუმო ექსპონატებსა და ა.შ. რის საფუძველზეც შემდეგ შეივსო ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ფონდები.[49]
დიმიტრი ყიფიანის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია მისი წვლილი საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში. იგი აცნობიერებდა საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემატიკას და აღნიშნავდა:
„საეჭვოა, შთამომავლობამ საყვედურით არ მოგვიხსენიონ, თუ ჩვენ ხელიდან გავუშვებთ შესაძლებლობას და არ შევიტანთ საკუთარ წვლილს საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაში; იმ ქვეყნის შესწავლაში, რომლის ბედი თუნდაც იმითაა საინტერესო, რომ იგი ისტორიაში ცნობილი პირველი სამეფოების თანადროულად წარმოიშვა და 22 საუკუნის განმავლობაში გაუძლო სახელმწიფოთა წარმომშობ თუ დამამხობელ დროსა და მოვლენებს. იმ უძველესი მონარქიებიდან, რომელთა არსებობასაც მოესწრო - დაწყებული ნინევიიდან, ასურეთიდან, ფრიგიიდან, ბაქტრიიდან - მხოლოდ საქართველომ შეინარჩუნა XIX საუკუნემდე დამოუკიდებლობა და, წარმართთა, ცეცხლთაყვანისმცემელთა და მაჰმადიანთა გარემოცვაში მოქცეულმა, გადაარჩინა თხუთმეტსაუკუნოვანი მართლმადიდებლობა... მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, შეძლებისდაგვარად შეეწიოს საქართველოს ისტორიის წარმოჩენის საქმეს, შეავსოს არსებული მასალები, გამოთქვას საკუთარი შეხედულებები, რათა გააადვილოს სამომავლო შრომა - ადრე თუ გვიან საქართველოს ისტორია სისტემური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი.[50]“ |
მკვლევარ თამაზ ჯოლოგუას შეფასებით დიმიტრი ყიფიანის საისტორიო შეხედულებები მიმოფანტულია ბელეტრისტულ, პუბლიცისტურ, მემუარულ ტექსტებში, მის მიერ შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, ჩანაწერებში.[51] საკუთრივ იმ მემკვიდრეობას, რომელშიც დიმიტრი ყიფიანი მთელ ყურადღებას საისტორიო საკითხებს უთმობს, შეგვიძლია დავასახელით შემდეგი თხზულებები: „ამ მთისა, იმ მთისა და სხვათა შორის წოდებრიობისათვის ამიერკავკასიაში“ — თხზულება ბელეტრისტული მანერითაა დაწერილი და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის. მეორე თხზულება „რამდენიმე მოსაზრება საქართველოს ისტორიის მასალებზე“ — განხილულია საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხები.[52]
აღნიშნული თხზულებების გარდა დიმიტრი ყიფიანის მიერაა დაწერილი პოლემიკური ხასიათის ისეთი წერილი, როგორიცაა „თამარ მეფის საუკუნე“ (1846).[53]
დიმიტრი ყიფიანმა მოამზადა და კომენტარები დაურთო თხზულებას „ნინო — საქართველოს განმანათლებელი“. აქ წარმოდგენილია წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის ვახტანგ მეექვსისეული რედაქციის თარგმანი, სადაც ყიფიანის მიერაა მომზადებული წინათქმა და კომენტარები. იგი აღნიშნავს, რომ „პოეტიზებული ისტორია კი უმეტესწილად კარგავს თავის ნამდვილობას“.[54] დიმიტრი ყიფიანი მთელ რიგ საკითხებს კრიტიკულად განიხილავს და ამით შემდგომი კვლევის აუცილებლობის საფუძველს იძლევა.
დიმიტრი ყიფიანი კრიტიკულად განიხილავდა „ქართლის ცხოვრებას“ და წერდა:
„„ქართლის ცხოვრება“ სინამდვილეში თავისი ხასიათით მეფობათა უბრალო ჩამოთვლაა, უმეტესწილად იმის აღნიშვნაა, რომ ესა და ეს აღესრულა ამა და ამ დროს, მანამდე სვებედნიერად ან შფოთიანად იმეფა ამდენსა და ამდენ ხანს და მემკვიდრე მისი იყო ესა და ეს. გამონაკლისის სახით მხოლოდ ზოგიერთი მეფის მოღვაწეობაა შედარებითი სისრულით აღწერილი,მაგრამ აქაც უმეტესად ზღაპრული გმირობის სულისკვეთება ჭარბობს, როგორც, მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ეპიზოდში. ხოლო უკანა პლანის მოღვაწეები - პიროვნებები, რომლებმაც ტახტისა და მამულის სასარგებლო რაიმე საგმირო საქმით აღბეჭდეს თავიანთი სახელი ხალხის ხსოვნაში - იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ჩანან ჩვენს საისტორიო წყაროებში.[55]“ |
2007 წლის 26 აპრილს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც იმსჯელა დიმიტრი ყიფიანის ქართველი ერის წინაშე დამსახურების შესახებ. წმიდა სინოდის დადგენილებით დიმიტრი ყიფიანი წმიდანად შერაცხეს და უწოდეს: წმიდა დიმიტრი (ყიფიანი) სამშობლოსათვის წამებული.[56] წმიდანის ხსენების დღედ დადგინდა 26 აპრილი (ახ. სტ.) / 13 აპირილი (ძვ. სტ.).[56]
2010 წლის 5 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიმიტრი ყიფიანის ალბომის წარდგენაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა:
„ქართველი ადამიანი განსაკუთრებული გრძნობით ხვდებოდა და ხვდება სიკვდილს. თითქოს ასრულებს ვახტანგ გორგასალის ანდერძს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“. აი, დიმიტრი ყიფიანი სწორედ ის იყო, რომელიც ქრისტესთვის და სამშობლოსათვის ეძიებდა სიკვდილს.[57]“ |
2010 წელს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, ქალაქ ხაშურში საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი დაარსდა. 2014 წლიდან სკოლას უძღვება ყოვლადუსამღველოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი).[58]
2010 წლის 15 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზ მალხაზ ყიფიანის თაოსნობით თბილისში წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. 2016 წლის 26 აპრილს ტაძარი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა აკურთხა.[59]
დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები წინაპრის მსგავსად სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ. ზოგი მათგანი ემიგრაციაში აღმოჩნდა, ზოგმა სამშობლოში განაგრძო მოღვაწეობა. საბჭოთა ეპოქაში ისინი ვერც კი ამხელდნენ, რომ სწორედ დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები იყვნენ.
დიმიტრი ყიფიანს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა:
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც დიმიტრი ყიფიანმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა დღესდღეობით მისი სახელობის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმში 600-ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი, როგორც მემორიალური, ისე ეთნოგრაფიული ხასიათის ნივთები. ფოტო მასალა და დოკუმენტები.[60] დიმიტრი ყიფიანისა და მისი მეუღლის, ნინო ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ვაჟი — კოტე ყიფიანი და რძალი — ნინო ტატიშვილი-ყიფიანი ცხოვრობდნენ. კოტე ყიფიანი 1921 წელს გარდაიცვლილა და ამ სახლში მისი მეუღლე დარჩა. შენობაში იყო სკოლა, შემდეგ ბაღი. საბოლოოდ ნინო ყიფიანმა სახლი მაშინდელ კულტურის მოღვაწეებს გადასცა და მწერალთა, მხატვართა და ხელოვანთა სახლად იწოდებოდა.[61]
1927 წელს ნინო ყიფიანი გარდაიცვალა. სახლი კი 1980-იანი წლების ბოლომდე მწერალთა კავშირის საკუთრება იყო. ამ სახლში ზაფხულობით ცხოვრობდნენ გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, მიკოლო ბაჟანი და სხვები. 1990-იან წლებში კი აქ ადგილობრივთა მონდომებით უკვე სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში მუზეუმი გაიხსნა.[61]
2014 წელს დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს სოციალური კამპანია „დიმიტრი ყიფიანის-სახლ-მუზეუმი ინგრევა“.[62] 2014 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე დაიდო ფოტო, სადაც ეწერა: „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი იწყება“.[63] 2015 წელს რეაბილიტაციის პროექტი შედგა. მისი წარდგენა 2015 წლის 26 აპრილს, ყიფიანობაზე, სოფელ ქვიშხეთში შედგა. პროექტის ხელმძღვანელია კახა ტრაპაიძე, პროექტის მთავარი არქიტექტორი ნოდარ ამაშუკელი.[61] მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2018 წლის ზაფხულისთვის დაიგეგმა.[64] გარკვეული შეფერხებების შემდეგ მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და 2020 წლისთვის დასრულდა, თუმცა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა.[65]
2015 წლის იანვარში ქ. თბილისის საკრებულოს ისტორიულ სხდომათა დარბაზს დიმიტრი ყიფიანის სახელი მიენიჭა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, სხდომათა დარბაზის შესასვლელთან აბრა საზეიმოდ განათავსა და დამსწრე საზოგადოებას დარბაზისათვის ქართველი საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება მიულოცა. გიორგი ალიბეგაშვილმა დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობაზე ისაუბრა და აბრაზე მისი სახელის ასომთავრული დასაწყისით გაკეთებული წარწერის მნიშვნელობა ახსნა.
„მოგეხსენებათ, დიმიტრი ყიფიანი თავისი მოღვაწეობით თითქოს ძველი საქართველოდან, ახალ, ილიას საქართველოში გადმოსული პიროვნება იყო. მან 1875 წელს ქალაქის თავის არჩევნებში გაიმარჯვა და თბილისის თვითმმართველობის ორგანოს სამი წელი მეთაურობდა.ჩვენ გვსურდა ის ორი კავშირი აღგვედგინა, რაც ერთის მხრივ დიმიტრი ყიფიანის, მეორეს მხრივ კი, იმ პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა, რასაც ჩვენთვის სამი დამწერლობის მქონე ერის სტატუსი ნიშნავს.[66]“ |
დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი ნაწილი დიდწილად თანამედროვე ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთანაა დაკავშირებული. აქ ჰქონდა მას მამულები, სახლი, რომელიც დღეს მუზეუმია, აქედან გააგზავნა წერილი ეგზარქოს პავლე ლებედევთან, რაც საბოლოოდ მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტია. ხაშურში არის მისი სახელობის ქუჩა, მისი სახელობის ცენტრალური მოედანი, სკვერი. სოფელ ქვიშხეთში საჯარო სკოლაც დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს, ხოლო 2015 წლის 1 ივნისიდან არსებობს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - „დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“.[67]
პრემია ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის. კონკურსი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები - მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი ან მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში.[67]
ამჟამად დიმიტრი ყიფიანის პრემიის მფლობელები არიან: გურამ ყორანაშვილი (ისტორიკოსი, მკვლევარი); თამაზ ლაცაბიძე (ისტორიკოსი, მკვლევარი, ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი); თამაზ ჯოლოგუა (ფილოლოგი, პროფესორი, მკვლევარი); თამარ მიქაძე (მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი ყიფიანის მე-6 თაობის შთამომავალი).[68]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.