From Wikipedia, the free encyclopedia
ელისაბედ I (ან ელიზაბეთ I, ინგლ. Elizabeth I) იგივე ქალწული დედოფალი (ინგლ. Virgin Queen) (დ. 7 სექტემბერი 1533 — გ. 24 მარტი 1603) — ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი ტიუდორების დინასტიიდან. ზეობდა 1559-1603 წლებში. ქორწინებაში არყოფნის გამო მეტსახელად ქალწული-დედოფალი შეარქვეს. მას ასევე უწოდებდნენ „გლორიანას“ (ინგლ. Gloriana) და „კეთილ დედოფალ ბესის“ (ინგლ. Good Queen Bess). ელისაბედის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ტიუდორების დინასტია შეწყდა.
ელისაბედ I | |
---|---|
Elizabeth I | |
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი | |
კორონაცია: | 15 იანვარი 1559 |
მმართ. დასაწყისი: | 17 ნოემბერი 1558 |
მმართ. დასასრული: | 24 მარტი 1603 |
წინამორბედი: | მერი I |
მემკვიდრე: | ჯეიმზ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 სექტემბერი 1533 |
დაბ. ადგილი: | გრინვიჩი |
გარდ. თარიღი: | 24 მარტი 1603 |
გარდ. ადგილი: | რიჩმონდი |
დინასტია: | ტიუდორები |
მამა: | ჰენრი VIII |
დედა: | ანა ბოლეინი |
რელიგია: | ანგლიკანიზმი |
ზოგიერთი ისტორიკოსი ელისაბედის მმართველობის წლებს უწოდებს „ინგლისის ოქროს ხანას“, რაც ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასა (შექსპირი, მარლოუ, ბეკონი და სხვ.) და ინგლისის როლის ზრდასთან მსოფლიო არენაზე (უძლეველი არმადის განადგურება, დრეიკი, რეილი, ოსტ-ინდოეთის კამპანია)
ელიზაბეთი დაიბადა პარასკევს, 7 სექტემბერს 1533 წელს გრინვიჩის სამეფო სასახლეში. მისი მამა იყო ინგლისის მეფე ჰენრი VIII, დედა კი-ანა ბოლეინი. ანაზე ჰენრი VIII დაქორწინდა დედოფალ ეკატერინე არაგონელთან სკანდალური გაყრის შემდგომ, იმ იმედით, რომ ახალი მეუღლე ვაჟს აჩუქებდა. ეკატერინესთან ხანგრძლივმა ქორწინებამ სამეფო ოჯახს მხოლოდ ერთი ქალიშვილი შესძინა (2 ვაჟი და 1 ქალიშვილი ჩვილობაში დაიღუპნენ). სამეფო ტახტის მემკვიდრე ვაჟის არყოლის გამო ტიუდორების დინასტიის მდგომარეობა არამყარი იყო.
ვაჟის მომლოდინე ოჯახში მეორე გოგონას-ელიზაბეთის დაბადება არავის არ გახარებია.ისედაც იმპულსური მეფე ჰენრი მოუსვენრობამ შეიპყრო.
ნათლობა გაიმართა 10 სექტემბერს გრინვიჩშივე: სახელი ბეტსიმ მიიღო ბებიების-ელიზაბეთ იორკის და ელიზაბეთ ჰოვარდის საპატივცემოდ, ნათლობის შემდეგ კი უელსის პრინცესის ტიტულიც მიენიჭა.
1533 წლის დეკემბერში ელიზაბეთს მიუჩინეს საცხოვრებელი ადგილი ჰეტფილდ-ჰაუსის რეზიდენციაში(პატარა სასახლე ლონდონთან ახლოს).
ამასობაში სამეფო ოჯახში ახალი სკანდალი მწიფდებოდა: ანას ხელგაშლილმა ცხოვრებამ, სამეფოს საქმეებში სუბიექტურმა ჩარევამ და ჟინიანმა ხასიათმა მეუღლეთა ურთიერთობაში ელიზაბეთის (ქალიშვილის) დაბადებით გაჩენილი ბზარი კიდევ უფრო გააღრმავა (ანას მომდევნო 2 ფეხმძიმობა წარუმატებლად დასრულდა). ამას დაერთო ჰენრის გატაცება სეფექალ ჯეინ სეიმურით. მეფემ ანას მოცილება გადაწყვიტა და სასამართლოს გადასცა სახელმწიფო და მეუღლის ღალატის ბრალდებით. დედოფლის ერთ-ერთ საყვარლად მისი ღვიძლი ძმა-ჯორჯიც კი იქნა დასახელებული. შეთითხნილი ბრალდებების მიუხედავად, სასამართლომ ანა ბოლეინს დაუმტკიცა დანაშაული და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წელს ანას თავი მოჰკვეთეს, ელიზაბეთს ჩამოართვეს ტახტის პრეტენდენტის ტიტული და ბუშად გამოაცხადეს (ისევე, როგორც მოექცნენ მანამდე ჰენრისა და ეკატერინე არაგონელის ასულს, პრინცესა მერის). ამ დროს მომავალი დედოფალი ორი წლის და რვა თვისა იყო.ანა ბოლეინის მოკვლიდან უმოკლეს ხანში ჰენრი მესამედ დაქორწინდა თავის რჩეულ ჯეინ სეიმურზე.
ახალი დედოფალი თანაგრძნობით ეკიდებოდა გერებს-მერის და ელიზაბეთს და სურდა, ჰენრი მათთან შეერიგებინა, თუმცა, უშედეგოდ. ამის გამო ელიზაბეთი ისევ ჰეთფილდ ჰაუსში რჩებოდა. 1537 წელს ჰენრის და ჯეინ სეიმურს ვაჟი ედუარდ VI შეეძინათ, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ქორწინებას უიღბლო აღმოჩნდა მეფისათვის, რადგან მშობიარობიდან ცოტა ხანში ჯეინი გარდაიცვალა.
ჯეინის სიკვდილის შემდგომ, ჰენრიმ კიდევ სამჯერ იქორწინა. ანა კლეველთან კავშირი მალევე გაუქმდა, როგორც კი ქორწინების პოლიტიკურმა საფუძველმა ძალა დაკარგა, ახალგაზრდა კეტრინ ჰოვარდთან ქორწინება კი სკანდალით დასრულდა, რადგან დედოფალი ღალატში იქნა მხილებული. ჰენრის ბრძანებით, კეტრინი სიკვდილით დასაჯეს. ჯერ დედის და შემდეგ-ახალგაზრდა კეტრინის სიკვდილით დასჯამ და მამის აწეწილმა ოჯახურმა ცხოვრებამ ელიზაბეთზე დამთრგუნველად იმოქმედა. სავარაუდოდ, სწორედ ბავშვობაში ჩამოუყალიბდა მას ქორწინებისა და სექსუალური ურთიერთობისადმი სიძულვილი.
ელისაბედმა ბავშვობიდანვე გამოავლინა თავისი ბუნებრივი შესაძლებლობები-9 წლის ასაკში უკვე ჩინებულად საუბრობდა ბერძნულად, იტალიურად და ფრანგულად. ლათინურ ენას თავისუფლად ფლობდა, არამარტო შეეძლო, ორიგინალში ეკითხა ძველი რომაელი ისტორიკოსების თხზულებები, არამედ მიმოწერასაც აწარმოებდა დედინაცვალთან, ჰენრის უკანასკნელ ცოლთან კეტრინ პართან. ელიზაბეთს ასწავლიდნენ იმ დროისათვის საუკეთესო პედაგოგები კემბრიჯიდან-ახალგაზრდა, თავისუფლად მოაზროვნე სწავლულები, რომლებიც მხარს უჭერდნენ რეფორმაციას. დროთა განმავლობაში ელიზაბეთს უმცროსმა ძმამ, ედუარდმაც აუბა მხარი. ამ დროისათვის (1543-1547 წლებში) სამეფო ოჯახში მშვიდმა ატმოსფერომ დაისადგურა .
1547 წლის 18 იანვარს ენფილდში მყოფ ელიზაბეთს მამის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. ჰენრის ანდერძის თანახმად, სამეფო ძალაუფლება გადაეცემოდა ვაჟს-ედუარდს, მისი უმემკვიდრეოდ სიკვდილის შემთხვევაში ტახტზე უნდა ასულიყო მერი, შემდგომ კი-ელიზაბეთი.
ელისაბედის დედინაცვალმა კეტრინ პარმა მალე გამოიგლოვა მეფე-მეუღლე და იქორწინა სამეფო კარის ავანტურისტ ტომას სეიმურზე. ტომასი ჯეინ სეიმურის ძმა და ედუარდ VI ის ღვიძლი ბიძა იყო, მაგრამ სამეფო კართან უშუალო ნათესაობის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტის ამბიცია აღმოაჩნდა. არსებობს ვერსია, რომ ტომას სეიმურს სურდა პრინცესა ელისაბედთან ქორწინება, მაგრამ რადგანაც პრინცესა ძალიან პატარა იყო, ის მხოლოდ დაუახლოვდა მას. ზოგი ვერსია ელიზაბეთის სიმპათიებზეც მიუთითებს, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთები არ მოიპოვება.
მალე კეტრინ პარის მითითებით, ელიზაბეთი გაგზავნილ იქნა ჰარტპორშირის საგრაფოში, სადაც მან სწავლა განაგრძო ენციკლოპედიური ცოდნის მქონე პედაგოგთან-რობერტ ეშმორთან. ელიზაბეთს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა ამ პიროვნების მიმართ დიდი პატივისცემა.
1549 წელს, კეტრინ პარის სიკვდილის შემდეგ ტომას სეიმურმა სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, თუმცა, უშედეგოდ. 1549 წლის ბოლოს იგი სიკვდილით დასაჯეს. არსებობდა ეჭვები ელიზაბეთის თანამონაწილეობის შესახებაც, თუმცა, მან მოახერხა უდანაშაულობის დამტკიცება.
1551 წელს ედუარდ VI-მ ელიზაბეთი სამეფო კარზე მიიწვია. და-ძმას ერთმანეთთან დიდი სიყვარული და პატივისცემა აკავშირებდათ, რის გამოც ელისაბედისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა ედუარდის გარდაცვალება, 1553 წლის 6 ივლისს .
მეფის სიკვდილის შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, ლორდ-პროტექტორმა ჯონ დადლიმ ტახტზე აიყვანა ახალგაზრდა ჯეინ გრეი-რასაც ქვეყანაში არეულობა და შეტაკებები მოჰყვა. დაპირისპირებაში გაიმარჯვა პრინცესა მერიმ. ამ დროისათვის უსაფრთხოების მიზნით ელიზაბეთი ისევ ჰეთფილდში რჩებოდა, როგორც ურჩია მას საბჭოს მდივანმა, უილიამ სესილმა.
1553 წლის ოქტომბერს 36 წლის მერი I ლონდონში დედოფლად ეკურთხა. მმართველობის პირველივე წლებიდან მერი აქტიურად შეუდგა სახელმწიფოს მართვას: ბავშვობიდანვე კათოლიკურ სარწმუნოებაზე აღზრდილმა დედოფალმა სამეფოს კვლავინდებურად კათოლიკურ წიაღში დაბრუნება მოიწადინა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში უკვე რამდენიმე თაობა იყო აღზრდილი პროტესტანტულ რწმენაზე. ქვეყანაში პროტესტანტების „წმენდა“ და სისხლიანი რეპრესიები დაიწყო.
1554 წლის იანვარში თავადმა ტომას უიტმა მოაწყო აჯანყება პაპის წინააღმდეგ, სტიქიური აჯანყების ჩახშობის შემდეგ მრჩევლებმა მერი I-ს ურჩიეს, ელიზაბეთი ტაუერში გადაეყვანა, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, რომ მას ბავშვობიდანვე პროტესტანტული საწრმუნოებით აღზრდილს კავშირი ჰქონოდა აჯანყებულებთან. ტაუერში ელისაბედი შეხვდა მის ბავშვობის მეგობარს რობერტ დადლის, არსებობს ვერსია, რომ ახალგაზრდა წყვილი ერთად სეირნობით ატარებდა დროს და ეს ურთიერთობა გამოდგა შემდგომში მათი სიყვარულის დასაწყისი.
იმავე წელს ლონდონში ჩავიდა ფილიპ ესპანელი - მერის მომავალი მეუღლე. ქორწინების გამო მერიმ ელიზაბეთს თავისუფლება უწყალობა. გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმაც რომ ტომას უაიტმა სიკვდილის წინ დაიფიცა - „ელისაბედს წარმოდგენა არ ჰქონდა აჯანყებაზეო“.
განთავისუფლების მიუხედავად, ელიზაბეთი სამეფო კარზე არ დაუტოვებიათ-გადაასახლეს ვუდსტოკში (ოქფორდშირის საგრაფოში), თუმცა მოგვიანებით კვლავ დააბრუნეს უკან, ჰეტფილდ ჰაუსის რეზიდენციაში, როგორც ტახტის მემკვიდრე (მერის და ფილიპის ქორწინება უშვილო აღმოჩნდა).
1558 წლის ნოემბრის დასაწყისში დედოფალმა მერიმ იგრძნო-მისი დღეები დათვლილი იყო. საბჭომ გადაწყვიტა, ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად დაესახელებინა ელიზაბეთი, თუმცა დედოფალი ამის წინააღმდეგ წავიდა: მან იცოდა, რომ მისი და ინგლისში დააბრუნებდა მერისთვის საძულველ პროტესტანტიზმს. მხოლოდ ფილიპის სერიოზული ზეწოლის შემდეგ დაეთანხმა მერი საბჭოს გადაწყვეტილებას.
სისხლიან მერიდ წოდებული დედოფალი გარდაიცვალა 1558 წლის 17 ნოემბერს.
ელიზაბეთმა საბჭო მერის გარდაცვალებიდან უკვე 3 დღეში მოიწვია. სახელმწიფო მდივნად დანიშნა უილიამ სესილი, ტომას პერი კი სამეფო კარის ფინანსისტი გახდა.
ტახტზე ასვლის დროს ელიზაბეთი 25 წლისა იყო. მეთექვსმეტე საუკუნის მდგომარეობის გათვალისწინებით ეს იყო საკმაოდ სოლიდური ასაკი რადგანაც იმ პერიოდში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 50 წელი. ყევლა თანხმდებოდა იმაში რომ დედოფალი ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებოდა.
ელისაბედმა დედოფლად კურთხევისთვის აირჩია 1559 წლის 16 იანვარი, მას სურდა ინგლისისთვის შობის შემდეგ ეჩუქებინა კიდევ რამდენიმე სადღესასწაულო დღე.
1559 წლის 25 იანვარს გაიხსნა ელისაბედის პირველი პარლამენტი,დედოფლად გახდომის შემდეგ მთელი სახელმწიფოს სიმძიმე მან საკუთარ თავზე იგრძნო-ქვეყანა (როგორც მთელი ევროპა) დაყოფილი იყო ორ დაპირისპირებულ ბანაკად,კათოლიკებად და პროტესტანტებად. ელისაბედმა გამოიჩინა განსაკუთრებული გონიერება როდესაც მან დევნა არ დაუწყო მარიას მომხრეებს.
„თანასწორობის აქტში“ დედოფალმა გამოხატა მტკიცე პოზიცია რეფორმაციის კურსის გატარების შესახებ,რომელიც დაიწყეს მისმა წინამორბედებმა ჰენრი VIII-მ და ედუარდVI-მ,მაგრამ კათოლიკებისთვის არ აკრძალა მესის ჩატარება. ამ აქტით დედოფალმა თავიდან აიცილა შესაძლო სამოქალაქო ომი.
10 თებერვალს პარლამენტმა მიმართა დედოფალს სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრით უზრუნველყოფის შესახებ: მას უფლება მიეცა თავად აერჩია მომავალი მეუღლე.
პრეტენდენტთა სია გახსნა ფილიპ II-მ, შემდეგ მოდიოდნენ ერცჰერცოგი ფრედერიკი და კარლ ჰაბსბურგი, შვედეთის კრონპრინცი ერიკი, დროტა დრო ამ სიას დაემატა ჰერცოგი ანჟუისკი და რუსეთის ცარი იოანე გროზნი ასევე დედოფლის გულზე პრეტენზიას აცხადებდა რობერტ დადლი.
მისი მეუღლის ემი რობერტის სიკვდილის შემდეგ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რობერტს შეუმცირდა შანსები დაახლოებოდა დედოფალს: ძალაუფლებას და ერის მდგომარეობას ელისაბედი აყენებდა პირად სიამოვნებებზე მაღლა. ემის სიკვდილის შემდეგ ელისაბედი იძულებული გახდა გამოეძიებინა ეს საქმე. დადლის უდანაშაულობა დამტკიცებული იყო თუმცა ხალხში დადიოდა აზრი ემის თვითმკვლელობის შესახებ.
პარლამენტი აგრძელებდა ზეწოლას დედოფალზე რათა მას ამოერჩია ქმარი. თუმცა ელისაბედი სულაც არ აპირებდა ძალაუფლების გაყოფას მამაკაცთან, მაგრამ 1559 წელს მას არ შეეძლო მტკიცე უარი ეთქვა პარლამენტისთვის და მხოლოდ ორაზროვანი პასუხით შემოიფარგლა.
1559 წლის მაისში მეზობელ შოტლანიაში იფეთქა აჯანყებამ -ფრანგი რეგენტის მარია დე გიზის წინააღმდეგ (დედა მარია სტიუარტისა)
შოტლანდიელი პროტესტანტების მხარდაჭერას ურჩევდა ელისაბედს სესილი, მაგრამ მან უარი თქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, რადგან მის მიერ სამხედრო ჩარევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა შეიარაღებული კონფლიქტი საფრანგეთთან. მმართველობის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა დედოფლის მიერ შემუშავებული ზოგადად ფრთხილი საგარეო პოლიტიკა.
როგორც შედეგებმა გვაჩვენა ელისაბედი მოიქცა სწორად-შოტლანდიის საზღვრის გავლით მან გაგზავნა დიდძალი ინგლისური ოქრო და არა არმია პროტესტანტების დასახმარებლად რასაც არანაირი დაპირისპირება არ მოჰყოლია ინგლისსა და საფრანგეთს შორის რადგან ოქრო გადატანილ იქნა ფარულად.
1560 წელს ფარულმა საბჭომ ელისაბედი აიძულა დაეწყო ინტერვენცია. შოტლანდიელმა პროტესტანტებმა ინგლისური არმიის მხარდაჭერით გაანადგურეს მარია დე გიზის მომხრეები და 1560 წლის 6 ივლისს ედინბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას რომელმაც გააფორმა გამარჯვება.
ამ დროისთვის მარია დე გიზიც გარდაიცვალა და ძალაუფლება რეგენტული წესით გადავიდა შოტლანდიელ ლორდ-პროტესტანტთა საბჭოს ხელში. მარია სტიუარტს (იმ მომენტისთვის მეუღლე ფილიპ II-ისა) მოსთხოვეს უარი ეთქვა სამუდამოდ მის გერბში ინგლისის გერბის ატრიბუტიკის გამოყენებაზე და საერთოდ უარი უნდა ეთქვა ინგლისის გერბის ტახტზე პრეტენზიის გამოთქმაზე. თავის მხრივ მარიამ არ გაუკეთა რატიფიცირება ედინბურგის შეთანხმებას და ამ მომენტიდან იწყება მრავალწლიანი მტრობა ორ ყველაზე გამოჩენილ დედოფალს შორის იმ დროისთვის.
მარისა სტიუარტს არ ჰქონდა არანაირი შანსი გამხდარიყო საფრანგეთის დედოფალი,1560 წლის 5 დეკემბერს მისი ახალგაზრდა მეუღლე გარდაიცვალა და 1561 წელს ის დაბრუნდა ედინგბურგში,რათა მიეღო შოტლანდიის გვირგვინი.
ელისაბედს და მარიას ძალიან ხშირად უპირისპირებდნენ ერთმანეთს: ფრიდრიხ შილერის ზედაპირული ხედვით მარია იყო უდანაშაულო მსხვერპლი ხოლო ელისაბედი-სისხლიანი დესპოტი. რეალობა კი არც ისეთი ცალმრხრივი იყო. ელისაბედი იყო ინგლისის ლეგიტიმური დედოფალი, თავის მხრივ მარია სტიუარტი დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში და ცხოვრების ბოლომდე სჯეროდა ამის.
მარია სტიუარტი იყო ჰენრი VIII-ის ძმის შვილი-შვილი და ამის საფუძველზე თვლიდა ის ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ თავს ელისაბედის საპირისპიროდ,რომელიც იყო ჰენრის და ანა ბოლეინის ქალიშვილი.
გარემოცვა ამაყ შოტლანდიელ პრინცესას რომ მას უფრო მეტი უფლება ჰქონდა პრეტენზიის გამოთქმის ინგლისის ტახტზე ვიდრე „ბასტარდ“ ელისაბედს. თავის მხრივ ჰენრი VIII-ის ანდერძის მიხედვით მარია სტიუარდი არ იყო შეასაძლო ტახტის მემკვიდრედ დასახელებული სხვა მხრივ უამრავი კათოლიკე ინგლისში მარიას საქმეების გათვალისწინებით მას თვლიდნენ თუ კანონიერს არა უფრო სასურველ დედოფალს მაინც-ერეტიკოს ელისაბედთან შედარებით.
მეფე ჰენრი VII ძირითადად შექმნა ინგლისის სამეფო ფლოტი, ჰენრი VIII ხელს უწყობდა საზღვაო ვაჭრობის განვითარებას,მარია ტიუდორმა გააგზავნა ექსპედიცია ჩინეთისა და ინდოეთისკენ მიმავალი სამხრეთ-დასავლეთ გზების აღმოსაჩენად. თუმცა არ შეიძლება იმის თქმაც რომ ელისაბედის წინამორბედებმა აქციეს ინგლისი საზღვაო ძლევამოსილ სახელმწიფოდ.
ზუსტად ელისაბედის დროს დაიწყეს ძმებმა უილიამ და ჯონ ჰოუკინსებმა სავაჭრო-მეკობრული რეიდები. 1560 წლის ბოლოს კი გაბრწყინდა ფრენსის დრეიკის ვარსკვლავიც.
სწორედ მაშინ გამოიკვეთა მომავალი კონფლიქტები ესპანეთთან: ინგლისელი მეზღვაურები რეგულარულად ძარცვავდნენ ესპანურ გემებს და თარეშობდნენ ესპანურ კოლონიეების სანაპიროებზე.
1570-იან წლებში გაჩაღდა ესპანეთსა და ინგლისს შორის უცნაური არც ერთი მხრიდან გამოუცხადებელი საზღვაო ომი, ოფიციალური მადრიდი და ლონდონი საჭიროდ თვლიდნენ თვალები დაეხუჭათ ზემოთ ნახსენებ გამოუცხადებელ ომზე და მხოლოდ ფორმალურ პროტესტს სჯერდებოდნენ.
ასე თუ ისე უკვე ფაქტი იყო რომ ინგლისმა ჩამოართვა ესპანეთს მთავარი საზღვაო სახელმწიფოს „ტიტული“, რაზეც მეტველებს არა მარტო მეკობრეთა თარეში, არამედ დრეიკის მოგზაურობა ამერიკის მატერიკის გარშემო და 1587 წელს პირველი ინგლისური დასახლების დაარსება ჩრდილოეთ ამერიკაში, რასაც 1587 წლის 18 აგვისტოს მოჰყვა პირველი ინგლისური კოლონიის დაარსება სახელად ვირჯინია.
ელისაბედი პირადად აფინანსებდა ყველა ამ ღონისძიებას. ისტორიულ ლიტერატურაში ხშირად ელისაბედს ადანაშაულებენ მეკობრეთა დახმარებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იმ პერიოდში მსგავსი ქმედება ნორმალური იყო და არა გამონაკლისი. პოლიტიკაში ბატონობდა პრინციპი „ვინ ძლიერია ის მართალია“.
ელისაბედის მმართველობის დროს გაიფურჩქნა დარამატული ხელოვნება, რასაც თავად დედოფალი უწყობდა ხელს, რომელიც თავადვე მეურვეობდა თეატრს. დედოფალი თავადაც იღებდა მონაწილეობას სამოყვარულო სპექტაკლებში. ელისაბედ I პატრონაჟით შეიქმნა სამეფო დასი.
ელისაბედის ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, მისი უახლოესი მეგობრების სიკვდილმა მის ჯანმრთელობაზე ძალიან სერიოზულად იმოქმედა რამაც დააჩქარა დედოფლის გარდაცვალება. 1603 წლის თებერვალში ის ჩავარდა ღრმა დეპრესიაში. 1603 წლის 24 მარტს ის გარდაიცვალა რიჩმონდის სასახლეში და დაკრძალეს ვესტმინსტერის სააბატოში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.