From Wikipedia, the free encyclopedia
„ესპანიოლი“ (ესპ. RCD Espanyol de Barcelona; კატ. Reial Club Deportiu Espanyol de Barcelona) — ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბარსელონადან. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ჩრდილქვეშ მოექცა, ის მეექვსე ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია ესპანეთში. 2007 წლის 13 იანვარს მათ პირველად გაიმარჯვეს თანაქალაქელ „ბარსელონასთან“ 2001 წლის შემდეგ, ანგარიშით 3-1.
სრული სახელი |
Reial Club Deportiu Espanyol de Barcelona | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Periquitos (პარაკიტები) Blanquiazules (თეთრი და ლურჯები) | |||
დაარსდა |
28 ოქტომბერი, 1900 (როგორც Club Español de Fútbol) | |||
სტადიონი |
კორნელია-ელ პრატი, ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი (ტევადობა: 40,500 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ჩენ იანშენი | |||
მწვრთნელი | კიკე სანჩეს ფლორესი | |||
კაპიტანი | ხავი ლოპესი | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2018/19 | მე-7 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დაარსდა 1900 წელს. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. „ესპანიოლი“ 4-ჯერ გახდა ესპანეთის თასის გამარჯვებული, უკანასკნელად 2006 წელს. 2-ჯერ შეძლო უეფა-ს თასის ფინლში გასვლა, 1988 და 2007 წლებში. ადგილობრივ დაპირისპირებას „ბარსელონასთან“ ეწოდება ბარსელონის დერბი.
საშინაო მატჩებს ატარებს 40,500 მაყურებლის ადგილიან კორნელია-ელ პრატზე. მანამდე კლუბის საშინაო არენა იყო ლუის კომპანის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა.
„ესპანიოლი“ დაარსდა 1900 წლის 28 ოქტომბერს, ანხელ როდრიგეს რუისის (1879–1959) მიერ, რომელიც ბარსელონის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. კლუბი განთავსებული იყო სარიას რაიონში და მოთამაშეებს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც გატაცებული იყვნენ ინგლისიდან ახალშემოსული თამაშით.
თავდაპირველად კლუბის სახელწოდება იყო „ociedad Española de Football“, 1 წლის შემდეგ კლუბმა შეიცვალა სახელი და დაერქვა „Club Español de Fútbol“. კლუბის სათამაშო ფერები იყო ნათელი ყვითელი ფერის მაისურები, ხოლო შორტების ფერი მოთამაშის სურვილზე იყო დამოკიდებული. კლუბის დამაარსებლის მეგობარმა დააარსა ფაბრიკა, რომელიც კლუბს ყვითელი მატერიით ამარაგებდა.
1910 წელს, კლუბს დაერქვა „Club Deportivo Español“. საშინაო ფერებად არიჩიეს ლურჯი და თეთრი ზოლევი, გამოჩენილი კატალონიელი ადმირალის, როხერა დე ლიურიას (Admiral Roger de Llúria) საპატივსაცმოდ, რომელიც შუა საუკუნეებში ხმელთაშუა ზღვაში იცავდა კატალონიის ინტერესებს. კლუბმა არსებობის დასაწყისშივე მიაღწია წარმატებას, 1903 წელს მოიგო კატალონიის ჩემპიონატი და კოპა მაკაია („Copa Macaya“).
1906 წელს, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც „ესპანიოლი“ ფეხბურთელეთა დიდმა ნაწილმა დატოვა და შეუერთდა „X Sporting Club“-ს, რომელიც 3-ჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი, 1906, 1908 და 1909 წლებში. 1909 წელს კლუბი განახლდა როგორც „Club Deportivo Español“. 1910 წელს მიიღეს ტრადიციული ფერები, რომელსაც კლუბი დღემდე იყენებს. „ესპანიოლი“ არის იმ ესპანურ კლუბებს შორის, რომელიც არის სამეფო ოჯახის მფარველობის ქვეშ, რის გამოც უფლება აქვს სახელში გამოიყენოს „რეალი“, ხოლო ლოგოზე სამეფო გვირგვინი. ეს პრივილეგია „ესპანიოლს“ მიენიჭა 1912 წელს, ალფონსო XIII-ის მიერ, ამის შემდეგ კლუბის ოფიციალურ სახელია „Real Club Deportivo Español“ (აბრევიატურა - „RCD Espanyol“).
1931 წელს, ამავე მეფის თანამდებობიდან გადადგომის და ესპანეთის მეორე რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, აიკრძალა სამეფო სიმბოლოები, რის გამოც კლუბმა შეიცვალა როგორც ლოგო, ასევე სახელწოდება და დაერქვა კატალონიური სახელი - „Club Esportiu Espanyol“. ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ კლუბმა დაიბრუნა ძველი სახელწოდება.
1995 წლის თებერვალში მოხდა კლუბის სახელის გაკატალონიურება. სახელწოდებას დაემატა კატალონიური სიტყვა - „Deportiu“ („Reial Club Deportiu Espanyol de Barcelona“). სიტყვა ნაწარმოებია ესპანური სიტყვისგან „დეპორტივო“, თუმცა კატალონიურ ენაზე სწორად გამოითქმის, როგორც „Esportiu“. ახალი სიტყვის არჩევა განაპირობა იმან, რომ კლუბში სურდათ ინიციალების „RCD“ კლუბის სახელში შენარჩუნება.
1994 წელს შეიქმნა „ესპანიოლის“ დუბლშემადგენლობა, რომელსაც ეწოდა „ესპანიოლი ბ“.
წინა სეზონში ესპანეთის თასის მოგების შედეგად „ესპანიოლმა“ მოიპოვა უეფა-ს თასის 2006-07 წლების სეზონში თამაშის უფლება. მას შემდეგ, რაც პირველ ეტაპზე დაამარცხა სოვაკური „არტმედია“ 2 მატჩის ჯამში 5-3, „ესპანიოლი“ მოხვდა F ჯგუფში, სადაც ოთხივე მატჩში იმარჯვა და დაიკავა პირველი ადგილი. ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა |ამსტერდამის „აიაქსი“, ბელგიური „ზიულტე-ვარეგემი“, ჩეხური პრაღის „სპარტა“ და ვენის „ავსტრია“.
1/32 ეტაპზე „ესპანიოლის“ მეტოქე იყო „ლივორნო“, რომელიც 2 მატჩის ჯამში 4-1 დაამარცხა, გასვლაზე 2-1 იმარჯვა, ხოლო შინ 2-0. შემდეგ ეტაპზე მეტოქე იყო ესრაელის „მაკაბი“, გასვლაზე 0-0 ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ბარსელონაში მატჩი 4-0 დასრულდა. „ესპანიოლი“ ტურნირის ფავორიტად ჩამოყალიბდა.
შემდეგ ეტაპზე ბარსელონელებმა ევროპის თასის 2-გზის გამარჯვებული ლისაბონის „ბენფიკა დაამარცხეს. შინ გამართულ მატჩში, „ესპანიოლი“ 3-0 ლიდერობდა, საბოლოოდ მატჩი 3-2 დასრულდა. განმეორებით შეხვედრა ლისაბონში 0-0 დასრულდა.
ნახევარფინალში „ესპანიოლმა“ გერმანული ბრემენის „ვერდერი“ ჯერ საკუთარ მოედანზე 3-0 დაამარცხა, შემდეგ ბრემენში 2-1 მოუგო. ფინალი გაიმართა 16 მაისს, გლაზგოში. „სევილიასთან“ მატჩში ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ პენალტების სერიაში „სევილიამ“ იმარჯვა, ანგარიშით 1-3.[1] კლუბი გახდა ერთადერთი უეფა-ს ტურნირების ისტორიაში, რომელმაც ტურნირი წაუგებლად დაასრულა, მაგრამ თასს ვერ დაეუფლა. ვალტერ პანდიანიმ, რომელმაც სეზონის ბოლოს „ესპანიოლი“ დატოვა, გაიტანა ტურნირის საუკეთესო გოლი.
2007 წლის 9 ივნისს, რაულ ტამუდო გახდა „ესპანიოლის“ ყველა დროის ბომბარდირი 113 გოლით, რომელმაც გადაასწრო რაფაელ მარანიონს (111 გოლი). ტამუდოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი იყო 2006-07 წლების სეზონში, კამპ ნოუზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ 90-ე წუთზე გატანილი გოლი. გოლი, რომელმაც დააფიქსირა საბოლოო ანგარიში 2-2 და „ბარსელონას“ დააკარგინა ჩემპიონის ტიტული. მატჩის შემდეგ კატალონიურმა კლუბმა დააგროვა 76 ქულა, ისევე როგორც მადრიდის „რეალმა“, მაგრამ ურთიერთშეხვედრების უპირატესობით ჩემპიონი მადრიდული კლუბი გახდა.
2009 წლის 31 მაისს, „ესპანიოლმა“ ჩაატარა უკანასკნელი მატჩი მოტხუიკის ოლიმპიურ სტადიონზე, „მალაგას“ წინააღმდეგ. ეს იყო მე-2 სტადიონი კლუბის ისტორიაში, „სარიას“ შემდეგ. 2009-10 წლების სეზონიდან სტადიონ „კორნელია-ელ პრატზე“ გადასვლის შემდეგ, კლუბის თილისმა, რაულ ტამუდომ დააფიქსირა უნიკალური შედეგი, ითამაშა კლუბის სამივე სტადიონზე.
მოტხუიკის ოლიმპიურ სტადიონზე 12 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, „ესპანიოლი“ გადავიდა სტადიონ კორნელია-ელ პრატზე, რომლის გახსნაც გაიმართა 2009 წლის 2 აგვისტოს, მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ. მატჩი ლივერპულელებმა 3-0 დათმეს, სტადიონის ისტორიაში პირველი გოლი ლუის გარსიამ გაიტანა, ამას მოყვა ბენ საჰარის დუბლი.
2009 წლის 8 აგვისტოს, „ესპანიოლის“ კაპიტანი, დანიელ ხარკე, 26 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, იტალიის სოფელ კოვერჩანოში, სადაც კლუბი იმყოფებოდა იტალიაში გამართული მატჩების შემდეგ.[2] მას შემდეგ, „ესპანიოლის“ სტადიონზე გამართულ ყველა მატჩის 21-ე წუთზე (მისი ყოფილი მაისურის ნომერი), გულშემატკივრები მის ხსოვნას ოვაციით მიაგებენ პატივს, ასევე კლუბის ფანები მის სახელს მღერიან.
ამავე წლის 10 სექტემბერს, IFFHS-მა გამოაქვეყნა ევროპული კლუბების მე-20 საუკუნის რეიტინგი, სადაც ევროტურნირებზე ასპარეზოვის გამო 98-ე ადგილი დაიკავა.
მაურისიო პოჩეტინო, კლუბის ყოფილი მოთამაშე, იყო ასევე მწვრთნელი, რომელმაც 2008-09 წლების სეზონში, კლუბის დაქვეითებისგან არიდების მიზნით შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა დაწინაურებულიყვნენ ფეხბურთელები ქვედა დონის გუნდებიდან. მომავალ სეზონებში, „ესპანიოლმა“ შეძლო გავარდნის საშიშროების გარეშე პრიმერა დივიზიონში დარჩენა, ზოგ მომენტში კლუბი იბრძოდა უეფა-ს ევროპის ლიგის საგზურისთვის. ვინაიდან 2012-13 წლების სეზონში ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ, კლუბი ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, ხელმძღვანელობამ პოჩეტინო დაითხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ, „ესპანიოლი“ ჩაიბარა მექსიკელმა მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ, რომელმაც შეძლო მდგომარეობის გამოსწორება.
ხავიერ აგირემ კიდევ ერთი სეზონის მანძილზე შეძლო „ესპანიოლის“ პრიმერა დივიზიონში დატოვება. 2014 წლის 28 მაისს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერხიო გონსალესი დაინიშნა. მის პირველ სეზონში კლუბმა მარტივად შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. 2015 წლის დეკემბერში, დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა გონსალესის გაშვება, ცუდი შედეგების გამო.[3] მისი ადგილი დაიკავა, წარსულში „ესპანიოლის“ ფეხბურთელმა, რუმინელმა კონსტანტინ გალკამ.[4]
ამავე დროს ცვლილებები მოხდა ხელმძღვანელობაშიც.2016 წლის 20 იანვარს, პრეზიდენტი ხოან კოლიეტი და მისი გუნდი კლუბიდან წავიდნენ. მენეჯმენტი ჩენ იანშენმა გადაიბარა. 2015 წლის ნოემბრიდან კლუბის 50 პროცენტს „Rastar Managerial Group“ ფლობდა, ხოლო 2016 წლის 19 იანვრიდან იგი კლუბის სრული მფლობელი გახდა.
კატალონიური დერბი (კატ. El derbi Barceloní, ესპ. El derbi barcelonés) — მატჩები კატალონიის დედაქალაქის, ბარსელონას საფეხბურთო კლუბებს შორის: „ბარსელონასა“ და „ესპანიოლს“ შორის. ამ დერბის პრინციპიალურ ხასიათს სძენს ის ფაქტი, რომ კლუბის გულშემატკივრები ტრადიციულად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მატარებლები არიან: „ბარსელონას“ ფანები ემხრობიან უფრო მემარცხენე და სეპარატისტულ შეხედულებებს, ხოლო „ესპანიოლის“ გულშემატკივრები — მემარჯვენეები და ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლებისადმი უფრო ლოიალურები არიან.
„ესპანიოლი“ სამეფო პატრონაჟით გამოირჩეოდა. კლუბი დააარსეს ესპანელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა, განსხვავებით „ბარსას“ საბჭოს მრავალეროვნებისგან. კლუბის დამფუძნებელი გზავნილი ანტი-ბარსელონური იყო და ისინი „ბარსელონას“ როგორც უცხოელთა კლუბს ისე აღიქვამდნენ.
მიგელ პრიმო დე რივერას (1923–1930) და ფრანსისკო ფრანკოს (1939–1975) დიქტატურების დროს, ბარსელონის მრავალი მოქალაქის მიერ „ესპანიოლი“ მიიჩნეოდა ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერ კლუბად, რაც ეწინააღმდეგებოდა „ბარსას“ რევოლუციურ სულს.
ბარსელონური დერბი არის პრიმერა დივიზინის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნათამაშები დერბი, ასევე არის დაუბალანსებელი, ვინაიდან „ბარსელონას“ ბევრად მეტჯერ აქვს მოგებული. პრიმერა დივიზიონში, ცხრილში „ბარსას“ ზევით „ესპანიოლმა“ სეზონი დაასრულა მხოლოდ 3-ჯერ 70 წლის მანძილზე. ერთხელ შედგა ესპანეთის თასის კატალონიური ფინალი, 1957 წელს, რომელშიც ასევე „ლურჯ-ბროწეულისფერებმა“ გაიმარჯვეს. ყველაზე დიდი სხვაობით „ესპანიოლმა“ მოიგო 1951 წელს, ანგარიშით 6-0.
„ესპანიოლმა“ შეძლო „ბარსელონის“ დამარცხება კამპ ნოუზე, 2008-09 წლების სეზონში და გახდა პირველი კლუბი იმ სეზონში, რომელმაც დაამარცხა იმ სეზონის ტრებლის გამარჯვებული კლუბი.[5]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.