Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ შექსპირი (ინგლ. William Shakespeare; დ. სავარაუდოდ 23 აპრილი, 1564 — გ. 3 მაისი [ძვ. სტ. 23 აპრილი], 1616) — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.
უილიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმნის, ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის, რ. არდენის ქალიშვილის, მერის ოჯახში. უილიამის დაბადებიდან მალე ჯონ შექსპირი ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში.
1582 წელს 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო. უილიამსა და მის ცოლს ჰყავდათ სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ისა (1558-1603), ხოლო შემდეგ — ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტი და 37 პიესა.
1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მას მისი მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. ჰენრი ჩეტლის მიერ გამოცემულ კრებულში იგი თავს დაესხა უილიამს, ჩეტლის შემდგომ ბოდიშის მოხდა მოუწია თავდასხმაში უნებლიე მონაწილეობისთვის.
1593-94 წლებში ეპიდემიის გამო ლონდონის თეატრები დაიხურა, შექსპირმა ყურადღების კონცენტრირება მოახდინა მის პოეზიაზე. ამ დროს მას პატრონაჟს უწევდა მისი მეგობარი, საუთჰემპტონის გრაფი. როდესაც ეპიდემიამ ჩაიარა, შექსპირი შეუერთდა „ლორდ კამერჰერის მსახურების“ თეატრალურ დასს, სადაც იგი მსახიობიც იყო და დრამატურგიც. მომდევნო წლებში უილიამი ქმნის, უმეტესწილად, კომედიებსა და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს. 1595 წელს შექსპირმა შექმნა ყველასათვის ცნობილი ტრაგედია „რომეო და ჯულიეტა“. ეს ადრინდელი შედევრები, განსაკუთრებით კი, „ამაო გარჯა სიყვარულისას“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“ გალექსილია ნათელ, ახალგაზრდულ სტილში და წარმოადგენს რითმული პოეზიის უდავო ნიმუშს. რაც შეეხება „ვენეციელ ვაჭარს“, იგი უფრო გვიან პერიოდშია შექმნილი და მეტად სევდიან კომედიას წარმოადგენს (არ არის აუცილებელი კომედია იყოს სასაცილო. მთავარი ისაა, რომ დასასრული იყოს ბედნიერი და არა ტრაგიკული).
ამ პერიოდშივე შექსპირი ქმნის „ჰენრი IV-ის“ ორ პიესას, რომელიც ფოლსტაფის სევდანარევი, მაგრამ მაინც გულღია, სისხლსავსე რენესანსული იუმორითა და თვითირონიით არის სავსე. ამ პიესებმა ისე გააოცეს დედოფალი ელიზაბეთ I, რომ მან შექსპირს შეუკვეთა კიდევ ერთი ფოლსტაფური პიესა, შემდგომში ცნობილი, როგორც „უინძორელი მხიარული ქალები“.
უილიამ შექსპირის ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“ და „ანტონიუსი და კლეოპატრა“. ამ ტრაგედიებში ყველაზე ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა.
თავის უკვდავ ტრაგედიებში შექსპირმა მიაღწია ე.წ. „თეთრი ლექსის“ სტილის განუმეორებელ პოეტურ წარმატებას, ამასთანავე ნაწარმოებები სავსე იყო თავისუფლებით. შემდგომი პერიოდის შედევრებს — „ზამთრის სიზმარი“ და „ქარიშხალი“ — აშკარად აჩნიათ გვიანი რენესანსის კრიზისის ნიშნები. მწვავე კონფლიქტების მოგვარების კომპრომისული გზები ჩნდება. ამგვარ შემრიგებლურ ნოტაზე დაასრულა უილიამ შექსპირმა თავისი ბრწყინვალე კარიერა.
1599 წელს, როდესაც „ლორდ კამერჰერის მსახურების“ თეატრალური დასი გადავიდა „გლობუსის“ ცნობილ თეატრში, შექსპირი თეატრის მეათედი აქციების მფლობელი გახდა. აქციონერობა მისთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე პიესების წერა. უილიამ შექსპირს თითოეულ პიესაში მხოლოდ 6 ფუნტს უხდიდნენ. 1603 წელს დედოფალი ელიზაბეთი გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა ჯეიმზ I. შექსპირის კომპანია გარდაიქმნა სამეფო დასად და ხშირად მართავდა სპექტაკლებს სამეფო კარზე. ამ დროისათვის უილიამი განთქმული და წარმატებული დრამატურგი ხდება და მშობლიურ ქალაქში უძრავი ქონების შეძენას იწყებს.
დაახლოებით 1610 წლიდან შექსპირი მშობლიურ სტრატფორდს უბრუნდება, თუმცა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში კონტაქტობს ლონდონის თეატრთან. 1616 წლის 23 აპრილს, სავარაუდოდ, 52 წლისა, უილიამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისმა მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა შეადგინეს შექსპირის ნაწარმოებების პირველი სრული კრებული, ე.წ. პირველი ფოლიო. გამოცემას დართული აქვს ბენ ჯონსონის ლექსი, რომელშიც უილიამი მოხსენიებულია, როგორც „ეივონის მშვენიერი გედი“.
1593-94 წლებში შექსპირმა დაწერა ორი დიდი პოემა — „ვენერა და ადონისე“ და „ლუკრეციას გაუპატიურება“. ორივე ნაწარმოები ავტორმა მიუძღვნა საუთჰემპტონის გრაფს, ახალგაზრდა ჰენრი რიზლის. ასეთი ძღვენი შეიძლება ყოფილიყო უბრალო მადლიერების ნიშანი გრაფის პატრონაჟის სანაცვლოდ, თუმცა მკვლევარების ნაწილი თვლის, რომ ამ ახალგაზრდა ყმაწვილს განსაკუთრებული ადგილი ეკავა შექსსპირის ცხოვრებაში. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი შექსპირის სონეტებში ხშირად მოიხსენიება. ინტერესს იწვევს ასევე უცნობი „შავგვრემანი ქალბატონი“. ამგვარად იკვრება საიდუმლო სამკუთხედი: შექსპირი, ახალგაზრდა ყმაწვილი და შავგვრემანი ქალი. თვით შექსპირი ასე ხსნის ამას (ორიგინალში):
პოემები
კომედიები
|
ტრაგედიები
|
ისტორიული
|
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
უილიამ შექსპირი ვიკიციტატებში | |
უილიამ შექსპირი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.