პელე

From Wikipedia, the free encyclopedia

პელე
Remove ads

პელე (პორტ. Pelé), ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (პორტ. Edson Arantes do Nascimento; დ. 23 ოქტომბერი, 1940[9][10], ტრეს-კორასოინსი, ბრაზილია — გ. 29 დეკემბერი, 2022, ბრაზილია[11]) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად[12][13][14][15][16][17][18]. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“[19]. იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football-მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე[20]. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters-მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა[21]. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო[22][23][24].

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პელე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პელე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
Remove ads

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით[25]. სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში[26][27]. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა[28][29][30]. აქტიურად მონაწილეობს სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა)[31]. მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol)[29][32][33][34].

პელემ საფეხბურთო კლუბ სანტოსში თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა, ხოლო როდესაც თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო, 17 წლის იყო[35]. ევროპული კლუბებისაგან უამრავი შემოთავაზებების მიუხედავად, პელეს ბრაზილია არ დაუტოვებია. 1961 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟანიუ კუადროსმა ფეხბურთელი „ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა[36][37][38][39], რამაც სანტოსს საშუალება მისცა პელე 1974 წლამდე შეენარჩუნებინა. სანტოსთან ერთად, ფეხბურთელმა 1962 და 1963 წლებში ლიბერტადორესის თასი მოიგო, სამხრეთი ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი[40][41][42].

სანახაობრივმა თამაშმა და გოლებმა პელე მსოფლიო ვარსკვლავად აქცია, რის გამოც „სანტოსი“ მრავლად აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს.[29] სათამაშო კარიერის დროს, ის უკან დაწეულ თავდამსხმელად თამაშობდა.[5][29][43][44]

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა საფეხბურთო და კომერციულ ღონისძიებებში. 2010 წელს დასახელდა „ნიუ-იორკ კოსმოსის“ საპატიო პრეზიდენტად.[45]

Remove ads

ადრეული წლები

„ბავშვობაში ბაურუს გუნდ „რადიუმში“ ფუტზალს ვთამაშობდი. ერთ-ერთ ტურნირზე მივიღეთ მონაწილეობა, რომელშიც გავიმარჯვეთ. ეს ახალი ხილი იყო და ისე ვგრძნობდი თავს, როგორც თევზი წყალში. ფუტზალი უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი ფეხბურთი. უფრო სწრაფად უნდა იაზროვნო, რადგან თამაში გაცილებით მჭიდროა. ამ თამაშმა ბევრი რამ მასწვლა ჩემს ფეხზე. სწორედ ფუტზალი ვითამაშე პირველად ჩემზე უფროსების წინააღმდეგ. დაახლოებით 14 წლის ვიყავი, ტურნირზე უნდა მიგვეღო მონაწილეობა და მითხრეს, რომ ძალიან პატარა ვიყავი. საბოლოოდ, თამაშის უფლება მაინც მომცეს და ტურნირი ბომბარდირად დავასრულე, 14 თუ 15 გოლი გავიტანე. ამან თავდაჯერებულება შემძინა. მივხვდი რომ დაბრკოლებების არ უნდა შემშინებოდა.“
— — პელე ფუტზალზე.[46]

პელე ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატის ქალაქ ტრეს-კორასოინსში დაიბადა. მამა კლუბ ფლუმინენსეს ფეხბურთელი დონდინიუ იყო, ხოლო დედა — დონა სელესტე არანტესი. ორ დედმამიშვილს შორის პელე უფროსი იყო[47]. მას სახელი ამერიკელი გამომგონებლის, ტომას ედისონის პატივსაცემად უწოდეს[9]. თუმცა მშობლებმა გადაწყვიტეს სახელიდან ასო „ი“ ამოეღოთ და ეწოდათ „ედსონ“; მიუხედავად ამისა, დაბადების მოწმობაში შეცდომა გაიპარა და ბევრ დოკუმენტში პელე მაინც სახელით „ედსონ“ მოიხსენიებოდა[9][48][49]. ოჯახში მას დიკოს მეტსახელით მოიხსენიებდნენ[35][47][50]. მეტსახელი „პელე“ მან სკოლის წლებში შეიძინა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მის მიერ ვასკო და გამას მეკარე ბილეს სახელის დამახინჯებული წარმოთქმა იყო. პელე თავის ავტოგრაფიაში წერს, რომ არც მას და არც მის ძველ მეგობრებს წარმოდგენა არ აქვთ თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა[47]. პორტუგალიურ ენაზე ეს სიტყვა არაფერს ნიშნავს[51]. ამ სიტყვის წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია ირლანდიელ მღვდელს უკავშირდება, რომელი იმ ადგილებში მუშაობდა, სადაც ფეხბურთელი გაიზარდა; როდესაც მღვდელმა პელეს თამაში იხილა, წამოიყვირა სიტყვები „...Ag imirt peile“, რაც ირლანდიურად ფეხბურთის თამაშს ნიშნავს.

პელე სან-პაულუს შტატის ქალაქ ბაურუში, სიღარიბეში გაიზარდა. ფულს ჩაის მაღაზიებში მოსამსახურედ მუშაობით გამოიუმუშავებდა[47]. ახალგაზრდობაში თამაშობდა რამდენიმე სამოყვარულო გუნდში, რომელთა შორის იყო: Sete de Setembro, Canto do Rio, São Paulinho და Amériquinha[52][53].

Bauru Athletic Club-ის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად (მწვრთნელი ვალდემარ დე ბრიტო) პელემ ზედიზედ 3-ჯერ სან-პაულუს შტატის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო (1954–1956)[54]. ბავშვობაში თამაშობდა ფუტზალს, ბაურუს გუნდში სახელად „რადიუმი“, რომელთან ერთად რამდენიმე ტურნირი მოიგო[46][54].

Remove ads

საკლუბო კარიერა

სანტოსი

Thumb
პელე, 1958 წლის ოქტომბერი

1956 წელს მწვრთნელმა დე ბრიტომ პელე ინდუსტრიულ და საპორტო ქალაქ სანტუსში წაიყვანა და ადგილობრივი კლუბის ხელმძღვანელობას 15 წლის ფეხბურთელი წარუდგინა[52][54]. გამოსაცდელი პერიოდისას „სანტოსის“ მწვრთნელ ლუის ალონსო პერესზე პელემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და 1956 წლის ივნისში გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა[52][54]. იმ დროიდანვე, ადგილობრივი მედია ფეხბურთელს მომავალ სუპერვარსკვლავად მოიაზრებდა. კლუბში მისი დებიუტი 1956 წლის 7 სექტემბერს შედგა Corinthians Santo Andre-სთან და შეხვედრაში, რომელიც სანტოსმა 7–1 მოიგო, ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა; ამ დროს ის 16 წლის იყო[52]. სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა პელემ თავისი პირველი ოფიციალური გოლი კარიერაში[55].

1957 წლის სეზონის დასაწყისში პელეს ძირითად შემადგენლობაში ერგო ადგილი და, 16 წლის ასაკში, ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებიდან 10 თვის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

1958 წელს, „სანტოსთან“ ერთად, პელემ პირველი მთავარი ტიტული — პაულისტას ლიგა მოიგო; მან ტურნირი საუკეთესო ბომბარდირად დაასრულა 58 გატანილი გოლით, რაც დღემდე სარეკორდოა[56]. 1 წლის შემდეგ გუნდთან ერთად რიო-სან-პაულუს ტურნირი მოიგო[57], თუმცა ვერ შეძლო პაულისტას ტიტულის შენარჩუნება. 1960 წელს პელემ 33 გოლი გაიტანა და კვლავ დაიბრუნა პაულისტას ჩემპიონის ტიტული, თუმცა კრახით დასრულდა მათი გამოსვლა რიო-სან-პაულოს ტურნირზე, დაასრულეს რა ის მე-8 ადგილზე[58]. პაულისტას ტიტული სანტოსმა მომდევნო წელსაც შეინარჩუნა, პელემ კი 47 გოლი გაიტანა. ამავე წელს გუნდმა ბრაზილიის თასიც მოიგო, რომლის ფინალში სალვადორის „ბაია“ დაამარცხა; პელემ ამ ტურნირზე 9 გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებამ გუნდს საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო ლიბერტადორესის თასზე, დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე[59].

Thumb
პელე (მარცხნივ) და ალბერტო სპენსერი სანტოსისა და პენიაროლის 1962 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალური შეხვედრის წინ

„სანტოსის“ ყველაზე წარმატებული სეზონი 1962 დაიწყო.[10] ლიბერტადორესის თასის ჯგუფურ ეტაპზე გუნდი პარაგვაულ „სერო პორტენიოსთან“ და ბოლივიურ „დეპორტივო მუნისიპალთან“ მოხვდა და ერთი შეხვედრის გარდა („სერო პორტენიოსთან“ სტუმრად 1–1), ყველა მოიგო. ნახევარფინალში მათ ჩილეს „უნივერსიდად კათოლიკა“, ფინალში კი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი — ურუგვაის „პენიაროლი“ დაამარცხეს. ბომბარდირთა შორის, 4 გატანილი გოლით, პელემ მე-2 ადგილი დაიკავა. იმავე წელს, გუნდმა ბრაზილიის ჩემპიონატის ტიტულიც დაიცვა, პელე კი გუნდს 37 გატანილი გოლით დაეხმარა. ასევე მოიგო ბრაზილიის თასი (4 გოლი) და 1962 წლის საკონტინენტთაშორისო თასი[60][61][62].

1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ისეთი მდიდარი ევროპული კლუბები, როგორებიცაა მადრიდის „რეალი“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებას შეეცადნენ, თუმცა ბრაზილიის მთავრობამ პელე „ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა და მისი ტრანსფერი აღკვეთა[63].

როგორც მოქმედი გამარჯვებული, „სანტოსი“ პირდაპირ იქნა დაშვებული 1963 წლის ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე. ნახევარფინალურ შეხვედრაში, „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ, რომელშიც ისეთი ცნობილი ფეხბურთელები გამოდიოდნენ, როგორებიც არიან გარინჩა და ჟაირზინიო, პელემ ერთადერთი გოლი გაიტანა თავისი გუნდის მხრიდან და მატჩი 1–1 დაასრულა. განმეორებით თამაშში, „მარაკანაზე“, პელემ ჰეტ-თრიკი შეასრულა და გუნდს 4–0 გაამარჯვებინა. ფინალურ ჯგუფში, სანტოსმა „ბოკა ხუნიორსი“ საკუთარ მოედანზე 3–2 დაამარცხა, სტუმრად კი — 2–1. გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო ლიბერტადორესის თასი, პელემ კი ტურნირი საუკეთესო ბომბარდირად დაასრულა 5 გატანილი გოლით. „სანტოსმა“ ვერ შეძლო პაულისტას ლიგის მოგება, თუმცა იმარჯვა რიო-სან-პაულუს ტურნირში, ფინალში „ფლამენგოს“ დამარცხებით, ანგარიშით 3–0; პელემ 1 გოლი გაიტანა. ამავე წელს გუნდთან ერთად პელემ საკონტინენტთაშორისო და ბრაზილიის თასებიც მოიგო[60].

Thumb
პელე, 1963 წელი

ლიბერტადორესის თასზე „სანტოსმა“ ტიტულის დაცვა მომდევნო 1964 წელსაც სცადა, თუმცა არგენტინულ „ინდეპენდიენტესთან“ ორივე ნახევარფინალური შეხვედრა დათმო. გუნდმა მოიგო პაულისტას ლიგა, სადაც პელემ 34 გოლი გაიტანა. ასევე მოიგო ბრაზილიის თასი ზედიზედ მეოთხედ, ხოლო რიო-სან-პაულუს ტურნირში გამარჯვება „ბოტაფოგოსთან“ გაინაწილა. 1965 წლის ლიბერტადორესის თასის ჯგუფურ ეტაპზე „სანტოსმა“ ყველა მატჩი მოიგო და ნახევარფინალში ურუგვაულ „პენიაროლს“ დაუპირისპირდა. ორი ლეგენდარული მატჩის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა[10], 1965 წლის 31 მარტს, ბუენოს-აირესში დანიშნულ გადათამაშებაში, პელეს გუნდი, ანგარიშით 2–1 დამარცხდა; თავად პელემ თავისი გუნდიდან ერთადერთი გოლი გაიტანა, თუმცა გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ გამოდგა[10]. 8 გატანილი გოლით, ტურნირი საუკეთესო ბომბარდირად დაასრულა[64]. გუნდის გამოსვლა კრახით დასრულდა რიო-სან-პაულუს ტურნირზეც.

1966 წელს პელეს გუნდმა დაკარგა ბრაზილიის თასის ტიტულიც, სამაგიეროდ იმარჯვა პაულისტას ლიგაზე 1967, 1968 და 1969 წლებში. პელეს უფრო და უფრო მცირე წვლილი შეჰქონდა გუნდის წარმატებებში. 1969 წლის 19 ნოემბერს, მან თავისი მე-1000 გოლი გაიტანა „სანტოსის“ მაისურით[10]. გოლი, რომელსაც „O Milésimo“ („მეათასე“) შეარქვეს, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, „მარაკანას“ სტადიონზე, „ვასკო და გამას“ კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა[10].

მოგვიანებით, პელემ განაცხადა, რომ ყველაზე ლამაზი გოლი სან-პაულუში, ადგილობრივ იუვენტუსთან მატჩში გაიტანა, რომელიც პაულისტას ლიგის ტურნირზე ჩატარდა, 1959 წლის 2 აგვისტოს. ვინაიდან ამ გოლის ვიდეო მასალა არ მოიძებნა, მან კომპიუტერული ანიმაციის გაკეთება მოითხოვა[10]. 2014 წელს, გრაფიკოსებმა თვითმხილველებზე დაყრდნობით ამ გოლის ანიმაციური ვერსია დაამზადეს[65][66].

პელეს სანახაობრივმა თამაშის სტილმა და გოლებმა ის მსოფლიო ვარსკვლავად აქცია[29]. მისი პოპულარობის გამო სანტოსი მრავლად აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს. 1967 წელს, ნიგერიის ორმა ფრაქციამ, რომლებიც ქვეყნის სამოქალაქო ომში იყვნენ ჩართული, 48 საათიან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რათა პელეს ლაგოსში გამართული საჩვენებელი თამაშისათვის ეყურებინათ[67][68].

ნიუ-იორკ კოსმოსი

1974 წლის სეზონის (მე-19 სეზონი სანტოსში) შემდეგ, პელე ბრაზილიის საკლუბო ფეხბურთიდან წავიდა, თუმცა მშობლიური გუნდის ზოგიერთ ოფიციალურ შეხვედრაში მაინც ჩნდებოდა. 1975 წელს ის ჩაირიცხა აშშ-ის კლუბ ნიუ-იორკ კოსმოსში. ამის გამო ფეხბურთის პოპულარობა აშშ-ში და ამერიკელი მაყურებლის ინტერესი ამ სპორტისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1977 წელს, მისი ლიდერობით გუნდმა ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ლიგა მოიგო[69].

1977 წლის 1 ოქტომბერს პელემ თავისი ლეგენდარული კარიერა დაასრულა, როდესაც შედგა გამოსამშვიდობებელი მატჩი სანტოსსა და ნიუ-იორკ კოსმოსს შორის. შეხვედრა „Giants Stadium-ზე“ ჩატარდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტელეტრანსლაციით გადაიცემოდა. მატჩს ფეხბურთელის მამა და ცოლი ესწრებოდნენ, ისევე როგორც მისი მრავალი მეგობარი, რომელთა შორის იყვნენ მუჰამედ ალი და ბობი მური[70]. პირველ ტაიმში პელე ნიუ-იორკ კოსმოსის, ხოლო მეორე ტაიმში სანტოსის მაისურით თამაშობდა. თავისი უკანასკნელი გოლი თავისუფალი დარტყმით გაუტანა სანტოსის მეკარეს. შესვენებისას, ამერიკულმა კლუბმა პელეს 10-ნომრიანი მაისური „ხმარებიდან ამოღებულად“ გამოაცხადა, თავად ფეხბურთელმა კი მაისური თავის მამას აჩუქა, რომელიც მინდორზე ნიუ-იორკ კოსმოსის კაპიტანმა უერნერ როთმა შემოიყვანა. შეხვედრა ამერიკული კლუბის გამარჯვებით დასრულდა, — 2–1. მატჩის შემდეგ, პელემ ნიუ-იორკ კოსმოსის ფეხბურთელებთან ერთად მინდორს შემოურბინა, რომლის დროსაც მარცხენა ხელში ამერიკული, მარჯვენა ხელში კი ბრაზილიური დროშა ეკავა. შემდეგ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა ის ხელში აიტაცა და მინდორს ასე შემოატარეს[70].

Remove ads

სანაკრებო კარიერა

პელეს პირველი საერთაშორისო მატჩი 1957 წლის 7 ივლისს შედგა „მარაკანას“ სტადიონზე, რომელიც ბრაზილიამ არგენტინასთან წააგო, ანგარიშით 2–1[71][72]. თავისი გუნდიდან ერთადერთი გოლი სწორედ პელემ გაიტანა; ამ დროს ის 16 წლისა და 9 თვის იყო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საერთაშორისო მატჩში გოლი გაიტანა[73].

მსოფლიო ჩემპიონატი 1958

Thumb
პელე 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ (მარჯვნივ: გილმარ დოს სანტოს ნევესი)

შვედეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე პელე მუხლის ტრავმით ჩავიდა, თუმცა მისი თამაში მაინც გადაწყდა[36][74]. ის გათამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო[75]. პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში და საგოლე გადაცემა მიითვალა[76]. პირველი გოლი მეოთხედფინალში, უელსის, კარში გაიტანა, გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა და გახდა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა (17 წლისა და 239 დღის)[72]. საფრანგეთთან ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილია პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 2–1 იგებდა, მეორე ტაიმში კი პელემ ჰეტ-თრიკი შეასრულა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს შეძლო[77][78].

1958 წლის 19 ივნისს პელე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა; შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ფინალში ის 17 წლისა და 249 დღის იყო. მატჩში მან 2 გოლი მიითვალა, ბრაზილიამ კი 5–2 მოიგო და ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. პირველი გოლი, რომლის დროსაც პელემ ბურთი ჯერ მოწინააღმდეგე მცველს თავზე გადაუგდო, შემდეგ კი მიწაზე დაუშვებლად გაიტანა, ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიიჩნეული მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში[79]. მოგვიანებით შვედეთის ნაკრების წევრმა სიგე პარლინგმა პელეს მეორე გოლზე თქვა: „როდესაც პელემ ფინალში მეხუთე გოლი გაიტანა, გულწრფელად რომ გითხრათ, აღფთოვანებული ვიყავი“[80]. როდესაც მატჩი დასრულდა, პელე დროებით მოედნიდან გავიდა და ექიმების ხელში აღმოჩნდა[10], თუმცა მალევე დაბრუნდა და გამარჯვება ცრემლებით აღნიშნა. მან ტურნირი 6 გატანილი გოლით დაასრულა 4 თამაშში და მხოლოდ ფრანგ ჟიუსტ ფონტენს ჩამორჩა, რომელმაც 13 გოლი გაიტანა[81].

Thumb
პელე იბრძვის ბურთისთვის შვედეთთან ფინალურ მატჩში (1958)

მაშინდელმა პრესამ პელე ტურნირის აღმოჩენად მიიჩნია, მოგვიანებით კი „ვერცხლის ბურთის“ პრიზიც მიენიჭა, როგორც მეორე საუკეთესო ფეხბურთელს, დიდის შემდეგ[82][83].

1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო პელემ 10-ნომრიანი მაისურით თამაში. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ეს ფაქტი დეზორგანიზაციით იყო გამოწვეული: გუნდის ხელმძღვანელებს ფეხბურთელების ნომრები ფიფა-სთვის არ გაუგზავნიათ; ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფეხბურთელებს ნომრები თავად მიანიჭა, პელეს კი 10-ნომრიანი მაისური შეხვდა[84].

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი 1959

1959 წელს ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინაში ჩატარებულ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე (მოგვიანებით სახელი გადაერქვა — კოპა ამერიკა) მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს არც ერთი მატჩი არ წაუგია, მასპინძელ არგენტინას 1 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა. პელე საუკეთესო ბომბარდირი გახდა 8 გატანილი გოლით და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა[80][85][86].

მსოფლიო ჩემპიონატი 1962

წინასწარ იყო მიჩნეული, რომ ჩილეში ჩასატარებელი ჩემპიონატი „პელეს მსოფლიო ჩემპიონატი“ იქნებოდა, რადგანაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა[87]. პირველ მატჩში, მექსიკის წინააღმდეგ, პელემ ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი თავად გაიტანა[88]. ის ჩეხოსლოვაკიასთან თამაშში დაშავდა, როდესაც შორეულ დარტყმას ცდილობდა[10]. შედეგად, ტურნირის ყველა დარჩენილი შეხვედრა გაუცდა, მოედანზე კი ამარილდომ ჩაანაცვლა. გარინჩას ლიდერობით, ბრაზილიის ნაკრებმა მეორე მსოფლიო ტიტული მოიგო[89].

მსოფლიო ჩემპიონატი 1966

1966 წელს ინგლისში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან პელე, გარინჩა, ჟილმარი, ჯალმა სანტოსი, ჟაირზინიო, ტოსტაო, ჟერსონი. შესაბამისად, მათი წარმატების მოლოდინი დიდი იყო[90][91]. მოწინააღმდეგე გუნდების, ბულგარეთისა და პორტუგალიის, ფეხბურთელები განსაკუთრებით უხეშობდნენ პელეს წინააღმდეგ[90]. ბრაზილიამ ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ვერ შეძლო და მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა[91]. პირველ თამაშში, პელემ ბულგარელებს თავისუფალი დარტყმით გოლი გაუტანა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. თუმცა, ბულგარელების მიერ გამუდმებული უხეში თამაშის შედეგად, პელემ მეორე მატჩი, უნგრეთის წინააღმდეგ, გამოტოვა[91]. უნგრელებთან ბრაზილიელები დამარცხდნენ, პელე კი, მიუხედავად იმისა, რომ სრულად გამოჯანმრთებული ჯერ არ იყო, მინდორს ჯგუფის მესამე მატჩში დაუბრუნდა, პორტუგალიის წინააღმდეგ. მწვრთნელმა ვისენტე ფეოლამ ამ მატჩში მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა: შეცვალა მეკარე, მთელი დაცვა, თავდასხმა (მხოლოდ ჟაირზინიო შეინარჩუნა), ნახევარდაცვაში კი ბულგარეთთან ჩატარებული მატჩის ფორმაციას დაუბრუნდა[92]. თამაშის დროს, პორტუგალიელი ჟუან მორაისი ძალიან ეუხეშა პელეს, თუმცა არბიტრმა არ გააძევა[90][93]. პელემ შეხვედრა ტრავმირებულმა დაასრულა (ამ დროისათვის შეცვლა არ იყო ნებადართული), ბრაზილია კი ანგარიშით 1–3 დამარცხდა[93]. თამაშის შემდეგ, მან დაიფიცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა, მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა[94].

მსოფლიო ჩემპიონატი 1970

Thumb
ბრაზილიის ნაკრები პერუსთან მატჩამდე (პელე ქვედა რიგში, მარჯვნიდან მეორეა)

პელე ეროვნულ ნაკრებში ჯერ კიდევ 1969 წლის დასაწყისში გამოიძახეს. თავდაპირველად, უარი განაცხადა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ექვს საკვალიფიკაციო მატჩში მიიღო მონაწილეობა (გაიტანა 6 გოლი)[95]. 1970 წელს მექსიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი პელესთვის უკანასკნელი იყო. წინა გათამაშებასთან შედარებით ბრაზილიურ გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა: ფეხბურთიდან წავიდნენ გარინჩა, ნილტონ სანტოსი, ვალდირ პერეირა, ჯალმა სანტოსი და გილმარი. თუმცა, 1970 წლის ბრაზილიის ფორმაციის ნაკრებს, რომელშშიც გამოდიოდნენ პელე, რიველინო, ჟაირზინიო, გერსონი, კარლოს ალბერტო ტორესი, ტოსტაო, კლოდოალდო და სხვები, ხშირად მიიჩნევენ საუკეთესო ნაკრებად ფეხბურთის ისტორიაში[96][97][98][99][100][101].

გუნდის წამყვანი ხუთეულიდან (ჟაირზინიო, პელე, გერსონი, ტოსტაო და რიველინო) თავის კლუბში ყველა მე-10 ნომრად თამაშობდა, ერთად კი შეუჩერებელი შემტევი ხაზი შექმნეს, რომელშიც ცენტრალური როლი პელეს ენიჭებოდა; ტურნირში ბრაზილიის 19 გოლიდან მან 14-ში მიიღო მონაწილეობა[102]. ჩეხოსლოვაკიასთან მატჩში, პელემ გადამწყვეტი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც გერსონის გრძელი გადაცემის შემდეგ ბურთი მკერდით გაისწორა და ისე გაიტანა, — თამაში ბრაზილიამ 4–1 მოიგო[103]. შემდეგ მატჩში, ინგლისთან, მორიგი გოლის გატანასთან იყო ახლოს, თუმცა მისი თავური ინგლისელმა მეკარემ, გორდონ ბენკსმა, მოიგერია[104][105]. შეხვედრის მეორე ნახევარში პელემ საგოლე გადაცემა გააკეთა ჟაირზინიოსათვის, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა თამაშში და ბრაზილიამ 1–0 მოიგო. რუმინეთთან, მან ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა, მეორე ტაიმში კი, დუბლი გაიფორმა და გუნდმა ჯგუფური ეტაპი სამი მოგებით დაასრულა, — 3–2. მეოთხედფინალურ ეტაპზე, ბრაზილიამ პერუს ნაკრები ანგარიშით 4–2 დაამარცხა, პელემ კი საგოლე გადაცემა მიითვალა. ნახევარფინალში ბრაზილია ურუგვაის შეხვდა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო 1950 წლის გათამაშების შემდეგ. პელემ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა კარიერაში, — მისმა გუნდმა 3–1 იმარჯვა[106].

ბრაზილიას ფინალში იტალია შეხვდა. მატჩში, რომელიც 21 ივნისს გაიმართა მეხიკოს „აცტეკას“ სტადიონზე, ანგარიში პელემ გახსნა თავური დარტყმით[107]. მოგვიანებით, მან საგოლე გადაცემებიც გააკეთა ჟაირზინიოსა და კარლოს ალბერტოსათვის[108][109]. სამხრეთამერიკულმა გუნდმა 4–1 იმარჯვა და ჟიულ რიმეს სახელობის თასი სამუდამოდ დაისაკუთრა, პელე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა[80][110]. მატჩის შემდეგ იტალიელთა მცველმა ტარჩიზიო ბურნიჩიმ პელეზე განაცხადა: „თამაშამდე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ისიც ისეთივე ადამიანია, როგორც ყველა სხვა, — მაგრამ ვცდებოდი“[111].

პელეს უკანასკნელი სანაკრებო მატჩი 1971 წლის 18 ივლისს შედგა რიო-დე-ჟანეიროში, იუგოსლავიის წინააღმდეგ[112]. სულ, პელესთან ერთად, გუნდმა 67 შეხვედრა მოიგო, 14 ფრედ დაასრულა, ხოლო 11 — წააგო[95][113].

Remove ads

პირადი ცხოვრება

1966 წლის 21 თებერვალს პელე როუზმერი დოს რეის კოლბიზე დაქორწინდა[114]. მისგან ჰყავს 2 ქალიშვილი, — კელი კრისტინა და ჯენიფერი, — და ვაჟი ედსონი[114]. წყვილი 1982 წელს გაიყარა[115]. 1981—1986 წლებში პელე ბრაზილიელ მომღერალ შუშას ხვდებოდა[116]. 1994 წლის აპრილში ფსიქოლოგსა და გოსპელის შემსრულებელზე, — ასირია ლემოს სეიშასზე, — დაქორწინდა, რომლისგანაც იმავე წლის 29 სექტემბერს ტყუპი, — ჯოშუა და სელესტე, — შეეძინა[112]. ამჟამად ისინი გაყრილები არიან.

1970 წელს პელე ბრაზილიის სამხედრო დიქტატურის სასამართლომ დაკითხა მემარცხენე ძალებისადმი სიმპათიის ბრალდებით. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ამის მიზეზი პელეს მიერ ხელმოწერილი მანიფესტი გახდა, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. მას ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია[117].

2012 წლის ნოემბერში პელემ ბარძაყის წარმატებული ოპერაცია გადაიტანა[118].

Remove ads

შემდგომი საქმიანობა

Thumb
მარიო ზაგალო და პელე

2012 წლის თებერვალში პელე კომპანიის „Legends 10“ აგენტი გახდა, რომლის საშუალებით მარკეტინგულ მოლაპარაკებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს[119].

1992 წელს პელე დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს ელჩად ეკოლოგიისა და გარემოს საკითხებში[120][121]. 1995 წელს სპორტში გაწეული წვლილისათვის ბრაზილიის ოქროს მედლით დაჯილდოვდა და ქვეყნის პრეზიდენტმა, ფერნანდუ კარდოზუმ, სპორტის მინისტრად დანიშნა[122]; იყო იუნესკოს კეთილი ნების ელჩი[123]. 1997 წელს, დედოფალ ელისაბედ II-სგან ბრიტანეთის იმპერიის ორდერი მიიღო[124]. 2005 წელს „ბი-ბი-სი-სგან“ მიიღო ჯილდო ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის[125]. 2012 წელს ედინბურგის უნივერსიტეტისგან მიიღო საპატიო ხარისხი „ჰუმანიტარულ და გარემოს საკითხებში მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ასევე სპორტული მიღწევებისათვის“[126].

მინისტრობისას, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პელემ წარადგინა წინადადება ბრაზილიურ ფეხბურთში კორუფციის შესამცირებლად, რომელიც „პელეს კანონის“ სახელითაა ცნობილი. მან თანამდებობა 2001 წელს დატოვა, როდესაც კორუფციულ გარიგებებში იქნა მხილებული, თუმცა მისი დანაშაული არ დამტკიცდა[127][128].

2002 წელს, პელე ლონდონის საფეხბურთო კლუბ ფულჰემში სკაუტად მუშაობდა[129]. მონაწილეობა მიიღო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაში[130], ასევე 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალში[131].

პელეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ავტობიოგრაფია, მონაწილეობა აქვს მიღებული დოკუმენტურ და ნახევრად დოკუმენტურ ფილმებში, დაწერილი აქვს მუსიკალური ნაწარმოებები; ეკუთვნის მუსიკა ფილმისათვის „პელე“ (1977)[132]. ითამაშა 1981 წლის ფილმში „გაქცევა გამარჯვებისკენ“, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ფეხბურთისა და ჰოლივუდის ვარსკვლავები, — ბობი მური, ოსვალდო არდილესი, კაზიმეჟ დეინა, მაიკლ კეინი, სილვესტერ სტალონე და სხვები[133].

2007 წლის ნოემბერში, პელე საპატიო სტუმარი იყო უძველესი საფეხბურთო კლუბის, შეფილდის დაარსების 150-წლისთავისადმი მიძღვნილ მატჩზე, რომელიც ამ უკანასკნელსა და „მილანის ინტერს“ შორის გაიმართა[134].

2010 წლის 1 აგვისტოს, პელე საფეხბურთო კლუბ ნიუ-იორკ კოსმოსის საპატიო პრეზიდენტად დაინიშნა[45].

Remove ads

მიღწევები

სანაკრებო

საკლუბო

სანტოსი
ნიუ-იორკ კოსმოსი
  • ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგა, Soccer Bowl (1): 1977
  • ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგა, ატლანტიკის კონფერენციის ჩემპიონი (1): 1977

სულ, პელეს 40 ოფიციალური ტიტული აქვს მოგებული[143].

ინდივიდუალური

[21][144]
Remove ads

სტატისტიკა

საკლუბო

ფიფა-ს მონაცემებით, პელეს 1363 მატჩი აქვს ჩატარებული და 1281 გოლი — გატანილი[159]. ეს მაჩვენებელი მოიცავს ამხანაგურ საკლუბო მატჩებში გატანილ გოლებსაც, მაგალითად იმ საერთაშორისო ტურნეებს, რომელშიც პელე მონაწილეობდა სანტოსთან და ნიუ-იორკ კოსმოსთან ერთად, ასევე რამდენიმე შეხვედრას, რომელიც მან ჩაატარა სამხედრო ძალების გუნდებთან ერთად სამხედრო სამსახურის დროს[160].

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს პელეს მიერ სანტოსისა და ნიუ-იორკ კოსმოსისთვის გატანილ გოლების რაოდენობას ყველა მნიშვნელოვან გათამაშებაში. ფეხბურთელის ბრაზილიაში ასპარეზობის უმეტეს წლებში ქვეყანაში ეროვნული ჩემპიონატი არ არსებობდა. 1960 წლიდან ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ დაიწყო ორი ეროვნული შეჯიბრის ორგანიზება: ვერცხლის თასისა და ბრაზილიის თასის. ეროვნული ჩემპიონატი, — სერია A, — პირველად 1971 წელს ჩატარდა.

ბრაზილიისა და აშშ-ის ჩემპიონატებში პელეს სულ 656 გოლი აქვს გატანილი 702 მატჩში, რაც მსოფლიო რეკორდია.

მეტი ინფორმაცია კლუბი, სეზონი ...
მეტი ინფორმაცია კლუბი, სეზონი ...

ეროვნული ნაკრები

პელე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია 92 შეხვედრაში გატანილი 77 გოლით[95]. გარდა ამისა, მას კიდევ აქვს გატანილი 18 გოლი 21 არაოფიციალურ შეხვედრაში. ჯამში, მას 95 გოლი აქვს გატანილი და 113 მატჩი — ჩატარებული. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული აქვს 14 თამაში, სადაც 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა[171]. გერმანელ უვე ზეელერთან ერთად, პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის 4 სხვადასხვა გათამაშებაში აქვს გოლი გატანილი[172].

მეტი ინფორმაცია მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, თარიღი ...
მეტი ინფორმაცია ოფიციალური საერთაშორისო თამაშები (92) და გოლები (77), თარიღი ...
მეტი ინფორმაცია არაოფიციალური საერთაშორისო თამაშები (21) და გოლები (18), თარიღი ...

სულ

RSSSF-ის თანახმად, პელეს 767 გოლი აქვს გატანილი 831 ოფიციალურ მატჩში, ხოლო არაოფიციალური შეხვედრების ჩათვლით — 1281 გოლი 1367 მატჩში. ამის გარდა, ჩატარებული აქვს რამდენიმე საქველმოქმედო თამაში პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ[173]. ქვემოთ მოცემულია ცხრილები, რომელიც დალაგებულია კლუბების და ჩემპიონატების მიხედვით[174].

მეტი ინფორმაცია მატჩი, გოლი ...
მეტი ინფორმაცია მატჩი, გოლი ...
მეტი ინფორმაცია მატჩი, გოლი ...
Remove ads

სამსახიობო კარიერა

  • „Os Estranhos“ (1969) (სერიალი)
  • „O Barão Otelo no Barato dos Bilhões“ (1971)
  • „A Marcha“ (1973)
  • „Os Trombadinhas“ (1978)
  • „Escape to Victory“ (1981)
  • „A Minor Miracle“ (1983)
  • „Pedro Mico“ (1985)
  • „Os Trapalhões e o Rei do Futebol“ (1986)
  • „Hotshot“ (1987)
  • „Solidão, Uma Linda História de Amor“ (1990)
  • „Mike Bassett: England Manager“ (2001)
  • „Pelé Eterno“ (2004) – დოლუმენტური ფილმი პელეს კარიერაზე
  • „Puskás Hungary“ (2009)
Remove ads

საინტერესო ფაქტები

  • 1967 წელს, ნიგერიის ორმა ფრაქციამ, რომლებიც ქვეყნის სამოქალაქო ომში იყვნენ ჩართული, 48 საათიან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რათა პელეს ლაგოსში გამართული საჩვენებელი თამაშისათვის ეყურებინათ[67][68].
  • 1980 წელს გამოვიდა ვიდეო თამაში „Pelé's Soccer“ (პელეს ფეხბურთი)[175].
  • 1989 წელს ჩრდილოეთ კორეამ გამოუშვა საფოსტო მარკა პელეს გამოსახულებით

პერიოდიკა

პელე — № 1 // „ლელო“, 16 დეკემბერი, 1970, № 245 (4239), გვ. 4.

ლიტერატურა

  • გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010), თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010.  გვ. 66–73. 496 გვ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads