From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს და არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | ირაკლი ღარიბაშვილი |
გენერალური მდივანი | კახა კალაძე |
ისტორია | |
დამფუძნებელი | ბიძინა ივანიშვილი |
დაფუძნდა | 21 აპრილი, 2012 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ბაზრის სოციალური ეკონომიკა[1] სოციალური კონსერვატიზმი ევროსკეპტიციზმი[2] |
პოლიტიკური პოზიცია |
ეკონომიკური:
ცენტრიზმი, მემარცხენე-ცენტრიზმი[3] |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სოციალისტური პარტია (დამკვირვებელი 2015–2023) |
საერთაშორისო აკრედიტაცია | პროგრესული ალიანსი |
წევრი | 42 000[5] |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
89 / 150 |
საკრებულოები |
1 333 / 2 068 |
თბილისის საკრებულო |
29 / 50 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ერეკლე II-ს მოედანი #3, თბილისი, საქართველო |
gd.ge |
პარტიამ მოახერხა გამარჯვების მოპოვება 2012 (კოალიცია), 2016 და 2020 წლებში გამართულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყანას მესამე ვადით მართავს. პარტიამ მოახერხა არჩევნებში გამარჯვება 2024 წლის არჩევნები, პარტიამ მეოთხე ვადით მართავს.
პარტიის თავმჯდომარეა ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო საპატიო თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ინტერესები 2011 წლის ოქტომბერში გაახმოვანა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. 2012 წლის თებერვალში მან პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და გააფორმა კოალიცია რესპუბლიკურ პარტიასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, ეროვნულ ფორუმთან ერთად.[6][7] აპრილში, კოალიციას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შეუერთდა. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.[8] კოალიციამ ბლოკის სახით გადაწყვიტა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ოფიციალურად, კოალიციამ წინასარჩევნო კამპანია 27 მაისს მრავალათასიანი მიტინგით დაიწყო[9] და 29 სექტემბერს დაასრულა.[10] საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა, პარტიამ კი 65 წევრიანი ფრაქცია შექმნა. კოალიციის საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე ხელმღვანელობდა.[11]
კოალიციამ მოახერხა 44 პროპორციული მანდატის მოპოვება და 41 მაჟორიტარული ოლქის მოგება.[12]
2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, სადაც „ქართული ოცნების“ კოალიციამ ხმათა 57,6% მოიპოვა (103 254 ხმა).[13]
2012 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა მიხეილ სააკაშვილის და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. შეხვედრას კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებიდან დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ. ივანიშვილმა შეხვედრა იმ შეაფასა „გაგრძელებად იმ ჯანსაღი პროცესისა, რომელიც მისმა გუნდმა შემოიტანა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში“. მისი შეფასებით, ქვეყნის ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი.[14]
2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრად კოალიციის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი დაამტკიცა.[15]
2013 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის ოლქებში. თამარ კორძაიამ ნაძალადევის ოლქში ხმათა 39,48% მიიღო (15 487 ხმა) და პირველი ადგილი დაიკავა. პაატა კიკნაველიძემ ბაღდათში ხმათა 61,81% (6975 ხმა) მიიღო. გიორგი კახიანმა სამტრედიის მაჟორიტარულ ოლქში ხმათა 80,94% (17 163 ხმა) მიიღო.[16]
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარადგინა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.[17] მარგველაშვილმა არჩევნებში ხმათა 62,12%-ის მიღება მოახერხა (1 012 214 ხმა), რითაც პირველივე ტურში მოახერხა გამარჯვება.
2013 წლის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა. 24 ნოემბერს გაიმართა პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელახლა დაკომპლექტა პოლიტიკური საბჭო.
2013 წლის 20 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.[18]
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მოიგო ყველა თვითმმართველი ერთეული. კოალიციამ ქვეყნის მასშტაბით ხმათა 50,82% მიიღო (719 431 ხმა). 2014 წლის არჩევნებზე საარჩევნო შტაბს კახა კალაძე ხელმძღვანელობდა.[19]
დედაქალაქ თბილისში მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ პირველ ტურში ხმათა 46,09% მიიღო (151 807 ხმა). მეორე ტურში ნარმანიამ ხმათა 72,47% მიიღო (222 066 ხმა) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნიკანორ მელია დაამარცხა.[20] პარტიამ თბილისის მასშტაბით 46,01% მიიღო (151 269 ხმა).
2014 წლის 12 ივლისს, მეორე ტურის დასრულების შემდგომ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა რომ მეორე ტური „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წარმატებით ჩატარდა და არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, რაც მან „ქვეყნის გამარჯვებად“ შეაფასა.[21]
2015 წლის დეკემბერში ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რის გამოც 30 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარედ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე მესამედ დაკომპლექტდა პოლიტსაბჭო. პარლამენტმა კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრად 86 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.[22] 2015 წლის 31 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელმა და ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ ის აპირებდა მონაწილეობის მიღებას „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში.[23]
2016 წელს კოალიციის დაშლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
2016 წლის 21 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა მემორანდუმი რომელზე ხელმოწერისკენაც სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდა:
2016 წლის 7 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა რომ წინასაარჩევნო გარემო „უპრენცედენტო“ იყო.[25] 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 115 მანდატით ხელახლა მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ 23-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში მოიგო არჩევნები.[26] ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ 73-დან 71 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება მოიპოვა.[27] პარტიის საარჩევნო შტაბს კახა კალაძე ხელმძღვანელობდა.[28]
2016 წლის 26 ნოემბერს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 110 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.[29]
2017 წლის 26 აგვისტოს გაიხსნა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილი კახა კალაძის საარჩევნო შტაბი.[30]
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მოიგო ყველა თვითმმართველი ერთეული. პარტიამ ხმათა 55,81% მიიღო (838 154 ხმა).
თბილისის მასშტაბით პარტიამ 205 994 ხმა მიიღო (53,15%), ხოლო დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვება კახა კალაძემ 51,09%-ით მოიპოვა (204 061).[31]
2018 წლის აპრილში პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. 11 მაისს ის ხელმეორედ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, დაკომპლექტდა პარტიის მეოთხე პოლიტსაბჭო.[32]
2018 წლის 9 სექტემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერა. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.[33] ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 38,64% (615 572 ხმა) მიიღო.
2018 წლის 1 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის მხარდასაჭერად საარჩევნო შტაბი შექმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.[34] მეორე ტურისთვის ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდზე გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.[35] მეორე ტურში ზურაბიშვილმა 59,52% (1 147 625 ხმა) მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩართულ იყო სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში. მან არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება „დემოკრატიის გამარჯვებად“ შეაფასა.[36]
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ირაკლი კობახიძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალი დასდო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „რუსული სცენარის“ განვითარების ხელშეწყობაში. კობახიძის შეფასებით ომი რუსულმა მხარემ დაიწყო, მაგრამ რომ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს არ მოხდებოდა.[37]
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გამართულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 45,9% მოიპოვა (82 700 ხმა).[38] საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 48,22% მოიპოვა (928 004 ხმა).
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მათ აგრეთვე უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე.[39] 2020 წლის 24 დეკემბერს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობა 85 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.[40]
2021 წლის 19 აპრილს შარლ მიშელის მედიაციით „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების შედეგად 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა.[41] 2021 წლის 28 ივლისს შეთანხმებიდან 100 დღის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა.[42]
2021 წლის 11 იანვარს ივანიშვილმა ხელმეორედ დატოვა პოლიტიკა. 16 იანვრის ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დაკომპლექტდა პარტიის მეხუთე პოლიტსაბჭო.[43] 2021 წლის 18 თებერვალს პარტია და თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რომელიც ოპოზიციაში გადავიდა და ახალი პოლიტიკური პარტია, „საქართველოსთვის“ დააფუძნა. გახარიას გადადგომის მიზეზი იყო ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი. გახარია თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვალა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ღარიბაშვილის პოსტზე დამტკიცებიდან ერთი დღის შემდეგ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო.[44] 2021 წლის 23 თებერვალს დილით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.[45]
2021 წლის 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა, რომლის ხელმძღვანელადაც გიორგი ამილახვარი წარადგინა.[46]
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „8 წლიანი დევნის შემდეგ“ დაბრუნდა საქართველოში,[47][48] გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[49] 2 ოქტომბერს გამართულ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 46,75% (824 755 ხმა) მიიღო. უმრავლესობა დაკარგა რიგ საკრებულოებში, მაგრამ 64-დან 63 მუნიციპალიტეტში მოახერხა მერის არჩევნების მოგება.[50][51] თბილისის მასშტაბით პარტიამ 193 486 ხმა მიიღო (40,39%).
2022 წლის 28 ივნისს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს, რაც პარტიის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია.[52] 2022 წლის 2 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ გამოყოფილმა დეპუტატებმა (მათ შეუერთდა გურამ მაჭარაშვილიც) მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.[53]
2022 წლის 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ რიგებიდან „ხალხის ძალას“ კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა (ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე),[54] რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.[55] სოზარ სუბარის თქმით „ხალხის ძალის“ გარეშე, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 75 დეპუტატი დარჩა და დამოუკიდებლად უმრავლესობა აღარ აქვს, თუმცა ისინი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან.
2023 წლის 4 მაისს „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“ გამოაქვეყნა განცხადება სადაც დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).[56]
2023 წლის 11 მაისს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვების შესახებ განაცხადა (რომლის დამკვირველები წევრიც „ქართული ოცნება“ 2015 წლიდან იყო).[57] საპასუხოდ 2023 წლის 30 ივნისს „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“ „ქართულ ოცნებას“ წევრობა შეუწყვიტა.[58]
2023 წლის 1 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა.[59][60]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობას ოთხი დეპუტატი (ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი) წარმოადგენდა.[61]
2023 წლის 30 დეკემბერს გაიმართა პარტიის მეშვიდე ყრილობა, სადაც ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, რომელმაც პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.[62][63] ყრილობაზე დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.[5]
2024 წლის 1 თებერვალს გაიმართა პარტიის მერვე რიგგარეშე ყრილობა, სადაც პოლიტიკური საბჭოს წარდგინებით პარტიის თავმჯდომარედ დამტკიცებული იქნა ირაკლი ღარიბაშვილი.[64] საპატიო თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.
2024 წლის 16 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებოდა.[65]
2024 წლის 11 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა. [66]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. მისი გამოცხადებული მიზნებია საშინაო პოლიტიკაში: სოფლის მეურნეობის აღორძინება, საყოველთაო დაზღვევა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში: ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „ქართული ოცნება“ ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში გაერთიანებას ესწრაფვის.
პარტიის ლოგოზე ლურჯ ფონზე წრიულად გამოსახულია თეთრ ფერში შესრულებული სიტყვები – „ქართული ოცნება“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი თეთრი ჯვრით, წრის ცენტრში ოქროსფერი 28-ქიმიანი მზის ფონზე გამოსახულია 7-ქიმიანი ლურჯი ვარსკვლავი. პარტიის დროშა არის მართკუთა ფორმის ლურჯი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილშიც გამოსახულია პარტიის ლოგო, ხოლო მის ქვემოთ დატანილია წარწერა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.[67]
„ქართული ოცნების“ პარტიული ორგანოებია: პარტიის ყრილობა, პარტიის პოლიტიკური საბჭო, პარტიის სარევიზიო კომისია, პარტიის თავმჯდომარე, პარტიის გენერალური მდივანი და პარტიის სამდივნო. პარტიაში ფუნქციონირებს ახალგაზრდული, ქალთა და საოლქო ორგანიზაციები. პარტიის ყრილობას თავმჯდომარის არჩევანიდან 4 წლის შემდეგ იწვევს თავმჯდომარე ან პოლიტიკური საბჭო.[67]
2012 წლის 7 მაისს „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუერთდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ჯგუფი, რის შედეგადაც გუნდმა წარმოადგინა ერთობლივად შემუშავებული ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია და სტრატეგია.
2016 წლის 26 ივნისს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა, სადაც დელეგატების მიერ ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გიორგი ჩაკვეტაძე.[68]
2018 წელს, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-ს (ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება) წევრი გახდა.[69]
2022 წლის 14 მაისს დაფუძნდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია.[70] ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეა ნინო წილოსანი.[71]
სახელი | სურათი | წელი | |
---|---|---|---|
1 | ბიძინა ივანიშვილი | 2012- 24 ნოემბერი, 2013 | |
2 | ირაკლი ღარიბაშვილი | 24 ნოემბერი, 2013 [72]-2015 | |
3 | გიორგი კვირიკაშვილი | 14 მაისი, 2016 [73]-11 მაისი, 2018 [74] | |
4 | ბიძინა ივანიშვილი | 11 მაისი, 2018-2021 | |
5 | ირაკლი კობახიძე | 16 იანვარი, 2021-24 იანვარი, 2024 | |
6 | ირაკლი ღარიბაშვილი | 1 თებერვალი, 2024- |
სახელი | სურათი | თანამდებობა |
---|---|---|
ირაკლი ღარიბაშვილი | თავმჯდომარე | |
ბიძინა ივანიშვილი | საპატიო თავმჯდომარე | |
კახა კალაძე | გენერალური მდივანი | |
მამუკა მდინარაძე | აღმასრულებელი მდივანი | |
ირაკლი კობახიძე | პოლიტიკური მდივანი | |
დიმიტრი სამხარაძე | რეგიონული მდივანი | |
არჩილ თალაკვაძე | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
თეა წულუკიანი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
ანრი ოხანაშვილი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
ვახტანგ გომელაური | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
გიორგი ვოლსკი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
მაკა ბოჭორიშვილი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
მარიამ ქვრივიშვილი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
შალვა პაპუაშვილი | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
ნიკოლოზ სამხარაძე | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
თორნიკე რიჟვაძე | პოლიტიკური საბჭოს წევრი | |
ირაკლი ჩიქოვანი | პოლიტიკური საბჭოს წევრი |
არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი | კოალიცია |
---|---|---|---|---|---|---|
2012 | 1 181 862 | 54,97 | 85 / 150 |
ახალი | მთავრობა | ქართული ოცნება |
2016 | 856 638 | 48,68 | 115 / 150 |
30 | მთავრობა | დამოუკიდებელი |
2020 | 928 004 | 48,22 | 90 / 150 |
25 | მთავრობა | დამოუკიდებელი |
2024 | 1 120 053 | 53,93 | 89 / 150 |
1 | მთავრობა | დამოუკიდებელი |
არჩევნები | კანდიდატი | პირველი ტური | მეორე ტური | შედეგი | ||
---|---|---|---|---|---|---|
ხმები | % | ხმები | % | |||
2013 | გიორგი მარგველაშვილი | 1 012 569 | 62,12 | პირველი ადგილი | ||
2018 | მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს | 615 572 | 38,64 | 1 147 701 | 59,52 | პირველი ადგილი |
არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2012 | 103 254 | 57,6 | 13 / 21 |
ახალი |
2016 | 71 039 | 45,13 | 14 / 21 |
1 |
2020 | 82 700 | 45,9 | 14 / 21 |
0 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.