From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში (ინგლ. World Snooker Championship) — მთავარი პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი სნუკერში.
ტურნირის ინფორმაცია | |
---|---|
ჩატარების ადგილი | კრუსიბლის თეატრი |
მდებარეობა | შეფილდი |
ქვეყანა | ინგლისი |
თარიღი | 1927 |
ორგანიზაცია | WPBSA |
ფორმატი | რეიტინგული |
საპრიზო ფონდი | UK£1 968 000[1] |
ბოლო | 2018 |
მიმდინარე ჩემპიონი | მარკ უილიამსი |
1973-74 წლების სეზონიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში შედის რეიტინგული შეჯიბრებების სიაში. ამჟამად ჩემპიონატი ტარდება თეატრ კრუსიბლში (ინგლ. Crucible Theatre), შეფილდში (ინგლისი). ეს ტურნირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრესტიჟულობის, რეიტინგული ქულებისა და ფულადი ჯილდოს მიხედვით. ის იმართება ყოველწლიურად სეზონის მიწურულს[2][3].
მიუხედავად იმისა, რომ სნუკერის თამაში დაიწყეს დაახლოებით 1870-იან წლებში, ოფიციალურად მისი წესები დამტკიცდა ბილიარდის ორგანიზაცია Billiard Association & Control Club-ის მიერ (მოგვიანებით — Billiard Association & Control Council (BA & CC)) 1919 წელს. ინგლისური ბილიარდი იმ დროს საბილიარდო თამაშების დომინანტური სახესხვაობა იყო, ამიტომაც სნუკერის რეგიონალური ტურნირების ორგანიზაციის იდეა მხოლოდ 1920-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. მრავალ პროფესიონალ მოთამაშეს ესმოდა თამაშის პოტენციალი, ამიტომაც ისინი მოითხოვდნენ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას. საბოლოოდ ამით უშუალოდ დაკავდა ბილ კამკინი, ბირმინგემში საბილიარდო კლუბების ქსელის მფლობელი. ბილმა და მისმა მეგობარმა, ჯო დეივისმა, ერთად შექმნეს და წარმოადგინეს BA & CC-ის პირველობის გამართვის გეგმა. მათი შემოთავაზება მიიღეს.
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა 1926 წლის ნოემბრიდან 1927 წლის მაისამდე ბირმინგემში, ინგლისში. მასში მონაწილეობა მიიღო ათმა მოთამაშემ. პირველი მატჩი გათამაშდა მელბურნ ინმენსა და ტომ ნიუმენს შორის[4], ხოლო პირველობის გამარჯვებული გახდა ინგლისელი ჯო დეივისი, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. გამარჯვებისთვის დეივისმა მიიღო £ 6.10 (თანამედროვე შეფასებით დაახლოებით სამასი ფუნტი სტერლინგი),[5] ჩემპიონის თასი კი მან თავისი ფულით იყიდა. ტურნირის უდიდესი ბრეიკი, 60 ქულა, გააკეთა ალბერტ კოუპმა.
შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემპიონატი გადაჰქონდათ სხვადასხვა ქალაქში, თუმცა ქვეყანა, რომელშიც ის იმართებოდა, უცვლელი იყო. ყველა გათამაშებაში, 1940 წლის ჩათვლით, გაიმარჯვა დეივისმა. გარდა ამისა, 1936 წელს მან გააკეთა პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული სენჩერი-ბრეიკი. ჯოს ერთადერთი სერიოზული მოწინააღმდეგე იყო მისი უმცროსი ძმა ფრედი, რომელიც ჯომ 1940 წელს გადამწყვეტ ფრეიმში დაამარცხა.
უმეტეს შემთხვევაში ტურნირის ფორმატი იმ დროს ერთნაირი იყო: ის ტარდებოდა „ჩელენჯის“ სისტემით, ანუ წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად გადიოდა შემდეგის ფინალში, ხოლო მისი მოწინააღმდეგე მატჩების სერიის შედეგად ვლინდებოდა.
1941 წლიდან 1945 წლამდე ჩემპიონატი არ ტარდებოდა მეორე მსოფლიო ომის გამო. ის განახლდა 1946 წელს და მისი გამარჯვებული ისევ ჯო დეივისი გახდა. მასვე ეკუთვნოდა ჩემპიონატის უდიდესი ბრეიკი, 136 ქულა, რომელიც მან გააკეთა ჰორეს ლინდრუმის წინააღმდეგ გამართულ ფინალურ შეხვედრაში. ამ გამარჯვებისთვის ინგლისელმა მიიღო 1000 ფუნტი სტერლინგი. იმ დროისთვის დეივისი უკვე 15-გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო (ყველა ტიტული ზედიზედ აიღო), მაგრამ 1946 წლის ჩემპიონატის შემდეგ მან შეწყვიტა ტურნირში მონაწილეობა. უფროსი ძმის წასვლის შემდეგ ფრედ დეივისი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებისთვის მზად იყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების პირველი მცდელობა მისთვის უშედეგოდ დამთავრდა. ფინალურ შეხვედრაში ის შეაჩერა შოტლანდიელმა უოლტერ დონალდსონმა. მიუხედავად ამისა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ დეივისი დომინირებდა: 1948 წლიდან 1957 წლამდე მან მოიგო რვა ტიტული, როდესაც მისმა მთავარმა მოწინააღმდეგე დონალდსონმა — მხოლოდ ერთი.
1952 წელს სნუკერის საერთაშორისო ჩემპიონატების გამართვაში კრიზისი დაიწყო. მას სათავე დაუდო მოთამაშეებსა და მმართველ ორგანიზაცია BA & CC-ს შორის არსებულმა დიდმა უთანხმოებებმა, რის შედეგადაც გაიმართა ორი ჩემპიონატი: ერთი ВА & CC-ის მიერ ორგანიზებული, ხოლო მეორე — პროფესიონალი მოთამაშეების მიერ. პირველში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორმა სნუკერისტმა, რის შედეგადაც გამარჯვებული გახდა ავსტრალიელი ჰორეს ლინდრუმი. მეორეში კი ითამაშეს დარჩენილმა პროფესიონალებმა. იქ ჩემპიონი გახდა ფრედ დეივისი. World Matchplay (ასე ერქვა იმ ტურნირს ოფიციალურად) მიიჩნიეს მსოფლიოს „ნამდვილ“ პირველობად. თუმცა, ის დიდხანს არ გაგრძელებულა და 1958 წელს შეწყვიტა არსებობა არაპოპულარულობისა და ფულის უკმარისობის გამო. World Matchplay-ის ბოლო ჩემპიონი გახდა ინგლისელი ჯონ პულმანი, რომელმაც თავისი ტიტული 1957 წელს მოიპოვა.
1964 წელს ტურნირი კვლავ აღდგა „ჩელენჯის“ ფორმატში, უმეტესწილად რექს უილიამსის წყალობით, რომელმაც ერთი წლით ადრე მიაღწია BA & CС-თან შეთანხმებას. მაგრამ ჩემპიონატები იმართებოდა არარეგულარულად, ზოგჯერ წელიწადში რამდენიმეჯერ, რისი წყალობითაც პულმანმა ოთხ წელიწადში შვიდი ჩელენჯი მოიგო.
1969 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა, მიიღეს თამაშიდან გამოვარდნის სისტემა[6]. პირველი გამარჯვებული გახდა ჯონ სპენსერი, თუმცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში ჩემპიონატზე დომინირებდა სხვა მოთამაშე, უელსელი რეი რიარდონი, რომელმაც 1970 წლიდან 1978 წლამდე ექვსი ტიტული მოიგო.
1974 წელს ჩემპიონატი შევიდა რეიტინგული შეჯიბრებების სიაში, რის გამოც გაიზარდა მისი პრესტიჟი. ხოლო 1976 წელს პირველობაზე მოვიდა პირველი მსხვილი სპონსორი, სიგარეტის ბრენდი Embassy, რომელიც ტურნირთან თითქმის ოცდაათი წელი დარჩა. ერთი წლის შემდეგ ჩემპიონატმა ახალი სახლი იპოვა, კრუსიბლის თეატრი შეფილდში, ხოლო BBC-მ თამაშების ტრანსლირება დაიწყო[7]. სწორედ 1977 წელი შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე სნუკერის დაბადების წლად.
1980-იანი წლების დასაწყისიდან გადაწყდა, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებდა 32 მოთამაშე. დაახლოებით ამ დროისთვისვე, 1980 წელს, დამტკიცდა ფინალის ფრეიმების საბოლოო რაოდენობა: 35 ფრეიმი, თამაში 18 გამარჯვებამდე.
1980 წელს მსოფლიო პირველობაზე პირველად გაიმარჯვა არაევროპელმა (კანადელმა კლიფ თორბურნმა). ერთი წლის შემდეგ კი ტიტული მიიღო ახალმა მოთამაშემ — სტივ დეივისმა (არ არის ჯო და ფრედ დეივისების ნათესავი). ის 1980-იან წლებში მის მიერ ნათამაშები რვა ფინალიდან ექვსი ტიტულის მოგების შედეგად აბსოლუტური ლიდერი გახდა.
არც 1985 წლის ფინალს ჩაუვლია სტივის გარეშე. ეს ფინალი კრუსიბლის ისტორიაში ყველაზე პოპულარულია[8]. მაშინ დენის ტეილორმა ინგლისელი დაამარცხა ანგარიშით 18:17, როდესაც ბოლო ბურთით გამარჯვება გამოსტაცა ხელებიდან. ეს 35-ფრეიმიანი შერკინება, რომელიც დამთავრდა ორშაბათს, 00-19 საათზე, დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა სნუკერის მატჩის ხანგრძლივობის რეკორდს (890 წუთი სუფთა დროისა).
დეივისს შემდგომშიც შეეძლო ჩემპიონატებზე დომინირება, თუმცა 1980-იანების მიწურულს მეინ-ტურში (სნუკერის ერთგვარ უმაღლეს ლიგაში) გამოჩნდა კიდევ უფრო ნიჭიერი მოთამაშე — სტივენ ჰენდრი. იმ დროს მრავალი ექსპერტი ჰენდრის დეივისის მემკვიდრეს უძახდა[9], რადგან ორივენი კარიერის დასაწყისშივე პრაქტიკულად დაუმარცხებლები გახდნენ. მაგრამ საბოლოოდ შოტლანდიელმა უკან ჩამოიტოვა სტივი ყველა მაჩვენებლის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა კი ყველაზე მთავარის — მოგებული მსოფლიო ჩემპიონატების რაოდენობით. 90-იან წლები სწორედ სტივენ ჰენდრის ეკუთვნოდა. თავისი პირველი ტიტული მან აიღო 21 წლისა და 106 დღისამ, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო უკანასკნელი, რიგით მეშვიდე, მოიპოვა 1999 წელს. სტივენ ჰენდრი დამსახურებულად ითვლება ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ტურნირის ისტორიაში: მიუხედავად იმისა, რომ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატების რაოდენობით ის მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს (პირველ ადგილზეა ჯო დეივისი 15 გამარჯვებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს 8-8 გამარჯვებით ინაწილებენ ფრედ დეივისი და ჯონ პულმანი), მისი გამარჯვებები იმ დროისთვის მოვიდა, როცა სნუკერი უკვე სპორტის საკმაოდ განვითარებული სახეობა იყო მაღალი კონკურენციით.
თუმცა, XXI საუკუნის დასაწყისში სრულიად გამოაშკარავდა პოტენციალი სნუკერის ახალი თაობისა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნებოდა რონი ო’სალივანი (ინგლისი), ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია) და მარკ უილიამსი (უელსი). სწორედ ამ სამმა სნუკერისტმა დაიპყრო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო თერთმეტჯერ: 1998, 2000-2001, 2003-2004, 2007-2009 და 2011—2013 წლებში. მათგან 5 ტიტული მოიგო რონი ო'სალივანმა, ოთხი — ჰიგინსმა, ხოლო ორი — უილიამსმა.
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებული იყო თამბაქოს ნაკეთობების რეკლამის შეზღუდვასთან, თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს აეკრძალათ სპორტული შეჯიბრებების სპონსორირება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. თუმცა, Embassy-მ 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორირებაზე სპეციალური თანხმობა მიიღო. „Embassy Snooker World Championship“-ის უკანასკნელი ჩემპიონი გახდა შონ მერფი, რომელმაც მეთიუ სტივენსი დაამარცხა ანგარიშით 18:16. მერფის გამარჯვება იმდენად არ დაუმახსოვრებიათ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი იყო Embassy-ის სპონსორობით, რამდენადაც იმიტომ, რომ გამარჯვებულმა ტიტული მოიპოვა საკვალიფიკაციო რაუნდებიდან გამოსვლის შემდეგ. ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა ჩემპიონატის ისტორიაში, 1979 წელს ტერი გრიფითსის გამარჯვების შემდეგ.
2005 წლის ტურნირის გამართვის დროს WPBSA-ის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ჩემპიონატი გაიმართებოდა კრუსიბლის თეატრში როგორც მინიმუმ კიდევ 5 წელი, ხოლო მისი ახალი სპონსორი გახდა ონლაინ კაზინოების უმსხვილესი ქსელი — 888.com — მასთან 2006 წლის იანვარში ხელი მოეწერა 5-წლიან კონტრაქტს[10]. 888.com-ის მოსვლასთან დაკავშირებული იყო მრავალი ცვლილება პირველობის გაფორმების სტილში, მაგალითად, კრუსიბლის არენის ტრადიციულად წითელი ფერი შეიცვალა მწვანით, ხოლო მოთამაშეებს აეკრძალათ დარბაზში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის დალევა.
ახალი სპონსორის დროს ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა 28 წლის შოტლანდიელი გრემ დოტი, რომელმაც დრამატულ ფინალში ინგლისელი პიტერ ებდონი დაამარცხა 18:14. საინტერესოა რომ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დოტი შედიოდა 16 უძლიერესი სნუკერისტის სიაში, ბუკმეიკერების აზრით ნაკლებად სავარაუდო ჩემპიონად ითვლებოდა. თუმცა, მის გამარჯვებას ხელი შეუწყო როგორც მოწინააღმდეგის ემოციურმა გამოფიტვამ ნახევარფინალში, აგრეთვე მისმა საკუთარმა თამაშის „დამცველობითმა“ სტილმა[11]. საბოლოოდ გრემ დოტმა მიიღო £ 200 000 და ჩემპიონატის ჯილდო განახლებულ დიზაინში.
2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესრულდა საიუბილეიო, მე-1000 სენჩერი-ბრეიკი კრუსიბლის ისტორიაში. ამ მიღწევის ავტორი გახდა ჯონ ჰიგინსი, რომელიც შედეგად ჩემპიონიც გახდა. ხოლო ყოფილმა გამარჯვებულმა, გრემ დოტმა, მეორე წრეშივე წააგო არცთუ ისე ძლიერ მოწინააღმდეგესთან — იან მაკალოჰისთან — 7:10. თუმცა, შემდეგ წელს ტიტულის დაცვა არც ჰიგინსს გამოუვიდა: 2008 წლის პირველობაზე ის მეორე რაუნდში დამარცხდა. ამჯერად ჩემპიონი გახდა რონი ო’სალივანი, რომელმაც ფინალში ალისტერ კარტერი დაამარცხა ანგარიშით 18:8[12].
ამ ჩემპიონატის შემდეგ მთავარმა სპონსორმა, 888.com-მა, არ შეასრულა თავისი ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით და შეწყვიტა სპონსორირება[13]. 2009 წელს ბუკმეიკერული კომპანია Betfred.com გახდა მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამგვარად, სნუკერის მთავარმა ტურნირმა სახელი შეიცვალა „Betfred.com World Snooker Championship“-ზე. ჩემპიონატის გამართვის ადგილი კი, WPBSA-ს ყოფილი თავმჯდომარის, სერ როდნი უოკერის განცხადებით, როგორც ჩანს, 2015 წლამდე უცვლელი იქნება — კრუსიბლის თეატრი შეფილდში[14].
კომპანია Betfred-თან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან, ტურნირის სპონსორი გახდა Betfair.
ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა თამაშის ხარისხი (როგორც საერთოდ სნუკერში, აგრეთვე უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზეც) — შედარებისთვის, 1983 წლის ტურნირზე დაგროვდა მხოლოდ 18 ასიანი სერია, ხოლო 2009 წელს — 83. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაჩვენებელი ამ დროისთვის რეკორდულია.
თავისი ისტორიის 83 წლის განმავლობაში (მცირე შესვენებებით) მსოფლიო ჩემპიონატმა მოიარა მსოფლიოს 13 ქალაქი და 3 ქვეყანა (დიდი ბრიტანეთი (ინგლისი), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია). მეტწილად წარმატებულ მოთამაშეებს შორის, როგორც უწინ, აგრეთვე ახლაც დომინირებენ ბრიტანელები, თუმცა, ბოლო დროს გამოჩნდნენ მოთამაშეები ტრადიციულად „არასნუკერული“ ქვეყნებიდან. 90-იანი წლების დასაწყისიდან ტურნირის ფინალურ სტადიაში თამაშობდნენ ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ირლანდიის, ჩინეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, კანადის, ნიდერლანდების, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, ტაილანდის, პაკისტანის, მალტისა და ბელგიის წარმომადგენლები.
ყველაზე წარმატებული არაბრიტანელი სნუკერისტების სიას, რომლებსაც ჯერ არ დაუმთავრებიათ კარიერა, შეიძლება მივაკუთვნოთ ნილ რობერტსონი ავსტრალიიდან (2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული), ნიდერლანდელი სტეფან მაზროცისი, რომელიც 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალში მოხვდა, დინ ჯუნხუი და ლიან ვენბო ჩინეთიდან და ტონი დრაგო მალტიდან.
ბოლო დროს პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ჩინეთში გადავიდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასრულდება კონტრაქტი შეფილდის კრუსიბლთან. ტურნირის ჩინეთში გადატანის სურვილი დაკავშირებულია ამ ქვეყანაში სნუკერის მაღალ პოპულარობასთან, ასევე ახალი მსხვილი სპონსორების მოპოვების შესაძლებლობასთან[15].
მსოფლიო ჩემპიონატი მისი გამართვის მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმეჯერ იქნა გათამაშებული წელიწადში ერთზე მეტჯერ. ზოგადად, ამ ტურნირის გამართვის ვადები დადგენილია დიდი ხნის წინ — ეს არის, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვები — მაისის დასაწყისი. მაგალითად, 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა ყოველდღიურად 19 აპრილიდან 5 მაისამდე.
დიდი ხნის განმავლობაში (2010 წლამდე) მეინ-ტურის მოთამაშეების კვალიფიკაცია ტურნირის მთავარ ნაწილში, როგორც წესი, ტარდებოდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპს თამაშობდნენ სნუკერისტები, რომლებსაც მეტნაკლებად დაბალი პოზიციები ეკავათ ოფიციალურ რეიტინგში. პირველი ეტაპი, როგორც წესი, ტარდებოდა ზამთრით, იანვრის შუა რიცხვებიდან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კი ტარდებოდა გაზაფხულზე, ჩემპიონატის დაწყებიდან ორი-სამი თვით ადრე[30]. 2010 წელს გადაწყდა კვალიფიკაციის ორი ეტაპის დაახლოება კალენდრულ ვადებში და ჩატარება მცირე შესვენებებით, 26 თებერვლიდან 9 მარტამდე. 2011 წლიდან მოყოლებული კვალიფიკაციის ყველა რაუნდი ტარდება ყოველდღიურად, ერთი მეორის შემდეგ, ერთადერთი ერთდღიანი შესვენებით, რომელიც ეთმობა სათამაშო მაგიდების აღდგენას.
ბოლო დროს ასევე ტარდება ე.წ. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, ან კვალიფიკაცია მოთამაშეებისთვის, რომლებიც შედიან WPBSA-ის შემადგენლობაში, მაგრამ არ თამაშობენ მეინ-ტურში. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, მონაწილეების რაოდენობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე ეტაპისგან და ის საშუალებას აძლევს ყოფილ პროფესიონალებს (ან WPBSA-ის სხვა მოთამაშეებს/წევრებს, რომლებიც არ თამაშობენ მეინ-ტურში) მოხვდნენ ძირითად კვალიფიკაციაში და იბრძოლონ ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად. უფრო ადრე, როცა მეინ-ტურში თამაშობდა გაცილებით მეტი სნუკერისტი, ამის ნაცვლად ტარდებოდა წინასაკვალიფიკაციო ეტაპი ჩვეულებრივი მოყვარული მოთამაშეებისთვის.
რეიტინგული ქულები მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის იყო და რჩება ყველაზე ძვირფას ქულებად სნუკერის ყველა ტურნირს შორის. თუმცა, 2005 წლამდე პირველობის გამარჯვებულები იღებდნენ 8000 ქულას[31], ეს მათ ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ მკვეთრად შეეცვალათ ან გაემყარებინათ თავისი ადგილი მსოფლიო რეიტინგში, ვინაიდან სხვა ტურნირებზე ქულები ორჯერ ნაკლები იყო. არაერთხელ, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მოჰქონდა არასაკმარისად მაღალი რეიტინგის სნუკერისტებისთვის პირველი ადგილი სეზონის ბოლოს. მაგალითად, 1990 წელს სტივენ ჰენდრი გახდა პირველი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების წყალობით, თუმცა, აქამდე ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სტივ დეივისს.
ქულები ნაწილდება მოთამაშეებს შორის ოფიციალურ რეიტინგსა და სატურნირო შედეგებში მათი მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, ნაკლები რეიტინგის მქონე მოთამაშეები (რომლებიც არ შედიან ტოპ-16 მოთამაშეში, ანუ კვალიფიკაციაგავლილები) 32 უძლიერესს შორის (1/16 ფინალი) დამარცხებისას იღებენ მეტ ქულებს, ვიდრე ტოპ-16-ეულის მოთამაშეები იმავე შედეგისას.
მოთამაშეებს, რომლებიც დამარცხდნენ ძირითადი კვალიფიკაციის პირველ რაუნდში და მოთამაშეებს, რომლებიც არ იყვნენ მეინ-ტურის მონაწილეები, ქულები არ ერიცხებათ.
საპრიზო თანხა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე არსებობდა მისი გამართვის პირველივე წლიდან და შეადგენდა 6 ფუნტსა და 10 შილინგს. 1946 წელს საპრიზო თანხა გაიზარდა 1000 ფუნტამდე გამარჯვებისა და ფინალისთვის[32], და, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი კურსით ეს თანხა გაიზარდა რამდენიმეჯერ, თანხა არასაკმარისი იყო. სიტუაცია შეიცვალა უკეთესობისკენ 1970-იან წლებში, როდესაც სნუკერის ტურნირებს ტელევიზიაში აშუქებდნენ, ხოლო თამაშით დაინტერესდნენ ცნობილი სპონსორები (ძირითადად რომლებიც არეკლამებდნენ სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებს).
მიუხედავად იმისა, რომ 1969 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატი ფინანსდებოდა, ტურნირის მატერიალური დახმარება დიდად არ გაზრდილა, თუმცა შემდეგი 10 წლის განმავლობაში სპონსორები 3-ჯერ შეიცვალა. ტურნირისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1976 წელს სიგარეტის ბრენდ Embassy-ს მოსვლა, რომელმაც დაიწყო საპრიზო ფონდის აქტიურად გაზრდა. Embassy-ს სპონსორირების დროს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ფონდმა შეადგინა £15 300; ჩემპიონმა კი გაინაღდა 6000 ფუნტი სტერლინგი. უკვე 1995 წლისთვის ფონდი გაიზარდა £578 250-მდე, ხოლო 2003 წლის ჩემპიონატზე, რომელიც რეკორდული იყო საპრიზო თანხის მიხედვით, მხოლოდ გამარჯვებულმა მიიღო £ 270 000. იმ პირველობის საერთო ფონდმა კი შეადგინა 1 378 920 ფუნტი. გარდა ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოთამაშეები, რომლებმაც გააკეთეს მაქსიმალური ბრეიკი, ასევე საჩუქრდებოდნენ თანხით 157 000-დან 167 000 ფუნტ სტერლინგამდე (147 000 მაქსიმუმისთვის და კიდევ 20 000 ტურნირის უდიდესი ბრეიკისთვის); 2011 წელს ეს ბონუსი გაუქმნდა, ხოლო 2012-დან შემოიტანეს „მოძრავი ჯეკპოტის“ სისტემა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი განვითარების ადრეულ სტადიაზე (1920-1960 წწ) იყო არასტაბილური და თითქმის ყოველთვის იცვლებოდა. ძირითადად სნუკერისტები თამაშობდნენ ხანგრძლივ, ზოგჯერ რამდენიმედღიან მატჩებს. ასეთი მარათონული გათამაშებების პიკი მოუწია 1950-იან წლებს, როდესაც ფინალები თამაშდებოდა, როგორც მინიმუმ 50 გამარჯვებამდე. 1952 წელი გახდა რეკორდული ამ მაჩვენებლის მიხედვით — მაშინ ჰორეს ლინდრუმმა და კლარკ მაკ-კონაჰიმ ითამაშეს 143 ფრეიმამდე. გამარჯვება იმ ფინალში მოიპოვა ლინდრუმმა, ანგარიშით 94:49 (შედარებისთვის — ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები თამაშდება 18 გამარჯვებამდე).
თუმცა, 1970-იან წლებში WPBSA (სნუკერის მართვის ახალი ორგანიზაცია) იძულებული იყო შეემცირებინა გამარჯვებისთვის საჭირო ფრეიმების რაოდენობა. ეს მოხდა მარტივი მიზეზის გამო: ტელევიზიამ დაიწყო სნუკერის მატჩების ტრანსლაცია, ტრანსლაციის დრო კი შეზღუდული იყო. ამგვარად, 1980 წლიდან ფინალური პარტიების მაქსიმალური რაოდენობა შემცირდა 35-მდე. სხათა შორის, იმ დროისთვისვე, ახალი პროფესიონალი მოთამაშეების მოსვლის წყალობით, გაფართოვდა სატურნირო ბადე: ახლა ჩემპიონატის ძირითადი ნაწილი იწყებოდა 1/16 ფინალიდან. სხვა მატჩები იმართებოდა კარგად დამუშავებული სისტემით, რომელმაც 30 წლის განმავლობაში მინიმალური ცვლილებები განიცადა: 1/16 ფინალი — მატჩები 10 გამარჯვებამდე, 1/8 ფინალი — 13 გამარჯვებამდე, 1/4 ფინალი — 13 გამარჯვებამდე, ხოლო ნახევარფინალი — 17 გამარჯვებამდე (1997 წლამდე 16 გამარჯვებამდე[33]).
ტრადიციის მიხედვით, ყოველი ახალი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ხსნის მოქმედი გამარჯვებული. შესაბამისად, ტურნირზე კენჭისყრისას ის იღებს პირველ ნომერს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ადგილს იკავებს ის ოფიციალურ თუ სავარაუდო რეიტინგში. მეორე ნომერი, როგორც წესი, ეძლევა მოთამაშეს, რომელიც იკავებს პირველ ადგილს ოფიციალურ რეიტინგში. ტოპ-16-ეულიდან დარჩენილ 14 სნუკერისტს შორის კენჭისყრა ასევე ხდება ოფიციალური რეიტინგის შესაბამისად. მაგალითად, 2010 წლის ტურნირზე კენჭისყრის პირველი ნომერი აიღო 2009 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა (ანუ წინა ჩემპიონმა) ჯონ ჰიგინსმა (თუმცა, ის იმ დროისთვის მხოლოდ მეოთხე იყო რეიტინგში). მეორე ნომერი გახდა იმ მომენტისთვის ოფიციალურ რეიტინგში პირველი ადგილის მფლობელი რონი ო’სალივანი. მესამე ნომერი შეხვდა სტივენ მაგუაიერს (რეიტინგის მეორე ნომერს).
აგრეთვე აღსანიშნია, რომ კვალიფიცირებული მოთამაშეების განაწილება ფინალური სტადიის პირველ რაუნდზე (1/16 ფინალი) ხდებოდა შემთხვევითი კენჭისყრის საფუძველზე და მათი ოფიციალური რეიტინგი არავითარ როლს არ თამაშობდა. მაგალითად, 2010 წლის იმავე ტურნირის 1/16 ფინალში ჰიგინსმა, რომელსაც პირველი ნომერი შეხვდა, ითამაშა რეიტინგში მე-17-თან, ხოლო მეორე ნომერმა (ო'სალივანმა) — 27-ე ნომერთან.
მოთამაშე | სულ | წელი |
---|---|---|
ჯო დეივისი | 15 | 1927—1940, 1946 |
ფრედ დეივისი | 8 | 1948, 1949, 1951, 1952—1956 |
ჯონ პულმანი | 1957, 1964 (ორჯერ), 1965 (სამჯერ), 1966, 1968 | |
სტივენ ჰენდრი | 7 | 1990, 1992—1996, 1999 |
რეი რიარდონი | 6 | 1970, 1973—1976, 1978 |
სტივ დეივისი | 1981, 1983—1984, 1987—1989 | |
რონი ო’სალივანი | 5 | 2001, 2004, 2008, 2012, 2013 |
ჯონ ჰიგინსი | 4 | 1998, 2007, 2009, 2011 |
ჯონ სპენსერი | 3 | 1969, 1971, 1977 |
მარკ უილიამსი | 2000, 2003 | |
უოლტერ დონალდსონი | 2 | 1947, 1950 |
ალექს ჰიგინსი | 1972, 1982 | |
ჰორეს ლინდრუმი | 1 | 1952 |
ტერი გრიფითსი | 1979 | |
კლიფ თორბერნი | 1980 | |
დენის ტეილორი | 1985 | |
ჯო ჯონსონი | 1986 | |
ჯონ პეროტი | 1991 | |
კენ დოერტი | 1997 | |
პიტერ ებდონი | 2002 | |
შონ მერფი | 2005 | |
გრემ დოტი | 2006 | |
ნილ რობერტსონი | 2010 | |
მარკ სელბი | 2014 | |
სტიუარტ ბინემი | 2015 |
როგორც მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე სნუკერის ყველა პროფესიონალური ტურნირის მთავარი სამმართველო ორგანიზაცია ამჟამად არის პროფესიონალური ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ასოციაცია (შემოკლებით WPBSA). ეს ორგანიზაცია პასუხისმგებელია ჩემპიონატის მომზადებასა და გამართვაზე, გარდა ამისა, მისი წარმომადგენლები თანამშრომლობენ სპონსორებთან და დებენ კონტრაქტებს პირველობის ტელევიზიაში ჩვენებაზე[34]. WPBSA-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრისტოლში, ინგლისში.
თავდაპირველად სნუკერის განვითარებით (და ბილიარდისაც მთლიანობაში) დაკავებული იყო ბილიარდის ასოციაცია და კონტროლის საბჭო/კლუბი (BA & CC). სწორედ ამ ორგანიზაციამ დაამტკიცა სნუკერის წესები და ხელს უწყობდა რეგიონალური ტურნირების განვითარებას XX საუკუნის დასაწყისში. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იმართებოდა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატები 1927 წლიდან 1952 წლის ჩათვლით, სანამ პროფესიონალ მოთამაშეებსა და BA & CC-ის წარმომადგენლებს შორის უთანხმოებამ არ გამოიწვია თანამშრომლობის გაწყვეტა უახლოესი 10 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, 1964 წელს ბილიარდისა და სნუკერის ასოციაციამ რექს უილიამსთან შეთანხმებით განაახლა მსოფლიო ჩემპიონატი ჩელენჯის ფორმატში. საბოლოოდ BA & CC-მ შეწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატისა და თვითონ სნუკერის მართვა-გამგეობა 1970-იან წლებში, როდესაც შეწყვიტა არსებობა ძველი სახით და ჩანაცვლდა WPBSA-თი. იმ დროიდან მსოფლიო პირველობა იმყოფება ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ასოციაციის კონტროლის ქვეშ.
სნუკერი მეტად განვითარებულია დიდ ბრიტანეთში, იქვე მდებარეობს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროები. 1960-იანი წლებიდან პირველობას აშუქებენ ტელევიზიაში (არხები BBC, ITV). ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატს სრულად აჩვენებს ტელეარხები BBC და ევროსპორტი, ასევე გაზეთები „Guardian“ და „BBC Sport“. ტურნირი სნუკერის მთავარი სეზონური მოვლენაა და შესაბამისად ყველაზე პოპულარული შეჯიბრება ტელევიზიაში — მაგალითად, 1985 წლის ჩემპიონატის ფინალს, რომლის ტრანსლაციაც ხდებოდა ტელეარხ BBC 2-ზე, თვალყურს ადევნებდა 18 მილიონი მაყურებელი[8].
ყველაზე ცნობილი კომენტატორები, რომლებიც ტურნირს ხელმძღვანელობდნენ, სხვადასხვა დროს იყვნენ ტედ ლოუ[35], კლაივ ევერტონი (რომელიც თავის დროზე იყო, როგორც კომენტატორი, ასევე ჟურნალისტი)[36] და ჯეკ კარნემი[37]; ასევე კომენტატორის პოსტზე ხშირად იწვევენ ყოფილ ცნობილ სნუკერისტებს[36].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.