Remove ads
ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი From Wikipedia, the free encyclopedia
ლევან იოსების ძე მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912, ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, — გ. 5 დეკემბერი, 1992, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). 1938–52 წლებში მუშაობდა ქუთაისისა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში უფროს მასწავლებლად.[1][2]
ლევან მარუაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1912 |
დაბ. ადგილი | ნოვოჩერკასკი, დონის ძალების ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 5 დეკემბერი, 1992 (80 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი და ალპინისტი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი |
ალექსანდრე ჯავახიშვილი გიორგი გეხტმანი ბესარიონ ყავრიშვილი |
განთქმული მოსწავლეები | კობა ხარაძე |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი |
ჯილდოები | ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი, საქართველოს სახელმწიფო პრემია, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და მედალი „შრომის ვეტერანი“ |
ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.[3]
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინა და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლა კრუბერის გამოქვაბული,[4] რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი მღვიმის სტატუსს ატარებს.[5]
ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1970) შესახებ, როგორც კარსტული პროცესების გავრცელების გეოსფერო. მკვლევარმა კარსტოსფერო პლანეტის გარსის სახით გამოყო, რომელიც ზოგადად სტრატისფეროს თანხვდება და რომელიც კარსტვადი ქანებითაა აგებული.[6]
ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია.[1][7]
აღსანიშნავია, რომ ლევან მარუაშვილი, როგორც ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი მეცნიერების გარდა ინტერესს იჩენდა ლიტერატურის მიმართ; ადრეულ ასაკში წერდა ლექსებს, რომანებს, მოთხრობებს, პიესებს, რომლებსაც ხშირად დაუმთავრებელი ხასიათი ჰქონდა. მის მიერ არის დაწერილი რომანი „სპელეოლოგიური ტრაგედია“, რომელიც გამოუქვეყნებელი დარჩა. მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა რუსთველოლოგიაში, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. ლევან მარუაშვილი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკვლევდა „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიულსა და ასტრონომიულ ელემენტებს და ჩატარებული მუშაობის საფუძველზე გარკვეულ დასკვნებს მიადგა სამყაროს რუსთაველისეული ასახვის შესახებ. მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია ქართულსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში. ამ საკითხებთან დაკავშირებით მან 20-ზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნა. პოეტის მემკვიდრეობის შესწავლით იგი 1937 წელს დაინტერესდა.[1][6]
ლევან მარუაშვილი იყო ალპინისტიც; ჯერ კიდევ 16 წლისამ დალაშქრა ჯავის ქედის მწვერვალი ბრუტსაბძელი (3670 მ), სადაც პირველმა ნახა საკულტო დანიშნულების ხის ნაგებობის ნაშთები. ერთი წლის შემდეგ მონაწილეობდა თეთნულდისა (4852 მ) და ბანგურიანის (3838 მ) მწვერვალებზე ასვლებში,[8] გადალახა ტვიბერის უღელტეხილი (3607 მ). 1931 წელს ორჯერ ავიდა მყინვარწვერსა (5047 მ) და ყუროსწვერზე (4071 მ), 1932 წელს კი პამირზე — ღარმოს კვანძში იმყოფებოდა. 1934 წელს იყო უშბის ექსპედიციაში. ამის შემდეგ, არაერთ ასვლებში მონაწილეობდა სხვადასხვა ცნობილ ალპინისტებთან.[1]
ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.[9] მისი ბიოგრაფია შეტანილია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში (1983),[10] ენციკლოპედია „თბილისში“,[11] გეომორფოლოგიურ ლექსიკონში (1996),[12] რუსულ ჟურნალ „გეომორფოლოგიაში“ (2002) და სხვა.[13]
2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.[14]
„ჩემი მთავარი ბედნიერება იმაში იყო, რომ მე მივაგენი ჩემს სარბიელს და ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემთვის საყვარელ საქმეს — კვლევას და წერას, წერას და კვლევას.[1]“ |
ლევან მარუაშვილი დაიბადა საგზაო ინჟინრის ოჯახში. მისი წინაპრები ორივე მხრიდან გლეხები იყვნენ, მამის მამა დურგალი იყო, დედის მამა კი ზეინკალი. ორივე იმერეთის მკვიდრი იყო, — პირველი ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასიდან, მეორე კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშიდან. ლევან მარუაშვილის მამის დედა ეფროსინე სოფელ თერჯოლიდან იყო, — ტოფაძეს ასული, დედის დედა მარიამი კი თბილისიდან — ილურიძის ასული. მარუაშვილი იმერული გვარია. შტო, რომელსაც ლევან მარუაშვილი ეკუთვნის არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი თავასა. ორი წლისაც არ იყო პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო. იოსებ მარუაშვილი ოჯახთან ერთად 1914 წელს საქართველოში დაბრუნდა. თბილისში დაბრუნებულ მარუაშვილების ოჯახს შეეძინა კიდევ ერთი შვილი, — თინათინი. 1919 წელს იგი თბილისის მე-2 შრომის სკოლაში შევიდა. 1926–30 წლებში თბილისის ჰიდროტექნიკუმში სწავლის პარალელურად მონაწილეობდა ზემო სვანეთის საველე-საექსპედიციო რაზმში. 1930 წელს დაამთავრა ტექნიკუმი ჰიდროტექნიკოსის დიპლომით. 1932–33 წლებში მარუაშვილი ყაზბეგის ტურბაზაში მუშაობდა.[6]
1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შევიდა.[10] პარალელურად, როგორც ლიტერატურული მუშაკი, თანამშრომლობდა „ვეჩერნი ტბილისისა” და „ზარია ვოსტოკას“ რედაქციებთან. თსუ-ში მარუაშვილის ლექტორებიდან იყვნენ გამოჩენილი ქართველი გეოგრაფები: ალექსანდრე ჯავახიშვილი, გიორგი გეხტმანი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მისი ლექტორი პროფესორი ალექსანდრე ჯავახიშვილი, არც თუ ისე დადებითად აფასებდა სამომავლოდ სახელგანთქმული გეოგრაფის — მარუაშვილის დამოუკიდებელ მოღვაწეობას.[1]
„გულწრფელი ურთიერთობა ბატონ ალექსანდრესთან თითქმის მქონია, მართალია, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჩემს შესვლამდე მან მიმიწვია ფაკულტეტზე პამირის შესახებ მოხსენების წასაკითხად, მართალია, რუსულ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალებში ჩემს მიერ გამოქვეყნებული პირველი სტატიები მან დადებითად შეაფასა, მაგრამ შემდეგ, როდესაც დამოუკიდებელი ლიტერატურული აქტიურობა გამოვიჩინე, მისი უარყოფითი რეაგირება შევნიშნე“ |
— წერს ლევან მარუაშვილი.
მარუაშვილს ჯერ კიდევ საუნივერსიტეტო გეოგრაფიული განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული, რომ უკვე აქვეყნებდა გეოგრაფიულ ნარკვევებს, რომლებითაც იმდროინდელ გეოგრაფთა და მკითხველთა ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება დაიმსახურა. სტუდენტობის წლებში მან 15 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა,[15] მათ შორის: „მარკო პოლო და სვენ ჰედინი“, „კავკასიონის რელიეფის ზონალობა“, „ყელის ლავური პლატო“, „კავკასიის გამყინვარება“, „თუშეთი (გეოგრაფიული მიმოხილვა)“ და სხვა. ნაშრომთა ამ ციკლმა ახალგაზრდა, დამწყებ მეცნიერს პერსპექტიული მკვლევარი-გეოგრაფის სახელი მოუხვეჭა. უნივერსიტეტის დამთავრების წელსვე გამოქვეყნდა მისი მეტად საინტერესო ნაშრომი: „შოთა რუსთაველის გეოგრაფიული მსოფლმხედველობა“.[1]
1936 წელს ალექსანდრე ლაისტერთან შეთავსებით მუშაობდა „ამიერკავკასიის გეოგრაფიული ლექსიკონის“ რედაქციაში, რომელიც 1937 წელს დაიხურა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1938 წელი), მუშაობა დაიწყო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გეოგრაფიის ფაკულტეტზე (ასისტენტად).[1]
1941 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მოქმედ არმიაში გაიწვიეს. ხარკოვის საინტენდანტო აკადემიის დაჩქარებული კურსების დამთავრებისთანავე ლევან მარუაშვილი სტალინგრადის ბრძოლებში და კავკასიის დაცვის ოპერაციებში ჩაება. 1943–46 წლებში კავკასიონის მაღალმთიანეთში საომარი მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, იმყოფებოდა „სპეცგეოს“ რაზმში; სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1947 წელს ლევან მარუაშვილმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „Карст обломочных пород, его геоморфологическая характеристика в свете общего карстоведения, на примере Центральной Мегрелии (Западная Грузия)“ (ქართ.: ნგრეული ქანების კარსტი, გეომორფოლოგიური დახასიათება ზოგადი კარსტმცოდნეობის შუქზე (ცენტრალური სამეგრელოს მაგალითზე)).[1]
1952 წელს ლევან მარუაშვილმა ქალაქ მოსკოვში წარმატებით დაიცვა ორტომიანი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი (აგებულება, რელიეფი, განვითარების ისტორია)“,[16] რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ალპურ ხმელთაშუაზღვიური სარტყლის ვულკანური ოლქების შესწავლის საქმეში. მას დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.[6] ავტორმა ხანგრძლივი საველე დაკვირვებების საფუძველზე, უარყო ამ ოლქის მორფოგენეზის ცალმხრივი „ვულკანური“ გაგება და დაადგინა მასში ნეოტექტონიკური პროცესების მნიშვნელოვანი როლი. მონოგრაფიაში პირველად არის წარმოდგენილი საქართველოს სამხრეთი მთიანეთის სრული, მაღალმეცნიერულ დონეზე შესრულებული პალეოგეოგრაფიული სურათი და რელიეფის განვითარების ისტორია. ნაშრომმა დიდი როლი შეასრულა საქართველოსა და ამიერკავკასიის გეომორფოლოგიური და მეოთხეულის ვულკანური მოვლენების შესწავლაში.[1]
ლევან მარუაშვილმა ტექნიკუმი 1930 წელს დაამთავრა. უკანასკნელ კურსზე სწავლისას ყველა მოწაფის წინაშე წამოიჭრა მომავლის პრობლემა. მარუაშვილს მთების, მყინვარებისა და უდრეკი მთიელების კუთხე — სვანეთი იზიდავდა. მისი ეს გატაცება ზოგიერთმა კურსელმაც გაიზიარა. ჩამოყალიბდა სვანეთში მუშაობის ენთუზიასტების ჯგუფი, რომელიც აპირებდა ტექნიკოსებად წასვლას სვანეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, თუმცა შემოდგომამდე სავაკანსიო ადგილების არქონის გამო, მათი ჩანაფიქრი არ განხორციელდა, რის გამოც სვანეთის ჯგუფი დაიშალა. იდეას მხოლოდ მარუაშვილი შერჩა. იგი ქუთაისში წავიდა, დედის ბიძაშვილ, — ექიმ ვანო შველიძესთან. მან თავის მეგობარს სარეკომენდაციო წერილი მიაწერინა ზემო სვანეთის იმდროინდელ პოლიტსამმართველოს უფროს ჭელიძესთან. მარუაშვილი თბილისში დაბრუნდა და სვანეთში წასასვლელად მოემზადა. თან წაიღო „ხუთვერსიანი რუკა“.[1]
მარუაშვილმა სვანეთში 1 მაისიდან 4 სექტემბრამდე დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში აღმასკომის ხაზით ორი სამუშაო შეასრულა: კალა-იფარის შემაერთებელი გზის შეკეთება და ტვიბერის მყინვარის ბოლოსთან ტურისტთა თავშესაფრის მშენებლობა. პირველი მათგანის ბილიკის ნაწილი ენგურმა მოსპო, სხვა ნაწილები მოუვლელი ან დაზიანებული იყო. ამის შემდეგ მარუაშვილს 3 თვით იფარში მოუწია გადაბარგება. კალა-იფარის გზის რემონტის დამთავრების შემდეგ, აღმასკომმა დაავალა ზედამხედველობა გაეწია ტვიბერის ტურისტული თავშესაფრის მშენებლობაზე. იგი შენდებოდა ტვიბერის მყინვარის ბოლოდან 1,5 კმ მანძილზე, ადგილ ნაკრავალში, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. ნაკრავალში მან ორი თვე გაატარა. აქ ყოფნისას მარუაშვილმა რუსულიდან თარგმნა და შეავსო ახალი მასალებით ვიქტორ სემენოვსკის წიგნი „სამთო ტურიზმი“.[17] თარგმანი დაიბეჭდა 1932 წელს. ეს იყო ლევან მარუაშვილის პირველი ნაბეჭდი წიგნი.[1]
თეთნულდზე ასვლა, ლალხორში დათქმული პირობის თანახმად, გოჯი ჩეგიანთან ერთად წამოიწყო, მაგრამ ჰადიშში, საიდანაც იწყება მწვერვალის მისადგომები, ჩამოვიდნენ და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეები, რომლებიც იმავე მიზანს ისახავდნენ. ასვლისას ნაგების მყინვარის სათავეში ორივე ჯგუფი გაერთიანდა, მაგრამ ასვლისას სვანები ჩამორჩნენ და უკან გაბრუნდნენ. ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ჯაფარიძეები, იაგორ კაზალიკაშვილი, ვასასი კალანდარიშვილი და ლევან მარუაშვილი, სქელ ნისლში იარა თეთნულდის სამხრეთ-დასავლური წიბოს ვიწრო თხემზე და მიაღწია წერტილს, სადაც ანეროიდმა 4900 მ სიმაღლე აჩვენა. ეს ადგილი ჩაითვალა თეთნულდის მწვერვალად და ჯგუფი ჰადიშში დაბრუნდა. ღამით თეთნულდზე ნისლი გადაიყარა, ჯაფარიძეებმა დურბინდით ახედეს მთას და დაინახეს წიბოზე გატარებული ნაკვალევი. ნავალს საგრძნობი მანძილი უკლდა თეთნულდის უმაღლეს წერტილამდე. გაირკვა, რომ ასვლა ბოლომდე არ ყოფილა შესრულებული. დაჰკლებია ასიოდე მეტრი. დანაკლისის ასანაზღაურებლად ალიოშა ჯაფარიძე დაუყონებლივ გაეშურა მწვერვალისაკენ, ნაშუადღევს მიაღწია მას და საღამოსთვის ჩამობრუნდა ჰადიშში. შემდეგ დღეს ალიოშა ჯაფარიძე, ალექსანდრა ჯაფარიძე, იაგორ კაზალიკაშვილი და ადრილ ავალიანი ყველა ერთად მესამედ ავიდნენ თეთნულდზე. მთა ბანგურიანზე მარუაშვილი სანდრო გვალიასთან ერთად ავიდა. ასვლა-ჩამოსვლაზე ორი დღე დაიხარჯა.[1]
1929 წელს ავიდა ჯავის ქედის მწვერვალ ბრუტსაბძელზე (3670 მ), რომელიც ზოგიერთი მარშრუტის მიხედვით მიეკუთვნება სირთულის III და IV კატეგორიებს.[18]
1931 წელს მარუაშვილი სამუშაოდ გადავიდა ყაზბეგის ტურბაზაში. ყაზბეგში მარუაშვილმა გაიცნო მოყვარული ალპინისტები ივანე იუხინი და შალვა მაყაშვილი. ისინი შეთანხმდნენ ერთად ასულიყვნენ ყუროსწვერზე და წარმატებით დალაშქრეს იგი. ამით ლევან მარუაშვილი, შალვა მაყაშვილი და ივანე იუხინი გახდნენ ყუროს ქედის პირველი ტრავერსის მონაწილეები. მთლიანობაში, ლევან მარუაშვილმა 1931 წელს დაიპყრო კავკასიონის მწვერვალები: მყინვარწვერი (5047 მ), ყუროსწვერი (4071 მ) და არჩქორთი (3399 მ). ყაზბეგში გატარებულმა ზაფხულმა ლიტერატურული ასახვა ჰპოვა ლევან მარუაშვილის პატარა ბროშურაში „Казбек“ (1932).[1]
1932 წლის გაზაფხულზე ხელოვნებათმცოდნე შალვა კვასხაძესთან ერთად ჯუთაში ავიდა. იქიდან შევიდნენ ჭაუხის კლდოვან ლაბირინთში და დაადგინეს მისი მთავარი მწვერვალის მდებარეობა, რაც იმ დროს გამორკვეული არ იყო.[1]
1933 წლის გაზაფხულზე ჯერ მთამსვლელებთან და შემდეგ მეტეოროლოგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ყაზბეგზე ასაშენებელი მეტეოროლოგიური სადგურისათვის ადგილის შერჩევაში. ადგილი იპოვნეს პირველი მოგზაურობის დროს — იქ, სადაც ახლა დგას ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლოგიური ობსერვატორია.[1]
1932–36 წლებში მარუაშვილი მონაწილეობდა პამირის ექსპედიციებში. ლევან მარუაშვილს რამდენიმე თავის წიგნში — „ათი წელი მწვერვალთა ჰიპნოზის ქვეშ“ (1979), „დასავლეთ პამირის მთებში“ (1934), „მოგზაურობა ქვეყნიერების ბანზე“ (1988) დაწვრილებით არის მოთხრობილი პამირული თავგადასავალი. მარუაშვილისთვის პამირზე მოგზაურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან იქ გაიცნო დედამიწის ერთ-ერთი საინტერესო რეგიონი, რომლის ბუნება იმ დროს თითქმის შეუბღალავი იყო ადამიანის მიერ. მან იქ პოვა უფროსი მეგობრები ექსპედიციის მეცნიერ წევრთა სახით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გეოგრაფი კონსტანტინე მარკოვი და გეოლოგი დიმიტრი შჩერბაკოვი, რომლებიდანაც შემდგომში მეცნიერული ახალგაზრდობისა და სიმწიფის წლებში არაერთხელ ჰქონია საქმიანი ურთიერთობა.[1]
ლევან მარუაშვილი აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტიკაში. იგი სისტემატურად აქვეყნებდა მასალებს ქართულ და რუსულ ენებზე ცენტრალურ და რესპუბლიკურ გაზეთებსა და ჟურნალებში — „იზვესტია“, „პრავდა“, „სოვეტსკი სპორტი“, „სოციალისტიჩესკაია ინდუსტრია“, „კომუნისტი“, „თბილისი“, „ზარია ვოსტოკა“, „ლელო“, „დროშა“, ასევე საქართველოს რაიონულ გაზეთებში, სადაც 200-ზე მეტი წერილი დაბეჭდა.[6]
1936 წელს მარუაშვილმა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საბუნებისმეტყველო ჟურნალ „პრიროდა“-ში მეტად საინტერესო სამეცნიერო სტატიები („კავკასიონის რელიეფის ზონალობა“, „ყელის ლავური პლატო (გეომორფოლოგიური ნარკვევი)“, „კავკასიონის გამყინვარება“, „აბრსკილის მღვიმე“, „ნაგარევის გვირაბი“, „სივერაუტის ყინვარის გაქრობა“, „სამხრეთ საქართველოს ვულკანური მღვიმეები“ და სხვა) დასტამბა.[6]
სტუდენტობისას მარუაშვილს ჟურნალისტური სამუშაო ხშირად აცდენინებდა ლექცია-პრაქტიკუმებს. სტუდენტობის წლების მოგზაურობის ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო გეოგრაფიული მეცნიერება წერილებსა და სამეცნიერო სტატიებში, უპირველეს ყოვლისა, გეომორფოლოგიისა და გლაციოლოგიის საკითხებზე. 1936 წელს მან გამოიკვლია ყელის ვულკანური მთიანეთი და რუსულ ჟურნალ „პრიროდა“-ში დაბეჭდა სტატია — „ყელის ლავური პლატო“, რომელშიც პირველად მეცნიერულ დონეზე გააშუქა პლატოს მორფოლოგია, მორფოგენეზისი და განვითარების ისტორია. ყელის პლატოს ამ დახასიათებამ ღირსეულად პოვა საყურადღებო გამოკვლევა ყელის პლატოსადმი და მარუაშვილის გეომორფოლოგ-მკვლევრის მიმართ მეცნიერთა ყურადღება მიიქცია, რამაც მისი აღიარება განაპირობა.[1]
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს ეკუთვნის ლევან მარუაშვილის მეცნიერულ-ლიტერატურული აქტიურობის დასაწყისი. იმ პერიოდში გამოაქვეყნა ქართული და რუსული წიგნები და სტატიები. წიგნებიდან ქართულ ენაზე ვიქტორ სემენოვსკის „სამთო ტურიზმი“ და „დასავლეთ პამირის მთებში“, აგრეთვე „მარკო პოლო და სვენ ჰედინი“, რუსულად „ყაზბეგი“ (მოკლე გზამკვლევი). სტატიები მოთავსებული იყო ჟურნალ „პრიროდა“-ში და საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების „იზვესტია“-ში. ისინი ეხებიან კავკასიონის სტრუქტურისა და რელიეფის ურთიერთდამოკიდებულებას, კავკასიონის რელიეფის ზონალობას, ყელის ზეგნის ტბებს, მცირე კავკასიონის ძველ გამყინვარებას, ყელის ზეგნის გეომორფოლოგიას, რუსთაველის გეოგრაფიულ თვალსაწიერს, კავკასიონის მყინვარების უახლეს ცვალებადობას.[1]
გაზეთში თანამშრომლობის თემატიკას განსაზღვრავდა მისი მიდრეკილება ალპინიზმისა და გეოგრაფიისადმი. იშვიათი იყო შემთხვევები როდესაც რედაქციის დავალებით სხვა საკითხებზეც უხდებოდა წერა, მაგალითად, ჭადრაკზე, მეურნეობის დარგებზე, „ვეფხისტყაოსნის“ 1937 წლის იუბილეზე. სტატიებს მეტწილად ფსევდონიმებს აწერდა: ალადინი, სიგმა, ელმარი, ომეგა, ლ. მარ. დიდი სტატიები ეხებოდა რუსთაველის ეპოქას, ალპინისტურ ექსპედიციებს, ვიქტორ გოლცევის წიგნზე სვანეთის შესახებ და ა.შ.[1]
ლევან მარუაშვილის 100-ზე მეტი სტატიაა ჩართული ენციკლოპედია „საქართველოში“. ამ მხრივ, თემატიკა ძირითადად გეომორფოლოგიის საკითხებს შეეხება. მისი ავტორობით დაიბეჭდა სტატიები საქართველოში არსებული ქედების, პლატო-ზეგნების, მთების, უღელტეხილების, ქვაბულების, ვაკე-დაბლობების შესახებ. აღსანიშნავია მისი ვრცელი სტატიები: კავკასიის, კავკასიონის, ვახუშტი ბატონიშვილის და სხვა საკითხების შესახებ.[19][20][21]
ლევან მარუაშვილის შემოქმედებაში შეიძლება გამოიყოს გეოგრაფიული მეცნიერული დარგების შემდეგი ძირითადი მიმართულებები, რომელთა კვლევაში მან არსებითი წვლილი შეიტანა: 1. საქართველოს გეომორფოლოგია; 2. საქართველოსა და კავკასიის პალეოგეოგრაფია (ნეოგენ-მეოთხეული პერიოდი); 3. საქართველოსა და კავკასიის რეგიონული ფიზიკური გეოგრაფია; 4. კარსტოლოგია და სპელეოლოგია; 5. გეოგრაფიული ცოდნის და მოგზაურობათა ისტორია; 6. რუსთველოლოგია; 7. ალპინიზმი.[6]
ლევან მარუაშვილი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია და ისტორიული გეოგრაფია.[6]
1953 წელს, გაზაფხულზე, გაზეთში გამოცხადდა კონკურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებაზე. ლევან მარუაშვილი იმ დროს სოხუმში მუშაობდა. გეოგრაფებმა — ქრისტეფორე ჯაყელმა, იულია ძიძიგურმა და სხვებმა ლევან მარუაშვილი ჩათვალეს ზემოაღნიშნული თანამდებობის პირველ პრეტენდენტად. გაიმართა კონკურსი, ხმის უმრავლესობით განყოფილების გამგედ აირჩიეს ლევან მარუაშვილი. 1956 წელს განყოფილება ორად გაიყო — გეომორფოლოგიისა და ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილებებად. აქედან მოყოლებული ლევან მარუაშვილი გეომორფოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, თუმცა, განყოფილების სტრუქტურაში პერიოდულად ხდებოდა ცვლილებები: 1960 წელს განყოფილებას გამოეყო გლაციოლოგიის ჯგუფი, რომელიც ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილებას შეუერთდა; 1980 წელს გეომორფოლოგიისა და მეოთხეული გეოლოგიის განყოფილებები გაერთიანდა გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილებად.[1]
1956 წელი ნაყოფიერი გამოდგა ლევან მარუაშვილის სამეცნიერო-ლიტერატურული აქტივობისათვის, — დაიბეჭდა ოთხი მონოგრაფია (ორი ქართულსა და ორიც რუსულ ენაზე). მთავარი მათ შორის იყო „კავკასიაში მყინვარული ეპოქის პალეოგეოგრაფიული ვითარების შესახებ არსებული წარმოდგენების გადასინჯვის მიზანშეწონილობა“, რომელშიც ეჭვქვეშ დააყენეს რუსი და დასავლეთევროპელი მკვლევრების მიერ შექმნილი შეხედულებანი კავკასიონის ყინულსაბურველების მოჩვენებითი მსგავსებისა პლეისტოცენში. მან ახსნა ალბრეხტ პენკის შეხედულებებისა და ჩრდილოეთის ყინულსაფარების შესწავლისას გამომუშავებული მეთოდების მექანიკური გადმოტანით კავკასიის პალეოგლაციოლოგიურ კვლევაში. მართალია, წიგნმა რუსეთში აურზაური გამოიწვია, მაგრამ საწინააღმდეგო საბუთები არავის წამოუყენებია.[1]
მეორე წიგნი, რომელიც მოსკოვში გამოქვეყნდა, იყო „ვახუშტი ბაგრატიონი, მისი წინამორბედები და თანამედროვენი“, ვახუშტი ბაგრატიონის გარდა, განხილულია იონა გედევანიშვილის და რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობები და ნაშრომები.[1]
მესამე წიგნი ქართულ ენაზე დაიბეჭდა — „საქართველოს გეოგრაფიული შესწავლის ფუძემდებელი — ვახუშტი ბაგრატიონი“, რომელიც რამდენადმე განირჩევა წინა (რუსული) გამოცემისაგან.[1]
დასასრულ, მეოთხე, უფრო მომცრო წიგნი რაფიელ დანიბეგაშვილის ბირმაში მოგზაურობის და მისი მოღვაწეობის რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებთან კავშირის შესახებ, ამჯერად უფრო დაზუსტებული და დასაბუთებულია.[1]
ლევან მარუაშვილმა წამოაყენა ალპური დანაოჭების ზონებში ძველი (მეზოზოური) პენეპლენიზირებული რელიეფის ფრაგმენტების შემორჩენის შესაძლებლობა და პირობები (1966 და სხვა); გამყინვარების გავლენა კარსტული რელიეფის განვითარებაზე: ყინულსაფრის ქვეშ ნორმალური (კონუსური) ძაბრების გამომუშავების შესაძლებლობა სიბრტყობრივი ჩამონადენის უქონლობის გამო (არაბიკის მასივის მაგალითზე, 1961, 1963); დიდი (მინდელ-რისული) გამყინვარებათშორისული ეპოქის გამოვლინება საქართველოში და მისი ფიტოგეოგრაფიული შედეგები (მუქწიწვიანი ტყის არეალის შეზღუდვა-დაწყვეტა, 1959); ევსტაზიის როლი გეომორფოგენეზში (ოკეანის დონის ერთობლივი დადაბლება ნეოგენ-ანთროპოგენში და მისი გავლენა ტერასებისა და მღვიმური სართულების ჩამოყალიბებაზე, 1959, 1960, 1967, 1969, 1971); ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში“ იმ ხანისათვის პროგრესული სამეცნიერო ელემენტების გამოვლინება. ვახუშტი ბაგრატიონის ხანგრძლივი ზეგავლენა რუსულსა და დასავლეთ-ევროპულ კარტოგრაფიაზე და გეოგრაფიაზე (1948, 1956 და სხვა); თანამედროვე და გამყინვარებისდროინდელი კლიმატური პირობების განსხვავების გავლენა შესაბამისი მორენების მექანიკურ შედგენილობაზე (ჭაუხის მასივისა და სამსრის ქედის მაგალითებზე, 1969); კარსტოსფეროს სივრცის, სხვა გეოსფეროებთან ურთიერთობის და აღნაგობის ცნებები (1970 და სხვა); კარსტული მღვიმეების ასაკის ცნების დაზუსტებული გაგება (1969 და სხვა); კარსტული მღვიმის მორფოლოგიურ-ჰიდროლოგიური განვითარების სტადიები (გიორგი მაქსიმოვიჩის სქემის განვითარება-შესწორება, 1967, 1969, 1970).[1]
კარსტული წყლების ცირკულაციური სისტემების კლასიფიკაცია (მღვიმური, მყვინთავი მდინარეები, ვოკლუზები, სუბმარინული, კუნძულური სიფონები, 1970, 1971); კარსტულ მღვიმეთა სართულიანობის გენეზისი, მორფოლოგიური კლასიფიკაცია და ურთიერთობა ტერასთწარმოქმნასთან (1963, 1969, 1972 და სხვა); კირქვული მასივების დაკარსტულობის (მღვიმიანობის) ხარისხის განსაზღვრის პირდაპირი მეთოდების კრიტიკა და მეშვეობითი მეთოდების დამუშავება (1969); კლასტოკარსტის შესაძლო მასშტაბები და გენეტურ-მორფოლოგიური თავისებურებანი (1943, 1946, 1947, 1949, 1963); მაქსიმალური ნალექიანობის სარტყელის დაწევა გამყინვარების ეპოქებში და მისი გავლენა ძველი გამყინვარების განლაგებაზე (კავკასიონის მაგალითზე, 1972); მდინარეული ტერასთწარმოქმნის ტიპები ოროგენულ ზონებში (დაძირვის, აზევებისა და ტექტონიკური სიმშვიდის ტერასული სერიები, 1959 და სხვა); მეოთხეული ანუ ანთროპოგენური სისტემის ქვედა ზღვარის გადაწევა შუა და ზედა პლიოცენის მიჯნამდე (1962, 1964, 1971); მთიანი მხარეების გეომორფოლოგიური ზონალობა (კავკასიონის მაგალითზე, 1936). მთიან მხარეებში „კლიმატური“ (გამყინვარებათა სინქრონული) ტერასების ჩამოყალიბების შეუძლებლობა და მათ განვითარებაში ტექტონიკური და ევსტატიკური ფაქტორების გადამწყვეტი როლი. პირველადი სტრუქტურული რელიეფის რეალური არსებობა სამხრეთ საქართველოს დანაოჭებული ნეოგენური ლავების მაგალითზე (1946, 1956, 1964 და სხვა); პოლიგენური ვულკანების თავისებური ტიპი — შეწყვილებული ან მეტი რაოდენობით შეჯგუფებული ცენტრალური ვულკანები (სამსრის ქედის მაგალითზე, თავკვეთილი, შავნაბადა, ბებერდაღი, 1956); რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობათა მიზეზობრივი კავშირი რუსეთის აზიურ პოლიტიკასთან (1946, 1956, 1963, 1969).[1]
1953–59 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დავალებით ლევან მარუაშვილმა ჩაატარა გეომორფოლოგიური ექსპედიციები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. 1953 წელს გამოიკვლია გომბორის ქედი. მასთან ერთად იყო გიორგი ჩანგაშვილი, რომელიც საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობდა. ერთ თვეში მოინახულეს ბაკანას პლატო, მთების — ცივისა და გომბორის კალთები, მდინარე ფაფრისხევის სათავეები და სხვა.[1]
1954 წელს გამოიკვლია ზემო იმერეთის პლატო. ჯგუფში შედიოდნენ მოსე და ელენე სოხაძეები და გიორგი ჩანგაშვილი. ავიდნენ ვულკან გორაძირზე, დაათვალიერეს და შეისწავლეს ნიგოზეთის, სვერისა და ბერეთისის მღვიმეები; ხელმოსმულის ძველი ხეობა; ბუჯის სათავეები, ზედა ბუჯისა და კარიანიკლდის მღვიმეებით.[1]
1956 წელს იმავე ჯგუფთან ერთად მოიარა სამეგრელო. ავიდნენ ასხის, მიგარიის, გაუჩის კირქვულ მასივებზე; ტეხურის ხეობაზე შემოვლით გადავიდნენ ხობისწყლის შენაკად ჩეგოლის ხეობაში.[1]
1957 წელს გამოიკვლია ლეჩხუმი — ასხის მასივი, ცაგერის ქვაბული, ლანქორის უღელტეხილი, ჯონოულის ხეობა და ცეკურის მასივი — ეგრისის ქედზე. 1958 წელს გეოგრაფიის ინსტიტუტის ჯგუფები იკვლევდნენ აფხაზეთის ტერიტორიას. ლევან მარუაშვილის ჯგუფმა მოიარა კოდორის ხეობა მთისწინეთიდან საკენის მყინვარამდე.[1]
1959 წელს გამოიკვლია ლიახვის ხეობა შემდინარეებითურთ, ყელის ზეგანი. ყელის ზეგანზე მთავარი ყურადღება ექცეოდა კრიოგენული წარმონაქმნების კვლევას. ამ საკითხებზე იგი მუშაობდა კონსტანტინე მარკოვის რჩევით, იულია ოლზოვიკ-კოლიასინსკაიას კონსულტაციის, იან დილიკის და ალბერტ ლინკოლნ უოშბერნის შრომების საფუძველზე. გამოკვლევის შედეგად ორი სტატია დაიბეჭდა რუსულ კრებულებში, რომელთაგან ერთი ეხება პერიგლაციალურ მოვლენებს, მეორე კი ექსპედიციებს.[1]
ლიახვის ხეობაში შეისწავლეს ბრიტათის ძველი მყინვარის მიერ მდინარე ერმანისწყლის გადახრის შედეგად, ლავებში დარჩენილი ნახეობარი, გერმუხის ქედის სამხრული ფერდობისა და მდინარე თლის აუზის ძველი გამყინვარება, ქნოღო I და ქნოღო II ვულკანები. 1960 წელს ლევან მარუაშვილმა ორჯერ მოაწყო ექსპედიცია ყვირის კირქვულ მასივზე, რის დროსაც აღმოაჩინეს მოქანავე ლოდი ქუაქანცალია და ცოტნე დადიანის უფსკრული.[1]
ამავე წელს განხორციელდა არაბიკის მასივზე I სპორტული სამეცნიერო ექსპედიცია. 1962 წელს კი ამავე მასივზე II სპორტული სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო. იმ დროს არაბიკის მასივი თითქმის შეუსწავლელი იყო; აქვე ლევან მარუაშვილმა შეისწავლა არაბიკის მასივის გამყინვარებისშემდგომი შრატული წარმონაქმნები — „დიდი შრატული ველი“ გელგელუკთან და ჟოეკვარის ტროგის „შრატული ღობეები“.[1]
აფხაზეთის კვლევის თემატიკას ლევან მარუაშვილის შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი უკავია, რაც გარკვეულწილად აისახა მის სამეცნიერო შრომებში; ამ მხრივ, აღსანიშნავია აბრსკილის მღვიმის კვლევა, სადაც იპოვნეს მღვიმური დათვის ადამიანის მიერ გადაადგილებული ძვლები. 1963 წელს ეწვია წებელდის მიდამოებს ფსევდომორენების შესასწავლად და სხვა. 1962 წელს გაგრის კირქვული მასივის გამოკვლევისათვის ლევან მარუაშვილს სხვებთან ერთად გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.[1]
1962–63 წლებში გომარეთის პლატოზე შეისწავლა ბადალა-ველისწყაროს ლავისქვეშა განამარხებული ნიადაგი. შემდეგ წლებში აქვე, პაპუნაანთწყაროს ხევის განამარხებულ ნიადაგებში აღმოჩნდა ობსიდიანის ანატკეცები. 30 წლიანი საველე კვლევებისა და არსებული ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დაიბეჭდა „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“, რომელიც 1969 და 1970 წლებში თსუ-ის გამომცემლობის მიერ ორ წიგნად გამოვიდა გადამუშავებული და შესწორებული ვარიანტით.[1]
1964 წლის საექსპედიციო სეზონი ლევან მარუაშვილმა სიონის წყალსაცავს, ტყიბულის წყალსაცავს და ყელის ზეგანს დაუთმო. შეისწავლეს ყელის ძველი გამყინვარება, რომელიც ჯერ კიდევ 1936 წელს გამოიკვლია; ასევე თრუსოს ხეობის კარსტული ფორმები, მოიარა აგრეთვე არაგვისა და ქსნის ხეობები; იყო სამსრის ქედზე და მტკვრის ხეობაში გამოიკვლია ბირთვისის მასივის ნაგებობანი, ბუჯის მიწისქვეშა მონაკვეთი და სხვა. 1965–80 წლებში ლევან მარუაშვილმა განმეორებით ან პირველად მოიარა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. რიგი ობიექტები, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათ შესწავლაში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: ცუცხვათის მღვიმოვანის კომპლექსური შესწავლა, სადაც ჯერ კიდევ 1966 წელს ეწვია და გააკეთა რიგი მეცნიერული დასკვნა.[1]
საინტერესოა, რომ მარუაშვილმა ჯერ კიდევ 1943 წელს მოინახულა ბუნების უნიკალური ძეგლი — ოკაცეს კანიონი და იქვე მდებარე ტბიური ნალექები. 1970-იან წლებში დაწვრილებით შეისწავლა აღნიშნული ტერიტორია, გააკეთა საყურადღებო დასკვნები და გამოაქვეყნა შესაბამისი შრომები.[1]
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინა და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლა კრუბერის გამოქვაბული,[4] რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი მღვიმის სტატუსს ატარებს. კრუბერის გამოქვაბული მდებარეობს არაბიკის მასივზე; გამოქვაბულის ამჟამინდელი ცნობილი სიღრმე 2197 მ აღწევს.[5]
ლევან მარუაშვილი ხელმძღვანელობდა კოლექტიურ მონოგრაფიას „Геоморфология Грузии“ („საქართველოს გეომორფოლოგია“, 1971), რომელშიც განხილულია საქართველოს რელიეფი მისი პლასტიკის, დინამიკისა და განვითარების ისტორიის თვალსაზრისით.[17] მოკლე დროში ამ წიგნმა ფართო აღიარება პოვა და კავკასიის რელიეფის კვლევით დაინტერესებულთათვის სამაგიდო წიგნად იქცა. ლევან მარუაშვილი თავისივე დაწერილი სახელმძღვანელოებიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს სპელეოლოგიასა და პალეოგეოგრაფიაში.[1]
ლევან მარუაშვილმა მრავალწლიური კვლევის შედეგები შეაჯამა ისეთ ფუნდამენტურ მონოგრაფიებში, როგორებიცაა: „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ სამ ტომად (1975, 1981, 1986), „Палеогеографический словарь“ (1985), კოლექტიური მონოგრაფია „Грузия в антропогене“ (1991) და სხვა.[22] 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში, რომლის არაორგანული ბუნების ძეგლები მისი დიდი ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა.[23] სამეცნიერო-პოპულარული სახით აქვს გამოცემული წიგნები: „დასავლეთ პამირის მთებში“ (1934), „შუქი ბნელეთში“ (1963), „ათი წელი მწვერვალთა ჰიპნოზის ქვეშ“ (1979), „მოგზაურობა ქვეყნიერების ბანზე“ (1988) და სხვა. ლევან მარუაშვილმა ათეულობით ნაშრომი უძღვნა ქართული გეოგრაფიის ისტორიას. მან რამდენიმე მონოგრაფია გამოაქვეყნა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიულ-კარტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე (1956, ქართულად და რუსულ ენაზე მოსკოვში), რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობაზე (1956, 1963, 1969), XVIII საუკუნის ქართველ გეოგრაფებსა და მოგზაურებზე (1954) და სხვა. 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი უძღვნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიულ შეხედულებებს. მისმა შრომამ „Палеогеографический словарь“ (1985) სპეციალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მონოგრაფიაში არა მარტო განმარტებულია 7000-ზე მეტი პალეოგეოგრაფიული, გეომორფოლოგიური, გეოლოგიური ტერმინი, არამედ ჩამოყალიბებულია მკაფიო პალეოგეოგრაფიული კონცეფცია, რაც ამ გამოცემის ძირითადი ღირსებაა. ამ სახის ნაშრომი არა თუ ყოფილ საბჭოთა კავშირში, მსოფლიოშიც კი პირველად შეიქმნა.[1][24]
1964 და 1969–70 წლებში დაისტამბა ლევან მარუაშვილის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის, — „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენია გეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის. მასალების ორიგინალობით, საქართველოს ბუნებრივი დანაწილების საკუთარი სქემით და სხვა თვისებებით, ორტომეული სამეცნიერო მონოგრაფიის სიმაღლეზე დგას.[6]
1975–80 წლებში ქართულ ენაზე პირველად დაიბეჭდა ორიგინალური გამოცემა, — „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (სამ ტომად). პირველი ტომი ეძღვნება კავკასიის ბუნების შესწავლის ისტორიას და მოიცავს 850-ზე მეტი ავტორის კვლევის შედეგების ანალიზს ამ რეგიონის გეოლოგიაში, გეომორფოლოგიაში, კლიმატოლოგიაში, ჰიდროგრაფიაში, ნიადაგთმცოდნეობაში, ლანდშაფტმცოდნეობაში, ფლორასა და ფაუნაში. მეორე ტომში შევიდა 1967–71 წლების საველე სამუშაოების დროს დაღესტანში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ავტორის საკუთარი დაკვირვების შედეგები. ასევე უახლესი ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე მოცემულია კავკასიის ბუნებრივი ლანდშაფტების ცალკეული კომპონენტების დახასიათება. მესამე ტომში მოცემულია კავკასიის ძირითადი ბუნებრივი ერთეულების ფუნდამენტური რეგიონული ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერა.[6]
ლევან მარუაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კარსტული მღვიმეების კვლევისა და ზოგადი კარტსმცოდნეობის განვითარების საკითხებში.[25] მეცნიერებაში მან შემოიტანა კარსტოსფეროს, როგორც წყვეტილი მრავალსართულიანი ქერქის ცნება, რომელიც ვრცელდება როგორც კონტინენტურ, ისე ლითოსფეროს ოკეანურ ნაწილებში;[12] გამოყო სპელეომორფოციკლები, შეძლო მრავალსართულიანი მღვიმური სისტემებისა და მდინარეული ტერასული დონეების შედარებითი შესწავლა; ეს და სხვა მრავალი საკითხი ფართოდ გაშუქდა ნაშრომში — „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები: ზოგადი სპელეოლოგია“ (1973),[26] რომლის საფუძველია ავტორის მრავალწლიანი დაკვირვებები საქართველოს კარსტულ მღვიმეებში, ასევე უზარმაზარი სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი.[27]
1970 წლიდან ლევან მარუაშვილის ინიციატივით ცუცხვათის მრავალსართულიანი მღვიმოვანის შესწავლა დაიწყო. კომპლექსური კვლევის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ამ უნიკალური ობიექტის ბუნებრივი გარემოს ევოლუციის რეალური სურათის დადგენა. ჩატარებული კვლევების შედეგად დეტალურად შეისწავლეს მღვიმოვანისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგია, ძირითადი გეომორფოლოგიური თავისებურებანი, მღვიმური ნალექებისა და ნიადაგების ხასიათი, მცენარეული საფარი, მღვიმური ფაუნა, კლიმატის ცვლილება და მისი თანამედროვე მდგომარეობა, ზედაპირული და მიწისქვეშა ჰიდროქსელი, დახასიათებულია მღვიმური კომპლექსის ცალკეული სართულები. ცუცხვათის მღვიმური სისტემის უნიკალურობის გათვალისწინებით, ასევე, ლევან მარუაშვილის აქტიური ძალისხმევით, ეს ობიექტი სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადდა. საველე სამუშაოების საფუძველზე შეიქმნა ფუნდამენტური ნაშრომი „Изучение пещер Колхиды“ (1978), რომელიც ცუცხვათის მღვიმოვანს ეხება.[28]
ლევან მარუაშვილის პირველი ნაშრომი ისტორიულ გეოგრაფიაში „მარკო პოლო და სვენ ჰედინი“ 1935 წელს დასტამბა საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ. 1938 წელს დაიბეჭდა მისი ახალი ნაშრომი — „შოთა რუსთაველის გეოგრაფიული თვალსაწიერი“.[6]
ლევან მარუაშვილი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკვლევდა „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიულსა და ასტრონომიულ ელემენტებს და ჩატარებული მუშაობის საფუძველზე გარკვეულ დასკვნებს მიადგა სამყაროს რუსთაველისეული ასახვის შესახებ. მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია ქართულსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში. ამ საკითხებთან დაკავშირებით მან 20-ზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნა.[29]
ლევან მარუაშვილი შოთა რუსთაველის მემკვიდრეობის შესწავლით 1937 წელს დაინტერესდა. როგორც ჟურნალისტს რამდენიმეჯერ მოუხდა იმ დისპუტებზე დასწრება, რომლებიც იმ დროს (რუსთაველის ნაწარმოების 750 წლისთავის ზეიმისას) იმართებოდა თბილისის სხვადასხვა აუდიტორიებში. უსმენდა კონსტანტინე ჭიჭინაძის, ვუკოლ ბერიძისა და სხვა რუსთველოლოგების გამოსვლებს და აშუქებდა მათ გაზეთების — „ზარია ვოსტოკას“, „ვეჩერნი ტბილისის“ ფურცლებზე. იმავე ხანებში გამოვიდა ალ. სვანიძის ნახევრად ანონიმური (ინიციალებით აღნიშნული) წიგნი, რომელიც ეხებოდა „ვეფხისტყაოსანში“ ნაჩვენები უცნობი სახელწოდებებით მონათლულ ქვეყნებსა და ქალაქებს. დაიბეჭდა აგრეთვე რუსი აღმოსავლეთმცოდნის იგნატი კრაჩკოვსკის გამოკვლევა შუა საუკუნეების არაბული გეოგრაფიის შესახებ. დასახელებული პუბლიკაციების გაცნობამ დაარწმუნა მარუაშვილი რუსთაველის პოემის „უცნობი ქვეყნების“ სხვაგვარ განლაგებაში.[29]
1938 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში მარუაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ქვეყნები უნდა იძებნოს სხვაგან — აფრიკაში და, შეიძლება კუნძულ მადაგასკარზე. 1966 წელს ჩატარდა რუსთაველის მეორე იუბილე (დაბადების 800 წლისთავი). 1969 წელს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის „მაცნეში“ მარუაშვილმა გამოაქვეყნა მეორე სტატია, რომელშიც განავითარა „ვეფხისტყაოსნის“ უცნობი სახელებით აღნიშნული ქვეყნების, ქალაქებისა და სხვა ადგილების აფრიკა-მადაგასკარული მდებარეობის ვარიანტი.[29]
1970-იანი წლების ბოლოში მუშაობა პოემის გეოგრაფიულსა და ასტრონოიულ კომპონენტებზე განაახლეს ახალი წყაროების გამოყენებით და ახალი იდეების დამუშავებით. 1980 წელს „საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომებში“ დაიბეჭდა ავტორის მესამე შრომა რუსთაველის გეოგრაფიული თვალთახედვის თემაზე, ხოლო 1988 წელს იმავე შრომების სხვა ტომში გამოქვეყნდა განვითარებული შუა საუკუნეების მადაგასკარის ისტორიულ-გეოგრაფიული სურათის რეკონსტრუქციის ცდა შოთა რუსთაველის, მარკო პოლოსა და თანამედროვე ავტორების მიხედვით.[29]
რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და განსაკუთრებით მისი გეოგრაფიული ფონი, მთელი სიცოცხლის მანძილზე იპყრობდა მის ყურადღებას. მკვლევრის აზრით, რუსთაველის შენიღბული პოეტური ქარაგმის მიღმა, პოემის გმირების მოქმედების გეოგრაფიული არეალი იკითხება. დაადგინა რომ, პოემის პერსონაჟთა ყველა მოგზაურობის დრო მჭიდრო კავშირშია ინდოეთის ოკეანეში ტროპიკული მუსონების რეჟიმთან.[6]
ლევან მარუაშვილი დაჯილდოებულია არაერთი მედლით, ჯილდოთი და სიგელით. 1945 წელს სამხრეთ საქართველოში იყო სამხედრო-გეოგრაფიულ ექსპედიციაში, რის გამოც დაჯილდოვდა მედლით „სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის 1941–1945“. 1948 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით ალპინიზმის განვითარების 25 წლისთავთან დაკავშირებით. 1962 წელს დაჯილდოვდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, აფხაზეთის კარსტულ მღვიმეში ღრმად ჩაღწევის დარგში დავალების წარმატებით შესრულებისათვის. 1970 წელს დააჯილდოვეს საიუბილეო მედლით — „შრომითი მამაცობისათვის“. 1972 წელს დაჯილდოვდა ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედლით[9] ნაშრომისათვის „საქართველოს გეომორფოლოგია“. 1974 წელს დაჯილდოვდა საპატიო სიგელით ალპინიზმის განვითარებაში ხანგრძლივი და აქტიური მუშაობისა და ალპინიზმის დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით. 1977 წელს მიენიჭა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია. 1979 წელს დაჯილდოვდა მედლით 1978 წელს სოცშეჯიბრებაში გამარჯვებისათვის.[6]
1981 წელს დაჯილდოვდა საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომით თვალსაჩინო სამეცნიერო ნაშრომებისათვის გეოგრაფიის დარგში. 1982 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის საპატიო სიგელით ალპინიზმის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაბადების 70 წელთან დაკავშირებით. 1983 წელს დაჯილდოვდა სამკერდე ნიშნით „მეთერთმეტე ხუთწლედის დამკვრელი“; — აირჩიეს ქუთაისის საქალაქო ტურისტთა კლუბის „ოქროს ჩარდახი“-ს საპატიო წევრად. 1984 წელს დაჯილდოვდა მედლით „შრომის ვეტერანი“. იმავე წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია ნაშრომისათვის „საქართველოს წითელი წიგნი“ (1982). 1985 წელს დააჯილდოვეს მედლით სამამულო ომის II ხარისხის ორდენით. 1986 წელს დაჯილდოვდა მედლით „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი (1941–1945 წწ.)“.[6]
ლევან მარუაშვილის მეუღლე იყო ჟანა ივანიშვილი. იგი წლების განმავლობაში იზიარებდა მეუღლის წარმატებებს. არაერთხელ ყოფილა მასთან ექსპედიციაში; მისი შრომების პირველწამკვითხველი სწორედ ჟანა იყო. წყვილს ჰყავდა შვილი ნესტანი.[6]
ლევან მარუაშვილი გარდაიცვალა 1992 წლის 5 დეკემბერს, 80 წლის ასაკში, ქალაქ თბილისში. დაკრძალეს 10 დეკემბერს საბურთალოს პანთეონში. სამგლოვიარო მიტინგზე სიტყვებით გამოვიდნენ: გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი რომან კვერენჩხილაძე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი ვახტანგ ჯაოშვილი, ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გივი სვანიძე, ლევან მარუაშვილის მოწაფე კობა ხარაძე.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.